პოსტები კატეგორიიდან „Piccolina“

17 February

მესამე გადაცემა – მხოლოდ ყველაზე შთამბეჭდავები

პიკოლინა, ბლოგერი piccolina.ge-დან

ჩვენ ვართ ქართველები, მაშასადამე ჩვენ ვართ ყველაფრით უკმაყოფილოები. ეს ისე, პოსტისთვის გასახურებლად :))

მოკლედ, სანამ ხალხი თავისი განსხვავებულობის გამოხატვას გადაცემის გაკრიტიკებით ცდილობდა, მესამე გადაცემა გავიდა. მართლა გეუბნებით, მე, როგორც ტელემაყურებელი კმაყოფილი ვარ, ორშაბათის გადაცემამ წინა გადაცემებსაც აჯობა და ყველა სხვა გადაცემასაც.

პირველ რიგში, წამყვანები ბევრად უკეთ წამყვანობდნენ, უკვე ერთი სული მქონდა, როდის დაგვანახებდნენ კულისებს :)) ფაცაციას გამეგრელება და “ვუი ვუი” (იმ  40 სართულიან წყევლაზე), ასევე ვანიკოს გავარდნა და იმ უპარტნიორო გოგოსთან ცეკვა ყველაზე მაგარი იყო.

იგივენაირად აღფრთოვანებული ვერ ვარ ჟიურითი. ნუ მთლიან ჟიურის რას ვერჩი, მაიაზე ვამბობ უფრო. ამ გადაცემაზე უკვე “პროფილში” ეგონა თავი. ანუ, რის გამოც თავიდან მომეწონა მაია ჟიურიში, ის გაქრა. და ის კომენტარი რა იყო, ყურებიდან ბოლის გამომშვებ ბიჭზე, მოწევა ჯანმრთელობისთვის მავნებელია და ამიტომ არაო. უკეთესი მიზეზი ვერ ნახა უარისთვის? სამაგიეროდ, გეგას კომენტარი იყო უნიკალური იგივე გამომსვლელთან დაკავშირებით.

რაც მთავარია, ჟიურის წევრებს ჯერ კიდევ უხარიათ სხვის ღილაკებზე ხელის დაჭერა და მეც ველოდები, როდის გადაუვლით :)

კიდევ ჟიურიმ, ისევე, როგორც საქართველოს ბევრმა სხვა მოქალაქემ, ვერ ისწავლა, რომ გამარჯობას არც მრავლობითი ფორმა აქვს და არც თქვენობითი. ანუ არის მარტო გამარჯობა და არანაირი გამარჯობა. რაც მთავარია, ეტყობა, არც არავინ უსწორებს.

გამომსვლელებში არ შემიძლია პირველი არ აღვნიშნო დათო რობაქიძე

დათო რობაქიძე

ჩემს ბლოგზეც დავწერე მაშინ, პრომოს ჩაწერაზე ვნახე დათო და გამაოცა, მართლა. ეკრანზე ხო იყო მაგარი? ხოდა პირისპირ უფრო დიდი ემოციაა, დამიჯერეთ. თან მე პატარა კარტით მაჩვენა, მთლიანი შეკვრით და პირი ღია დამრჩა მაშინ. მოკლედ, იმ დღიდან მე დათოს გულშემატკივარი ვარ და კიდევ მეორე ბიჭის, რომელიც მასთან ერთად იყო, მაგრამ ჯერ არ გამოსულა. რაც მთავარია, ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც იმედები არ გამიცრუა და სცენაზეც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოვიდა.

ნექსთ ლეველზე რამხელა მითქმა-მოთქმა იყო ხომ გახსოვთ? ხო, მაგარი იყო, მარა ეს ძალით რეპერული საქციელი და საუბარი არ უხდებათ. ამის გამო გამოჩენისთანავე მინუსი მივუწერე. ანუ სხვა რომ ლაპარაკობს და იქცევა ეგრე შეიძლება საკაიფოდ ჩანდეს, მაგრამ სანამ იგივეს გაიმეორებ იქნებ ჯერ გეფიქრა, ეს შენია? (ვიცი, ბავშვები კითხულობენ ამ ბლოგს აქტიურად, იმედია, არ დამესხმებით თავს ამის გამო :))) ) მაგრამ ვერ დავუკარგავთ, კარგად იცეკვეს

აი პარკური მომეწონა ძალიან. ცუდი შედარებაა, მაგრამ, ჩემთვის პირადად, შოუს მხრივ, ნექსთ ლეველზე უკეთესი იყო. არ ვამბობ, რომ მართლა უცხოეთის დონეზე იყო, როგორც ნიკამ თქვა, მაგრამ საქართველოს დონისთვის ბრწყინავდა.

კიდევ რეზინის ტყუპები მომეწონა. ისეთი პატარები და ელასტიურები იყვნენ… და ისეთი მორიდებულები, საუბრისას…

ძალიან დიდი მინუსი არმენ ერემიანის გამოსვლას. ნუ თვითონ გამოსვლას არა, მის რუსულს, როდესაც ცხოვრობს საქართველოში. არა, მაგას კიდევ კარგი, გავიგებ, მარა მაიას ასევე რუსულად საუბარმა ლამის წყობიდან გამომიყვანა. ანუ რუსული არ არის სახელმწიფო ენა, ანუ ნება უნდა იბოძო და როდესაც მაყურებლის წინაშე რამეს ამბობ – თქვა ქართულად. მადლობა, მაია, ვიცით, რომ იცი რუსული. ჩვენც ვიცით, მაგრამ რუსული არაა სახელმწიფო ენა და ისაუბრე ქართულად.

გადაცემისას გული დამწყდა, რომ ნატა – პუგაჩოვა – მესხს არ დაუფასდა მონდომება. მშვენივრად გამოვიდა, ცეცხლი დაანთო, ყველნაირად დაიხარჯა (მერე რა, რომ ცოტათი არაადექვატურად ემოციურ-აქტიური იყო) და მაინც არა? გულნაზისავით რომ დამდგარიყო და შეწუხებული სახით ემღერა, მერე ხო იქნებოდა კი?

ხო, ახლა მივხვდი, რომ უარყოფითიც ბევრი ყოფილა, მაგრამ მაინც ვდგავარ იმ აზრზე, რომ ძალიან მაგარი იყო მესამე გადაცემა. ახლა ველოდები მეოთხეს.

პ.ს. რბილი ლь ყველაფერს აფუჭებს, იქნებ რომ გამოდიან, ლь-იანები არ ალაპარაკონ ა?

10 February

მეორე გადაცემა – მგონი გავხურდით

პიკოლინა, ბლოგერი piccolina.ge-დან

იმაზე ლაპარაკს აღარ დავიწყებ, რომ რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ, მაგრამ ყველაფერი მაინც ჩვენ გამოგვდის ბანძად, კიარადა არაფერი გამოგვდის და ფანტაზია გვაკლია… ეგ უკვე ათასჯერ ითქვა და დაიწერა (ნიჭიერთან მიმართებაში ვამბობ). მაგრამ, სანამ კრიტიკოსები კრიტიკის საბაბს ეძებენ, უსაქმურები კი დაწუნების მიზეზს, პროექტი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება :)))

ორშაბათს გადაცემას კლუბ კაშეში ვუყურე, ჟიურისთან, წამყვანებთან და გადაცემაზე მომუშავე ჯგუფთან ერთად. ძაან მაგარი ემოცია იყო. იქ ვინც იყო, თითქმის ყველას უკვე ნანახი ჰქონდა ყველაფერი, მაგრამ სახეებზე რომ შეხედავდით, ისე გამოხატავდნენ ემოციებს, გეგონებოდათ, პირველად ნახესო :)))

დადუ, თიკა, გეგა

არ ვიცი, მომეჩვენა თუ მართლა ეგრე იყო, მაგრამ წამყვანები უკეთ წამყვანობდნენ. დიალოგები და კომენტარები უფრო სახალისო იყო :))

ჟიური კიდევ… ნიკას რეაქციებს უყურებდით? ვიღაც რომ მღეროდა ჯერ სერიოზულად უყურებდა, გულშემატკივრობდა და მერე გამომეტყველება ეცვლებოდა და კმაყოფილების ღიმილში გადიოდა. 1-2 მონაწილეზე მოხდა მასე და გამომსვლელების ნაცვლად ნიკას მიმიკებზე მეღიმებოდა :)))

მაია ასათიანი

გეგას ფანებო, თქვენს საყურადღებოდ, ალბათ უფრო შეგიყვარდებათ ეს კაცი, როცა გაიგებთ, რომ ძალიან თავმდაბალია. როდესაც ვუთხარი, ამდენი ფანები გყავს-მეთქი, ისე მორცხვად ჩაეღიმა, მისი ფანი რომ ვყოფილიყავი, ჩავყლაპავდი ალბათ მეც :)))

კიდევ იქ ნორმალური მაია ასათიანი იყო, ანუ მაკიაჟის და რაღაცეების გარეშე, ძალიან უშუალო. სურათი რომ გადავუღე, დაიწუწუნა, აუზიდან ახალი გამოსული ვარ და ცუდად გამოვიყურებიო :)))

კაი, გვეყო გუნდზე ლაპარაკი, გადავედით ნიჭიერ მონაწილეებზე.

  • ჯგუფი იავნანა რომ დავინახე სცენაზე გამეღიმა და გულიანი სიცილისთვის მოვემზადე, მაგრამ მთელი გამოსვლის მანძილზე ასე გაღიმებული დავრჩი. საკაიფო იყო, სხვა ნომრებისგან განსხვავებული და უჩვეულოდ ცოცხალი, მაგრამ, არ ვარ დარწმუნებული, რომ რაჭველები რომ არ ყოფილიყვნენ მაინც გავიდოდნენ… Sorry ladies.
  • იმ ტრაქტორიანი ბიჭის მიერ დაყენებულ ბუღზე აღარაფერს ვამბობ, უფრო სწორად, გამიხარდა რომ იქ არ ვიყავი და ეგ არ ვისუნთქე, მაგრამ მართალია, თავისი ხელით ამისი აწყობა დასაფასებელია (?).
  • ლუარა ქირია მარტო მისი ბრჭყვიალებიანი ჰენდმეიდის გამო უნდა გადაეყვანათ მგონი მეორე ტურში :))) ძალიან საყვარელი ქალი იყო, მერე რა, რომ სიმღერ-რეპ-ლექს წარმომავლობის შემოქმედებაში მთლად ვერ ქაჩავს – ნიჭი ნიჭია.
  • მარიამ რაფავა აღსანიშნავია, მაგრამ გადაცემის ეთერში გასვლამდე გაიცნო უკვე მთელმა საქართველომ და ჩემი კომენტარები დაგვიანებულია მგონი :)
  • ახლა აღიარეთ, ხინკლის მჭამელი თამაზ ზაველური რომ გამოვიდა, რამდენს გაგახსენდათ, რომ გშიათ ან ხინკალი საშინლად გენატრებათ :))) ვანიკომ, მაგალითად, ხინკლამდე ვერ მოიცადა და რაც ყველაზე ახლოს იყო იმის ჭამა დაიწყო.

    ვანიკოს მოშივდა

  • ის გოგო რომ გამოვიდა, შავებში და რაღაცნაირად რომ ცეკვავდა ხომ გახსოვთ? გეგას რეაქცია დააფიქსირეთ? გააგრძელებინა, გასაღიმებელი მასალა დაიგროვა და მერე გაუშვა :))
  • იმ კბილებიან კაცზე არაფერს ვიტყვი, ჩემი გასაკეთებელი კბილები მახსენდება და ყბები მტკივა მაგის დანახვის მერე. ბრრრ :/
  • ჯგუფი მოზაიკის ბიჭი, ილია რომ დავინახე, წარმოვიდგინე, რა ბედნიერია, რომ ოცნება აიხდინა და სცენაზე იცეკვა და თან კარგად იცეკვა, მართლა კარგად. კიდევ გული დამწყდა, რომ კონცერტზე ვერ ჩაუსწრო ჯექსონს :/ წარმოვიდგინე, ჩემი საყვარელი მომღერლის კონცერტზე რომ მეღირსოს წასვლა და იმ დღეს რომ მოკვდეს, როგორ გამიტყდება.
  • გადაცემის აღმოჩენა, უფრო სწორედ, აღმოჩენები – ორი მარიამი. პატარა მარიამი რომ დავინახე, ვიფიქრე დედა არ ყავს და მარტო მაგიტომაც გადაიყვანენ-მეთქი (ქართველების გულჩვილობის ამბავი რომ ვიცი), მაგრამ არა, მშვენივრად იმღერა ბავშვმა. და მეორე მარიამი (კახელიშვილი)… ნუ არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, ძალიან მაგარი ბავშვია. მართლა გეუბნებით, არ ვიცი რა უნდა ვთქვა.

გადაცემა რომ დამთავრდა, კოლя მოვიდა, შემოქმედებითი ჯგუფიდან და მკითხა, ბლოგზე რას დაწერო? მეთქი, რა უნდა დავწერო, რასაც საერთოდ ვწერ და არაო, პირველი ჯობდა თუ მეორეო? ხოდა მეორე! არ ვიცი, მაყურებელი გახურდა თუ მონაწილეები, მაგრამ ამ ორშაბათის უფრო მომეწონა.

წამყვანები

P.S.: იმ საეჭვო ტიპების ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია, ნიღბებით რომ წაიცეკვეს სცენაზე… რაღაც ეჭვები მაწუხებს მაგასთან დაკავშირებით. მაგრამ მაინც, ნიღბიანებო, გრცხვენოდეთ, ხალხის ასე დაინტრიგება შეიძლება?

3 February

პირველი შოუ, პირველი შთაბეჭდილებები

პიკოლინა, ბლოგერი piccolina.ge-დან

სანამ პირველი გადაცემა გავიდოდა, ყველას ჰქონდა რაღაც მოლოდინები და წარმოდგენები პროექტთან დაკავშირებით. სულ თავიდან “ა ტალანტი” გაახსენდა ბევრს (მათ შორის მეც). ეგ გადაცემა გახსოვთ? “ა ტალანტი” რომ ერქვა და არც ერთი ტალანტი იქ არ მიდიოდა, ნუ თუ უნიჭობის წარმოჩენის გამბედაობას ტალანტს არ დავარქმევთ.

ვისაც უცხოური პროექტი, Got Talent  ჰქონდა ნანახი, განიხილავდნენ ნანახს და რაღაც მოლოდინები უჩნდებოდათ. ოპტიმისტურ ვარიანტში ამბობდნენ, კარგია, რომ აქაც აკეთებენო, პესიმისტურში – ქართველები მაინც ყველაფერს ვაფუჭებთ, არაფერი მაგისგან არ გამოვაო, მაგრამ მაინც ყველა ელოდებოდა ;))) პრინციპში, რა განწყობაც დაწყებამდე იყო, უმრავლესობას იგივე დარჩა პირველი შოუს შემდეგაც.

რა მოხდა პირველი გადაცემის გასვლის შემდეგ? ფორუმებზე, ბლოგებზე და სოციალურ ქსელებში დაიდო რევიუები. ძირითადად არა მართლა განხილვა, არამედ შედარება: “აი, ბრიტანულში ეს ასე იყო და აქ კიდევ ასეა” ან “ამერიკულში რომ ასე იყო, აქაც ზუსტად გადმოიღეს, ფანტაზია აკლიათ”. მოკლედ, როგორც ბებიაჩემი იტყოდა ენას ძვალი არ აქვსო, ანუ ჭორებს რა გამოლევს :)

პირველ რიგში დაიწყეს, გულნაზი გოლეთიანი რომ გამოიყვანეს, სიუზან ბოილის კოპირება უნდოდათო. არადა ეს ქალი კარგად მღერის, ანუ შესაბამისად ამ ფაქტს ვერ დააიგნორებდნენ. ძროხებს უვლის, ანუ ვერ იტყოდნენ რაღაც კომპანიის მენეჯერიაო. ხოდა რაღა გინდათ? სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან რომ დავინახე გულნაზი თავისი ხაჭაპურებით, ეგრევე ვიფიქრე, დასაცინად არის ეს ქალი განწირული და მასთან ერთად მისი შვილებიც-მეთქი, მაგრამ გამაოცა :))

რაც შეეხება ჟიურის. მაია ასათიანმა სასიამოვნოდ გამაკვირვა ბევრად უარესს ველოდი მისი “პროფილის” შემდეგ. ნიკას რაც შეეხება, ჯეოსტარში მყავდა ნანახი, იქ რომ ვუყურებდი უფრო მკაცრი იყო, აქ კიდევ, მეგონა სხვა ტიპია-მეთქი. გეგას და მაიას რომ გაებუსხა პატარა ბავშვივით ძალიან საყვარელი იყო.  ასე მგონია, რომ ჯეოსტარის ჟიურიში სხვა ნიკა იჯდა. გეგაზე ვერაფერს ვიტყვი, ნამეტანი სიმპატიურია :) მაგრამ საშინლად გამაღიზიანა ერთმანეთის ღილაკებზე ხელის დაჭერამ – რა იცი, იქნებ ყველა შენს აზრს არ იზიარებს.

წამყვანებზე არაფერს ვამბობ – შეხვედრისას ვანიკომ ყავის შემოთავაზებთ მოგვთაფლა და უზრდელი ხომ არ ვარ, ამის მერე რომ ცუდი დავწერო მათზე. თიკას ყავა არ შემოუთავაზებია, მარა სანდომიანი ღიმილი აქვს და არც მაგაზე ვწერ არაფერს.

მონაწილეებს და მათ შერჩევას რაც შეეხება, არ მომეწონა, რომ “მაჩუქე ღიმილი” გავიდა და ის ტიპი, ფეხებს რომ კისერზე იდებდა დააიგნორეს, ან ის, მანქანას რომ აჩერებდა ხელით. ან კოკოლის რას ერჩოდნენ, 4 თვეა ის კაცი ყლაპავს და უკან უშვებს იმ საწყალ კოკოლის და ამათ ახლა დაიცვეს? :))) მაგრამ მეორე რაღაცა უნდა ვაღიარო, “მაჩუქე ღიმილი” უფრო მეტ რეიტინგს მოუტანს გადაცემას, ვიდრე რეზინის კაცი. იმიტომ რომ ხალხს მარტო გაკვირვება კი არა, გაცინებაც უნდა. რეზინის კაცით ვერავის გააკვირვებ, მანქანის გაჩერება არც საინტერესოა და არც სახალისო, აი დაკარგული სიყვარულისთვის უნიჭოდ მომღერალი ტიპი კი რაღაც სხვაა. ისევე გაართობს ხალხს, როგორც თავის დროზე “კოხორა” და “დშნ დნნ” ართობდნენ, ეს სჭირდება მაყურებელს.

პოსტის დამთავრებამდე არ შემიძლია არ აღვნიშნო ფავორიტი. კაცი, რომელმაც ყველას გადაუჯოკრა მარტო ერთი ფრაზით “დაკა ბიჭოოოო, დაკააა”, ანუ ვასილ ხაჩიძე. აუცილებლად შეამჩნევდით, რაღაცნაირი გამოხედვა და მიმიკები ჰქონდა და ლაპარაკი კიდევ :)) უბრალოდ რომ აგურები გადაემტვრია, ალბათ არ ვუგულშემატკივრებდი, მაგრამ მისმა ტიპაჟმა მომხიბლა. ერთადერთი არ არის, ვინც მსგავს რაღაცას გააკეთებს, მაგრამ ერთადერთია, ვინც ეგრე გააკეთებს:

დაკა, ბიჭოოოო, დაკაააა!

გკოცნით, გეხვევით, ბლოგერი პიკოლინა

29 January

“ნიჭიერის” ნიჭიერი ბლოგერები

8 იანვარს “ნიჭიერის” ბლოგზე გამოცხადდა კონკურსი ბლოგერებისთვის. 22 იანვარს კი კონკურსის სამი გამარჯვებული ამ ბლოგის თანაავტორი გახდა, უფრო გასაგებ ენაზე – ამ “ჟურნალში” საკუთარი “სვეტი” მიიღეს. “ნიჭიერის” ეთერში გასვლასთან ერთად ისინი კვირაში ერთხელ დაწერენ პოსტს ნანახი გადაცემის შესახებ. მათი პოსტები ცენზურას არ გაივლის – შეუძლიათ დაეთანხმონ ან არ დაეთანხმონ ჟიურის, უგულშემატკივრონ ან გააკრიტიკონ მონაწილეები – მოკლედ, დაწერონ ყველაფერი, რასაც ჩათვლიან საჭიროდ.

ამ პოსტში წარმოგიდგენთ სამივე ბლოგერს. გაიცანით, იკითხეთ მათი პოსტები და დაუტოვეთ კომენტარები.

1. თინი, ბლოგერი tiny.ge-დან:

თინი, 19 წლის. ერთ წელზე მეტია, რაც ბლოგერი ვარ. მიყვარს ბლოგინგი, იმაზე მეტად, ვიდრე ჩემი პროფესია- ხელოვნებათმცოდნედნეობას ვსწავლობ თსუ-ში, მესამე კურსზე ვარ :)

აუცილებელი (?) რაღაცები, რაც სასურველია იცოდეთ ჩემზე:

ვარ გულჩვილი.
მიყვარს რომანტიული ფილმები.
არასდროს ვაფასებ ჩემს ნაშრომს დადებითად.
ვუკრავ ვიოლინოზე.
მიყვარს მოხარშული კვერცხი მაიონეზით.
წერა უფრო მიყვარს, ვიდრე ლაპარაკი.
ვარ რაღაცნაირი.

“ნიჭიერის” ბლოგის თანაავტორობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ცოტა ვნერვიულობ კიდეც – მინდა კარგად გავართვა თავი. თუმცა ალბათ ნაწერი უინტერესო ვერ გამოვა, როცა თვითონ შოუა საინტერესო. მოკლედ, იმედი მაქვს ამ სამი თვის მანძილზე, ყოველთვის სიამოვნებით შემოხვალთ ამ ბლოგზე და წაიკითხავთ ყველა სიახლეს, მონაწილეების შესახებ ცნობებს, გასული გადაცემების მიმოხილვას და ა.შ.

თინის პოსტები “ნიჭიერის” შესახებ:

პირველი დღე “შიდა სამზარეულოში”

გადაღებები და TBgroup


2. Piccolina – ბლოგერი piccolina.ge-დან

piccolina, იგივე ნინო ფანიაშვილი (მაგრამ ნინოს თუ დამიძახებთ, შეიძლება არც მოვიხედო ;) ). განათლებით შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგი ვარ, მარა რად გინდა, ნაკლებად აინტერესებთ HR საქართველოში, ამიტომ დიდ დროს ბლოგს და ზოგადად ინტერნეტს ვუთმობ. ხო, ბლოგს რაც შეეხება, 4 წელზე მეტია, რაც მაქვს და ამ 4 წლის მანძილზე რა აზრებიც კი მიტიკინებდა თავში, ყველაფერი იქ წერია :)))

ბევრი თვლის, რომ ინტერნეტ-მანიაკი ვარ. შეიძლება ასეც არის, კომპიუტერს იშვიათად ვშორდები, მაგრამ სულაც არ ვთვლი, რომ ეს არაჯანსაღია.

ამ მხრივ გამიმართლა, ქმარიც ჩემნაირია. იმდენად, რომ როცა დავქორწინდით, დიიიიდი ონლაინ-ქორწილი გადავიხადეთ Facebook-ზე. მართალია, ასე საჩუქრებს არავინ გჩუქნის, სამაგიეროდ მთვრალი კაცები დილამდე არ დაბოდიალობენ ცეკვა-ღრიალის რეჟიმში :))

ინტერნეტში ძრომიალის გარდა ხატვა და ძერწვაც მეხერხება (ხანდახან). სამზარეულოში ტრიალი და ხანძრის გაჩენა ან სხვა უბედურების დატრიალება ჩემი მეორე პროფესიაა :))

პიკოლინას პოსტები “ნიჭიერის” შესახებ:

ცხელი ამბები კულისებიდან

გუგლი კითხულობს

3. ბექა – ბლოგერი doin.ge-დან

ვინაობა: ბექა ადამაშვილი
ჟამი დაბადებიდან დღემდე: 19 წელი და 8 თვე
ცოდნის მაღარო: “კავკასიის უნივერსიტეტი”

დამატებითი ინფორმაცია:

“მე მშობლებისთვის შვილი ვარ და კოსმოსისთვის – ტყუპები, დედამიწისთვის – ზედმეტი 64 კილოგრამი და გარშემომყოფთათვის – ცოტა მოსამატებელი, პედოფილებისთვის – ნამეტანი გვიან და ნეკროფილებისთვის – ნამეტანი ადრე, დაინტერესებული პირებისათვის – სამუშაოს მოსურნე ახალგაზრდა და უმუშევრებისთვის – კონკურენტი, სარკისათვის – საკუთარი თავი და საკუთარი თავისათვის – წყალწაღებული ოპტიმისტი, რამდენიმე პიროვნებისთვის – ყველაფერი და არაფერი – ანჯელინა ჯოლისათვის.

არ მიყვარს ზღვა, იმიტომ რომ გემოს ვერ ვატან და მიყვარს… (უცხო პირთა შესვლა სასტიკად აკრძალულია);

მშურს ჯესიკა ალბას საბნის და მაღიზიანებს კაცები, რომლებსაც ცალი ხელით აწეული მაისური უჭირავთ, მეორეთი კი ბანჯგვლიან მუცელს იფხანენ;

ვაპირებ გავხდე (ჟურნალისტი) და გავსუქდე (ცოტა).

მზად ვარ
ვუპასუხო ყველა შეკითხვას, “რას შვრები, რავა ხარ?”, “რა არის შენკენ ახალი?” და “სხვა?”- ს გარდა…

That’s all! :)

ბექას პოსტი “ნიჭიერის” შესახებ:

“ნიჭიერის” პროლოგი: ძუძუები და “ცოტნე დადუ-ანი”, ანუ, რაღაც სადღიურო ჩანაწერების მსგავსი…