რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გამოჩნდა “ნიჭიერის” ერთ-ერთი საეთეროდ გამზადებული ვიდეო. გავრცელდა ჭორი, თითქოს რუსთავი2-ის სერვერი გატეხეს და ვიდეო იქიდანაა მოპარული.
ვიდეო მართლა მოპარულია, გაურკვეველია საიდან, თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია, რომ რუსთავი2-ის სერვერი არავის გაუტეხავს.
შეგახსენებთ, რომ “ნიჭიერის” ეთერში გასვლამდე სულ რაღაც 5 დღე რჩება. გადაცემის დასრულების შემდეგ ამ ბლოგზე აუცილებლად დაიდება ხოლმე გამომსვლელების ნომრები, ასე რომ, ზედმეტად ცნობისმოყვარე “სერვერების მტეხავნო” – რა აზრი აქვს იმის მოპარვას, რასაც ისედაც უფასოდ ავრცელებენ.
პოპულარული გადაცემის, “პროფილის” ავტორი და წამყვანი მაია ასათიანი
ეროვნული მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა მემანიშვილი
რუსთავი2-ის მარკეტინგისა და პროგრამების მენეჯერი გეგა ფალავანდიშვილი
პრიზი:
ბინა თბილისის პრესტიჟულ უბანში, კომპლექს DreamTown-ში.
შოუს შესახებ
Got Talent ფრენჩაიზი ბრიტანული ტელეფორმატია, რომელიც სიმონ კოუელის კომპანია SIYO-მ შეიმუშავა. დღესდღეობით შოუ 30-ზე მეტ ქვეყანაში გადის. 2010 წლის პირველი თებერვლიდან კი ამ ქვეყნების სიას საქართველოც შეემატება – შოუს ჩვენთან “ნიჭიერი” ჰქვია.
“ნიჭიერის” შესარჩევი კასტინგი საქართველოს 24 ქალაქში ჩატარდა და მონაწილეობა დაახლოებით 7 ათასმა ადამიანმა მიიღო.
შოუში არ არის ასაკობრივი შეზღუდვა – “ნიჭიერის” ყველაზე პატარა მონაწილე – 3 წლის, ხოლო ყველაზე ასაკოვანი – 86 წლისაა.
“ნიჭიერი” ერთადერთი შოუა, სადაც კასტინგებს ესწრება ცოცხალი აუდიტორია.
პირველი ეტაპი
მონაწილე წარსდგება დარბაზისა და ჟიურის წინაშე. ნომრის მიმდინარეობისას ჟიურის წევრებს შეუძლიათ გამოხატონ უკმაყოფილება და დააჭირონ წითელ იქსს. თუ სამივე იქსი წითლად აინთო, ამ შემთხვევაში ნომერი წყდება.
ჟიური მონაწილეს აფასებს ერთი სიტყვით: “კი” ან “არა”. შემდეგ ტურში გადასასვლელად მონაწილემ უნდა მიიღოს ორი ან სამი “კი”.
მეორე ეტაპი
პირველი ტურის დასრულების შემდეგ ჟიურის სამივე წევრი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად იკრიბება. ისინი კიდევ ერთხელ გადახედავენ იმ კონკურსანტებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს პირველი ტური და გადაწყვეტენ, იმსახურებს თუ არა ესა თუ ის მონაწილე ნახევარფინალში მოხვედრას.
ნახევარ-ფინალი
“ნიჭიერის” 5 ნახევარ-ფინალი კონცერტის სახით გადაიცემა პირდაპირ ეთერში. თითო ნახევარ-ფინალიდან ფინალში გადადის ორი მონაწილე: ერთი ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს კონკურსის მსვლელობისას, ხოლო მეორე ფინალისტს ჟიური შეარჩევს.
ფინალი
ნახევარ-ფინალებში გამარჯვებული 10 კონკურსანტი ერთმანეთს ფინალურ კონცერტზე შეხვდება. ამჯერად მათი ბედი მთლიანად მაყურებლის ხელთაა – “ნიჭიერის” გამარჯვებული და ბინის მფლობელი ის მონაწილე გახდება, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.
როდესაც გავიგე, რომ რუსთავი 2 საერთაშორისო პროექტ ”Got Talent”-ს უერთდებოდა, ძალიან გამიხარდა. ამ გადაცემის ბრიტანული ვერსიის დიდი ფანი ვარ პირველივე სეზონიდან, რომელიც 2007 წელს დაიწყო.
გადაცემა ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და სახალისოა. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია; ძალიან ბევრისთვის ეს არის შანსი აიხდინოს ოცნება, გამოავლინოს თავისი ნიჭი და გახდეს ცნობილი მთელს მსოფლიოში.
ამ სიახლის გაგებისას სიხარულთან ერთად ეჭვიც გამიჩნდა: დავიწყე მკითხაობა, ვინ შეიძლება ყოფილიყო ჟიური, წამყვანები, რა ტიპის მონაწილეები იქნებოდნენ და ა.შ.
ჟიური პროექტის ერთ-ერთი, შეიძლება ითქვას ყველაზე, მნიშვნელოვანი ელემენტია. სამი ადამიანი, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ კონკურსანტის ლაივ -შოუზე გადასვლის ბედი, ერთგვარი საკმაზია. მათი კომენტარები, ერთმანეთში კამათი, კონკურსანტსა და აუდიტორიასთან ურთიერთობა შოუს უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ”ნიჭიერის” ჟიურის შესახებ უფრო დეტალურ პოსტს მოგვიანებით მოგაწვდით. ერთად განვიხილოთ მათი პლუსები და მინუსები.
რაც შეეხება მოლოდინს მონაწილეებთან დაკავშირებით, რატომღაც მეგონა, რომ სცენაზე სულ ფოლკლორული ანსამბლები იქნებოდა, ხოლო ჟიური მათ უარს ვერ ეტყოდა, იმის შიშით, რომ ფსევდოპატრიოტები გაკიცხავდნენ. ჩემი მოლოდინი არ გამართლდა - საბედნიეროდ!!! თამამად შეიძლება ითქვას, რომ ”ნიჭიერი” ყველაზე მრავალფეროვანი შოუ იქნება საქართველოში და მაყურებელი უდიდეს სიამოვნებას მიიღებს. არ შემეშინდება, თუ ვიტყვი, რომ ”ნიჭიერი” თავის ბრიტანულ ვერსიას არაფრით ჩამოუვარდება, არც ტექნიკური და არც შინაარსობრივი თვალსაზრისით.