ბექა ადამაშვილი, a.k.a. მჩხაპნელი ბლოგიდან Doin.ge
“Show must GO on” - ფრედი მერკური
“ისე არ უწვიმია, როგორც ქუხდა” – ჩემი მეგობარი
ერთის მხრივ, ფრედიც მართალია და მეორეს მხრივ, ჩემი მეგობარიც.
“ნიჭიერს” ელოდებოდნენ ისევე, როგორც ელოდებიან პირველ ბავშვს ოჯახში, ბოლო მატარებელს მეტროში, “skype”-ში გაცნობილ მაგარ გოგოს – პაემანზე, გაზაფხულს – ზამთარში, “ავატარის” ბილეთებს – სალაროსთან, ღილაკზე თითის დაჭერას – სურათის გადაღების წინ, “მე შენ მიყვარხარ”-ზე საპასუხო რეაქციას – სიყვარულში გამოტყდომისას და ა.შ.
ერთი სიტყვით, ვაჟას “მთების” არ იყოს – ყველანი “იდგენ და ელოდნენ“…

"თუ დროის შეჩერება გსურს, მაშინ რაიმეს ლოდინი დაიწყე" - მე
ამ მასშტაბის მქონე მოლოდინმა კი გამოიწვია ის, რომ მავანთ და მავანთ გადაცემა არ “ეყოთ” და ტრადიციული “უფრო მეტს ველოდი“-თი (რა თქმა უნდა, ამ “უფრო მეტი“-ს დაკონკრეტების გარეშე) უკმაყოფილება გამოხატეს კიდეც. თუმცა, შოუ მაინც შედგა და ცალკეული “პერსონაჟებისა” თუ მთლიანი გადაცემის წყალობით ბევრის მოწონებაც დაიმსახურა.
ანუ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ “ნიჭიერმა” ქართულ ტელე-სივრცეში შესამჩნევი კვალი დატოვა.
ჰოდა, ჩვენც მის ნაკვალევს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ:
პირველი ნაბიჯი: “დუ-უტ, დუტა, დუ-უტ!”
გასაგებია, რომ არ არსებობს წამყვანი, ვინც დუტაზე უკეთესად გაუძღვება გადაცემას. გასაგებია, რომ არ არსებობს შოუმენი, ვინც დუტაზე უკეთესად წაიყვანს კონცერტს. გასაგებია, რომ არ არსებობს მსახიობი, ვისაც შეეძლება დუტაზე კარგად ითამაშოს რეკლამებში. ისიც გასაგებია, რომ დუტაზე უკეთ გათამაშება ჩატარებაც შეუძლებელია… მაგრამ, გაუგებარია, რატომ არ არსებობს ენა, რომელსაც შეეძლება დუტაზე უკეთ წაიკითხოს გადაცემის ტექსტი და მისი დაწყებისთანავე მაყურებელს: “აუ, აქაც დუტაო?” არ ათქმევინოს.

"მე იგივე ვარ მარად და მარად, არ ვსდევ ჟამთა ცვლას..."
დუტა კარგია… კარგზე ბევრად მეტიც. თუმცა, დუტა “ყოველ დროს“, დუტა “ყოველთვის” და დუტა “ყოველგან“, ისევე მოსაბეზრებელია, როგორც ამ ფრაზაში სიტყვა “დუტას” ხშირი გამოყენება…
მეორე ნაბიჯი: “კონგენიალურ..რ..რია”
როდესაც პირველად წამყვანების შესახებ გავიგე, ასოციაციაში მაშინვე მოვიდა თიკა ფაცაციასთან დაკავშირებული დისბალანსური პარამეტრი: “სიმაღლე”!
ამის გამო მეგონა, რომ სიმაღლეში არსებულ სხვაობას, შოუსა და მის ვიზუალურ მხარეზე ცუდი “გავლენის” მოხდენა შეეძლო. თუმცა, გადაცემის მსვლელობისას წამყვანთა წარმატებულმა ტანდემმა ჩემი ძველი წარმოდგენები ისევე დაამსხვრია, როგორც…

"კრამიტთმმუსვრელი"
მე კი, წარმოდგენაგაჩანაგებულს, მაშინვე ილიკო ჩიგოგიძის ფრაზა გამახსენდა: “ცალთვალა იყო კუტუზოვი, მაგრამ დედამიწის გულში რა იდო, იმას ხედავდაო”. წამყვანთა დუეტმა, სასკოლო ენაზე თუ ვიტყვით, “თავისი საქმე ხუთიანზე შეასრულა” და სრულიად შეუმჩნეველი გახადა ის “ნაკლი”, რომელიც ჩემი აზრით თვალისათვის შესაძლოა ცუდი აღსაქმელი ყოფილიყო.
თიკას დასახასიათებლად ალბათ, იდეალური იქნებოდა მისი მშობლიური ქართული ესტრადის ჟამმოჭმული, თუმცა “იუმორინას” მაცოცხლებელი ჰიტის – “მარტის” შემდეგი სიტყვები: “წამის წინ წამწამებს ცრემლი გისველებდა, ახლა მზის სხივების კრთება ათინათი”…

"თვით მაიასაც კი არ უტირია..."
თიკას მთავარი პლიუსიც ის იყო, რომ ემოციების გამოხატვისას ბუნებრიობა არ დაუკარგავს: იცინოდა მაშინ, როცა მართლა ეცინებოდა; ხტუნავდა მაშინ, როცა მართლა ეხტუნებოდა; იცეკვა მაშინ, როდესაც ამის დრო იყო და იტირა მაშინ, როდესაც მაყურებელსაც აეტირა.
არ მინდა რაღაც “ხოტბაჲ და დიდებაჲ”-ს ტიპის ნაწერი გამომივიდეს, მაგრამ საქებარი სიტყვების მეტი ვანიკოზეც არაფერი მეთქმის: კარგი, მხიარული წამყვანს დამატებული კიდევ უფრო უკეთესი მსახიობი მარტივი არითმეტიკული გამოთვლით, ჯამში “ფრიად სასურველ” შედეგს იძლევა.
მოკლედ თუ ვიტყვით, თიკა და ვანიკო შოუს “შოუსანიშნავად” მოერგნენ.
მესამე ნაბიჯი: “ნიჭიერები და დანარჩები”
“2G“(გულნაზი გოლეთიანი)-სა და “3G“(“მესამე თაობის მოცეკვავები” – “New Style”)-ს თემა უკვე იმ მანქანის საბურავებივით გაცვდა, რომლის შეჩერებაც პატივცემულმა ჟიურიმ ერთ-ერთ მონაწილეს სათანადოდ არ დაუფასა.

"ჰერკულესის ხანდაზმულობა"
რაღა თქმა უნდა, იმავე საღამოს გაივსო სხვადასხვა სოციალური ქსელები თუ “მესენჯერები” სტატუს-ფრაზებით: “ქართველი სუზან ბოილი“, “გულნაზ ბოილი” და “სუზან გოლეთიანი“. თუმცა,ცოტა ხანში ამოქმედდა დეკარტეს “მეთოდოლოგიური ეჭვი”-ს კანონიც: “დაეჭვდი ყველაფერში, რაც საეჭვოდ გეჩვენება” და დაიძრა არმია კომენტარებისა, რომელსაც სათავეში ედგა “მთავარსარდალი” სახელად “ეს სცენა დადგმული ხომ არ იყო?!”. არმიის დამრტყმელ ძალას კი წარმოადგენდნენ კომენტარები: “აი, სუზანიც ზუსტად ეგრე მიაბრუნეს უკან” და “ხაჭაპურის სცენა სპეციალურად ჩასვეს, რომ ხალხს თავიდან სხვანაირი წარმოდგენა შექმნოდა“.
მოკლედ, ისეთი ამბავი ატეხეს, სუზან ბოილი რომ შესულიყო “YOUTUBE“-ზე და გულნაზი გოლეთიანი შოტლანდიაში დაეპატიჟა, აღარც ეგ გამიკვირდებოდა. არ ვიცი, დამთხვევა იყო თუ დადგმა, მაგრამ თუნდაც დადგმული ყოფილიყო, მერე რა?
ვერ ვისიამოვნეთ, ვერ შევაქეთ და ტაში ვერ დავუკარით?
შოუს ზუსტად ასეთი ელემენტები ქმნის და ისინიც თუ ”დაჯდა”, მაშინ უკვე “მექანიზმის” მუშაობასაც საფრთხე შეექმნება. ჰოდა, თუ საბოლოო პროდუქტი (თუნდაც დადგმული) ასეთი კარგი სანახავია, უკეთესი არ იქნება თუ მას ინგრედიენტებში ქექვის გარეშე მივიღებთ? :)

"ახალი სტილით - ახალი მწვერვალებისკენ"
“New Style”-ს რაც შეეხება. აქ უფრო სხვა ტიპის კომენტარები სჭარბობდა:
-
“შუაში რომ იდგა ჩემი მეგობარია“
-
“სალტოს რომ აკეთებს, იმისი ძმა ჩემი ნათესავის კლასელია“,
-
“ამ გოგოს “სკაიპით” ველაპარაკებოდი“,
-
“აუ, იმას მგონი ვიცნობ“
-
და რა თქმა უნდა, დამსახურებული კომპლიმენტების მთელი ზღვა…
თუმცა, ისეთი მონაწილეებიც იყვნენ, ვისაც პრობლემა ჰქონდა სმენაზე (“ყოველთვის როცა..ა…ა… და…ა…ბერავს ქარი“), წონაზე და ორიენტაციაზე (რა სულ ცუდს ფიქრობთ… საერთოდ შეცდომით რომ ავიდა სცენაზე, ეგ ვიგულისხმე)…
ზოგი უდრეკად იწვა (მინებზე და მანქანას უძლებდა), ზოგიც იმდენად დრეკადი იყო, რომ აბსტრაქტული სიტყვა “თავ-ფეხი” რეალობად აქცია.

"რეზინ-man"
ზოგმა რკინის ლარიანი გადაყლაპა, ზოგმა – წყენა, ზოგმა კი კინაღამ თევზით ჩაი-კოკოლ-ზინა ყელი…
ზოგმა თავი წარმოჩინა (პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით), ზოგმა – პირი (მუშტის დახმარებით), ზოგმა გული და ზოგმაც…

"შეყვარებულის ადამიანის ცეკვა"
საცირკო ნომრები, სამწუხაროდ, ისეთივე გრძელი არ აღმოჩნდა, როგორც ეს ჯოხი…

"ნახვად ღირდა..."
…ამიტომ ისეთივე უკმარისობის გრძნობა დატოვა, როგორც იმ ველოსიპედიანმა ბიჭმა “ტრიუკების” გაკეთებას ტყუილად რომ დაგვპირდა. იგივე შეიძლება ითქვას სხვა რამდენიმე ნომრის შემთხვევაშიც: ზოგმა სამეჯლისო იცეკვა კარგად, ზოგს ოჯახის გაძღოლა ბავშვობიდანვე დააწვა მხრებზე, ზოგმაც პიანინო გამოიყენა სათანადოდ და ამ ზოგ-ზოგების “თითქმის უჩვენებლობა” იმედია, მხოლოდ მათი შემდეგი გადაცემებისათვის გამო-ზოგ-ვით აიხსნება.

"ოჯახის ტვირთი არც ისე მძიმე სატარებელი ყოფილა"
საბოლოო ჯამში, ნომრები ისეთივე მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, როგორც ის სატელევიზიო კადრი – ბევრი ზოლებისგან რომ შედგება და მაუწყებლობის დასრულების შემდეგ ეკრანზე რომ ჩნდება ხოლმე.
ამის გამო კი დიდი ჯაფა დაადგა ჟიურის, რომელმაც ზოგი მიწასთან გაასწორა და ზოგი დაზოგა…
მეოთხე ნაბიჯი: “აბა, ჟ(ი)ური!”
აბაჟური -(Fr)-abat-jour - საფარველი, რომელიც ლამპას უკეთდება მხედველობის დასაცავად
ჟიურიც ერთგვარი საფარველია, რომელიც სცენაზეა “მიმაგრებული” და მაყურებლებს – ცუდი ნომრებისგან, ცუდი ნომრის ავტორებს კი – მაყურებელთა დაცინვისგან იცავს.
დასაცავი კი ამ გადაცემაში ორივე ფლანგზე დიდი რაოდენობით აღმოჩნდა და ჟიურის მუშაობა იდეალური იქნებოდა, რომ არა მისი ორი წევრის მიერ ერთ-ერთი მონაწილისათვის ნახევარფინალის საგზურის “ჩუქება“. ალბათ, მიხვდით, ვგულისხმობ იმ ადამიანს, რომელსაც როგორც გვჩვევია ჯერ მთელი საქართველოს მასშტაბით დავცინებთ და შემდეგ ტრადიციულად, ისე შევიყვარებთ, რომ მასთან ქუჩაში სურათების გადაღებაც კი გაგვიხარდება.
არ შეიძლება კიდევ ერთხელ გამოსასვლელად გაიმეტო ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ “სათვალე ნაცნობებისაგან დაიცავს”…
სხვა მხრივ კი ჟიური კრიტიკას არ ექვემდებარება და სწორედ ამიტომ, სცენის თავზე საკმაოდ ობიექტურად ინთებოდა ხოლმე სახელები…
…გეგა (ტრიადის ხელმძღვანელი, რომელიც ხშირად ერთ-პიროვნულ გადაწყვეტილებას იღებს და მას ორივე ხელით ახორციელებს, თუნდაც სხვებს ნომრის შეწყვეტის სურვილი სულაც არ ჰქონდეთ. თუმცა, ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ტელემაყურებელი უკვე “გულითადი დაცინვის” ფაზაშია გადასული და ნომერი უთუოდ უნდა შეწყდეს)
…მაია (როგორც ბევრი სხვა, თავიდან მეც ვფიქრობდი, რომ უკეთესი იქნებოდა აქ სხვა სახელი დაწერილიყო, მაგრამ შევცდი. “პროფილის” “მარგი ქმედების კოეფიციენტმა” ჩემი სიმპათია პირველი კომენტარიდანვე (“მიდი, ოღონდ არ ჩაგეყლაპოსო“) დაიმსახურა. მომდევნო კომენტარით (“ვინმეს დაბადების დღეზე, რომ იყოთ და ასე იცეკვოთ, ალბათ მოახდენთ შთაბეჭდილებას, მაგრამ… სცენაზე ჯერ მე მგონი ადრეა“) დაამსხვრია ჩემი წარმოდგენა იმაზე, რომ ის მონაწილეების მიმართ მკაცრი ვერ იქნებოდა. ხოლო, გადაცემის მანძილზე გამოხატული ემოციებით საბოლოოდ დამარწმუნა იმაში, რომ “სწორ დროს”, “სწორ არხზე” და “სწორ ადგილზე” იჯდა)
…ნიკა (შენიშვნა არ მაქვს. აფასებდა ზუსტად, ობიექტურად და თან… იდეალურად გაიბუტა)

"ბუტე...ბუტე..." - ვიბუტბუტე
მეხუთე ნაბიჯი: “მგონი, ყელს მივუახლოვდი…”
…და სანამ ამოვალ, დროა ამ წინადადების ბოლოს წერტილი დავსვა და გავჩერდე.
პ.ს: ვისაც კლავიატურა ჰქონდა, “ნიჭიერზე” საკუთარი აზრი უკვე ყველამ გამოთქვა და რამე განსხვავებული თუ ვერ ვთქვი, მეპატიება… :)