პოსტები ტეგით „ნიჭიერი“

17 April

ნიჭიერი ბავშვები

უკვე მეორე წელია ”ნიჭიერის” პარალელურად მიმდინარეობს პროექტი ”ინტერნეტნიჭიერი”, სადაც, მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ თავისი ნიჭის ამსახველი ვიდეოები და  გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ბანკისგან საჩუქრები მიიღონ.

წელს, პროექტი კონცენტრირებულია პატარა ნიჭიერებზე, რადგან სპონსორი საქართველოს ბანკის საბავშვო ანაბარია. მონაწილეობა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისი ასაკიც 16 წელს არ აღემატება. ყოველ ოთხშაბათს, 12 საათზე, ”ნიჭიერი ბავშვების” ვებგვერდზე anabari.ge, ახალი ტურის ვიდეოები იდება და ხმის მიცემის პროცესი იწყება. ტურის გამარჯვებული ვლინდება შემდეგი კვირის სამშაბათს, საღამოს 10 საათზე. ერთ ფავორიტს მომხმარებლები ირჩევენ, ხოლო მეორეს – საქართველოს ბანკი.

ათი ტურის შემდეგ, იქნება სუპერფინალი, სადაც 20 სუპერფინალისტიდან, ნიჭიერის ჟიური – გეგა, ვანო და სოფო შეარჩევენ პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელებს. ასევე, გამოვლინება მომხმარებლების ფავორიტი.  I, II და III ადგილზე გასულები მოიგებენ 3000, 2000 და 1000 ლარს შესაბამისად, რომელიც მათ საბავშვო ანაბარზე დაირიცხება, ხოლო მომხმარებლის ფავორიტს საჩუქრად iPad 2 გადაეცემა.

ამ მომენტისთვის, გამოვლენილია პირველი და მეორე ტურის გამარჯვებულები.
პირველ ტურში ფავორიტები აღმოჩნდნენ:

პატარა გაბაძე ნინო , რომელიც ცნობს დიდი მხატვრების ნამუშევრებს

და მომღერალი გია მახარაძე

ხოლო მეორე ტურის გამარჯვებულები გახდნენ:

10 წლის ნიკა ბრეგვაძე, რომელიც უკრავს ფანდურზე

და პიანისტი ხატია კაციტაძე(ვიდეო).

დღეს, 22 საათზე, მესამე ტურის გამარჯვებული გამოვლინდება.  ხვალ “ნიჭიერი ბავშვების” მეოთხე ტური იწყება. მეოთხე ტურისათვის ვიდეოების მიღება საღამოს 10 საათამდე გრძელდება!

თუკი გყავთ შვილი, და, ძმა, ან სხვა ნათესავი, რომლის ასაკიც 17 წლამდეა და აქვს რაიმე განსაკუთრებული ნიჭი, შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში ”ნიჭიერი ბავშვები”. წესებს და პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

წარმატებებს ვუსურვებთ ინტერნეტ-ნიჭიერის ყველა მონაწილეს.

13 April

პატარა მომღერალი – ლენკა ზვიადაძე

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ნიჭიერის სცენაზე მომღერალი გამოჩნდა! ლენკა ზვიადაძემ  შეასრულა სიმღერა “Reflection”, მულტფილმიდან “Mulan” და ძალიან მოაწონა თავი როგორც ჟიურის, ასევე მაყურებელს. ნიჭიერის ბლოგი, მას რუსთავი 2-ს შენობაში გაესაუბრა.

როგორც აღმოჩნდა, ლენკა 3 წლის ასაკიდან მღერის, როდესაც ის სიმღერის სტუდიაში მიიყვანეს.  დედა ამბობს, რომ ის აქტიური, ენერგიული ბავშვი იყო და სტუდიაში უფრო ”ენერგიის დასახარჯად” და სხვა ბავშვებთან ურთიერთობისთვის მიიყვანეს.

სიმღერის გარდა,  სწავლობს ფორტეპიანოზე დაკვრას და ბავშვობიდან სხვადასხვა წრეებზე დადიოდა, მათ შორის სამოდელო სააგენტოშიც. აქედან გამომდინარე, პატარა ასაკიდან ბევრ კონცერტზე, კონკურსზე თუ ჩვენებაზეა გამოსული.  ასევე, მონაწილეობას იღებს საბავშვო სპექტაკლებშიც.

გარდა მრავალფეროვანი წრეებისა და სიმღერის, ლენკას ძალიან უყვარს თავის მეგობრებთან ერთად ყოფნა და თავისუფალ დროს (როდესაც ის აქვს), სწორედ მათთან თამაშს უთმობს. როგორც თვითონ გოგონამ აღნიშნა, მას ძალიან უყვარს თავისი მეგობრები. ასევე,  ძალიან უყვარს ცხოველები. ნება რომ ჰქონდეს, მთელი ზოოპარკი ეყოლებოდა სახლში, თუმცა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი კატა ყავს, სახელად ნეფერტიტი.

ლენკას საყვარელი ქართველი მომღერალია მამუკა ჩარკვიანი. უცხოელებიდან კი, ვიტნი ჰიუსტონი და სელინ დიონი უყვარს.  როგორც  ამბობს, ნიჭიერის ამ სეზონში, ყველაზე მეტად ანი ქაშიბაძე, ნონა გიუნაშვილი და ნიკ მალფოი მოსწონს. ხოლო წინა სეზონებიდან მისი ფავორიტი მარიამ ტომარაძეა.

პატარა მომღერალს ვუსურვებთ დიდ წარმატებებს.

13 April

LC = Lose Control

მესამე სეზონი, ნიჭიერში, საცეკვაო ნომრების სიმრავლით გამოირჩევა. მათ შორის, ჟიურის წევრებმა ზოგი დაიწუნეს, ზოგიერთის ნახვა კი, შემდეგ ტურშიც მოისურვეს. სამწუხაროდ, ხან და ხან ისე ხდება, რომ შემდეგ ტურში გადასული ნომრის, გადაცემაში სრულად ჩვენება, არ ხერხდება. ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც მე-4 ეპიზოდში სულ რამდენიმე წამით გამოჩნდა, იყო LC.  ამიტომ, ნიჭიერის ბლოგმა, გადაწყვიტა ჯგუფი უფრო ახლოს გაეცნო და ბლოგის მკითხველისთვისაც მიეწოდებინათ მეტი ინფორმაცია მის შესახებ.

ნატა, ქეთი, მარიამი, ლიკა და ნათია

ჯგუფის წევრებთან შესახვედრად, ცეკვის სტუდიია ”LC”-ს სარეპეტიციოში წავედით. გოგონები სწორედ აქ, ცეკვის შესწავლისას შეხვდნენ ერთმანეთს და ნიჭიერში გამოსასვლელად, სტუდიის სახელი აიღეს. როგორც სტუდიის ხელმძღვანელმა, დავით ფიცხელაურმა აგვიხსნა:  ”LC”  არის აბრევიატურა ინგლისური სიტყვების Lose Control და ”კარგად გამოხატავს იმას, რაც ცეკვის დროს ემართებათ”.

ნიჭიერის სცენაზე გამოვიდნენ:

  • ნატა ასატუროვა, 16 წლის
  • მარიამ ქოქოევი, 19 წლის
  • ლიკა რაჯებაშვილი, 20 წლის
  • ქეთი ეღიკაური, 16 წლის
  • ნათია წამალაიძე, 15 წლის.

ერთად გოგოები დაახლოებით ერთი წელია ცეკვავენ.

ჯგუფი ცეკვავს ჟანრში ჰიპ-ჰოპი, თუმცა ხშირად სხვა სტილების ელემენტებსაც ურევენ კომპოზიციაში. ერთად გამოდიან სხვა და სხვა ოლიმპიადებზე და შეჯიბრებებზე. 1 თვის წინ, IDO-ს ოლიმპიადაზე, თავის კატეგორიაში 1-ლი ადგილი აიღეს.

ნახევარფინალში გადასვლის შემთხვევისთვის, ჯგუფს უკვე მომზადებული აქვს ახალი ნომერი. თუმცა, ბლოგის თხოვნით, მათ კიდევ ერთხელ იცეკვეს ის ნომერი, რომელიც ნიჭიერის კასტინგზე გაიტანეს. მისი სრულად ნახვა შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ვიდეოში.

გოგოების ნაწილი ჯერ კიდევ სწავლობს, თუმცა, როგორც ამბობენ, მათი ცხოვრების მთავარი საქმიანობა ცეკვაა. ვარჯიშობენ კვირაში სამჯერ, ორ-ორი საათი და სტუდიაში თავს, როგორც ოჯახში, ისე გრძნობენ. ძალიან უყვართ ერთმანეთი. თავად მათი ხელმძღვანელი, დავით ფიცხელაური, 6 წელზე მეტია ცეკვავს.

ვუსურვებთ ჯგუფს დიდ წარმატებებს, როგორც ნიჭიერში, ასევე მომავალ შეჯიბრებებში.

30 March

სტუმრად TSU ART-თან

ლაშა, დათუნა, სანდრო, ირაკლი, ილია და გიორგი

ჯგუფი TSU ART-ი პირველი გადაცემის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამოსარჩევი მონაწილეა. ამიტომ, ნიჭიერის ბლოგი მათ სარეპეტიციოს ესტუმრა, მკითხველისთვის საინტერესო ინფორმაციის და სურათების მოსაგროვებლად.

ჯგუფი ექვსი წევრისგან შედგება:

  • ლაშა ლორთქიფანიძე
  • დათუნა დგებუაძე
  • ირაკლი გოდერძიშვილი
  • ილია ჭუმბურიძე
  • გიორგი შარაშენიძე
  • სანდრო ნარსია

მათი ასაკი 19-დან 22 წლამდე მონაკვეთში მერყეობს და შეკითხვაზე „რას აკეთებთ მუსიკის შექმნის გარდა“, მეგობრულად პასუხობენ „არაფერს“. მუსიკა, რომელსაც ქმნიან, მათი ცხოვრებაა – დღეში რეპეტიციას, მინიმუმ, 5 საათს უთმობენ.
ამ შემადგენლობით, ჯგუფი თითქმის ერთი წელია არსებობს. ერთმანეთთან მუსიკამ დაახლოვა. „თითო კონცერტზე, თითო წევრი გვემატებოდა“ – როგორც ამბობენ თვითონ.  დეკემბერში, კლუბში „ტრიუმფი“ სოლო კონცერტი ჰქონდათ. ამის გარდა,  აღნიშნავენ ისეთ პროექტებში მონაწილეობას, როგორიცაა არტ-გენი და სტუდენტური დღეები.

მათი რეპერტუარი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ  ბევრი ჟანრის სინთეზს წარმოადგენს: Funk-ი, ჯაზის ელემენტები, როკი, ფსიქოდელიური როკი, ბლიუზი და ფოლკი. ეს ყველაფერი შესრულებული კლასიკური და თავისი ხელით შექმნილი ინსტრუმენტებით.

არსებობს სხვა ჯგუფებიც, რომლებიც იყენებენ მსგავსი ტიპის ინსტრუმენტებს (მაგ., წყლის მილებისგან შექმნილი საკრავები), მაგრამ TSU ART-ი, ამ ინსტრუმენტებს სხვა ჟღერადობით და სხვა ჟანრში იყენებს.

რამდენიმე ინსტრუმენტი გაგვაცნეს კიდეც:

  • კონგა-კახონი – ის ილია ჭუმბურიძემ საკუთარი ხელით ააწყო ხის მასალისგან. მსოფლიოში ასეთი ინსტრუმენტი არსებობს. მაგრამ ილიას აწყობილი კონგა-კახონი განსხვავებულია დიზაინით და ჟღერადობით.
  • წყლის მილები 1 და წყლის მილები 2 -  ერთმანეთისგან განსხვავდება კალიბრით (ჩვენ გვქონდა საშუალება გვენახა ისინი კასტინგზე)
  • ქარი – რკინის მილი, რომელიც სათაურის შესაფერის, საინტერესო ხმას გამოსცემს.

როგორც თვითონ ამბობენ, ინსტრუმენტების შექმნა და გამოყენება, მუსიკის პროცესში „მოაფიქრდათ“, უფრო სწორად კი, „მუსიკამ მოითხოვა შესაფერისი ჟღერადობა“. მინდა საიდუმლოდ გაგანდოთ, რომ  ნახევარფინალში ახალ, კიდევ უფრო საინტერესო ინსტრუმენტებს ვნახავთ.

კასტინგზე წარმოდგენილი კომპოზიცია „კილომეტრი“, თავდაპირველად სხვა ფორმით არსებობდა. ნიჭიერისთვის TSU ART-მა ის, კასტინგის ფორმატის შესაბამისად, შეცვალა.

ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ კომპოზიციის სრული ვერსია, (გადაცემაში ის შეკვეცილი სახით გავიდა), რომელიც ჯგუფმა,  ბლოგისთვის და მისი მკითხველისთვის, შეასრულა:

ნიჭიერი, ჯგუფისთვის, ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპია. TSU ART-ი არ შექმნილა მხოლოდ შოუში გამოსასვლელად. ისინი უკრავდნენ, უკრავენ და დაუკრავენ.  საუბრის ბოლოს, ჯგუფმა მოგვცა საშუალება მოგვესმინა მათი იმ კომპოზიციისთვის, რომელსაც ნახევარფინალში შეასრულებენ. სიმღერა, რა თქმა უნდა, არ ჩაგვიწერია, უბრალოდ ინტრიგისთვის დავწერ, რომ ძალიან კარგია.

ვუსურვებთ TSU ART-ს წარმატებას როგორც შოუში, ასევე, ზოგადად, კარიერაში.

რეპეტიციისას

29 March

მეორე გადაცემა – თქვენ გაქვთ სამი “არა”

ყოველთვის მიჭირს იმის ყურება, როგორ ეუბნება ჟიური კონკურსანტებს უარს და ვნერვიულობ, როდესაც მათ რაღაც არ გამოსდით. ამ დროს ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს სცენაზე მე ვდგავარ. ამიტომ, გადავწყვიტე დავწერო მიმოხილვა შოუს იმ მონაწილეებზე, რომლებსაც ჟიურისგან საბედისწერო ”არა” ხვდათ წილად. ბოლოს და ბოლოს, ისინიც იმსახურებენ თავის წილ ყურადღებას, თუნდაც იმისთვის, რომ სცენაზე გამოსვლის გამბედაობა მოიკრიბეს.

ლევან  ფარჯიკია

 

ლევან ფარჯიკიამ ისეთი პოპულარობა მოიპოვა ინტერნეტ-სივრცეში, რომ ”ვალდებული” ვარ მიმოხილვა მისი გამოსვლით  დავიწყო. სიმღერის შესრულებაზე დიდად არ შევჩერდები : შეცდომები მართლაც ჰქონდა და ეს არაპროფესიონალი ყურისთვისაც შესამჩნევი იყო.  მის ნომერზე მეტად, ყველასთვის, მისი რეაქცია და ფრაზები გახდა დასამახსოვრებელი:

”შენიშვნას მე იმისგან მივიღებ ვინაც გამზარდა”
” სოფო: მე არ დაგიწყებთ არაფრის მტკიცებას.
ლევანი: ჯობია”
”სიტყვები რომ მოვიპარო, სად წავიღო თუ არ ვიმღერო?”

თავიდან, გულწრფელად მეგონა რომ სუმრობდა, მაგრამ მან სიტუაცია სულ უფრო და უფრო დაძაბა და საპასუხო რეაქციაც მიიღო. შეამჩნიეთ, როგორი, განსაკუთრებულად კმაყოფილი სახე ჰქონდა სოფოს, როდესაც ”არას” ამბობდა? მეც ასეთი მექნებოდა.

სოფოს კმაყოფილი "არა"

პ.ს. იმის წარმოდგენაც კი მეშინია, რა ხდება მის სახლში, როდესაც ლევანს პურზე ჩასვლას სთხოვენ.

ჯი ჯექსონი

 

არ ვიცი ჟიურიში როგორ, მაგრამ ჩემში  ჯის ნომერმა ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციები გამოიწვია.
ერთის მხრივ :

  • მაიკლ ჯექსონის თემა ძალიან გაცვეთილია
  • სათამაშო ”მაიკლების” გამო, მისი მოძრაობები არ ჩანდა სრულყოფილად, რაც საბოლოო ჯამში წამგებიანი აღმოჩნდა.

მეორეს მხრივ:

  • გამოსვლა მართლაც ორიგინალური იყო,
  • მეორე ტურში ხშირად ხვდებიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული ნიჭით არ გამოირჩევიან, სამაგიეროდ ”პატრიოტები” არიან ან უბრალოდ ”კარგი ადამიანები”. რა დააშავა ასეთ შემთხვევაში ჯიმ?

საბოლოო ჯამში,  როდესაც ჟიურის პასუხის დრო მოვიდა, ძალიან მინდოდა, რომ მისთვისაც მიეცათ შანსი, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა.

ინგა საღინაძე

 

ინგას გამოსვლისას, გამახსენდა ფრაზა ძველი ანეკდოტიდან:  ”Петь не надо, ты только ходи”.  სავარაუდოდ, ამასვე ფიქრობდნენ დარბაზში მყოფი მამაკაცები. მათი სახის გამომეტყველების მიხედვით, ადვილი მისახვედრი იყო, რომ სულ არ ადარდებდათ, ინგა იმღერებდა, იცეკვებდა თუ თავის დაწერილ ჰაიკუს წაიკითხავდა. ალბათ სჯობდა კიდეც, ინგას, სიმღერის ნაცვლად, მხატვრულ სიარულში მოემზადებინა ნომერი.

მამაკაცების რეაქცია ინგას გამოსვლაზე

ავთო ციცქიშვილი

 

აქ დასაწერი ბევრი არაფერია. ჩემი მოკრძალებული აზრით, ნომერი არ იყო სწორად შერჩეული. ნიჭიერის სცენაზე წარსადგენი შოუ, უნდა გახდეს ეფექტური დაწყებიდან რამდენიმე წამში. რაც უფრო დიდხანს რჩება ის ჩვეულებრივად , მით ნაკლებია კონკურსანტის შანსი, მიიღოს დადებითი შეფასება. დიდი იმედი მაქვს, ავთო კიდევ ცდის ბედს მომავალში, უფრო სანახაობრივი გამოსვლით.

ნინო ჭიღლაძე

 

ნერვიულობა, დაუმუშავებელი ხმა და ცუდად შერჩეული სიმღერა. შეამჩნიეთ პუბლიკის რეაქცია სიმღერის პირველივე აკორდებზე? თუ გინდა იყო პოპულარული, რეპერტუარიც უფრო ”მოსაწონი” უნდა შეარჩიო. სამწუხარო რეალობა ასეთია.

ჩორნა და მისი მეგობრები

 

”რა არის იცით, მეგობრებო? მე მგონია, რომ ქართული რეპი, მაინც ითხოვს შველას” – ვანო

მეორე გადაცემაში აშკარად გამოჩნდა რომ რეპი, მხოლოდ ტექსტის რითმული კითხვა არ არის. ამ სტილში ბევრმა სცადა ბედი, თუმცა მათი საერთო შეფასება ადვილად გამოიხატება ერთი სურათით:

ის იყო, ქართული რეპის ბედით შეწუხებულმა, ვანომ სოფოს რეპერტუარის შეცვლაზე დაუწყო ლაპარაკი, რომ  ქართული რეპის ახალი იმედიც გამოჩნდა. თუმცა, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.

ამჯერად, სულ ეს იყო. ძალიან დიდი ინტერესით ველოდები ახალ გადაცემას, თავისი გმირებითა და მარგალიტებით. საინტერესოა, რა სიახლეებს მოგვიტანს შემდეგი ორშაბათი?

3 April

ინტერნეტნიჭიერი – მეოთხე ტური

ხვალ “ნიჭიერის” შემდეგ გადაცემას ველოდებით ახალი გმირებითურთ, მანამდე კი მთელი კვირის მანძილზე “ინტერნეტნიჭიერით” ვერთობით, იმიტომ, რომ კვირაში მხოლოდ ერთხელ ნიჭიერი (და ზოგჯერ არც ისე) ხალხის აღმოჩენა საკმარისი არ არის და მეტი გვინდა.  :)

ამჟამად ინტერნეტნიჭიერის მეოთხე ტური მიმდინარეობს. ამ ტურში 25 მონაწილე იბრძვის სუპერფინალში სამი ადგილისათვის. ხმის მიცემა სამშაბათს ღამე შეწყდება, ამიტომ თქვენს ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს. მოუსმინეთ, უყურეთ და შეაფასეთ ის ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს თავიანთი ნიჭი ჩვენს სამსჯავროზე გამოეტანათ, სუპერფინალისტების ვინაობას სწორედ თქვენი ხმები წყვეტენ.

ინტერნეტნიჭიერის ამ ტურში რამდენიმე ძალიან საინტერესო მონაწილეა, რომელთა მსგავსიც ჯერ “ნიჭიერშიც” არ ყოფილა. ჩემი ფავორიტი ამ ეტაპზე 14 წლის ლაშა დოლიძეა. მის ვიდეოს ნიჭის აღწერაში “fingerboard” უწერია, სანამ ჩავრთავდი, ვერ მივხვდი, საერთოდ რა სახის “სპორტი” იყო ეს. თუმცა რომ დავიწყე ყურება, აღვფრთოვანდი:

ძალიან მომწონს ასევე ნინ დიასამიძის სპორტული აკრობატიკა, დიდი იმედი მაქვს, რომ მათ “ნიჭიერის” მომდევნო სეზონზე უკვე ტელეეკრანზე ვიხილავთ.

წინა, მესამე ტურის პირველი ადგილის მფლობელი ყველასთვის კარგად ნაცნობი გუგა ჭყონია გახდა. ვისაც გაინტერესებთ, თუ რამდენად გაიზარდა და დაიხვეწა გუგა შარშანდელი “ნიჭიერის” შემდეგ, შეგიძლიათ იხილოთ მისი საკონკურსო ვიდეო:

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტნიჭიერში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. საჭიროა მხოლოდ თქვენი ნიჭის ამსახველი ვიდეოს ჩაწერა და მისი ატვირთვა nichieri.bog.ge-ზე (წესები იხილეთ აქ), დანარჩენზე უკვე თქვენი ტალანტის დამფასებლები იზრუნებენ. სუპერფინალის პირველი სამი ადგილის მფლობელი საქართველოს ბანკისგან დაუვიწყარ პრიზებს იღებს – 1-კვირიან დასვენებას ბოდრუმში, ბათუმის შერატონსა და ყვარლის ტბაზე. სული მიკაწკაწებს, ისე მინდა დასვენება ამ სამიდან ნებისმიერში, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვიცი ვიდეოზე როგორ ავსახო ჩემი ნიჭი – კომპიუტერთან მჯდომი და კლავიატურაზე მოწკაპუნე გოგო ვერაფრით გავა “ნიჭიერი ბლოგერის” კატეგორიაში :))

6 March

“ნიჭიერი” და ბლოგერები

“ნიჭიერის” შეთავაზება ბლოგერებს

შეიძლება იცოდეთ, რომ შარშანდელი “ნიჭიერის” განხილვას ბლოგზე სამი ბლოგერი წერდა. წელს გადავწყვიტეთ, რომ ყველას მივცეთ “ნიჭიერის” ბლოგერობის შანსი მთელი პროექტის მსვლელობისას.

თუ თქვენ გაქვთ ბლოგი, რომელსაც მეტნაკლებად სისტემატურად ანახლებთ და გსურთ, “ნიჭიერის” ბლოგზე თქვენ მიერ დაწერილი პოსტი მოხვდეს, გამოგზავნეთ გამოქვეყნებული პოსტის ლინკი იმეილზე nichieri@dodka.ge. [ორშაბათს გასული გადაცემის review პოსტი უნდა გამოგზავნოთ ოთხშაბათის ჩათვლით. ერთმა ბლოგერმა შეიძლება ყოველკვირა მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ გვიყვარს ქებაც და კონსტრუქციული კრიტიკაც :) ].

მიღებულ პოსტებს გადავხედავთ, ავირჩევთ ერთს ან რამდენიმეს და თქვენი პოსტი ხუთშაბათის “სტუმარი ბლოგერის” რუბრიკაში მოხვდება.

რა ბენეფიტი მოაქვს ამ თანამშრომლობას ბლოგერისთვის?

  • “ნიჭიერის” ბლოგზე, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი ვიზიტორი ჰყავს, დაიდება თქვენი პოსტი, გაილინკება თქვენი ბლოგი მოკლე აღწერითურთ და ბევრ ახალ მკითხველს შეიძენთ,
  • მიიღებთ ჰონორარს გამოქვეყნებული პოსტისთვის,
  • აქტიური ბლოგერები შეძლებენ დაესწრონ “ნიჭიერის” ნახევარფინალებსა და ფინალებს.

წარმატებებსა და ბედნიერ ბლოგინგს გისურვებთ ნიჭიერი პოსტებითა და მკითხველებითურთ ;)

21 April

The One Man Show!

Landish, ბლოგერი landish.ge-დან.

“ნიჭიერის” მეხუთე ნახევარფინალიც დასრულდა, თანაც საკმაოდ საინტერესო შედეგებით. მემგონი თავიდანვე არ არსებობდა ორი აზრი იმის შესახებ, რომ ეს ათეული ყველაზე ძლიერი იყო, მითუმეტეს, რომ ამაში თვითონაც დავრწმუნდით.

მართალია ჩემი დამოკიდებულება მომღერლების მიმართ არ შეცვლილა, თუმცა მარიამ ფაჩულიას ფინალში გადასვლას ჩემზე უარყოფითად არ უმოქმედია, როგორც ეს თავის დროზე სხვა მონაწილეების გამო მოხდა.

როგორც სხვა ათეულებში, აქაც ყავდა ხალხსაც და ჟიურისაც თავისი ფავორიტები და ფინალში გადასასვლელად ღირსეულად შერჩეული კანდიდატები. ვერ ვიტყვი, რომ მარიამი ამ ორიდან ერთ-ერთი იყო, თუმცა როგორც ჩანს ხალხისთვის ის ერთიც აღმოჩნდა და მეორეც.

რაღა დავმალო და მეგონა, მეგონა კი არადა, დარწმუნებული ვიყავი, იმაში რომ ხმების რაოდენობით “მოზაიკა” გადავიდოდა ფინალში და ჟიური დავით რობაქიძის გადაყვანით დაასრულებდა ფინალისტების შერჩევას.

ჩემს აზრზე არაერთი პიროვნება იმყოფებოდა. სწორედ ამ პიროვნებებს გაუჩნდათ ერთგვარი პროტესტი და უკმაყოფილების გრძნობა არსებული შედეგებით.

ამან კიდევ ერთხელ გვაჩვენა და დაგვიმტკიცა, რომ იმ აზრზე ყოფნა, რომ ესა თუ ის მონაწილე რა საყვარელია და “ეს ხომ ისედაც გადასულია ფინალში” არ არის საკმარისი, რადგან სწორედ ამ დროს ხდება ასეთი მოულოდნელი ფაქტები, როდესაც “ხალხის არჩევანი” არ ემთხვევა ხალხის არჩევანს (გავიხსენოთ ნახევარფინალი ლევან შავაძის მონაწილეობით).

როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, დარწმუნებული იმაშიც ვიყავი, რომ ჟიური ილუზიონისტს, დავით რობაქიძეს გადაიყვანდა ნახევაფინალში. ამაში მაიას სიტყვებმაც კი არ შემაპარეს ეჭვი: “ფინალში გადასვლა არ გინდა?”, როდესაც საქმე  გეგას 50 ლარიანის განადგურებასთან მივიდა.

აქვე ბევრს გაუჩნდებოდა შეკითხვა, თუ რატომ გადაიყვანა ჟიურიმ რობაქიძე და არა ის, ვინც მათ უნდოდათ? : ) ამაზე ჩემეული პასუხი გამაჩნია:

რადგან დათო ერთადერთი მონაწილე იყო იმ ასეული კონკურსანტებიდან, რომელმაც თავის პროფესიაში იმხელა იუმორი ჩააქსოვა, რომ ხალხის და ჟიურის გამხიარულება მთელი ნომრის მანძილზე შეძლო. აღარაფერს ვამბობ უშუალოდ ფოკუსებზე, რომლებმაც მთელ დარბაზს გაკვირვებისგან პირი დააღებინა.

ეს ფოტო ფეისბუქიდან მოვიპარე :D

დათო, ერთი კაცი, რომელიც ბენდისა და ჯგუფის გარეშე, ბანქოთი, უბრალო ნივთებითა და კარგი იუმორით დგამს ისეთ შოუს, რომელსაც თავისუფლად შეიძლება დაარქვა  - “The One Man Show”.

მოკლედ, იმის გამო, რომ ადამიანის გემოვნება ერთმანეთისგან განსხვავდება, განსხვავდება “ნიჭიერში” არსებული მონაწილეების გულშემატკივრების რაოდენობაც.

ზოგი პატარა გოგონას ხმით აღფრთოვანდება, ზოგი აკრობატების ნახვით, ზოგს აზიური ცეკვა იზიდავს, ზოგსაც სტრიპტიზი (მემგონი პოსტი არ გამიმაზავს, სადაც სტრიპტიზი არ ვახსენე :D), ზოგსაც გული სენტიმენტალურ ცეკვაზე აუჩუყდება და ზოგიც უბრალოდ ილუზიით არის მოხიბლული.

სწორედ ეს მონაწილეები და მათი გულშემატკივრები ქმნიან იმას, რასაც ყოველ ორშაბათს “რუსთავი 2″-ის ეთერში ვხედავთ. იმის გამო რომ ხალხს შოუს ნახვა სურს, ირჩევს იმას, ვისაც შოუს გაკეთება ეხერხება. ასეთი 12 შოუმენი მოგროვდა ფინალში, რომელთაც ეს საქმე საკმაოდ კარგად გამოსდით (აქვე, ფინალში ვერმოხვედრილტა გულშემატკივრებისთვის – არ ვამბობ იმას, რომ ვინც ვერ მოხვდა ფინალში, ცუდად გამოსდით).

ფინალამდე 12 დღე რჩება, სადაც 12 ფინალისტიდან მხოლოდ 1 მიიღებს წლის ნიჭიერის სტატუსს და მთავარ პრიზს, ასე რომ ნუ იქნებით იმ აზრზე, რომ რომელიმე კონკურსანტი უდაო გამარჯვებულია და თქვენი ხმა აღარაფერს გადაწყვეტს. სწორედ ამ იდეოლოგიის გამო შეიქმნა “გაუთვალისწინებელი ფაქტორები”, რაც თქვენი ფავორიტის შემდეგ ტურში ვერ გადაყვანით დასრულდა.

ვიმედოვნებ ამჯერად ხალხი გამარჯვებულს არა მისი “სისაყვარლით” აირჩევს, არამედ რეალურად შეაფასებს მის გამოსვლას და დააფასებს მის ნიჭს, რის გამოც იგი ფინალში მოხვდა.

24 March

ცეცხლი აინთო, ლაივი დაიწყო!

Landish, ბლოგერი landish.ge-დან!

ალბათ ამ დღეს ყველანი დიდხანს ველოდით, როდესაც “ნიჭიერის” მონაწილეებს “რუსთავი 2″-ის პირდაპირ ეთერში ვიხილავდით. და აი, ორშაბათიც მოვიდა, სცენაზე “ცეცხლიც აინთო” და ლაივიც დაიწყო.

“ცეცხლოვანი შოუ” არაერთმა მონაწილემ შემოგვთავაზა. ამას დამატებით ეფექტი უნდა შეექმნა მაყურებლისთვის. პირველი, ვინც სცენაზე “კოცონი დაანთო”, ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ჯგუფი Next Level-ია, რომელმაც ამ გამოსვლის შემდეგ აზრი მათ მიმართ დადებითად შემიცვალა.

Next Level-ის "ტრანსფორმერი"

მათი “ტრანსფორმერი” პირველ ეტაპში არსებულ “მოტოციკლს” ნამდვილად სჯობდა. მეტი მომზადება და შოუს ელემენტების ჩართვა დაეტყო ნომერს, რაც მთლიანობაში საინტერესო სანახავი გახდა (ეს უკანასკნელი ფრაზა რაღაც გეგასავით გამომივიდა). მაგიდის იდეა კი საკმაოდ ორიგინალური იყო, რომელიც სამწუხაროდ არ გამოუვიდათ.

მათი გამოსვლით ფრიად კმაყოფილი დავრჩი, ახლა მოუთმენლად ველი მათი კონკურენტი ჯგუფის, New Style-ის გამოსვლას, თუ რას შემოგვთავაზებენ ისინი და შეძლებენ თუ არა ისინი ფინალში გადასვლას.

თავი არ დაიწვა” – სწორედ ეს გავიფიქრე, როდესაც კორნელი მაისაშვილმა ცეცხლმოკიდებული ჯოხების თავის სხეულზე გადატეხვა გადაწყვიტა. რა არ სცადა ბატონმა კორნელიმ, “თავიც კი გასწირა”, თუმცა არასაკმარისად, რათა ფინალში გადასულიყო.

ვერკა და გიოს ცეცხლოვანი ცეკვა

ვერკას და გიოს საცეკვაო ნომერმაც არანაკლებად ააგიზგიზა ჩვენში დანთებული ცეცხლი. შოუს ელემენტები არც ამ ნომერს აკლდა,  თუმცა ეს მაყურებელთა უმეტესმა ნაწილმა ვერ შენიშნა და სწორედ ამიტომ გამოეთიშნენ ისინი ასპარეზს. ვნახოთ რას იზამენ მისი კონკურენტი წყვილები და როგორ საცეკვაო შოუს დაგვიდგამენ.

ცეცხლი ირაკლი ძამუკაშვილსაც ენთო გულში, თუმცა მან თავისი სიმღერით ვერც გეგას და ვერც ნიკას გული ვერ მოიგო. მისი დანაპირები შეუსრულებელი დარჩა, თუმცა შესაძლოა იგი ამაზე არ გაჩერდეს, რადგან მისი სიმღერა, ხომ ყველასთვის უკვე ცნობილია, სიტყვები “ღიმილი მაჩუქე” ყველას პირზე აკერია და ვინ იცის, ეგებ ერთ დღესაც ირაკლი თავისი სათვალით და თეთრი შარვლით დიდ სცენაზე ვიხილოთ?

მოწონების გარდა პირველ ნახევარფინალში იმედგაცრუებაც იყო. ერთადერთი ნომერი, რომლითაც უკმაყოფილო დავრჩი, იყო ავთო გოგეშვილის გამოსვლა, რომელიც დროში საკმაოდ “გაიწელა”. ფოკუსის იდეა ხალხის გაოცება და მათ გაკვირვებულ სახეზე ღიმილის მოგვრაა, თუმცა ნომერმა, რომელიც ამდენ ხანს გრძელდება, შესაძლოა ღიმილის ნაცვლად უინტერესობის გრძნობა გაგიჩინოს.

ავთოს "გაწელილი" ნომერი

ავთომ ბევრი სცადა, რათა ფინალში გადასულიყო, ამისთვის ლამის “კვერცხიც შეგვიწვა ცეცხლით აგიზგიზებულ სცენაზე” და რამდენიმე ფოკუსის ჩვენთვის სწავლებაც არ დაიშურა, თუმცა ეს ყველაფერი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რათა სხვა მონაწილეებისთვის ეჯობნა.

ახლა იმედებს შოუს დაწყებიდან მოყოლებული დღემდე სხვა ილუზიონისტზე, დავით რობაქიძეზე ვამყარებ, რომლის გამოსვლაც კასტინგზე არანაკლებ შთამბეჭდავი იყო და, იმედი მაქვს, ირაკლისგან განსხვავებით იგი თავის დანაპირებს აგვისრულებს და “უფრო საინტერესო ნომრებს ნახევარფინალში გვიჩვენებს”.

აღარაფერს ვამბობ გულნაზი გოლეთიანზე, მემგონი საქართველოში არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ამ ქალის ნამღერი არ მოსწონებოდა და არ აღფრთოვანებულიყო მისი ნიჭით. ერთი და იგივეზე საუბრით თავი რომ არ მოგაბეზროთ, მეც უბრალოდ აღვფრთოვანდები მისით და ჩუმად ვიჯდები ბლოგის მეორე მხარეს : ).

გულნაზით და სხვა მონაწილეებითაც ხალხი აღფრთოვანებული რჩება, მაგრამ რამ აღაშფოთა Little Hills-ის ერთ-ერთი მონაწილე გოგონა, ეს ჩემთვის დღემდე გაურკვეველია. :D

მოკლედ, პირველი ლაივ გადაცემა დასრულდა, წინ მეორე ნახევარფინალი გველის, რომლამდეც 5 დღე რჩება, ასე რომ უგულშემატკივრეთ თქვენს ფავორიტებს და მიეცით ხმა! ყველას გისურვებთ წარმატებებს და საინტერესო შოუს ხილვას :).

17 March

ვერდიქტი გამოტანილია!

Landish, ბლოგერი landish.ge-დან.

“ნიჭიერის” შესარჩევი ტურის დასკვნითი გადაცემის დასრულების შემდეგ გავიგეთ თუ ვინ გადავიდა ნახევარფინალში და ვის ვიხილავთ “რუსთავი 2″-ის პირდაპირ ეთერში.

ზოგი აქებს ჟიურის გადაწყვეტილებას, ზოგი უკმაყოფილოა, ზოგისთვის მთელი ცხოვრებაა ამაზე დამოკიდებული და ზოგმაც თვითონ განაცხადა უარი. “ყველას ვერ გადაიყვანდნენ”, ამიტომაც “საყვარლობა და ისტორია არ შეაფასეს” და მხოლოდ ნიჭის დაფასებას შეუდგნენ. ყოველ შემთხვევაში ახლა რაც არ უნდა ვთქვათ, “ვერდიქტი გამოტანილია”, შემდეგ ტურში ამ 50 პიროვნებას ვიხილავთ. მათ მრავალფეროვანი ნახევარფინალი სურდა და მიიღეს კიდეც.

ახლა იმაზე საუბარს, თუ ვინ და რატომ გადაიყვანეს შემდეგ ტურში და ვინ ჩატოვეს, სჯობს ის გავაკეთო, რაც ქართველებს ყველაზე კარგად გამოგვდის – “ვიმკითხაო”, თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ესა და ეს პიროვნება გადავიდოდა ან ჩარჩებოდა პირველივე ტურში.

ფოტო, რომელიც სრულიად შეუსაბამოა, მაგრამ თვალს მოსწონს : )

ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ კი გულნაზი გოლეთიანით დავიწყებ. ეს ქალბატონი ნახევარფინალში რომ არ გადაეყვანათ, მთელი საქართველო “აღშფოთდებოდა”, ხოლო სიუზან ბოილი კი მხარდასამჭერ აქციას გამართავდა სახელწოდებით – “ბიოლებს გვიტყაპუნებენ!”.

ლევან შავაძის (რომელიც რატომღაც გულნაზის ქმრადაც კი შერაცხეს :D) არ გადაყვანის შემთხვევაში, გოგი დოლიძის ფანები შეიკრიბებოდნენ და ბატონ ლევანს ღირსების ორდენს გადასცემდნენ, თან დაამშვიდებდნენ, “მთავარია ჩვენ გვჯერა შენიო”.

გაჩნდა შეკითხვა, თუ “რა საჭიროა 2 ჯექსონი?”, რაც ჟიურის გადაწყვეტილებას, კერძოდ კი ჯიმი ებიტაშვილის და ჯგუფ “მოიზაიკის” ნახევარფინალში გადაყვანას მოჰყვა.

ის, რომ “მოზაიკა” კარგად მოძრაობს ეგ ყველამ ვნახეთ, ის რომ ჯიმი მაიკლს მაგრად ჰგავს, ეგეც დავინახეთ. მაგრამ რა მოხდებოდა, იმ შემთხვევაში, თუ კი მას მეორე ტურში არ გადაიყვანდნენ?

რა და, სადაც ახლა არ უნდა იყოს ჯექსონი (სამოთხესა თუ ჯოჯოხეთში), თავის თანამოაზრეებს მოისვამდა გვერდით და ღრმა დისკუსიას გამართავდა თემაზე “სულ არ იციან ამათმა მკვდრის პატივისცემა”.

იმ შემთხვევაში თუ, თამარ კურდღელია დარჩებოდა პირველ ტურში თავისი ინდური ცეკვით, ალბათ გეგას, მაიას და ნიკას სახლში “Best of the Indian Movies DVD” დისკს გაუგზავნიდა და შიმშილობას გამოაცხადებდა, მანამ სანამ სამივე მათგანი ზედმიწევნით არ ისწავლიდა თითეული ცეკვის ილეთს.

გივი მაღრაძის და მისი გუნდის წევრების ნახევარფინალში არ გადასვლა ყველაზე მეტად ჟულიენ შერს გაუხარდებოდა, რადგან იამაკასის მესამე სერიისთვის დუბლიორებს ეძებს და სწორედ მათ დაადგა თვალი, თუმცა ახლა მას ცოტა ლოდინი მოუწევს, მანამ სანამ ისინი პროექტში იქნებიან.

ესეც სრულიად შეუსაბამო ფოტო : )

მხოლოდ პირველ ტურში რომ ჩარჩენილიყო ანა ხანჩალიანი, საქართველოს ოპოზიცია ბრიფინგს გამართავდა სახელწოდებით “როგორ ვებრძოლოთ ეროვნული ჩაგვრის საკითხს?”

ჯგუფ “იავნანას” არ გადაყვანის შემთხვევაში ნიკა გეგაზე და მაიაზე გაიბუტებოდა, “რა იყოთ, ერთი ვერ გამისწორეთ? :(“-ო.

კორნელი მაისაშვილს კი მხოლოდ ერთი შეკითხვა გაუჩნდებოდა: “ხისთავიანი ვარ და მეტი რა მექნა?”.

და ალბათ გაინტერესებთ, თუ რა მოხდებოდა, ნინო ჯავახიშვილის შემთხვევაშიც? ამ შემთხვევაში “მმკ” სამადლობელ წერილს გააგზავნიდა რუსთავი 2-ის ოფისში შინაარსით: “დიდი მადლობა, რომ გონს მოეგეთ და აღარ ყრვნით ჩვენს თაობებს! “:D

მოკლედ სულ ეს იყო, იმედი მაქვს კონკურსანტებმა და მათთმა გულშემატკივრებმა ეს ყოველივე გულთან ახლოს არ მიიტანეს, რადგან ზემოხსნებული კონტენტი მხოლოდ ხუმრობის მიზნით იქნა შექმნილი და არ ითვალისწინებდა ვინმეს შეურაცხყოფას! პატივისცემით, თქევნი მონა-მორჩილი ლანდიშა : )

და თქვენ რას ფიქრობთ? რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ კი თქვენი ფავორიტი ვერ გადავიდოდა ნახევარფინალში, ან ვერ გადავიდა და რა მოხდებოდა, თუ კი გადავიდოდა? მოდით, “ვიმკითხაოთ” :)

11 March

ტრივია №4 – კითხვები

1. სად სწავლობდა ცეკვას ელენე ჩიხლაძე? (დაასახელეთ 5 ადგილი)

2. მაყვალა კარტოზიას საყვარელი მომღერლები

3. ვინ იყო საკინა ბენკლიანის “ნიჭიერში” მონაწილეობის წინააღმდეგი?

4. დაასახელეთ “ნიჭიერის” ორი მონაწილე – ორივეს უყვარდა ლალი, ორივე მიატოვა ლალიმ, ორივემ საკუთარი ნომერი ლალის მიუძღვნა.

5. სად ცხოვრობენ გიროს (პეტრე ჩილინგარაშვილის) შვილები და შვილიშვილები?

6. რა არის გენადი ბაბუნაშვილის ფსევდონიმი?

7. რომელი ქვეყნიდან ჩამოვიდა ჯიმი ჯექსონი (ებიტაშვილი) “ნიჭიერში” მონაწილეობის მისაღებად?

8. რა “ჩაიდვა” პირში მარიამ გუჯაბიძემ?

9. ვინ არიან პროექტის “მიხო და მარო”?

10. რა სიმღერა შეასრულა გივი გველესიანმა?

დამხმარე ლინკები:

”ნიჭიერის” არხი myvideo-ზე

კითხვებზე პასუხები უნდა გამოგზავნოთ მეილზე admin@nichieri.ge. მეილში პასუხებთან ერთად აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

კინოკლუბ ”კაშეს” მოსაწვევებს მიიღებს პირველი 10 ადამიანი, რომელიც სწორ პასუხს გასცემს ათივე შეკითხვას.


სწორი პასუხები დაიდება ხვალ, პარასკევს. ხოლო გამარჯვებულები გამოცხადდებიან შაბათს.
შენიშვნა: პროექტის მონაწილეებისათვის ამ კონკურსში მონაწილეობა არ შეიძლება.
11 March

ინტერნეტ-ნიჭიერი – რჩება 4 დღე.

ინტერნეტ-ნიჭიერის გამარჯვებულის გამოვლენამდე სულ რაღაც 4 დღე რჩება – შეგახსენებთ, რომ კონკურსი 15 მარტამდე მიმდინარეობს და თქვენ წყვეტთ, თუ ვინ გახდება საპრიზო ადგილების მფლობელი.

შეაფასეთ თითოეული მონაწილე, უთხარით მათ “კი” ან “არა”! ხმის მიცემა შეგიძლიათ 24 საათში ერთხელ.

დააწკაპუნეთ და გახდით ინტერნეტ-ნიჭიერის ჟიური!

8 March

მეექვსე გადაცემის მონაწილეები

”ნიჭიერის” მეექვსე გადაცემაში, 8 მარტს თქვენ გაიცანით შემდეგი კონკურსანტები:

ვის გულშემატკივრობთ თქვენ? : )

8 March

რამდენიმე წუთში – ნიჭიერი!

სულ რამდენიმე წუთში ”ნიჭიერი” იწყება რუსთავი2-ზე!

მოიმარაგეთ სასუსნაოები, ყავა, ჩაი და კარგი ხასიათი – წინ საინტერესო ერთი საათი გველის.

ვუყუროთ ერთად და ვუგულშემატკივროთ ნიჭიერ ადამიანებს!

6 March

ინტერნეტ-ნიჭიერი

შეგახსენებთ, რომ ჩვენს ბლოგზე მიმდინარეობს კონკურსი – ინტერნეტ-ნიჭიერი. თქვენ გეძლევათ საშუალება თავად იყოთ ჟიური და ყოველი მონაწილე შეაფასოთ – ვიდეოს ხილვის შემდეგ უთხრათ მას ”კი” ან ”არა”.

გამოვლინდება სამი გამარჯვებული. პირველ ადგილზე გასული საჩუქრად მიიღებს Ipod Nano-ს, მეორე ადგილზე გასული – ვებკამერას, ხოლო მესამე ადგილი – USB მეხსიერებას.

არ დაგავიწყდეთ, რომ ხმის მიცემა შეგიძლიათ ყოველ 24 საათში ერთხელ. ყოველდღე შეამოწმეთ ინტერნეტ-ნიჭიერის ხმის მიცემის გვერდი და უგულშემატკივრეთ საკუთარ ფავორიტებს!