პოსტები ტეგით „ბლოგერი“

6 March

“ნიჭიერი” და ბლოგერები

“ნიჭიერის” შეთავაზება ბლოგერებს

შეიძლება იცოდეთ, რომ შარშანდელი “ნიჭიერის” განხილვას ბლოგზე სამი ბლოგერი წერდა. წელს გადავწყვიტეთ, რომ ყველას მივცეთ “ნიჭიერის” ბლოგერობის შანსი მთელი პროექტის მსვლელობისას.

თუ თქვენ გაქვთ ბლოგი, რომელსაც მეტნაკლებად სისტემატურად ანახლებთ და გსურთ, “ნიჭიერის” ბლოგზე თქვენ მიერ დაწერილი პოსტი მოხვდეს, გამოგზავნეთ გამოქვეყნებული პოსტის ლინკი იმეილზე nichieri@dodka.ge. [ორშაბათს გასული გადაცემის review პოსტი უნდა გამოგზავნოთ ოთხშაბათის ჩათვლით. ერთმა ბლოგერმა შეიძლება ყოველკვირა მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ გვიყვარს ქებაც და კონსტრუქციული კრიტიკაც :) ].

მიღებულ პოსტებს გადავხედავთ, ავირჩევთ ერთს ან რამდენიმეს და თქვენი პოსტი ხუთშაბათის “სტუმარი ბლოგერის” რუბრიკაში მოხვდება.

რა ბენეფიტი მოაქვს ამ თანამშრომლობას ბლოგერისთვის?

  • “ნიჭიერის” ბლოგზე, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი ვიზიტორი ჰყავს, დაიდება თქვენი პოსტი, გაილინკება თქვენი ბლოგი მოკლე აღწერითურთ და ბევრ ახალ მკითხველს შეიძენთ,
  • მიიღებთ ჰონორარს გამოქვეყნებული პოსტისთვის,
  • აქტიური ბლოგერები შეძლებენ დაესწრონ “ნიჭიერის” ნახევარფინალებსა და ფინალებს.

წარმატებებსა და ბედნიერ ბლოგინგს გისურვებთ ნიჭიერი პოსტებითა და მკითხველებითურთ ;)

29 January

“ნიჭიერის” ნიჭიერი ბლოგერები

8 იანვარს “ნიჭიერის” ბლოგზე გამოცხადდა კონკურსი ბლოგერებისთვის. 22 იანვარს კი კონკურსის სამი გამარჯვებული ამ ბლოგის თანაავტორი გახდა, უფრო გასაგებ ენაზე – ამ “ჟურნალში” საკუთარი “სვეტი” მიიღეს. “ნიჭიერის” ეთერში გასვლასთან ერთად ისინი კვირაში ერთხელ დაწერენ პოსტს ნანახი გადაცემის შესახებ. მათი პოსტები ცენზურას არ გაივლის – შეუძლიათ დაეთანხმონ ან არ დაეთანხმონ ჟიურის, უგულშემატკივრონ ან გააკრიტიკონ მონაწილეები – მოკლედ, დაწერონ ყველაფერი, რასაც ჩათვლიან საჭიროდ.

ამ პოსტში წარმოგიდგენთ სამივე ბლოგერს. გაიცანით, იკითხეთ მათი პოსტები და დაუტოვეთ კომენტარები.

1. თინი, ბლოგერი tiny.ge-დან:

თინი, 19 წლის. ერთ წელზე მეტია, რაც ბლოგერი ვარ. მიყვარს ბლოგინგი, იმაზე მეტად, ვიდრე ჩემი პროფესია- ხელოვნებათმცოდნედნეობას ვსწავლობ თსუ-ში, მესამე კურსზე ვარ :)

აუცილებელი (?) რაღაცები, რაც სასურველია იცოდეთ ჩემზე:

ვარ გულჩვილი.
მიყვარს რომანტიული ფილმები.
არასდროს ვაფასებ ჩემს ნაშრომს დადებითად.
ვუკრავ ვიოლინოზე.
მიყვარს მოხარშული კვერცხი მაიონეზით.
წერა უფრო მიყვარს, ვიდრე ლაპარაკი.
ვარ რაღაცნაირი.

“ნიჭიერის” ბლოგის თანაავტორობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ცოტა ვნერვიულობ კიდეც – მინდა კარგად გავართვა თავი. თუმცა ალბათ ნაწერი უინტერესო ვერ გამოვა, როცა თვითონ შოუა საინტერესო. მოკლედ, იმედი მაქვს ამ სამი თვის მანძილზე, ყოველთვის სიამოვნებით შემოხვალთ ამ ბლოგზე და წაიკითხავთ ყველა სიახლეს, მონაწილეების შესახებ ცნობებს, გასული გადაცემების მიმოხილვას და ა.შ.

თინის პოსტები “ნიჭიერის” შესახებ:

პირველი დღე “შიდა სამზარეულოში”

გადაღებები და TBgroup


2. Piccolina – ბლოგერი piccolina.ge-დან

piccolina, იგივე ნინო ფანიაშვილი (მაგრამ ნინოს თუ დამიძახებთ, შეიძლება არც მოვიხედო ;) ). განათლებით შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგი ვარ, მარა რად გინდა, ნაკლებად აინტერესებთ HR საქართველოში, ამიტომ დიდ დროს ბლოგს და ზოგადად ინტერნეტს ვუთმობ. ხო, ბლოგს რაც შეეხება, 4 წელზე მეტია, რაც მაქვს და ამ 4 წლის მანძილზე რა აზრებიც კი მიტიკინებდა თავში, ყველაფერი იქ წერია :)))

ბევრი თვლის, რომ ინტერნეტ-მანიაკი ვარ. შეიძლება ასეც არის, კომპიუტერს იშვიათად ვშორდები, მაგრამ სულაც არ ვთვლი, რომ ეს არაჯანსაღია.

ამ მხრივ გამიმართლა, ქმარიც ჩემნაირია. იმდენად, რომ როცა დავქორწინდით, დიიიიდი ონლაინ-ქორწილი გადავიხადეთ Facebook-ზე. მართალია, ასე საჩუქრებს არავინ გჩუქნის, სამაგიეროდ მთვრალი კაცები დილამდე არ დაბოდიალობენ ცეკვა-ღრიალის რეჟიმში :))

ინტერნეტში ძრომიალის გარდა ხატვა და ძერწვაც მეხერხება (ხანდახან). სამზარეულოში ტრიალი და ხანძრის გაჩენა ან სხვა უბედურების დატრიალება ჩემი მეორე პროფესიაა :))

პიკოლინას პოსტები “ნიჭიერის” შესახებ:

ცხელი ამბები კულისებიდან

გუგლი კითხულობს

3. ბექა – ბლოგერი doin.ge-დან

ვინაობა: ბექა ადამაშვილი
ჟამი დაბადებიდან დღემდე: 19 წელი და 8 თვე
ცოდნის მაღარო: “კავკასიის უნივერსიტეტი”

დამატებითი ინფორმაცია:

“მე მშობლებისთვის შვილი ვარ და კოსმოსისთვის – ტყუპები, დედამიწისთვის – ზედმეტი 64 კილოგრამი და გარშემომყოფთათვის – ცოტა მოსამატებელი, პედოფილებისთვის – ნამეტანი გვიან და ნეკროფილებისთვის – ნამეტანი ადრე, დაინტერესებული პირებისათვის – სამუშაოს მოსურნე ახალგაზრდა და უმუშევრებისთვის – კონკურენტი, სარკისათვის – საკუთარი თავი და საკუთარი თავისათვის – წყალწაღებული ოპტიმისტი, რამდენიმე პიროვნებისთვის – ყველაფერი და არაფერი – ანჯელინა ჯოლისათვის.

არ მიყვარს ზღვა, იმიტომ რომ გემოს ვერ ვატან და მიყვარს… (უცხო პირთა შესვლა სასტიკად აკრძალულია);

მშურს ჯესიკა ალბას საბნის და მაღიზიანებს კაცები, რომლებსაც ცალი ხელით აწეული მაისური უჭირავთ, მეორეთი კი ბანჯგვლიან მუცელს იფხანენ;

ვაპირებ გავხდე (ჟურნალისტი) და გავსუქდე (ცოტა).

მზად ვარ
ვუპასუხო ყველა შეკითხვას, “რას შვრები, რავა ხარ?”, “რა არის შენკენ ახალი?” და “სხვა?”- ს გარდა…

That’s all! :)

ბექას პოსტი “ნიჭიერის” შესახებ:

“ნიჭიერის” პროლოგი: ძუძუები და “ცოტნე დადუ-ანი”, ანუ, რაღაც სადღიურო ჩანაწერების მსგავსი…