მეოთხე ნახევარფინალის შესახებ, ვფიქრობ, ყველა შეთანხმდა, რომ საინტერესო და კარგი შოუ შედგა. შედეგებით კმაყოფილებაც შეინიშნება- როდესაც არ მოსწონთ ფინალისტების ვინაობა, კომენტარების რაოდენობაზე ეს პირდაპირ აისახება ხოლმე.
ასე რომ, როგორი სიმშვიდეც კომენტარებშია, ისეთი სიმშვიდით შევუდგები მეოთხე ათეულის განხილვას:
“ვორტექსი”
“სხვის მოედანზე”
ვორტექსთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი რეაქცია მქონდა. ერთის მხრივ კარგი კოსტუმები, ცოტა უცნაური, მაგრამ საინტერესო ქორეოგრაფია ჰქონდათ, როგორც სოფომ აღნიშნა – კარგი ხაზი და სინქრონი. თუმცა, მეორე მხარე, რომელიც გეგამ დააფიქსირა, უფრო საყურადღებო მგონია. ზოგადად, კარგია, როდესაც ქასთინგის შემდეგ მოულოდნელობას ქმნიან მონაწილეები, მაგრამ ასეთი რადიკალური გარდასახვა, რომელიც მხოლოდ გარდასასხვა კი არა, “სხვის მოედანზე გადასვლაც” იყო- ცალსახად არ მომეწონა. “ფერადები, ხალისიანები, თანამედროვეები” – ეს იყო მათი მთავარი “იარაღი”, რის გამოც ნახევარფინალში გადავიდნენ. ცუდი არაფერია “ლურჯ-ყავისფერობა, სერიოზულობა, არათანამედროვეობაში”, მაგრამ არა მათთვის…
დაჩი თურქია
მაშ ასე, ვეფხისტყაოსანი…კითხულობს დაჩი თურქიას კატა!
შეშფოთდებით ხალხო, შეშფოთდებით!
წარმოდგენა არ მაქვს, ლექსის მიხედვით, აფხაზეთის დაბრუნებასთან რა კავშირი ჰქონდა დაჩი თურქიას გამარჯვებას, მაგრამ მის პოეტურ შესაძლებლობებს არ შევეხები, სალაპარაკო გაცილებით მეტია იმ ფრიად არაჰუმანურ ქმედებაზე, რაც დაჩი თურქიამ პირდაპირ ფილარმონიის სცენაზე ჩაიდინა! ყველა ვთანხმდებით, რომ საშინელება იყო, მაგრამ მე მაინტერესებს, როგორ მოაფიქრდა ამ გზით კატის ალაპარაკება, საიდან დაებადა იდეა, რა მომენტში და ა.შ. სხვა დეტალები. რომ აღარაფერი ვთქვათ მამლის დაძინებაზე…მოკლედ, დაჩი ნამდვილად არასწორ გზას ადგა და მგონი ჟიურიმ მთელი საკატეთის გული მოიგო. ბონუსად, ფეისბუქზე ჩვენი ერთ-ერთი მომხმარებლის არტი მინდა შემოგთავაზოთ:

მოცეკვავეების ჯგუფი აფრიკიდან
განაში, მოზამბიკში, ნიგერიაში და ნამიბიაში რა რეიტინგი გვექნება…
ბაზარი არაა, ეხლა ჩვენ ვაჩვენებთ– ჩვენ ვართ ნიჭიერები.
ვფიქრობ, არავის მოსვლია თავში აზრად მათი გასმების, ფეხების სწორად დგომის და ცეკვის დროს ხაზის სანტიმეტრებში გასწორებულობის შეფასება, იმდენად კარგი სანახავია, როდესაც სრულიად უცხო ქვეყნის და უცხო კულტურის წარმომადგენელი ითვისებს შენს კულტურას და ამხელა აუდიტორიის წინაშე გამოსვლის გამბედაობასაც იკრებს (ძალიან ნერვიულობდნენ სხვათაშორის).

ტანმოვარჯიშე გოგონათა ჯგუფი
ტანმოვარჯიშეების ქასთინგის ნომერი მახსოვს, რომ ცოტა ქაოსური იყო, თანაბრად არ იყო განაწილებული, მაგრამ მრავალფეროვნება არ აკლდათ. დავეთანხმები სოფოს და გეგას- ნახევარფინალში უფრო ჩამოყალიბებული ნომერიც იყო და თეატრალური დადგმაც ჰქონდათ, რამაც ნომერი შეკრა, მაგრამ ასე მგონია, რაღაც კომპონენტების ცუდი ხარისხის გამო ეფექტი დაიკარგა. ტანვარჯიში სხვა სპორტებისგან იმით გამოირჩევა, რომ უამრავი რეკვიზიტის გამოყენების საშუალებაა, რაც ყველაფერს გაორმაგებულად ალამაზებს – სულ რომ ვანიკოსავით მოიქნიო ის ლენტები :D მეტი რეკვიზიტი, უფრო ფერადი კოსტუმები და მეტი დინამიკა მოუხდებოდა ამ ყველაფერს. თუმცა, პროფესიონალები რომ არიან ეს ცხადია. განსაკუთრებით სოლისტ გოგონას გამოვყოფდი, რომელმაც ძალიან კარგად მოირგო როლი და რთულ ილეთებსაც აკეთბდა…
დათიკაშვილების ოჯახი
ასეთი გემრიელი ნამღერი მე არასდროს მომისმენია
საერთოდ, ის ჟანრი, რითაც დათიკაშვილების ოჯახი გავიცანით, ისეთ შოუში, როგორიც ნიჭიერია, ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა ხოლმე. ალბათ იმიტომ, რომ საქართველოში ბუნებრივი და ჩვეულებრივი მოვლენაა ეს ყველაფერი. “ყველა მეორე მღერის”, “ხმებში გაშლას რა უნდა” და ა.შ. ფრაზები ყოველთვის ისმის ხოლმე მაყურებლისგანაც, მაგრამ ეს ოჯახი ის შემთხვევაა, როცა ვერც ყოველი მეორის ნამღერს შეადარებ და ვერც ფოლკ ანსამბლების მრავალსაათიანი რეპეტიციების შედეგებს. თიკოს განსაკუთრებული ხმის ტემბრი აქვს- ძალიან სასიამოვნო და ძლიერი. ფაქტობრივად, მთლიანი სიმღერა სოლოში შეასრულა ისე, რომ ერთ უბრალო ხარვეზსაც ვერ ნახავთ.

ირაკლი სარალიძე
სამი საკრალური ჟანრი გამოიკვეთა ჩემთვის “ნიჭიერი”-ს ბლოგერად მოღვაწეობის პერიოდში შეფასებებისას: სიმღერა, ცეკვა (თანამედროვე) და მაგია! :)) არ ვიცი შარშანდელი ილუზიონისტების ფონზე მოხდა, რომ წელს ამ ჟანრში მოღვაწე ყველა დაიჩაგრა, თუ რა ხდება, მაგრამ ფაქტია- დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება მოახდინა ყუთში ყვავილის, თუ გოგოს გაჩენამ. თუმცა აღვნიშნავ, რომ ირაკლის აქვს რაღაც სახასიათო, რის გამოც ყურებადია. ალბათ, მეტი მუშაობის შემთხვევაში დაიხვეწება. რაც მთავარია, ნიჭიერმა ის შეძლო, რომ მისთვის ჰობი უფრო სერიოზული კუთხით დაენახებინა .
ირაკლი ბიბილური
წეღან გნახეთ იცინოდით
ირაკლი იმ დამსახურებული მონაწილეების სიაში შედის, რომლებმაც დიდი ნაბიჯები გადადგეს ქასთინგიდან ნახევარფინალამდე. უფრო სწორად, ალბათ უფრო ნომრის აგება იყო უკეთესი, თორემ პროფესიონალი რომ არის, ამის გამოცნობას დიდი ექსპერტობა არ სჭირდება. ნომერი ისე იყო აწყობილი, რომ ბევრი ასპექტით იყო წარმოჩენილი ირაკლი: როგორც მსახიობი- ძალიან გამომსახველი მიმიკები და როლის გათავისება, როგორც კარგი პლასტიკის მქონე – პანტომიმის მსახიობებს, როგორც წესი, კარგი პლასტიკა აქვთ ხოლმე, მაგრამ მაინც… და როგორც კარგი რეჟისორი- ყველაფერი საჭირო დოზით ჰქონდა და შეკრული იყო შინაარსი.
ბაჩო აგულაშვილი
როგორც ვიცი, ბაჩო არც ისე დიდი ხანია გიტარაზე დაკვრას სწავლობს, რაც მიკვირს იმიტომ, რომ ისეთი განვითარებული ტექნიკა აქვს, ხშირად მრავალწლიანი გამოცდილების მუსიკოსებში არ მინახავს. სოფოს დავეთანხმები, რომ შესამჩნევია როგორ სიამოვნებას იღებს თვითონ დაკვრისას. ეს ფაქტორი მოქმედებს საერთო განწყობაზეც და არ აღიქმება, როგორც კონკურსანტი. გგონია, რომ ჩამოყალიბებული მუსიკოსის ნომერს უსმენ და უყურებ :)
კარატისტების ჯგუფი “წმინდა გიორგი”
ეს რომ ჯეკი ჩანს ენახა, თავს დაანებებდა ყველაფერს
მათი ნომერი არ იყო უბრალოდ კარატეს ილეთები, რომელიც ყველა კარატისტს შეუძლია და რომელსაც მე პირადად არც ისე დიდი სიამოვნებით ვუყურებ თუ სადმე შემომხვდა, ეს იყო მთელი შოუ, რაც ზუსტად არის მორგებული პროექტის ფორმატს. როგორც ვანომ თქვა, მათ საბრძოლო ხელოვნება აქციეს სასცენო ნომრად. შოუს რომ თავი დავანებოთ, ურთულეს ილეთებს ასრულებენ მართლა. მოკლედ, ბევრს არ ვილაპარაკებ და ვიტყვი, რომ ძალიან მიხარია ფინალში რომ კიდევ ერთხელ ვნახავ მათ!

თეონა კოროშინაძე
ის, რაც აკლია ქართულ ესტრადას…
თეონა ჩემი ფავორიტია თავიდანვე და მართალი გითხრათ, ამ ნახევარფინალში ყველაზე მეტად მის ნომერს ველოდებოდი. მაინტერესებდა სიმღერის არჩევანი, კოსტუმი, მოძრაობები-მოკლედ, ყველაფერი.
ცოტა შორიდან მოვუვლი: შეამჩნევდით, რომ მას ერთი სიმღერა არ უმღერია, მიქსი გააკეთა. ორი სიმღერის შეერთება დიდი რისკია საერთოდ, სერიოზული მუშაობა, კარგი ალღო და ნიჭიც სჭირდება. ჩემი საყვარელი ტალანტ შოუს, x factor-ის ჩემი ფავორიტი მონაწილე, cher lloyd-ი ასეთივე ექსპერიმენტებს მიმართავდა და ხშირად ორ რადიკალურად განსხვავებულ სიმღერას “აერთებდა” ხოლმე. თეონამ კი ექსპერიმენტის დოზებს გადააჭარბა, ძალიან ძველი სიმღერა “bang bang” და სულ ახალი ჰიტი “born this way” შეაერთა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რისკი ამად ღირდა :)
რაც შეეხება შესრულებას, მისი სახასიათო მოძრაობები, ძალიან კარგი ხმის ტემბრი (ასეთ ვოკალს “recording voice”-ს ეძახიან ხოლმე. ანუ, ხმაში აქვს ის უნიკალურობა, რაც უნდა გააჩნდეს ყველა წარმატებულ მომღერალს) და ძლიერი ვოკალი. მოკლედ, ჩემთვის ნათელი წერტილია ქართული ესტრადისთვის თეონა. იმედი მაქვს, ამას სხვებიც ხედავენ და იმდენს გააკეთებენ, რომ საქართველოდან აღარ წავიდეს! : )

შემდეგი, მეხუთე ლაივ შოუ ბოლო ნახევარფინალია. ათეულის შემადგენლობა ასეთია:
- დაკი
- rap rise
- ნინია როხვაძე
- “ალილო”
- ხვიჩა ჭიჭიაშვილი
- “ann’s friends”
- სოსო ნარიმანიძე
- ვანო ფიფია
- ნუცა ბუზალაძე
- ფანტომი