ბექა, a.k.a მჩხაპნელი ბლოგიდან Doin.ge
“შენ დაუკარ!!!” – რესტორანსა და ღვინის ზემოქმედების ქვეშ ერთდროულად მყოფი ამოჩაჩულღიპიანპერანგიანი ბიძაკაცი
“ნიჭიერის” მეოთხე ნახევარფინალმა მინიმუმ ორი ადამიანისათვის მაინც წარმატებულად ჩაიარა და შესაბამისად, ფინალში ამავე რაოდენობის ღირსეული, მაგრამ მაინც მუსიკალური ნომერი გადავიდა. ფინალის “ნოტიზაცია“-ზე ნოტაციის კითხვას აღარ დავიწყებ, რადგან შემდეგ კვირას, მაყურებელი მის პალიტრაში დამატებით ორ განსხვავებულ ფერს შეიტანს, რაც შოუს უფრო მრავალფეროვანს და სანახაობრივს გახდის.

მეოთხე ნახევარფინალს რაც შეეხება. გადავწყვიტე, დღეს მცირე ექსპერიმენტი ჩამეტარებინა და მისი მსვლელობა სხვადასხვა პროფესიისა თუ ხასიათის მქონე ადამიანთა თვალთახედვიდან გადმომეცა. მაშ ასე:
ინტრიგანი: “ისე, ჯიბეები გეგასაც აქვს და მაიასაც, მაგრამ “მე ვარ და ჩემი ნაბადიო” პოზიცია კი არ დაუჭერიათ. სხვისი არ ვიცი, მაგრამ როდესაც ამდენი ხალხი ტაშით გეგებება, სულ მცირე ხელები მაინც უნდა გამოაჩინო, კბილები (ღიმილი) თუ არა…”

ბერძნული მითოლოგიის მოყვარული: “თიკას დიზაინერი სიზიფეს მაგონებს, რადგან ტანისამოსს ნელ-ნელა, ეტაპობრივად, გადაცემიდან გადაცემამდე ავითარებს. თუმცა, როგორც კი მწვერვალს მიაღწევს, ბრახ და… რაღაც დეტალი ისევ უკან აბრუნებს. წამყვანების ერთადერთ და უმნიშვნელო აქილევსის ქუსლად მათ სიმაღლეებს შორის არსებული სხვაობა შეიძლება მივიჩნიოთ. სწორედ ამიტომ, ამ ვირტუალური ქუსლის ფონზე თიკას ფეხსაცმლის რეალური მაღალქუსლიანობა რაღა საჭირო იყო, ალბათ, ზევსმა იცის…”
ისტორიკოსი: “ვანიკოს კოსტუმმა “მაკნატუნა”, ნაპოლეონის პერიოდის არმიის ოფიცერი და პრესტიჟული სასტუმროს მეკარის ლივრეა ერთდროულად მომაგონა. ამ უცნაური სამოსის, კერძოდ კი შემბოჭავი საყელოს გამო წამყვანს კისერი ისევე დაძაბული და გაშეშებული ჰქონდა, როგორც მაგალითად, ჩარლზ პირველს 1649 წლის 30 იანვარს… სანამ თავს მოკვეთდნენ.”

ცინიკოსი: “დღეს იმედი გვაქვს, უფალი დაგვეხმარება, რომ ჩვენ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება” - © მაია ასათიანი. ნუთუ, ათიდან “ნიჭიერზე” ჩართული ცხრა ტელევიზორი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ყველაფერში ღმერთი არ ჩავრიოთ და პროექტის ყურება მასაც არ ვთხოვოთ?
მათემატიკოსი: ჰო, კონკურსანტებს რაც შეეხება. მომეჩვენა, რომ “Westside Dancer”-ებისთვის მიმატება-გამრავლება საჭირო აღარ იყო, რადგან სიმრავლის გამო, ისინი ერთი სიბრტყის ნაცვლად სივრცეში იყვნენ გაფანტულები და არაპარალელურად მოქმედებდნენ. პირადად მე, მათი ფინალში გასვლის იმედის სხივი, იმ მონაკვეთში ჩამიქრა, როდესაც გეგამ ერთ-ერთ უცნობ წევრს ხელი დააჭირა. მართალია, მოცეკვავეები მოკლე რადიუსის მქონე პერიმეტრის ფართობზე პოზიციებს ხშირად იცვლიდნენ და ცდილობდნენ, რომ ყველა, ასე თუ ისე, თანაბრად წარმოჩენილიყო, მაგრამ მოგეხსენებათ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ამოცანა გვეკითხება: რამდენად მოსალოდნელი იყო საბოლოო შედეგი, თუ მოცეკვავეებმა სულ შემოსული 26 732 ხმის მხოლოდ 10 % მიიღეს?

პოეტი:
“ნიჭიერია”… ჰო, ჯახის
და ბრძოლის დილა თენდება.
ზოგის გვიმღერის ოჯახი,
ზოგიც იშლება ბენდებად.
ზოგი დაეძებს ბუკეტებს
(მიეცი, ამურ, ძალები)
ზოგსაც ხასიათს უკეთებს,
მებრძოლი ამორძალები.
გულზე მოგიხსნით ანაც ლოდს,
ნინო მთელს დარბაზს ახურებს
და-ძმა ქეიფის სანაცვლოდ
“სკეტჩებს” გვთავაზობს, კახურებს.
ზოგს – ჯადოსნური გიტარა,
ზოგს – ტონიანი გირები,
თავზე თუ გადაიტარა…
(მანამდე შევეწირები)
სანამ მავანნი სიმს ხრიან,
ტანს აწვალებენ ტყუპები…
…ბოთლიც თუ გადაიმსხვრია…
(მანამდე დავიღუპები)
თუმცაღა თვალს კი ართობდი,
ვერ დაგაფასეს “ვესტ საიდ”
“ნიჭიერს” ორშაბათობით
საით წაუხვალ? ვერც საით…

ქიმიკოსი: საერთოდ, ნივთიერებათა ნებისმიერი სახის ნაერთი მეტად სახიფათოა, რადგან შეცდომის შემთხვევაში ცუდი და საშიში რეაქციის გამოწვევა შეუძლია. ავთო ნაცარაშვილმა კი ერთი შეხედვით ერთმანეთის შეუსაბამო ელემენტები, ისე გემოვნებიანად დაუკავშირა ერთმანეთს, რომ ნომერს NaCl-იც არ აკლდა.
ჰაგიოგრაფი: საზოგადოების წევრთა აზრები ხშირად ისევე “ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა”. ამ შოუმდე ნინო ჯავახიშვილი “სამგზის საწყალობელად” ითვლებოდა და ჯანდაცვის სამინისტროს გაფრთხილებასავით თან სდევდა ფრაზა “ნუ უყურებთ, რამეთუ ნუუკუე მტერმან ვითარცა სრსჳვილმან საძოვარი არ ჰპოვოს თქვენ თანა”. თუმცა, მისი ახალი ნომერი იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ ერის სიწმინდის დამცველთა მიზნის – “მტკიცედ სდგა”- ს სიმტკიცის მიუხედავად, კრიტიკა მაინც ნაკლებად დაიმსახურა, პირიქით შექება თუ არა.

აფერისტი: ნიკა აბსოლუტურად გულწრფელი იყო, როდესაც ბერაძეების ოჯახი ამ წელს საუკეთესოდ აღიარა და მათი ნამღერი მთლიანად მოიწონა. ვეთანხმები, კარგად იმღერეს. არც ხმაში მცირე აცდენები ჰქონიათ და არც არაფერი. გამიკვირდა, რომ ვერ გავიდნენ.
ლიტერატურის მოყვარული: “ფანტაზიის” ნომერი რაღაცით იმ შემთხვევას ჰგავდა, “ტომ სოიერის თავგადასავლის” წაკითხვას რომ დაასრულებ და პირდაპირ თომას მანზე გადახვალ. რატომღაც გერტრუდ სტაინის ის სიტყვები მახსენდება პირველი მსოფლიო ომის მომსწრე მწერლებს “დაკარგული თაობა” რომ უწოდა და მოკრძალებით დავსძენ, რომ ამ გამოსვლისთვის “დაკარგული ბავშვობა” ასეთივე წარმატებით შეგვეძლო გვეწოდებინდა.
ფიზიკოსი: ვასილ ხაჩიძის ნომრის ახსნა ფიზიკის საშუალებით შეუძლებელია, რადგან როდესაც კბილები სიმძიმისა და მიზიდულობის ძალაზე უფრო ძლიერია, აქ საქმე ზებუნებრივ, ესე იგი, მეტაფიზიკურ ნიჭთან გვაქვს. თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ეს ძალა, ნიუტონის მეორე კანონიდან გამომდინარე, გირის მასისა და უკან გადასროლილი სხეულის აჩქარების ნამრავლით დავადგინოთ. ნუ, ეს მათთვის, ვისაც საქმე არ აქვს და დანარჩენებისთვის მარტივად ვიტყვი, რომ ვასილ ხაჩიძის ფიზიკურმა მონაცემებმა ყველა სხვა ფიზიკურ ძალას გადააჭარბა.

პუნქტუაციის მცოდნე: სამყაროს სამართლიანობას კითხვის ნიშანი პირველად მაშინვე დავუსვი, როდესაც ტანმოვარჯიშე ტყუპები ფინალში არც ხალხმა გაიყვანა და ჩემს იმედებს ჟიურიმაც სამი წერტილი დაუსვა. საკმაოდ მძიმე განაჩენია. ისიც გამიკვირდა, რომ დარბაზიდან უკმაყოფილოთა ძახილის ნიშანიც კი არ შეიმჩნეოდა. რომ იცოდეთ რამდენი ვი-ტირე…
არქეოლოგი: ანა ხანჩალიანი ჩემთვის უდიდესი აღმოჩენაა, შეიძლება უფრო დიდიც კი, ვიდრე შლიმანისათვის – ტროა, ან, ჰოვარდ კარტერისათვის – ტუტენჰამონის მუმია იყო. ის მუსიკალურად მეტად განვითარებული homo sapiens-ია და მისი ხმის მოსმენისას, ლამისაა ისიც ვიწამო რომ იერიქონის კედლები მართლაც საყვირების ხმით დაანგრიეს.

ბრძნული გამონათქვამების მოყვარული: “შეცდომები რომ არ დაუშვა, ამისათვის გამოცდილებაა საჭირო, მაგრამ გამოცდილების მისაღებად შეცდომები უნდა დაუშვა”. ჰოდა, ანი პავლიაშვილს ახლა ნამდვილად აქვს იმის გამოცდილება, რომ სხვა კონკურსზე ისევ მარტო და ისევ გიტარით ხელში გავიდეს. ასე, მას უფრო დიდი შანსი ექნება.”
არიფი წინასწარმეტყველი: მომავალ ორშაბათს საკმაოდ ძლიერი ათეული იკრიბება. ამის გამო, ერთადერთი პროგნოზი, რისი გაკეთებაც ამჟამად შემიძლია არის ის, რომ კვირა დღის შემდეგ აუცილებლად ორშაბათი დადგება და ყველანაირი გათვლებით, ძალიან მაგარი შოუ უნდა გამოვიდეს…