პოსტები ტეგით „თინი“

2 February

პირველი შთაბეჭდილებები

თინი, ბლოგერი tiny.ge-დან

გამარჯობა, მკითხველებო, მე თინი ვარ და  ეს ჩემი პირველი პოსტია “ნიჭიერი’-ს ბლოგისთვის. ამიერიდან, ყოველ სამშაბათს  შევხვდებით ხოლმე :)

გუშინ პირველი გადაცემა გავიდა ეთერში, როგორც იქნა! სიმართლე გითხრათ, უკვე რამდენიმე დღეა, რაც ჩემთვის საათმა “ნიჭიერი”-ს მიმართულებით დაიწყო ბრუნვა. შეიძლება სწორედ ამის გამო მეგონა, რომ ყველა ჩემსავით ელოდებოდა პირველ გადაცემას  და პირველ შთაბეჭდილებებს. სხვების სახელით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ინტერნეტ სამყარო კი მართლა დღეებს, საათებს და წუთებს ითვლიდა  დაწყებამდე..

რამდენიმე საათით ადრე გაირკვა, რომ უნდა წავსულიყავი კლუბ “კაშე”-ში, სადაც   შოუს შემქმნელები, პროდიუსერები, ჟიური, წამყვანები და ა.შ. იკრიბებოდნენ, რომ იქ ეყურებინათ პირველი გადაცემისთვის.  ბევრ მათგანს უკვე ნანახი ქონდა გადაცემის საბოლოო სახე, მაგრამ ასეთ სიტუაციაში მეტი ემოცია იქნებოდა.

დაწყებამდე ყველას ეტყობოდა თან სიხარული და თან თითქოს დაძაბულობაც. ერთი სული ქონდათ როდის დაინახავდნენ პირველ კადრებს. იქამდე კი ერთად “უმკლავდებოდნენ” ლოდინს:

თიკა ფაცაცია

თიკა და ვანიკო

გეგა ფალავანდიშვილი და მაია ასათიანი

გადაცემის პირველივე კადრებს ხმაურიანი ოვაციები მოყვა- ტაში, ყვირილი, შეძახილები… კლუბის სიტუაციაში, ხალხმრავლობაში იმიტომაც იყო კარგი ყურება, უფრო გამოხატავ ემოციებს.

რადგან პირველი  იყო, მოდი ზოგადად ვიტყვი აზრს შოუს სხვადასხვა ასპექტზე პირველად შთაბეჭდილებას. ალბათ ყველას ამ ერთი გადაცემით შეგვექმნა წარმოდგენა ჟიურიზე, წამყვანებზე..

წამყვანები:

შოუს ფორმატი ისეთია, რომ წამყვანების ტექსტი, ემოციები, წინასწარ არ არის გათვლილი. იმ მომენტში ხდება ყველაფერი და მე თამამად შემიძლია ვთქვა – თიკამ და ვანიკომ ძალიან კარგად გაართვეს თავი! არიან საკმარისად ემოციურები, არც მეტი და არც ნაკლები. კარგი წამყვანური წყვილია, შეიძლება ფორმატის დამსახურებაც არის, მაგრამ ძალიან დიდი ხანია ქართულ ტელესივრცეში ასე არ მომწონებია შოუს  წამყვანები.

ერთ-ერთი კადრი გადაცემიდან

ჟიური:

ჟიურის  როლი ძალიან დიდია ამ პროექტის ყველა ანალოგში. ხშირად, მხოლოდ მათი რეაქციების სანახავად უყურებს მაყურებელი შოუს. ამ მხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად გულუხვობა გამოჩინეს გეგამ, მაიამ და ნიკამ. სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა ამრეზით ვუყურებდ ჟიურის ამ შემადგენლობას, მაგრამ გადაცემის ყურების დროს მივხვდი, რომ ყველაფერი სწორად იყო შერჩეული.  განსაკუთრებით ვხალისობდი ნიკა მემანიშვილის რეაქციაზე, როცა “ღიმილი მაჩუქე კარგო”-ს ყურების დროს გაბრაზდა და გაებუტა გეგას და მაიას – რატომ გადაიყვანეთ მეორე ტურშიო (ისე, სიმართლე გითხრათ მეც არ მომეწონა, რომ მეორე ტურში გადაიყვანეს. კი, სახალისო იყო, მაგრამ სა-მეორეტურო – ნამდვილად არა).

ჟიურის ემოციები

მონაწილეები:

აღიარეთ,  რამდენმა თქვენგანმა სცადა მუშტის პირში ჩადება მარიამ გუჯაბიძის გამოსვლის  დროს? თქვენი არ ვიცი, ესენი კი ნამდვილად გულდასმით ცდილობდნენ :

მცდელობები:)

ყველაზე დიდი ემოცია ჟიურიშიც და ჩემში პირადად, new style-მ და გულნაზი გოლეთიანმა გამოიწვიეს. რამდენჯერ ვუყურე უკვე მათ ვიდეოებს, არც კი ვიცი. უდავო ფავორიტები იყვნენ ამ გადაცემის!

განსაკუთრებული აჟიოტაჟი ინტერნეტში გულნაზი გოლეთიანმა გამოიწვია. მას უკვე “ქართველ სუზან ბოილს” ეძახიან. სუზან ბოილი ალბათ ყველამ იცით, “ნიჭიერი”-ს ბრიტანული ანალოგის, britain’s got talent-ის ერთ-ერთი მონაწილე იყო, რომელმაც თავიდან ზუსტად ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჟიურიზე, როგორიც გულნაზი გოლეთიანმა. ვერავის ვერ წარმოედგინა, რომ ეს ქალი ასეთი შესაძლებლობების მქონე იქნებოდა.  ნიკა მემანიშვილმა თქვა – მოსმენის დროს, გინდებოდა გეტირაო. მეც ძალიან ამიჩუყდა გული, მართლა საოცარი ხმა აქვს.

გულნაზი გოლეთიანი

ატირებული თიკა ფაცაცია, გულნაზის სიმღერის დროს..

განსაკუთრებული შემთხვევა:

“ნიჭიერი”-ს ოფისში რომ მივედით პირველად ბლოგერები, თვალში მომხვდა ერთ-ერთი “ჩანიშვნების დაფა”:

კოკოლი არ გადავაყლაპოთ!!!

კოკოლი არ გადავაყლაპოთ – ამ წარწერის არსს გუშინ მივხვდი :D ძალიან დავიძაბე რამაზ კუხალაშვილმა რომ აკვარიუმში ხელი ჩაყო და თევზის დაჭერა მოინდომა.  საბედნიეროდ, გეგამ გადაარჩინა საწყალი კოკოლი და არ აცადა შეჭმა..

ფავორიტი კადრი გადაცემიდან:

ინტერვიუ კოკოლისთან

თქვენი არ ვიცი და მე ერთი სული მაქვს, როდის გავა ეთერში მეორე გადაცემა, ერთი კვირა მომიწევს ლოდინი… სამაგიეროდ, იქამდე შეგვიძლია ვიდეოებს ვუყუროთ და ვიკითხოთ პოსტები ამ ბლოგზე :) მომავალ სამშაბათამდე..

29 January

“ნიჭიერის” ნიჭიერი ბლოგერები

8 იანვარს “ნიჭიერის” ბლოგზე გამოცხადდა კონკურსი ბლოგერებისთვის. 22 იანვარს კი კონკურსის სამი გამარჯვებული ამ ბლოგის თანაავტორი გახდა, უფრო გასაგებ ენაზე – ამ “ჟურნალში” საკუთარი “სვეტი” მიიღეს. “ნიჭიერის” ეთერში გასვლასთან ერთად ისინი კვირაში ერთხელ დაწერენ პოსტს ნანახი გადაცემის შესახებ. მათი პოსტები ცენზურას არ გაივლის – შეუძლიათ დაეთანხმონ ან არ დაეთანხმონ ჟიურის, უგულშემატკივრონ ან გააკრიტიკონ მონაწილეები – მოკლედ, დაწერონ ყველაფერი, რასაც ჩათვლიან საჭიროდ.

ამ პოსტში წარმოგიდგენთ სამივე ბლოგერს. გაიცანით, იკითხეთ მათი პოსტები და დაუტოვეთ კომენტარები.

1. თინი, ბლოგერი tiny.ge-დან:

თინი, 19 წლის. ერთ წელზე მეტია, რაც ბლოგერი ვარ. მიყვარს ბლოგინგი, იმაზე მეტად, ვიდრე ჩემი პროფესია- ხელოვნებათმცოდნედნეობას ვსწავლობ თსუ-ში, მესამე კურსზე ვარ :)

აუცილებელი (?) რაღაცები, რაც სასურველია იცოდეთ ჩემზე:

ვარ გულჩვილი.
მიყვარს რომანტიული ფილმები.
არასდროს ვაფასებ ჩემს ნაშრომს დადებითად.
ვუკრავ ვიოლინოზე.
მიყვარს მოხარშული კვერცხი მაიონეზით.
წერა უფრო მიყვარს, ვიდრე ლაპარაკი.
ვარ რაღაცნაირი.

“ნიჭიერის” ბლოგის თანაავტორობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ცოტა ვნერვიულობ კიდეც – მინდა კარგად გავართვა თავი. თუმცა ალბათ ნაწერი უინტერესო ვერ გამოვა, როცა თვითონ შოუა საინტერესო. მოკლედ, იმედი მაქვს ამ სამი თვის მანძილზე, ყოველთვის სიამოვნებით შემოხვალთ ამ ბლოგზე და წაიკითხავთ ყველა სიახლეს, მონაწილეების შესახებ ცნობებს, გასული გადაცემების მიმოხილვას და ა.შ.

თინის პოსტები “ნიჭიერის” შესახებ:

პირველი დღე “შიდა სამზარეულოში”

გადაღებები და TBgroup


2. Piccolina – ბლოგერი piccolina.ge-დან

piccolina, იგივე ნინო ფანიაშვილი (მაგრამ ნინოს თუ დამიძახებთ, შეიძლება არც მოვიხედო ;) ). განათლებით შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგი ვარ, მარა რად გინდა, ნაკლებად აინტერესებთ HR საქართველოში, ამიტომ დიდ დროს ბლოგს და ზოგადად ინტერნეტს ვუთმობ. ხო, ბლოგს რაც შეეხება, 4 წელზე მეტია, რაც მაქვს და ამ 4 წლის მანძილზე რა აზრებიც კი მიტიკინებდა თავში, ყველაფერი იქ წერია :)))

ბევრი თვლის, რომ ინტერნეტ-მანიაკი ვარ. შეიძლება ასეც არის, კომპიუტერს იშვიათად ვშორდები, მაგრამ სულაც არ ვთვლი, რომ ეს არაჯანსაღია.

ამ მხრივ გამიმართლა, ქმარიც ჩემნაირია. იმდენად, რომ როცა დავქორწინდით, დიიიიდი ონლაინ-ქორწილი გადავიხადეთ Facebook-ზე. მართალია, ასე საჩუქრებს არავინ გჩუქნის, სამაგიეროდ მთვრალი კაცები დილამდე არ დაბოდიალობენ ცეკვა-ღრიალის რეჟიმში :))

ინტერნეტში ძრომიალის გარდა ხატვა და ძერწვაც მეხერხება (ხანდახან). სამზარეულოში ტრიალი და ხანძრის გაჩენა ან სხვა უბედურების დატრიალება ჩემი მეორე პროფესიაა :))

პიკოლინას პოსტები “ნიჭიერის” შესახებ:

ცხელი ამბები კულისებიდან

გუგლი კითხულობს

3. ბექა – ბლოგერი doin.ge-დან

ვინაობა: ბექა ადამაშვილი
ჟამი დაბადებიდან დღემდე: 19 წელი და 8 თვე
ცოდნის მაღარო: “კავკასიის უნივერსიტეტი”

დამატებითი ინფორმაცია:

“მე მშობლებისთვის შვილი ვარ და კოსმოსისთვის – ტყუპები, დედამიწისთვის – ზედმეტი 64 კილოგრამი და გარშემომყოფთათვის – ცოტა მოსამატებელი, პედოფილებისთვის – ნამეტანი გვიან და ნეკროფილებისთვის – ნამეტანი ადრე, დაინტერესებული პირებისათვის – სამუშაოს მოსურნე ახალგაზრდა და უმუშევრებისთვის – კონკურენტი, სარკისათვის – საკუთარი თავი და საკუთარი თავისათვის – წყალწაღებული ოპტიმისტი, რამდენიმე პიროვნებისთვის – ყველაფერი და არაფერი – ანჯელინა ჯოლისათვის.

არ მიყვარს ზღვა, იმიტომ რომ გემოს ვერ ვატან და მიყვარს… (უცხო პირთა შესვლა სასტიკად აკრძალულია);

მშურს ჯესიკა ალბას საბნის და მაღიზიანებს კაცები, რომლებსაც ცალი ხელით აწეული მაისური უჭირავთ, მეორეთი კი ბანჯგვლიან მუცელს იფხანენ;

ვაპირებ გავხდე (ჟურნალისტი) და გავსუქდე (ცოტა).

მზად ვარ
ვუპასუხო ყველა შეკითხვას, “რას შვრები, რავა ხარ?”, “რა არის შენკენ ახალი?” და “სხვა?”- ს გარდა…

That’s all! :)

ბექას პოსტი “ნიჭიერის” შესახებ:

“ნიჭიერის” პროლოგი: ძუძუები და “ცოტნე დადუ-ანი”, ანუ, რაღაც სადღიურო ჩანაწერების მსგავსი…