2 June

ნიჭიერის ქასთინგი კახეთში

ნიჭიერის მეორე სეზონის მონაწილეების შერჩევა გრძელდება!

7 ივნისიდან  ქასთინგები გაიმართება კახეთში

განრიგი:

თელავი- 7 ივნისი, 12 საათი, კულტურის სახლი.

ახმეტა და გურჯაანი- 8 ივნისი, 12 საათი, კულტურის სახლი

ყვარელი და ლაგოდეხი- 9 ივნისი, 12 საათი, ყვარელი- თეატრი, ლაგოდეხი- კულტურის სახლი

რაც მთავარია, წინასწარი რეგისტრაცია არ არის საჭირო! შეგიძლიათ ანკეტის შევსების გარეშე მიბრძანდეთ ქასთინგზე თქვენთვის მოსახერხებელ ქალაქში.

თუ თვლი, რომ გაქვს ნიჭი და შენი ნიჭი იმსახურებს ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენას, მაშინ ეს შენი შანსია!

21 May

“ნიჭიერის” მეორე სეზონის ქასთინგი დაიწყო!

თქვენ უკვე ნახეთ, რომ ნიჭიერის სცენაზე დაუჯერებელი ამბები ხდება! თქვენ უკვე იცით, რომ ნიჭს არ აქვს საზღვარი. თქვენ უკვე დარწმუნდით, რომ ადამიანის შესაძლებლობები შეუზღუდავია! ახლა უკვე თავად გახდით ამ ყველაფრის მონაწილე!!!

თუ თქვენ თვლით, რომ გაქვთ ნიჭი, რომლის დემონსტრირებაც შესაძლებელია სცენაზე და რა თქმა უნდა, სურვილი, რომ ყველაზე რეიტინგული შოუს მონაწილე გახდეთ, მაშინ აუცილებლად მოგვწერეთ.
იმისათვის, რომ გახდეთ ქასთინგის მონაწილე არსებობს რამოდენიმე გზა:
1.თქვენ შეგიძლიათ მოგვიტანოთ თქვენი განაცხადი ვაჟა ფშაველას 45-ში, სადაც დაგხვდებათ სპეციალური საფოსტო ყუთი ნიჭიერისთვის.
2. ან გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები იმეილზე kastingi@rustavi2.com ან casting@nichieri.ge

წერილში მიუთითეთ თქვენი
  • სახელი
  • გვარი
  • ასაკი
  • საცხოვრებელი ქალაქი/რაიონი
  • მოკლედ მოგვიყევით თქვენი ნიჭის შესახებ
  • საკონტაქტო ნომერი!( სასურველია, თუ თქვენს პირად ნომერთან ერთად მოუთითებთ თქვენი ოჯახის წევრის ან მეგობრის ნომერსაც, რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში და ადვილად შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.)

3. რა თქმა უნდა,  აპლიკაციის ფორმა მოქმედებს ჩვენს ბლოგზეც. ნიჭიერს, რომელიც ახლა ჩვენს ბლოგს კითხულობს და აქვს სურვილი “ნიჭიერის” მონაწილე გახდეს , შეუძლია ახლავე და მარტივად შეავსოს აპლიკაცია და დაელოდოს ჩვენს ზარს.

აპლიკაციის შესავსებად დაკლიკეთ ამ სურათზე, ან მთელი კასტინგების პერიოდის განმავლობაში აპლიკაციის ბანერი განთავსებული იქნება საიტის მარჯვენა ზედა კუთხეში.

გახსოვდეთ, ნიჭიერის კარი ისევ ღიაა აბსოლუტურად ყველა ასაკის და შესაძლებლობის ადამიანისთვის!

ენდე შენს ნიჭს!

ნიჭიერის მეორე სეზონის ქასთინგი დაიწყო!!!

8 May

ნიჭიერის გუნდი პროექტის შესახებ

ჩვენს ბლოგზე პროექტის მსვლელობისასაც და მის შემდეგაც უამრავი კომენტარი, მოსაზრება, კითხვა თუ სურვილი დაიწერა. ჩვენ აქტიურად ვადევნებდით თვალს ყოველ თქვენს პოსტს, რადგან თითოეული მაყურებლის აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. ამ პოსტში გთავაზობთ “ნიჭიერის” გუნდის, იმ ადამიანების, ვინც “ნიჭიერს” აკეთებდნენ, იღებდნენ და თქვენამდე მოჰქონდათ კომენტარს და პასუხს ბლოგზე წამოჭრილ რამდენიმე კითხვაზე. ისინი ასევე საუბრობენ სამომავლო გეგმებზეც.
2010 წლის 1 თებერვლიდან  ორშაბათი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე გახდა სატელევიზიო სივრცეში. თამამად შეგვიძლია  ვთქვათ, რომ ამხელა გამოხმაურება, ასეთი სახალხოობა არც ერთ პროექტს არ ჰქონია. ძირითადი დისკუსიები სხვა ვებგვერდების პარალელურად, ჩვენს ბლოგზე მიდიოდა.
ჩვენ გვყავს ბლოგერები, რომელთა კომპეტენციაში დაწყების დღიდან პროექტის გუნდის არც ერთი წევრი არ ჩარეულა, ისინი ყოველთვის გამოხატავდნენ მხოლოდ მათ სუბიექტურ აზრს კონკრეტული კასტინგის ეპიზოდის თუ ნახევარფინალის შესახებ. ისინი არ ერიდებოდნენ ჩვენს კრიტიკასაც. რა თქმა უნდა, ჩვენც ვაკვირდებოდით, გვიჩნდებოდა კითხვები, ვიღებდით პასუხებს თქვენი კომენტარების მეშვეობით და ახლა, როდესაც პროექტის პირველი სეზონი დამთავრდა და ჩვენ უკვე გვყავს გამარჯვებული – გაგვიჩნდა სურვილი ჩვენ თავადვე გაგვეცა პასუხი თქვენს კითხვებზე.
ეს კითხვები კი, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი ბლოგის მკითხველების კომენტარებიდან გამომდინარეობს.
პირველ რიგში, ჯერ კიდევ ნახევარფინალების დროს, როდესაც პირველ-ორ ლაივზე 4 ფინალისტიდან 3 მომღერალი აღმოჩნდა, ბლოგზე ყოველი 3 კომენტარიდან 2 ასე ჟღერდა : ნიჭიერია თუ ჯეოსტარი? თუმცა, საბოლოო ჯამში, ქართულ ნიჭიერს ფინალი ყველაზე არსებულ ანალოგზე მრავალფეროვანი გამოუვიდა და აი სტატისტიკაც:
12 ფინალისტიდან:
6 მომღერალი (აქედან 5 – მაყურებლის არჩევანი, 1 – ჟიურის არჩევანი)
1 ცეკვა
1 ბიტბოქსი
1 პარკური
1 ილუზიონისტი
1 სამეჯლისო ცეკვა
1 გიტარისტი

სულ 7 განსხვავებული ჟანრი და შედეგად – რეკორდული რეიტინგი.

რაც მთავარია, პროექტმა მოახერხა 12 ისეთი ფინალისტის შეკრება, რომელთა გამოსვლის დროს მაყურებლის უმრავლესობა სწორედ მას გულშემატკივრობდა, ვინც კონკრეტულად იმ მომენტისთვის იდგა სცენაზე. თორმეტივე იყო ძალიან ნიჭიერი.

და ამ 12 კონკურსატისგან მაყურებელთა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ლევან შავაძე იმსახურებდა გამარჯვებას და ეს ხმების იმ 28,2 %-ში გამოიხატა, რაც მან მიიღო. რა თქმა უნდა, მაშინ როდესაც დანარჩენი 71,8 % სხვა  ნიჭიერს გულშემატკივრობდა, არ გაგვკვირვებია ბლოგის მკითხველების პროტესტი.

თუმცა  მაინც უცნაურად გევჩვენა აზრი,  რომლის მიხედვითაც მხოლოდ ჟიურისთვის უნდა მიგვენდო გადაწყვეტილების მიღება. მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს სურვილი გვერქვას დემოკრატიული პროექტი, რომლის კარი ღიაა ყველა ადამიანისთვის, ყველანაირი ნიჭით და შესაძლებლობით, რასაც სცენის მასშტაბი დაიტევს, მაშინ რატომ უნდა ჩამოგვერთმია ხალხისთვის არჩევანის უფლება? ჩვენ ვთვლიდით და ვთვლით, რომ ხალხმა უნდა არჩიოს და არა ხალხს აურჩიონ.

რეალურად, არ არსებობს ნიჭის ზუსტი მათემატიკური საზომი, ანუ ვთქვათ, მარიამ კახელიშვილი რატომ არის დავით რობაქიძეზე ნიჭიერი, ან ნექსთ ლეველი – ანი ხანჩალიანზე უნიჭო? რა ვერ გააკეთა ნებისმიერმა კონკურსანტმა ისე, რომ მასზე ვინმეს ეთქვა, რომ ის არ იმსახურებს ერქვას ნიჭიერი? ან არ იმსახურებს გამარჯვებას? სწორედ ამიტომ, ხმის მიცემის ფორმა არის სწორედ ის ოპტიმალური ვარიანტი, რაც პროექტს უნარჩუნებს დემოკრატიულობას და რაც მთავარია, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანს - სახალხოობას. ხოლო გამარჯვებულის ვინაობას არკვევს არა მისი სხვაზე ნაკლები ნიჭი, არამედ ის სუბიექტური სიმპატია, რასაც მაყურებელი ხმის მიცემით გამოხატავს.

დავუბრუნდებით ისევ სტატისტიკას: მაშინ, როდესაც ლევან შავაძეს არ გულშემატკივრობდა მაყურებლის 71,8 %, სხვა დანარჩენი 11 კონკურსატის შემთხვევაში ეს შედეგი ასეთი იქნებოდა:

მაყურებლის საერთო რაოდენობიდან გულნაზი გოლეთიანს ხმა არ მისცა 83,1 %-მა, ანუ უხეშად რომ ვთქვათ, 100-დან 83,1 % მას არ გულშემატკივრობდა.
მარიამ კახელიშვილს: 84,3%
ანა ხანჩალიანს 89,2%
მარიამ ფაჩულიას 94,2 %
ბაბის და მარიამს 94,6 %
გუგა ჭყონიას 95,9 %-მა
დავით რობაქიძეს, 96 %
ნექსთ ლეველს 96,8 %
პარკურს 97,9 %
ავთო ნაცარაშვილს 98%
ვერკას და გიორგის 98,3 %.

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ასეთი სტატისტიკა უფრო “შთამბეჭდავია”. და შესაბამისად, უფრო დიდი იქნებოდა პროტესტი ამ ნებისმიერი კონკურსანტის გამარჯვების შემთხვევაში. ან შესაძლოა ჩვენი ბლოგის მკითხველს და სხვა დანარჩენ მაყურებელს შორის აზრთა დიდი სხვადასხვაობაა, ან ჩვენს მკითხველს მხოლოდ პასიური მაყურებლის როლში უყვარს ყოფნა და მისი გულშემატკივრობა მხოლოდ ბლოგის კომენტარებში გამოიხატა და არა ფავორიტის მხარდაჭერაში. თუმცა თითოეული თქვენგანი ქმნით იმ რეკორდულ რეიტინგს, რაც “ნიჭიერმა” მიიღო, გამოკითხვებზე დაყრდნობოთ, იყო შემთხვევები, როდესაც 100 ტელევიზორიდან 96 “ნიჭიერზე” იყო ჩართული. ჩვენ ვაფასებთ და მადლობას ვუცდით ნებისმიერ ადამიანს, ვინც ყოველ ორშაბათს ტელევიზორში რუსთავი2-ს რთავდა და “ნიჭიერს” უყურებდა.

თუმცა მაყურებელთა ორი კატეგორია გამოიკვეთა – ისინი, ვინც უბრალოდ უყურებდნენ შოუს და ისინი, ვინც გულშემატკივრობდნენ ამა თუ იმ კონკურსანტს. ბლოგზე არსებული სტატისტიკების ანალიზის შედეგად ჩანს, რომ აქაური მკითხველების დიდი უმეტესობა “მხოლოდ მაყურებელთა” კატეგორიაში ხვდებოდა,  იმ მაყურებლების აზრი კი, ვინც არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც მხარს უჭერდა ამა თუ იმ კონკურსანტს, ყოველთვის არ ემთხვეოდა ჩვენი მკითხველების აზრს.

ისევ ბლოგის კომენტარებს დავუბრუნდები. რატომღაც ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რომ პროექტის გამარჯვებული რეგიონიდანაა, მღერის რესტორანში, ასრულებს გოგი დოლიძის სიმღერებს და ასაკით 40-ს ზემოთაა. (თუმცა ძნელი მისახვედრია, დემოკრატიული შოუს პირობებში ეს ნაკლად რატომ უნდა ჩაითვალოს? )

ისევ ბლოგის ერთ-ერთი მკითხველის, ზემფირას კომენტარს მოვიშველიებ:
- რა სურათი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ სხვა კონკურსანტი გაიმარჯვებდა? გასაკრიტიკებელს მაინც ნახავდით რამეს.
ჟიურის რომ აერჩია: მაგათ ვინ ეკითხება, ხალხს არჩევანის საშუალება არ მიეცით!
ხანჩალიანი თუ გაიმარჯვებდა: მაგან როგორ გაიმარჯვა, კახელიშვილი ჯობდა!
კახელიშვილი გაიმარჯვებდა: ხანჩალიანს არ გაამარჯვებინეთ, არადა ის ჯობდა!
გულნაზი გაიმარჯვებდა: პროდიუსერებმა გააკეთეს სუზან ბოილი და გაამარჯვებინეს.
პარკური: ეგრე ყველა იხტუნავებდა, როგორ შეიძლებოდა, როცა მოზაიკა გარეთ დარჩა!
ვერკა და გიორგი – აქ გამოხტებოდნენ აკა და გვანცას და ლევანი და სოფოს თაყვანისმცემლები.
ავთო ნაცარაშვილი – აქ თავს წამოყოფდა მასის ის ნაწილი, რომელიც სელინ დიონს უსმენს და ასეთი ბევრია. ეს რა იყო, რაღაცას უბარტყუნებდა გიტარაზე!
ნექსთ ლეველი: ნიუ სტაილი ჯობდა, ძალით გაიყვანეს. ან გამოხტებოდნენ ვესტ საიდ დენსერები- ჩვენ 16000 (11000 12000, 20000 მოკლედ რაც პირზე მოადგებათ) სმს გავაგზავნეთ, მუსიკა შეგვინელეს ბლა ბლა ბლა მაგათი გაყვანა უნდოდათ და გაიყვანეს!
ფაჩულია- დედა არ ჰყავს და შეეცოდათ.
გუგა ჭყონია- ისევ ხანჩალიანი და კახელიშვილი სჯობდა მაგას რააა…
დავით რობაქიძე- კი მაგარია, მაგრამ მაინც ნიჭიერი სხვა არი რააა… ავთო გოგეშვილიც მაგარი იყო და რატო არ გაიყვანეეეეს.
ბაბი და მარი – ამათზე ატყდებოდა ცოდვის ტრიალი -მამამ მოაგებინა!

მოკლედ ძალიან კარგი, რომ გაიმარჯვა შავაძემ. ვულოცავთ. :))))))))
მასზე რაც ატყდა – სახეზეა, მაგრამ დიდი რესპექტები მის გულშემატკივარს, რომ ასე უხმაუროდ გაამარჯვებინეს, მართლა უგულშემატკივრეს და სიტყვები ჰაერზე არ უფქრვევიათ :)

მართლაც ასეა, ყველა ვერ იქნებოდა შედეგით კმაყოფილი და თავისთავად კომენტარებში გარდასახული პროტესტი და რიგ შემთხვევაში აგრესია ისევ გარდაუვალი იქნებოდა.

რაც მთავარია, არსებობს ხალხი (ანუ აქტიური მაყურებლის უმრავლესობა), რომელთათვისაც ეს შედეგი საუკეთესოა – მათი ფავორიტია გამარჯვებული და ასეთი ადამიანების რიცხვი საკმაოდ დიდია.

არ გვინდა ვინმემ იფიქროს, რომ ამ პოსტით ჩვენ საპირისპიროდ რაიმეს დამტკიცებას ვცდილობთ, ან შედეგის რამენაირად გამართლებას, ან ჩვენი მკითხველისთვის რამეზე მითითებას და შენიშვნას.

ჩვენი გუნდისთვის ეს ბლოგი და ნებისმიერი თქვენი კომენტარი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენც გვეხმარება შემდეგ და შემდეგ პროექტების უფრო მეტად დახვეწაში. ჯანსაღი კრიტიკა ჩვენთვის ყოველთვის მისაღებია.

ბლოგზე დაიწერა ისიც, რომ მაყურებელს არ მოეწონა პროექტის ფინალი, როდესაც მონაწილეების ნაწილი პრიზების გარეშე დარჩნენ.

ფინალურ სამეულს შეხვდა მობილურები და სასაუბრო დრო, ჯგუფი ნექსთ ლეველი კლუბ “ზუმის” სახე გახდა, გამარჯვებულმა კი მიიღო ბინა კომპლექს “დრიმ თაუნში” , რომლის საბაზრო ღირებულება ბევრად აღემატება ყველა იმ თანხას, რაც აქამდე მსგავს შოუებში ყოფილა.

და მაინც, ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი, რომ მაყურებელს ნამდვილი happy end  უნდა და არა მხოლოდ 1 გამარჯვებული, სწორედ ამიტომ, შემდეგ სეზონზე დაწესდება სპეციალური პრიზები, რომელსაც ჟიურის თითოეული წევრი კონკრეტულად მის ფავორიტს გადასცემს. ანუ 3 ჟიური – სამი დამატებითი პრიზი.
+ პრიზები სპონსორებისგან.

ნიჭიერის მეორე სეზონის კასტინგები კი სულ მალე დაიწყება. ყურადღებით ადევნეთ თვალი ჩვენს ბლოგს, აქ პერიოდულად დაიდება ინფორმაციები როგორც თბილისის, ისე რეგიონალური კასტინგების შესახებ. გვექნება ონლაინ აპლიკაციის ფორმა და მივიღებთ იმეილებსაც.

და ერთი რამ ალბათ ჭეშმარიტებაა – “ნიჭიერის’ დეფიციტის დრო არ არის. ნიჭიერის გუნდი არ გემშვიდობებათ, ძალიან მალე ჩვენ ისევ დავბრუნდებით უკვე მეორე სეზონით.

7 May

მეცამეტე სერიის დასასრული

ბექა, a.k.a მჩხაპნელი ბლოგიდან Doin.ge

“რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფრის ბოლო მაინც კეთილია”- თქვა დედაბერმა, როცა მისი მოხუცი წავიდა და თავი ჩამოიხრჩო(ასტრიდ ლინდგრენი – “მაწანწალა რასმუსი”)

“ნიჭიერზე” ტოტალიზატორში ფსონები რომ ყოფილიყო, მოთამაშეები ტოტალურ წაგებას ნამდვილად ვერ გადაურჩებოდნენ.

პროექტის ფინალის FIN-ალური ნაწილის ალი არც იმდენად მხურვალე აღმოჩნდა, რომ მაყურებელთა უმეტესობის გული დადებითად აეგიზგიზებინა. პირიქით – შედეგი ისეთივე მოულოდნელი იყო ყველასათვის, როგორც რობინზონ კრუზოსთვის – 28 წლის შემდეგ დანახული გემი, კატისათვის – პარასკევ დღეს ძირს ჩამოვარდნილი ძეხვი, უცხოელისათვის – თხილის გულის ცხრა ნაწილად გაყოფის ალბათობის დაშვება, ბებიაჩემისთვის – ამ აბზაცში მისი მოხსენიება და ა.შ.

თუმცა, როგორც ერთდროულად შაკიკითა და სურდოთი შეპყრობილი პაციენტი ექიმს ეტყოდა: “სჯობს თავიდან დავიწყოთ…”

“Next level”-ის გამოსვლები “ნიჭიერის” სცენაზე, მისივე სახელწოდების მეორე სიტყვას მაგონებს, ანუ, დებიუტიდან ფინალამდე და ფინალიდან დებიუტამდე, ორივე მიმართულებით, მათი ნომრები ერთნაირად კარგი აღმოჩნდა. ყველაზე მოსაწონი კი ის არის, რომ ჯგუფი ტერფსიქორესთან (ცეკვის მუზაა) ერთად ფანტაზიასთანაც აშკარად მეგობრობს და ამ მეგობრობის სინთეზი სცენაზე კარგად ჩანს. ფანტაზიის ფანტვას ვერც მოცეკვავეთა მეორე წყვილს დავაბრალებთ. მართალია, ერთი-ორ შემთხვევაში მომეჩვენა, რომ მათი ზოგიერთი ილეთი – “ეს ის არ იყო, რაც მეგონა… კი არადა, წესით უნდა ყოფილიყო”, მაგრამ ცეკვის საერთო ფონი ისე იყო დამშეული, რომ მცირე შეცდომები მთლიანად “შეჭამა”.

გადავინაცვლოთ ქართული ნიჭის ნოტურ სახესხვაობაზე. როგორც მახსოვს, ვიღაცამ მუსიკას “მსოფლიოში ყველაზე საშინელი ხმაური” უწოდა. თუმცა, ფინალის შემდეგ, ხსენებულმა “ვიღაცამ” ამ სიტყვების გამო ნამდვილად დაიმსახურა ის, რომ მისი სახელი კაცობრიობისათვის ბოლომდე უცნობად დარჩეს. (სულ მინიმუმ იმიტომ მაინც, სცენაზე მარიამ კახელიშვილმა და ანი ხანჩალიანმა კიდევ ერთხელ რომ იმღერეს). როგორც მოსალოდნელი იყო კარგად იმღერა გულნაზი გოლეთიანმა (მაგრამ მისი პირველი “დაუვარცხნელი” გამოსვლა მაინც უფრო მომეწონა), კარგად იმღერა ბაბისა და მარის დუეტმა, კარგად იმღერა ლევან შავაძემ და… ისევ საყვარელი იყო მარიამ ფაჩულია. (ეს აბზაცი ეძღვნება მკითხველთა იმ ნაწილს, რომელსაც მარტივი წერა უყვარს, რადგან ამდენი სახელი და გვარი ერთ პატარა მონაკვეთში არასოდეს გამომიყენებია).

მე და გიტარა ისე შორს ვართ ერთმანეთისგან, როგორც ანი და ჰოე, ალფა და ომეგა, “რაც უფრო” და “მით უფრო ვტკბები”, “პოზიცია” და “ოპოზიცია”… მოკლედ, გიტარაზე დაკრული აქამდე მხოლოდ სუფრებსა და ანტონიო ბანდერასის ფილმში მქონდა მოსმენილი (ნანახი). (აქვე უნდა აღვნიშნო იმის ცოდნაც, რომ ჯიმი ჰენდრიქსი “აი, ძაან მაგარია”). ჰოდა, აქედან გამომდინარე, მე რომ ავთო ნაცარაშვილის დაკრული შევაფასო, მოგვიანებით მინიმუმ სინდისმა უნდა მქენჯნოს, რომ ასეთმა არაკომპეტენტურმა მსმენელმა ეს საქმე საკუთარ თავზე ავიღე. სინდისი კი, როგორც გერცენმა აღნიშნა, ყველაზე დიდი ინკვიზიტორია.

ინკვიზიტორზე რატომღაც ერთი მონაწილე გამახსენდა, რომელიც საკუთარ ფილტვებს “უკანასკნელ ამოსუნთქვამდე” ტანჯავს. ერთ-ერთ ფილოსოფოსს აქვს ნათქვამი… არა, ასე რთულად გამოვა. მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთი და ორი სუბიექტის ტანჯვა იმით არის გამართლებული, რომ ამის შედეგად სიამოვნებას გაცილებით მეტი ინდივიდი იღებს. (მაინც ჩახლა-რთული გამოვიდა). აქედან გამომდინარე, დიდი იმედი მაქვს, რომ გუგა ჭყონია ქართული სივრციდან ისევე არ გაქრება, როგორც რეალური თუ სხვა შოუების მონაწილეები გაუჩინარდნენ.

“გაქრობის” თემიდათემიდას შეურაცხყოფაზე მინდა გადავიდე, თორემ სამართალი რომ იყოს, “ნიჭიერის” მთავარი მქრობელი მას სამეულში მაინც უნდა მოეხვედრებინა. მართალია, საოცარი ნახევარფინალური ნომრის შემდეგ ფინალის ყურებისას საზოგადოების ნაწილს უკმარისობის შეგრძნება დარჩა, მაგრამ რობაქიძის თითოეული გამოსვლა მაინც ისეთი “შთა”-მბეჭდავი იყო, რომ ფინალის მიმდინარეობისას საკმაოდ ბევრი “შთა”-ს დაბეჭდვა მოასწრო. სამწუხაროა, რომ ამ ნომერმა სათანადო ნომრული ასახვა მობილურ ტელეფონებზე ვერ ჰპოვა.

რაზე უნდა გადავიდე შთამბეჭდავიდან, თუ არა პარკურზე და რა უნდა ვთქვა მათ ნომერზე, თუ არა კარგი. ასპროცენტიანი ასები არიან (აქვე მცირე განმარტება: “ასი” – პროფესიონალი მფრინავი). ფინალურ ნომერში დამატებული მანქანა კი მრავალფეროვნების… თუ მრავალსაგნოვნების კუთხით, ნამდვილად კარგი მიგნება აღმოჩნდა.

გადავიდეთ გამარჯვებულზე… (სანამ თვითონ ის “დრიმ თაუნის” ბინაში გადავა). უკვე ბევრი ითქვა, დაიწერა, გაითათხა, გაიკიცხა და ბევრი სხვა არცთუ თავაზიანი ზმნა დაფიქსირდა ყველაზე ნიჭიერის მიმართ. თუმცა, დამნაშავე იმაში, რომ ლევან შავაძემ გაიმარჯვა, არც “ნიჭიერის” შემოქმედებითი ჯგუფია და მით უმეტეს, არც ლევან შავაძე. უბრალოდ, საკითხი “ხალხის ბრძნობის” შესახებ, ეჭვქვეშ კიდევ ერთხელ აღმოჩნდა.

თუმცა, გამარჯვება მხოლოდ პირველი ადგილით არ გამოიხატება. როგორც პათეტიკური ადამიანები იტყოდნენ: ხალხის სიყვარულიც უდიდესი გამარჯვებაა :)

და ბოლოს, მინდა ეს ბოლო პოსტი ისევე მოჭრილად დავასრულო, როგორც თავად პროექტი დასრულდა.
ყოველგვარი პ.ს-ების გარეშე: მომავალ შეხვედრამდე! :)

5 May

ნიჭიერის ფინალი – ხმები

ნიჭიერის ფინალურ კონცერტზე სულ შემოვიდა 115 872 ხმა, რომელიც პროცენტულად ასე გადანაწილდა:

1. ლევან შავაძე – 28,2%

2. გულნაზი გოლეთიანი – 16,9%

3. მარიამ კახელიშვილი – 15,7%

4. ანა ხანჩალიანი – 10,8%

5. მარიამ ფაჩულია – 5,8%

6. ბაბი და მარიამი – 5,4%

7. გუგა ჭყონია – 4,1%

8. დათო რობაქიძე – 4%

9. Next level – 3,2%

10. პარკური – 2,1%

11. ავთო ნაცარაშვილი – 2%

12. გიორგი და ვერკა – 1,7%

5 May

ლევან შავაძე – ნიჭიერის გამარჯვებული!

5 May

ფინალი

თინი, ბლოგერი tiny.ge-დან

გუშინ ჩვენ ვიხილეთ ნიჭიერის კულმინაცია, პირველი სეზონის მთავარი მოვლენა – ფინალი! ყოველგვარი გადაჭარბებისა  და სუბიექტურობის გარეშე შემიძლია ვთქვა,  ეს იყო ძალიან მაღალი დონის შოუ – მრავალფეროვანი და სანახაობრივი.  ჩვენ ვიხილეთ 12 ფინალისტი და ამ 12-დან 7 სხვადასხვა ჟანრის ნომერი.

კითხვები გაჩნდა, რატომ შეასრულეს იგივე სიმღერებიო და პასუხს გაგცემთ- ეს არის პროექტის ფორმატი. ყველა მონაწილე, რომელიც ფინალში გადის, ასრულებს იმ ნომერს, რაც კასტინგზე ან ნახევარფინალში შეასრულა. ნიჭიერის ხელმძღვანელებს მოუხდათ სპეციალური ნებართვის აღება პროექტის შემქმნელისგან, რომ მომღერლების გარდა, სხვა მონაწილეებს მაინც ჰქონოდათ ახალი ნომრის შემოთავაზების უფლება.

ახლა გადავიდეთ მთავარზე და  მონაწილეების გუშინდელი ნომრები შევაფასოთ:

“ამ ჟანრში თქვენ ხართ პირველები”

next level-ის სამივე ცეკვა (კასტინგზე, ნახევარფინალში და ფინალში) იყო ცეკვის საუკეთესო ნომრები მთელი შოუს მანძილზე. ალბათ ზედმეტია იმის აღნიშნვა, რომ საოცარი სინქრონი და რთული მოძრაობები აქვთ, იმდენჯერ გაჟღერდა უკვე… თანაც სამივე შემთხვევაში  ეცვათ ძალიან კარგი ფორმები! ფინალური ნომერი მართლა განსაკუთრებული იყო – ფორმებითაც, სიუჟეტითაც და შესრულების დონითაც. ასევე გამორჩეული იყო სიმღერების მიქსი,  მრავალფეროვანი და თან სახალისო! ამ ყველაფრის შერწყმით მივიღეთ იდეალური ნომერი და ყველაზე კონკრეტული შეფასება: ისინი პირველები არიან! სამართლიანადაც გადაეცათ ჯეოსელის სპეციალური ჯილდო.

მარის და ბაბის გამოსვლა დადებითად შემიძლია შევაფასო. არც ერთი ხარვეზი არ ჰქონიათ სიმღერის დროს და მოცეკვავეებთან ერთად თვითონაც რომ ცეკვავდნენ, ძალიან მოუხდა ნომერს.

ლევან შავაძეს რაც შეეხება, თავის ჟანრში ნამდვილად კარგია. კვარტეტის დამატება ალბათ არ იყო საჭირო, თითქოს ვერ შეერთდნენ სიმღერის დროს, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც ეფექტური გამოვიდა და შეძლო მაყურებელში ემოციების გამოწვევა, რაც შემდეგ მისთვის გამოგზავნილ ხმებზეც აისახა…

გუგა ჭყონიას ნახევარფინალური გამოსვლის შემდეგ ძნელი წარმოსადგენი იყო უკეთესი ნომრის შემოთავაზება. ნახევარფინალში მოულოდნელი იყო მისი ასეთი წინსვლა, ფინალში კი მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან ნიჭიერია. როდესაც გავიგე, რომ გუგას ბიტბოქსს ცეკვა გააფორმებდა, მეგონა, რომ ამით ყურადღება გაიფანტებოდა, მაგრამ ისე იყო ნომერი გაკეთებული, რომ ის უშუალო კავშირში იყო მოცეკვავეებთან და თანაც ძნელია სხვა რამეზე გადაიტანო ყურადღება, როცა სცენაზე ათი ინსტრუმენტის და მომღერლის მაგივრად ერთი ადამიანი დგას და ასე წარმატებით უკარგავს ფუნქციებს ინსტრუმენტებსაც და მომღერალსაც!

ავთო ნაცარაშვილის იდეა, რომ “შეჯიბრებოდა” საკუთარ კუმირს, ძალიან კარგი გამოდგა. მართლა კარგი საყურებელი იყო ორი გენიალური გიტარისტის ყურება ერთ სცენაზე!  ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია სიმებიან საკრავთან შეხება, კარგად მიხვდება, თუ რა სირთულის სოლო შეასრულა ავთომ. ალბათ გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ ნიჭიერმა აღმოაჩინა საქართველოში (და მგონი არა მხოლოდ…) საუკეთესო გიტარისტი, რომელიც აქამდე გაურკვეველი მიზეზების გამო ჩრდილში იყო.

ანა ხანჩალიანის მიმართ ნათქვამი ნიკას სიტყვები, რომ მეგონა უკანასკნელი თეთრები გავიღე საყვარელი მომღერლის კონცერტზე დასასწრებადო, იმ მომენტში ალბათ იყო ყველა იმ ადამიანის ემოცია, ვინც კარგად იცის მუსიკის ფასი,  ვისაც ესმის რას ნიშნავს, როცა სცენაზე დგას ნამდვილი მომღერალი. ეს სიმღერა ურთულესია შესასრულებლად. არ ვიცი ანა როგორ ახერხებს ასე იდეალურად იმღეროს და მსმენელში ამხელა ემოცია გამოიწვიოს. გაოგნებულიც ვარ და თან გულდაწყვეტილიც, რომ სამეულშიც კი ვერ მოხვდა, როდესაც მისი ადგილი ნამდვილად იყო იქ.

პარკურის სამი გამოსვლიდან ყველაზე მეტად ფინალური მომეწონა! თანაც ყველაფერი ფაქტიურად რამდენიმე საათში მოამზადეს, იქამდე მხოლოდ იდეის მონახაზი ჰქონდათ. უფრო ადრე რეპეტიციის გავლა ვერ მოხერხდა, ამიტომ სცენაზე ვარჯიში წინა დღეს დაიწყეს და ფაქტიურად გათენება მოუწიათ. მართალი გითხრათ, იმდენად დახვეწილი იყო ყველაფერი, არ დავიჯერებდი მათი ნომრის ნახვის შემდეგ ვინმეს რომ ეთქვა, ასეთ მოკლე დროშია დადგმულიო.  ადვილი არაა ასეთი სპორტი გადააქციო სანახაობად, რომელსაც ყველა სიამოვნებით უყურებს.

ვერკა და გიორგი საუკეთესო წყვილად ჯერ კიდევ მაშინ დავასახელე, როცა დანარჩენი ორი წყვილის ნახევარფინალური გამოსვლა ნანახიც არ გვქონდა. ძალიან გამიხარდა, რომ გუშინდელის შემდეგ ჩემი ნათქვამის სისწორე უფრო დამტკიცდა. ურთულესი ილეთები, მათი სცენურობა და ცეკვის სანახაობრივი მხარე ძალიან ეფექტურს ხდის მათ ნომრებს!

მარიამ კახელიშვილს რაც შეეხება, ისეთი ძლიერი ტემბრი აქვს და სცენაზე ისე ემოციურად მღერის, რომ ნამდვილად ახდენს მაყურებელზე დიდ გავლენას.  შევამჩნიე, რომ დაბალი ბგერების აღება უჭირს და ჩემი აზრით გაუჭირდება ისეთი სიმღერის შესრულება, სადაც თითოეულ ბგერას სჭირდება ფრთხილად მოკიდება. ამიტომ ვთვლი, რომ სწორად არჩევს რეპერტუარს და თავის ჟანრში ნამდვილად კარგია.

თამამად ვამბობ, რომ დათო რობაქიძის ნომერი იყო საუკეთესო ფინალურ შოუზე! საერთოდ, აზრი არ აქვს, რას აკეთებს – მთავარია როგორ აკეთებს, რა ფორმატში გვაწვდის და როგორ ახერხებს, რომ ყველა მაყურებლის ყურადღება და გული დაიპყროს. გენიალურად იყო გაკეთებული ნომრის მთავარი , ფოკუზის შემსწავლელი სემინარის  შენელებული  ნაწილი და ავთო გოგეშვილის გამოსვლა.  ჟიურის სამივე წევრი ფეხზე იდგა და ისე უკრავდა ტაშს დათოს – ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ფინალში. გამიკვირდა და გულიც დამწყდა, რომ სამეულს შორის მაინც არ იყო…

მარიამს, სამწუხაროდ, ბევრი ხარვეზი ჰქონდა სიმღერის დროს. თუმცა დარწმუნებული ვარ, მარიამმა სიმღერა რომ გააგრძელოს და ბუნებრივი მონაცემები ვარჯიშის შედეგად დახვეწოს, რამდენიმე წლის შემდეგ მისგან მართლა კარგი მომღერალი დადგება.

გულნაზი გოლეთიანმა ფინალში სწორედ ის სიმღერა შეასრულა, რომელმაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. კასტინგისგან განსხვავებით, ამჯერად მისი ნამღერი ბევრად უფრო დახვეწილი იყო, აშკარად იგრძნობოდა წინსვლა, ემოცია კი იგივე დარჩა. ალბათ სწორედ ამ ემოციის გამო გულნაზი გოლეთიანი ხალხის ხმებით მეორე ადგილზე გავიდა.

არაფერს ვიტყვი სამეულზე და გამარჯვებულზე, რადგან ეს იყო ხალხის გადაწყვეტილება და უბრალოდ მივულოცავ. ცუდი ტენდენცია შევნიშნე – საზოგადოების რაღაც ნაწილი აპროტესტებს ამას ათასნაირი მიზეზით, რომელთა უმეტესობაც პროექტ “ნიჭიერისკენ” არის მომართული. რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ მხოლოდ ხალხზე იყო დამოკიდებული გამარჯვებულის გამოვლენა და ახლა ისღა დაგვრჩენია, პატივი ვცეთ უმრავლესობის გადაწყვეტილებას…

საერთო ჯამში, ნიჭიერის ფინალი ნამდვილად იყო სატელევიზიო სივრცის ისტორიაში ყველაზე განსაკუთრებული და სანახაობრივი შოუ! გემშვიდობებით და სულმოუთქმელად ველოდები მეორე სეზონს :)

5 May

დათო რობაქიძე – ფინალი

5 May

ანა ხანჩალიანი – ფინალი

5 May

მარიამ კახელიშვილი – ფინალი

5 May

გუგა ჭყონია – ფინალი

5 May

Next Level – ფინალი

5 May

ავთო ნაცარაშვილი – ფინალი

5 May

ბაბი და მარი – ფინალი

5 May

ვერკა და გიორგი – ფინალი