პოსტები ტეგით „პლატინა“

31 March

“ნიჭიერია” თუ “ჯეოსტარი”?

Landish, ბლოგერი landish.ge-დან!

სწორედ ეს კითხვა დამებადა და ეჭვი შემეპარა იმაში, თუ რომელი გადაცემის ლაივზე ვიმყოფებოდი ამ ორშაბათს. ასეთი უკმაყოფილო ამ შოუთი მე ჯერ არ ვყოფილვარ. თუმცა, მანამ ჩემს უკმაყოფილების გრძნობას გამოვხატავდე, მინდა იმ კონკურსანტების შესახებ ვთქვა ორიოდე სიტყვა, რომლებიც ჩემი აზრით არანაკლებ იმსახურებდნენ ფინალში გადასვლას და მეტიც …

პირველი, რა თქმა უნდა, ნინო ქუთათელაძეა, მოცეკვავე გოგონა, რომელმაც მეორე ნახევარფინალური შოუ გახსნა და თავი ორიგინალური ცეკვის გარდა ერთი პატარა დეტალითაც დაგვამახსოვრა.

ბევრი მიიჩნევდა, რომ მისი ცეკვა ჯგუფთან ერთად უფრო ეფექტური იქნებოდა, თუმცა ისინი შეცდნენ. სცენაზე მარტო დგომამ ხელი შეუწყო ნინოს სწრაფად ცეკვაში, რის გამოც ოპერატორებს მისი კადრში მოხვედრა ძალიან გაუჭირდათ.

ასეთი მოქნილობა მოცეკვავეებში დიდი ხანია არ მინახავს და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ნინო თავისი საქმის ექსპერტია და საქართველოში, ამ სტილის საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი უძლიერესი მოცეკვავეა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა ნინომ ვერ შეძლო ფინალში გადასვლა, თუმცა ეგ არაფერი,  “რუსთავი 2″-ს მან მცირე ზარალიც მიაყენა გატეხილი სცენის სახით :D.

ჯიმი ჯექსონზე ბევრი არაფრის თქმა შემიძლია, ჩემს სათქმელს უბრალოდ ეს ფოტო იტყვის : )

ჯიმი - 45 გრადუსი

პ.ს. მას რომ კასტინგზე ასე ეცეკვა, არ გამიკვირდებოდა თუ რატომ გადაიყვანა ჟიურიმ იგი მეორე ტურში.

აჭარული მუსიკის ჰანგებისა და ცეკვის ილეთების თანამედროვე მუსიკისა და ცეკვის ილეთებთან შერწყმა ასე ბრწყინვალედ მხოლოდ ჯგუფ “პლატინას” თუ გამოუვიდოდა.

ჯერ კიდევ რეპეტიციაზე მქონდა მათი ნომრის ხილვის ბედნიერება და თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა – “ეს არის რაღაც”. ეს სწორედ ის “რაღაცაა”, რაც აქამდე არსად მქონდა ნანახი ან მოსმენილი. მახსოვს გეგას შეფასება მათი კასტინგზე გამოსვლის დროს – “ცოტა სინქრონი გაკლიათ”, – თუმცა ნახევარფინალის  ნომერზე სინქრონის ნაკლებობაზე საუბარი ზედმეტია.

არანაკლები შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე მერაბ კირაკოზაშვილმა თავისი კბილებით. ის, რომ ეს კაცი მეორე ტურში ნამდვილ სანახაობას გვაჩვენებდა, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა, თუმცა ის, რაც სცენაზე მოხდა, ასეთსაც ნამდვილად არ მოველოდი.

კბილით მანქანის გათრევა და მაგიდის აწევა ჩემთვის უკვე ნაცნობი ნომერია, თუმცა სკამზე მჯდომი სიმპათიური გოგონას აყვანა და თავისი კბილებითვე გაშლილ სუფრასთან “მიპატიჟება” ყოველგვარი ფანტაზიის უნარს სცდება. ამ კაცს თავისი განსაკუთრებული კბილის გარდა ორიგინალური აზროვნების და შოუს კეთების უნარიც გააჩნია.

სხვა დანარჩენებზე აღარაფერს ვისაუბრებ, რადგან სიმღერა, სიმღერა და კიდევ ერთხელ სიმღერა ჩემთვის მოსაბეზრებელია : ) მიუხედავად იმისა, სად მღერის ადამიანი, რა ასაკის არის იგი, რა გამოცდილება აქ მუსიკალურ სფეროში და ა.შ. ეს ყოველი ფაქტორი ჩემზე რეაქციას არ მოახდენს თუ ერთი და იგივეობასთან გვექნება საქმე.

ის რომ მეორე ნახევარფინალის შედეგებით ყველანი გაოცებულები ვართ, ეს ახალი ამბავი არაა, განსაკუთრებით მაყურებელთა ფავორიტმა მოახდინა საზოგადოების გაკვირვება, მაშინ როდესაც უმეტესი ნაწილი პატარა მარიამის დასახელებას ელოდა და დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ იგი ფინალში გადავიდოდა. ფინალში კი გადავიდა, მაგრამ …

მასთან ერთად პირველი ადგილისთვის ისევ და ისევ მომღერალი, ლევან შავაძე იბრძოლებს, რომელიც უკვე მესამეა იმ 4 კანდიდატიდან, ვინც “წლის ნიჭიერის” სტასუსს მოიპოვებს. და აი აქ უკვე ჩემს გაოცებას საზღვარი აღარ ჰქონდა…

მაიამ უკვე შეძლო “ნიჭიერის” რაღაც ეტაპზე “გაპროფილება”, ახლა როგორც ჩანს ნიკას ჯერია და იგი თავის ორ მომხრესთან ერთად აქტიურად უძღვება ამ შოუს “გაჯეოსტარების” კამპანიას.

როგორც მახსოვს მათ “შოუ” და მრავალფეროვანი ნომრები უნდოდათ, მაგრამ საბოლოოდ სასიმღერო ნომრების გარდა ბევრი ხელთ არაფერი შერჩ(ებ)ათ.

ახლა კი მაინტერესებს ხალხის აზრი, ჟიურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და იმასთან მიმართებაში თუ როგორი იქნება ფინალი. იქნება ეს მომღერლებით სავსე, თუ იქნებიან სხვა საინტერესო მონაწილეებიც, როგორიც არის “Next Level”, ან შეიძლებოდა ყოფილიყო ჯგუფი “პლატინა” და სხვ.? იქნება ეს რეალურად “ნიჭიერი”, თუ “ჯეოსტარის” განსხვავებული ფორმატი იქნება, სადაც აქცენტი ისევ და ისევ, მომღერლებზე იქნება გაკეთებული? : )

და ბოლოს, მე, როგორც “ნიჭიერის” რიგითმა მაყურებელმა, მინდა ვიხილო საინტერესო ფინალი, საინტერესო ნომრებით, სადაც ილუზიონისტებიც შეძლებენ ჩვენს გაოცებას, ცეცხლთანაც გვექნება საქმე, კარგად დადგმულ ცეკვებთანაც და რაღა თქმა უნდა სასიამოვნო ხმის მოსმენაც შეგვეძლება, თუმცა ვატყობ ამ უკანასკნელის გარდა დიდად ვერ ვიხეირებთ : )

3 March

სტრიპტიზსაც ხომ ნიჭი უნდა?

Landish, ბლოგერი landish.ge-დან

გაზაფხულმაც კარზე მოგვიკაკუნა. მის მოსვლას კი “ნიჭიერის” მეხუთე გადაცემის დასასრულიც მოჰყვა. წინა ეპიზოდების მსგავსად ესეც არაერთი საინტერესო ნომრით იყო გამორჩეული და თავი არაერთმა კონკურსანტმა დაგვამახსოვრა.

გადაცემა მუსიკოსებმა გახსნეს; ჯერ ის იყო, “ადამიანი ორკესტრი”, იგივე “კაცი სავარცხელი”, იმ ინსტრუმენტზე უკრავდა, რომელსაც “აწყობა არ სჭირდება”, შემდეგ კი გიტარისტების ნამდვილი ბუმი მოეწყო სცენაზე.

ზოგისთვის რეპეტიციის გავლა ზედმეტი იყო, ზოგისთვის კი 3 საათიც არ კმაროდა. მაგრამ ‘ლ’იუბიწე’ლ’ კოკა ყაველაშვილს თავისი ნომრის შესრულებისთვის “პაძერჟკა” არ აწყენდა. ოთარ რამიშვილის “ხელი” მას ნამდვილად “დაეტყო”, თუმცა ჟიურის გადაწყვეტილებით – არასაკმარისად.

კოკა ყავლაშვილი და ოთარ რამიშვილი. იპოვეთ 10 განსხვავება

მუსიკა ხმაურისგან იმით განსხვავდება, რომ მისი მოსმენა სასიამოვნოა, მაგრამ თუ კორნელი მაისაშვილის გამოსვლას დავუკვირდებით, მის სხეულზე კრამიტისა და აგურების მსხვრევის ხმასაც ერთგვარი სიამოვნება მოაქვს. :მაზოხისტი:

ნომერი, რომლის შესრულებაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, მისი სახლში განმეორება არ სცადოთ, არც კულისებში!

სახიფათო ნომერი!

“ხისთავიანების” თემა, რომ დავასრულოთ, უდაოდ “ცხვირთავიანების” თემაზე ჩამოდგება საუბარი. ჯემალ ებიტაშვილი, იგივე ჯიმი ჯექსონი, თავისი “ორიგინალისგან” დიდად არაფრით განსხვავდება, თუმცა ცეკვაში ცოტას “მოიკოჭლებს”.ალბათ მაშინ “დაკოჭლდა”, როდესაც ბელგიიდან ჩამოსვლა “ნიჭიერში” მონაწილეობის მისაღებად გადაწყვიტა.

ჯიმი და ჯექსონი. იპოვეთ 1 განსხვავება მაინც

მისი ცეკვით პუბლიკა და მათ შორის მეც, ისე არ აღვფრთოვანებულვართ, როგორც მისი გარეგნობით. არაერთს გაუცრუვდა იმედი მის გამოსვლაზე, ყველანი “მეტის” მოლოდინში ვიყავით, მაგრამ ალბათ ასე მხოლოდ იმიტომ ვფიქრობთ, რომ მანამდე “მოზაიკას” ცეკვა გვაქვს ნანახი.

ბელგიიდან ჩამოსვლის რა მოგახსენოთ, მაგრამ არც ბათუმელებს დავვიწყებივართ. ჯგუფი “პლატინა” თავის სახელს ნამდვილად ამართლებს. “ცეცხლოვანი შოუს” სინქრონიულმა მოძრობამ მაყურებელი ნამდვილად არ დატოვა გულგრილი, მათ ჩემი სიმპათიაც დაიმსახურეს, თუმცა გამოსვლისას თავში ერთი აზრი მიტრიალებდა – “თავი არ დაიწვან”.

“ცეცხლმოკიდებულ” ოპერის სცენაზე შემდეგ არაერთმა კონკურსანტმა სცადა ცეკვა-სიმღერა, ზოგს “მუხლებზე ტრიალი არ აცადეს” და “სპეციალურად შეძენილი სამუხლეები” არ დაუფასეს, ზოგი “მაიას გულიზა” მოდის პროექტში, მაგრამ მეორე ტურში ვერ გადის, თუმცა მთავარი ხომ ეს არ არის, მთავარი ისაა, რომ “მაიას გული გაუთბა”, ზოგი რასიზმის მიმდევარია თუ ზანგების დამცველი, თვითონაც ვერ გაურკვევია და შოუში ამის გასარკვევად მოდის.

გაურკვეველია კვლავინდებურად ფოკუსნიკ, ავთო გოგეშვილის ტრიუკები კარტთან, ჯაჭვთან და მიკროფონთან დაკავშირებით, რომელიც სხვათაშორის ეს უკანასკნელი რუსთავი 2-ის კუთვნილება “იყო” :D.

ავთო გოგეშვილი - ხელების ამობრუნების სცენა (-მდე და შემდეგ)

ავთო გოგეშვილი - ჯაჭვის სცენა (-მდე და შემდეგ)

მოკლედ მიკროფონი “ფაფუ”, მეორე ტურში კი სხვა ნივთების გაქრობის მოლოდინში ვართ, ოღონდ ამჯერად (გამქრალი ნივთების) დაბრუნების პერსპექტივით.

გაქრობას რაც შეეხება, “ტანსაცმლის გაქრობის სპეციალისტი” უდაოდ ნინო ჯავახიშვილია, დღის მთავარი გმირი, რომლის გამოსვლასაც მაყურებელთა უმეტესი ნაწილი მოუთმენლად ელოდა. გაზაფხულის დადგომა ყველაზე მეტად ამ მონაწილემ იგრძნო, ალბათ სწორედ ამიტომაც გაიხადა “არცგასახადი” სამოსი.

აქვე მცირე ინფორმაცია: ნინო, 21 წლის, “ძივას” მოცეკვავე. ნომერს არ იძლევა, სხვა რამეს – არ ვიცი :D

მისი გამოსვლით დარბაზი 2 ნაწილად გაიყო, ერთი მხარე მის მეორე ტურში გადაყვანას დაჟინებით მოითხოვდა, მეორე მხარე კი იმავე დაჟინებით პირველ ტურშივე ჩატოვებას. ალბათ გეყოფათ გონება გამჭრიახობა და მიხვდებით რომელ მხარეს რა უნდოდა :D.

ნინოს ცეკვით არა მხოლოდ ჟიური და მაყურებლები დარჩნენ გაოცებულნი, არამედ კულისებშიც “ისეთები ხდებოდა”, რო …

წამყვანების რეაქციები ცალკე თემად იქცა, განსაკუთრებით ვანოს “გამგელება” (მგლად გადაქცევა :D), რომელიც ჩემთვის ამ პერსონაჟის ასოციაციას იწვევს.

ჯიმ ქერი - ფილმი "ნიღაბი" (მგლის სცენა)

კარგია ის, რაც კარგად მთავრდება. სტრიპტიზიც ნიჭიერში ასე თუ ისე კარგად დამთავრდა, უმეტესობას კითხვა გაუჩნდა, თუ “რაღა უნდა გაიხადოს მეორე ტურში”, მე კი ამაზე მეტად ის უფრო მაღელვებს, დააწინაურებენ თუ არა ნინოს “ძივაში” :D

გაზაფხულის პირველი გადაცემა ამით დასრულდა, წინ ბოლო შესარჩევი ეტაპი გველის, რომლის შემდეგაც დაიწყება ნახევარ-ფინალები, რაც შესაბამისად უფრო საინტერესო სანახაობას გვპირდება. მე კი მიმოხილვის სახით პოსტს აუცილებლად დავურთავ იმას, თუ რა ვისწავლეთ ამ გადაცემიდან.

“ნიჭიერის” მეხუთე გადაცემიდან შევიტყვეთ, რომ ყველაზე მსუბუქი დასაკრავი ინსტრუმენტი სავარცხელია, ხელ-ფეხის ქნევა ცეკვა არ არის, პირის გაღება კი – სიმღერა, გავიგეთ, რომ იმისთვის რათა კარგი მუსიკა და სიმღერა დავწეროთ, არც უცხო ენის ცოდნაა საჭირო და არც მუსიკალური განათლების მიღებაა აუცილებელი.

ასევე დავრწმუნდით იმაში, რომ კარგი მუსიკის და სიმღერის მოსმენა რესტორნებში უფროა შესაძლებელი, ვიდრე ქართულ მუსიკალურ ტელე-რადიო არხებზე. და ბოლოს, რაც მთავარია, დავრწმუნდით იმაში, რომ სტრიპტიზსაც ნიჭი სჭირდება (:D).