პოსტები ტეგით „თევზი“

12 February

თევზი ანუ მარიამ რაფავა – მე ვამბობ კი-ს

მარიამ რაფავა

მარიამ რაფავას ნომერს ბევრი მითქმა-მოთქმა და რეაქცია მოჰყვა. შოუს ეთერში გასვლამდე მისი გამოსვლა ვიღაცამ ”რუსთავი 2-ის სერვერიდან მოტეხა” და ფორუმებზე, ფეისბუქზე, მაი ვიდეოზე და ა.შ.-ებზე დაიწყო ზოგადად ”ნიჭიერის” და მარიამ რაფავას შეფასება. ყველგან მორალი გვაწვიმდა, სადაც ამაზე იყო საუბარი. ზოგიერთები ასეც ამბობდნენ: ”რა ცუდები ხართ, ამ ავადმყოფს რომ დასცინითო” – რაღაც პარადოქსია არა? თან ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო და თან მორალი წაიკითხო მის სახალხოდ გამოჩენის გამო.

არადა ვითარება საერთოდ სხვანაირია. პირადად მე ამ ქალბატონს კი-ს დავუწერდი და შემდეგ ტურშიც გავუშვებდი, მივცემდი იმის შანსს, რომ სხვა ცხოველების ან საგნების იმიტაციას გაეკთებინა. მე შეიძლება თვალმა მომატყუა, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ მარიამ რაფავას გამოსვლაში ჩვეულებრივი ”სტენდ-აფ კომედიის” ელემენტები დავინახე. მაგალითად, ცნობილი რუსი მსახიობის ლეონიდ იერმოლნიკის კარიერა სწორედ ასეთი ნომრით დაიწყო, როდესაც მან ყანჩას მიბაძა სცენაზე – მაშინ მისთვის არავის დაუცინია, არც არავის გაურიყავს, არც არავის უვარაუდია რომ მასთან მოსწავლეებს აღარ მიიყვანდნენ და ა.შ.  ისე კაცმა რომ თქვას, თუ ამ მონაწილეს საზოგადოება გარიყავს მხოლოდ იმის გამო რომ მან თავისი შანსის გამოყენება სცადა, ვინ უფრო ცუდია? პროექტი თუ საზოგადოება, რომელსაც მორალისგან ლამისაა მირონი წამოუვიდეს – ამ დროს კი ამ ქალს საშინელ დღეში აგდებს? ის, რომ საზოგადოება სასტიკია, ვისი ბრალია? მოკლედ ეს შეკითხვები და თეზისები შეგვიძლია გაუთავებლად ვწეროთ, მე უფრო სხვა რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება.

ჩემი აზრით, კოხორა, დნნ დშნ და მარიამ რაფავა – სამივე დიდი პოტენციალის მატარებელია როგორც სტენდაფ კომიკოსი. მათი გამოჩენა საზოგადოების წინაშე სხვანაირი კონტექსტით მოხდა და შეიძლება აბსურდადაც მოგეჩვენოთ ჩემი იდეა, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ქვეყანაში გართობა-სანახაობის სფეროზე მომუშავე ნორმალური პროდიუსერი რომ გვყავდეს, სამივე ვარსკვლავად იქცეოდა. გამოიყენებდნენ მათ სახეს, დაუწერდნენ სცენარებს და შექმნიდნენ ახალ პიროვნებებს ამ ბიზნესში.

ჩვენთან? ჩვენთან მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ ეს ადამიანები დაიჩაგრებიან, ყველაზე ირონიული ისაა რომ ვინც ყველაზე მეტად მორალისტობს – პირველ ქვას თვითონ ესვრის ამ ხალხს.

ამის თქმა მინდოდა.

11 February

პური და სანახაობა

ბლოგერი ბექა, a.k.a მჩხაპნელი ბლოგიდან doin.ge

“თუ გსურს მიხვდე, რას გრძნობს დაბოღმილი ადამიანი, შექმენი წარმატებული ფილმი და მოგვიანებით, მისი მეორე ნაწილი გადაიღე” – “ჰოლივუდური” ანდაზა

საბედნიეროდ, საქართველო “ჰოლივუდი” არ არის.

“ნიჭიერის” მეორე ნაწილი პირველს სულ მინიმუმ იმიტომ მაინც სჯობდა, რომ წამყვანები ამჯერად “სკარლეტ ო’ჰარა და რეტ ბატლერი” აღარ ყოფილან და გადაცემის დასაწყისი გაცილებით  უკეთეს და უქარო ადგილზე ჩაწერეს, ვიდრე მოსიარულე ავტობუსის ღია სახურავია.

ნომრები კი იყო უფრო მრავალფეროვანი, უფრო სახალისო, უფრო ამაღელვებელი და “უf, “რო” მიგიზიდავს”, მოკლედ ისეთი.

გაგრძელდა თევზთა წარმოჩენა ფართო აუდიტორიის წინაშე. თუმცა, ახალმა კონკურსანტმა, კოკოლისგან განსხვავებით, ჟიურის წევრების სიმპათია ვერ დაიმსახურა და  მათ, მადლობის ნაცვლად, სახლში, სავარაუდოდ ქოქოლაც კი დააყარა. თევზების პროპაგანდა შოუში ასე თუ გაგრძელდა, ერთ დღეს სცენაზე არიელი რომ გამოვიდეს და “under the sea” ან რამე ასეთი იმღეროს, უკვე აღარც ეგ გამიკვირდება.

სამაგიეროდ, ის მიკვირს, რომ ამ გადაცემის შემდეგ არ გამოჩნდა თომა-თა არმია, რომლებიც აღმოაჩენდნენ, რომ “ნიჭიერის” ბრიტანულ ვერსიაში საიმონმა ზუსტად იმ სამი თითით მოიფხანა თავი, რომლითაც გეგამ და “გიტარისტები, ვითომ იქ რომ შეხვდნენ ერთმანეთს, სინამდვილეში წინა დღეს რომელიღაც კლუბში ერთად გამოდიოდნენ”.

ისიც გაუგებარია, ამრეზით რატომ არ განაცხადეს, რომ “კიდევ კარგი პატარა მარიამსაც ისევე არ დააძრეს კბილები, როგორც მის ბრიტანელ ანალოგს“.

ან, თუნდაც,  იმის მტკიცება არ დაიწყეს, რომ “KBIL-MAN”-ის ნომრის ბოლო სცენაც დადგმული იყო, რომ გეგას შეკითხვას “რა არის ამაში განსაკუთრებულიო” მხოლოდ ფორმალობის სახე ჰქონდა, რომ ჟიურის წევრები, უბრალოდ სამარშუტო ტაქსის კარის გაღების საბაბს ეძებდნენ, რომ ეს გოგო “ვა-ბანკში” მონაწილეობს…

…რომ ჟიურიმ სავარაუდოდ იცოდა მანქანაში მყოფი ადამიანების შესახებ, რომ… რომ… რომ… ერთი სიტყვით, გამიკვირდა, რომ არ შედგა ამდენი “რომ”-ის ამბოხება და…

რომ-ის იმპერია, ანუ, “პური და სანახაობა”

პირველი საუკუნის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა.

მაგალითად, რომისკენ მიმავალმა გზებმა სხვა მიმართულებითაც გადაუხვიეს და დრომ კი კოლიზეუმი ჩაკბიჩა.

თუმცა, რაღაც მაინც დარჩა უცვლელი: ოცდამეერთე საუკუნის ადამიანებს ისევე უყვართ “პური და სანახაობა”, როგორც ის ძველ რომში უყვარდათ. ხალხის დასაპურებლად და მათი თვალების წყურვილის მოსაკლავად კი “ნიჭიერის” ეს სერია ნამდვილად გამორჩეული გამოდგა…

“პური…

ადამიანის ორგანოებს, კერძოდ კი მათ კუჭებს წყევლა რომ შეეძლოს, ჟიურის წევრებს მინიმუმ ენა უნდა ჰქონდეთ გამხმარი. ის ენა, რომლითაც ხინკლისმჭამელი მონაწილე დამძიმებული მუცლითა და კიდევ უფრო დამძიმებული ხასიათით სცენიდან გაისტუმრეს. მართალია,კონკურსანტის სხეულში მდებარე “აღუვსებელი საწყაულის” “კუჭობა” ერთი მხრივ ეჭვქვეშ დასაყენებელია, მაგრამ, თუკი ჟიურიმ წინასწარ იცოდა, რომ ნომრის შემდეგ ამ კაცს თავის დამშვიდება მხოლოდდამხოლოდ უფასო სადილით შეეძლებოდა, მისი ქეიფი დროზე ადრე უნდა გაეწყვიტა. წამზომზე დანიშნული დროის უკანასკნელი წამების ფაცი-ფუცი, დაძაბულობა და მოულოდნელად ჟიურის კომენტარი: “იცით, მე ამას მხარს ვერ დავუჭერ” - ცოტა ცუდად გამოჩნდა. მთელი ნომრის მანძილზე ადამიანი თუ ხინკალს ჭამდა, ბოლოში წამწამზე ვერ იჩქმეტდა, რომ ამის გულისთვის დაცდა ღირებულიყო.

ადამიანის ორგანოებს, კერძოდ კი მათ კუჭებს (არანაირი დეჟავუ)… ლაპარაკი რომ შეეძლოთ, მაია ასათიანის ენას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდებოდა. როგორც გადაცემიდან ჩანს, ჟიურის წევრებსა და წამყვანებს “სმა-ჭამა დიდად შესარგი” ნამდვილად არ აკლიათ, მაგრამ რამდენიც სცენაზე ისეთი რამ გამოჩნდა რაც იკბიჩებოდა, მაია ასათიანმა ყველაფრის (ცოტას ვაჭარბებ: ხინკალი და თონის პური იყო მარტო) ჭამის სურვილი გამოთქვა. კიდევ კარგი, ჟიურის სხვა წევრებმა პატარა მარიამზე სიყვარულით “ჩასაყლაპი ბავშვიაო” არ თქვეს, თორემ ვინ იცის…

…და სანახაობა”

“ნიჭიერის” მეორე სერიაშიც აღმოჩნდა ბევრი ისეთი, ვის “ტრაქტორსაც“ტრა(ე)ქტორი(ა)” აერია და გამონაბოლქვი ჰაერით ჟიურის წევრების “ტრაქეები” “დაწამლა”. თუმცა, რა თქმა უნდა, იყო ისეთი ნომრებიც, რომელთა გამო მინიმუმ გადაცემის ყურება ღირდა, შექმნა თუ არა. იმის აღწერას ნამდვილად არ დავიწყებ, ვინ რა გააკეთა და ვინ რის გაკეთებას ცდილობდა. ჩემამდე ეს უკვე არაერთხელ დაიწერა და “იყურა”, რის გამოც მე მხოლოდ მცირე შეფასებებით შემოვიფარგლები:

  • ბერნარდ შოუ ამბობდა, რომ “ცეკვა ეს არის ჰორიზონტალური სურვილების ვერტიკალური განხორციელება, რომელიც ლეგალიზებულია მუსიკით.” თუმცა, ასეთი განმარტების ავტორიც კი ვერ შეძლებდა სახელი დაერქმია იმისათვის, რაც სცენაზე ზედიზედ ორმა გოგომ გააკეთა. გაცილებით უფრო მისაღები იქნებოდა, თუკი ანკეტაში ჩაიწერებოდა შემდეგი ნიჭი: “ვაპირებ, ამოვვარდე მენჯიდან”, ან, რაიმე მსგავსი…
  • მარკ ტვენი ამბობდა, რომ “სჯობს იყო ჩუმად და გამოჩნდე სულელი, ვიდრე ხმა ამოიღო და ამაში ყველა დარწმუნდეს.” ხოლო, თუ ჩვენ ერთ შეურაცხმყოფელ სიტყვას “ცუდი მომღერლით” შევცვლით, მაშინ ეს წესი “ნიჭიერის” ბევრ მონაწილეს გამოადგება. სწორედ მისი არად ჩაგდებისთვის მოშანთეს ულმობელად ჟიურის წევრებმა “ო შანტე”-ს შემსრულებელი მოხუცი, მხარზეჯოხგადებული კოლმეურნე ქალები და ბევრი სხვა, რომელთა გაქრობის მისიაც საკუთარ თავზე სავარაუდოდ მემონტაჟეებმა აიღეს.
  • ჩემი მეზობელი იურა ერთ-ერთ ქელეხზე ამბობდა, რომ “ცხონებული გოდერძი იქამდე იცოცხლებს, სანამ ის ჩვენს გულებში იქნება”. ხოლო, “მოზაიკის” მიერ შესრულებულმა ნომერმა ცხადყო, “რომ ცუდად მაინც არ ჩაუვლია იმ განწირულის სულისკვეთებას, და გზა უვალი, მისგან თელილი, მის მიმდევრებში მაინც დარჩება.” ჯექსონის შესანიშნავმა იმიტაციამ დატოვა ერთადერთი შეკითხვა: “თუ რატომ ეგდო საბრალო ქუდი მთელი ცეკვის მანძილზე სცენაზე ეულად და სევდისმომგვრელად”

    • ოპტიმისტური ანდაზა ამბობდა: “თუ გარშემო ყველა ტირის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შილა-ფლავის მომზადება უნდა დავიწყოთ”. ხოლო, პატარა მარიამმა ამ ანდაზის ჭეშმარიტებას გამარჯვება კიდევ ერთხელ აზეიმა. იტირა ბებიამ, იტირა მამამ, იტირა თიკამ, “ამან და ამან”-აც იტირა და დარწმუნებული ვარ, “ესა და ეს”-იც იტირებდა… რადგან სიხარულიც შეიძლება რომ მწუხარების ინგრედიენტებით გამოიხატოს.
    • ერთი მომიტინგე ამბობდა, რომ “ამ ქვეყანაში ყველაფერი ჩაწყობით ხდება“, ამის გამო მე აღარ მიკვირს ის, თუ რატომ ვერ მიაღწია წარმატებას ვერც ერთ კონკურსში მარიამ კახელიშვილმა. რადგან,  ზოგან და ზოგჯერ ჟიური მართლა ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რომ სურვილი გიჩნდება მის წევრებს მაიკლ ტაისონი მიუქსიო და სმენაზე მეტი პრობლემები შეუქმნა…

დასკვნის მაგიერი: “ეკონომილირიკული წიაღსვლა”

ეკონომიკაში “მოთხოვნა-მიწოდება” ერთ-ერთი ძირეული საკითხია, რომლის მიხედვითაც თუ მოთხოვნა მიწოდებას გადააჭარბებს, ამა თუ იმ “პროდუქტზე” დეფიციტი შეიქმნება.

“ნიჭიერის” სულ ორი გადაცემა გახდა საკმარისი იმის დასადგენად, რომ ქვეყანაში გეგას დეფიციტია და თუ ასე გაგრძელდა, სიტუაცია კრიზისამდე მივა… საჭიროა შავი ნიღაბი სახეზე, შინდისფრად შეღებილი თმები, ან, საქვეყნო აფიშირება იმისა, რომ გეგას ცოლი ჰყავს…

პ.ს: კულუარული ინფორმაციით, თურმე მესამე გადაცემა ისეთი იქნება, რომ წინა ორს შეიძლება საერთოდ არსებობის შერცხვეს. ეს ისე…

9 February

8 თებერვალი, მეორე გადაცემა

თინი, ბლოგერი tiny.ge-დან

რამდენმა თქვენგანმა იფიქრა, რომ მეორე გადაცემა პირველზე უკეთესი იყო? დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრმა. იმდენი საინტერესო რამ ხდებოდა, გადაცემის დროსვე დავიბენი – ყველა მონაწილეზე მინდოდა ცოტ-ცოტა რაღაცის თქმა.

ე.წ. “თევზი”  ”ნიჭიერი”-ს პირველი გადაცემის გასვლამდე გახდა პოპულარული და არავისთვის არ ყოფილა მოულოდნელი მისი შეუდარებელი გამოსვლის ხილვა. უბრალოდ, იმ ვიდეოში იმაზე წყდებოდა კადრი, გეგამ რომ მაიას და ნიკას ღილაკებს დააჭირა და გაგრძელება ჩვენ არ ვიცოდით. სიმართლე გითხრათ, გავოგნდი, როცა ნიკა მემანიშვილმა მარიამ რაფავას მეორე ტურში გადასაყვანად თავისი “კი” არ დაიშურა. ძალიან გამიკვირდა. კიდევ კარგი, მაიასაც გული არ აუჩუყდა და თავისი  ხმა ჭკვიანურად გამოიყენა, თორემ მე თუ არა, გეგა ნამდვილად არ აპატიებდა ამას! : )

ნებისმიერ ფრანგს შეშურდებოდა ლუარა ქირიას წარმოთქმული “ო შანტე”! “ფრანგულად იმღერებთ ფანდურზე?”- ლოგიკური კითხვა დაებადა მაიას. ლუარამ კი  აბსოლიტურად აუღელვებლად, ცოტა გაკვირვებითაც კი უპასუხა სათანადოდ და შეუდგა სიმღერას:

“ო შანტე, ო შანტე

ბრა(ვ)ო.. ბრა(ვ)ო ბრა(ვ)ო

გული ნუ დამიშანთე

პარიზელო ქალო! “

შემდეგ იყვნენ მუცლურ-შაკირულ-ჯენიფერლოპესური ცეკვების უბადლო შემსრულებელი, უემოციო კარატისტები, გვერდზე-გვერდზე ტექნიკით მოცეკვავე გოგონა, რომელსაც, როგორც ჩანს, მხოლოდ ეს მოძრაობა ჰქონდა გათავისებული, ლომი გაკადნიერებული ირმითურთ, რომელმაც ცხოველთა მეფე პანღურით გაიყვანა სცენიდან!

რაჭველების და ნიკას “შეხვედრის” ემოციები ყველას ახსოვს ალბათ. სცენაზე რომ გამოვიდნენ, გოგოების ჩაცმულობა – ჩითის კაბები მომეწონა. თავიდან  ლექსისებური  შესავლით რომ  დაიწყეს, ცოტა შევიშმუშნე უსიამოვნოდ, თუმცა სიმღერის დროს   მოვლბი. მეორე ტურში გადასაყვანად მე შეიძლება არ გამემეტებინა ჟიურიში რომ ვმჯდარიყავი, მაგრამ  ამ “შეიძლება”-ს იმიტომ ვამბობ, რომ გულ და თვალებანთებული ფეხზე წამომდგარი მემანიშვილის დანახვაზე შეიძლება გადმომდებოდა მისი ემოციები : )

“რას ვიზამთ მა? - ჩვენ გავიმარჯვებთ!”

უსაყვარლესი ბავშვი, რომლის თვალების და ღიმილის დანახვისთანავე, მამამისის არ იყოს, მეც გულში ვთქვი – რას ვიზამთ? გავიმარჯვებთ! :)  მარიამის მამა, ბებო და თიკა ფაცაცია ერთად ტიროდნენ…  გარდაცვლილი დედის და ამ თვალებბრიალა ბავშვის სურათი რომ გვანახეს,  გამცრა ტანში :(

შემდეგ იყო კახელი ილია არდაზიშვილი, რომლის ხელით აწყობილი ტრაქტორითაც მოვიხიბლე და, სხვა თუ არაფერი, როგორც თიკამ თქვა “ოპერაში ნამყოფი ტრაქტორი ჩადის კარდენახში”! არ გამომრჩება ხინკლებით მოსული თამაზ დაველურის და მშიერი მაია ასათიანის შეხვედრა. მანქანის გათრევა, რომლის ყურებისას ვიფიქრე – ასე ხომ მეც შევძლებდი-მეთქი! ფრიად პლასტიკური ადამიანი, რომლის დანახვისას გეგას ქართული კინო “ქვევრი” გაახსენდა. შემდეგ გულისწორების ფანდურით ხმის მოზიდვის ტექნიკა – “მოზიდული” კი ქერა თმაში და შავ ულვაშებში გამოწყობილი ქალბატონი აღმოჩნდა.

აბა რომელ ჰოლივუდელს შეშურდა ამ ფოტოს ხილვა? მისი  დანახვისას, მგონი ყველამ მივმართეთ მის კბილებს “ნეტავ რა კბილის პასტამ გაგხეხა”-ო. მანქანას  რომ დაეჭიდა, მაშინვე კბილები ამტკივდა! თუმცა ამას ვინ აქცევდა ყურადღებას, მერაბ კირაკოზაშვილის გამოსვლის ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო ნაწილი  მამაკაცებისთვის მაშინ დაიწყო, როცა  მანქანიდან გოგონები გადმოვიდნენ. ჟიურისთვის და წამყვანებისთვის კი მაშინ, როცა საბარგულიდან სცენაზე გაშლილმა მაგიდამ გადმოინაცვლა. აი ხინკლის ჭამის დროს ეჭვი შემეპარა და ამ შოთების და პრასის დანახვაზე ჟიურის რეაქცია რომ ვნახე, ეჭვი დავადასტურე – ყველას შიოდა! :D

ჩემი და ალბათ ყველას ფავორიტები:

მეგობრები, რომლებმაც შემთხვევით აღმოაჩინეს ერთმანეთი კასტინგზე და ექსპრომტად დაუკრეს გენიალურად!

ლაშა კვიკვინია & გუჯა მჭედლიშვილი

ე.წ. ილია ჯექსონი და  ჯგუფი “მოზაიკა”

მარიამ კახელიშვილი

რომელმაც შესავალ სიუჟეტში თქვა, რომ არც ერთ კონკურსში არ გაუმარჯვია! ვერ წარმომიდგენია,  ვერ ვიჯერებ, როგორ შეძლებოდა, რომ ამ გოგონას სადმე ვერ მოეპოვებინა გამარჯვება. სუნთქვა შეკრული ვუსმენდი მის სიმღერას. დარწმუნებული ვარ, ყველაში დიდი ემოცია გამოიწვია მისმა სიმღერამ :) ყველაზე ძალიან მაია ასათიანის რეაქციები დამამახსოვრდა- მთელი ის დრო, რაც მარიამი მღეროდა, გულზე ხელი ჰქონდა დადებული, გეგონება beyonce-ს listen-ის მაგივრად საქართველოს ჰიმნს უსმენდაო :))

როგორც გეგამ თქვა, დარწმუნებული ვარ, ეს ერთი სიმღერა მარიამის ცხოვრებას შეცვლის!

ასეთი იყო “ნიჭიერი”-ს მეორე გადაცემა. მესამე გადაცემაში კი გპირდებით, ნამდვილი ბომბი გელით : )) როგორც ამბობენ, ისინი ერთ-ერთი ფავორიტის, new style-ს კონკურენტებად მოგვევლინებიან..

მაშ ასე, ერთად დაველოდოთ შემდეგ გადაცემას თავისი მოულოდნელობებით, ახალი ფავორიტებით და ახალი გმირებით. მე კი მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით :)

8 February

მარიამ რაფავა

ინტერნეტ-სამყაროსთვის უკვე კარგად ნაცნობი არიამ (მარიკა) რაფავა:

2 February

რამაზ კუხალაშვილი

რამაზ კუხალაშვილი ხონიდან და მისი ოქროს თევზი - კოკოლი.

27 January

რუსთავი2-ის სერვერი არავის გაუტეხავს

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გამოჩნდა  “ნიჭიერის” ერთ-ერთი საეთეროდ გამზადებული ვიდეო. გავრცელდა ჭორი, თითქოს რუსთავი2-ის სერვერი გატეხეს და ვიდეო იქიდანაა მოპარული.

ვიდეო მართლა მოპარულია, გაურკვეველია საიდან, თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია, რომ რუსთავი2-ის სერვერი არავის გაუტეხავს.

შეგახსენებთ, რომ “ნიჭიერის” ეთერში გასვლამდე სულ რაღაც 5 დღე რჩება. გადაცემის დასრულების შემდეგ ამ ბლოგზე აუცილებლად დაიდება ხოლმე გამომსვლელების ნომრები, ასე რომ, ზედმეტად ცნობისმოყვარე “სერვერების მტეხავნო” – რა აზრი აქვს იმის მოპარვას, რასაც ისედაც უფასოდ ავრცელებენ.