თეონა კოროშინაძე
[მაივიდეოზე არსებული ტექნიკური პრობლების გამო, ამ ეტაპზე დანარჩენი ვიდეოების დადება ვერ ხერხდება, თუმცა ჩვენ დაველაპარაკეთ ადმინისტრაციას და გვითხრეს, რომ მალე გამოსწორდება]
[მაივიდეოზე არსებული ტექნიკური პრობლების გამო, ამ ეტაპზე დანარჩენი ვიდეოების დადება ვერ ხერხდება, თუმცა ჩვენ დაველაპარაკეთ ადმინისტრაციას და გვითხრეს, რომ მალე გამოსწორდება]

ანზორ იაკობიძე

არმინე ვართანიანი

ბაჩო აგულაშვილი

ბახვა წერედიანი

ბოლნელი

გიორგი ნათენაძე

გიორგი უტიაშვილი

გოგა ჭოლარია ანი ცაცუა

დავით დავითიანი

დინასტია

დრამის ბიჭები

თათია დონაძე

თეონა კოროშინაძე

ლანა კვირკველია

მარიამ აკობია

ნათია ნაფეტვარიძე

ნინი კირვალიძე

ნინო ლეჟავა

ოლეგ ბლინოვ

ომარ იაკობაშვილი

როლერები

სოფო ჭრიკიშვილი

ტანმოვარჯიშეები მარნეულიდან

შორენა ჯინჭარაშვილი

"ძაღლები"

ჯიქიას გოგონები

ლექს-სენი 2
ვინ გახდა თქვენი ფავორიტი? : )
ნიჭიერის მესამე გადაცემის ეთერში გასვლამდე 15 წუთი რჩება! ყოველი მომდევნო გადაცემა მოულოდნელობებით და ახალი შთაბეჭდილებებით არის სავსე, შესაბამისია მაყურებლის გამოხმაურებაც.
აქ, ბლოგზე კომენტარებში და ჩვენი ფეისბუქის გვერდზე - http://www.facebook.com/nichieri , ორშაბათს 10 საათიდან გადაცემის დასრულებამდე ყველა ერთად განვიხილავთ მონაწილეებს, ნომრებს, ვაფასებთ თითოეულ მათგანს და ვაფიქსირებთ ჩვენს აზრებს კომენტარებში. შემოგვიერთდით- თქვენი აზრი მნიშვნელოვანია! ; )
სოსო ნარიმანიძემ ყველანაირ პროგნოზს გადააჭარბა და ნიჭიერის მეორე გადაცემის გასვლის შემდეგ მისი ვიდეო ნიჭიერის ვიდეოების ყველა დროის რეიტინგების სათავეში მოექცა. გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც მას კარგად იცნობენ, დაიდო სხვა ვიდეოები, სადაც ის მღერის, კურიერ პოსტ სკრიპტუმმა სიუჟეტი გააკეთა, ვანომ თავის შოუში მიიწვია, დუტამ – “იღბლიან ბორბალში”. მაივიდეოს მთავარ გვერდზე არსებული ვიდეოებიდან შვიდი – სოსოსია.
ისევე, როგორც ყველაფერს, ამ საკითხსაც ორი მხარე აქვს, რაც ნათლად გამოიკვეთა კომენტარებსა და რეაქციებში. დადებითი რეაქცია გაცილებით მეტია, ვიდრე უარყოფითი, მაგრამ მაინც ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ პასუხი გაგვეცა იმ ძირითად პრეტენზიებზე, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით გამოიკვეთა:
1. რატომ გადაიყვანეს შემდეგ ტურში?
2. რატომ “აპიარებთ”?
3. რატომ დასცინით? (ეს უკანასკნელი ყველაზე გულდასმით განსახილველია, რადგან აშკარა უსაფუძვლო ბრალდებასთან გვაქვს საქმე)
1. რატომ გადაიყვანეს:
სოსო როდესაც გამოვიდა სცენაზე, იმდენად დადებითი ენერგიით იმღერა, რომ მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა – მასთან ერთად ცეკვავდნენ და მღეროდნენ. დარბაზის დაჟინებული მოთხოვნით, უკეთესის შესრულების იმედით და იმის გამო, რომ ჟიურის წევრებამდეც მივიდა ის ყველაფერი დადებითი, რაც სოსო ნარიმანიძეს პიროვნულად აქვს, შემდეგ ტურში გადაიყვანეს. მთელი ორი სეზონის მანძილზე, არ მახსოვს ვინმეს ასეთი გულწრფელი სიხარული გამოეხატოს შემდეგ ტურში გადასვლისას.

ნიჭიერი არის შოუ, სადაც არ არსებობს “ნიჭიერი”-ს კონკრეტული განსაზღვრება. ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალური ნიჭი აქვს და შეიძლება ეს ნიჭი მაინცდამაინც ე.წ. ‘გემოვნებიანი’ მუსიკით, კარგი ჩაცმულობით და თბილისური აქცენტით არ შემოიფარგლებოდეს. რამდენი მონაწილე გამოსულა ნიჭიერის სცენაზე – კარგი სმენით, კარგი რეპერტუარით, მშვენიერი ჩაცმულობით, მაგრამ დარბაზისგან ვერანაირი რეაქცია ვერ მიუღია. მთავარი ის არის, თუ რა ემოცია მიგაქვს მაყურებლამდე და ჟიურიმდე. სოსოს ემოციებს კიდევ, ფილარმონიაში კი არა, ტელეეკრანის მიღმაც ხედავდა ხალხი და ამის დასტური ის არის, რომ ერთი შეხედვით “მარგალიტი”, ნიჭიერის ერთ-ერთ მთავარ გმირად იქცა და ეს ყველაფერი სრულიად თავისთავად მოხდა – ზედმეტი აქცენტის გაკეთების გარეშე.
2. რატომ აპიარებთ?
როდესაც პარასკევის ინტერვიუში ლუკა ყარმაზანაშვილი მოვიხსენიეთ გადაცემის ფავორიტად და მის შესახებ გავაკეთეთ პოსტი, ბევრი შემედავა, რომ რეიტინგების რეკორდსმენი ლუკა კი არა, სოსო ნარიმანიძეაო. არგუმენტი ძალიან სწორია. უბრალოდ, არავის გვიფიქრია, რომ სოსოს ცხოვრება და ისტორია ყველას ასე დააინტერესებდა.
შესაბამისად, პოსტ სკრიპტუმის სიუჟეტი იყო არაფერი სხვა, თუ არა საზოგადოების დაკვეთა. სწორედ საზოგადოებამ ნახა რეკორდული რაოდენობით მისი ვიდეო, სწორედ მათ ატვირთეს ძალიან ბევრი “ნიჭიერსგარე” ვიდეო და სწორედ ისინი წერდნენ კომენტარებში ყველაფერ დადებითს. გაკეთდა სიუჟეტი,სადაც უბრალოდ აჩვენეს მისი ყოველდღიურობა.

ამ დროს რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა youtube-ზე ვიდეო, სადაც ჩვენთვის, ყველასთვის მტკივნეული საკითხი, ომიანობის პერიოდი იყო აღბეჭდილი. ეს ვიდეო მაშინვე ვირუსულად იქცა მთელ ფეისბუქზე. თავიანთ პროფილში აშეარებდნენ და ციტატა მოჰყავდათ იმავე ვიდეოს მინაწერიდან, რომ ეს იყო ბრძოლების შუალედში გადაღებული, ნაჩვენები იყო როგორ ამხნევებდა პატარა ჯარისაკაცი სიმღერით დანარჩენებს და ავტორი მადლობას უხდიდა პროექტის გუნდს სოსო აღმოჩენისთვის, რადგან ის დაღუპული ეგონათ.
შეიძლება ასეთი ისტორია პიარად ჩაითვალოს? თქვენი აზრით, პროექტის გუნდი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანებისგან შედგება, რომლებსაც ჩვეულებრივი ადამიანური ემოციები გააჩნიათ, გულწრფელად არ უხარიათ, რომ ასეთი ადამიანი აღმოაჩინეს და მათი მეშვეობით სოსოს ცხოვრება შესაძლოა სამუდამოდ შეიცვალოს? პოსტ სკრიპტუმის სიუჟეტის შემდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი რეკავს და ითხოვს კოორდინატებს სოსოს დასახმარებლად. გარდა ამისა, ორშაბათის შემდეგ ალბათ არც სამსახურის პოვნა გაუჭირდება. ეს “პიარად” მონათლული ფაქტები პიარი მხოლოდ მათთვისაა, ვისაც ემოციურად არ შეეხო ეს საკითხი.
3. რატომ დასცინით?
თუ ეს კითხვა გიჩნდებათ, ფაქტიურად ”მოსალოცად” გქონიათ საქმე, ესე იგი თქვენ საზოგადოების იმ ნაწილს მიეკუთვნებით, ვისაც თავი სოსოზე რამით მეტი ჰგონია. ვინც თვლის, რომ ნიჭი მხოლოდ ”სვეცკი” მუსიკის უბადლო შესრულება და თეთრი დიდსახელოებიანი კოსტიუმის ნაცვლად, რამე ”ტაკოიში” გამოწყობაა, ვინც თვლის რიგით ხაშურელზე , წნორელზე, თბილისელზე, ქუთაისელზე მაღლა დგას, ანუ მათზე მაღლა, ვისაც ”აბობოქრებულ ზღვაში გატარებ” ურჩევნია ნებისმიერ იმ მუსიკას, რასაც თქვენ ძილისწინ უსმენთ. ან შეიძლება საერთოდ არ უსმენთ, მაგრამ ამბობთ, რომ მაგარია (თქვენზე უფრო ”კომპეტენტურებმა” თქვეს და იმიტომ).
გილოცავთ, რადგან თქვენ ფიქრობთ, რომ ადამიანს, რომელმაც დარბაზი ფეხზე დააყენა, უნდა მიეღო ”არა” მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მისი სიმღერა იმ კატეგორიიდან არის, რომელზეც ცხვირს ვიბზუებთ.
რომელიღაცა გაზეთის რომელიღაცა სტატიის რომელიღაცა ავტორი ზედმეტად წუხს იმის გამო, რომ თურმე ვისაც არ ეზარება, სოსოს დასცინის, რომ ქუჩაში ხალხი ამ იდიოტურ (!) სიმღერას ღიღინებს და ხანდახან ამ სტატიის ავტორსაც ”შემოეძახინება” ხოლმე უნებურად. ანუ წუხს, რომ ხანდახან უწევს გახდეს იმ უგემოვნო მასის ნაწილი, რომელიც ამ იდიოტურ სიმღერას ღიღინებს და მერე ამ თავის სტატიას ისევ ამ იდიოტური სიმღერის წამღიღნებლებზე ჰყიდის.
არა, თქვენ არც სოსოს დასცინით და არც იმ ადამიანებს, ვინც “გაბედეს” და ეს სიმღერა წაიმღერეს:)) მოკრძალებით დავასკვნი, რომ ალბათ ის 3 000 ადამიანიც გეგოიმებათ, დარბაზში სოსოს სილაღეს რომ დაუკრეს ტაში და, რაღა თქმა უნდა, ის 254 600-მდე მომხმარებელიც, ვინც მაივიდეოზე სოსოს ნამღერს მოუსმინა.
რომელიღაცა გაზეთის რომელიღაცა სტატიის რომელიღაც ავტორს წინასწარ ადარდებს სოსოს ბედი, რომელიც ნახევარფინალში ”მართლა ნიჭიერების” გვერდით კიდევ უფრო დაიცინება და ამ სიტუაციაში ალბათ საკუთარ თავს წარმოიდგენს ირონიული ღიმილით და ფრაზით ”ო, ღმერთო ჩემო, — და სოსო ერთ სცენაზე? ტეხავს…” არადა, ამ სიტუაციაში მხოლოდ ის “ტეხავს”, რომ თქვენ ფიქრობთ ასე.
თქვენ თვითონ ჰყოფთ ადამიანებს ”მართლა ნიჭიერებად” და SOSოებად, რომლებიც გემოვნებას ”გვიწამლავენ”.
მოგწონთ ნიჭიერი, თვლით რომ თავის საქმეს კარგად აკეთებს, მაგრამ შეცდომად მიიჩნევთ სოსოს გამოჩენას სცენაზე და მართებულად მიგაჩნიათ, რომ ის გადაცემიდან საერთოდ ამოჭრილიყო, რადგან სოსოს გამოჩენით პროექტმა უგემოვნობის პროპაგანდას მიჰყო ხელი.
გვესმის ქვეტექსტი და თქვენ თუ ამას პირდაპირ თქმა მაინც გიჭირთ, ჩვენ ვეტყვით თქვენსავე მკითხველს და მათ, ვისაც სოსო მოეწონა, რომ თქვენ მას გოიმად თვლით. თქვენი აზრით, არ უნდა მისცემოდა შანსი სოსოს. არც კი უნდა გაევლო ფილარმონიის სიახლოვეს და საერთოდ ამ საზოგადოებაში სოსოს ადგილი არ არის.
განსაკუთრებით მომწონს ამ რომელიღაცა გაზეთის რომელიღაცა ავტორის რომელიღაცა სტატიის ბოლო ფრაზა ” მესმის, რომ ზოგადად შეიძლება ტელევიზიას საგანმანათლებლო ფუნქციები არ გააჩნდეს, თუმცა ამ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვართ (ნეტავ, როგორში, გოიმურში?) როცა ხალხის გემოვნება დახვეწას მართლა საჭიროებს, ყველას ოდნავ მეტი პასუხისმგებლობა მოგვეთხოვება.”
ჰოდა, დაგიწყიათ გემოვნებადაუხვეწავი ხალხის გემოვნების დახვეწაზე მუშაობა და მოთხოვნილი პასუხსიმგებლობის გაზიარება და ვინც დაგეხვეწინება დაგეხვეწინოთ და ჩვენ, ვისაც სოსო მოგვწონს, გვიყვარს, არ გვეგოიმება, არ გვემიჯნება, ჩვენიანი გვგონია, გაგვატარეთ, ბატონო :)
დღეს ორშაბათია, ნიჭიერის დღეა… იმ ნიჭიერის, რომელსაც შეუძლია რამდენიმე წუთის საშუალებით, ადამიანის მთელი ცხოვრება შეცვალოს : )
წინა სამშაბათს დასრულდა ინტერნეტნიჭიერის პირველი ტური და სამმა მონაწილემ, ვინც ყველაზე მეტი ხმა დააგროვა კვირის მანძილზე, გადაინაცვლა სუპერფინალში. სუპერფინალის პირველი სამი მონაწილეა
1. ლევან დარასელია
2. პაატა მეხრიშვილი
3. ბექა შოშიაშვილი
ოთხშაბათს კი მეორე ტური დაიწყო, ახალი ტალანტებით, ახალი ვიდეოებითა და ინტერნეტ-მოსახლეობის ახალი ფავორიტებითურთ. მეორე ტურში 50 მონაწილე იბრძვის სუპერფინალში საგზურის მოსაპოვებლად. აღსანიშნავია, რომ ამ ტურში ჭარბობენ ილუზიონისტები და გიტარისტები. ინტერნეტნიჭიერები თქვენს განაჩენს ელიან – შეაფასეთ, რამდენად მოგწონთ ესა თუ ის მონაწილე და დაეხმარეთ მას სუპერფინალში მოსახვედრად.
ინტერნეტნიჭიერში გარდა ახალი სახეებისა, ძველ ნაცნობებსაც წავაწყდით – მონაწილეობას იღებენ ნიჭიერის პირველი სეზონის კონკურსანტები – ჯიმი ჯექსონი და კორნელი მაისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტნიჭიერში მონაწილეობა თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ. ამისათვის უნდა გადაიღოთ თქვენი ნიჭის ამსახველი ვიდეო (თუ მღერით – აუცილებელია კარგად ისმოდეს ხმა და ჩანდეთ თქვენ, ვიდეო არ უნდა იყოს 3 წუთზე მეტი ხანგრძლივობის, და, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს შაკირას ცეკვა ან დავიდ კოპერფილდის ფოკუსების ვიდეო). შემდეგ შედით ვებგვერდზე – nichieri.bog.ge, მარჯვენა ზედა ღილაკზე (“ვიდეოს ატვირთვა”) დაწკაპვის შემდეგ აირჩიეთ ვიდეოფაილი, შეავსეთ შესაბამისი ფორმა, ატვირთეთ ვიდეო საიტზე და დაელოდეთ შემდეგ ოთხშაბათს – თქვენი ვიდეო იმ კვირის გალერეაში განთავსდება.
გამარჯვებულებისთვის საქართველოს ბანკმა მომხიბლავი პრიზები დააწესა. პრიზებისა და წესების დეტალურად სანახავად გადადით ამ გვერდზე.
2 დღის წინ ინტერნეტ-სივრცეში გამოჩნდა ვიდეო, სადაც აღბეჭდილია 1992 წლის 26 მაისი, დუშეთის ბატალიონი ბრძოლის დროს შესვენებისას სოფელ ქემერთში. ვიდეოს ახლდა აღწერა:
“დიდი მადლობა ნიჭიერის დამფუძნებლებს. ტელეეკრანზე ერთერთ კერძოდ სოსო ნარიმანიძეში ვიცანი ჩემი ყოფილი ჯარისკაცი. ეს პატარა ბიჭი დუშეთის ცალკე ბატალიონში იბრძოდა თანაც კარგი მომგერალი იყო და თანამებრძოლებს თავისი სიმგერებით ართობდა ხოლმე.მე სოსო ცოცხალი აგარ მეგონა რადგან ტამიშისზე რუსი ოკუპანტების დესანტს დუშეთის ბატალიონის თითქმის ნახევარზე მეტი შეაკვდა, მაგრამ დესანტიც ვერ გაცდა ზგვის სანაპიროს.სოსოც დაგუპული მეგონა, და ნიჭიერში მისი დანახვა ჩემთვის დიდი სიხარული არის.ჩემს პირად არხივში მოვძებნე ძველი კასეტა და ეხლა ექსკლუზიურ მასალის ნაწილს გიჩვენებთ”
როგორც აღმოჩნდა, სოსო ნარიმანიძე, რომელიც დუშეთის ბატალიონში ყველაზე ახალგაზრდა ჯარისკაცი იყო, თანამებრძოლებს ხშირად თავისი სიმღერით ამხნევებდა. რუსი ოკუპანტების შეტევისას ბატალიონი განადგურდა. მეგობრებს სოსო დაღუპული ეგონათ, თუმცა ნიჭიერში ამ ორშაბათს იხილეს. ერთ-ერთმა მათგანმა სოსო ამოიცნო და ბრძოლის ველზე გადაღებული კადრები youtube-ზე დადო. ვიდეო ძალიან პოპულარული გახდა, ყველა დაინტერესებულია ამ ისტორიით.
ჩვენ უახლოეს დღეებში ვეცდებით დავუკავშირდეთ ვიდეოს ავტორს, რომელიც დაწვრილებით მოგვიყვება ამ ისტორიას და დიდი იმედი გვაქვს, რომ ძველ მეგობრებს ერთმანეთს შევახვედრებთ!
გთავაზობთ ამ სეზონის რიგით მეორე ტრივიას, რომელშიც შესულია კითხვები მეორე გადაცემის მონაწილეების შესახებ. ტრივიის 10 გამარჯვებული, რომლებიც პირველები გასცემენ პასუხებს ათივე კითხვას სწორად, ორშაბათს, 21 მარტს, 10 საათზე ნიჭიერს პროექტის გუნდთან, წამყვანებთან და ჟიურისთან ერთად უყურებენ skyybar-ში! კითხვები საკმაოდ მარტივია- მთავარია ყურადღებით უყუროთ ნიჭიერს და ყურადღებით იკითხოთ ჩვენი ბლოგი:)
კითხვებზე პასუხები უნდა გამოაგზავნოთ იმეილის საშუალებით: nichieri@dodka.ge. ამავე მეილიდან მიიღებთ გამარჯვებულები დეტალურ ინფორმაციას მოსაწვევების შესახებ.
მაშ ასე, კითხვები:
ამ კვირის ფავორიტი, ყველანაირი სტატისტიკის მიხედვით 11 წლის ლუკა ყარმაზანაშვილია! მის ვიდეოს ბოლო 5 დღეში 3,240 -ზე მეტი like და 110000-მდე ნახვა აქვს myvideo-ზე, კომენტარებში კი ყველა აღნიშნავს მის ნიჭიერებას – როგორც ჩანს თავისი განსხვავებული და მრავალფეროვანი გამოსვლით ნიჭიერში, ბევრი გულშემატკივარი შეიძინა. ასე რომ, არ დავაყოვნეთ და ლუკას მივმართეთ ინტერვიუსთვის. ისე, საკმაოდ დაკავებული აღმოჩნდა- მითხრა დღეს ვანოს შოუში ვარ მიწვეულიო.
ლუკა სკოლის მოსწავლეა, საყვარელი საგნებია – ქართული ენა, ბიოლოგია, გეოგრაფია და ისტორია. კარგად სწავლობს და პარალელურად სპორტზეც დადის. თავისუფალ დროს ველოსიპედით ან როლიკებით სეირნობს : ) ნომერში მის მიერ გამოყენებული ყველა ნიჭის შესახებ სათითაოდ ვკითხე…
დასაწყისში შესრულებული სიმღერა ისე უშეცდომოდ იმღერა (თანაც ძალიან ბევრს მოძრაობდა და ეს საკმაოდ რთულია), პირველი კითხვა სწორედ სიმღერასთან დაკავშირებით დავუსვი და როგორც აღმოჩნდა, მისი ძმაა მომღერალი, მასთან ერთად მღერის და ეს უფრო ჰობია, პროფესიონალურ დონეზე არ ემზადება.
ბიტბოქსიც და ინსტრუმენტების მიბაძვაც ისეთივე წარმატებით გამოსდის, როგორც სიმღერა. როგორც ლუკამ თქვა, მას ბევრი სხვა ინსტრუმენტის მიბაძვა შეუძლია, მაგალითად: ტამტამები, დასარტყამი ინსტრუმენტები, ჩასაბერი ინსტრუმენტები… 
რაც შეეხება ცეკვას, აი აქ მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ ბევრს ვარჯიშობდა, ამიტომ კითხვა ისე დავსვი, არც მიფიქრია სხვა პასუხი: “ცეკვის ბევრი სახეობა გამოიყენე შენს ნომერში, ბევრს ვარჯიშობ?” პასუხი იყო: “სპეციალურად არ ვვარჯიშობ ეს მოძრაობები რაც ნიჭიერში გავაკეთე ყოველდღიურია ჩემს ცხოვრებაში”. ყოველდღიური და მისთვის სახასიათო რომ არ ყოფილიყო, ალბათ ასეთი კარგი არც გამოვიდოდა.
ლუკა ჯერ ძალიან პატარაა იმისთვის, რომ ჩამოყალიბებული აზრი ჰქონდეს პროფესიასთან დაკავშირებით, მაგრამ უკვე დარწმუნებულია, რომ თეატრალურ უნივერსტიტეტში უნდა ისწავლოს მისი მსახიობური ნიჭის გამო. ამ პასუხის შემდეგ არ გამიკვირდა, რომ კითხვაზე “თუ გყავს მისაბაძი ადამიანი, მაგალითად საყვარელი მომღერალი/მოცეკვავე/მსახიობი” მიპასუხა “Jim carrey” და თან დააყოლა, მამსგავსებენ მასო.
ბუნებრივია, მისთვის ბევრი რამე შეიცვლებოდა მის ცხოვრებაში ორშაბათის შემდეგ და ასეც არის: “იმ დღის შემდეგ როდესაც გამოვჩნდი ტელე ეკრანზე უფრო პოპულარული გავხდი ხალხი ცმცნობს ქუჩაში. ინტერნეტ სივრცეში ჩემი გულშემატკივრები გავიცანი და ბევრი მეგობარიც გავიჩინე”. მინდოდა გამომეტყუა ინფორმაცია მეორე ტურის გეგმებთან დაკავშირებით, თუმცა სიურპრიზი სიურპრიზად დატოვა და მითხრა: “მეორე ტურისთვის უკეთეს სურპრის ვუმზადებ მაყურებელს”!- ო . დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება და პირველი სიურპრიზებით სავსე გამოსვლის შემდეგ, ალბათ ეჭვი არავის ეპარება.
და ბოლოს, “დაჭყანვა სპეციალურად ჩვენი ბლოგის მკითხველებისთვის” (ეს უკანასკნელი თხოვნა განსაკუთრებული ხალისით შეგვისრულა):
მე ვარ მანქი, მაქვს პირადი ბლოგი ”მაიმუნი” და ცხოვრების ამ ეტაპზე ჩემი ბლოგი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. არ ვწერ საკუთარი თავისთვის და ვთვლი, რომ ბლოგი დღიური არ არის. ჩემი ”მანქიერი ბლოგის” ირგვლივ შეკრებილი მკითხველების არსებობა კი ყოველ ახალ თემაზე წერისას მაძლევს სტიმულს, რომ მათზე ვიზრუნო და საინტერესო პოსტები დავახვედრო ყოველი შემოსვლისას. რასაც, სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან დიდი სიამოვნებით ვაკეთებ.
ნიჭიერი თანდათან გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენი მოლოდინის გადაჭარბებისთვის უკვე მზად არის. ამის ნათელი მაგალითია 14 მარტის ანუ გასული ორშაბათის სერია. ჩემი ძალიან სუბიექტური შეფასებით, პროექტი ისეთი მრავალმხრივია, რომ არაფერი დაშავდება კვირაში შვიდივე დღეს თუ ეთერში მხოლოდ ეს შოუ გავა.
აი გადაცემები, რომელთა ჩანაცვლება შეუძლია ნიჭიერს:
კურიერი – პარკურის შესრულებისას დაშავებული მონაწილე ხომ ახალი და რაც მთავარია ცუდი ამბავია? კურიერიც არ უჩივის სენსაციების და მათი აღმოჩენების სიყვარულს.
კომედი შოუ – გასული ორშაბათის გადაცემაში რამდენიმე მონაწილის მიერ უნიჭო პაროდია ვნახეთ, რომელსაც იუმორისტულ ნომრად გვასაღებდა. თუმცა რეალურად ეს სასაცილო არ ყოფილა. არ ჰგავს კომედი შოუს?
საბავშვო ამბები – პატარების ცეკვა/სიმღერა, ახალი მათემატიკური ფორმულების გამოგონება, საბავშვო იოგა, საბავშვო ტანვარჯიში, საბავშვო კარატე, საბავშვო, საბავშვო..
ეკივოკი – გადაცემა, სადაც ბავშვები ხსნიან და უფროსები გამოცნობას ცდილობენ. მეც მაინტერესებს ხანდახან ზოგიერთი პატარა მონაწილის ნამღერი ან ნაცეკვი, ჟიურიში მჯდარ სამივე უფროსს რატომ ესმის კარგად და ძირითადად დადებითად, და მე არა.
ჯეოსტარი – ეს ყველაზე მეტად. ცუდი და კარგი მომღერლები ერთ სცენაზე. უნიჭო და ნიჭიერი ადამიანების ერთად შეგროვებას, მხოლოდ ჯეოსტარი და სადღესასწაულო უფასო კონცერტები თუ ახერხებენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნიჭიერი ჯერჯერობით, ასეთი ადამიანების რაოდენობითაც და ხარისხითაც, ორივეს სჯობია.
და რა თქმა უნდა, ერთადერთი და განუმეორებელი:
პროფილი - მგონი ეს შედარება კომენტარსაც არ საჭიროებს, ყოველი შემთხვევისთვის ჩამოგითვლით – კათარზისის მოხუცების სიმღერა, რომელმაც მთელი დარბაზი ცხარე ცრემლებით ატირა, მოსიყვარულე ცოლ-ქმრის გულისამაჩუყებელი ისტორია, კუთხური იუმორი, დედა-შვილობა, ოჯახი, მამული.. მოკლედ ეს ორივე შოუსთვის პარალელური თემებია.
შემეძლო სხვა არხების გადაცემებსაც გადავწვდომოდი, მაგრამ მოდი ნიჭიერის დროშის ქვეშ მათი გარეკლამება არ გვინდა. თანაც მაგათ ისედაც “თავზე აყრიათ რეიტინგი”… (აქ ვიცინი)
მოკლედ თემას რომ დავუბრუნდეთ, შემომაქვს წინადადება, დავხუროთ რუსთავი ორზე ყველა გადაცემა და გავხსნათ ბევრი ნიჭიერი.
ახლა კი დროა ჩემი პოსტის ტექსტური და მოსაწყენი ნაწილი მორჩეს, და უფრო მხიარულზე გადავიდეთ.
წამყვანები
გთხოვთ მოიფიქრეთ ქართულ ენაში რაიმე სიტყვა, რომელიც შინაარსით იქნება ამ წინადადების იდენტური – “ყველაზე კარგი, მხიარული, ემოციური, გახსნილი, გულწრფელი, საყვარელი, სასაცილო, შეხმატკბილებული, არამოსაბეზრებელი, მრავალფეროვანი წამყვანების წყვილი”.
ჩემი ფავორიტი სცენა: გაკვირვებული თიკა, მოხარხარე ვანიკო და დაუნდობელი გეგა.
ჟიური
ტირილი – [ვიკიპედიურად] ნიშნავს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე ფიზიკურ რეაქციას ცრემლების სახით. ამ მოვლენას ტირილის გარდა, ასევე შეიძლება ეწოდოს ქვითინი, ღრიალი, ზლუქუნი, სლუკუნი.
ამ ვრცელ სტატიას ვიკიპედიაშივე დიდი სიამოვნებით ჩავამატებდი პატარა აბზაცს, რომ ” მსოფლიო საპროდუსინგო ორგანიზაცია, ყველა ქვეყნის პროდუსერებს აძლევს რეკომენდაციას – სატელევიზიო შოუებში გულისამაჩუყებელი სცენების შესაქმნელად, საჭირო არაა ყველა ზემოთჩამოთვლილი ტირილის აღმნიშვნელი ტერმინის პრაქტიკაში განხორციელება, ერთი ან თუნდაც ორი თვალიდან ჩამოგორებული, ერთი ან თუნდაც ორი ცრემლის ე.წ. “კრუპნი” კადრიც საკმარისია.”
ამავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ სტატისტიკურად, ქალები თვეში მინიმუმ ხუთჯერ მაინც ტირიან. თუმცა მე მაქვს ეჭვი ქართველი ქალები მინიმუმ ათჯერ მაინც ტირიან თვეში, ორშაბათობით და ხუთშაბათობით.
ორშაბათის და ხუთშაბათის ტირილებს თუ შევადარებთ ერთმანეთს, ვფიქრობ, რომ გამოცდილება თავისას შვრება, და თუ მაინცდამაინც არ გეტირება, ისე მაინც იტირებ, რომ ეს მაყურებლისთვის გამაღიზიანებელი არ იყოს. ასე რომ ერთით ნული მაიკოს სასარგებლოდ სოფოს წინააღმდეგ.
ეს ნომერი, მოხუცების სიმღერა, ძალიან გულისამაჩუყებელი იყო, დამბურძგლა რომ ვუსმენდი. თუმცა “ზედმეტი არაფერი ვარგაო” ამბობს ხოლმე ბებიაჩემი.
ემოცია – [ისევ ვიკიპედიურად] არის ადამიანის ტვინში შენახული ფსიქოფიზიოლოგიური გამოცდილების, ბიოქიმიური ანუ შიდა, და გარემოს, ანუ გარე გავლენების რთული კომპლექსური ურთიერთქმედება.
პოპულარულ ენაზე კი ეს ციტატა ნიშნავს: როცა ნიჭიერის ჟიურიში ზიხარ, და ამბობ კის, შესაბამისად მოგწონს ეს ნომერი, და თუ მოგწონს, ესე იგი ეს გეტყობა კიდეც სახეზე.
ასე მაგალითად:
თქვენ კი, ძვირფასო მკითხველებო, გევალებათ გამოიცნოთ, მოცემული სურათზე, რომელი ორი გეგა ამბობს ფრაზას “თქვენ გაქვთ სამი კი” და რომელი ორი გეგა ამბობს ფრაზას “თქვენ გაქვთ სამი არა”. გისურვებთ წარმატებებს!
და ბოლოს, რაც შეეხება რეალური და ყალბი ემოციების გამიჯვნას ერთმანეთისგან.
რეალურია ეს ემოცია, რომელსაც თქვენ ყველანი ახლა ხედავთ, რადგან არ მგონია წინასწარ გათვლილი ყოფილიყო შოუში მონაწილის დაშავება.
ხოლო ყალბია ეს ემოცია, რადგან არ მგონია ჰაერში მოხტუნავე და თვალნათლივ ცოცხალი ადამიანის ყურება უფრო საშიში ყოფილიყო, ვიდრე სიმაღლიდან ჩამოვარდნილი, გაუნძრევლად მწოლიარე და გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფის.
მონაწილეებზე მე აღარ ვილაპარაკებ, თინიზე უკეთ მაინც არ გამომივა.
აი ეს იყო ნიჭიერის მეორე შესარჩევი ეტაპი. იმედი მაქვს წინ კიდევ ბევრია დარჩენილი. ნუ მხოლოდ ორშაბათობით მაინც, სანამ ნიჭიერი სხვა გადაცემებსაც ჩაანაცვლებს.
პ.ს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ხმის რეჟისურაზე და მუსიკალურ გაფორმებაზე პასუხისმგებელ სტაფს. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ჩემთვის ძალიან საყვარელი არქთიქ მანქისის და ფენიქსის არც ისე ცნობილ სიმღერებს, რომელიმე ქართულ შოუში მოვკრავდი ყურს.
პ.პ.ს. ყველა სქრინი გაკეთებულია ჩემ მიერ, ნიჭიერის ბლოგზე დადებული ვიდეობიდან. მადლობა, რომ არსებობთ.
რა არის ფანარტი?
სატელევიზიო შოუს, წიგნის, კომიქსის ან ფილმის ირგვლივ შექმნილი ტექსტური ან მულტიმედია მასალა, რომელსაც ქმნიან პროდუქტის გულშემატკივრები და არ არის გათვლილი რაიმე სახის მოგების მისაღებად.
“ნიჭიერის” მაყურებლები ხანდახან ძალიან საინტერესო ფანარტს ქმნიან ხოლმე გადაცემის ირგვლივ. ზოგი მათგანი ვირუსული ხდება, იდება ფორუმებზე, სოციალურ ქსელებში და ა.შ.
დღეს გადავწყვიტეთ, რამდენიმე ფანარტი წარმოგიდგინოთ.
ჩვენს ფანარტებს შორის არის ლექსიც კი, რომელიც ერთმა ბლოგერმა, ქილიპამ, ნიჭიერს მიუძღვნა!
ნიჭის ფართე ასპარეზი
რუსთავი 2 ჩავრთე და თვალთ მომხვდა ჭრელი ფერები,
განახლებულა ის შოუ, რომელსაც სულ ვეფერები.
ქართულ შოუებს არა ჰგავს – კარგია რაღაცნაირად,
ბრიტანულს ვერ შევადარებ, ეს ქართულია ნამდვილად…
მითხარით, ერთად სად ნახავთ: გეგას, ვანოს და სოფიოს,
სიმკაცრეს, ალალ სიცილის და გამოცოცხლებულ იუმორს?
არ გინდათ, ნუ მედავებით, ნუ ცდილობთ გაკრიტიკებას…
ორშაბათს დაელოდეთ და ცხოვრება არ მოგბეზრდებათ!
- – - – - – - – - – - – - – - – -
დღევანდელ ფანარტს ერთი ძალიან სახალისო ვიდეოთი ვასრულებთ. ინტერნეტში არის ასეთი ცნობილი ვიდეო, რომელსაც Dramatic chipmunk ჰქვია. Youtube-ზე მას 27 მილიონზე მეტი ნახვა აქვს და იქცა შთაგონების წყაროდ, ამ პატარა ზაზუნას შემდეგ უამრავი ”dramatic” სერია შეიქმნა, კატები, ძაღლები, ბავშვები და ა.შ.
ორიგინალი ვიდეო:
მირიან ჯუღელმა სვანიშვილი მერაბისგან კი შექმნა დრამატული ილუზიონისტი! : ))
გთავაზობთ მეორე გადაცემის ყველაზე სახალისო მომენტებისა და მარგალიტების ნაკრებ ვიდეოს : )
მეორე სეზონის მეორე გადაცემამ დაამტკიცა, რომ ნიჭიერი არის შოუ, რომელსაც არავითარი საზღვრები არ გააჩნია- არც ასაკობრივი, არც ჟანრობრივი და არც ემოციური. ამ უკანასკნელს რაც შეეხება, გუშინ, ლამის მღელვარების, სიყვარულის და გაოცების დაშვებულმა დოზამ ნიშნულს გადააჭარბა!
დავიწყოთ…
“მე არ დავუშვებ სახელმწიფო ჰიმნის გაუკუღმართებას! აი ასე! “- გეგა
თეონა ბოლქვაძის გამოსვლას უკომენტაროდ დავტოვებ, მისი ნიჭი კი დასაფასებელია, თუმცა ნიჭიერისთვის არ გამოდგება. ”ონავ”-მ ”იკ” ალბათ იმიტომ თქვა,რომ მეორე ტურში რუსეთის ჰიმნი მოესმინა უკუღმა, თუმცა ვინაიდან გეგამ და სოფომ ეს საშუალება ჩამოართვეს, ამიტომ ჩვენს ბლოგზე შევუსრულოთ სურვილი:
“яиссоР- яаннещявс ашан аважред
яиссоР- яаннещявс ашан анартс
яачугоМ ялов, яакилев авалс-
ёовТ- еьняотсод ан есв анемерв”
მივატოვოთ პოლიტიკა მეთქი, მინდოდა მეთქვა, მაგრამ სადაც პაროდისტმა რატი ყუფუნიამ ვანო მერაბიშვილი ახსენა..
რატიმ მართალია 3 არა მიიღო, მაგრამ სამაგიეროდ გაიგო, რომ პაროდისტებს პედაგოგი არ ჰყავთ და ეს თანდაყოლილი ნიჭია…
დაახლოებით იგივე შეიტყო საკუთარი თავის შესახებ სამეგრელოში ცნობილმა კუსა ღადუამ:
ნამდვილად არ ვიცი ამისთანა რა ხმის ჩამწერ სტუდიაში ჩაწერა სიმღერა, რომ არარსებული ხმაც და სმენაც უცებ გაუჩნდა და სიმღერა გაუჰიტდა, მაგრამ ნიჭიერში ყველაფერი ნატურალურია! ქართულ ესტრადაში სიტყვის თქმა, მოგეხსენებათ არც ისე ძნელია და არ არის გამორიცხული კუსამ დაპირებისამებრ მართლაც დაიპყროს სამეგრელოს გარდა სხვა კუთხეები, გაიჩინოს გულშემატკივრები, მაგრამ იქნება ჟიურის კეთილი რჩევების მოსასმენად ცოტა ხნით რომ გაჩერებულიყო და განაწყენებული სახით სცენიდან არ გავარდნილიყო, უკეთესად წასულიყო მისი კარიერა- ოღონდ არა მუსიკალური!
მუსიკალურ კარიერას რაც შეეხება, კუსას არა, მაგრამ ნადი ზახარიანს ალბათ ელის წარმატება, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მის ვოკალს დამუშავება აკლია. სამაგიეროდ დიაპაზონი აქვს ძალიან კარგი, რის ფონზეც სიმღერის არჩევანი სწორი იყო, queen-ის “show must go on” რთული სამღერია და ძალიან მაღალ ნოტებს და ძლიერ ხმას მოითხოვს, შესაბამისად კარგად გამოჩნდა შესაძლებლობები. უნდა აღინიშნოს იმპროვიზაციის უნარიც და ამ ყველაფრის ფონზე, ის უმნიშვნელო ხარვეზები და დეტონაციები არ ღირს კრიტიკის ხელჩასაჭიდად…
სიმღერიდან მხატვრობაზე გადასვლა რა გასაკვირია, ორივე ხელოვნების დარგია, თუმცა ქალბატონი ცირას ნამუშევრის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია და სულაც არ აღიქვეს მისი ნაშრომი ხელოვნების ნიმუშად.
მე, პროფესიით ხელოვნებათმცოდნე გამოვდივარ და ვეცდები ამ კუთხით შევაფასო მისი ნაშრომი, ამისათვის ცოტა შორიდან მოვუაროთ:
XX საუკუნის დასაწყისში ხელოვნებაში ძალიან დიდი ძვრები იყო, ბევრი ახალი სტილი და მიმდინარეობა ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი მათგანია აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი, რომლის მიმდევარი მხატვრებიც მთავარ მისიად ემოციების სრულ გამოვლენას მიიჩნევდნენ. ისინი ხატავდნენ განსხვავებული მეთოდებით და ხატვის ექსპრესიული მეთოდი ისეთივე მნიშვნელობის იყო, როგორიც ნამუშევარი. ამ მიმდინარეობის ერთ-ერთი თანადამაარსებელი იყო ჯექსონ პოლოკი, რომელიც ხატავდა სხვადასხვა საგნებით, სხვადასხვა მეთოდებით და სხეულიც ჩართული იყო ხატვის პროცესში: “…ხატვის დაწყებამდე ტილოს თითქმის არასდროს ვჭიმავ, მირჩევნია კედელზე ან იატაკზე გაფენილ ტილოზე ვხატო. მე მყარი ზედაპირის წინაღობა მჭირდება. იატაკზე უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს. უფრო ვუახლოვდები, ნახატის ნაწილი ვხდები, ვინაიდან ასე შემიძლია მის გარშემო ვიარო, ოთხივე მხრიდან ან პირდაპირ ნახატში ვიმუშაო.” – ამბობდა ის.
ვფიქრობ, სწორედ ამას ცდილობდა ქალბატონი ცირა სცენაზე, ცოტა არ იყოს განსხვავებული სტილით, მაგრამ საერთო ჯამში, არსი და შედეგი იგივეა. ჯექსონ პოლოკის აი ეს ნაშრომი 2006 წელს 140 მილიონ დოლარად გაიყიდა და მართალია ვანომ ვერაფერი ვერ იგრძნო, მაგრამ რა ვიცით რა ელის ცირას შემოქმედებას…
“მიუხედავად იმისა,რომ 84 წლისა ვარ, მიჩნდება სურვილი,რომ მე მოხუცებს მივცე სტიმული, რომ ჰქონდეთ მომავლის იმედი. თვითონ დიდი ოპტიმისტი გახლავართ,ჩემი ოცნებაა, სანამ პირში სული მიდგას ვიმღერო.”- ეს სიტყვები 84 წლის ქალბატონ მარიკას ეკუთვნის.
ისეთი ემოციები იყო დარბაზში ამ მოხუცების სიმღერისას, ხალხი ძალიან დიდხანს იდგა ფეხზე ჟიურისთან ერთად! გუშინაც შევნიშნე, რომ თითქმის ვერავინ უყურა გულგრილად მათ. ისე კიდევ, ამ ასაკში ასეთი შემართება ალბათ ყველა ჩვენგანმა უნდა ინატროს!
ასაკის საზღვრები არ არსებობს მეთქი რომ ვთქვი, ზემოთხსენებულების შემდეგ მაგალითისთვის “ალილო”-ს პატარა წევრები რომ მოვიყვანო მგონი სამართლიანი იქნება. ასეთი პატარებისთვის ამხელა ქორეოგრაფიის დამახსოვრება მართლა უდიდეს შრომას და მონდომებას მოითხოვს. მე რაც მომეწონა ამ ბავშვებში, გარდა იმისა, რომ კარგად ცეკვავდნენ, იყო სახასიათო ემოცია, თითქოს ყველა ძალიან მორგებული იყო თავის “როლს”…
რომ სოსო ნარიმანიძე ბევრი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე- ნამდვილი მარგალიტია!
ჟიურის თანხმობის შედეგად, სოსო შეგვისრულებს საფილარმონიოსაც!
მსოფლიოს ლამის ყველა ტალანტ შოუს მაყურებელი ვარ და ასეთი სახალისო არსად არაფერი მინახავს! გეგამ თქვა, ასე ცეკვა დარბაზის 99%-ს შეუძლიაო და მე არ დავეთანხმები, ეს მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ. დღეს მთელი დღეა სიამოვნებით ვუყურებ მათ ვიდეოს- რაც არ უნდა ცუდმა ხასიათმა შემოგიტიოთ, რამდენიმე წამიანი დაკვირვების შემდეგ სიცილი გარდაუვალია! :D
ამ სტილის ნომრებში, ნიჭიერის ორივე სეზონის მანძილზე ეს იყო ყველაზე პროფესიონალურ დონეზე შესრულებული- თამამად შემიძლია ვთქვა! ძალიან რთული ტრიუკებია და შესასრულებლად კი არა, საყურებლად არის საშიში იმდენად იძაბები, მაგრამ ერთი შეცდომაც კი არ დაუშვიათ მთელი ნომრის მანძილზე. შოუს ელემენტებით გაფორმება ძალიან მოუხდა და ალბათ ყველამ, ვინც ამ სტილში აპირებს მოღვაწეობას,ეს უნდა გაითვალისწონოს. ხშირად არის, რომ გამოდიან, ასრულებენ ილეთებს, შეიძლება ძალიან რთულსაც, მაგრამ სანახაობრივი არ არის- ამ გადაცემაშიც იყო მოსაწყენი იოგის და პარკურის მაგალითები (რაც შეეხება პარკურის აკრძალვას, მოკლედ აღვნიშნავ, რომ ჟიურის გადაწყვეტილება სამართლიანი, სწორი და დროულიც იყო).
acro style-ს ჯგუფის თითოეული წევრი პროფესიონალია და შეგვიძლია ნახევარფინალში უკეთესის მოლოდინი გვქონდეს : ) დღეს კურიერში გასული სიუჟეტიდან შევიტყვეთ, რომ ჯგუფის ყველაზე პატარა წევრი მეორე ტურში ოთხმაგი სალტოს გაკეთებას აპირებს!
“ვიჭყანები”
ყველას რომ შეეძლოს ლუკასნაირად “დაჭყანვა”, ალბათ ცალკე შოუ გაკეთდებოდა სპეციალურად მათთვის! თუმცა ლუკა ერთადერთია და ისიც ნიჭიერს ჰყავს :P თავიდან რომ გამოვიდა სცენაზე და სიმღერა დაიწყო, გარდა იმისა, რომ კარგად მღეროდა და შესრულების მანერა ჰქონდა არაჩვეულებრივი, ყველასთვის მოულოდნელი იყო უცაბედი გადასვლა ინსტრუმენტის ხმაზე და ბიტბოქსზე. მართალია მოკლემეტრაჟიანი იყო მისი ბიტბოქსი, მაგრამ მე მგონი, yes ბლოკში გასულ ბიტბოქსერ სურენ პოღოსოვზე უკეთ გამოსდიოდა. ბიტბოქსის მერე ცეკვა რომ დაიწყო, ის უკვე არავითარ დახასიათებას და შეფასებას არ ექვემდებარება! ამხელა სანახაობის მერე, ვერავინ ვერ დააკონკრეტებს რა ხდებოდა სცენაზე, უბრალოდ ყველა ერთხმად ვამბობთ- ლუკა არის ნიჭიერი! სხვათაშორის, ძალიან დიდი სიმპატიით სარგებლობს უკვე ლუკა ინტერნეტ სივრცეში, მაივიდეოზე მის ვიდეო, რომელიც 20 საათის წინ არის დამატებული, უკვე 31747-ჯერ იხილა მაყურებელმა : )
მაშ ასე, ასეთი იყო ნიჭიერის მეორე სეზონის მეორე გადაცემა. შემდეგ სერიაში გველოდება Stevie Wonder (! :) ), შატილის ასულოს კლუბური ვერსია, სიმღერა listen-ის შესრულების 5 მცდელობა, რობოტი ბიჭების ცეკვა და სხვა არაერთი დაუვიწყარი და საინტერესო სანახაობა - როგორც სოსო ნარიმანიძე იტყოდა, ყველაფერი იქნება ხუთიანზე!
მე დაგემშვიდობებით, სრულიად ბლოგოსფეროს კი შევახსენებ ნიჭიერის და ბლოგერების გულითადი მეგობრობის ამბებს: http://nichieri.ge/bloggers/ , დაწერეთ პოსტი ნიჭიერის შესახებ და იყავით ამ ხუთშაბათის “სტუმარი ბლოგერი” : )