ყველაზე განსაკუთრებული ნახევარფინალი- ასეთი პროგნოზი გააკეთა ვანო ჯავახიშვილმა ბოლო ნახევარფინალური შოუს დაწყებამდე და როგორც აღმოჩნდა, მართალიც იყო. განსაკუთრებით ველოდებოდი:
- დაკის – იმიტომ, რომ ვიცოდი მისი შესაძლებლობები ქასთინგზე არ ამოწურულა;
- ფანტომს – იმიტომ, რომ ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული ჟანრია;
- Rap rise-ს- იმიტომ, რომ რეპი არასდროს გვინახავს ნახევარფინალებში “ნიჭიერი”-ს სცენაზე;
- ვანო ფიფიას- იმიტომ, რომ მახსოვდა ემოცია, რომელიც ქასთინგზე მისი ხმის გაგონებისას მოიტანა ამ ბავშვმა…
- ალილოს- იმიტომ, რომ არასდროს მინახავს ასეთი პატარა ასაკის ბავშები, რომლებიც ასე კარგად ცეკვავენ
და ა.შ.
“და ასე შემდეგები”-ც და ზემოთ ჩამოთვლილებიც, ტრადიციულად, განხილვას დავუქვემდებაროთ: ))
გიორგი ბაღნაშვილი (დაკი)
მიუხედავად იმისა, რომ დაკიმ ქასთინგზეც აჩვენა თავისი პროფესიონალიზმი, როგორც თავად აღნიშნა, იქ მეტი იუმორი იყო გამოყენებული, რამაც თითქოს გადაფარა ის ეფექტი, რაც მის ცეკვას უნდა ჰქონოდა. ამიტომ, მომეწონა მისი გადაწყვეტილება, რომ აქცენტი ამჯერად მხოლოდ ქორეოგრაფიაზე და მოძრაობებზე იყო გადატანილი. რაც შეეხება მოსწავლეების გამოყვანას, ალბათ ისინი გარკვევით მეტყველებდნენ დაკის შესაძლებლობებზე – კარგი მასწავლებელიც ყოფილა, სინრქონი და ტექნიკა დახვეწილი იყო.
ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზეც, რომ რაც არ უნდა კარგი ტექნიკა ჰქონდეს მოცეკვავეს, თუ ქორეოგრაფია არ ვარგა, სოლოში გამოვა, თუ 100 მოცეკვავესთან ერთად, არანაირი ეფექტი არ ექნება. დაკის ქორეოგრაფია კი იმით იყო გამორჩეული, რომ თითოეული მოძრაობა მუსიკასთან იყო შერწყმული და გარკვეული ხელწერაც ეტყობოდა ინდივიდუალური. ბევრი კონკურსანტი მინახავს ამ ჟანრში (მსოფლიო მასშტაბით) და შემიძლია ვთქვა,რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა.

Rap Rise
რეპი, უფრო სწორად, ქართული რეპი, ალბათ მხოლოდ ვიწრო წრეებშია პოპულარული და ძალიან ლოკალიზებული მიმდინარეობა მგონია. ყოველ შემთხვევაში, ქართველი რეპერები, რომლებიც ხშირად ჩანდნენ შოუ ბიზნესში, საერთოდ გაქრნენ (ეს უფრო ზოგადად შოუ ბიზნესის აორთლების გამოა ალბათ, მაგრამ დაე, დავაბრალოთ რეპერებს). ისე კიდევ, როცა აქტიურობა იყო ამ მხრივ, ხარისხიანი რეპი არც მაშინდელი მახსოვს…ალბათ სწორედ ამის ბრალია, რომ ამ მიმდინარეობას ზოგადად ნაკლებად აფასებენ და ზოგჯერ ცუდ ტონადაც კი ითვლება, თუ მოგწონს.
სინამდვილეში, იმ “პაპსა” რეპის შექმნა, რაზეც სიმღერის ტექსტში იყო საუბარი (თუ რეპვა), საკმაოდ რთულია. მე ვფიქრობ, ტექსტიც, რეჩიტატივის სტილიც და რიტმიც, რომელიც დაჭერილი აქვთ, საერთო ჯამში კარგია.
შენიშვნა მაქვს ზედმეტად ქაოსურ მოძრაობასთან დაკავშირებით. სწორია, რეპერები სცენაზე ასე იქცევიან, მაგრამ როცა ოთხნი დგანან, ცოტა ორგანიზებულად თუ არ იმოძრავეს, დამღლელი გამოდის. შევამჩნიე ფეისბუქზე კომენტარებში ამბობდნენ, რომ ძალიან ყვირიანო და ეს ცოცხალი შესრულების ბრალი უფრო იყო. ამ სიმღერის სტუდიური ვერსია რომ გააკეთონ, კარგი იქნება და ბევრიც მოუსმენს…
ნინია როხვაძე
იმედი მაქვს, რომ ფილმ “ავატარი”-ს სიყვარული ობიექტურობას არ მაკარგვინებს და მხოლოდ ამიტომ არ ვაფასებ ნინიას დადებითად:)) მაგრამ იმაში არ მეპარება ეჭვი, რომ დინამიური ნომერი ჰქონდა და ბევრ და რთულ მოძრაობას აკეთებდა. ეს “მოველურო” მუსიკა ცოტა ქაოსურად კი იყო მოძრაობებთან მიმართებაში, მაგრამ საერთო სინთეზს- ფონი ეკრანზე, გრიმი და საერთოდ, ავატარის თემატიკა, უხდებოდა. ისე,იგივე ნომრის ნახვას “avatar”-ის მთავარი საუნდტრეკის ფონზე ( i see you) , სიამოვნებით ვნახავდი :)

ანსამბლი “ალილო”
ამ ანსამბლის განსაკუთრებულობა ის არის, რომ ეს ბავშვები, ყველა სათითაოდ, იმდენად სახასიათოები არიან, რომ რამდენჯერაც არ უნდა უყურო – არ მოგწყინდება! ძალიან ორგანიზებულებიც არიან, რაც გეგამ როგორც აღნიშნა, პედაგოგის დამსახურებაა. მისავე სასარგებლოდ უნდა აღვნიშნო, რომ კარგად იყო ნომერი აწყობილი, სცენის ყოველ მონაკვეთში მიმდინარეობდა მოქმედება, თუმცა ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ და მთლიანობაში აღიქმებოდა. ასაკი და მათი ცეკვის დონე რომ შევადაროთ, ნამდვილად ძალიან ნიჭიერები არიან. ამ სფეროში, ნიჭიერის მეორე სეზონში ჩემი ფავორიტები არიან:)

ხვიჩა ჭიჭიაშვილი
ხვიჩას რაც შეეხება, ცოტა გამიჭირდა შეფასების ჩამოყალიბება. ქასთინგზე როდესაც ვნახე, ერთმნიშვნელოვნად კარგი იყო, ნახევარფინალთან დაკავშირებით, ვერ ვიტყვი, რომ ისეთივე ეფექტი მოახდინა , რადგან ახალი ვერაფერი დავინახე მის მოძრაობებში. თუმცა, კისერში ზამბარებს და სპეცთავიანობას არ უარვყოფ- რთული იყო თუნდაც ის თავზე ტრიალი. პოტენციალი დიდი აქვს, უბრალოდ მიმართულების აღება და დახვეწა სჭირდება და ძალიან მოხარული ვიქნები, თუ პროფესიონალურ დონეზე დაუფლების საშუალება ექნება. . .როგორც თვითნასწავლი კი, ნამდვილად კარგია.

ann’s friends
ეს, ამ ნახევარფინალში ერთადერთი ნომერი იყო, რომლზეც მოვდუნდი. ქასთინგზე ბევრად უკეთესები იყვნენ. კარგია, რომ მრავალფეროვნება აქვთ ჟანრობრივად და განსხვავებულები არიან, მაგრამ თვითონ ცეკვა არ არის იმ დონის, რომ დადებითი შეფასება დაიმსახუროს. თუმცა მუშაობას თუ განაგრძობენ, გამოუვათ აუცილებლად.
სოსო ნარიმანიძე
სოსო ნარიმანიძე კვირის რთული საკითხი აღმოჩნდა. მოდით, ვაღიაროთ, რომ საფრთხე (ასე ვუწოდებ) დიდი იყო იმისა, რომ ფინალში მოხვდებოდა. ვინც აქტიურად კითხულობდით სეზონის დაწყებიდანვე ამ ბლოგს, გემახსოვრებათ, რომ პირველ რიგში ჩვენ ვიცავდით სოსოს ცუდი რეაქციებისგან და ვაფასებდით მის გულღია და ალალ ხასიათს, რითაც ასეთი პოპულარული და კოლორიტული გახდა. ნიჭიც არის, რომ 3 წუთით გამოჩნდე ტელეეკრანზე და ყველა აალაპარაკო. ამხელა გამოხმაურების გამო, რომელიც ძირითადად დადებითი იყო, ამხელა პოპულარულობის გამო თუნდაც ინტერნეტ სივრცეში და იმის გამო, რომ თავისებურად გამორჩეული იყო, ნახევარფინალშიც მოხვდა.
სუბიექტურობაა პიროვნების მიხედვით ნიჭის შეფასება, მაგრამ ნიჭი, რომელიც რეალურად არ არსებობს და მხოლოდ ე.წ. “სიალალით” შემოიფარგლებოდა, ძალაუნებურად ქრება, როცა იგებ, რომ ადამიანი, რომელიც შენ დააფასე, კარგავს იმას, რის გამოც აფასებდი. თავს არ დავდებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზარების უმეტესობა მის სასარგებლოდ, მისი ინტერვიუს გაჟღერებამდე შემოდიოდა. მას შემდეგ, რაც ხელში არასაფილარმონიე სიმღერით, “აღარ შემიძლია ამდენი ხალხი” სოსო შეგვრჩა, იმედები ბევრს გაუცრუვდებოდა. ერთხელ ვიხალისეთ (უარყოფით კონტექსტში და დაცინვის გარეშე), მეორედ იხალისეს (მე ვერც ვიხალისე ისე გავღიზიანდი. მითუმეტეს, ვიცოდი მისი ამბიციების შესახებ იურმალასთან და სხვა მრავალ გეგმებთან დაკავშირებით), მაგრამ თამამად ვამბობ- მიხარია, რომ ფინალში ვერ ვიხილავთ!

ვანო ფიფია
რაც შეეხება ვანო ფიფიას, გული მწყდება, რომ კომენტარებში შევნიშნავ ხოლმე მის ფიზიკურ ნაკლზე ხაზგასმას, რადგან ვხვდები, რომ იმდენად აქცევენ ამას ყურადღებას, მისი საოცრად ტკბილი ხმით ვერ იღებენ იმ ემოციას, რასაც უნდა იღებდნენ. მეც ვიტირე რეპეტიციაზე როდესაც მოვუსმინე, მაგრამ საკუთარ ემოციებს ნამდვილად ვცნობ- ეს მხოლოდ და მხოლოდ ვანოს სიმღერის და მისი შინაგანი ემოციების დამსახურებაა. ძალიან გამიხარდა, როდესაც გამარჯვებულად გამოაცხადეს.
ნუცა ბუზალაძე
ნუცა, როგორც იტყვიან, რთულ საქმეს შეეჭიდა ნახევარფინალში. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმღერა ერთი შეხედვით ადვილად ჟღერს (მელოდიის ხასიათიდან გამომდინარე), რთული შესასრულებელია. დიდ დიაპაზონსაც მოითხოვს, არის დაბალი ნოტებიც ასაღები დასაწყისში. ვფიქრობ, რომ დაბალ რეგისტრში უკეთესად შეასრულა. სიმღერის ტექნიკით ვერ ვიტყვი, რომ აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ საერთო ჯამში, როგორც იტყვიან – well done.
მატრიცული პანტომიმა, ფანტომი
დასაგმობი ვარ იმის გამო, რომ გულის სიღრმეში ვფიქრობდი, თვითონ გაუჭირდებოდათ ისეთი ნომრის მომზადება, რომელიც ქასთინგს “აჯობებდა”. თუმცა, როგორც სოფომ, უფრო სწორად, ტრინიტიმ თქვა, ჩვენ ვართ პროექტ ნიჭიერში და ნიჭიერში ყველაფერი შესაძლებელია! სულ ერთი წუთით დაფიქრდით და წარმოიდგინეთ რამხელა შრომა სჭირდება თითოეული პატარა მოძრაობის მოფიქრებას, შექმნას, დროში განაწილებას და მერე ვარჯიშს იმისთვის, რომ წამის მეასედების სიზუსტით შესრულდეს, შეკრიბეთ ეს ყველაფერი, დაუმატეთ იდეის ორიგინალურობა და ეფექტების სწორად გაკეთება და თქვენ მიიღებთ ნიჭიერის ღირსეულ ფინალისტებს! : )

წინ ფინალია, რომელზეც ბევრს არ ვილაპარაკებ, რადგან წინა პოსტში დაწვრილებით განვიხილეთ. უბრალოდ, სულმოუთქმელად ველოდები ფინალურ შოუს! მართალია, გული მწყდება, რომ სულ მალე მთავრდება, მაგრამ იმის იმედს ვიტოვებ, რომ ფინალში ნანახი ნომრების ემოციები დიდხანს გამყვება.
დღეს, 12 საათზე მეთერთმეტე ფინალისტის ვინაობა გამოვლინდება, ხვალ კი გაცნობებთ ფინალისტების ნომრებს, რომელზეც შეგეძლებათ დაურეკოთ და უგულშემატკივროთ მათ!