პოსტები ტეგით „ნახევარფინალი“

14 April

დეჟა ვიუ


Landish, ბლოგერი landish.ge-დან

არ ვიცი რატომ, მაგრამ გასული გადაცემის ნახვის შემდეგ დეჟა ვიუს გრძნობა დამეუფლა.

განმარტება: დეჟა ვიუ ფრანგული სიტყვაა და ერთი და იგივეს განმეორებას ნიშნავს.

მსგავსი მუსიკა, მსგავსი ცეკვები და მსგავსი ნომრები მეოთხე ნახევარფინალში არაერთი იყო. შოუს მონაწილეებს პლაგიატიზმის სუნი ასდიოდათ. თუმცა, მოდით ყველას ერთ ქვაბში ნუ მოვხარშავთ და ვეცადოთ “ამის” წარმომშობი მიზეზის პოვნა.

“დასავლეთელმა მოცეკვავეებმა” ჯგუფში დამატებით აიყვანეს რამდენიმე წევრი, თუ არასრული შემადგენლობით იყვნენ პირველ ტურში წარდგენილნი, ვერ გამირკვევია, თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ სამნი ბევრად უკეთესები იყვნენ, ვიდრე შვიდნი!

"დასავლეთელი მოცეკვავეები"

მუსიკალური და საცეკვაო მიქსი მთლად “შერწყმული” არ გამოუვიდათ. ნომრის ყურებისას და მუსიკის მოსმენისას გიჩნდებოდა ერთი შეკითხვა, ეს ხომ სადღაცას მინახავს, ეს ხომ სადღაცას მომისმენია და სწორედ ამის გამო დამეუფლა ზემოხსნებული გრძნობაც.

კი მაგრამ რატომ? რატომ არის აუცილებელი რომ საცეკვაო ნომერში აუცილებლად უნდა იყოს ჯექსონის რომელიმე ელემენტი? ნუთუ ასე ახდენს გავლენას იგი მაყურებელზე? ალბათ კი, თუმცა ეს West Side Dancer-ებმა ნამდვილად ვერ მოახერხეს.

გავლენა ვერც ხაშურიდან ვიგრძენი. ვასილ ხაჩიძეს ნომერიც უკვე ნაცნობ ელემენტებს შეიცავდა, რომელიც პირველ ტურში ჯერ კიდევ “გირომ” გვიჩვენა. თავზე ბლოკის გადამტვრევის ნახვის შემდეგ ბოთლის გადამსხვრევა იმხელა ეფექტს ვეღარ მოახდენს, როგორც თმიდან ჩარჩენილი შუშის ნამსხვრევების ამოღება.

ვასილ ხაჩიძე

ისმის კითხვა, რატომ? ადამიანი, რომელმაც 70 ნომერი აქვს, რატომ გვიჩვენებს იმას, რომელიც აქამდე უკვე ვიხილეთ სხვისი შესრულებით და მაყურებელმა ეს ნომრები აიტაცა? ნუთუ სჯეროდა რომ უკეთ გამოუვიდოდა, ვიდრე წინამორბედს? ნუთუ ვერ წარმოედგინა მას, რომ ახლის ჩვენება უფრო საინტერესო იქნებოდა საზოგადოებისთვის?

ნინო, ნინო, ნინო! ადამიანი, რომლის გამოსვლასაც საზოგადოება მოუთმენლად ელოდა. სტრიპტიზიორი, რომელმაც თავისი გამბედაობით (და არა მხოლოდ) მთელი ქვეყანა აალაპარაკა და ნახევარფინალში გასვლის შემდეგ უმეტესობას მეტად რიტორიკული შეკითხვა დაჰბადა: “მეორე ტურში რაღა უნდა გაიხადოს?”.

ნინო ჯავახიშვილი

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის წარმოუდგენელი იყო სიმფონიურ მეტალზე სტრიპტიზის ცეკვის ნახვა, ეს ნომერი თავისი შესრულების სირთულით საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

თურმე სტრიპტიზი მხოლოდ გახდა არ ყოფილა. თურმე სტრიპტიზსაც ნიჭი სჭირდებოდა. თურმე სტრიპტიზით მხოლო კაცები არ იხიბლებიან. თურმე …

მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ნინო ნამდვილად იმსახურებდა მეორე ტურში გადასვლას, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ფინალში გადასვლაზე. თუმცა მეოთხე ნახევარფინალი იმით გამოირჩეოდა, რომ ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო ხალხმაც და ჟიურიმაც, რადგან ფინალში ხომ ამ ათეულიდან ყველაზე ღირსეული მონაწილეები გადავიდნენ.

ავთო ნაცარაშვილი, ადამიანი გიტარა, თავმდაბალი პროფესიონალი, რომელიც გიტარას საკუთარ თავზე უკეთ იცნობს, თავისი ნომრით ნამდვილად იმსახურებდა ფინალში მოხვედრას.

ავთო ნაცარაშვილი მოცეკვავეებთან ერთად

მისი ნომრით პირველ ტურში იმდენად არ/ვერ მოვიხიბლე და ვერ იმოქმედა ჩემზე, როგორც მისმა ისტორიამ. თუმცა ნახევარფინალის ნომრის ნახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ამ ადამიანში გიტარაზე დაკვრის ნიჭის გარდა კიდევ არის რაღაც.

ქართული ცეკვის შერწყმა ელექტრო გიტარასთან, იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა, რომ მისი გამოსვლა კრიტიკას ნამდვილად არ ექვემდებარება. ავთოს გამოსვლა იმ ერთ-ერთთაგანი იყო, რომლის დროსაც უნდა დამშვიდდე და სიამოვნება მიიღო მისი მოსმენით.

ანა ხანჩალიანი

სიამოვნების მიღება ანა ხანჩალიანის სიმღერის მოსმენითაც შეიძლება. იგი ერთადერთი მონაწილეა სასიმღერო ნომრით, რომელზეც გული არ მწყდება და პირიქით, მიხარია კიდეც, რომ იგი ფინალში გადავიდა და თუ პროექტს ვინმე მომღერალი მოიგებს, ნამდვილად მინდა რომ ეს ანა იყოს :).

სწორედ ამ ორი ადამიანის ნომრის ნახვის შემდეგ მომინდა, რომ მათთვის კიდევ ერთხელ მომესმინა ფინალში. ხალხისა და ჟიურის გადაწყვეტილებით სასიამოვნოდ გაკვირვებული და კმაყოფილი ვარ. წინ მეხუთე ნახევარფინალი გველოდება, რომელიც წინამორბედებთან შედარებით ყველაზე გამორჩეული იქნება გამორჩეული ნომრებით. მიმაჩნია რომ ეს ათეული ყველაზე “ძლიერი” იქნება არსებულს შორის და გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული გახდება.

გარდა ამისა 2 დამატებითი ადგილიც გაჩნდა ფინალში, სადაც იმ მონაწილეებს ექნებათ მოხვედრის შანსი, რომლებსაც ნაკლებად გაუმართლათ. ვიმედოვნებ რომ ეს ორი მონაწილე არასასიმღერო და არასაცეკვაო ნომრით წარსდგება ჩვენს წინაშე : )

პ.ს. განზრახ არ ვსაუბრობ წამყვანების ჩაცმულობაზე, განსაკუთრებით თიკასაზე, ამ ბლოკს ბექას ვუტოვებ ხვალისთვის :D.

24 March

ცეცხლი აინთო, ლაივი დაიწყო!

Landish, ბლოგერი landish.ge-დან!

ალბათ ამ დღეს ყველანი დიდხანს ველოდით, როდესაც “ნიჭიერის” მონაწილეებს “რუსთავი 2″-ის პირდაპირ ეთერში ვიხილავდით. და აი, ორშაბათიც მოვიდა, სცენაზე “ცეცხლიც აინთო” და ლაივიც დაიწყო.

“ცეცხლოვანი შოუ” არაერთმა მონაწილემ შემოგვთავაზა. ამას დამატებით ეფექტი უნდა შეექმნა მაყურებლისთვის. პირველი, ვინც სცენაზე “კოცონი დაანთო”, ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ჯგუფი Next Level-ია, რომელმაც ამ გამოსვლის შემდეგ აზრი მათ მიმართ დადებითად შემიცვალა.

Next Level-ის "ტრანსფორმერი"

მათი “ტრანსფორმერი” პირველ ეტაპში არსებულ “მოტოციკლს” ნამდვილად სჯობდა. მეტი მომზადება და შოუს ელემენტების ჩართვა დაეტყო ნომერს, რაც მთლიანობაში საინტერესო სანახავი გახდა (ეს უკანასკნელი ფრაზა რაღაც გეგასავით გამომივიდა). მაგიდის იდეა კი საკმაოდ ორიგინალური იყო, რომელიც სამწუხაროდ არ გამოუვიდათ.

მათი გამოსვლით ფრიად კმაყოფილი დავრჩი, ახლა მოუთმენლად ველი მათი კონკურენტი ჯგუფის, New Style-ის გამოსვლას, თუ რას შემოგვთავაზებენ ისინი და შეძლებენ თუ არა ისინი ფინალში გადასვლას.

თავი არ დაიწვა” – სწორედ ეს გავიფიქრე, როდესაც კორნელი მაისაშვილმა ცეცხლმოკიდებული ჯოხების თავის სხეულზე გადატეხვა გადაწყვიტა. რა არ სცადა ბატონმა კორნელიმ, “თავიც კი გასწირა”, თუმცა არასაკმარისად, რათა ფინალში გადასულიყო.

ვერკა და გიოს ცეცხლოვანი ცეკვა

ვერკას და გიოს საცეკვაო ნომერმაც არანაკლებად ააგიზგიზა ჩვენში დანთებული ცეცხლი. შოუს ელემენტები არც ამ ნომერს აკლდა,  თუმცა ეს მაყურებელთა უმეტესმა ნაწილმა ვერ შენიშნა და სწორედ ამიტომ გამოეთიშნენ ისინი ასპარეზს. ვნახოთ რას იზამენ მისი კონკურენტი წყვილები და როგორ საცეკვაო შოუს დაგვიდგამენ.

ცეცხლი ირაკლი ძამუკაშვილსაც ენთო გულში, თუმცა მან თავისი სიმღერით ვერც გეგას და ვერც ნიკას გული ვერ მოიგო. მისი დანაპირები შეუსრულებელი დარჩა, თუმცა შესაძლოა იგი ამაზე არ გაჩერდეს, რადგან მისი სიმღერა, ხომ ყველასთვის უკვე ცნობილია, სიტყვები “ღიმილი მაჩუქე” ყველას პირზე აკერია და ვინ იცის, ეგებ ერთ დღესაც ირაკლი თავისი სათვალით და თეთრი შარვლით დიდ სცენაზე ვიხილოთ?

მოწონების გარდა პირველ ნახევარფინალში იმედგაცრუებაც იყო. ერთადერთი ნომერი, რომლითაც უკმაყოფილო დავრჩი, იყო ავთო გოგეშვილის გამოსვლა, რომელიც დროში საკმაოდ “გაიწელა”. ფოკუსის იდეა ხალხის გაოცება და მათ გაკვირვებულ სახეზე ღიმილის მოგვრაა, თუმცა ნომერმა, რომელიც ამდენ ხანს გრძელდება, შესაძლოა ღიმილის ნაცვლად უინტერესობის გრძნობა გაგიჩინოს.

ავთოს "გაწელილი" ნომერი

ავთომ ბევრი სცადა, რათა ფინალში გადასულიყო, ამისთვის ლამის “კვერცხიც შეგვიწვა ცეცხლით აგიზგიზებულ სცენაზე” და რამდენიმე ფოკუსის ჩვენთვის სწავლებაც არ დაიშურა, თუმცა ეს ყველაფერი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რათა სხვა მონაწილეებისთვის ეჯობნა.

ახლა იმედებს შოუს დაწყებიდან მოყოლებული დღემდე სხვა ილუზიონისტზე, დავით რობაქიძეზე ვამყარებ, რომლის გამოსვლაც კასტინგზე არანაკლებ შთამბეჭდავი იყო და, იმედი მაქვს, ირაკლისგან განსხვავებით იგი თავის დანაპირებს აგვისრულებს და “უფრო საინტერესო ნომრებს ნახევარფინალში გვიჩვენებს”.

აღარაფერს ვამბობ გულნაზი გოლეთიანზე, მემგონი საქართველოში არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ამ ქალის ნამღერი არ მოსწონებოდა და არ აღფრთოვანებულიყო მისი ნიჭით. ერთი და იგივეზე საუბრით თავი რომ არ მოგაბეზროთ, მეც უბრალოდ აღვფრთოვანდები მისით და ჩუმად ვიჯდები ბლოგის მეორე მხარეს : ).

გულნაზით და სხვა მონაწილეებითაც ხალხი აღფრთოვანებული რჩება, მაგრამ რამ აღაშფოთა Little Hills-ის ერთ-ერთი მონაწილე გოგონა, ეს ჩემთვის დღემდე გაურკვეველია. :D

მოკლედ, პირველი ლაივ გადაცემა დასრულდა, წინ მეორე ნახევარფინალი გველის, რომლამდეც 5 დღე რჩება, ასე რომ უგულშემატკივრეთ თქვენს ფავორიტებს და მიეცით ხმა! ყველას გისურვებთ წარმატებებს და საინტერესო შოუს ხილვას :).

17 March

ვერდიქტი გამოტანილია!

Landish, ბლოგერი landish.ge-დან.

“ნიჭიერის” შესარჩევი ტურის დასკვნითი გადაცემის დასრულების შემდეგ გავიგეთ თუ ვინ გადავიდა ნახევარფინალში და ვის ვიხილავთ “რუსთავი 2″-ის პირდაპირ ეთერში.

ზოგი აქებს ჟიურის გადაწყვეტილებას, ზოგი უკმაყოფილოა, ზოგისთვის მთელი ცხოვრებაა ამაზე დამოკიდებული და ზოგმაც თვითონ განაცხადა უარი. “ყველას ვერ გადაიყვანდნენ”, ამიტომაც “საყვარლობა და ისტორია არ შეაფასეს” და მხოლოდ ნიჭის დაფასებას შეუდგნენ. ყოველ შემთხვევაში ახლა რაც არ უნდა ვთქვათ, “ვერდიქტი გამოტანილია”, შემდეგ ტურში ამ 50 პიროვნებას ვიხილავთ. მათ მრავალფეროვანი ნახევარფინალი სურდა და მიიღეს კიდეც.

ახლა იმაზე საუბარს, თუ ვინ და რატომ გადაიყვანეს შემდეგ ტურში და ვინ ჩატოვეს, სჯობს ის გავაკეთო, რაც ქართველებს ყველაზე კარგად გამოგვდის – “ვიმკითხაო”, თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ესა და ეს პიროვნება გადავიდოდა ან ჩარჩებოდა პირველივე ტურში.

ფოტო, რომელიც სრულიად შეუსაბამოა, მაგრამ თვალს მოსწონს : )

ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ კი გულნაზი გოლეთიანით დავიწყებ. ეს ქალბატონი ნახევარფინალში რომ არ გადაეყვანათ, მთელი საქართველო “აღშფოთდებოდა”, ხოლო სიუზან ბოილი კი მხარდასამჭერ აქციას გამართავდა სახელწოდებით – “ბიოლებს გვიტყაპუნებენ!”.

ლევან შავაძის (რომელიც რატომღაც გულნაზის ქმრადაც კი შერაცხეს :D) არ გადაყვანის შემთხვევაში, გოგი დოლიძის ფანები შეიკრიბებოდნენ და ბატონ ლევანს ღირსების ორდენს გადასცემდნენ, თან დაამშვიდებდნენ, “მთავარია ჩვენ გვჯერა შენიო”.

გაჩნდა შეკითხვა, თუ “რა საჭიროა 2 ჯექსონი?”, რაც ჟიურის გადაწყვეტილებას, კერძოდ კი ჯიმი ებიტაშვილის და ჯგუფ “მოიზაიკის” ნახევარფინალში გადაყვანას მოჰყვა.

ის, რომ “მოზაიკა” კარგად მოძრაობს ეგ ყველამ ვნახეთ, ის რომ ჯიმი მაიკლს მაგრად ჰგავს, ეგეც დავინახეთ. მაგრამ რა მოხდებოდა, იმ შემთხვევაში, თუ კი მას მეორე ტურში არ გადაიყვანდნენ?

რა და, სადაც ახლა არ უნდა იყოს ჯექსონი (სამოთხესა თუ ჯოჯოხეთში), თავის თანამოაზრეებს მოისვამდა გვერდით და ღრმა დისკუსიას გამართავდა თემაზე “სულ არ იციან ამათმა მკვდრის პატივისცემა”.

იმ შემთხვევაში თუ, თამარ კურდღელია დარჩებოდა პირველ ტურში თავისი ინდური ცეკვით, ალბათ გეგას, მაიას და ნიკას სახლში “Best of the Indian Movies DVD” დისკს გაუგზავნიდა და შიმშილობას გამოაცხადებდა, მანამ სანამ სამივე მათგანი ზედმიწევნით არ ისწავლიდა თითეული ცეკვის ილეთს.

გივი მაღრაძის და მისი გუნდის წევრების ნახევარფინალში არ გადასვლა ყველაზე მეტად ჟულიენ შერს გაუხარდებოდა, რადგან იამაკასის მესამე სერიისთვის დუბლიორებს ეძებს და სწორედ მათ დაადგა თვალი, თუმცა ახლა მას ცოტა ლოდინი მოუწევს, მანამ სანამ ისინი პროექტში იქნებიან.

ესეც სრულიად შეუსაბამო ფოტო : )

მხოლოდ პირველ ტურში რომ ჩარჩენილიყო ანა ხანჩალიანი, საქართველოს ოპოზიცია ბრიფინგს გამართავდა სახელწოდებით “როგორ ვებრძოლოთ ეროვნული ჩაგვრის საკითხს?”

ჯგუფ “იავნანას” არ გადაყვანის შემთხვევაში ნიკა გეგაზე და მაიაზე გაიბუტებოდა, “რა იყოთ, ერთი ვერ გამისწორეთ? :(“-ო.

კორნელი მაისაშვილს კი მხოლოდ ერთი შეკითხვა გაუჩნდებოდა: “ხისთავიანი ვარ და მეტი რა მექნა?”.

და ალბათ გაინტერესებთ, თუ რა მოხდებოდა, ნინო ჯავახიშვილის შემთხვევაშიც? ამ შემთხვევაში “მმკ” სამადლობელ წერილს გააგზავნიდა რუსთავი 2-ის ოფისში შინაარსით: “დიდი მადლობა, რომ გონს მოეგეთ და აღარ ყრვნით ჩვენს თაობებს! “:D

მოკლედ სულ ეს იყო, იმედი მაქვს კონკურსანტებმა და მათთმა გულშემატკივრებმა ეს ყოველივე გულთან ახლოს არ მიიტანეს, რადგან ზემოხსნებული კონტენტი მხოლოდ ხუმრობის მიზნით იქნა შექმნილი და არ ითვალისწინებდა ვინმეს შეურაცხყოფას! პატივისცემით, თქევნი მონა-მორჩილი ლანდიშა : )

და თქვენ რას ფიქრობთ? რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ კი თქვენი ფავორიტი ვერ გადავიდოდა ნახევარფინალში, ან ვერ გადავიდა და რა მოხდებოდა, თუ კი გადავიდოდა? მოდით, “ვიმკითხაოთ” :)