ნახევარფინალები შოუს ერთ-ერთი გადამწყვეტი ეტაპია. იმ ორმოცდაათეულისთვის, რომელიც ჟიურის რჩეული გახდა, შანსია იმისა, რომ ან დიდხანს დაამახსოვრდნენ მაყურებელს, ან საერთოდ არა, ან კიდევ ძალიან ცუდად! ეს უკანასკნელი საკმაოდ ხშირია, რადგან რისკის ფაქტორი ზუსტად იმდენივეა, რამდენიც მაშინ, როდესაც პირველად მოდიან ქასთინგზე. ხშირად ხდება, რომ ის პირველი შთაბეჭდილება მეტ მოლოდინებს ქმნის და ვერ მართლდება, ზოგიც საკუთარ თავს ჯობნის და საერთო ჯამში ვიღებთ შოუს, სადაც უკვე ნაცნობი გმირები ახლებურად გვეცნობიან, ახლიდან გვამახსოვრებენ თავს და ახალ ემოციებს იწვევენ. შესაბამისად, უფრო საინტერესოა შეფასება აწ უკვე “წარსულის” ფონზე.
ამ მხრივ არც “ნიჭიერი”-ს პირველი ნახევარფინალი იყო გამონაკლისი. პირადად ჩემთვის, ყოველთვის საყურადღებოა ის ნაბიჯები, რასაც ქასთინგიდან ნახევარფინალამდე აკეთებენ მონაწილეები. ამ დროს ყველაზე უკეთ ვლინდება მათი შესაძლებლობების ფარგლები, პასუხისმგებლობის გრძნობა და შოუს შექმნის უნარი.
ამხელა შესავლის შემდეგ, შემიძლია პირდაპირ პირველი ათეულის განხილვაზე გადავიდე:
დრამის ბიჭები
“რა კარგი ბიჭი იყავიო, ტელევიზორში გამოხვედიო და საღოლ შენო”
“დრამის ბიჭები”-ს ნომერი ნამდვილად იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ვანოს ტოპ ხუთეულში პოზიცია შეენარჩუნებინათ. საერთოდ, დასარტყამი ინსტრუმენტებით შოუს მოწყობა რთულია იმიტომ, რომ ხარ “რიტმების ამარა”, ამ დროს იმხელა მრავალფეროვნება, ემოცია, შოუს ელემენტები და თვით დაკვრის მანერაც კი უნდა გამოიყენო, რომ მაყურებლამდე მიიტანო ეს ყველაფერი, 6 წლის ბავშვს კი არა, ზრდასრულ ასაკშიც შეიძლება გაუჭირდეს ადამიანს. ამიტომ ვფიქრობ, რომ დრამის ბიჭების შემთხვევაში, მხოლოდ ბევრი მეცადინეობა და მონდომება კი არა, თანდაყოლილი ნიჭი მეტ როლს თამაშობს! ძალიან დადებითად ვაფასებ მათ შოუს, რადგან ის ყველაფერი, რაც ნახევარფინალისთვის დაამატეს- ქორეოგრაფია, ინსტრუმენტების გაცვლა, ნამდვილად კარგი და სანახაობრივი ნომერი გამოვიდა. თანაც ამდენი წუთი უშეცდომოდ უკრავდნენ და ერთი წამითაც არ არევიათ რიტმი!

ბახვა წერედიანი
ბახვა წერედიანმა ახალი ჟანრი შემოიტანა ნიჭიერში და ისე წარმატებით, მგონია მის ოცნებას, თეატრის დაარსებას მალე ასრულება ელის. ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს ბევრი დაინტერესდება…ეს ადამიანი იმდენად დიდ შრომას დებს თავის მარიონეტებში- შექმნიდან დაწყებული “გაცოცხლებით” დამთავრებული, რომ თავის საქმის განსაკუთრებული სიყვარული სხვანაირ ელფერს აძლევს მის შემოქმედებას.
ჯექსონის და ბოჩელის ფიგურებს რაც შეეხება, ბოჩელი სულ რამდენიმე წამით ვნახეთ (ძალიან ეფექტური იყო კონტექსტში), მაგრამ სამაგიეროდ პოპის მეფის ხილვის ბედნიერება მეტ ხანს გვქონდა. ეს ფიგურა სპეციალურად ნიჭიერისთვის შექმნა (თუმცა, ვფიქრობ, ძალიან ბევრჯერ გამოადგება და თავის ყოველდღიურ პროგრამაშიც შეიყვანს), ძალიან ცოტა დრო ჰქონდა იმისათვის, რომ მოძრაობები დაეხვეწა, მაგრამ თავის საქმის პროფესიონალია და კარგად გაართვა თავი.

ანა და თემო
ანა და თემო პირველი ათეულის პირველი იმედგამცრუებელი ნომერი იყო მართალი რომ გითხრათ. სტილის შეცვლა ერთი მხრივ კარგი გადაწყვეტილება იყო, რადგან როგორც სოფომ თქვა, ბევრნაირი ხასიათი გადმოსცეს და ძალიან სცენურები არიან და კარგია, რომ ამ ჟანრში ბევრი წყვილის გაცხრილვის შემდეგ სწორედ ანას და თემოს წყვილი დარჩა, მაგრამ ქასთინგზე უფრო შეძლეს შთაბეჭდილების მოხდენა მიუხედავად იმისა, რომ უფრო რთული მოძრაობებიც ჰქონდათ ნახევარფინალში შემოტანილი. უბრალოდ, ვფიქრობ მრავალფეროვნება და დინამიკა აკლდა.

დავით დავითიანი
დავით დავითიანი არც ვიცი როგორ შევაფასო. “მიკროფონი მინდოდა და წავიყვანდი შოუს”-ო რომ თქვა კაცმა არ იცის რა იგულისხმა, მაგრამ თავდაყირა ღვინის დალევა და გირჩამოკიდებულს ხტუნაობა რომ მოაფიქრდა, არის რაღაც ამაში ფანტაზიის ნაპერწკალისებური :)) ძალოსნების საკითხი იმდენად მაღალ დონეზე იყო პირველ სეზონში, დიდი ვერაფერი ეფექტი მოახდინა.

თათია დონაძე
“მსუბუქი, ჰაეროვანი და ლამაზი”
თათია დონაძე 2 მაისის ფავორიტების სიაში შემიძლია თამამად დავასახელო. ქასთინგისგან განსხვავებით უფრო დახვეწილი და შეკრული ნომერი იყო. მომეწონა ის, რომ გარკვეული შინაარსიც ჩადო და უბრალოდ ილეთების შესრულება არ იყო ეს ყველაფერი. არ შემიძლია არ ვთქვა, როგორ მოუხდა სოფოს “Shine” ნომერს. მართლა მსუბუქი, ჰაეროვანი და ლამაზი გამოვიდა ამ ყველაფრის სინთეზი!

ნატალი ვეფხვაძე
ნატალი ვეფხვაძე ფინალისტი გახდა. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო და გამოხმაურებაც ბევრი მოჰყვა ბლოგზე, ამიტომ მინდა ცოტა დაწვრილებით შევეხო: “ნიჭიერი” იმ ფორმატის გადაცემაა, სადაც ემოცია, ნიჭი, ნომერი, მონაწილის ისტორია- ყველაფერი ერთად ფასდება. რამდენიმე გაცვეთილი ფრაზა, რაც ხშირად ისმის და განსაკუთრებით ორშაბათის შემდეგ:
- “საქართველოში ყველა მეორე მღერის”
- “ნიჭიერია, თუ პროფილი?!”
- “ნიჭიერია, თუ ჯეოსტარი?!”
პუნქტი პირველი: ყველა მღერის, მაგრამ ყველა ვერ გადის “ნიჭიერის” ქასთინგებს, ვერ გადადის ნახევარფინალში და ვერ ხდება ხალხის ფავორიტი. პროექტის მიზანია მაყურებელს “გადასცეს” განსასჯელად მონაწილეები. წარმოიდგინეთ როგორი იქნებოდა პროექტი ხალხის გადაწყვეტილების გარეშე? იქნება უკეთესი, რადგან პროექტის გუნდი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს ამისთვის, მაგრამ მეორე მხრივ, მხოლოდ ჟიური რომ იღებდეს გადაწყვეტილებას, ერთპიროვნულს, ყველას მოსაწონი მაინც ვერაფერი ვერ იქნება.
პუნქტი მეორე: მოდით, ახლა ცოტა ხნით ისიც წარმოვიდგინოთ, ისტორიების გარეშე როგორი იქნებოდა”ნიჭიერი”. დაგვრჩება საკმაოდ მშრალი, ჩვეულებრივი კონკურსი. ვთვლი, რომ მონაწილეების ისტორიებს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც მათ ნიჭს. ამ ორის სინთეზით ყალიბდება ზუსტად გმირი, თუ ანტიგმირი.
პუნქტი მესამე: ეს უკანასკნელი ფრაზა განსაკუთრებით ცუდი მოსასმენია. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ეს Britain’s Got Talent-ის ფეისბუქიდან სკრინი ერთ-ერთი გამოკითხვისა “რა სახის ნომრების ხილვა გსურთ დღეს”?

როგორც ხედავთ, მომღერლები მოთხოვნადი ნომრების ტოპ სამეულში არიან. იქაც, ყველა სეზონის ფინალში ფინალისტების რაოდენობის მინიმუმ ნახევარი, როგორც წესი მომღერლებს შეადგენს ხოლმე. ანუ, ეს ზოგადი ტენდენციაა და არაფერია გასაოცარი. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ მაყურებელი სხვა ჟანრებსაც მიაქცევს ყურადღებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა იმავე ათეულში სხვა გაცილებით ძლიერი ნომრებია, მაგრამ ამის მიუხედავად, ნიჭიერის და ჯეოსტარის განსხვავება სირთულესთან არ არის დაკავშირებული და ძალიან მოხარული ვიქნები ერთხელ და სამუდამოდ თუ ამოიგდებენ თავიდან ამ ფრაზას…
რაც შეეხება თვითონ ნატალის, ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ფავორიტი იყო იმიტომ, რომ სიმღერის ეს სტილი ნაკლებად მომწონს, სხვა მხრივ, გამართული ნამღერი იყო და ვოკალური მონაცემები კარგი აქვს. უბრალოდ, ფინალისთვის ვისურვებდი უფრო სხვა ჟანრს. უფრო სწორად, ძირითადად ფონოგრამასთან მაქვს პრეტენზია, თუნდაც ამ სიმღერას ძალიან მოუხდებოდა მეტი საორკესტრო ინსტრუმენტი, ან თუნდაც ცოცხალი ორკესტრი იმიტომ, რომ მისი ვოკალი კლასიკურია და “ზედ გამოჭრილი” ამისთვის : )

water lilly
ამ ჯგუფთან დაკავშირებით, სოფოს პოზიციას ვეთანხმებოდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ნახევარფინალში მათი ადგილი არ იყო. ძალიან მოუმზადებლები არიან სცენისთვის, მხოლოდ ქცევის მანერით არა, ვოკალურად და ინსტრუმენტულადაც ზედმეტად გაუმართავია. არანაირი სინთეზი და უამრავი არასწორი ნოტი. ერთადერთი, რაშიც ვერაფერს დავუწუნებ, მიმდინარეობის შესაბამისი სტილია და კარგი ჩაცმულობა, თუმცა ვანოს თქმის არ იყოს “მარტო თქვენი ვარცხნილობით შორს ვერ წახვალთ”. იმედი მაქვს, სამ წითელ, სრულიად სამართლიან ღილაკს, ადვილად დაივიწყებენ და განაგრძნობენ მუშაობას.

ჰერელი გოგონები
ჰერელი გოგონების სტილის ცვლილებით დიდად კმაყოფილი არ ვარ. მათი შესრულებული თანამედროვე პოპი უფრო საინტერესო იქნებოდა, რადგან მონაცემები აქვთ და ხმებში ძალიან კარგად შეუძლიათ გაშალონ, კარგი ნომერი გამოუვიდოდათ. თუმცა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ქორეოგრაფია, მიუხედავად სიმარტივისა, ძალიან მოუხდა მათ გამოსვლას. კრიტიკას მხოლოდ პოპურის წყობა იმსახურებს, სულ მეგონა, რომ მთავრდებოდა, სიმღერიდან სიმღერაზე გადასვლები ნამდვილად კავშირგაბმულობის გარეშე მოუვიდათ! : ))

ნიცა ყიფიანი
სუპერ ბუუმ ნიჭიერი
ნიცა ქასთინგის შემდეგ დაიხვეწა კიდევ უფრო, მაგრამ თვითონ ნომრის შინაარსი კი ქასთინგზე უკეთესი იყო. ნახევარფინალში მისი გამოსვლის “პირველი ნაწილი” ცოტა შეუფერებელი იყო მისთვის. ამის მიუხედავად, მომწონს, რომ ასეთი სცენურია, კარგად ცეკვავს – რთული ილეთები, სწრაფი მოძრაობები აქვს და თუნდაც სხვადასხვა წვრილმანებიც მის დადებითზე მეტყველებს- სიმღერის ტექსტის აყოლა ცეკვის დროს, მანერები და ა.შ.
ცეკვის “მეორე ნაწილში” მონაწილეების დამატება კარგი იდეა იყო. თუ ფინალში მოხვდა საქართველოს ბანკის ფავორიტის სტატუსით, ვფიქრობ უკეთესი შოუს გაკეთებაც შუძლია.

Acro Style
“შოკი, ადრენალინი, გაოცება ამ ჯგუფს სულ თან დაყვება”
ორი სეზონია ნიჭიერის ყველა ქასთინგსა და ნახევარფინალს ვესწრები და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა- ერთადერთი მონაწილე, რომელიც აჯობებს იმ ემოციას, იმ შთაბეჭდილებას, იმ პროფესიონალიზმს და შოუს, რომელიც აკრო სტაილმა ნახევარფინალში გვაჩვენა, ესენი ისევ თვითონ იქნებიან. ვიცი, რომ ფინალში შეძლებენ საკუთარ თავს აჯობონ კიდევ ერთხელ და ძალიან მინდა მაყურებელმა შესაბამისად დააფასოს ისინი.
მომეწონა, რომ შემადგენლობა გაზარდეს- გოგონები არანაკლები სირთულის ილეთებს აკეთებდნენ და მოუხდა საერთო შოუს.
“ვარჯიშის შედეგი” არ ჰქვია ამას, არც “მხოლოდ პროფესიონალიზმი, ეს არის თითოეული მათგანის 12-ჯერ გამრავლებული, კიდევ ათჯერ,კიდევ ბევრჯერ გამრავლებული პროფესიონალიზმი” (გეგას ეს დაბნეულ-აღფრთოვანებული ფრაზა სრული სიზუსტით აღნიშნავს იმ შთაბეჭდილების ქვეშ ყოფნას, რაც დღემდე მომყვება მე პირადად), ეს ნიჭია!

შემდეგ ორშაბათს ვიხილავთ:
- ნიღბების დუეტი
- ქუთათურები
- ბერმუხა
- ინესა კრივოშეევა
- ნიკა და ქეთი
- ნადი ზახარიანი
- ნინო ლეჟავა
- ლუკა ყარმაზანაშვილი
- ციალა მაჭარაშვილი
- მარი ტომარაძე
ვფიქრობ, საინტერესო და მრავალფეროვანი მომდევნო ნახევარფინალი გველის, ასე რომ, ტრადიციულად- ველოდებით შემდეგ ორშაბათს! <3