პოსტები ტეგით „გულნაზი გოლეთიანი“

17 March

ვერდიქტი გამოტანილია!

Landish, ბლოგერი landish.ge-დან.

“ნიჭიერის” შესარჩევი ტურის დასკვნითი გადაცემის დასრულების შემდეგ გავიგეთ თუ ვინ გადავიდა ნახევარფინალში და ვის ვიხილავთ “რუსთავი 2″-ის პირდაპირ ეთერში.

ზოგი აქებს ჟიურის გადაწყვეტილებას, ზოგი უკმაყოფილოა, ზოგისთვის მთელი ცხოვრებაა ამაზე დამოკიდებული და ზოგმაც თვითონ განაცხადა უარი. “ყველას ვერ გადაიყვანდნენ”, ამიტომაც “საყვარლობა და ისტორია არ შეაფასეს” და მხოლოდ ნიჭის დაფასებას შეუდგნენ. ყოველ შემთხვევაში ახლა რაც არ უნდა ვთქვათ, “ვერდიქტი გამოტანილია”, შემდეგ ტურში ამ 50 პიროვნებას ვიხილავთ. მათ მრავალფეროვანი ნახევარფინალი სურდა და მიიღეს კიდეც.

ახლა იმაზე საუბარს, თუ ვინ და რატომ გადაიყვანეს შემდეგ ტურში და ვინ ჩატოვეს, სჯობს ის გავაკეთო, რაც ქართველებს ყველაზე კარგად გამოგვდის – “ვიმკითხაო”, თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ესა და ეს პიროვნება გადავიდოდა ან ჩარჩებოდა პირველივე ტურში.

ფოტო, რომელიც სრულიად შეუსაბამოა, მაგრამ თვალს მოსწონს : )

ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ კი გულნაზი გოლეთიანით დავიწყებ. ეს ქალბატონი ნახევარფინალში რომ არ გადაეყვანათ, მთელი საქართველო “აღშფოთდებოდა”, ხოლო სიუზან ბოილი კი მხარდასამჭერ აქციას გამართავდა სახელწოდებით – “ბიოლებს გვიტყაპუნებენ!”.

ლევან შავაძის (რომელიც რატომღაც გულნაზის ქმრადაც კი შერაცხეს :D) არ გადაყვანის შემთხვევაში, გოგი დოლიძის ფანები შეიკრიბებოდნენ და ბატონ ლევანს ღირსების ორდენს გადასცემდნენ, თან დაამშვიდებდნენ, “მთავარია ჩვენ გვჯერა შენიო”.

გაჩნდა შეკითხვა, თუ “რა საჭიროა 2 ჯექსონი?”, რაც ჟიურის გადაწყვეტილებას, კერძოდ კი ჯიმი ებიტაშვილის და ჯგუფ “მოიზაიკის” ნახევარფინალში გადაყვანას მოჰყვა.

ის, რომ “მოზაიკა” კარგად მოძრაობს ეგ ყველამ ვნახეთ, ის რომ ჯიმი მაიკლს მაგრად ჰგავს, ეგეც დავინახეთ. მაგრამ რა მოხდებოდა, იმ შემთხვევაში, თუ კი მას მეორე ტურში არ გადაიყვანდნენ?

რა და, სადაც ახლა არ უნდა იყოს ჯექსონი (სამოთხესა თუ ჯოჯოხეთში), თავის თანამოაზრეებს მოისვამდა გვერდით და ღრმა დისკუსიას გამართავდა თემაზე “სულ არ იციან ამათმა მკვდრის პატივისცემა”.

იმ შემთხვევაში თუ, თამარ კურდღელია დარჩებოდა პირველ ტურში თავისი ინდური ცეკვით, ალბათ გეგას, მაიას და ნიკას სახლში “Best of the Indian Movies DVD” დისკს გაუგზავნიდა და შიმშილობას გამოაცხადებდა, მანამ სანამ სამივე მათგანი ზედმიწევნით არ ისწავლიდა თითეული ცეკვის ილეთს.

გივი მაღრაძის და მისი გუნდის წევრების ნახევარფინალში არ გადასვლა ყველაზე მეტად ჟულიენ შერს გაუხარდებოდა, რადგან იამაკასის მესამე სერიისთვის დუბლიორებს ეძებს და სწორედ მათ დაადგა თვალი, თუმცა ახლა მას ცოტა ლოდინი მოუწევს, მანამ სანამ ისინი პროექტში იქნებიან.

ესეც სრულიად შეუსაბამო ფოტო : )

მხოლოდ პირველ ტურში რომ ჩარჩენილიყო ანა ხანჩალიანი, საქართველოს ოპოზიცია ბრიფინგს გამართავდა სახელწოდებით “როგორ ვებრძოლოთ ეროვნული ჩაგვრის საკითხს?”

ჯგუფ “იავნანას” არ გადაყვანის შემთხვევაში ნიკა გეგაზე და მაიაზე გაიბუტებოდა, “რა იყოთ, ერთი ვერ გამისწორეთ? :(“-ო.

კორნელი მაისაშვილს კი მხოლოდ ერთი შეკითხვა გაუჩნდებოდა: “ხისთავიანი ვარ და მეტი რა მექნა?”.

და ალბათ გაინტერესებთ, თუ რა მოხდებოდა, ნინო ჯავახიშვილის შემთხვევაშიც? ამ შემთხვევაში “მმკ” სამადლობელ წერილს გააგზავნიდა რუსთავი 2-ის ოფისში შინაარსით: “დიდი მადლობა, რომ გონს მოეგეთ და აღარ ყრვნით ჩვენს თაობებს! “:D

მოკლედ სულ ეს იყო, იმედი მაქვს კონკურსანტებმა და მათთმა გულშემატკივრებმა ეს ყოველივე გულთან ახლოს არ მიიტანეს, რადგან ზემოხსნებული კონტენტი მხოლოდ ხუმრობის მიზნით იქნა შექმნილი და არ ითვალისწინებდა ვინმეს შეურაცხყოფას! პატივისცემით, თქევნი მონა-მორჩილი ლანდიშა : )

და თქვენ რას ფიქრობთ? რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ კი თქვენი ფავორიტი ვერ გადავიდოდა ნახევარფინალში, ან ვერ გადავიდა და რა მოხდებოდა, თუ კი გადავიდოდა? მოდით, “ვიმკითხაოთ” :)

21 February

მესამე კვირა, სტატისტიკა

”ნიჭიერის” ეთერში გამოჩენიდან უკვე სამი კვირა მიიწურა და ჩვენი მესამე,
სტატისტიკის შემაჯამებელი პოსტის დროც დადგა.

ამ კვირის სტატისტიკის მიმოხილვას ამაყად ვიწყებთ. დაფიქსირდა პირველი მილიონი ”ნიჭიერის” სტატისტიკაში – myvideo-ს ”ნიჭიერის” არხზე განთავსებული ვიდეოები 1 057 000-ჯერ იხილეს! ეს ერთი და სხვა მრავალი. :)

Myvideo-ს მუსიკის განყოფილების ყველა დროის პოპულარული ვიდეოების ათეულში ”ნიჭიერის” 4 ვიდეო მოხვდა – გულნაზი გოლეთიანი პირველ ადგილს იკავებს, მარიამ კახელიშვილიმესამეს, New styleმეხუთეს და სოფოსა და ლევანის დუეტი კი – მეათეს.

Myvideo-ს კვირის რჩეულებში კი დათო რობაქიძის ნომერი მოხვდა, რომელიც 41 800-ჯერ იხილეს.

ჩვენი ბლოგი 230 900-მა უნიკალურმა სტუმარმა მოინახულა, დაიწერა 7 280 კომენტარი. ძირითადად აქტიურებენ new style-სა და next level-ის მხარდაჭერები, ასევე ერთმანეთს ებრძვიან აკა&გვანცას და სოფო&ლევანის გულშემატკივრები. ნატა მესხი კი სოლოში იბრძვის.

ფეისბუქზე 6 641 მხარდამჭერი გვყავს, რომლებიც აქტიურობენ, გვიზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს და საინტერესო ლინკებს, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მათ. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი გვერდის წევრი – აუცილებლად გაწევრიანდით.

”ნიჭიერის” მეოთხე ეპიზოდამდე ერთი დღე რჩება. ძალიან მალე, ახალი გმირები მხოლოდ რუსთავი2-ზე, ორშაბათს, საღამოს 10 საათზე და მოგვიანებით უკვე – ჩვენს ბლოგზე – www.nichieri.ge.

14 February

მეორე კვირა, სტატისტიკა

”ნიჭიერის” ეთერში გამოჩენიდან უკვე ორი კვირა მიიწურა და ჩვენი მეორე,
სტატისტიკის შემაჯამებელი პოსტის დროც დადგა.
წინა კვირის შემაჯამებელი პოსტის ხილვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

ამ დროისთვის ბლოგზე დაფიქსირდა 164 800 უნიკალური მომხმარებელი, ხოლო კომენტარების რიცხვმა 4 200-ს გადააჭარბა.

მაივიდეოზე ნიჭიერის გვერდი კვლავ რეკორდებს ხსნის. მაივიდეოსა და ნიჭიერის პარტნიორობა ორივესთვის ხელსაყრელი გამოდგა – ნიჭიერის გვერდზე განთავსებული ვიდეოების ჯამურმა ხილვებმა 644 200-ს მიაღწია, თავად მაივიდეოზე კი უნიკალური მომხმარებლების რიცხვი ბოლო პერიოდში 25%-ით გაიზარდა.

გულნაზი გოლეთიანის მეორე ადგილს წამოეწია მარიამ კახელიშვილის ვიდეო, რომელიც მესამე ადგილს იკავებს. პირველ რიგებშია ასევე new style და სოფო პეტრიაშვილისა და ლევან გელაშვილის დუეტი. გულნაზი გოლეთიანის ვიდეო სულ 101 000-ჯერ იხილეს, ხოლო მარიამ კახელიშვილის 84 800-ჯერ.

გეგა ფალავანდიშვილისადმი სიყვარულის ამხსნელთა რიცხვი კვლავ იმატებს, თუ წინა კვირაში 13-მა გოგონამ გამოხატა მისდამი ინტერესი, დღეისთვის უკვე ფეისბუქზე გვერდიც გაიხსნა და მასში 55 მდედრი გამოხატავს გეგასადმი სიყვარულს.

მაია ასათიანით დაინტერესდა 1 (ერთი) ადამიანი, ხოლო ვინმე ჟანამ ორი ადამიანის გულის მოგება შეძლო.

ფეისბუქზე უკვე 6 086 მხარდამჭერი გვყავს, რომლებიც აქტიურობენ, გვიზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს და საინტერესო ლინკებს, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მათ.

”ნიჭიერის” მესამე ეპიზოდამდე სულ ცოტა დრო – 22 საათი რჩება. ძალიან მალე, ახალი გმირები და ახალი კურიოზები მხოლოდ რუსთავი2-ზე, ორშაბათს, საღამოს 10 საათზე და მოგვიანებით უკვე – ჩვენს ბლოგზე – www.nichieri.ge.

7 February

პირველი კვირა, სტატისტიკა

ორშაბათს, 1 თებერვალს რუსთავი2-ზე პირველად გავიდა “ნიჭიერი” და არამხოლოდ ტელეეთერი,
არამედ ინტერნეტიც შტურმით აიღო.

სანამ მეორე გადაცემას ველოდებით, ამ კვირის სტატისტიკის შემაჯამებელ პოსტს გთავაზობთ:

ინტერნეტ-ნიჭიერის კონკურსისთვის პირველი კვირის მანძილზე 10 ვიდეო მივიღეთ. აუცილებლად გამოგზავნეთ თქვენი ნიჭის ამსახველი ვიდეოები, მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ აიპოდი!

ეს ბლოგი უკვე 95 300-მა ადამიანმა მოინახულა, საკუთარი აზრის კომენტარის სახით დაფიქსირება კი 1900-ჯერ მოისურვეს.

მაივიდეოზე, ნიჭიერის არხზე ვიდეოების ჯამური ხილვა 274 000-ს აჭარბებს!

ფეისბუქზე ჩვენ უკვე 5 050 მხარდამჭერი გვყავს. აუცილებლად შემოგვიერთდით თქვენც!

კვირის სამი ყველაზე პოპულარული “ნიჭიერი” – გულნაზი გოლეთიანი, New Style და ლევან გელაშვილისა და სოფო პეტრიაშვილის წყვილია. გულნაზის ვიდეო Myvideo-ზე მუსიკის განყოფილებაში ყველა დროის პოპულარულ ვიდეოებს შორის საპატიო მეორე ადგილს იკავებს. ყველაზე მეტი გამოხმაურებაც სწორედ მის ნომერს მოჰყვა – მაივიდეოზე, იუთუბზე, ფორუმებსა თუ ამ ბლოგზე.

გულნაზის ვიდეო myvideo-ზე 76 400-მა ადამიანმა იხილა. სამწუხაროდ, დაღვრილი ცრემლების რაოდენობის აღრიცხვა შეუძლებელია. New Style-ს ნომერს  30 400 ხილვა ერგო, ლევანისა და სოფოს ცეკვა კი 18 500-მა ადამიანმა შეაფასა.

გეგა ფალავანდიშვილს სიყვარული აუხსნა 13-მა გოგონამ. ნიკა მემანიშვილის დიეტით დაინტერესდა 9 ადამიანი.

ხვალ, საღამოს 10 საათზე რუსთავი2-ზე “ნიჭიერის” მეორე გადაცემაა. ველოდებით:

P.S.: აქვე დიდ მადლობას ვუხდით თეკას, იგივე თეიმურაზს, რომელმაც ქართულ ვიკიპედიაში “ნიჭიერის” გვერდი შექმნა.

5 February

ვერ დაიჭირავს ნიჭსაო, გზა ვიწრო – ვერცა კლდოვანი

საბა, ბლოგერი fazanda.wordpress.com-იდან

როგორც უკვე იცით, ჩემამდე არაერთხელ დაწერეს და თქვენც ალბათ ნახეთ, ორშაბათს გავიდა ჩვენი პირველი გადაცემა. უნდა აღვნიშნო, რომ მოლოდინს არ გადაუჭარბებია – მე ყოველთვის მჯეროდა თქვენი… ქართველები ნიჭიერები რომ ვართ, ამას დიდი მოლოდინი არ უნდა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ გულწრფელად მჯერა გამონათქვამის: ”რაც კარგები ვართ – ქართველები ვართ,” არა! უბრალოდ ჩვენც ისეთივე ადამიანები ვართ, როგორებიც დანარჩენ მსოფლიოში არიან – შესაბამისად არც ვინმეზე მეტად ნიჭიერები ვართ და არც – ნაკლებად.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ჩემს შთაბეჭდილებებს:

New Style – უნდა აღინიშნოს, რომ მართლა ძალიან ნიჭიერები არიან. თუმცა მათი გამოსვლა რეალში უფრო სანახაობრივი და ეფექტური იყო. ტელევიზორში რომ ვუყურე, ასე მეგონა რაღაც სხვა ჯგუფი გამოდიოდა – ეს ალბათ მონტაჟის ბრალია, ვერ იყო კარგად… ჩემი აზრით. ძალიან გასახარია, რომ ამის მიუხედავად ბავშვებმა ძალიან მაღალი შეფასება მიიღეს ტელემაყურებლებისგან – ახლა წარმოიდგინეთ რა სანახაობა იქნებოდა მათი ლაივში ცქერა.  ჩემგან დიდი კი ”ნიუ სთაილს”

გულნაზი გოლეთიანი – სიმართლე რომ გითხრათ თავიდან დიდად არ მომეწონა მისი ხმა. ძალიან სუსტი მეჩვენა – მაგრამ მისამღერზე რომ მიდგა საქმე… არ გადავაჭარბებ და ვიტყვი, რომ ყელში ბურთიც გამეჩხირა! დასაწყისში მისი სისუსტე ალბათ ნერვიულობის ბრალი იყო, მითუმეტეს ქალბატონ გულნაზის მანამდე არ უცდია სასიმღერო კარიერაში ბედი – განსხვავებით სუზან ბოილისგან, რომელსაც ახალგაზრდობაში დისკიც აქვს გამოშვებული და კლუბშიც მღეროდა. მითუმეტეს უელსში (თუ არ ვცდები, უელსიდან იყო ბოილი)  და საქართველოში (განსაკუთრებით კი მაღალმთიან რაიონში)  სოფელში ცხოვრება ძალიან გასნხვავდება ერთმანეთისგან. შესაბამისად (გულწრფელი ვარ როცა ამას ვამბობ), ჩემი პატივისცემის უფრო დიდი დოზა ქალბატონ გულნაზს ეკუთვნის. მართალია ის, რომ იყო რამდენიმე მსგავსება სუზენ ბოილის და გულნაზ გოლეთიანის სიუჟეტებში, სუზანიც რაღაცას მიირთმევდა ლოდინის დროს, ისიც უკან მოაბრუნა ჟიურიმ და ა.შ. ეს შეიძლება დამთხვევაა, შეიძლება სპეციალურად დადგმული, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ჯერ ერთი ეს არის შოუ და მის შემქმნელებს ხანდახან უმართლებთ და ასეთი დამთხვევები ხდება, ხანდახან კი დადგმაც უწევთ. მთავარი აქ ქალბატონი გულნაზის მიერ გამოვლენილი ნიჭია.

ირაკლი ძამუკაშვილი – ”ნიჭიერის” ეტალონად, პირადად მე, ამ გადაცემის ბრიტანული ანალოგი მაქვს აღებული – განსაკუთრებით კი ჟიურის საკითხში. ამ მონაწილეს საიმონი (რომელიც ფუნქციაც წესით გეგამ უნდა იტვირთოს) არ გაუშვებდა და პირველივე აკორდზე გააწითლებდა.

აი ასე მოექცეოდნენ მას. საიმონი ქოუელი მე ძალიან მომწონს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხშირად ზედმეტად სერიოზულად უდგება საქმეს. ძამუკაშვილის გამოსვლის შესახებ ადრეც ვიცოდი და მეგონა, გეგა იქნებოდა პირველი, ვინც მას გააწითლებდა, შესაბამისად საიმონის პროტოტიპის როლს კარგად შეასრულებდა. თუმცა მან ეს არ ქნა და ძალიან გამიხარდა. აქ დავინახე და დავრწმუნდი, რომ ყველაფრის ხელოვნურად გადმოკოპირება არ შეიძლება და ინდივიდუალიზმი ძალიან კარგი რამეა – განსაკუთრებით კი ამ შოუში. აქვე აღვნიშნავ, რომ ჟიურითი (ჩემდა გასაკვირად, მაია ასათიანითაც კი) კმაყოფილი ვარ. ისე, ჟიურიზე ჩასაფრებული ვარ და როგორც კი რამე არ მომეწონება – ეგრევე ”გადავუვლი” :))))) საქმე ისაა, რომ ჟიური ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია შოუსი და ცუდი ჟიური ნიშნავს ცუდ შოუს :)

ახლა რაც შეეხება წამყვანებს – მოკლედ და კონკრეტულად: კარგები არიან!

3 February

პირველი შოუ, პირველი შთაბეჭდილებები

პიკოლინა, ბლოგერი piccolina.ge-დან

სანამ პირველი გადაცემა გავიდოდა, ყველას ჰქონდა რაღაც მოლოდინები და წარმოდგენები პროექტთან დაკავშირებით. სულ თავიდან “ა ტალანტი” გაახსენდა ბევრს (მათ შორის მეც). ეგ გადაცემა გახსოვთ? “ა ტალანტი” რომ ერქვა და არც ერთი ტალანტი იქ არ მიდიოდა, ნუ თუ უნიჭობის წარმოჩენის გამბედაობას ტალანტს არ დავარქმევთ.

ვისაც უცხოური პროექტი, Got Talent  ჰქონდა ნანახი, განიხილავდნენ ნანახს და რაღაც მოლოდინები უჩნდებოდათ. ოპტიმისტურ ვარიანტში ამბობდნენ, კარგია, რომ აქაც აკეთებენო, პესიმისტურში – ქართველები მაინც ყველაფერს ვაფუჭებთ, არაფერი მაგისგან არ გამოვაო, მაგრამ მაინც ყველა ელოდებოდა ;))) პრინციპში, რა განწყობაც დაწყებამდე იყო, უმრავლესობას იგივე დარჩა პირველი შოუს შემდეგაც.

რა მოხდა პირველი გადაცემის გასვლის შემდეგ? ფორუმებზე, ბლოგებზე და სოციალურ ქსელებში დაიდო რევიუები. ძირითადად არა მართლა განხილვა, არამედ შედარება: “აი, ბრიტანულში ეს ასე იყო და აქ კიდევ ასეა” ან “ამერიკულში რომ ასე იყო, აქაც ზუსტად გადმოიღეს, ფანტაზია აკლიათ”. მოკლედ, როგორც ბებიაჩემი იტყოდა ენას ძვალი არ აქვსო, ანუ ჭორებს რა გამოლევს :)

პირველ რიგში დაიწყეს, გულნაზი გოლეთიანი რომ გამოიყვანეს, სიუზან ბოილის კოპირება უნდოდათო. არადა ეს ქალი კარგად მღერის, ანუ შესაბამისად ამ ფაქტს ვერ დააიგნორებდნენ. ძროხებს უვლის, ანუ ვერ იტყოდნენ რაღაც კომპანიის მენეჯერიაო. ხოდა რაღა გინდათ? სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან რომ დავინახე გულნაზი თავისი ხაჭაპურებით, ეგრევე ვიფიქრე, დასაცინად არის ეს ქალი განწირული და მასთან ერთად მისი შვილებიც-მეთქი, მაგრამ გამაოცა :))

რაც შეეხება ჟიურის. მაია ასათიანმა სასიამოვნოდ გამაკვირვა ბევრად უარესს ველოდი მისი “პროფილის” შემდეგ. ნიკას რაც შეეხება, ჯეოსტარში მყავდა ნანახი, იქ რომ ვუყურებდი უფრო მკაცრი იყო, აქ კიდევ, მეგონა სხვა ტიპია-მეთქი. გეგას და მაიას რომ გაებუსხა პატარა ბავშვივით ძალიან საყვარელი იყო.  ასე მგონია, რომ ჯეოსტარის ჟიურიში სხვა ნიკა იჯდა. გეგაზე ვერაფერს ვიტყვი, ნამეტანი სიმპატიურია :) მაგრამ საშინლად გამაღიზიანა ერთმანეთის ღილაკებზე ხელის დაჭერამ – რა იცი, იქნებ ყველა შენს აზრს არ იზიარებს.

წამყვანებზე არაფერს ვამბობ – შეხვედრისას ვანიკომ ყავის შემოთავაზებთ მოგვთაფლა და უზრდელი ხომ არ ვარ, ამის მერე რომ ცუდი დავწერო მათზე. თიკას ყავა არ შემოუთავაზებია, მარა სანდომიანი ღიმილი აქვს და არც მაგაზე ვწერ არაფერს.

მონაწილეებს და მათ შერჩევას რაც შეეხება, არ მომეწონა, რომ “მაჩუქე ღიმილი” გავიდა და ის ტიპი, ფეხებს რომ კისერზე იდებდა დააიგნორეს, ან ის, მანქანას რომ აჩერებდა ხელით. ან კოკოლის რას ერჩოდნენ, 4 თვეა ის კაცი ყლაპავს და უკან უშვებს იმ საწყალ კოკოლის და ამათ ახლა დაიცვეს? :))) მაგრამ მეორე რაღაცა უნდა ვაღიარო, “მაჩუქე ღიმილი” უფრო მეტ რეიტინგს მოუტანს გადაცემას, ვიდრე რეზინის კაცი. იმიტომ რომ ხალხს მარტო გაკვირვება კი არა, გაცინებაც უნდა. რეზინის კაცით ვერავის გააკვირვებ, მანქანის გაჩერება არც საინტერესოა და არც სახალისო, აი დაკარგული სიყვარულისთვის უნიჭოდ მომღერალი ტიპი კი რაღაც სხვაა. ისევე გაართობს ხალხს, როგორც თავის დროზე “კოხორა” და “დშნ დნნ” ართობდნენ, ეს სჭირდება მაყურებელს.

პოსტის დამთავრებამდე არ შემიძლია არ აღვნიშნო ფავორიტი. კაცი, რომელმაც ყველას გადაუჯოკრა მარტო ერთი ფრაზით “დაკა ბიჭოოოო, დაკააა”, ანუ ვასილ ხაჩიძე. აუცილებლად შეამჩნევდით, რაღაცნაირი გამოხედვა და მიმიკები ჰქონდა და ლაპარაკი კიდევ :)) უბრალოდ რომ აგურები გადაემტვრია, ალბათ არ ვუგულშემატკივრებდი, მაგრამ მისმა ტიპაჟმა მომხიბლა. ერთადერთი არ არის, ვინც მსგავს რაღაცას გააკეთებს, მაგრამ ერთადერთია, ვინც ეგრე გააკეთებს:

დაკა, ბიჭოოოო, დაკაააა!

გკოცნით, გეხვევით, ბლოგერი პიკოლინა

2 February

პირველი შთაბეჭდილებები

თინი, ბლოგერი tiny.ge-დან

გამარჯობა, მკითხველებო, მე თინი ვარ და  ეს ჩემი პირველი პოსტია “ნიჭიერი’-ს ბლოგისთვის. ამიერიდან, ყოველ სამშაბათს  შევხვდებით ხოლმე :)

გუშინ პირველი გადაცემა გავიდა ეთერში, როგორც იქნა! სიმართლე გითხრათ, უკვე რამდენიმე დღეა, რაც ჩემთვის საათმა “ნიჭიერი”-ს მიმართულებით დაიწყო ბრუნვა. შეიძლება სწორედ ამის გამო მეგონა, რომ ყველა ჩემსავით ელოდებოდა პირველ გადაცემას  და პირველ შთაბეჭდილებებს. სხვების სახელით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ინტერნეტ სამყარო კი მართლა დღეებს, საათებს და წუთებს ითვლიდა  დაწყებამდე..

რამდენიმე საათით ადრე გაირკვა, რომ უნდა წავსულიყავი კლუბ “კაშე”-ში, სადაც   შოუს შემქმნელები, პროდიუსერები, ჟიური, წამყვანები და ა.შ. იკრიბებოდნენ, რომ იქ ეყურებინათ პირველი გადაცემისთვის.  ბევრ მათგანს უკვე ნანახი ქონდა გადაცემის საბოლოო სახე, მაგრამ ასეთ სიტუაციაში მეტი ემოცია იქნებოდა.

დაწყებამდე ყველას ეტყობოდა თან სიხარული და თან თითქოს დაძაბულობაც. ერთი სული ქონდათ როდის დაინახავდნენ პირველ კადრებს. იქამდე კი ერთად “უმკლავდებოდნენ” ლოდინს:

თიკა ფაცაცია

თიკა და ვანიკო

გეგა ფალავანდიშვილი და მაია ასათიანი

გადაცემის პირველივე კადრებს ხმაურიანი ოვაციები მოყვა- ტაში, ყვირილი, შეძახილები… კლუბის სიტუაციაში, ხალხმრავლობაში იმიტომაც იყო კარგი ყურება, უფრო გამოხატავ ემოციებს.

რადგან პირველი  იყო, მოდი ზოგადად ვიტყვი აზრს შოუს სხვადასხვა ასპექტზე პირველად შთაბეჭდილებას. ალბათ ყველას ამ ერთი გადაცემით შეგვექმნა წარმოდგენა ჟიურიზე, წამყვანებზე..

წამყვანები:

შოუს ფორმატი ისეთია, რომ წამყვანების ტექსტი, ემოციები, წინასწარ არ არის გათვლილი. იმ მომენტში ხდება ყველაფერი და მე თამამად შემიძლია ვთქვა – თიკამ და ვანიკომ ძალიან კარგად გაართვეს თავი! არიან საკმარისად ემოციურები, არც მეტი და არც ნაკლები. კარგი წამყვანური წყვილია, შეიძლება ფორმატის დამსახურებაც არის, მაგრამ ძალიან დიდი ხანია ქართულ ტელესივრცეში ასე არ მომწონებია შოუს  წამყვანები.

ერთ-ერთი კადრი გადაცემიდან

ჟიური:

ჟიურის  როლი ძალიან დიდია ამ პროექტის ყველა ანალოგში. ხშირად, მხოლოდ მათი რეაქციების სანახავად უყურებს მაყურებელი შოუს. ამ მხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად გულუხვობა გამოჩინეს გეგამ, მაიამ და ნიკამ. სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა ამრეზით ვუყურებდ ჟიურის ამ შემადგენლობას, მაგრამ გადაცემის ყურების დროს მივხვდი, რომ ყველაფერი სწორად იყო შერჩეული.  განსაკუთრებით ვხალისობდი ნიკა მემანიშვილის რეაქციაზე, როცა “ღიმილი მაჩუქე კარგო”-ს ყურების დროს გაბრაზდა და გაებუტა გეგას და მაიას – რატომ გადაიყვანეთ მეორე ტურშიო (ისე, სიმართლე გითხრათ მეც არ მომეწონა, რომ მეორე ტურში გადაიყვანეს. კი, სახალისო იყო, მაგრამ სა-მეორეტურო – ნამდვილად არა).

ჟიურის ემოციები

მონაწილეები:

აღიარეთ,  რამდენმა თქვენგანმა სცადა მუშტის პირში ჩადება მარიამ გუჯაბიძის გამოსვლის  დროს? თქვენი არ ვიცი, ესენი კი ნამდვილად გულდასმით ცდილობდნენ :

მცდელობები:)

ყველაზე დიდი ემოცია ჟიურიშიც და ჩემში პირადად, new style-მ და გულნაზი გოლეთიანმა გამოიწვიეს. რამდენჯერ ვუყურე უკვე მათ ვიდეოებს, არც კი ვიცი. უდავო ფავორიტები იყვნენ ამ გადაცემის!

განსაკუთრებული აჟიოტაჟი ინტერნეტში გულნაზი გოლეთიანმა გამოიწვია. მას უკვე “ქართველ სუზან ბოილს” ეძახიან. სუზან ბოილი ალბათ ყველამ იცით, “ნიჭიერი”-ს ბრიტანული ანალოგის, britain’s got talent-ის ერთ-ერთი მონაწილე იყო, რომელმაც თავიდან ზუსტად ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჟიურიზე, როგორიც გულნაზი გოლეთიანმა. ვერავის ვერ წარმოედგინა, რომ ეს ქალი ასეთი შესაძლებლობების მქონე იქნებოდა.  ნიკა მემანიშვილმა თქვა – მოსმენის დროს, გინდებოდა გეტირაო. მეც ძალიან ამიჩუყდა გული, მართლა საოცარი ხმა აქვს.

გულნაზი გოლეთიანი

ატირებული თიკა ფაცაცია, გულნაზის სიმღერის დროს..

განსაკუთრებული შემთხვევა:

“ნიჭიერი”-ს ოფისში რომ მივედით პირველად ბლოგერები, თვალში მომხვდა ერთ-ერთი “ჩანიშვნების დაფა”:

კოკოლი არ გადავაყლაპოთ!!!

კოკოლი არ გადავაყლაპოთ – ამ წარწერის არსს გუშინ მივხვდი :D ძალიან დავიძაბე რამაზ კუხალაშვილმა რომ აკვარიუმში ხელი ჩაყო და თევზის დაჭერა მოინდომა.  საბედნიეროდ, გეგამ გადაარჩინა საწყალი კოკოლი და არ აცადა შეჭმა..

ფავორიტი კადრი გადაცემიდან:

ინტერვიუ კოკოლისთან

თქვენი არ ვიცი და მე ერთი სული მაქვს, როდის გავა ეთერში მეორე გადაცემა, ერთი კვირა მომიწევს ლოდინი… სამაგიეროდ, იქამდე შეგვიძლია ვიდეოებს ვუყუროთ და ვიკითხოთ პოსტები ამ ბლოგზე :) მომავალ სამშაბათამდე..

2 February

გულნაზი გოლეთიანი

გულნაზი გოლეთიანი ცაგერიდან: