პოსტები ტეგით „ნინო ჯავახიშვილი“

14 April

დეჟა ვიუ


Landish, ბლოგერი landish.ge-დან

არ ვიცი რატომ, მაგრამ გასული გადაცემის ნახვის შემდეგ დეჟა ვიუს გრძნობა დამეუფლა.

განმარტება: დეჟა ვიუ ფრანგული სიტყვაა და ერთი და იგივეს განმეორებას ნიშნავს.

მსგავსი მუსიკა, მსგავსი ცეკვები და მსგავსი ნომრები მეოთხე ნახევარფინალში არაერთი იყო. შოუს მონაწილეებს პლაგიატიზმის სუნი ასდიოდათ. თუმცა, მოდით ყველას ერთ ქვაბში ნუ მოვხარშავთ და ვეცადოთ “ამის” წარმომშობი მიზეზის პოვნა.

“დასავლეთელმა მოცეკვავეებმა” ჯგუფში დამატებით აიყვანეს რამდენიმე წევრი, თუ არასრული შემადგენლობით იყვნენ პირველ ტურში წარდგენილნი, ვერ გამირკვევია, თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ სამნი ბევრად უკეთესები იყვნენ, ვიდრე შვიდნი!

"დასავლეთელი მოცეკვავეები"

მუსიკალური და საცეკვაო მიქსი მთლად “შერწყმული” არ გამოუვიდათ. ნომრის ყურებისას და მუსიკის მოსმენისას გიჩნდებოდა ერთი შეკითხვა, ეს ხომ სადღაცას მინახავს, ეს ხომ სადღაცას მომისმენია და სწორედ ამის გამო დამეუფლა ზემოხსნებული გრძნობაც.

კი მაგრამ რატომ? რატომ არის აუცილებელი რომ საცეკვაო ნომერში აუცილებლად უნდა იყოს ჯექსონის რომელიმე ელემენტი? ნუთუ ასე ახდენს გავლენას იგი მაყურებელზე? ალბათ კი, თუმცა ეს West Side Dancer-ებმა ნამდვილად ვერ მოახერხეს.

გავლენა ვერც ხაშურიდან ვიგრძენი. ვასილ ხაჩიძეს ნომერიც უკვე ნაცნობ ელემენტებს შეიცავდა, რომელიც პირველ ტურში ჯერ კიდევ “გირომ” გვიჩვენა. თავზე ბლოკის გადამტვრევის ნახვის შემდეგ ბოთლის გადამსხვრევა იმხელა ეფექტს ვეღარ მოახდენს, როგორც თმიდან ჩარჩენილი შუშის ნამსხვრევების ამოღება.

ვასილ ხაჩიძე

ისმის კითხვა, რატომ? ადამიანი, რომელმაც 70 ნომერი აქვს, რატომ გვიჩვენებს იმას, რომელიც აქამდე უკვე ვიხილეთ სხვისი შესრულებით და მაყურებელმა ეს ნომრები აიტაცა? ნუთუ სჯეროდა რომ უკეთ გამოუვიდოდა, ვიდრე წინამორბედს? ნუთუ ვერ წარმოედგინა მას, რომ ახლის ჩვენება უფრო საინტერესო იქნებოდა საზოგადოებისთვის?

ნინო, ნინო, ნინო! ადამიანი, რომლის გამოსვლასაც საზოგადოება მოუთმენლად ელოდა. სტრიპტიზიორი, რომელმაც თავისი გამბედაობით (და არა მხოლოდ) მთელი ქვეყანა აალაპარაკა და ნახევარფინალში გასვლის შემდეგ უმეტესობას მეტად რიტორიკული შეკითხვა დაჰბადა: “მეორე ტურში რაღა უნდა გაიხადოს?”.

ნინო ჯავახიშვილი

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის წარმოუდგენელი იყო სიმფონიურ მეტალზე სტრიპტიზის ცეკვის ნახვა, ეს ნომერი თავისი შესრულების სირთულით საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

თურმე სტრიპტიზი მხოლოდ გახდა არ ყოფილა. თურმე სტრიპტიზსაც ნიჭი სჭირდებოდა. თურმე სტრიპტიზით მხოლო კაცები არ იხიბლებიან. თურმე …

მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ნინო ნამდვილად იმსახურებდა მეორე ტურში გადასვლას, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ფინალში გადასვლაზე. თუმცა მეოთხე ნახევარფინალი იმით გამოირჩეოდა, რომ ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო ხალხმაც და ჟიურიმაც, რადგან ფინალში ხომ ამ ათეულიდან ყველაზე ღირსეული მონაწილეები გადავიდნენ.

ავთო ნაცარაშვილი, ადამიანი გიტარა, თავმდაბალი პროფესიონალი, რომელიც გიტარას საკუთარ თავზე უკეთ იცნობს, თავისი ნომრით ნამდვილად იმსახურებდა ფინალში მოხვედრას.

ავთო ნაცარაშვილი მოცეკვავეებთან ერთად

მისი ნომრით პირველ ტურში იმდენად არ/ვერ მოვიხიბლე და ვერ იმოქმედა ჩემზე, როგორც მისმა ისტორიამ. თუმცა ნახევარფინალის ნომრის ნახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ამ ადამიანში გიტარაზე დაკვრის ნიჭის გარდა კიდევ არის რაღაც.

ქართული ცეკვის შერწყმა ელექტრო გიტარასთან, იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა, რომ მისი გამოსვლა კრიტიკას ნამდვილად არ ექვემდებარება. ავთოს გამოსვლა იმ ერთ-ერთთაგანი იყო, რომლის დროსაც უნდა დამშვიდდე და სიამოვნება მიიღო მისი მოსმენით.

ანა ხანჩალიანი

სიამოვნების მიღება ანა ხანჩალიანის სიმღერის მოსმენითაც შეიძლება. იგი ერთადერთი მონაწილეა სასიმღერო ნომრით, რომელზეც გული არ მწყდება და პირიქით, მიხარია კიდეც, რომ იგი ფინალში გადავიდა და თუ პროექტს ვინმე მომღერალი მოიგებს, ნამდვილად მინდა რომ ეს ანა იყოს :).

სწორედ ამ ორი ადამიანის ნომრის ნახვის შემდეგ მომინდა, რომ მათთვის კიდევ ერთხელ მომესმინა ფინალში. ხალხისა და ჟიურის გადაწყვეტილებით სასიამოვნოდ გაკვირვებული და კმაყოფილი ვარ. წინ მეხუთე ნახევარფინალი გველოდება, რომელიც წინამორბედებთან შედარებით ყველაზე გამორჩეული იქნება გამორჩეული ნომრებით. მიმაჩნია რომ ეს ათეული ყველაზე “ძლიერი” იქნება არსებულს შორის და გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული გახდება.

გარდა ამისა 2 დამატებითი ადგილიც გაჩნდა ფინალში, სადაც იმ მონაწილეებს ექნებათ მოხვედრის შანსი, რომლებსაც ნაკლებად გაუმართლათ. ვიმედოვნებ რომ ეს ორი მონაწილე არასასიმღერო და არასაცეკვაო ნომრით წარსდგება ჩვენს წინაშე : )

პ.ს. განზრახ არ ვსაუბრობ წამყვანების ჩაცმულობაზე, განსაკუთრებით თიკასაზე, ამ ბლოკს ბექას ვუტოვებ ხვალისთვის :D.

18 March

რაღაცნაირი გადაცემა, ანუ, ვერაფერი “არაფერზე”

ბექა, a.k.a მჩხაპნელი ბლოგიდან Doin.ge

ჩემში ეჭვს იწვევს – ღირს თუ არა ტირილი იმის გამო, რაც სულერთია ახლა აღარ იქნებოდა. ნეტა ვინ მოიგონა? – რომ არ მომკვდარიყო, ან, არ მოეკლათ, ლეიტენანტი კი არა, ახლა გენერალი იქნებოდაო. არადა, რომ არ მოეკლათ, იქნებ ის ლეიტენანტობაც ჩამოერთმიათ. ვინ იცის? – ნოდარ დუმბაძე

რამდენიმე “რომ არ” ამ შემთხვევაშიც დაგროვდა…
“დემეტრე ვარდოშვილს “მტრის ენაზე რომ არ ელაპარაკა”, ალბათ, გაანახევარფინალებდნენ. ზოგიერთებს კი მაიასეული “ისტერიული ისტორიები” რომ არ მოეყოლათ – პირიქითო” – მავანნი ამბობდნენ.

სტრიპტიზის მოცეკვავის წინააღმდეგ ჩამცხრალი უკმაყოფილების ტალღა,  ჟიურის გადაწყვეტილების შედეგად, უკვე ცუნამად გადაიქცა და ჩვენს სისპეტაკეს წალეკვითაც დაემუქრა. თუმცა, ისიც თქვეს, რომ არ გადაეყვანათ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი (ანუ, ისინი ვინც, მისი გამოსვლით გამოწვეულ სიხარულს ხმამაღლა არ გამოხატავდა) ინტერესს დაკარგავდაო.

სხვა მხრივ, მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ”არაფერზე” წერა კი, როგორც აღმოვაჩინე, საკმაოდ რთული გამოდგა.
ამის გამო, სულ მოდულირებულ პოსტს რომ ვქმნიდე, მაინც ვერ ვიტყვი, რომ  ”ნიჭიერის” შემაჯამებელი გადაცემა, როგორც წესი,  წინამორბედებზე ბევრად უკეთესი აღმოჩნდა – მეთქი. გადაცემის ნახევარი მთქნარების გამო გამოვტოვე, მეორე ნახევრის მანძილზე კი, ერთადერთი საინტერესო ის იყო, რომ “საინტერესო არაფერი ხდებოდა”. შეფასებებიც, რომლებზეც გადაცემის დინამიურობა იყო დამოკიდებული, “ვაიმე, საყვარლები”-ს, “ნამდვილად კარგია”-სა და “არ მომწონს”-ს დიდი მანძილით არ გაშორებია. თუმცა, შედარებით უკეთესი გამოდგა დასკვნითი წუთები, როდესაც მონაწილეებს “საიდუმლო სერობისას” მიღებული გადაწყვეტილებები გაუმხილეს.

გადაცემის მიმდინარეობისას კი რატომღაც მხოლოდ ის ნომრები აჩვენეს თავიდან ბოლომდეამ ორს შუა – უკვე თითქმის ყელთან რომ არის გაჩერებული. ვიდეოები – რომელიც ყველას ნანახი აქვს, ყველამ დეტალურად იცის და რომლებზეც ყველა აღნიშნავს, რომ “მარიამ კახელიშვილს საოცარი ხმა აქვს” და “გულნაზ გოლეთიანი პირდაპირ დამბურძგლავია”. მოკლედ, აბსტრაქტული “ყველამ ყველაფერი იცის” – სწორედ ამ შემთხვევაზეა ნათქვამი.

იმ დროს კი, როდესაც ჩვენ ამ ნომრებს უკვე მებევრამდენიღაცაჯერ ვუყურებთ, სრულიად არაფერი იყო ნაჩვენები კონკურსანტებზე, რომლებიც ნახევარფინალში გადავიდნენ ისე, რომ მათი გამოსვლა არავის უნახავს. მართალია, ეს ვიდეოები უკვე ყველასათვის კურსორმისაწვდომია, მაგრამ თვითონ გადაცემა უფრო საინტერესო იქნებოდა, ახლების ნაცვლად იგივე ნომრები რომ არ ყოფილიყო.

ამასთანავე, კაცის ბჭობაზე ღმერთის დამოკიდებულება შემაჯამებელ გადაცემაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

მანამდე: ხალხი იცინოდა ირაკლი ძამუკაშვილზე, მისი სიმღერის ტექსტზე, იკეთებდა შავ სათვალეს და იცვამდა თეთრ შარვალს, ნიკას ტაშს უკრავდა, მაიასა და გეგას გემოვნებას კი ვაგზლის ბაზარში აჟღერებული მუსიკის ჭრილში განიხილავდა. მოკლედ, როგორც ქართველ ერს სჩვევია ხოლმე, ქმნიდა პერსონაჟს, რათა შემდეგ მისთვის დაეცინა და ფიქრობდა, რომ ნახევარფინალებში გადასასვლელად ”უიღბლო შეყვარებულს” ოქროს თევზის დაჭერაც კი ვერ დაეხმარებოდა.

შემდეგ: ალბათ, უკვე ირაკლი ძამუკაშვილმა გაიცინა ხალხზე… და დაიქადნა, რომ მისი სიმღერით ნიკაც კი გაოცებული დარჩება. თუმცა, მისი გაოცება, რომ რთული საქმე არ არის, ეს უკვე ყველასათვის ადვილი შესამჩნევია.

საერთოდ, ჟიურის სამივე წევრი გაოცებას განსხვავებულად გამოხატავს: მაია – ტუჩების საშუალებით “WOW”-ს ხაზავს, გეგა მხოლოდ წარბის ოდნავი აწევა-შეთამაშებით კმაყოფილდება, ნიკა კი კბილებს ერთმანეთს გარკვეული მანძილით აშორებს.  ამის გამო, სასურველი იქნება, რომ ირაკლი ძამუკაშვილის მიერ ”მუქარის შესრულების” პროცესში, ნიკას გარშემო, რაც შეიძლება ნაკლები მწერი დაფრინავდეს. რა იცით, რა ხდება…

ისე კი “ღიმილი მაჩუქე კარგო”-ს გასაოცარი შესრულება ნამდვილად ძნელი წარმოსადგენია (გამომსვლელიც ფრენას თუ არ დაიწყებს, ან, სათვალის გაკეთებისას მართლა არ გაქრება). სამაგიეროდ, ფართო არჩევანი აქვს კორნელი მაისაშვილს, რომელმაც უკვე ისეთი “იმიჯი” შეიქმნა, რომ მის გატეხვას, ისევ თავის გატეხვა უნდა ერჩივნოს. ამის გამო, სავარაუდოდ, მისი თავიც განწირულია თავგანწირულობისათვის.

ნინო ჯავახიშვილის გამოსვლის ფორმატიც მეტად საინტერესოა. ოპტიმალური ვარიანტი, ალბათ, ერთი არხის მაფიოზური გადაცემის ხერხი და იდუმალი ხმით ნათქვამი სიტყვებია -  “პატივცემულო მაყურებლებო, ოჯახში სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით, გთხოვთ თქვენს შვილებსა და ქმრებს თვალები დაახუჭინოთ…”

“მე არ ვფიქრობ მომავალზე, ის ისედაც მალე მოდის” – ამბობდა აინშტაინი, ამიტომ უფრო საფუძვლიანი და სიტყვაუხვი საუბარი ნახევარფინალებამდე გადავდოთ

პ.ს: ისე, ძველბლოგერული ანდაზაა “პოსტი გადაცემასთან რომ დააბა, ან სტილს იცვლის, ან, ზომასო” და მგონი, ამ შემთხვევაში ხალხურმა სიბრძნემ ჭეშმარიტება იზეიმა…

3 March

სტრიპტიზსაც ხომ ნიჭი უნდა?

Landish, ბლოგერი landish.ge-დან

გაზაფხულმაც კარზე მოგვიკაკუნა. მის მოსვლას კი “ნიჭიერის” მეხუთე გადაცემის დასასრულიც მოჰყვა. წინა ეპიზოდების მსგავსად ესეც არაერთი საინტერესო ნომრით იყო გამორჩეული და თავი არაერთმა კონკურსანტმა დაგვამახსოვრა.

გადაცემა მუსიკოსებმა გახსნეს; ჯერ ის იყო, “ადამიანი ორკესტრი”, იგივე “კაცი სავარცხელი”, იმ ინსტრუმენტზე უკრავდა, რომელსაც “აწყობა არ სჭირდება”, შემდეგ კი გიტარისტების ნამდვილი ბუმი მოეწყო სცენაზე.

ზოგისთვის რეპეტიციის გავლა ზედმეტი იყო, ზოგისთვის კი 3 საათიც არ კმაროდა. მაგრამ ‘ლ’იუბიწე’ლ’ კოკა ყაველაშვილს თავისი ნომრის შესრულებისთვის “პაძერჟკა” არ აწყენდა. ოთარ რამიშვილის “ხელი” მას ნამდვილად “დაეტყო”, თუმცა ჟიურის გადაწყვეტილებით – არასაკმარისად.

კოკა ყავლაშვილი და ოთარ რამიშვილი. იპოვეთ 10 განსხვავება

მუსიკა ხმაურისგან იმით განსხვავდება, რომ მისი მოსმენა სასიამოვნოა, მაგრამ თუ კორნელი მაისაშვილის გამოსვლას დავუკვირდებით, მის სხეულზე კრამიტისა და აგურების მსხვრევის ხმასაც ერთგვარი სიამოვნება მოაქვს. :მაზოხისტი:

ნომერი, რომლის შესრულებაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, მისი სახლში განმეორება არ სცადოთ, არც კულისებში!

სახიფათო ნომერი!

“ხისთავიანების” თემა, რომ დავასრულოთ, უდაოდ “ცხვირთავიანების” თემაზე ჩამოდგება საუბარი. ჯემალ ებიტაშვილი, იგივე ჯიმი ჯექსონი, თავისი “ორიგინალისგან” დიდად არაფრით განსხვავდება, თუმცა ცეკვაში ცოტას “მოიკოჭლებს”.ალბათ მაშინ “დაკოჭლდა”, როდესაც ბელგიიდან ჩამოსვლა “ნიჭიერში” მონაწილეობის მისაღებად გადაწყვიტა.

ჯიმი და ჯექსონი. იპოვეთ 1 განსხვავება მაინც

მისი ცეკვით პუბლიკა და მათ შორის მეც, ისე არ აღვფრთოვანებულვართ, როგორც მისი გარეგნობით. არაერთს გაუცრუვდა იმედი მის გამოსვლაზე, ყველანი “მეტის” მოლოდინში ვიყავით, მაგრამ ალბათ ასე მხოლოდ იმიტომ ვფიქრობთ, რომ მანამდე “მოზაიკას” ცეკვა გვაქვს ნანახი.

ბელგიიდან ჩამოსვლის რა მოგახსენოთ, მაგრამ არც ბათუმელებს დავვიწყებივართ. ჯგუფი “პლატინა” თავის სახელს ნამდვილად ამართლებს. “ცეცხლოვანი შოუს” სინქრონიულმა მოძრობამ მაყურებელი ნამდვილად არ დატოვა გულგრილი, მათ ჩემი სიმპათიაც დაიმსახურეს, თუმცა გამოსვლისას თავში ერთი აზრი მიტრიალებდა – “თავი არ დაიწვან”.

“ცეცხლმოკიდებულ” ოპერის სცენაზე შემდეგ არაერთმა კონკურსანტმა სცადა ცეკვა-სიმღერა, ზოგს “მუხლებზე ტრიალი არ აცადეს” და “სპეციალურად შეძენილი სამუხლეები” არ დაუფასეს, ზოგი “მაიას გულიზა” მოდის პროექტში, მაგრამ მეორე ტურში ვერ გადის, თუმცა მთავარი ხომ ეს არ არის, მთავარი ისაა, რომ “მაიას გული გაუთბა”, ზოგი რასიზმის მიმდევარია თუ ზანგების დამცველი, თვითონაც ვერ გაურკვევია და შოუში ამის გასარკვევად მოდის.

გაურკვეველია კვლავინდებურად ფოკუსნიკ, ავთო გოგეშვილის ტრიუკები კარტთან, ჯაჭვთან და მიკროფონთან დაკავშირებით, რომელიც სხვათაშორის ეს უკანასკნელი რუსთავი 2-ის კუთვნილება “იყო” :D.

ავთო გოგეშვილი - ხელების ამობრუნების სცენა (-მდე და შემდეგ)

ავთო გოგეშვილი - ჯაჭვის სცენა (-მდე და შემდეგ)

მოკლედ მიკროფონი “ფაფუ”, მეორე ტურში კი სხვა ნივთების გაქრობის მოლოდინში ვართ, ოღონდ ამჯერად (გამქრალი ნივთების) დაბრუნების პერსპექტივით.

გაქრობას რაც შეეხება, “ტანსაცმლის გაქრობის სპეციალისტი” უდაოდ ნინო ჯავახიშვილია, დღის მთავარი გმირი, რომლის გამოსვლასაც მაყურებელთა უმეტესი ნაწილი მოუთმენლად ელოდა. გაზაფხულის დადგომა ყველაზე მეტად ამ მონაწილემ იგრძნო, ალბათ სწორედ ამიტომაც გაიხადა “არცგასახადი” სამოსი.

აქვე მცირე ინფორმაცია: ნინო, 21 წლის, “ძივას” მოცეკვავე. ნომერს არ იძლევა, სხვა რამეს – არ ვიცი :D

მისი გამოსვლით დარბაზი 2 ნაწილად გაიყო, ერთი მხარე მის მეორე ტურში გადაყვანას დაჟინებით მოითხოვდა, მეორე მხარე კი იმავე დაჟინებით პირველ ტურშივე ჩატოვებას. ალბათ გეყოფათ გონება გამჭრიახობა და მიხვდებით რომელ მხარეს რა უნდოდა :D.

ნინოს ცეკვით არა მხოლოდ ჟიური და მაყურებლები დარჩნენ გაოცებულნი, არამედ კულისებშიც “ისეთები ხდებოდა”, რო …

წამყვანების რეაქციები ცალკე თემად იქცა, განსაკუთრებით ვანოს “გამგელება” (მგლად გადაქცევა :D), რომელიც ჩემთვის ამ პერსონაჟის ასოციაციას იწვევს.

ჯიმ ქერი - ფილმი "ნიღაბი" (მგლის სცენა)

კარგია ის, რაც კარგად მთავრდება. სტრიპტიზიც ნიჭიერში ასე თუ ისე კარგად დამთავრდა, უმეტესობას კითხვა გაუჩნდა, თუ “რაღა უნდა გაიხადოს მეორე ტურში”, მე კი ამაზე მეტად ის უფრო მაღელვებს, დააწინაურებენ თუ არა ნინოს “ძივაში” :D

გაზაფხულის პირველი გადაცემა ამით დასრულდა, წინ ბოლო შესარჩევი ეტაპი გველის, რომლის შემდეგაც დაიწყება ნახევარ-ფინალები, რაც შესაბამისად უფრო საინტერესო სანახაობას გვპირდება. მე კი მიმოხილვის სახით პოსტს აუცილებლად დავურთავ იმას, თუ რა ვისწავლეთ ამ გადაცემიდან.

“ნიჭიერის” მეხუთე გადაცემიდან შევიტყვეთ, რომ ყველაზე მსუბუქი დასაკრავი ინსტრუმენტი სავარცხელია, ხელ-ფეხის ქნევა ცეკვა არ არის, პირის გაღება კი – სიმღერა, გავიგეთ, რომ იმისთვის რათა კარგი მუსიკა და სიმღერა დავწეროთ, არც უცხო ენის ცოდნაა საჭირო და არც მუსიკალური განათლების მიღებაა აუცილებელი.

ასევე დავრწმუნდით იმაში, რომ კარგი მუსიკის და სიმღერის მოსმენა რესტორნებში უფროა შესაძლებელი, ვიდრე ქართულ მუსიკალურ ტელე-რადიო არხებზე. და ბოლოს, რაც მთავარია, დავრწმუნდით იმაში, რომ სტრიპტიზსაც ნიჭი სჭირდება (:D).

2 March

პირველი მარტი, მეხუთე გადაცემა

თინი, ბლოგერი tiny.ge-დან
პირველი მარტის გადაცემა არა მარტო საინტერესო იყო, ცოტა სკანდალურიც გამოვიდა. საერთო ჯამში, ის იმედები გამართლდა, რასაც გვეუბნებოდნენ- ყოველი შემდეგი გადაცემა, წინაზე უკეთესი იქნებაო!
ე.წ. „no ბლოკი”- სავარცხელზე ვირტუოზულად დამკვრელით დაიწყო… უნდა გაგიმხილოთ – მაგ დონეზე მეც ვუკრავ სავარცხელზე :D თუმცა, მე ერთჯერადი პარკის მაგივრად ქაღალდს ვიყენებ ხოლმე. აი, სცადეთ – ქაღალდს უფრო კარგი ჟღერადობა აქვს! :))
“გიტარისტების სერია”  კი ოთარ რამიშვილის მოსწავლემ, მეტსახელად “მარტოხელა კაცმა” გახსნა.  გიტარით, ჩემოდნით, რომელზეც ფეხი უნდა დაედგა და სიმღერით “ყველანი ვართ პატარები” გამოვიდა სცენაზე. თუმცა, მასწავლებლის “ხელდატყობილი” მოსწავლე ჟიურის არ მოეწონა ისევე, როგორც იმპროვიზირებული ბლუზის შემსრულებელი გიორგი ლუკიანოვი..
გადაცემის დანარჩენი “არა”-იანებიც გავიხსენოთ: მოცეკვავე ვერიკო, რომელსაც მუხლებზე დახტომა არ აცალეს, სათუთად მოცეკვავე ია ჯაჯანიშვილი , ორი წარუმატებელი break dancer-ი და წითლებში გამოწყობილი აღმოსავლური ცეკვების სპეციალისტი..
ცალკე თემაა  მომღერლები. მათგან განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბიჭი, რომელიც “მაიას გულიზა მოვიდა”
და რეპერი, რომლის სიმღერის ტექსტიც თავიდან ვერ მოვისმინე კარგად და მერე გავშიფრე:
“რეპერ კაცებზე ბევრი რამ ითქმის. თურმე ბრეიქი სიცოცლეს იმკის. არასწორია, ეს აზრი მეფობს, რადგან ბრეიქი სიცოცხლეს გვიქმნის. როდესაც ზანგი გამოჩნდა ამ ქვეყნად, თეთრებმა ზიზღი, ხოცვა დუწყეს. ჯექსონმა ზანგი ფერით უარყო. ამით ეს ზიზღი ყველას უამბო..”

რომ გავშიფრე, მაშინვე ვინანე ჩემი საქციელი! :D
ამოვისუნთქოთ  ნახევარფინალში ვერ გადასული მონაწილეების გახსენების შემდეგ და გადავიდეთ გადაცემის დადებით, “yes ბლოკ”-იან მონაწილეებზე:
კორნელი მაისაშვილი, რომელიც მართლაც არ ჰგავდა მუსიკოსს, დუტას თქმის არ იყოს.. მარტო ფილმებში და მულტფილმებში თუ გვინახავს ის, რაც ამ კაცმა სცენაზე გააკეთა.
_
გამოირჩეოდა “ჯიმი ჯექსონი”, რომელიც ბელგიიდან სპეციალურად ნიჭიერისთვის ჩამოვიდა. მართლა გავოცდი ფიზიკური მსგავსების გამო ნამდვილ ჯექსონთან, ძალიან კარგი იყო. სხვათაშორის, ნახევარფინალისთვის ის უკვე ახალი, ზუსტად ჯექსონის მსგავსი ცხვირით მოგვევილენება – ოპერაცია გაიკეთა..  მსგავსება მართლა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ  დამეთანმხებით ალბათ, რომ ფიზიკური მსგავსება რომ არა, ცეკვით ნამდვილად ვერ მოხიბლავდა იმ ჟიურის და იმ მაყურებელს, რომელსაც ილია მამაგულაშვილის ცეკვა აქვს ნანახი… ამიტომ, ” ჯექსონის დარგში” ჩემთვის ფავორიტად ილია მამაგულაშვილი რჩება :))
_
მომეწონა ბათუმელების გამოსვლა ცეცხლებითურთ :) ნახევარფინალში უკეთესი იქნება იმიტომ, რომ შესაბამისი განათებაც იქნება და სცენაც მოწყობილი… იოსებ და გიორგი ტერუნაშვილების დოლებით გამოსვლაც ძალიან კარგი იყო!
ანა პავლიაშვილმაც მოახდინა შთაბეჭდილება მაყურებელზე..

მე მინდა ვიცოდე თქვენი სახელი და გვარი.. ტელეფონის ნომერიც.. (c) ნიკა მემანიშვილი

შესავლით მიხვდებოდით, ნინო ჯავახიშვილზეა საუბარი. yes ბლოკი-დან განსაკუთრებით მინდა გავამახვილო ყურადღება მასზე.
ძაალიან გავღიზიანდი მორალისტების ლექციების კითხვისგან! “რა უნდა გააკეთოს მაგან შემდეგ ტურში, ფუფ”, “რა უნდა მაგას ნიჭიერში”, გარდა ამისა,  რა თქმა უნდა, მაშინვე  ააკრეს  სათანადო “წოდებები”, მოითხოვეს ტელეფონის ნომრები და სკაიპის id-ბი იმისთვის, რომ იდეაში ეგინებინათ, არადა, 100 %-იანი ვიცი, ვინმეს რომ ხელში მისი კოორდინატები ჩაუვარდეს, ის ვინმე წელებზე ფეხს დაიდგამს, ოღონდ როგორმე თავი მოაწონოს ამ გოგოს :)
რა უნდა შემდეგ ტურში? – აბა რა უნდათ სხვა მოცეკვავე მონაწილეებს? სტრიპტიზი ცეკვაა… და რაც უნდა ბევრი ილაპარაკოთ, მართლა ძალიან კარგად იცეკვა და ამას ვერავინ უარყოფს. თუ უარყოფს კიდევ, ეს მხოლოდ მორალისტობიდან გამომდინარე… მორალის კითხვას კიდევ, ჯობია სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას მოვეშვათ :))
გადავიდეთ ფავორიტებზე:

ავთო ნაცარაშვილი

გენიალური იყო!

ავთო გოგეშვილი

გივი შავგულიძე

ამ მოხუცის დანახვაზე, ამ  ცეკვაზე, მაშინვე სენტიმენტალურ განწყობაზე ვდგები:) ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნომერი იყო

ლევან შავაძე

რომ მორჩა სიმღერას და ხალხის რეაქცია დაინახა, დააკვირდით როგორ ამოისუნთქა? ძალიან ნერვიულობდა აშკარად და მიუხედავად ამისა, ძალიან ძალიან კარგად იმღერა!
ნახევარფინალამდე სულ ერთი გადაცემა რჩება.. შემდეგ ორშაბათს ვიხილავთ ჩიტების ენაზე მოლაპარაკე კაცს და ეგზოტიკურ ცეკვებს, რომლებსაც დიდი ხანია ველოდები! მომავალ სამშაბათამდე :)