12 April

”თქვენ ვერ გადახვედით შემდეგ ტურში” – მეოთხე გადაცემა

ნიჭიერის  მესამე სეზონის მეოთხე კვირის გადაცემა ძალიან საინტერესო გამოდგა. მასზე ბევრი, სხვა და სხვა სახის ნომერი იყო წარმოდგენილი. კონკურსანტების ნაწილს მიეცა შანსი, მონაწილეობა შემდეგ ტურში გაეგრძელებინათ, ზოგი კი კონკურსს მიღმა დარჩა. მოდი გავიხსენოთ ისინი, ვინც ჟიურის მოწონება ვერ დაიმსახურა.

მამუკა ტორონჯაძე

48 წლის მამუკა ნიჭიერში ინგლისური გაზეთით და თავისი დაწერილი სიმღერით მოვიდა.  როგორც თავად თქვა, დიდ ბრიტანეთში ცხოვრებისას, ის საკმაო პოპულარობით სარგებლობდა და ამის დამამტკიცებლად, სწორედ ზემოთნახსენები გაზეთის სტატია მოიტანა.

სცენაზე მამუკა ორი მოკლეკაბიანი გოგოს და თოვლის ბაბუის თანხლებით გავიდა. როგორც აღმოჩნდა, მის ნომერში, სხვა ღირშესანიშნავი არაფერი იყო. პრიმიტიული მელოდია და კიდევ უფრო მარტივი ტექსტი, არც ვოკალი აღმოჩნდა რამით გამორჩეული. არ ვიცი, რა მოსწონდათ მამუკას მუსიკაში დიდ ბრიტანეთში, მაგრამ ნიჭიერის შემდეგ ეტაპზე მისი მოსმენის სურვილი მეეჭვება ბევრ ადამიანს დარჩენოდა.

მერაბ ჯაფარიძე

”მღერით, მერაბ?”  - ვანიკო

 

არის თუ  არა ფეხბურთის კარგად თამაში ნიჭი? მგონია, რომ ნადმვილად არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაში უხდიან ცნობილ ფეხბურთელებს მილიონებს? არის თუ არა ფეხბურთის კარგად თამაში ის ნიჭი, რომლის გამოტანაც ნიჭიერის შოუში შეიძლება? არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ მინახავს ისეთი ნომერი, რომელიც ფეხბურთისა და ნიჭიერის შეთავსებადობაზე იმეტყველებდა. სამწუხაროდ, მერაბ ჯაფარიძე, არ იყო ამ შემთხვევაში გამონაკლისი.
მერაბმა ჟიურის თავი სიცილით უფრო დაამახსოვრა, ვიდრე გამოსვლით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პენალტი ზუსტად გაიტანა, ჟიურის წევრებისგან მაინც უარი მიიღო. იმედი მაქვს, რომ კასტინგებზე, მერაბი, რომელიმე საფეხბურთო გუნდმა შეამჩნია და არ დაკარგავს ასეთ მოთამაშეს.

რენო ხურცილავა

”- ტოტო კუტუნიოს შევასრულებ ახლა, მაგრამ ტექსტი დამავიწყდა
- იტალიურად არის?
- ხო, ხო, იტალიურად
- არაუშავს, ვერ მივხვდებით.”

რენო ხურცილავა ნიჭიერში ასევე სიმღერის შესასრულებლად მოვიდა. როგორც თვითონ თქვა, დიდი ხანია ტოტო კუტუნიო უყვარს და სწორედ მისი სიმღერის შესრულებას გეგმავდა რუსთაველის თეატრის სცენაზე.

სამწუხაროდ, რენო გამოსვლისთვის არასაკმარისად მომზადებული მოვიდა. ტექსტები არ იცოდა, მუსიკა მოტანილი არ ჰქონდა, მისი გამოსვლაც არაფრით გამოირჩეოდა. არადა, დავეთანხმები სოფოს, სმენაც ჰქონდა და კუტუნიოს ”სტილის” ხმაც. მოკლედ,  თუკი შემდეგი სეზონისთვის, რენო, თავის ნიჭს შესაბამის შეფუთვასაც მისცემს, მე ვფიქრობ, ბევრად მეტი შანსი ექნება.

სილვა ხითარიშვილი

”Это не мой профиль”

როგორც წესი, პარანორმალურ ნომრებს, ნიჭიერის სცენაზე არასოდეს უმართლებთ. არ ვიცი, შოუს აურაა ასეთი, თუ სცენას ჯადო აქვს გაკეთებული, მაგრამ ფაქტი ჯიუტია.
წინასწარმეტყველმა და ნათელმხილველმა სილვამ, თავიდანვე განუცხადა ჟიურის, ”შემდეგ ტურში ვერ გადავალო”. გაგიკვირდებათ და მისი წინასწარმეტყველება შედგა, რასაც სილვას ნომერზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. თიკას დამალული ბეჭედი, სილვამ ვერ იპოვა და გადასვლაზე უარიც მიიღო.
საკითხავი მხოლოდ ის რჩება, რატომ გამოვიდა სილვა ხითარიშვილი ნიჭიერის სცენაზე, თუკი წინასწარ იცოდა, რომ წარუმატებლობა ელოდა წინ”

როლანდ – სოსო ციმინტია

”ათ ენაზე ვისწავლე – ზოგი კარგად, ზოგი ცუდად, მაგრამ მაინც ვისწავლე!”
”ყანის ინტელიგენტი ვარ, არა ასფალტის”
”ვოთ იზ ზის ბოდიალე?” – ვანიკო

ბატონი როლანდი ნამდვილად გამოირჩევა ბევრი ადამიანისგან იმით, რომ თავისი ასაკისა და საქმიანობის მიუხედავად, სწავლის სურვილი არ დაუკარგავს. 65 წლის ასაკში ”ავად თუ კარგად”  ათამდე ენა აქვს ნასწავლი. თუმცა ”ზოგი კარგად, ზოგი ცუდად” ნასწავლი ენა საკმარისი არ აღმოჩნდა, შოუს შემდეგ ტურში გადასასვლელად. რაც გასაკვირი არაა. ბატონი როლანდი ტექსტებს (სავარაუდოდ ლექსებს) ზედმეტად სწრაფად და თანაც ძალიან გაუგებრად კითხულობდა. მისი ნომერი არ იყო სასიამოვნოდ მოსასმენი და მითუმეტეს სანახაობრივისგან ძალიან შორს იყო.  თუმცა, ამ ყველაფრის ახსნა, პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა თავად კონკურსანტისთვის,  კულისებში მან ჟიური უცოდინრობაში და ახალგაზრდობისთვის ცუდი მაგალითის მიცემაში დაადანაშაულა, წასვლისას კი, საყვედურებს გინებაც დააყოლა.

 

დაველოდოთ შემდეგ გადაცემას, რომელიც ძალიან სკანდალური იქნება და სავარაუდოდ ბევრი, საინტერესო მონაწილე ეყოლება.

კომენტარები

კომენტარი

კომენტარის დამატება