პოსტები ტეგით „LIVE“

24 March

ცეცხლი აინთო, ლაივი დაიწყო!

Landish, ბლოგერი landish.ge-დან!

ალბათ ამ დღეს ყველანი დიდხანს ველოდით, როდესაც “ნიჭიერის” მონაწილეებს “რუსთავი 2″-ის პირდაპირ ეთერში ვიხილავდით. და აი, ორშაბათიც მოვიდა, სცენაზე “ცეცხლიც აინთო” და ლაივიც დაიწყო.

“ცეცხლოვანი შოუ” არაერთმა მონაწილემ შემოგვთავაზა. ამას დამატებით ეფექტი უნდა შეექმნა მაყურებლისთვის. პირველი, ვინც სცენაზე “კოცონი დაანთო”, ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ჯგუფი Next Level-ია, რომელმაც ამ გამოსვლის შემდეგ აზრი მათ მიმართ დადებითად შემიცვალა.

Next Level-ის "ტრანსფორმერი"

მათი “ტრანსფორმერი” პირველ ეტაპში არსებულ “მოტოციკლს” ნამდვილად სჯობდა. მეტი მომზადება და შოუს ელემენტების ჩართვა დაეტყო ნომერს, რაც მთლიანობაში საინტერესო სანახავი გახდა (ეს უკანასკნელი ფრაზა რაღაც გეგასავით გამომივიდა). მაგიდის იდეა კი საკმაოდ ორიგინალური იყო, რომელიც სამწუხაროდ არ გამოუვიდათ.

მათი გამოსვლით ფრიად კმაყოფილი დავრჩი, ახლა მოუთმენლად ველი მათი კონკურენტი ჯგუფის, New Style-ის გამოსვლას, თუ რას შემოგვთავაზებენ ისინი და შეძლებენ თუ არა ისინი ფინალში გადასვლას.

თავი არ დაიწვა” – სწორედ ეს გავიფიქრე, როდესაც კორნელი მაისაშვილმა ცეცხლმოკიდებული ჯოხების თავის სხეულზე გადატეხვა გადაწყვიტა. რა არ სცადა ბატონმა კორნელიმ, “თავიც კი გასწირა”, თუმცა არასაკმარისად, რათა ფინალში გადასულიყო.

ვერკა და გიოს ცეცხლოვანი ცეკვა

ვერკას და გიოს საცეკვაო ნომერმაც არანაკლებად ააგიზგიზა ჩვენში დანთებული ცეცხლი. შოუს ელემენტები არც ამ ნომერს აკლდა,  თუმცა ეს მაყურებელთა უმეტესმა ნაწილმა ვერ შენიშნა და სწორედ ამიტომ გამოეთიშნენ ისინი ასპარეზს. ვნახოთ რას იზამენ მისი კონკურენტი წყვილები და როგორ საცეკვაო შოუს დაგვიდგამენ.

ცეცხლი ირაკლი ძამუკაშვილსაც ენთო გულში, თუმცა მან თავისი სიმღერით ვერც გეგას და ვერც ნიკას გული ვერ მოიგო. მისი დანაპირები შეუსრულებელი დარჩა, თუმცა შესაძლოა იგი ამაზე არ გაჩერდეს, რადგან მისი სიმღერა, ხომ ყველასთვის უკვე ცნობილია, სიტყვები “ღიმილი მაჩუქე” ყველას პირზე აკერია და ვინ იცის, ეგებ ერთ დღესაც ირაკლი თავისი სათვალით და თეთრი შარვლით დიდ სცენაზე ვიხილოთ?

მოწონების გარდა პირველ ნახევარფინალში იმედგაცრუებაც იყო. ერთადერთი ნომერი, რომლითაც უკმაყოფილო დავრჩი, იყო ავთო გოგეშვილის გამოსვლა, რომელიც დროში საკმაოდ “გაიწელა”. ფოკუსის იდეა ხალხის გაოცება და მათ გაკვირვებულ სახეზე ღიმილის მოგვრაა, თუმცა ნომერმა, რომელიც ამდენ ხანს გრძელდება, შესაძლოა ღიმილის ნაცვლად უინტერესობის გრძნობა გაგიჩინოს.

ავთოს "გაწელილი" ნომერი

ავთომ ბევრი სცადა, რათა ფინალში გადასულიყო, ამისთვის ლამის “კვერცხიც შეგვიწვა ცეცხლით აგიზგიზებულ სცენაზე” და რამდენიმე ფოკუსის ჩვენთვის სწავლებაც არ დაიშურა, თუმცა ეს ყველაფერი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რათა სხვა მონაწილეებისთვის ეჯობნა.

ახლა იმედებს შოუს დაწყებიდან მოყოლებული დღემდე სხვა ილუზიონისტზე, დავით რობაქიძეზე ვამყარებ, რომლის გამოსვლაც კასტინგზე არანაკლებ შთამბეჭდავი იყო და, იმედი მაქვს, ირაკლისგან განსხვავებით იგი თავის დანაპირებს აგვისრულებს და “უფრო საინტერესო ნომრებს ნახევარფინალში გვიჩვენებს”.

აღარაფერს ვამბობ გულნაზი გოლეთიანზე, მემგონი საქართველოში არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ამ ქალის ნამღერი არ მოსწონებოდა და არ აღფრთოვანებულიყო მისი ნიჭით. ერთი და იგივეზე საუბრით თავი რომ არ მოგაბეზროთ, მეც უბრალოდ აღვფრთოვანდები მისით და ჩუმად ვიჯდები ბლოგის მეორე მხარეს : ).

გულნაზით და სხვა მონაწილეებითაც ხალხი აღფრთოვანებული რჩება, მაგრამ რამ აღაშფოთა Little Hills-ის ერთ-ერთი მონაწილე გოგონა, ეს ჩემთვის დღემდე გაურკვეველია. :D

მოკლედ, პირველი ლაივ გადაცემა დასრულდა, წინ მეორე ნახევარფინალი გველის, რომლამდეც 5 დღე რჩება, ასე რომ უგულშემატკივრეთ თქვენს ფავორიტებს და მიეცით ხმა! ყველას გისურვებთ წარმატებებს და საინტერესო შოუს ხილვას :).

17 March

ვერდიქტი გამოტანილია!

Landish, ბლოგერი landish.ge-დან.

“ნიჭიერის” შესარჩევი ტურის დასკვნითი გადაცემის დასრულების შემდეგ გავიგეთ თუ ვინ გადავიდა ნახევარფინალში და ვის ვიხილავთ “რუსთავი 2″-ის პირდაპირ ეთერში.

ზოგი აქებს ჟიურის გადაწყვეტილებას, ზოგი უკმაყოფილოა, ზოგისთვის მთელი ცხოვრებაა ამაზე დამოკიდებული და ზოგმაც თვითონ განაცხადა უარი. “ყველას ვერ გადაიყვანდნენ”, ამიტომაც “საყვარლობა და ისტორია არ შეაფასეს” და მხოლოდ ნიჭის დაფასებას შეუდგნენ. ყოველ შემთხვევაში ახლა რაც არ უნდა ვთქვათ, “ვერდიქტი გამოტანილია”, შემდეგ ტურში ამ 50 პიროვნებას ვიხილავთ. მათ მრავალფეროვანი ნახევარფინალი სურდა და მიიღეს კიდეც.

ახლა იმაზე საუბარს, თუ ვინ და რატომ გადაიყვანეს შემდეგ ტურში და ვინ ჩატოვეს, სჯობს ის გავაკეთო, რაც ქართველებს ყველაზე კარგად გამოგვდის – “ვიმკითხაო”, თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ესა და ეს პიროვნება გადავიდოდა ან ჩარჩებოდა პირველივე ტურში.

ფოტო, რომელიც სრულიად შეუსაბამოა, მაგრამ თვალს მოსწონს : )

ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ კი გულნაზი გოლეთიანით დავიწყებ. ეს ქალბატონი ნახევარფინალში რომ არ გადაეყვანათ, მთელი საქართველო “აღშფოთდებოდა”, ხოლო სიუზან ბოილი კი მხარდასამჭერ აქციას გამართავდა სახელწოდებით – “ბიოლებს გვიტყაპუნებენ!”.

ლევან შავაძის (რომელიც რატომღაც გულნაზის ქმრადაც კი შერაცხეს :D) არ გადაყვანის შემთხვევაში, გოგი დოლიძის ფანები შეიკრიბებოდნენ და ბატონ ლევანს ღირსების ორდენს გადასცემდნენ, თან დაამშვიდებდნენ, “მთავარია ჩვენ გვჯერა შენიო”.

გაჩნდა შეკითხვა, თუ “რა საჭიროა 2 ჯექსონი?”, რაც ჟიურის გადაწყვეტილებას, კერძოდ კი ჯიმი ებიტაშვილის და ჯგუფ “მოიზაიკის” ნახევარფინალში გადაყვანას მოჰყვა.

ის, რომ “მოზაიკა” კარგად მოძრაობს ეგ ყველამ ვნახეთ, ის რომ ჯიმი მაიკლს მაგრად ჰგავს, ეგეც დავინახეთ. მაგრამ რა მოხდებოდა, იმ შემთხვევაში, თუ კი მას მეორე ტურში არ გადაიყვანდნენ?

რა და, სადაც ახლა არ უნდა იყოს ჯექსონი (სამოთხესა თუ ჯოჯოხეთში), თავის თანამოაზრეებს მოისვამდა გვერდით და ღრმა დისკუსიას გამართავდა თემაზე “სულ არ იციან ამათმა მკვდრის პატივისცემა”.

იმ შემთხვევაში თუ, თამარ კურდღელია დარჩებოდა პირველ ტურში თავისი ინდური ცეკვით, ალბათ გეგას, მაიას და ნიკას სახლში “Best of the Indian Movies DVD” დისკს გაუგზავნიდა და შიმშილობას გამოაცხადებდა, მანამ სანამ სამივე მათგანი ზედმიწევნით არ ისწავლიდა თითეული ცეკვის ილეთს.

გივი მაღრაძის და მისი გუნდის წევრების ნახევარფინალში არ გადასვლა ყველაზე მეტად ჟულიენ შერს გაუხარდებოდა, რადგან იამაკასის მესამე სერიისთვის დუბლიორებს ეძებს და სწორედ მათ დაადგა თვალი, თუმცა ახლა მას ცოტა ლოდინი მოუწევს, მანამ სანამ ისინი პროექტში იქნებიან.

ესეც სრულიად შეუსაბამო ფოტო : )

მხოლოდ პირველ ტურში რომ ჩარჩენილიყო ანა ხანჩალიანი, საქართველოს ოპოზიცია ბრიფინგს გამართავდა სახელწოდებით “როგორ ვებრძოლოთ ეროვნული ჩაგვრის საკითხს?”

ჯგუფ “იავნანას” არ გადაყვანის შემთხვევაში ნიკა გეგაზე და მაიაზე გაიბუტებოდა, “რა იყოთ, ერთი ვერ გამისწორეთ? :(“-ო.

კორნელი მაისაშვილს კი მხოლოდ ერთი შეკითხვა გაუჩნდებოდა: “ხისთავიანი ვარ და მეტი რა მექნა?”.

და ალბათ გაინტერესებთ, თუ რა მოხდებოდა, ნინო ჯავახიშვილის შემთხვევაშიც? ამ შემთხვევაში “მმკ” სამადლობელ წერილს გააგზავნიდა რუსთავი 2-ის ოფისში შინაარსით: “დიდი მადლობა, რომ გონს მოეგეთ და აღარ ყრვნით ჩვენს თაობებს! “:D

მოკლედ სულ ეს იყო, იმედი მაქვს კონკურსანტებმა და მათთმა გულშემატკივრებმა ეს ყოველივე გულთან ახლოს არ მიიტანეს, რადგან ზემოხსნებული კონტენტი მხოლოდ ხუმრობის მიზნით იქნა შექმნილი და არ ითვალისწინებდა ვინმეს შეურაცხყოფას! პატივისცემით, თქევნი მონა-მორჩილი ლანდიშა : )

და თქვენ რას ფიქრობთ? რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ კი თქვენი ფავორიტი ვერ გადავიდოდა ნახევარფინალში, ან ვერ გადავიდა და რა მოხდებოდა, თუ კი გადავიდოდა? მოდით, “ვიმკითხაოთ” :)