“ნიჭიერია” თუ “ჯეოსტარი”?
Landish, ბლოგერი landish.ge-დან!
სწორედ ეს კითხვა დამებადა და ეჭვი შემეპარა იმაში, თუ რომელი გადაცემის ლაივზე ვიმყოფებოდი ამ ორშაბათს. ასეთი უკმაყოფილო ამ შოუთი მე ჯერ არ ვყოფილვარ. თუმცა, მანამ ჩემს უკმაყოფილების გრძნობას გამოვხატავდე, მინდა იმ კონკურსანტების შესახებ ვთქვა ორიოდე სიტყვა, რომლებიც ჩემი აზრით არანაკლებ იმსახურებდნენ ფინალში გადასვლას და მეტიც …
პირველი, რა თქმა უნდა, ნინო ქუთათელაძეა, მოცეკვავე გოგონა, რომელმაც მეორე ნახევარფინალური შოუ გახსნა და თავი ორიგინალური ცეკვის გარდა ერთი პატარა დეტალითაც დაგვამახსოვრა.

ბევრი მიიჩნევდა, რომ მისი ცეკვა ჯგუფთან ერთად უფრო ეფექტური იქნებოდა, თუმცა ისინი შეცდნენ. სცენაზე მარტო დგომამ ხელი შეუწყო ნინოს სწრაფად ცეკვაში, რის გამოც ოპერატორებს მისი კადრში მოხვედრა ძალიან გაუჭირდათ.
ასეთი მოქნილობა მოცეკვავეებში დიდი ხანია არ მინახავს და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ნინო თავისი საქმის ექსპერტია და საქართველოში, ამ სტილის საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი უძლიერესი მოცეკვავეა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა ნინომ ვერ შეძლო ფინალში გადასვლა, თუმცა ეგ არაფერი, “რუსთავი 2″-ს მან მცირე ზარალიც მიაყენა გატეხილი სცენის სახით :D.
ჯიმი ჯექსონზე ბევრი არაფრის თქმა შემიძლია, ჩემს სათქმელს უბრალოდ ეს ფოტო იტყვის : )

ჯიმი - 45 გრადუსი
პ.ს. მას რომ კასტინგზე ასე ეცეკვა, არ გამიკვირდებოდა თუ რატომ გადაიყვანა ჟიურიმ იგი მეორე ტურში.
აჭარული მუსიკის ჰანგებისა და ცეკვის ილეთების თანამედროვე მუსიკისა და ცეკვის ილეთებთან შერწყმა ასე ბრწყინვალედ მხოლოდ ჯგუფ “პლატინას” თუ გამოუვიდოდა.

ჯერ კიდევ რეპეტიციაზე მქონდა მათი ნომრის ხილვის ბედნიერება და თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა – “ეს არის რაღაც”. ეს სწორედ ის “რაღაცაა”, რაც აქამდე არსად მქონდა ნანახი ან მოსმენილი. მახსოვს გეგას შეფასება მათი კასტინგზე გამოსვლის დროს – “ცოტა სინქრონი გაკლიათ”, – თუმცა ნახევარფინალის ნომერზე სინქრონის ნაკლებობაზე საუბარი ზედმეტია.
არანაკლები შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე მერაბ კირაკოზაშვილმა თავისი კბილებით. ის, რომ ეს კაცი მეორე ტურში ნამდვილ სანახაობას გვაჩვენებდა, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა, თუმცა ის, რაც სცენაზე მოხდა, ასეთსაც ნამდვილად არ მოველოდი.

კბილით მანქანის გათრევა და მაგიდის აწევა ჩემთვის უკვე ნაცნობი ნომერია, თუმცა სკამზე მჯდომი სიმპათიური გოგონას აყვანა და თავისი კბილებითვე გაშლილ სუფრასთან “მიპატიჟება” ყოველგვარი ფანტაზიის უნარს სცდება. ამ კაცს თავისი განსაკუთრებული კბილის გარდა ორიგინალური აზროვნების და შოუს კეთების უნარიც გააჩნია.
სხვა დანარჩენებზე აღარაფერს ვისაუბრებ, რადგან სიმღერა, სიმღერა და კიდევ ერთხელ სიმღერა ჩემთვის მოსაბეზრებელია : ) მიუხედავად იმისა, სად მღერის ადამიანი, რა ასაკის არის იგი, რა გამოცდილება აქ მუსიკალურ სფეროში და ა.შ. ეს ყოველი ფაქტორი ჩემზე რეაქციას არ მოახდენს თუ ერთი და იგივეობასთან გვექნება საქმე.
ის რომ მეორე ნახევარფინალის შედეგებით ყველანი გაოცებულები ვართ, ეს ახალი ამბავი არაა, განსაკუთრებით მაყურებელთა ფავორიტმა მოახდინა საზოგადოების გაკვირვება, მაშინ როდესაც უმეტესი ნაწილი პატარა მარიამის დასახელებას ელოდა და დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ იგი ფინალში გადავიდოდა. ფინალში კი გადავიდა, მაგრამ …
მასთან ერთად პირველი ადგილისთვის ისევ და ისევ მომღერალი, ლევან შავაძე იბრძოლებს, რომელიც უკვე მესამეა იმ 4 კანდიდატიდან, ვინც “წლის ნიჭიერის” სტასუსს მოიპოვებს. და აი აქ უკვე ჩემს გაოცებას საზღვარი აღარ ჰქონდა…
მაიამ უკვე შეძლო “ნიჭიერის” რაღაც ეტაპზე “გაპროფილება”, ახლა როგორც ჩანს ნიკას ჯერია და იგი თავის ორ მომხრესთან ერთად აქტიურად უძღვება ამ შოუს “გაჯეოსტარების” კამპანიას.
როგორც მახსოვს მათ “შოუ” და მრავალფეროვანი ნომრები უნდოდათ, მაგრამ საბოლოოდ სასიმღერო ნომრების გარდა ბევრი ხელთ არაფერი შერჩ(ებ)ათ.
ახლა კი მაინტერესებს ხალხის აზრი, ჟიურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და იმასთან მიმართებაში თუ როგორი იქნება ფინალი. იქნება ეს მომღერლებით სავსე, თუ იქნებიან სხვა საინტერესო მონაწილეებიც, როგორიც არის “Next Level”, ან შეიძლებოდა ყოფილიყო ჯგუფი “პლატინა” და სხვ.? იქნება ეს რეალურად “ნიჭიერი”, თუ “ჯეოსტარის” განსხვავებული ფორმატი იქნება, სადაც აქცენტი ისევ და ისევ, მომღერლებზე იქნება გაკეთებული? : )
და ბოლოს, მე, როგორც “ნიჭიერის” რიგითმა მაყურებელმა, მინდა ვიხილო საინტერესო ფინალი, საინტერესო ნომრებით, სადაც ილუზიონისტებიც შეძლებენ ჩვენს გაოცებას, ცეცხლთანაც გვექნება საქმე, კარგად დადგმულ ცეკვებთანაც და რაღა თქმა უნდა სასიამოვნო ხმის მოსმენაც შეგვეძლება, თუმცა ვატყობ ამ უკანასკნელის გარდა დიდად ვერ ვიხეირებთ : )
