პარკური – ფინალი
მარიამ ფაჩულია – ფინალი
ნიჭიერის გამარჯვებული – ლევან შავაძე!
ნიჭიერის პირველი სეზონი დასრულდა!
ხალხმა საკუთარი არჩევანი გააკეთა და ქვეყნის ყველაზე ნიჭიერად ლევან შავაძე დაასახელა.
მეორე ადგილზე – გულნაზი გოლეთიანი, ხოლო მესამეზე – მარიამ კახელიშვილი გავიდა.
ფინალის ყველა ვიდეოს სულ მალე იხილავთ ჩვენს ბლოგზე და myvideo-ს ნიჭიერის არხზე.
ნიჭიერის ფინალი!
ნიჭიერის დაწყებიდან სამი თვე გავიდა! ვნახეთ უამრავი მონაწილე, კასტინგები, წარმატებები, წარუმატებლობები. აღმოვაჩინეთ ბევრი ნიჭიერი ადამიანი, ზოგი – უნიჭოც. ნახევარფინალებზე ჩვენი ფავორიტების გადასვლა გვიხაროდა, ვერგადასვლაზე – ვბრაზობდით. ზოგს ანა მოსწონდა, ზოგს – მარი, ზოგს პარკური ერჩივნა ორივეს, სხვები სახეს დაგაკორტნიდნენ “მოზაიკა” თუ არ მოგეწონებოდა.
თუმცა ჩვენ ყველას ერთი რამ გვაერთიანებდა – ყოველ ორშაბათს, საღამოს 10 საათზე “ნიჭიერს” ვუყურებდით.
დღეს ნიჭიერის პირველი სეზონის ფინალია, კულმინაცია, ყველაზე მნიშვნელოვანი დღე! სწორედ დღეს ირკვევა, ვინ მიიღებს ბინას დრიმთაუნში და ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის საამაყო ტიტულს!
სულ რამდენიმე წუთში დაუვიწყარი შოუ გველოდება, შოუ, რომელზეც კიდევ ბევრს ისაუბრებენ მომდევნო დღეების განმავლობაში.
კარგად მოთავსდით ტელევიზორების წინ და მხოლოდ რეკლამებზე ისუნთქეთ – ნიჭიერის ფინალი იწყება!!!
არ დაგავიწყდეთ, თქვენი ფავორიტის ბედი თქვენს ხელთაა – დაუმესიჯეთ მას, ვისაც თვლით გამარჯვების ღირსად!
ყველაზე ნიჭიერს თქვენ ირჩევთ!
“ნიჭიერს” მხოლოდ ერთი გამარჯვებული ეყოლება. ჟიურის არჩევანის გაკეთების უფლება არ აქვს – იმას, თუ ვინ გახდება ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი, ვინ მიიღებს ბინას დრიმთაუნში და დააგვირგვინებს “ნიჭიერის” პირველ სეზონს მხოლოდ თქვენ, მაყურებლები წყვეტთ.
არ დაგავიწყდეთ, მიეცით ხმა მას, ვინც, თქვენი აზრით, ღირსეულია იწოდებოდეს ყველაზე ნიჭიერად!
დავით რობაქიძე – 9130
ვიღებთ ერთი შეხედვით მარტივ ფოკუსებს, ვამატებთ დიდ იუმორის გრძნობას, ცოტაოდენ ქარიზმას და ვიღებთ ნიჭიერის ფინალისტს, დავით რობაქიძეს. ათი წუთის მანძილზე სცენაზე მარტო მდგომი დათო ახერხებს, რომ არ დაკარგოს არც ერთი მაყურებელი, ყველა სუნთქვაშეკრული უყურებს, დარბაზს ხან სიცილის ტალღა გადაუვლის, ხან გაოგნებისგან პირი აქვს დაღებული ყველას. თვითნასწავლი ილუზიონისტის, დავით რობაქიძის ფინალური ნომერი ისეთივე უნიკალური და დასამახსოვრებელი იქნება, როგორიც მისი კასტინგისა და ნახევარფინალის ნომრები. დათოს შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ პოსტში შეგიძლიათ იხილოთ, ახლა კი ის თქვენს შეკითხვებს პასუხობს:
- როგორი გოგოები მოგწონს?
- აქტიური, ჭკვიანი თუ იქნება – კარგია, მაგრამ აუცილებელი არ არის. ჩემი ტოლი უნდა იყოს ასაკით… არა, არა, ასაკს აზრი არ აქვს. მაღალი თუ იქნება, კარგია… არა, არა, სიმაღლესაც არ აქვს მნიშვნელობა. ქერა თუ შავგვრემანი? არც ამას აქვს მნიშვნელობა. ა, როგორ არა, შავგვრემანი, რომელიც ქერად იღებავს, ხო. არა, არა, ასე არ დაწერო!
- ასეთი კითხვა დასვეს – ათლარიანზე რამე რომ დავაწერო, დათო კივიდან ამოიღებს მერე იმას?
- კი, როცა გაგიხარდება.
- ვინმე მასწავლებელი გყავდა?
- არა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ილუზიონისტს ვიცნობ.
- ვინაა შენი საყვარელი ილუზიონისტი?
(აქ ოთახში მყოფი ავთო გოგეშვილი ხმამაღლა ამბობს: “ავთო გოგეშვილი, ავთო გოგეშვილი!”)
- დევიდ ბლეინი.
- რა რეაქცია გქონდა, ჟიურიმ შენი სახელი და გვარი რომ გამოაცხადა და გაიგე, რომ ფინალში გადახვედი?
- ხელები დამიბუჟდა და ვერ ვინძრეოდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი.
- რამდენი ხანი ემზადებოდი ფინალური ნომრისთვის?
- 1 კვირაზე ნაკლებ დროში მოვამზადე ფინალის ნომერი.
- რას ეტყვი შენს გულშემატკივრებს?
- რაც მთავარია, ფინალში ღირსეულ კონკურსანტს უნდა უგულშემატკივრონ. ყველას უდიდესი მადლობა, ძალიან დიდი მხარდაჭერა იგრძნობა მათგან.
დათო კასტინგზე:
დათო ნახევარფინალში:
მარიამ კახელიშვილი – 9129
მარიამ კახელიშვილის ვიდეომ ყველა რეკორდი მოხსნა ვიდეოებს შორის – ის 195 000-ზე მეტჯერ იხილეს. პატარა გოგონამ, რომელსაც სხვა კონკურსებში არ უმართლებდა და ლამის ამის გამო სიმღერაც მიატოვა, მოახერხა და მთელი საქართველო აალაპარაკა. მის შესახებ პოსტის წაკითხვა ამ ლინკზე შეგიძლიათ. ამჯერად ის თქვენს გამოგზავნილ შეკითხვებს პასუხობს:
- ერთ-ერთ ვიდეოში ამბობ, რომ სიმღერისთვის თავის დანებებას აპირებდი. რამდენიმე კითხვა მოგვწერეს ამასთან დაკავშირებით, თუ ვერ გაიმარჯვებ ნიჭიერში, სიმღერას მაინც გააგრძელებ?
ოთახში ჩვენთან ერთად ბაბი და მარი და ანა ხანჩალიანი არიან. ამ კითხვაზე მარიამი თავჩახრილი დგას, ბაბი, მარი და ანა გარშემო დახტუნავენ და ყვირიან – გააგრძელებს, აბა რას იზამს! აბა რას იზამს! : ) მარიამი ისევ დუმს.
- რამდენი ხანია, რაც ბზიკების სტუდიაში ხარ?
- 2 წელია.
- კონცერტები თუ გაქვთ, სადაც შენც გამოდიხარ?
- კი, საკმაოდ ხშირად იმართება კონცერტები თბილისში და ვმონაწილეობ ხოლმე.
- ნიჭიერში უცხოურ რეპერტუარს ასრულებ, ქართულ სიმღერებს მღერი ხოლმე ისე?
- არა, ადრე ვმღეროდი, შემდეგ ეს სტილი ავირჩიე. თუმცა, როცა სიტუაცია მოითხოვს, ქართულსაც ვმღერი.
- ვინ არიან შენი საყვარელი მომღერლები?
- უიტნი ჰიუსტონი, ბიონსი, ჯენიფერ გადსონი, ჯენიფერ ჰოლიდეი.
- თუ გაქვს საყვარელი სიმღერა შენი რეპერტუარიდან, რომელსაც კონცერტების და რეპეტიციების გარეშეც, შენთვის სახლში ხშირად მღერი?
- ბევრია ასეთი, თუმცა განსაკუთრებით მიყვარს And I’m telling you.
- რას ეტყოდი შენს უამრავ გულშემატკივარს?
- დიდი მადლობა ყველას, დამიმესიჯეთ!
მარიამის კასტინგის ვიდეო:
მარიამი ნახევარფინალში:
გულნაზი გოლეთიანი – 9132
გულნაზი გოლეთიანი – ეს სახელი საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც ალბათ ყველამ იცის. მისი სიმღერის შემდეგ უამრავი წერილი მივიღეთ აქ მცხოვრები ადამიანებისგანაც და ემიგრანტებისგანაც, ისინი სიყვარულს გამოხატავდნენ გულნაზისადმი და მადლობას უხდიდნენ მას იმ ემოციებისათვის, რომელიც თითოეულ ჩვენგანში მისმა სიმღერამ გამოიწვია. თავადაც ამბობს, რომ იმ სამმა წუთმა მთელი მისი ცხოვრება შეცვალა, “ნიჭიერმა” ის უბედნიერეს ადამიანად აქცია და დიდი ხნის ოცნება, რომელსაც გულში ინახავდა, აუსრულა. გულნაზი გოლეთიანის შესახებ პოსტი შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ.
- ვოკალის მასწავლებელთან ემზადებოდით?
- არა, არასდროს მოვმზადებულვარ სიმღერაში.
- რამდენი ხანია, რაც მღერით?
- ბავშვობიდან ვმღერი, ჩემთვის, რა თქმა უნდა, დიდ სცენაზე არასდროს გავსულვარ.
- ელოდებოდით, რომ ხალხის რჩეული გახდებოდით?
- არ ველოდებოდი, გულის სიღრმეში კი მქონდა იმედი, მაგრამ მაინც არ ველოდებოდი. იმ წუთში სისხლი გამეყინა, ნაბიჯი ძლივს გადავდგი თიკასკენ და ვანიკოსკენ. უბედნიერესი წუთები იყო.
- სიმღერას “ნიჭიერის” შემდეგ გააგრძელებთ?
- კი, სანამ შემეძლება, აუცილებლად ვიმღერებ.
- სადმე თუ მუშაობთ?
- ამჟამად ჩვენი რაიონის კულტურის სახლში ვმუშაობ.
- რას ეტყვით გულშემატკივრებს?
- დიდ მადლობას! ვეცდები, მთელი ენერგია და შემართება ჩავდო ჩემს სიმღერაში, მინდა, რომ თქვენი გულები გავახარო!
გულნაზი გოლეთიანი კასტინგზე:
გულნაზი გოლეთიანი ნახევარფინალში:
ვერკა და გიორგი – 9128
ვერკა და გიორგი ერთადერთი წყვილია სამეჯლისო ცეკვის ნომრით, რომლებიც ფინალში მოხვდნენ. გულშემატკივრების გამოხმაურების მიხედვით, იმ სამი წყვილიდან, რომლებიც ნახევარფინალში გადავიდნენ, ვერკამ და გიორგიმ ხალხის ყველაზე დიდი სიმპათია დაიმსახურა. ამის გამო ჟიურიმ მათ მეორე შანსი მისცა და 2 დამატებითი ფინალისტის არჩევისას ხუთეულში დაასახელა, რის შემდეგაც უკვე მაყურებლებმა გააკეთეს არჩევანი და წყვილი ფინალში გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ კასტინგების დროს მათი ნომერი ძალიან ცოტა ხნით გამოჩნდა ეკრანზე, მათ მოახერხეს უამრავი ადამიანის გული მოეგოთ. დამატებითი ინფორმაციისთვის ვერკასა და გიორგის შესახებ შეგიძლიათ ეს პოსტი ნახოთ.
- სად სწავლობთ?
- ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სპორტის ფაკულტეტზე. გიორგი მე-4 კურსზეა, ვერკა – მე-3-ზე.
- ჭიათურაში ხშირად ჩადიხართ ხოლმე?
- კი, ძალიან ხშირად ჩავდივართ.
- როდის დაიწყეთ ცეკვა?
- ვერკამ 7 წლიდან დაიწყო, თუმცა მანამდე ქართულს ცეკვავდა, სამეჯლისო ცეკვებს კი 13 წლიდან მიჰყო ხელი. გიორგი 12-13 წლის იყო და პირდაპირ სამეჯლისო ცეკვებით დაიწყო. ცოტა ხანი ქართულ ცეკვებზეც იარა, მაგრამ სამეჯლისო უფრო ახლოს იყო მასთან.
- ელოდებით, რომ მეორე შანსი მოგეცემოდათ და 5-ეულში დაგასახელებდათ ჟიური?
- გეგას კომენტარის შემდეგ, მართალი რომ გითხრათ, ველოდით და ძალიან გაგვიხარდა.
- სად გაიცანით ერთმანეთი?
- ჩვენ მეზობლები ვართ ჭიათურაში, შემდეგ ცეკვაზეც ერთად დავიწყეთ სიარული და დავახლოვდით.
- მოსწავლეები გყავთ? ვინმეს ასწავლოთ ცეკვას?
- არა, ჯერჯერობით მოსწავლეები არ გვყავს.
- რას ეტყოდით თქვენს გულშემატკივრებს?
- უღრმესი მადლობა ყველას, ძალიან გვიყვარხართ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი იმედები გავამართლოთ და ორჯერ და სამჯერ უფრო ძლიერად გვიგულშემატკივროთ.
ვერკა და გიორგი კასტინგზე:
ვერკა და გიორგი ნახევარფინალში:
მარიამ ფაჩულია – 9131
პატარა მარიამი ულამაზესი თვალებით და ხმით ხალხის ფავორიტი გახდა და ფინალისტების სიას შეუერთდა. კასტინგის სიმღერის შემდეგ მას მოფერებით “პატარა მერცხალს” ეძახიან. შეუძლებელია მისდამი სიმპათიები არგაგიჩნდეს – პატარა, ლამაზი, უმანკო ბავშვი, რომელსაც გამარჯვება იმიტომ სურს, რომ ბებია და მამიკო გაახაროს. სამწუხაროდ, მისთვის კითხვების დასმა ვერ მოვახერხეთ, ამიტომ გთავაზობთ ნახევარფინალის წინ მის შესახებ გაკეთებულ პოსტს:
მარიამი ჯერ კიდევ მაშინ ამღერდა, როცა ლაპარაკიც კი არ იცოდა. ტელევიზორში გაგონილ მუსიკას ყოველთვის ღიღინით ჰყვებოდა. სცენაზე პირველად 4 წლის ასაკში გამოვიდა. მარიამი სტუდია “ენკი-ბენკი”-ს მოსწავლეა. ეს სტუდია ფოთში პერიოდულად მართავს ფესტივალებს და მარიამიც ხშირად მონაწილეობს.
გარდა ამისა, მარიამმა მონაწილეობა მიიღო ფოთის ტელეკომპანიის მიერ ორგანიზებულ კონკურსში “მხიარული ტალღა” და გახდა ორგანიზატორთა სიმპატია.
მომავალში ძალიან უნდა, რომ მომღერალი გამოვიდეს. ასევე აპირებს ვიოლინოს და ფორტეპიანოს შესწავლას. თამაშობს ჭადრაკს. სკოლაში კარგი მოსწავლეა და ყველა საგანს ერთნაირი სიძლიერით ითვისებს!
მარიამი კასტინგზე:
მარიამი ნახევარფინალში:
პარკური – 9127
4-მა ბიჭმა კასტინგის ნომრის პირველივე წამებიდან დაატყვევა ყველა. სიტყვა “პარკური” ბევრს საერთოდ გაგონილი არ ჰქონდა, ახლა უკვე მთელმა საქართველომ იცის, რომ არსებობს სპორტის ასეთი სახეობა. ტრეისერები – ის ადამიანები, რომლებიც პარკურს მისდევენ – განსაკუთრებული ნიჭით და ნებისყოფით დაჯილდოებული ადამიანები არიან, ბევრს ვარჯიშობენ და მიზანსაც აღწევენ – ალბათ ეს მაქსიმუმია, რაც შეიძლება ადამიანმა იფრინოს ფრთების გარეშე. პარკურმა კასტიგნზეც და ნახევარფინალშიც მთელი საქართველო აალაპარაკა და იმედი გვაქვს, ფინალშიც ისევე გაგვაოგნებენ, როგორც ეს წინა ორ შემთხვევაში მოხვდა. მათ შესახებ დამატებითი ინფორმაციის წაკითხვა აქ შეგიძლიათ.
- როგორ არის ვატო, პარკურის წევრი, რომელმაც რეპეტიციის დროს ლავიწის ძვალი მოიტეხა?
ვატო: – ტკივილი მაქვს, მაგრამ გამაყუჩებლებს ვსვამ, მალე გადამივლის. მომენატრა ფრენა, ერთი სული მაქვს, როდის გავა 2 თვე და ისევ გავაგრძელებ ბიჭებთან ერთად ვარჯიშს. ყველას დიდი მადლობა, ვინც დაინტერესდით ჩემი ჯანმრთელობით, ღმერთი გფარავდეთ.
- ფინალურ შოუში რას შემოგვთავაზებთ?
- ყველანაირად ვეცდებით, რომ კარგი შოუ იყოს, ეფექტური სანახაობა. ნომერი სცენაზე კვირას ღამე უნდა დავდგათ, იდეის მონახაზი გვაქვს, მაგრამ ფიზიკურად ახლა უნდა განვახორციელოთ და ვივარჯიშოთ, დრო ძალიან ცოტაა, მაგრამ იმედი გვაქვს, მაყურებელს მაინც მოეწონება.
- სად ხტუნავთ ხოლმე?
- თითქმის ყველა უბანში.
- ბევრი ვარჯიში სჭირდება პარკურს?
- ძალიან ბევრი. ვარჯიშზე მეტი ნებისყოფა სჭირდება. ხშირად არის შემთხვევები, როცა რაღაც არ გამოდის, აკეთებ და კიდევ არ გამოდის, გინდა, რომ მიანებო თავი, თქვა, რომ მორჩა, აღარ მინდა ამის გაკეთება… მაგრამ ნებისყოფა უნდა მოიკრიბო და გააგრძელო ვარჯიში.
- მოტეხილობები და ტრავმები ხშირია?
- ახალი დაწყებული რომ გვქონდა, კი, ხშირი იყო. ახლა წვრილ-წვრილი ტრავმები და ნაღრძობები გვაქვს ხოლმე. ტკივილი სულ არის, მაგის გარეშე არ გამოდის.
პატარა ტრეისერს, ავთოს, ჯერ არაფერი დაშავებია. “არც გამტეხვია, არც მომტეხვია,” – ამაყად ამბობს ავთო.
რთულს არაფერს ვაკეთებინებთ ჯერჯერობით, ვუფრთხილდებით, – ამატებს გივი.
- ყველაზე რთული რა შეგისრულებიათ?
- 16-სართულიან კორპუსზე ავძვერით. შეგიძლიათ ვიდეოც ნახოთ:
- თქვენს სასტავში როგორ მოვხვდეთ?
- ამას ბევრი გვეკითხება, ჯგუფში ვერავის ავიყვანთ, სამწუხაროდ, მაგრამ რითიც შეგვეძლება, ყველაფრით დავეხმარებით.
- რას ეტყოდით თქვენს გულშემატკივრებს?
- გამარჯვების შემთხვევაში სპეციალურ დარბაზს გავაკეთებთ და ყველა მსურველს ვასწავლით პარკურს. ყველა გულშემატკივარს ძალიან დიდი მადლობა!
პარკური – კასტინგის ვიდეო:
პარკური – ნახევარფინალი:
ანა ხანჩალიანი – 9126
ანა ხანჩალიანი – გოგონა, რომლის ხმამაც უამრავი ადამიანის გული დაიპყრო, ნიჭიერის ნახევარფინალზე ხალხის რჩეული გახდა და ფინალის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება. გარდა იმისა, რომ ძალიან საყვარელი, ლამაზი და ნიჭიერი ბავშვია, ურთიერთობაშიც საოცრად თბილი და უშუალოა, ზრდილობიანი და მორიდებული. მის შესახებ დამატებითი ინფორმაცია აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ.
- ვოკალის მასწავლებელი მართლა არ გყავს?
- არა, არ მყავს, არ მოვმზადებულვარ სიმღერაში არასდროს.
- ვიოლინოს სწავლა რატომ გადაწყვიტე?
- ბავშვობიდანვე ვოცნებობდი, მცოდნოდა ვიოლინოზე დაკვრა. 6 წელი ვსწავლობდი ფორტეპიანოს, შემდეგ შემომთავაზეს მეორე ინსტრუმენტის დამატება და ვიოლინო ავირჩიე.
- მარიამ კახელიშვილს ძლიერ კონკურენტად თვლი?
- კი, ის ძალიან ნიჭიერი ადამიანია. არამხოლოდ ის, ფინალში ბევრი ძალიან ნიჭიერი კონკურსანტი შეიკრიბა.
- რაიმე მუსიკალურ კონკურსზე თუ გიმღერია?
- არა, არასდროს მიმიღია კონკურსებში მონაწილეობა.
- რატომ?
- ძირითადად იმის გამო, რომ მაგის შესაძლებლობა არ გვქონდა ხოლმე.
- რამდენიმე კითხვა იყო, ანას შეყვარებული თუ ჰყავსო…
(გაოცებული თვალებით მიყურებს) – კი, მაგრამ ეგ რაში აინტერესებთ?
- რა ვიცი, აინტერესებთ : )
(ძალიან დარცხვენილი) - არა, არ მყავს.
- სულ უცხოურ სიმღერებს მღერი, ქართული სიმღერები თუ გაქვს რეპერტუარში?
- ბავშვობიდან ქართულ სიმღერებს ვმღერი, ჩემი უსაყვარლესი სიმღერაა ცაბაძის “ალიონზე გამიღიმა თბილისმა”. უბრალოდ ახლა უცხოენოვანი სიმღერები ვარჩიე.
- შენი საყვარელი მომღერლები ვინ არიან?
(აქ იბნევა, ბევრნი არიან და როგორ ჩამოვთვალოო, და მთხოვს, რომ ცოტა დრო მივცე მოსაფიქრებლად)
- ბიორკი, ბარბრა სტრეიზანდი, სელინ დიონი, ვიტნი ჰიუსტონი.
- ვინმე დაინტერესდა შენი ვოკალით? რაიმე შემოთავაზება გქონდა?
- ჯერჯერობით არანაირი, მხოლოდ ერთი ადამიანი დამიკავშირდა ფილადელფიიდან და საჩუქარი გამომიგზავნა.
- ელოდი, რომ ხალხის რჩეული გახდებოდი?
- არ ველოდი. სცენაზე ძალიან შემრცხვა ემოციების გამოვლენა, თუმცა კულისებში რომ გავედი, ვხტუნავდი სიხარულით, სახლშიც სულ დავხტოდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი.
- რას ეტყვი გულშემატკივრებს?
- ყველას ძალიან დიდი მადლობა, იმ ადამიანებსაც, ვისაც მესიჯის გამოგზავნის საშუალება არ ჰქონდა, მაგრამ ამის გარეშე მიჭერდნენ მხარს. დიდი იმედი მაქვს, რომ ახლაც მიგულშემატკივრებენ.
ანა კასტინგზე:
ანა ნახევარფინალში:
ავთო ნაცარაშვილი – 9125
ნიჭიერის ფინალისტებზე ბევრს საუბრობენ, ზოგის ნიჭიერებას ეჭვქვეშ აყენებენ, თვლიან, რომ არ იმსახურებდა ფინალს. მაგრამ ყველა, ნიჭიერის ყველაზე გულფიცხი კრიტიკოსებიც კი ერთ რამეზე თანხმდებიან – ავთო ნაცარაშვილი უდაოდ ძალიან ნიჭიერი ადამიანია. “ნიჭიერის” სცენაზე მან პროფესიონალიზმის სულ სხვა დონე აჩვენა, ბევრად მაღალი, რასაც ის ადამიანებიც კი ადვილად მიხვდნენ, რომლებსაც მუსიკასთან არანაირი შეხება არ ჰქონდათ. ავთო ნაცარაშვილის ნიჭის, ნებისყოფისა და პროფესიონალიზმისადმი შეუძლებელია არ გაგიჩნდეს უდიდესი მოწიწების და პატივისცემის გრძნობა. მის შესახებ დამატებითი ინფორმაციის წაკითხვა ამ პოსტში შეგიძლიათ.
- მოსწავლეები თუ გყავთ და თუ ასწავლით გიტარაზე დაკვრას?
- ადრე მყავდა მოსწავლეები. ახლა ჯერჯერობით ჩემს თავს ვამეცადინებ. კარგ ფორმაში რომ ჩავდგები, შემდეგ მოსწავლეებსაც ავიყვან.
- Deep purple გიყვართ?
- კი, ძალიან, ჩემს ბავშვობაში ეტალონები იყვნენ, მათგან ბევრი რამ ვისწავლე, ფაქტიურად, ჩემი მასწავლებლები არიან.
- დღეში რამდენ საათს მეცადინეობთ?
- როცა კარგად ვმეცადინეობ – სულ ცოტა 8 საათი მჭირდება. ხანდახან 11 ან 12 საათიც მივარჯიშია.
- რომელი კუთხიდან ხართ?
- კახელი ვარ.
- სად შეიძლება თქვენი მოსმენა?
- ჯერჯერობით არსად, თუმცა ამჟამად დისკზე ვმუშაობ, რომელსაც აუცილებლად დავდებ ინტერნეტში და ხალხს შეეძლება გადმოწეროს და მოუსმინოს ჩემს შემოქმედებას.
- რამდენი კომპოზიცია გაქვთ სულ დაწერილი?
- დაწერილი უამრავი მაქვს, თუმცა ამჟამად 12 მათგანზე ვმუშაობ.
- რას ეტყოდით თქვენს გულშემატკივრებს?
- დიდ მადლობას მოვახსენებ. მინდა, რომ იმედიანად იყვნენ – სამომავლო გეგმები მაქვს, აუცილებლად შევთავაზებ მათ კარგ კომპოზიციებს და სიმღერებსაც!
ავთო ნაცარაშვილი კასტინგზე:
ავთო ნაცარაშვილი ნახევარფინალში:
გუგა ჭყონია – 9124
16 წლის გუგა ჭყონია გარდა იმისა, რომ ფეხბურთელია და აპირებს ამ სპორტს გაჰყვეს, განსაკუთრებული ნიჭითაცაა დაჯილდოებული – მას კარგად ეხერხება მუსიკალური ინსტრუმენტების, ხშირად კი – რამდენიმეს ერთად მიბაძვა. გუგა ჭყონიას გამოჩენამდე საქართველოში უამრავმა ადამიანმა საერთოდ არ იცოდა, რას ნიშნავს ბიტბოქსი, ახლა კი ამ ჟანრს უკვე თავისი თაყვანისმცემლებიც ჰყავს, რაც მთლიანად გუგას დამსახურებაა. მისი ბიოს ხილვა შეგიძლიათ აქ. კითხვებზე პასუხს რაც შეეხება – საკმაოდ სიტყვაძუნწი რესპოდენტია, ალბათ უნდა გვეთხოვა, რომ ჩვეულებრივად კი არა, ბიტბოქსით გაეცა პასუხები.
- რამდენი წელია, რაც ბიტბოქსს აკეთებ?
- ერთ წელზე ცოტა მეტია. (ფიქრობს) ერთი წელი და 2 თვეა!
- თუ ვერ გაიმარჯვე, გააგრძელებ ბიტბოქსს?
- კი, რა თქმა უნდა!
- როგორი გოგოები მოგწონს?
- გარეგნობას დიდ ყურადღებას ვანიჭებ. განათლებული უნდა იყოს და თავშეკავებული.
- შეყვარებული გყავს?
- არა, არ მყავს!
- ფინალზე რამდენ სიმღერას შეასრულებ ერთ ნომერში?
- (დიდხანს ითვლის) დაახლოებით ათს.
- Beardyman მოგწონს?
- ჰმ, მომწონს? მომწონს? მომწონს კი არა, ფანი ვარ!
- როგორ ისწავლე ბიტბოქსი?
- ერთ ვიდეოს ვუყურე და მეც მომინდა ცდა, შემდეგ ბევრს ვვარჯიშობდი და ვისწავლე.
- ადვილია ბიტბოქსის სწავლა?
- ვისთვის როგორ, ზოგს ძალიან უძნელდება, ჩემთვის იმდენად რთული არაა.
- რამდენი ხანია, რაც ფეხბურთს თამაშობ?
- 5 წელია.
- ფეხბურთში რომელ გუნდს გულშემატკივრობ?
- არსენალს!
- რას ეტყოდი შენს გულშემატკივრებს?
- ყველას დიდ მადლობას ვუხდი, რომ გვერდში მიდგანან და მხარს მიჭერენ!
გუგა ჭყონია კასტინგზე:
გუგა ჭყონია ნახევარფინალზე:

