პოსტები ტეგით „შოუმენი“

21 April

The One Man Show!

Landish, ბლოგერი landish.ge-დან.

“ნიჭიერის” მეხუთე ნახევარფინალიც დასრულდა, თანაც საკმაოდ საინტერესო შედეგებით. მემგონი თავიდანვე არ არსებობდა ორი აზრი იმის შესახებ, რომ ეს ათეული ყველაზე ძლიერი იყო, მითუმეტეს, რომ ამაში თვითონაც დავრწმუნდით.

მართალია ჩემი დამოკიდებულება მომღერლების მიმართ არ შეცვლილა, თუმცა მარიამ ფაჩულიას ფინალში გადასვლას ჩემზე უარყოფითად არ უმოქმედია, როგორც ეს თავის დროზე სხვა მონაწილეების გამო მოხდა.

როგორც სხვა ათეულებში, აქაც ყავდა ხალხსაც და ჟიურისაც თავისი ფავორიტები და ფინალში გადასასვლელად ღირსეულად შერჩეული კანდიდატები. ვერ ვიტყვი, რომ მარიამი ამ ორიდან ერთ-ერთი იყო, თუმცა როგორც ჩანს ხალხისთვის ის ერთიც აღმოჩნდა და მეორეც.

რაღა დავმალო და მეგონა, მეგონა კი არადა, დარწმუნებული ვიყავი, იმაში რომ ხმების რაოდენობით “მოზაიკა” გადავიდოდა ფინალში და ჟიური დავით რობაქიძის გადაყვანით დაასრულებდა ფინალისტების შერჩევას.

ჩემს აზრზე არაერთი პიროვნება იმყოფებოდა. სწორედ ამ პიროვნებებს გაუჩნდათ ერთგვარი პროტესტი და უკმაყოფილების გრძნობა არსებული შედეგებით.

ამან კიდევ ერთხელ გვაჩვენა და დაგვიმტკიცა, რომ იმ აზრზე ყოფნა, რომ ესა თუ ის მონაწილე რა საყვარელია და “ეს ხომ ისედაც გადასულია ფინალში” არ არის საკმარისი, რადგან სწორედ ამ დროს ხდება ასეთი მოულოდნელი ფაქტები, როდესაც “ხალხის არჩევანი” არ ემთხვევა ხალხის არჩევანს (გავიხსენოთ ნახევარფინალი ლევან შავაძის მონაწილეობით).

როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, დარწმუნებული იმაშიც ვიყავი, რომ ჟიური ილუზიონისტს, დავით რობაქიძეს გადაიყვანდა ნახევაფინალში. ამაში მაიას სიტყვებმაც კი არ შემაპარეს ეჭვი: “ფინალში გადასვლა არ გინდა?”, როდესაც საქმე  გეგას 50 ლარიანის განადგურებასთან მივიდა.

აქვე ბევრს გაუჩნდებოდა შეკითხვა, თუ რატომ გადაიყვანა ჟიურიმ რობაქიძე და არა ის, ვინც მათ უნდოდათ? : ) ამაზე ჩემეული პასუხი გამაჩნია:

რადგან დათო ერთადერთი მონაწილე იყო იმ ასეული კონკურსანტებიდან, რომელმაც თავის პროფესიაში იმხელა იუმორი ჩააქსოვა, რომ ხალხის და ჟიურის გამხიარულება მთელი ნომრის მანძილზე შეძლო. აღარაფერს ვამბობ უშუალოდ ფოკუსებზე, რომლებმაც მთელ დარბაზს გაკვირვებისგან პირი დააღებინა.

ეს ფოტო ფეისბუქიდან მოვიპარე :D

დათო, ერთი კაცი, რომელიც ბენდისა და ჯგუფის გარეშე, ბანქოთი, უბრალო ნივთებითა და კარგი იუმორით დგამს ისეთ შოუს, რომელსაც თავისუფლად შეიძლება დაარქვა  - “The One Man Show”.

მოკლედ, იმის გამო, რომ ადამიანის გემოვნება ერთმანეთისგან განსხვავდება, განსხვავდება “ნიჭიერში” არსებული მონაწილეების გულშემატკივრების რაოდენობაც.

ზოგი პატარა გოგონას ხმით აღფრთოვანდება, ზოგი აკრობატების ნახვით, ზოგს აზიური ცეკვა იზიდავს, ზოგსაც სტრიპტიზი (მემგონი პოსტი არ გამიმაზავს, სადაც სტრიპტიზი არ ვახსენე :D), ზოგსაც გული სენტიმენტალურ ცეკვაზე აუჩუყდება და ზოგიც უბრალოდ ილუზიით არის მოხიბლული.

სწორედ ეს მონაწილეები და მათი გულშემატკივრები ქმნიან იმას, რასაც ყოველ ორშაბათს “რუსთავი 2″-ის ეთერში ვხედავთ. იმის გამო რომ ხალხს შოუს ნახვა სურს, ირჩევს იმას, ვისაც შოუს გაკეთება ეხერხება. ასეთი 12 შოუმენი მოგროვდა ფინალში, რომელთაც ეს საქმე საკმაოდ კარგად გამოსდით (აქვე, ფინალში ვერმოხვედრილტა გულშემატკივრებისთვის – არ ვამბობ იმას, რომ ვინც ვერ მოხვდა ფინალში, ცუდად გამოსდით).

ფინალამდე 12 დღე რჩება, სადაც 12 ფინალისტიდან მხოლოდ 1 მიიღებს წლის ნიჭიერის სტატუსს და მთავარ პრიზს, ასე რომ ნუ იქნებით იმ აზრზე, რომ რომელიმე კონკურსანტი უდაო გამარჯვებულია და თქვენი ხმა აღარაფერს გადაწყვეტს. სწორედ ამ იდეოლოგიის გამო შეიქმნა “გაუთვალისწინებელი ფაქტორები”, რაც თქვენი ფავორიტის შემდეგ ტურში ვერ გადაყვანით დასრულდა.

ვიმედოვნებ ამჯერად ხალხი გამარჯვებულს არა მისი “სისაყვარლით” აირჩევს, არამედ რეალურად შეაფასებს მის გამოსვლას და დააფასებს მის ნიჭს, რის გამოც იგი ფინალში მოხვდა.