პოსტები ტეგით „პარკური“

18 February

“გადაცემა უგმიროთ”

ბლოგერი ბექა, a.k.a მჩხაპნელი doin.ge-დან

“გემოვნებაზე არ დავობენ… მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ეომებიან”მარკ ტვენი

მოდი, დავიწყებ შუიდან და აღარ ვიტყვი, რომ “ნიჭიერის” მესამე გადაცემა წინა ორს ბევრად სჯობდა, თორემ გამოჩნდება მერე ვიღაც ინტრიგანი და “პირ-ფერობას” დამწამებს. პირის ფერს კიდევ აიტანდა ადამიანი (შავი არ იყოს, მთავარია), მაგრამ ის, რაც ზოგიერთი პირიდან “გადმოდინდების” ზოგჯერ შეიძლება სახიფათოც აღმოჩნდეს.  მოკლედ, პირ-და-პირ საქმეზე გადავალ: "კი" თუ "არა"

ის, თუ რა ძნელია ჟიურის წევრობა, პირველად მაშინ არის საგრძნობი, როდესაც გიწევს, რომ ორმოცსართულიანი წყევლის გამომშვები პირი შინ გაწბილებული გაუშვა. თუმცა, კიდევ უფრო რთულია, რომ ასეთ მომენტში ჟიურის სიმამაცე დაუფასებელი დატოვო და ეს გმირობა მინიმუმ ერთი ღირსების ორდენის გარეშე ”ჩაფარცხო”.

საერთოდაც, ჟიური სულ უფრო და უფრო მომწონს იმის გამო, რომ მუდმივად ერთსულოვანი არ არის. მისი რომელიმე წევრი კი  ხშირად რომის იმ იმპერატორს ემსგავსება, რომლის კოტიტა თითზეც გლადიატორის ბედია და(მო)კიდ(ებ)ული.

აი,  მესამე გადაცემის მონაწილეებს რაც შეეხებათ, ისინი უფრო მეტად ღარიბი ადამიანის მობილური ტელეფონის ანგარიშს ჰგვანან, ანუ, ბევრი სალაპარაკო არც ერთზე არ არის. ”ნიჭიერის” მესამე ნაწილში არ არსებობს ისეთი გამოკვეთილი გმირი, რომელზეც მეორე დღეს ნახევარი საქართველო “აბაასდება”.  ზოგან იოლი მშობიარობით (მაგალითად, ტყუპებზე - თავიდანვე) და ზოგან საკეისრო კვეთით (მაგალითად, კახელ და-ძმაზე  - ნომრის მიმდინარეობისას), რა თქმა უნდა, სიმპათიები მაინც გაჩნდა, მაგრამ გადაცემის შემდეგ “გულნაზი გოლეთიანის”, ან, “მარიამ კახელიშვილის” ეპოქა აღარ დამდგარა და ეს კარგია.

თუმცა, მედლის ერთ ვიზუალურ თვისებას თუ გავიხსენებთ, ეს კარგია მხოლოდ იმ მაყურებლისათვის, რომელიც თანაბარი დონის ბევრ კარგ ნომერს ნახავს. მეორე მხრივ კი, რა უნდა ქნას, “კურიერის” (“ნიჭიერის” ფილიალია ასეთი) ჟურნალისტმა, რომელმაც ამ გადაცემიდან სიუჟეტის მთავარი გმირი უნდა ამოარჩიოს.

არჩევანი კი მართლაც დიდია. სწორედ ამიტომ, ჩემი ხასიათის სათნო ნაწილი გამოვაჩინე და ამ ჟურნალისტის დახმარება გადავწყვიტე:

ნომინაცია: “კურიერის სიუჟეტის გმირი”

ნომინანტი # 1: “იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის”

კაცობრიობა ყოველთვის იდგა დიდი დილემების წინაშე: “კვერცხი თუ ქათამი”, “ჰიტლერი თუ სტალინი”, “ბრუს ლი თუ ჯეკი ჩანი”, “კაი ბიჭობა თუ ტორტი”, “მამაჩემი მოერევა თუ მამაშენი” და სხვა.

სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ იყო, რომ “New Style”-ს გამოსვლის დასრულებისთანავე გაჩნდა შეკითხვა: “New Style” თუ “Next Level”. ვერაფერს იტყვი – მეტად რთული საკითხია. მით უმეტეს, რომ მეორე ჯგუფის ცეკვა ამ გადაცემამდე თითქმის არავის ჰქონდა ნანახი.

უკვე ლეგენდად ქცეული “Next Level”-ი კი მხოლოდ ახლაღა გამოჩნდა და კარგი ცეკვით “საკუთარი სახელი” ისევე დაიმსახურა, როგორც “New Style”-მა ახალი სტილით 1 თებერვალს საყოველთაო აღიარება. თუმცა, მე პირადად, პირველი გამომსვლელი უფრო მომეწონა (აქვე დავსძენ, რომ არც “New Style”-ში ცეკვავს ჩემი ახლობლის ნათესავი და არც შეყვარებულს უღალატია “Next Level”-ის ბიჭებთან).

მოკლედ, როგორც ქართველი ჟურნალისტები იტყოდნენ “მოვლენათა განვითარებას მომავალი გვიჩვენებს”, ან, როგორც ერთი ძველქართული ანდაზა ამბობს: “ნახევარფინალი და ხვალეო”

ნომინანტი # 2: “აგია იგი, თუ, იგია აგი?”

გინესის წიგნში ასეთი რეკორდი რომ არსებობდეს –  ”წუთის განმავლობაში  “ვაიმე, საყვარლების” თქმის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი” – საქართველოს მოსახლეობა მის დამყარებას ნამდვილად შეძლებდა.

(აქ უნდა იყოს "გაჭრილ ვაშლზე" არსებული გამოთქმა)

ერთადერთი, რაც ამ ნომერს დაეწუნებოდა, იყო ჟიურის მდედრობითი წევრის რეპლიკა: “გარდა იმისა, რომ საოცრად გევხართ ერთმანეთს” (შენიშვნა ციკლიდან: “ვისწავლოთ გრამატიკა მაია ასათიანთან ერთად“);

ნომინანტი 3: “იქ გავშლი ფრთებს…”

დაემხო მითი, რომ “ტკივილისაგან კედლებზე დადის” მხოლოდ და მხოლოდ მეტაფორაა და რეალობას არ ასახავს.

სულ მაინტერესებდა, რას ნიშნავდა ”სუპერმენად” ყოფნა და მეგონა, რომ ეს იყო “უნარი, გაგეჩერებინა მატარებელი ხელით, ტყვია – კბილებითსხეული – ჰაერში, ან უბრალოდ, ენა – პირში, როდესაც ამას საჭიროება მოითხოვდა. თუმცა, “სუპერმენზე” არსებული ჩემი წარმოდგენებიდან, სწორი მხოლოდ ფრენის უნარი აღმოჩნდა და საბედნიეროდ, “პარკურისტების” ნომრით ისე “შთავიბეჭდე”, რომ ილუზიების მსხვრევით გამოწვეული იმედგაცრუება აღარ განმიცდია.

ნომინანტი 4: “ილუზიებზე გამახსენდა…”

“ჩვენს დარბაზში ზის თაობა, რომელსაც ათი წლის წინ ნანახი აქვს, როგორ აქრობს კოპერფილდი ვაგონს. ამ თაობას მტრედებით ვერ გააოცებთ” – მაია ასათიანი

თუმცა, დარბაზში ის თაობაც იჯდა, რომელსაც უნახავს “ბიტლზები“, უნახავს “რივერდანსი“, უნახავს კაცი, რომელიც შენობებზე შიშველი ხელებით დაცოცავს, უნახავს პარკურისტები, რომლებიც სახურავიდან სახურავზე დაფრინავენ… მოკლედ, უნახავს ბევრი სასწაული, მაგრამ მაინც აოცებს მანქანის კბილსაღი გამწევი , მაინც მოსწონს “next level”-ი, მაინც დადებითად აფასებს  “შუშას”  და მაინც “ღფრთოვანდება” “პარკურისტებით”

"ხელსახოცში მტრედია"

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ასეთი კომენტარი ცოტა აბსურდულია და დაახლოებით იგივე შინაარსის მატარებელი იქნებოდა, წინა გადაცემაში გიტარისტები უკან რომ გაებრუნებინათ იმ მიზეზით, “არ მოგვწონხართ, ჯიმი ჰენდრიქსი უკეთესად უკრავდაო”.

ამის გამო, მტრედებიანი ილუზიონისტის ილუზიები (ვიმეორებ, რომ “ნიჭიერში” ჩემი არც ერთი ნათესავი არ მონაწილეობს), თუ მაინცდამაინც, სხვა მიზეზით უნდა დაემსხვრიათ.

თუმცა, შემდეგ ტურში გადასასვლელად მხოლოდ მაგია საკმარისი რომ არ იყო იმ ილუზიონისტის მაგალითზეც კარგად გამოჩნდა, რომელსაც ტუზ აგურის დახმარებით, ბანქოს ენაზევე თუ ვიტყვით “ტუზი დაეცა”. რა თქმა უნდა, კოპერფილდისა და ვაგონის მტრობის ისტორია წარუმატებლობის საბაბი შეიძლება აქაც გამხდარიყო, მაგრამ დათო რობაქიძემ ისეთი ფოკუსი გაუკეთა (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) ჟიურის წევრებს, რომ ერთი შეხედვით უბრალო მანიპულაციით შემდეგ ეტაპზე გადასვლა ადვილად მოახერხა.

აქედან დასკვნა: “მთავარი ის კი არ არის, თუ რა შეგიძლია. მთავარია, როგორ აკეთებ ამას” (რომელიღაც ფილოსოფოსი იტყოდა და თუ არ უთქვამთ, ძალიანაც შემცდარან)

ნომინანტი # 5: “როცა ხელ-ფეხი ფეხ-ფეხია”

ამ ადამიანს თამამად შეუძლია განაცხადოს, რომ “ყველაფრის ფეხებზე დაკიდება შეუძლია”. ერთადერთი ამ ნომერში ვერ გავიგე ის, თუ რა უნდა გაეკეთებინა ამ ასაკის კაცს ისეთი, რომ  გეგას სიმპათია დაემსახურებინა. კეფა უნდა მოეფხანა და ბაკებზე მაკრატლით თმა შეესწორებინა? თუმცა, დამავიწყდა, გემოვნებაზე ხომ არ…”

ნომინანტი # 6: “მარტო ქალი ცეკვაშიაც ბრალიაო”

პარტნიორის გარეშე შეიძლება ითამაშო ჭადრაკი (თუკი “გიქრის”), ელაპარაკო საკუთარ თავს (თუ ენა გექავება), ააწყო ბიზნესი (რადგან “მეგობრობაზე დამყარებულ ბიზნესს, ბიზნესზე დამყარებული მეგობრობა სჯობს”), დაიპყრო რომელიმე მწვერვალი (სასურველია პოეზიის, თორემ ალპინიზმში მარტო ცოცვა სახიფათოა),  და ა.შ.

თუმცა, დადგა ცეკვა პარტნიორის გარეშე, სადაც ის აუცილებლად გჭირდება, დიეტოლოგთა ჟარგონზე თუ ვიტყვით “არ იჭმევა”.

ვანიკოს რაც შეეხება - აღარ შევაქებ, თორემ თავში ნახსენები ინტრიგანი უკვე რაღაც ცუდზე დაიწყებს ფიქრს.

ნომინანტი # 7: შუშა

“გუშინ, ბიჭები ეზოში ბურთს თამაშობდნენ და შემთხვევით “შინაგან და გარეგან სამყაროთა შორის არსებული გამყოფი” ჩამიმსხვრიეს” - ასე იტყოდა “შუშა”-ს სოლისტი

ამით იმის თქმა მინდა, რომ სანამ “ქინდერში” ამოსულ მიკროფონში სიმღერა გაისმებოდა, ჯგუფის მიმართ, როგორც მაია ასათიანმა შენიშნა, “სკეპტიკურად განვეწყვე”. შეიძლება ამის ბრალი იყო ისიც, რომ ნომრის დასრულების შემდეგ, ჩემი და ჟიურის შეფასებები ერთმანეთს რამდენიმე მეტრით ასცდა.

საბედნიეროდ “ქვა” ხელში ჟიურის ეჭირა და არა – მე.

დღეს კი, როდესაც ეს სიმღერა კიდევ ერთხელ მოვისმინე, სერიოზულად დავფიქრდი იმაზე, თუ რატომ არ მომეწონა ის პირველივე გაგონებისას. თუმცა, საკუთარი თავის პასუხად მხოლოდ ის შევძელი, რომ მხრები ავიჩეჩე და ქვედა ტუჩი ზედაზე გადავატარე.

and the camera goes to…

დანარჩენი ”კურიერში”, ორშაბათს, თორემ ყველაფერი მე  თუ დავღეჭე, ბარემ გადავყლაპავ კიდეც.

პ.ს: ყველაფერი თუ ასევე გაგრძელდა, ლეგენდები “ორშაბათის სიმძიმეზე”, ალბათ, მალევე დაემხობა…

17 February

მესამე გადაცემა – მხოლოდ ყველაზე შთამბეჭდავები

პიკოლინა, ბლოგერი piccolina.ge-დან

ჩვენ ვართ ქართველები, მაშასადამე ჩვენ ვართ ყველაფრით უკმაყოფილოები. ეს ისე, პოსტისთვის გასახურებლად :))

მოკლედ, სანამ ხალხი თავისი განსხვავებულობის გამოხატვას გადაცემის გაკრიტიკებით ცდილობდა, მესამე გადაცემა გავიდა. მართლა გეუბნებით, მე, როგორც ტელემაყურებელი კმაყოფილი ვარ, ორშაბათის გადაცემამ წინა გადაცემებსაც აჯობა და ყველა სხვა გადაცემასაც.

პირველ რიგში, წამყვანები ბევრად უკეთ წამყვანობდნენ, უკვე ერთი სული მქონდა, როდის დაგვანახებდნენ კულისებს :)) ფაცაციას გამეგრელება და “ვუი ვუი” (იმ  40 სართულიან წყევლაზე), ასევე ვანიკოს გავარდნა და იმ უპარტნიორო გოგოსთან ცეკვა ყველაზე მაგარი იყო.

იგივენაირად აღფრთოვანებული ვერ ვარ ჟიურითი. ნუ მთლიან ჟიურის რას ვერჩი, მაიაზე ვამბობ უფრო. ამ გადაცემაზე უკვე “პროფილში” ეგონა თავი. ანუ, რის გამოც თავიდან მომეწონა მაია ჟიურიში, ის გაქრა. და ის კომენტარი რა იყო, ყურებიდან ბოლის გამომშვებ ბიჭზე, მოწევა ჯანმრთელობისთვის მავნებელია და ამიტომ არაო. უკეთესი მიზეზი ვერ ნახა უარისთვის? სამაგიეროდ, გეგას კომენტარი იყო უნიკალური იგივე გამომსვლელთან დაკავშირებით.

რაც მთავარია, ჟიურის წევრებს ჯერ კიდევ უხარიათ სხვის ღილაკებზე ხელის დაჭერა და მეც ველოდები, როდის გადაუვლით :)

კიდევ ჟიურიმ, ისევე, როგორც საქართველოს ბევრმა სხვა მოქალაქემ, ვერ ისწავლა, რომ გამარჯობას არც მრავლობითი ფორმა აქვს და არც თქვენობითი. ანუ არის მარტო გამარჯობა და არანაირი გამარჯობა. რაც მთავარია, ეტყობა, არც არავინ უსწორებს.

გამომსვლელებში არ შემიძლია პირველი არ აღვნიშნო დათო რობაქიძე

დათო რობაქიძე

ჩემს ბლოგზეც დავწერე მაშინ, პრომოს ჩაწერაზე ვნახე დათო და გამაოცა, მართლა. ეკრანზე ხო იყო მაგარი? ხოდა პირისპირ უფრო დიდი ემოციაა, დამიჯერეთ. თან მე პატარა კარტით მაჩვენა, მთლიანი შეკვრით და პირი ღია დამრჩა მაშინ. მოკლედ, იმ დღიდან მე დათოს გულშემატკივარი ვარ და კიდევ მეორე ბიჭის, რომელიც მასთან ერთად იყო, მაგრამ ჯერ არ გამოსულა. რაც მთავარია, ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც იმედები არ გამიცრუა და სცენაზეც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოვიდა.

ნექსთ ლეველზე რამხელა მითქმა-მოთქმა იყო ხომ გახსოვთ? ხო, მაგარი იყო, მარა ეს ძალით რეპერული საქციელი და საუბარი არ უხდებათ. ამის გამო გამოჩენისთანავე მინუსი მივუწერე. ანუ სხვა რომ ლაპარაკობს და იქცევა ეგრე შეიძლება საკაიფოდ ჩანდეს, მაგრამ სანამ იგივეს გაიმეორებ იქნებ ჯერ გეფიქრა, ეს შენია? (ვიცი, ბავშვები კითხულობენ ამ ბლოგს აქტიურად, იმედია, არ დამესხმებით თავს ამის გამო :))) ) მაგრამ ვერ დავუკარგავთ, კარგად იცეკვეს

აი პარკური მომეწონა ძალიან. ცუდი შედარებაა, მაგრამ, ჩემთვის პირადად, შოუს მხრივ, ნექსთ ლეველზე უკეთესი იყო. არ ვამბობ, რომ მართლა უცხოეთის დონეზე იყო, როგორც ნიკამ თქვა, მაგრამ საქართველოს დონისთვის ბრწყინავდა.

კიდევ რეზინის ტყუპები მომეწონა. ისეთი პატარები და ელასტიურები იყვნენ… და ისეთი მორიდებულები, საუბრისას…

ძალიან დიდი მინუსი არმენ ერემიანის გამოსვლას. ნუ თვითონ გამოსვლას არა, მის რუსულს, როდესაც ცხოვრობს საქართველოში. არა, მაგას კიდევ კარგი, გავიგებ, მარა მაიას ასევე რუსულად საუბარმა ლამის წყობიდან გამომიყვანა. ანუ რუსული არ არის სახელმწიფო ენა, ანუ ნება უნდა იბოძო და როდესაც მაყურებლის წინაშე რამეს ამბობ – თქვა ქართულად. მადლობა, მაია, ვიცით, რომ იცი რუსული. ჩვენც ვიცით, მაგრამ რუსული არაა სახელმწიფო ენა და ისაუბრე ქართულად.

გადაცემისას გული დამწყდა, რომ ნატა – პუგაჩოვა – მესხს არ დაუფასდა მონდომება. მშვენივრად გამოვიდა, ცეცხლი დაანთო, ყველნაირად დაიხარჯა (მერე რა, რომ ცოტათი არაადექვატურად ემოციურ-აქტიური იყო) და მაინც არა? გულნაზისავით რომ დამდგარიყო და შეწუხებული სახით ემღერა, მერე ხო იქნებოდა კი?

ხო, ახლა მივხვდი, რომ უარყოფითიც ბევრი ყოფილა, მაგრამ მაინც ვდგავარ იმ აზრზე, რომ ძალიან მაგარი იყო მესამე გადაცემა. ახლა ველოდები მეოთხეს.

პ.ს. რბილი ლь ყველაფერს აფუჭებს, იქნებ რომ გამოდიან, ლь-იანები არ ალაპარაკონ ა?

16 February

15 თებერვალი, მესამე გადაცემა

თინი, ბლოგერი tiny.ge-დან

ესეც ჩვენი მესამე გადაცემა, რომელსაც მთელი ერთი კვირა  ინტერესით ველოდებოდით… 15 თებერვლის “ნიჭიერში” ნამდვილად ჭარბობდა საცეკვაო და აკრობატული ნომრები, რის გამოც, მართალი გითხრათ ძალიან დავიტანჯე screenshot-ების კეთებისას, მაგრამ – ღირდა! :)

გუშინდელი გადაცემის “ტკბილ ლუკმებს” ბოლოსთვის მოვიტოვებ, იქამდე კი გავიხსენოთ:

როლიკებით მფრინავები, წითლებში გამოწყობილი მოცეკვავე წყვილი, რომელმაც მაიას და ნიკას ერთი და იგივე ფრაზა- “აშკარად შთაბეჭდილება მოახდინა” ათქმევინა, გეგასგან განსხვავებით… პატარა მედოლე, რომელმაც მაიასაც მოანდომა დოლზე დაკვრა (კიდევ კარგი დოლის ფუნქცია წითელმა ღილაკმა არ შეასრულა!) და არმანი, რომელსაც “ტუფლი, ტუფლი ზაბილ”!

"ტუფლი ზაბილ"

ალბათ მიხოს და მაროს “დისკო ტანცო” ყველას დაგამახსოვრდათ, ჟიურის და დარბაზის არ იყოს, მეც ძალიან გავხალისდი  მათი ყურებისას! იმდენად გავერთეთ, რომ “კი”

მიხო და მარო

“დღეს მოვედი იმიტომ, რომ ყურებიდან სიგარეტის კვამლი გამოვუშვა!”

რას იზაავ? – თითქმის ერთდროულად ვიკითხეთ მე და გეგამ!:D  ტერმინი “ყურებიდან ბოლს უშვებს”,  ჩემთვის და ალბათ, თქვენთვისაც – გაბრაზებასთან ასოცირდებოდა აქამდე, მაგრამ ამიერიდან ცოტა დავეჭვდები ხოლმე, სანამ  კონტექსტს კარგად არ ამიხსნიან!  რა დავამატო? გეგას მიერ დიაგნოზი დასმულია – მეც მგონია, რომ  ნახვრეტების მდებარეობაში შეცდომას აქვს ადგილი! :D

ეს კი..

“გველესიანი გახლავართ გვარად,სახელი გივი მქვია..”

“87-ე წელში გადავდგი ფეხი,გლოცავდესთ ღმერთი!”

ეს იმ საყვარელი ბაბუს სიტყვებია, რომელის გამოსვლასაც რამდენჯერაც ვუყურე, იმდენჯერ ცრემლები წამომივიდა. მას უნდოდა ახალგაზრდობა გაეხსენებინა.. და  თავისი სიმღერა მეუღლეს მიუძღვნა.  ძალიან, ძალიან, ძალიან მომეწონა ჟიურის ქცევა!  დარბაზისაც, სხვათაშორის. მართალია მაიამ დაარეგულირა დარბაზში სიტუაცია, თორემ სტვენები მესმოდა თავიდან, მაგრამ რაც მთავარია, კარგად ჩაიარა და ძალიან თბილად გააცილეს მოხუცი.

ალბათ ნიჭიერის ისტორიაში ყველაზე უარყოფითი მონაწილე, რომლის გამოსვლამაც მართლა დამთრგუნა! მეგრული არ მესმის, მაგრამ სახეზე რომ შევხედე  ამ წყევლის წარმოთქმის დროს, კინაღამ გავგიჟდი.. მოკლედ, ეს მედეას და აიეტის დატესტილი წყევლა ძალიან არ მომეწონა და დამთრგუნა. იმდენად დამთრგუნა, რომ მეგონა აღარაფერი აღარ მომეწონებოდა მთელი გადაცემის მანძილზე..

გეგა ამას ვერ უყურებს!..

თანაც, თქვენც კარგად გახსოვთ წყევლას რომ წარუმატებელი ილუზიონისტები მოყვნენ – “თავის დაწვის ნომერის” შემომთავაზებლები და ისეთებიც, ვინც “ამ თაობას მტრედებით ვერ  გააოცებდა“..  მაგრამ ამ დროს გამოჩნდა დაბნეული  და ძალიან საყვარელი დათო რობაქიძე, რომლის კარტებით მანიპულირება, საბედნიეროდ პირადად მაქვს ნანახი და თუ რამე არსებობს “სახტად დარჩენის” სინონიმი, შეგიძლიათ ყველაფერი გაიფიქროთ იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად ასე მოხდა მისი შესაძლებლობების ნახვისას!

ჰო..დიახ..აჰა..ესე იგი..

შემდეგ იყო წყვილი, რომელიც გამოტეხვისთანავე, რომ “მათ შორის ცეკვის გარდა რამე ხდება და ეს რამე კი არა, თვით საოცრებაა” მაიას გადააბარა გეგამ. იქვე, ცოტა “წაუპროფილეს” და მერე ისე იცეკვეს, თიკას დავეთანხმები და “აი თურმე, რატომ გადადეს ქორწილი!”

წყვილს მოჰყვა “პროფესიით ჟურნალისტი, მოწოდებით მუსიკოსი” ნატა მესხი, რომელშიც ნიკამ მართალია ქარიზმა დაინახა, მაგრამ გეგას და მაიას დაჟინებული მოთხოვნით შემდეგ ტურში ვერ გადავიდა. შემდეგ პატარა სვანი კომპოზიტორი, რომელიც “ვერ გადასულების” რიგს შეუერთდა ისევე, როგორც “მაია წყნეთელის, ჩემო ტკბილოს და  რაცხა იმფერების” შემსრულებლები. ასევე გამომჟღავნდა ვანიკოს ტალანტები, რომელმაც უწყვილოდ დარჩენილ გოგონასთან  იცეკვა (მართლა მაგრად:D).

შემდეგი საინტერესო მონაწილე იყო “ხელ-ფეხ მოქნილი” ადამიანი, რომელმაც ვანიკოს კითხვაზე- რა უნდა გააკეთოთ სცენაზეო, დაუბნევლად უპასუხა- “კანიაკი უნდა დავლიო..ვისაუზმებ და გამოვალ”. გავოგნდი..ასანთი რომ აანთო, განსაკუთრებით მაგაზე… და მიუხედავად იმისა, რომ  გეგა

ვერც ამას..

..ნიკას და მაიას დანიჟებული მოთხოვნით 72 წლის ვაჟა ნატროშვილი მეორე ტურშია:)

ჩემს ფავორიტებზე გადავიდეთ:

დათო რობაქიძე

ელენე და ეკა თორიები

ჯგუფი შუშა:

პარკური:

და ბოლოს, ის რაც წესით პირველი უნდა მეთქვა, მაგრამ ბოლოსთვის შემოვინახე.. ის,რასაც ერთი კვირა ველოდით და ის, რასაც წინა პოსტზე 360 კომენტარი მოყვა ისე, რომ ჯერ არც იყვნენ სცენაზე გამოსულები.ეს არის

THE NEXT LEVEL

ვანიკოს მათი დანახვისთანავე “new style” გაახსენდა, რა თქმა უნდა.. ხოდა მოდი, ახლა ერთ “კულისების” ამბავს გეტყვით- ადრე, new style და next level იყო  ერთი მთლიანი ჯგუფი. ცოტა ხნის შემდეგ გაიყვნენ და და ზოგი new style-ში წავიდა, ზოგიც next level-ში.. მათ ძალიან დიდი დრო აქვთ ერთად გატარებული და შესანიშნავად იცნობენ ერთმანეთის ტექნიკას და შესაძლებლობებს, აი სწორედ ამიტომ არის  მათ ირგვლივ ასეთი აჟიოტაჟი ატეხილი..

მათი ცეკვის ეთერში გასვლის შემდეგ, next level-ის ლიდერს, ამიკოს ველაპარაკე შთაბეჭდილებების შესახებ და სიმართლე გითხრათ, ცოტა  უკმაყოფილო იყო- ძალიან ბევრი კადრი იყო ამოღებული და შემოკლებული იყო ჩვენი გამოსვლაო..

აზრთა სხვადასხვაობა გრძელდება… ზოგი ამბობს next level-ი new style-სთან ვერ მივაო (ვერც თავიანთი მოტოთიო:D) ზოგი პირიქით ამბობს… მე კიდევ, უბრალოდ დავჯდები და დაველოდები ნახევარფინალებს, სადაც ალბათ უფრო კარგად გამოჩნდება ვის რა შეუძლია, თორემ ახლა, სიმართლე გითხრათ მიჭირს არჩევანის გაკეთება:)

ბონუსები next level-ის გულშემატკვირებს:

ფავორიტი კადრი ამ გადაცემიდან:

დააკვირდით მაიას ხელს:))

ასეთი იყო მესამე გადაცემა.. ახლა კი შემდეგ, მეოთხე გადაცემას ველოდებით…ანონსში ყველაზე მეტად დამაინტერესა ბიჭმა, რომელიც ძაღლის შიშით ეზოს კარს გადაახტა! მომავალ სამშაბათამდე:)

16 February

პარკური

პარკური ”ნიჭიერში”: