ნიჭი და ერი
როდესაც გავიგე, რომ რუსთავი 2 საერთაშორისო პროექტ ”Got Talent”-ს უერთდებოდა, ძალიან გამიხარდა. ამ გადაცემის ბრიტანული ვერსიის დიდი ფანი ვარ პირველივე სეზონიდან, რომელიც 2007 წელს დაიწყო.
გადაცემა ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და სახალისოა. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია; ძალიან ბევრისთვის ეს არის შანსი აიხდინოს ოცნება, გამოავლინოს თავისი ნიჭი და გახდეს ცნობილი მთელს მსოფლიოში.
ამ სიახლის გაგებისას სიხარულთან ერთად ეჭვიც გამიჩნდა: დავიწყე მკითხაობა, ვინ შეიძლება ყოფილიყო ჟიური, წამყვანები, რა ტიპის მონაწილეები იქნებოდნენ და ა.შ.
ჟიური პროექტის ერთ-ერთი, შეიძლება ითქვას ყველაზე, მნიშვნელოვანი ელემენტია. სამი ადამიანი, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ კონკურსანტის ლაივ -შოუზე გადასვლის ბედი, ერთგვარი საკმაზია. მათი კომენტარები, ერთმანეთში კამათი, კონკურსანტსა და აუდიტორიასთან ურთიერთობა შოუს უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ”ნიჭიერის” ჟიურის შესახებ უფრო დეტალურ პოსტს მოგვიანებით მოგაწვდით. ერთად განვიხილოთ მათი პლუსები და მინუსები.
რაც შეეხება მოლოდინს მონაწილეებთან დაკავშირებით, რატომღაც მეგონა, რომ სცენაზე სულ ფოლკლორული ანსამბლები იქნებოდა, ხოლო ჟიური მათ უარს ვერ ეტყოდა, იმის შიშით, რომ ფსევდოპატრიოტები გაკიცხავდნენ. ჩემი მოლოდინი არ გამართლდა - საბედნიეროდ!!! თამამად შეიძლება ითქვას, რომ ”ნიჭიერი” ყველაზე მრავალფეროვანი შოუ იქნება საქართველოში და მაყურებელი უდიდეს სიამოვნებას მიიღებს. არ შემეშინდება, თუ ვიტყვი, რომ ”ნიჭიერი” თავის ბრიტანულ ვერსიას არაფრით ჩამოუვარდება, არც ტექნიკური და არც შინაარსობრივი თვალსაზრისით.
