პოსტები კატეგორიიდან „ბლოგერები“

23 March

21 მარტი, მესამე გადაცემა

მესამე გადაცემაში რამდენიმე აუხსნელი მოვლენის სტატუსით მოვლინებულ კონკურსანტს თუ არ ჩავთვლით, ბევრი ისეთი კონკურსანტი იყო, რომლებსაც საგზური გარანტირებული აქვთ შემდეგ ტურში და ვინ იცის, იქნებ ფინალშიც კი. სანამ მათ განხილვაზე გადავიდოდე, ჯერ ამ  რამდენიმე აუხსნელ მოვლენაზე გავაკეთებ კომენტარს…

აუხსნელი მოვლენები:

7 წლის ასაკიდან 3 ენაზე სიმღერების მომერალი გიორგი უტიაშვილი, ან კუსა ღადუასავით რადიოს მიერ მოტყუებული აღმოჩნდა, ან მისი “ჰიტი” საუკეთესო ათეულში იმიტომ მოხვდა, რომ თვითონ არ მღეროდა და არც თავისი დაწერილი იყო. “11 წლის ასაკში რომ სიმღერას ინგლისურად დაწერ უკვე ნიჭიერებაზე მეტყველებს”- საკუთარ თავზე ასეთი განცხადების გაკეთება ნიჭიერებაზე კი არა, სულ სხვა რამეზე მეტყველებს. სმენა როცა არ გაქვს, მთავარი პრობლემა ის არის, რომ თვითონ ვერ ხვდები ამას. ასეთ დროს ისღა დაგრჩენია სხვებს ენდო და იმ რადიოს სტატისტიკებზე სანდო, დამიჯერეთ- გეგა, სოფო და ვანო არიან.

შორენა ჯინჭველეიშვილი… სურათი არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლად:

ძმაო… ძმაო… ძმაო…ძმაო…

“რეპიდან მერაბ კაშიამდე ერთი ნაბიჯიაო” -ეს  ქართული ხალხური ანდაზა სულ ახალია,ამ ორშაბათს შეიქმნა ბუბა ლობჟანიძეზე დაკვირვების შედეგად. ისე, რაღაცით მართლა გავს ლექსოს:D

ფილადელფიური “შატილის ასულო”-ს ფენომენი იქამდე ვერ ამოვხსენი, ვიდრე ხატია წერეთელის შემოქმედების სხვა ნაყოფიც არ ვიხილე: http://www.youtube.com/watch?v=3YGYrl-bwPs

უდავოა, გამორჩეულია ჩაცმის სტილით, შესრულების მანერით და იმიჯით, თან ისე, რომ ვანოს “კი”-ც კი დაიმსახურა, თუმცა მე მაინც ვურჩევდი თავისი პროფესიისთვის დაეთმო მეტი დრო და პროფესიონალ  მომღერლად ჩამოყალიბებაზე უარი ეთქვა.

სანამ “მთავარ გმირებზე” გადავალთ, იმ მონაწილეებსაც ჩამოვთვლი, რომლებიც მომეწონა:

  • ნინო ლეჟავა

მომეწონა, რომ მისი ნომერი გაფორმებული იყო შოუს ელემენტებით. მართალია ვამპირებმა ცოტა დააბნია ყველა, მაგრამ გველისა და მათი სცენიდან გასვლის შემდეგ ყველაფერი კარგი იყო, თავისებური შარმი ჰქონდა მის ცეკვას. უბრალოდ, ერთადერთს აღვნიშნავ, რომ მისი ნიღაბი, მხოლოდ ფერით განსხვავდებოდა სამედიცინო დანიშნულების ჩვეულებრივი ნიღბისგან და ვთვლი, რომ ამ კოსტუმს  (რომელიც მე ძალიან მომეწონა) არ უხდებოდა.  აქვე, ფავორიტი კადრი გადაცემიდან- შეშინებული ვანო და სოფო და საკითხისადმი სრულიად გულგრილი გეგა! :D

  • ბახვა წერედიანი

ბახვა ხშირად მხვდება ქუჩაში თავის თოჯინებთან ერთად. ძალიან მომწონს მისი მეორე ფიგურა, მევიოლინესი. დასაფასებელია, რომ თავის ხელით ქმნის მათ და შემდეგ ასე ოსტატურად “აცოცხლებს”. იმედი მაქვს, შემდეგ ტურში უფრო გაამრავაფლეროვნებს.

  • ბაჩო აგულაშვილი

არ ვიცი რამდენად მიაქციეთ ამ გიტარისტ ბიჭს ყურადღება, მაგრამ მე ქასთინგიდან მახსოვს, რომ დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი მისი პროფესიონალიზმით და ტექნიკით. ურთულეს კლასიკურ ნაწარმოებებს ასრულებს ისე, რომ ვერ იგრძნობ, თუ ამ ჟღერადობას ერთი სოლო აკუსტიკური გიტარა გამოსცემს.

  • როლერები

“ბორბლებიანი ფეხებით” ფრენისა და რთული ილეთების წყალობით, მომეწონა.

  • ბოლნელები

მე  ფეხის წვერებზე ასე მყარად მოარული  მოცეკვავეები ჯერ არ მინახავს! : )) კარგი სინქრონიც ჰქონდათ.

ფავორიტები:

თათია დონაძე

ნიჭიერის სცენაზე არაერთი სოლო გამოსვლა გვინახავს სპორტის სხვადასხვა სახეობებში. მხატვრულ ტანვარჯიშსს მათთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ აკრობატიკის და  ქორეოგრაფიის ელემენტებს შეიცავს, შესაბამისად  არის შესაძლებლობა დინამიურობა და სცენურობა შესძინოს ნომერს, მაგრამ მაინც ძნელია ისე შეკრა მოძრაობები, რომ ნომერი ერთიანი გამოვიდეს. გარდა ამისა, მოქნილობაცაა და მოქნილობაც- ასეთი რთული ილეთები იშვიათად, უფრო სწორად არასდროს არ მინახავს, ისევე, როგროც  ვანიკოს არ უნახავს “ასეთი ლამაზი რეზინა”: )) შესაბამისად, სრულიად მართებული იყო სოფოს შეკითხვა თათიას მიმართ “ძვლები გაქვთ”?


თეონა კოროშინაძე

ქართველ მომღერლებს რაც ყველაზე ძალიან აკლიათ (სმენისა და ხმის შემდეგ:D), არის თავისუფლება და ბუნებრიობა სცენაზე. მათთვის არსებობს  შესრულების რამდენიმე სტილი:

  • მომღერლები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, ტრიალ მინდორზე ამოსული ხეებივით დგანან, თანაც ისეთ ამინდში, ნიავიც რომ არ იძვრის.
  • მომღერლები, რომლებიც ცდილობენ იყვნენ ემოციურები და ამის გამოხატულებად თვალების ისე მაგრად დახუჭვა მიაჩნიათ, რომ გახელის შემდეგ ერთი-ორი წუთი იმის მოსაფიქრებლად სჭირდებათ სად იმყოფებიან
  • მომღერლები, რომლებიც სინამდვილეში დიდი ხანია აღარ არიან მომღერლები, მაგრამ ვინაიდან ალტერნატივა არ არსებობს, მღერიან

(ისე, ასე ცუდადაც არ არის საქმე, იმიტომ, რომ სოფო ნიჟარაძეც არსებობს <3)

თეონაზე შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ დახვეწილი და ბუნებრივი მანერები ჰქონდა სიმღერის დროს. იმიჯიც, როგორც წამყვანებმა და ჟიურიმ აღნიშნეს, კარგად ჰქონდა მორგებული. თუმცა, ყველაზე მთავარი მაინც ის მგონია, რომ კარგი და სახასიათო ვოკალი აქვს. ამას დამატებული სიმღერის სწორი არჩევანი და – “that’s what we’re talking about!”

მარიამ აკობია

ქალბატონი ბიონსეს “ლისენ”

“Listen” არის ძალიან რთული სიმღერა. მართალია Beyonce-სთვის სულ ერთია ეს საკითხი იმიტომ, რომ  ძლიერზე კიდევ უფრო ძლიერი  ხმა აქვს, მაგრამ დანარჩენებს ნამდვილად სიფრთხილე მართებთ, სანამ ვოკალური მონაცემების გამოსავლენად მაინცდამაინც მას აირჩევენ. თვით ისეთ ტალანტ შოუებში, როგორებიცაა “X factor” და “American Idol”, კონკურსანტები იშვიათად მღერიან…

ნიჭიერში კი  5-დან ერთს ნამდვილად ეკუთვნოდა მისი შესრულება და მარიამ აკობიას ვოკალური მონაცემების წარმოსაჩენად ღირდა მისი მოსმენა. ვერ ვიტყვი, რომ აბსოლუტურად უხარვეზო იყო, მაგრამ, როგორც სოფომ აღნიშნა- “ეს იყო ძალიან კარგი შესრულება”! ეტყობოდა ძალიან დიდი ნაშრომი და კარგი ტექნიკა მის ვოკალს.

აქვე ერთი ფაქტორია – ნიჭიერის პირველი სეზონის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა, მარიამ კახელიშვილმა იგივე სიმღერით მოიპოვა პოპულარობა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მაყურებელმა მასთან შედარება დაიწყო. მე  კი ვთვლი, რომ განსხვავებულები არიან. თითქოს შესრულების მანერა წააგავს, მაგრამ მარიამ კახელიშვილს სულ სხვანაირი მუხტი მოაქვს, მარიამ აკობიას- სულ სხვანაირი. რომელი ჯობია? – ამ კითხვაზე ჯერ პასუხი არ მაქვს, დაველოდოთ შემდეგ ტურებს.  უბრალოდ, მარიამ აკობიას  ვურჩევდი,რომ  შემდეგში  ისევ კახელიშვილის რეპერტუარიდან ნუ შეარჩევს სიმღერას.

დუეტი “Black Balance”

“ლოქინგი ეძახე და შოკინგი დამემართა უცებ” -(c) თიკა

დუეტმა “Black Balance” დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია იმის  გამო, რომ მათი ნომერი დანიური ტალანტ შოუში წარმოდგენილი ნომრის კოპირებული ვარიანტია. როდესაც საქმე კოპირებას ეხება, ჩემი აზრი ორად იყოფა: არსებობს ისეთი რაღაცები, რისი ნებისმიერი, თუნდაც ხარისხიანი  კოპირება გამოდის სასაცილო, მაგრამ არის ჟანრები, რისი კარგად კოპირების უნარიც  დასაფასებელია. ჩემთვის, ეს დუეტი მეორე კატეგორიას მიეკუთვნება. წარმოიდგინეთ, რამდენი შრომა დგას ამ ცეკვის მიღმა…

საქართველოში უფრო ჰიპ-ჰოპია გავრცელებული და განვითარებული, ლოქინგის სტილი მე პირადად არ მინახავს ქართველის შესრულები. ამიტომ, როგორც პირველი მცდელობა, არ არის დასაძრახი, რომ კოპირებულია. ძალიან დიდი შრომა და პროფესიონალიზმი უნდა ზუსტად გადმოიღო სათითაო “წერტილოვანი” მოძრაობა და დაამუშავო ასეთ სინქრონში!

“დრამის ბიჭები”

“ჩემი პირადი ტოპ ხუთეულის პირველ ადგილზე ხართ თქვენ”- ვანო

იმიტომ არა, რომ ასეთი პატარები არიან და არც იმიტომ  რომ ასეთი საყვარლები არიან-  ჩემი აღფრთოვანება თავიდან ბოლომდე იმით არის გამოწვეული, რომ ასეთ მაღალ დონეზე უკრავენ! ვისაც ერთხელ მაინც უცდია დრამზე დაკვრა, ეცოდინება რა რთულია ოთხივე კიდურის ერთდროულად “საქმეში ჩართვა”. დიდი შრომა სჭირდება იმ შედეგს, რაც ბორჯომელმა პატარებმა გვაჩვენეს ნიჭიერის სცენაზე.

ასეთი იყო მესამე გადაცემა, თავის მარგალიტებიანად და მეორე სეზონის გმირებიანად! : ) წინ მეოთხე გადაცემაა: თანამედროვე ჯგუფი”for you”,  თავდაყირა წვერის პარსვა სცენაზე, როგორ გადაარჩინა ჟიურიმ მოცეკვავე ლამზირა, ნიჭიერის უხუცესი მონაწილეების “განდაგანა”  და ცეცხლი (ნამდვილი) ნიჭიერის სცენაზე!

პ.ს. ბლოგერებს შეგახსენებთ nichieri.ge-ს სტუმართმოყვარეობის თაობაზე- http://nichieri.ge/bloggers/

15 March

14 მარტი, მეორე გადაცემა

მეორე სეზონის მეორე გადაცემამ დაამტკიცა, რომ ნიჭიერი არის შოუ, რომელსაც არავითარი საზღვრები არ გააჩნია- არც ასაკობრივი, არც ჟანრობრივი და არც ემოციური. ამ უკანასკნელს რაც შეეხება, გუშინ, ლამის მღელვარების, სიყვარულის და გაოცების დაშვებულმა დოზამ ნიშნულს გადააჭარბა!

დავიწყოთ…

“მე არ დავუშვებ სახელმწიფო ჰიმნის გაუკუღმართებას! აი ასე! “- გეგა

თეონა ბოლქვაძის გამოსვლას უკომენტაროდ დავტოვებ, მისი ნიჭი კი დასაფასებელია, თუმცა ნიჭიერისთვის არ გამოდგება.  ”ონავ”-მ  ”იკ” ალბათ იმიტომ თქვა,რომ მეორე ტურში რუსეთის ჰიმნი მოესმინა უკუღმა, თუმცა ვინაიდან გეგამ და სოფომ ეს საშუალება ჩამოართვეს, ამიტომ ჩვენს ბლოგზე შევუსრულოთ სურვილი:

яиссоР- яаннещявс ашан аважред

яиссоР- яаннещявс ашан анартс

яачугоМ ялов, яакилев авалс-

ёовТ- еьняотсод ан есв анемерв”

მივატოვოთ პოლიტიკა მეთქი, მინდოდა მეთქვა, მაგრამ სადაც პაროდისტმა რატი ყუფუნიამ ვანო მერაბიშვილი ახსენა..

რატიმ მართალია 3 არა მიიღო, მაგრამ სამაგიეროდ გაიგო, რომ პაროდისტებს პედაგოგი არ ჰყავთ და ეს თანდაყოლილი ნიჭია…

დაახლოებით იგივე შეიტყო საკუთარი თავის შესახებ სამეგრელოში ცნობილმა კუსა ღადუამ:

ნამდვილად არ ვიცი ამისთანა რა ხმის ჩამწერ სტუდიაში ჩაწერა სიმღერა, რომ არარსებული  ხმაც და სმენაც  უცებ გაუჩნდა და სიმღერა გაუჰიტდა, მაგრამ ნიჭიერში ყველაფერი ნატურალურია! ქართულ ესტრადაში სიტყვის თქმა, მოგეხსენებათ არც ისე ძნელია და არ არის გამორიცხული კუსამ დაპირებისამებრ მართლაც დაიპყროს სამეგრელოს გარდა სხვა კუთხეები, გაიჩინოს გულშემატკივრები, მაგრამ იქნება ჟიურის კეთილი რჩევების მოსასმენად ცოტა ხნით რომ გაჩერებულიყო და განაწყენებული სახით სცენიდან  არ გავარდნილიყო, უკეთესად წასულიყო მისი კარიერა- ოღონდ არა მუსიკალური!

მუსიკალურ კარიერას რაც შეეხება, კუსას არა, მაგრამ ნადი ზახარიანს ალბათ ელის წარმატება, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მის ვოკალს დამუშავება აკლია. სამაგიეროდ დიაპაზონი აქვს ძალიან კარგი, რის ფონზეც სიმღერის არჩევანი სწორი იყო, queen-ის “show must go on” რთული სამღერია და ძალიან მაღალ ნოტებს და ძლიერ ხმას მოითხოვს, შესაბამისად კარგად გამოჩნდა შესაძლებლობები. უნდა აღინიშნოს იმპროვიზაციის უნარიც და ამ ყველაფრის ფონზე, ის უმნიშვნელო ხარვეზები და დეტონაციები  არ ღირს კრიტიკის ხელჩასაჭიდად…

სიმღერიდან მხატვრობაზე გადასვლა რა გასაკვირია, ორივე ხელოვნების დარგია, თუმცა ქალბატონი ცირას ნამუშევრის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია და სულაც არ აღიქვეს მისი ნაშრომი ხელოვნების ნიმუშად.

მე, პროფესიით ხელოვნებათმცოდნე გამოვდივარ და ვეცდები ამ კუთხით შევაფასო მისი ნაშრომი, ამისათვის ცოტა შორიდან მოვუაროთ:

XX საუკუნის დასაწყისში ხელოვნებაში ძალიან დიდი ძვრები იყო, ბევრი ახალი სტილი და მიმდინარეობა ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი მათგანია აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი, რომლის მიმდევარი მხატვრებიც მთავარ მისიად ემოციების სრულ გამოვლენას მიიჩნევდნენ. ისინი ხატავდნენ განსხვავებული მეთოდებით და ხატვის ექსპრესიული მეთოდი ისეთივე მნიშვნელობის იყო, როგორიც ნამუშევარი. ამ მიმდინარეობის ერთ-ერთი თანადამაარსებელი იყო ჯექსონ პოლოკი, რომელიც ხატავდა სხვადასხვა საგნებით, სხვადასხვა მეთოდებით და სხეულიც ჩართული იყო ხატვის პროცესში: …ხატვის დაწყებამდე ტილოს თითქმის არასდროს ვჭიმავ, მირჩევნია კედელზე ან იატაკზე გაფენილ ტილოზე ვხატო. მე მყარი ზედაპირის წინაღობა მჭირდება. იატაკზე უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს. უფრო ვუახლოვდები, ნახატის ნაწილი ვხდები, ვინაიდან ასე შემიძლია მის გარშემო ვიარო, ოთხივე მხრიდან ან პირდაპირ ნახატში ვიმუშაო.”ამბობდა ის.

ვფიქრობ, სწორედ ამას ცდილობდა ქალბატონი ცირა სცენაზე, ცოტა არ იყოს განსხვავებული სტილით, მაგრამ საერთო ჯამში, არსი და შედეგი იგივეა. ჯექსონ პოლოკის აი ეს ნაშრომი 2006 წელს 140 მილიონ დოლარად გაიყიდა და მართალია ვანომ ვერაფერი ვერ იგრძნო, მაგრამ რა ვიცით რა ელის ცირას შემოქმედებას…

ჯექსონ პოლოკის ტილო - "No. 5, 1948"

ორი განსაკუთრებული მონაწილე:

“მიუხედავად იმისა,რომ 84 წლისა ვარ, მიჩნდება სურვილი,რომ მე მოხუცებს მივცე სტიმული, რომ ჰქონდეთ მომავლის იმედი. თვითონ დიდი ოპტიმისტი გახლავართ,ჩემი ოცნებაა, სანამ პირში სული მიდგას ვიმღერო.”- ეს სიტყვები 84 წლის ქალბატონ მარიკას ეკუთვნის.

ისეთი ემოციები იყო  დარბაზში ამ მოხუცების სიმღერისას, ხალხი ძალიან დიდხანს იდგა ფეხზე ჟიურისთან ერთად! გუშინაც შევნიშნე, რომ თითქმის ვერავინ უყურა გულგრილად მათ. ისე კიდევ, ამ ასაკში ასეთი შემართება ალბათ ყველა ჩვენგანმა უნდა ინატროს!

ასაკის საზღვრები არ არსებობს მეთქი რომ ვთქვი, ზემოთხსენებულების შემდეგ მაგალითისთვის “ალილო”-ს პატარა წევრები რომ მოვიყვანო მგონი სამართლიანი იქნება.  ასეთი პატარებისთვის ამხელა ქორეოგრაფიის დამახსოვრება მართლა უდიდეს შრომას და მონდომებას მოითხოვს. მე რაც მომეწონა ამ ბავშვებში, გარდა იმისა, რომ კარგად ცეკვავდნენ, იყო სახასიათო ემოცია, თითქოს ყველა ძალიან მორგებული იყო თავის “როლს”…

მარგალიტები:

რომ სოსო ნარიმანიძე ბევრი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე- ნამდვილი მარგალიტია!

ჟიურის თანხმობის შედეგად, სოსო შეგვისრულებს საფილარმონიოსაც!

ბოშები

მსოფლიოს ლამის ყველა ტალანტ შოუს მაყურებელი ვარ და ასეთი სახალისო არსად არაფერი მინახავს! გეგამ თქვა, ასე ცეკვა დარბაზის 99%-ს შეუძლიაო და მე არ დავეთანხმები, ეს მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ.  დღეს მთელი დღეა სიამოვნებით ვუყურებ მათ ვიდეოს- რაც არ უნდა ცუდმა ხასიათმა შემოგიტიოთ, რამდენიმე წამიანი დაკვირვების შემდეგ სიცილი გარდაუვალია! :D

ფავორიტები:

ACRO STYLE

ამ სტილის ნომრებში, ნიჭიერის ორივე სეზონის მანძილზე ეს იყო ყველაზე პროფესიონალურ დონეზე შესრულებული- თამამად შემიძლია ვთქვა! ძალიან რთული ტრიუკებია და შესასრულებლად კი არა, საყურებლად არის საშიში იმდენად იძაბები, მაგრამ ერთი შეცდომაც კი არ დაუშვიათ მთელი ნომრის მანძილზე. შოუს ელემენტებით გაფორმება ძალიან მოუხდა და ალბათ ყველამ, ვინც ამ სტილში აპირებს მოღვაწეობას,ეს უნდა გაითვალისწონოს. ხშირად არის, რომ გამოდიან, ასრულებენ ილეთებს, შეიძლება ძალიან რთულსაც, მაგრამ სანახაობრივი არ არის- ამ გადაცემაშიც იყო მოსაწყენი იოგის და პარკურის მაგალითები (რაც შეეხება პარკურის აკრძალვას, მოკლედ აღვნიშნავ, რომ  ჟიურის გადაწყვეტილება სამართლიანი, სწორი და დროულიც იყო).

acro style-ს ჯგუფის თითოეული წევრი პროფესიონალია და შეგვიძლია ნახევარფინალში უკეთესის მოლოდინი გვქონდეს : ) დღეს კურიერში გასული სიუჟეტიდან შევიტყვეთ, რომ ჯგუფის ყველაზე პატარა წევრი მეორე ტურში ოთხმაგი სალტოს გაკეთებას აპირებს!

ლუკა

“ვიჭყანები”

ყველას რომ შეეძლოს ლუკასნაირად “დაჭყანვა”, ალბათ ცალკე შოუ გაკეთდებოდა სპეციალურად მათთვის! თუმცა ლუკა ერთადერთია და ისიც ნიჭიერს ჰყავს :P თავიდან რომ გამოვიდა სცენაზე და სიმღერა დაიწყო, გარდა იმისა, რომ კარგად მღეროდა და შესრულების მანერა ჰქონდა არაჩვეულებრივი, ყველასთვის მოულოდნელი იყო უცაბედი გადასვლა ინსტრუმენტის ხმაზე და ბიტბოქსზე. მართალია მოკლემეტრაჟიანი იყო მისი ბიტბოქსი, მაგრამ მე მგონი, yes ბლოკში გასულ ბიტბოქსერ სურენ პოღოსოვზე უკეთ გამოსდიოდა. ბიტბოქსის მერე ცეკვა  რომ დაიწყო, ის უკვე არავითარ დახასიათებას და შეფასებას არ ექვემდებარება! ამხელა სანახაობის მერე, ვერავინ ვერ დააკონკრეტებს რა ხდებოდა სცენაზე, უბრალოდ ყველა ერთხმად ვამბობთ- ლუკა არის ნიჭიერი! სხვათაშორის, ძალიან დიდი სიმპატიით სარგებლობს უკვე ლუკა ინტერნეტ სივრცეში, მაივიდეოზე მის ვიდეო, რომელიც 20 საათის წინ არის დამატებული, უკვე 31747-ჯერ იხილა მაყურებელმა : )

მაშ ასე, ასეთი იყო ნიჭიერის მეორე სეზონის მეორე გადაცემა. შემდეგ სერიაში გველოდება Stevie Wonder (! :) ), შატილის ასულოს კლუბური ვერსია, სიმღერა listen-ის შესრულების 5 მცდელობა, რობოტი ბიჭების ცეკვა და სხვა არაერთი დაუვიწყარი და საინტერესო სანახაობა  - როგორც სოსო ნარიმანიძე იტყოდა, ყველაფერი იქნება ხუთიანზე!

მე დაგემშვიდობებით, სრულიად ბლოგოსფეროს კი შევახსენებ ნიჭიერის და ბლოგერების გულითადი მეგობრობის ამბებს: http://nichieri.ge/bloggers/ , დაწერეთ პოსტი ნიჭიერის შესახებ და იყავით ამ ხუთშაბათის “სტუმარი ბლოგერი” : )

8 March

7 მარტი, პირველი გადაცემა

მეორე სეზონის პირველი გადაცემა, რომელსაც ძალიან დიდხანს და მოუთმენლად ველოდით, გუშინ, 7 მარტს ყველამ ვიხილეთ! მე მგონი, აღარავის ეპარება ეჭვი, რომ საინტერესო ორშაბათები გველის, სრულიად ახალი და საინტერესო ნომრებით. თანაც, აქვე აღვნიშნავ, რომ კიდევ უფრო აღფრთოვანებული ვარ ახალი ჟიურით და იმედი მაქვს, მაყურებელიც კმაყოფილია ამ შემადგენლობით.

ახლა უშუალოდ მონაწილეებზე:

“გამაჩნია თანდაყოლილი ნიჭი სიმღერის და ცეკვის. ბავშვობიდან ვხედავდი ჩემს თავს სცენაზე.”

თანდაყოლილ ნიჭებიანმა, სოფრომაძე ბელამ, ნამდვილად გაურკვევლობაში ჩააგდო მაყურებელი მიშელ ჯექსონის   “რემეემბერ ზი ტააიმ”-ის სიმღერის დაწყებისთანავე! მხოლოდ ვანო არ დაიბნა და მიხვდა, რომ ეს Michael Jackson-ის ცნობილი სიმღერა, “Remember the Time” კი არა, სწორედ მიშელ ჯექსონის ჰიტი იყო, რომელიც სპეციალურად ბელა სოფრომაძისთვის ახალი ტექსტით მოგვევლინა:

“დუ იუ რიმემბერ, ვენ ვი ფელილოოვ

ვი ვერ იანგანა ნანოსუთე,

დუ იუ რიმემბერ ჰაუ ით ოლ ბიგენ

იზ ჯასტ სიმსლაიქ ივენსოურაი….”

წითელი ღილაკების  დებიუტი შედგა…

ქობულაშვილი მაყვალა, ნიჭიერის დაწყებამდე გაიცნეს ინტერნეტ სივრცეში და ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა!სხვათაშორის, მაყურებლის ნაწილი აღნიშნავს, რომ ქალბატონი მაყვალას უნარი მართლაც გამორჩეულია და ყურადღებას იმსახურებს. ხუმრობა რომ გვერდით გადავდოთ,  უცნაურია როგორ შეუძლია ამდენი ბრუნვა თავბრუს ხვევის გარეშე და ალბათ გინესის კომისია, ჩვენი  ჟიურისგან განსხვავებით დაიცდის 33 წუთი იმის დასათვლელად, როგორ დატრიალდება 1100-ჯერ ნიჭიერის აწ უვკე სახელგანთქმული მონაწილე : )) შესაბამისად, საიდუმლო, რომელიც შემდეგ ტურში უნდა შემოეთავაზებინა, საიდუმლოდ დარჩა და ერთადერთ ვერსიად გეგას ვარაუდი “მეორე მხარეს ტრიალი” რჩება!
9 წლის ზურიკო, რომელიც იოგამ მიიზიდა, break dance-ს მოცეკვავეები ზესტაფონიდან, უცნაური ქორეოგრაფიის მქონე გოგონა და   ენრიკეს სიმღერის მგრძნობიარე შემსრულებელი, რომელსაც ვანიკოს შეძახილმა ჟიურის მიმართ “ვეითემინით”-მაც ვერ უშველა,  ”არა” ბლოკში განთავსდნენ:

“მარტო ცეკვავ, თუ პლუტოსთან ერთად?”

გიორგი ბაღნაშვილი, იგივე დონალდ დაკი ნამდვილად კარგი მოცეკვავეა. მართალია შოუს გასაფორმებლად ჩასმული დასაწყისი და დასასრული, გეგამ  დაიწუნა, დანარჩენ ყველაფერს პროფესიონალიზმი ეტყობოდა, რაც ინდივიდუალური ცეკვის დროს ათმაგად იკვეთება.  თუ შემდეგ ტურში ვიხილავთ, ალბათ ჟიურის რჩევებს გაითვალისწინებს და “ცეკვის შუა ნაწილი” მეტი დოზით იქნება მის ნომერში

“ნეო რომელი ხართ, ნეო?”

“მატრიცული პანტომიმის” ჟანრი პირველად ვნახეთ ნიჭიერის სცენაზე. ჯგუფ “ფანტომის” ნომერმა მაყურებლის დიდი გამოხმაურება მოიპოვა უკვე. რამდენიმე საყვედურს წავაწყდი, სადაც ამბობენ, რომ კოპირებული ნომერია, რაც ბიჭებმა თავადაც აღნიშნეს- ინტერნეტში ვნახეთ და დავამუშავეთო, თუმცა სიტყვა “დამუშავება” ალბათ მისი მნიშვნელობის ყველაზე მძიმე ფორმაში უნდა აღვიქვათ- წარმოიდგინეთ რამხელა დრო,ენერგია და ნიჭი სჭირდება იმას, რომ ასეთ დონემდე განავითარო!

“ეს პროექტი სწორედ ამისთვისაა შექმნილი, რომ ნიჭიერი, მხიარული და განსხვავებულები”- გეგა

“ეს არის სიახლე, ეს არის ის ჟანრი, რომელიც არასდროს არ ყოფილა და თქვენ შემოიტანეთ ნიჭიერში.”- სოფო

“ნიჭი თავს არ დამალავსო, ნათქვამია”- თიკას ეს ანდაზა გაახსენდა “ოჯახურ-მეგობრული კვინტეტის” მოსმენისას. ლითონის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლმა, ერთგვარი შოუ იუმორის საკმარისი დოზით შემოგვთავაზა. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ მართლა საოცარი ჰარმონია  და ჟღერადობა ჰქონდათ, რაც ჩასაბერ ინსტრუმენტებთან მიმართებაში რთულია, იყო სანახაობრივიც და დიდი იმედი მაქვს, რომ ნახევარფინალში ვიხილავ ამ ბიჭებს!

“დაა სწორი პასუხია”- (c)  ნიჭიერის პატარა  მათემატიკოსი

საიდუმლო გამოსათვლელი ფორმულის მეშვეობით, რომელსაც თვით მისი მათემატიკის მასწავლებელს არ უმხელს,  ანგარიშობს ნებისმიერი რიცხვის კვადრატს ზეპირად! მისი ნიჭი, თან ასეთ მცირე ასაკში, ნამდვილად დასაფასებელია, თუმცა ჟიურის გადაწყვეტილებას ვეთანხმები, რადგან განვითარება ვერ ექნებოდა მის ნომერს

“ვორტექსი”-ს ნომერში რთული არაფერი არ იყო, მარტივი მოძრაობებისგან შედგებოდა და ვანოს დავეთანხმები, მუსიკა არ ვარგოდა. სამაგიეროდ სინქრონი იყო კარგი და ამიტომაც 22 ნიჭიერი ბავშვი “3 კი”-თი გავიდა სცენიდან:)

“კი” -იანების განყოფილებაში “ლათინური რიტმებიც” მოხვდნენ თიკას და ვანიკოს სოლიდარობის წყალობით:

ივი აღასიანთან ერთად კიდევ სოფო და ვანო ანდალუზიასაც დაეუფლნენ!

ადამიანი კაუჩუკი ნიჭიერის სცენაზე!

ალბათ ჯობია უკომენტაროდ დავტოვოთ ამ ადამიანის საოცარი შესაძლებლობები…

“ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ უკვე შემდგარი, ჩამოყალიბებული ვარსკლავი დგას სცენაზე” – ვანო

“ჩვენი პროექტის აღმოჩენა ხართ”- სოფო

ნატო ვეფხვაძე ძალიან დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული ყველასათვის. მისი ისტორიაც მძიმეა. დედის თქმით, ქუჩამ ჩამოაყალიბა მომღერლად და სცენაზე რეალიზებას ნიჭიერამდე ვერ ახერხებდა მხედველობის პრობლემის გამო. ვფიქრობ, ის დრო, რაც აქამდე დავკარგეთ იმით, რომ არ ვიცნობდით ნატოს, უნდა ანაზღაურდეს და იმედი მაქვს “ნიჭიერის” შემდეგ მის არაჩვეულებრივად თბილ ხმის ტემბრს და  ვოკალურად 100%-ით გამართულ შესრულებას სათანადოდ დააფასებენ!

“ნიჭიერის” ABBA, ჰერელი გოგონები, საკმაოდ კარგად მღერიან. თანაც ჩაცმულობის სტილი, მოძრაობები, ვოკალი, ანუ საერთო სტილი ისე კარგად იყო შეკრული, რომ  დაიმსახურეს 3 “კი” :)

მერაბ სვანიშვილმა შემოსვლისას კაცზე თითო მშვიდობა ჩამოარიგა, თუმცა სამშვიდობო განზრახვა არ ჰქონია გულის სიღრმეში!

ცოტა ხანში გამოაშკარავდა, რომ მისი დევიზი იყო “გაგთიშავთ ყველას!!!” . ეთერში, რა თქმა უნდა, დამონტაჟებული და შემოკლებული გავიდა მისი ნომერი, რადგან ფიზიკურად არ იყო დრო ის იმდენი ალიაქოთი ჩატეულიყო, რაც დარბაზში ხდებოდა. ვინც ესწრებოდა, იმას კი ეცოდინება რამდენი ხანი წყვეტდნენ მიეცათ, თუ არა მოხალისეების დაჰიპნოზების უფლება. უფლება რომ მისცეს, მერე კიდევ ძალიან დიდხანს ცდილობდა ჰიპნოზის ჩატარებას, მაგრამ არ გამოუვიდა.. ერთადერთი, რაც შეძლო, მოწყენილობისგან გათიშვა/მიძინება იყო…  აი ამ ანიმაციას გთავაზობთ http://nichieri.ge/files/2011/03/ILm4SE.gif – აბა დააკვირდით, თიშავს?

შემდეგი “No” ბლოკი წონაში მომატებულმა ძაღლმა (რომელსაც ვანომ 6-ის მერე არ ჭამის დიეტა დაუწესა), “წეღან დავდგით კულისებში” მოპარკურო ელემენტებმა, როიალზე უბადლოდ შესრულებულმა ბიტლზის ჰიტმა და აბულაძეების ფენომენალურმა ოჯახმა დაიკავეს!

ჩვენს დისკოტეკებს ძალიან აკლიხართ.

მათ შემდეგ თეონა ქანთარიამ, პროფესიონალმა მოცეკვავემ გამოიბრწყინა სცენაზე! “ჩემი კარიერის განმავლობაში გამოვდიოდი მრავალ კონცერტზე,ვერნისაჟშიც ვცეკვავდი”-ო განაცხადა. იმისთვის, რომ ვანოს და გეგას 2 “არა” ბოლომდე სამართლიანად აღიქვათ, იხილეთ ეს ექსკლუზიური კადრები, რომელიც ჩვენი მოცეკვავის გამოსვლის პარალელურ რეჟიმში კულისებშია გადაღებული. თიკა და ვანიკო ნამდვილად უკეთესად ცეკვავენ! <3

შენ ხარ სუპერ ნიჭიერი. 100%-იანი კი, 1000-იანი..

და ბოლოს, 8 წლის მოცეკვავე ნიცა ყიფიანი! ასეთ ასაკში ამ დონის ნომერი – თავისი გაფორმებით, კოსტუმით, ცეკვის საკმაოდ რთული ილეთებით, ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს- ის დაბადებულია ცეკვისთვის!

ასე შთამბეჭდავად აიღო სტარტი მეორე სეზონმა! შემდეგი გადაცემაც არანაკლები გველის -მოხუცები სათნოების სახლიდან, ქარიზმატული მომღერალი სოსო ნარიმანიძე დუშეთიდან, რატომ აიკრძალა პარკური ნიჭიერში, ბოდი არტი, აკროსტაილი და სხვა მრავალი საინტერესო მონაწილე!

7 May

მეცამეტე სერიის დასასრული

ბექა, a.k.a მჩხაპნელი ბლოგიდან Doin.ge

“რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფრის ბოლო მაინც კეთილია”- თქვა დედაბერმა, როცა მისი მოხუცი წავიდა და თავი ჩამოიხრჩო(ასტრიდ ლინდგრენი – “მაწანწალა რასმუსი”)

“ნიჭიერზე” ტოტალიზატორში ფსონები რომ ყოფილიყო, მოთამაშეები ტოტალურ წაგებას ნამდვილად ვერ გადაურჩებოდნენ.

პროექტის ფინალის FIN-ალური ნაწილის ალი არც იმდენად მხურვალე აღმოჩნდა, რომ მაყურებელთა უმეტესობის გული დადებითად აეგიზგიზებინა. პირიქით – შედეგი ისეთივე მოულოდნელი იყო ყველასათვის, როგორც რობინზონ კრუზოსთვის – 28 წლის შემდეგ დანახული გემი, კატისათვის – პარასკევ დღეს ძირს ჩამოვარდნილი ძეხვი, უცხოელისათვის – თხილის გულის ცხრა ნაწილად გაყოფის ალბათობის დაშვება, ბებიაჩემისთვის – ამ აბზაცში მისი მოხსენიება და ა.შ.

თუმცა, როგორც ერთდროულად შაკიკითა და სურდოთი შეპყრობილი პაციენტი ექიმს ეტყოდა: “სჯობს თავიდან დავიწყოთ…”

“Next level”-ის გამოსვლები “ნიჭიერის” სცენაზე, მისივე სახელწოდების მეორე სიტყვას მაგონებს, ანუ, დებიუტიდან ფინალამდე და ფინალიდან დებიუტამდე, ორივე მიმართულებით, მათი ნომრები ერთნაირად კარგი აღმოჩნდა. ყველაზე მოსაწონი კი ის არის, რომ ჯგუფი ტერფსიქორესთან (ცეკვის მუზაა) ერთად ფანტაზიასთანაც აშკარად მეგობრობს და ამ მეგობრობის სინთეზი სცენაზე კარგად ჩანს. ფანტაზიის ფანტვას ვერც მოცეკვავეთა მეორე წყვილს დავაბრალებთ. მართალია, ერთი-ორ შემთხვევაში მომეჩვენა, რომ მათი ზოგიერთი ილეთი – “ეს ის არ იყო, რაც მეგონა… კი არადა, წესით უნდა ყოფილიყო”, მაგრამ ცეკვის საერთო ფონი ისე იყო დამშეული, რომ მცირე შეცდომები მთლიანად “შეჭამა”.

გადავინაცვლოთ ქართული ნიჭის ნოტურ სახესხვაობაზე. როგორც მახსოვს, ვიღაცამ მუსიკას “მსოფლიოში ყველაზე საშინელი ხმაური” უწოდა. თუმცა, ფინალის შემდეგ, ხსენებულმა “ვიღაცამ” ამ სიტყვების გამო ნამდვილად დაიმსახურა ის, რომ მისი სახელი კაცობრიობისათვის ბოლომდე უცნობად დარჩეს. (სულ მინიმუმ იმიტომ მაინც, სცენაზე მარიამ კახელიშვილმა და ანი ხანჩალიანმა კიდევ ერთხელ რომ იმღერეს). როგორც მოსალოდნელი იყო კარგად იმღერა გულნაზი გოლეთიანმა (მაგრამ მისი პირველი “დაუვარცხნელი” გამოსვლა მაინც უფრო მომეწონა), კარგად იმღერა ბაბისა და მარის დუეტმა, კარგად იმღერა ლევან შავაძემ და… ისევ საყვარელი იყო მარიამ ფაჩულია. (ეს აბზაცი ეძღვნება მკითხველთა იმ ნაწილს, რომელსაც მარტივი წერა უყვარს, რადგან ამდენი სახელი და გვარი ერთ პატარა მონაკვეთში არასოდეს გამომიყენებია).

მე და გიტარა ისე შორს ვართ ერთმანეთისგან, როგორც ანი და ჰოე, ალფა და ომეგა, “რაც უფრო” და “მით უფრო ვტკბები”, “პოზიცია” და “ოპოზიცია”… მოკლედ, გიტარაზე დაკრული აქამდე მხოლოდ სუფრებსა და ანტონიო ბანდერასის ფილმში მქონდა მოსმენილი (ნანახი). (აქვე უნდა აღვნიშნო იმის ცოდნაც, რომ ჯიმი ჰენდრიქსი “აი, ძაან მაგარია”). ჰოდა, აქედან გამომდინარე, მე რომ ავთო ნაცარაშვილის დაკრული შევაფასო, მოგვიანებით მინიმუმ სინდისმა უნდა მქენჯნოს, რომ ასეთმა არაკომპეტენტურმა მსმენელმა ეს საქმე საკუთარ თავზე ავიღე. სინდისი კი, როგორც გერცენმა აღნიშნა, ყველაზე დიდი ინკვიზიტორია.

ინკვიზიტორზე რატომღაც ერთი მონაწილე გამახსენდა, რომელიც საკუთარ ფილტვებს “უკანასკნელ ამოსუნთქვამდე” ტანჯავს. ერთ-ერთ ფილოსოფოსს აქვს ნათქვამი… არა, ასე რთულად გამოვა. მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთი და ორი სუბიექტის ტანჯვა იმით არის გამართლებული, რომ ამის შედეგად სიამოვნებას გაცილებით მეტი ინდივიდი იღებს. (მაინც ჩახლა-რთული გამოვიდა). აქედან გამომდინარე, დიდი იმედი მაქვს, რომ გუგა ჭყონია ქართული სივრციდან ისევე არ გაქრება, როგორც რეალური თუ სხვა შოუების მონაწილეები გაუჩინარდნენ.

“გაქრობის” თემიდათემიდას შეურაცხყოფაზე მინდა გადავიდე, თორემ სამართალი რომ იყოს, “ნიჭიერის” მთავარი მქრობელი მას სამეულში მაინც უნდა მოეხვედრებინა. მართალია, საოცარი ნახევარფინალური ნომრის შემდეგ ფინალის ყურებისას საზოგადოების ნაწილს უკმარისობის შეგრძნება დარჩა, მაგრამ რობაქიძის თითოეული გამოსვლა მაინც ისეთი “შთა”-მბეჭდავი იყო, რომ ფინალის მიმდინარეობისას საკმაოდ ბევრი “შთა”-ს დაბეჭდვა მოასწრო. სამწუხაროა, რომ ამ ნომერმა სათანადო ნომრული ასახვა მობილურ ტელეფონებზე ვერ ჰპოვა.

რაზე უნდა გადავიდე შთამბეჭდავიდან, თუ არა პარკურზე და რა უნდა ვთქვა მათ ნომერზე, თუ არა კარგი. ასპროცენტიანი ასები არიან (აქვე მცირე განმარტება: “ასი” – პროფესიონალი მფრინავი). ფინალურ ნომერში დამატებული მანქანა კი მრავალფეროვნების… თუ მრავალსაგნოვნების კუთხით, ნამდვილად კარგი მიგნება აღმოჩნდა.

გადავიდეთ გამარჯვებულზე… (სანამ თვითონ ის “დრიმ თაუნის” ბინაში გადავა). უკვე ბევრი ითქვა, დაიწერა, გაითათხა, გაიკიცხა და ბევრი სხვა არცთუ თავაზიანი ზმნა დაფიქსირდა ყველაზე ნიჭიერის მიმართ. თუმცა, დამნაშავე იმაში, რომ ლევან შავაძემ გაიმარჯვა, არც “ნიჭიერის” შემოქმედებითი ჯგუფია და მით უმეტეს, არც ლევან შავაძე. უბრალოდ, საკითხი “ხალხის ბრძნობის” შესახებ, ეჭვქვეშ კიდევ ერთხელ აღმოჩნდა.

თუმცა, გამარჯვება მხოლოდ პირველი ადგილით არ გამოიხატება. როგორც პათეტიკური ადამიანები იტყოდნენ: ხალხის სიყვარულიც უდიდესი გამარჯვებაა :)

და ბოლოს, მინდა ეს ბოლო პოსტი ისევე მოჭრილად დავასრულო, როგორც თავად პროექტი დასრულდა.
ყოველგვარი პ.ს-ების გარეშე: მომავალ შეხვედრამდე! :)

5 May

ფინალი

თინი, ბლოგერი tiny.ge-დან

გუშინ ჩვენ ვიხილეთ ნიჭიერის კულმინაცია, პირველი სეზონის მთავარი მოვლენა – ფინალი! ყოველგვარი გადაჭარბებისა  და სუბიექტურობის გარეშე შემიძლია ვთქვა,  ეს იყო ძალიან მაღალი დონის შოუ – მრავალფეროვანი და სანახაობრივი.  ჩვენ ვიხილეთ 12 ფინალისტი და ამ 12-დან 7 სხვადასხვა ჟანრის ნომერი.

კითხვები გაჩნდა, რატომ შეასრულეს იგივე სიმღერებიო და პასუხს გაგცემთ- ეს არის პროექტის ფორმატი. ყველა მონაწილე, რომელიც ფინალში გადის, ასრულებს იმ ნომერს, რაც კასტინგზე ან ნახევარფინალში შეასრულა. ნიჭიერის ხელმძღვანელებს მოუხდათ სპეციალური ნებართვის აღება პროექტის შემქმნელისგან, რომ მომღერლების გარდა, სხვა მონაწილეებს მაინც ჰქონოდათ ახალი ნომრის შემოთავაზების უფლება.

ახლა გადავიდეთ მთავარზე და  მონაწილეების გუშინდელი ნომრები შევაფასოთ:

“ამ ჟანრში თქვენ ხართ პირველები”

next level-ის სამივე ცეკვა (კასტინგზე, ნახევარფინალში და ფინალში) იყო ცეკვის საუკეთესო ნომრები მთელი შოუს მანძილზე. ალბათ ზედმეტია იმის აღნიშნვა, რომ საოცარი სინქრონი და რთული მოძრაობები აქვთ, იმდენჯერ გაჟღერდა უკვე… თანაც სამივე შემთხვევაში  ეცვათ ძალიან კარგი ფორმები! ფინალური ნომერი მართლა განსაკუთრებული იყო – ფორმებითაც, სიუჟეტითაც და შესრულების დონითაც. ასევე გამორჩეული იყო სიმღერების მიქსი,  მრავალფეროვანი და თან სახალისო! ამ ყველაფრის შერწყმით მივიღეთ იდეალური ნომერი და ყველაზე კონკრეტული შეფასება: ისინი პირველები არიან! სამართლიანადაც გადაეცათ ჯეოსელის სპეციალური ჯილდო.

მარის და ბაბის გამოსვლა დადებითად შემიძლია შევაფასო. არც ერთი ხარვეზი არ ჰქონიათ სიმღერის დროს და მოცეკვავეებთან ერთად თვითონაც რომ ცეკვავდნენ, ძალიან მოუხდა ნომერს.

ლევან შავაძეს რაც შეეხება, თავის ჟანრში ნამდვილად კარგია. კვარტეტის დამატება ალბათ არ იყო საჭირო, თითქოს ვერ შეერთდნენ სიმღერის დროს, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც ეფექტური გამოვიდა და შეძლო მაყურებელში ემოციების გამოწვევა, რაც შემდეგ მისთვის გამოგზავნილ ხმებზეც აისახა…

გუგა ჭყონიას ნახევარფინალური გამოსვლის შემდეგ ძნელი წარმოსადგენი იყო უკეთესი ნომრის შემოთავაზება. ნახევარფინალში მოულოდნელი იყო მისი ასეთი წინსვლა, ფინალში კი მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან ნიჭიერია. როდესაც გავიგე, რომ გუგას ბიტბოქსს ცეკვა გააფორმებდა, მეგონა, რომ ამით ყურადღება გაიფანტებოდა, მაგრამ ისე იყო ნომერი გაკეთებული, რომ ის უშუალო კავშირში იყო მოცეკვავეებთან და თანაც ძნელია სხვა რამეზე გადაიტანო ყურადღება, როცა სცენაზე ათი ინსტრუმენტის და მომღერლის მაგივრად ერთი ადამიანი დგას და ასე წარმატებით უკარგავს ფუნქციებს ინსტრუმენტებსაც და მომღერალსაც!

ავთო ნაცარაშვილის იდეა, რომ “შეჯიბრებოდა” საკუთარ კუმირს, ძალიან კარგი გამოდგა. მართლა კარგი საყურებელი იყო ორი გენიალური გიტარისტის ყურება ერთ სცენაზე!  ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია სიმებიან საკრავთან შეხება, კარგად მიხვდება, თუ რა სირთულის სოლო შეასრულა ავთომ. ალბათ გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ ნიჭიერმა აღმოაჩინა საქართველოში (და მგონი არა მხოლოდ…) საუკეთესო გიტარისტი, რომელიც აქამდე გაურკვეველი მიზეზების გამო ჩრდილში იყო.

ანა ხანჩალიანის მიმართ ნათქვამი ნიკას სიტყვები, რომ მეგონა უკანასკნელი თეთრები გავიღე საყვარელი მომღერლის კონცერტზე დასასწრებადო, იმ მომენტში ალბათ იყო ყველა იმ ადამიანის ემოცია, ვინც კარგად იცის მუსიკის ფასი,  ვისაც ესმის რას ნიშნავს, როცა სცენაზე დგას ნამდვილი მომღერალი. ეს სიმღერა ურთულესია შესასრულებლად. არ ვიცი ანა როგორ ახერხებს ასე იდეალურად იმღეროს და მსმენელში ამხელა ემოცია გამოიწვიოს. გაოგნებულიც ვარ და თან გულდაწყვეტილიც, რომ სამეულშიც კი ვერ მოხვდა, როდესაც მისი ადგილი ნამდვილად იყო იქ.

პარკურის სამი გამოსვლიდან ყველაზე მეტად ფინალური მომეწონა! თანაც ყველაფერი ფაქტიურად რამდენიმე საათში მოამზადეს, იქამდე მხოლოდ იდეის მონახაზი ჰქონდათ. უფრო ადრე რეპეტიციის გავლა ვერ მოხერხდა, ამიტომ სცენაზე ვარჯიში წინა დღეს დაიწყეს და ფაქტიურად გათენება მოუწიათ. მართალი გითხრათ, იმდენად დახვეწილი იყო ყველაფერი, არ დავიჯერებდი მათი ნომრის ნახვის შემდეგ ვინმეს რომ ეთქვა, ასეთ მოკლე დროშია დადგმულიო.  ადვილი არაა ასეთი სპორტი გადააქციო სანახაობად, რომელსაც ყველა სიამოვნებით უყურებს.

ვერკა და გიორგი საუკეთესო წყვილად ჯერ კიდევ მაშინ დავასახელე, როცა დანარჩენი ორი წყვილის ნახევარფინალური გამოსვლა ნანახიც არ გვქონდა. ძალიან გამიხარდა, რომ გუშინდელის შემდეგ ჩემი ნათქვამის სისწორე უფრო დამტკიცდა. ურთულესი ილეთები, მათი სცენურობა და ცეკვის სანახაობრივი მხარე ძალიან ეფექტურს ხდის მათ ნომრებს!

მარიამ კახელიშვილს რაც შეეხება, ისეთი ძლიერი ტემბრი აქვს და სცენაზე ისე ემოციურად მღერის, რომ ნამდვილად ახდენს მაყურებელზე დიდ გავლენას.  შევამჩნიე, რომ დაბალი ბგერების აღება უჭირს და ჩემი აზრით გაუჭირდება ისეთი სიმღერის შესრულება, სადაც თითოეულ ბგერას სჭირდება ფრთხილად მოკიდება. ამიტომ ვთვლი, რომ სწორად არჩევს რეპერტუარს და თავის ჟანრში ნამდვილად კარგია.

თამამად ვამბობ, რომ დათო რობაქიძის ნომერი იყო საუკეთესო ფინალურ შოუზე! საერთოდ, აზრი არ აქვს, რას აკეთებს – მთავარია როგორ აკეთებს, რა ფორმატში გვაწვდის და როგორ ახერხებს, რომ ყველა მაყურებლის ყურადღება და გული დაიპყროს. გენიალურად იყო გაკეთებული ნომრის მთავარი , ფოკუზის შემსწავლელი სემინარის  შენელებული  ნაწილი და ავთო გოგეშვილის გამოსვლა.  ჟიურის სამივე წევრი ფეხზე იდგა და ისე უკრავდა ტაშს დათოს – ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ფინალში. გამიკვირდა და გულიც დამწყდა, რომ სამეულს შორის მაინც არ იყო…

მარიამს, სამწუხაროდ, ბევრი ხარვეზი ჰქონდა სიმღერის დროს. თუმცა დარწმუნებული ვარ, მარიამმა სიმღერა რომ გააგრძელოს და ბუნებრივი მონაცემები ვარჯიშის შედეგად დახვეწოს, რამდენიმე წლის შემდეგ მისგან მართლა კარგი მომღერალი დადგება.

გულნაზი გოლეთიანმა ფინალში სწორედ ის სიმღერა შეასრულა, რომელმაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. კასტინგისგან განსხვავებით, ამჯერად მისი ნამღერი ბევრად უფრო დახვეწილი იყო, აშკარად იგრძნობოდა წინსვლა, ემოცია კი იგივე დარჩა. ალბათ სწორედ ამ ემოციის გამო გულნაზი გოლეთიანი ხალხის ხმებით მეორე ადგილზე გავიდა.

არაფერს ვიტყვი სამეულზე და გამარჯვებულზე, რადგან ეს იყო ხალხის გადაწყვეტილება და უბრალოდ მივულოცავ. ცუდი ტენდენცია შევნიშნე – საზოგადოების რაღაც ნაწილი აპროტესტებს ამას ათასნაირი მიზეზით, რომელთა უმეტესობაც პროექტ “ნიჭიერისკენ” არის მომართული. რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ მხოლოდ ხალხზე იყო დამოკიდებული გამარჯვებულის გამოვლენა და ახლა ისღა დაგვრჩენია, პატივი ვცეთ უმრავლესობის გადაწყვეტილებას…

საერთო ჯამში, ნიჭიერის ფინალი ნამდვილად იყო სატელევიზიო სივრცის ისტორიაში ყველაზე განსაკუთრებული და სანახაობრივი შოუ! გემშვიდობებით და სულმოუთქმელად ველოდები მეორე სეზონს :)

27 April

ნიჭიერის ფინალისტები

გოჩა გაბოძე, მოწვეული ბლოგერი Gabo.ge-დან

პროექტი ნიჭიერი უდაოდ ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული შოუა ქართულ ტელესივრცეში . შოუს ყველა ასაკის განათლების და სოციალური სტატუსის მაყურებელი ყავს. თამამად შიძლება ითქვას რომ სახალხო პოექტია რომლის მიზანი ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენა და მათი ფართო აუდიტორიისთვის წარდგენა იყო.  ნიჭიერი  თანდათან ფინალს უახლოვდება გასულ ორშაბათს  ბოლო მეხუთე ნახევარფინალი შედგა. წინ ფინალური კონცერტია რომელიც 3 მაისს გაიმართება.

ნიჭიერზე უკვე  საკმაოდ ბევრი ითქვა და თითოეული გადაცემის შემდეგ მეგობრებში ოჯახში თუ უბრალოდ ნაცნობებს  შორის საუბრის ერთ ერთ თემად იქცევა ხოლმე. ერთი რამ უდაოა ნიჭიერი მრავალფეროვანი და უზომოდ საინტერესო გამოვიდა. უამრავ ადამიანს მიეცა საშუალება სრულიად საქართველოსათვის ეჩვენებინა საკუთარი შესაძლებლობები. პროექტის წარმატებად შეიძლება მივიჩნიოთ ის რომ მისი  საშაუალებით ერთდროულად რამდენიმე განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანის აღმოჩენა გახდა შესაძლებელი. რაც ფინალურ კონცერტს უფრო მეტად დაძაბულს და საინტერესოს ხდის. ნამდვილად რთული იქნება ამდენ განსაკუთრებულად ნიჭიერ ადამიანს შორის ერთი გამარჯვებულის გამოვლენა.

მოდით ერთად გავიხსენოთ თითოეული ფინალისტი და ვეცადოთ მათ შორის ამოვიცნოთ თუ ვინ გახდება ნიჭიერი 2010.
1. Next Level9121
მიხარია საქართველოში ცეკვის ეს ჟანრი თანდათან ასე პოპულარული რომ ხდება. ჯგუფი next Level კი ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფია, რომელიც საქართველოში ბრეიქდანსს ცეკვავს. გამოირჩევიან სინქრონულობით და ორივე შემთხვევაში ძალიან კარგად დადგმული ნომრით წარდგნენ მაყურებლის წინაშე.

2. მარი და ბაბი - 9122
მარი და ბაბი ორი მეგობარი გოგონასგან შემდგარი დუეტია . ისინი სცენაზე არტისტულობით გამოირჩევიან . მათ ადვილად შეძლეს მაყურებელთა სიმპათიები დაემსახურებინათ. ვნახოთ რამდენად წარმატებული ინება მათი გამოსვლა ფინალურ კონცერტზე.

3. ლევან შავაძე – 9123
ლევან შავაძემ  მეოცე საუკუნის 80 იანი წლების ქართული ქალაქური სიმღერის შესრულებით დაამახსოვრა მაყურებელს თავი. მან  ორივე ტურში გოგი დოლიძის რეპერტუარიდან შეასრულა სიმღერა, რაც დიდ პასუხისმგებლობას და კარგ  ვოკალურ მონაცემებს მოითხოვს. ის მაყურებლის რჩეულია, რაც ალბათ მის ნიჭიერებაზეც მეტყველებს.

4. გუგა ჭყონია – 9124
ფინალისტებში აღსანიშნავია ასევე ბითბოქსერი გუგა ჭყონია. ბითბოქსი საქართველოში თითქმის არ არსებობს და გუგა ერთ-ერთი პირველია  ამ ჟანრში . ვფიქრობ საკმაოდ კარგი ნომრები ქონდა და ნამდვილად იმსახურებს ფინალურ კონცერტში გამოსვლას.

5. ავთო ნაცარაშვილი – 9125
საოცარი ემოცია მოდის როდესაც გიტარისტი ავთო ნაცარაშვილი უკრავს. ისიც, ისევე როგორც პროექტის რამდენიმე მონაწილე, ნიჭიერის აღმოჩენად შეგვიძლია მივიჩნიოთ. გამოირჩევა საოცარი პროფესიონალიზმით და სიყვარულით საკუთარი საქმის მიმართ. აღსანიშნავია ასევე რომ მან კასტინგზეც და ნახევარფინალშიც საკუთარი კომპოზიციები შემოგვთავაზა.

6. ანა ხანჩალიანი – 9126
შეიძლება სუბიექტური ვარ შეფასებისას, თუმცა მაყურებელთა რჩეულთაგან ანის მივიჩნევ ყველაზე ღირსეულ ფინალისტად. მართალია პროექტში საკმაოდ ბევრი მომღერალია, მაგრამ ის თითქმის ყველა მათგანისგან გამოირჩევა. არ ვიცი ტელეეკრანიდან რა ემოცია ჰქონდა მის ნამღერს, თუმცა დარბაზში ყველა მოგვაჯადოვა.

7. პარკურ – 9127
პარკური საოცრად შთამბეჭდავ და სანახაობრივ ნომრებს გვთავაზობს თითოელ ჯერზე. გამოირჩევა მოულოდნელობებით და უზომო ადრენალინით, რასაც ამ ბიჭების ყურებისას შეიგრძნობ. ისინი თითქმის წარმოუდგენელ ტრიუკებს აკეთებენ და ეს ყველაფერი უბრალოდ მათი ცხოვრების სტილია. ვნახოთ ფინალურ კონცერტზე ამჯერად რით მოახერხებენ მაყურებლის გაოცებას.

8. ვერკა და გიორგ – 9128
პროექტ ნიჭიერში საკმაოდ ბევრი ლათინო ამერიკული ცეკვების მოცეკვავე წყვილი მონაწილეობდა თუმცა ფინალურ კონცერტზე გადასასვლელად ჟიურიმ მათგან ვერკას და გიორგის წყვილი გამოარჩია. რა შეიძლება ითქვას მათზე გარდა იმისა რომ ძალიან ლამაზი წყვილია და კარგად ცეკვავენ. მათი ნომერი ნამდვილად იმსახურებს ფინალურ კონცერტზე მოხვედრას.

9. მარიამ კახელიშვილი  – 9129
ასევე ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებულად ნიჭიერი ფინალისტი მარიამ კახელიშვილი გახლავთ. მას საოცრად ძლიერი ხმა აქვს . ნიჭიერი მხოლოდ მისი აღმოჩენის გამოც შეგვიძლია წარმატებულ პროექტად მივიჩნიოთ.

10. დათო რობაქიძე – 9130
ერთ ერთი ყველაზე ქარიზმატული მონაწილე პროექტ ნიჭიერში ილუზიონისტი დათო რობაქიძე გახლავთ. ის ადვილად ახერხებს მაყურებლის აყოლიებას და თითქმის ათწუთიანი ნომრის განმავლობაში მუდმივად ახერხებს მათ გაოცებას. ის მხოლოდ ილუზიონისტურ სანახაობას არ გვთავაზობს, მისი ნომრები გამოირჩევა კარგი იუმორით, რაც ძალიან სახალისო საყურებელს ხდის ამ ყველაფერს.

11. მარიამ ფაჩულია – 9131
არ ვიცი, რა შეიძლება ვთქვა ამ ბავშვზე – ისეთი ლამაზი და საყვარელია პატარა ფერიას გავს. მას შეუძლია არც კი იმღეროს, ისედაც ახერხებს ყველას გულების დაპყრობას. საოცრად ბავშვურია და ძალიან უხდებოდა მერცხლებზე სიმღერა.

12. გულნაზი გოლეთიანი – 9132
ადამიანი, რომელიც პროექტის ერთ-ერთი ვარსკვლავია. მას მხოლოდ ერთი სიმღერა დასჭირდა იმისთვის, რომ მთელი საქართველო მის განსაკუთრებულ ნიჭზე ალაპარაკებულიყო. გულნაზი გოლეთიანს ყველაზე ხშირად პროექტის ბრიტანული ანალოგის გამარჯვებულ  სუზან ბოილს ადარებენ . მისი სიმღერა საოცარ ემოციებს იწვევს და პირველივე ბგერიდან გაჯადოებს.

აი ასე გამოიყურება პროექტ ნიჭიერის ფინალისტების სია. დამეთანხმებით ალბათ, რთულია მათგან მხოლოდ ერთი გამოარჩიო . პირადად მე მიჭირს არჩევანის გაკეთება. ვნახოთ რით იქნება გამორჩეული ფინალური კონცერტი და ვინ გახდება პროექტ ნიჭიერის გამარჯვებული.

22 April

რას გვეკითხება ამოცანა?

ბექა, a.k.a მჩხაპნელი, ბლოგერი Doin.ge-დან

“მათემატიკა მხოლოდ აქსიომების გამო მიყვარს. წარმოიდგინეთ – ამტკიცებთ, რომ  მაგალითად “პარალელური წრფეები ერთმანეთს არ კვეთენ” და კაციშვილს არ  უჩნდება სურვილი, შეგეწინააღმდეგოთ” -  ”რას იტყვის ხალხი”-ს ფობიით შეპყრობილი ფილოლოგი.

შეუძლებელია ისეთი რამე დაწერო, რაზეც ყველა უსიტყვოდ დაგეთანხმება. სულ მინიმუმ იმიტომ მაინც, რომ ამის გაკეთება თვით ღმერთმაც კი ვერ მოახერხა და მოსეს “ალპინისტური შესაძლებლობები” კაცობრიობის დიდმა ნაწილმა მცნებების რღვევით მთლიანად წყალში ჩაყარა. მიხვდებოდით, რომ დილეტანტურ-თეოლოგიური ფილოსოფია დასაწყისში ტყუილად არ მომიტანია. ამის გამო, ”ზეგარდმო მადლით მოსილი იდეებიდან” ისეთ ყოფიერ საკითხებზე თუ გადავინაცვლებთ, როგორიც “ნიჭიერის” დასკვნითი ნახევარფინალია, შეიძლება ითქვას, რომ მან დიდი ვნებათა-ღელვის ფონზე ჩაიარა. ვნების ტალღები კი ისეთი რამ არის, რომ ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანისათვის ვნების მოტანა  შეუძლია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე გადაცემა ბოლო დროს გავრცელებული ჰიპოთეზების ფონზე განმეხილა და მათი აქსიომებად ქცევა, ან, უარყოფა მეცადა:

ჰიპოთეზა # 1: “მარიამ ფაჩულია ძალიან საყვარელი, ნიჭიერი ბავშვია და შემდეგ ეტაპზეც სამართლიანად გადავიდა”

როგორც ილია იტყოდა, “ერთი უცნაური ზნე გვჭირს ქართველებს”. თითქმის ყოველთვის გვგონია, რომ ჩვენს ერთ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და საზოგადოება ჩვენ გარეშე, ისედაც ყოველთვის იმას აირჩევს, ვინც გვინდა.

თუმცა, უცნაური ზნე მხოლოდ ერთი რომ იყოს, კიდევ არაფერი.  ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ მყისიერად ვიწყებთ “მოთქმას ხმითა თავ-ბოლო ერთი”, რომლის თავიც და ბოლოც მომხდარის მიზეზების სხვებისათვის გადაბრალებაა. ასეთ დროს კრიტიკის ქარცეცხლში ხშირად ისინიც ხვდებიან, ვისაც ამ მიზეზებთან საერთო არაფერი აქვთ და დომინირებს ფრაზები: “ოჰ, ეს საზიზღარი ჟიური; გაგიხმათ ხელი (ან უკიდურეს შემთხვევაში “ენა”-ც), ხალხი კი არა, ბრბოა” და ა.შ.

ვისაც კლავიატურა ჰქონდა და არ დაეზარა, უმეტესობამ აღნიშნა, რომ მარიამს თვით უსამართლობამ “დაუმესიჯა” და თავისი უდიდესი ანგარიშით ყველა სხვა მიწიერის სატელეფონო ბალანსი გადაფარა. ისიც თქვეს, რომ “ანა-ბანაში” მყოფ ბავშვებს სიმღერის ანა-ბანა უკეთესად ესმით და მარიამი “ბასტი-ბუბუ”-ში უნდა მისულიყო. ხოლო, ვისაც საქართველოში მცხოვრები ყველა მოგვარე ერთმანეთის ნათესავი ჰგონია, იმას ამერიკაში მყოფი ერთი კალათბურთელიც გაახსენდა.

თუმცა, რა თქმა უნდა, “მჯობზე მჯობით წყურვილის მოუკვლელობის” ანდაზის მიხედვით, მაგალითად, ფიზიკაში აინშტაინი რეზერფორდზე უფრო ნიჭიერი თუ იყო, ეს რეზერფორდის უნიჭობაზე სულაც არ მეტყველებს. ამასთან, ზოგმა ისიც გადაწყვიტა, რომ მარიამი დედის არყოლით მანიპულირებდა. საერთოდ, “მანიპულირება” ამ შემთხვევაში ძალიან უხეში სიტყვაა და მიუხედავად იმისა, რომ “ნიჭიერში”  “moneyპულირების” მიზნით ხშირად  ამოტივტივდება, ამ ნომრის შეფასებისას, რთულია, იგივე სიტყვა გამოიყენო.

ისე, თუკი ადამიანი ახერხებს იმას, რომ თავისი გამოსვლით პოტენციურ და მოსალოდნელ ფავორიტზე მეტი ხმა შეაგროვოს, ალბათ, ესეც უკვე თავისებური ნიჭია.

ჰიპოთეზა # 2: “პარკურიც კი კარგი იყო, მაგრამ მოზაიკა ხუთეულში მაინც რატომ არ დაასახელეს?

საკითხისადმი სპირიტუალური მიდგომა არასოდეს მიყვარდა, ამიტომ ვერ ვიტყვი იმას, იამაყებდა თუ არა ჯექსონი, ცოცხალი რომ ყოფილიყო და ”მოზაიკის” ცეკვა ენახა. კაცია და გუნება, ბოლოსდაბოლოს. ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან (უფრო სწორად,  შესახედიდან) შევაფასებ, რომ ამ ჯგუფის ნომერი “ილია და მის უკან მდგომი სარკეები”-თ დაგვესათაურებინა. მართალია, ზედმეტი გამოყენებისგან ეს ”კარგი სინქრონიც” უკვე ძალიან გაიცვითა, მაგრამ მაინც არ შემიძლია, რომ ამ შემთხვევის აღსაწერად ეს არ აღვნიშნო. (აქვე დავსძენ იმასაც, რომ ილიას ძმაკაცი არ ვარ)

“პარკურის” გადაფრენისას, ერთადერთი რაც  ვერ გავიგე ნომრის “პროფილის” მუსიკით დაწყება იყო. შეიძლება იმიტომ, რომ პირველი ეფექტური გამოსვლის შემდეგ რაღაც “ზე”-ს ველოდი. პრინციპში, ამისი მიზანი თუ მაიას ჩამოდნობა და მისი მზერის გაღიმილიანება იყო, მაშინ ყველაფერი გასაგებია. ფაქტი ერთია, პარკური მოზაიკაზე არანაკლებ ეფექტური გამოდგა და იმაზე მსჯელობა, თუ რომელი უფრო მეტად იმსახურებდა გადასვლას, სჯობდა კვირის განმავლობაში ცოტა მეტ “მესიჯში” გადაზრდილიყო, რაც ყველანაირ კამათს მარტივად გადაჭრიდა.

რა პრინციპით გადაწყდა ხუთეულში ერთ-ერთის შეყვანა ჟიურის და მათი ნაცნობების, ან, მათი ნაცნობებისა და ჟიურის გარდა არავინ იცის. სიტუაციამ, თავისი სიმძაფრით, ბურიდანის ერთი ცნობილი ექსპერიმენტის პირობა მომაგონა, როდესაც ორი თივის ზვინს შორის მყოფი მშიერი ვირი მათ შორის არჩევანის გაკეთების პროცესში,  შიმშილით განიგმირა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ორ კარგს შორის საუკეთესოს ამორჩევა ყოველთვის ძნელია და ჟიურისაც ეს გადაწყვეტილება “ცივ გონებაზე” უნდა მიეღო. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი კონკურსანტი მის წევრთა ჰოროსკოპების იმდღევანდელი პროგნოზის საშუალო არითმეტიკულით უნდა გადაეყვანათ. პარკური უბრალოდ უფრო იღბლიანი აღმოჩნდა.

ჰიპოთეზა # 3: “ფსიქოლოგიურად დადგენილია, რომ როდესაც ადამიანი რაიმეს პრეზენტაციას აკეთებს, 7 წუთის შემდეგ მას უკვე ნაკლებად უსმენენ”

ფსიქოლოგებმა უნდა აღიარონ, რომ რობაქიძესთან ბრძოლაში იოლად დამარცხდნენ. ილუზიასთან შეჭიდებისას მაყურებელიც დამარცხდა, მაგრამ სასიამოვნოდ. მთავარი ფაქტორი, რამაც ერთადერთი უეჭველი აზრი: “ილუზიონისტმა ფინალი ნამდვილად დაიმსახურაო” განამტკიცა, იუმორისა და შოუს შექმნის დიდი ნიჭია (he did it). რა თქმა უნდა, შესაშური უნარია, რომ მაყურებელი  “მაჩვების” საშუალებით much  web-ში (ილუზიის უფრო მეტ ქსელში) რაც შეიძლება მეტად გაახვიო.

არ გამიზომია ზუსტად რამდენი წუთი გავიდა მას შემდეგ, რაც რობაქიძე სცენაზე შემოვიდა და ბანქოს ქაღალდები როგორც “პოტენციური დაბრკოლება” წიქარაზე მჯდომი ბიჭივით უკან გადაყარა, მაგრამ ფაქტია, რომ შვიდი, რვა, ცხრა,ათი და… (თვლა მილიონამდე ვიცი) მეტი წუთიც რომ ყოფილიყო, ალბათ (კარგი სიტყვაა, ყოველთვის გაზღვევს ხოლმე) არ მომწყინდებოდა.

აზრი # 1: “ის ორი, ან, შავი კაცი ვინღა იყო, ჰა?”

ლათინური ცეკვების შესახებ საუბრისას, გეგამ სრულ დაბნეულობაში ჩამაგდო. წინა გადაცემაზე, აკა და გვანცას შეფასებისას, მან ჭიათურელმა წყვილმა მათზე უკეთესად იცეკვა. სოფოსა და ლევანის წყვილის შეფასებისას კი ისინი წინა ორი წყვილის ტოლფასად გამოაცხადა. მათემატიკურად რომ ვთქვათ, პირველი მეტი იყო მეორეზე (I > II) და მესამე პირველ ორს არც აღემატებოდა და არც ჩამორჩებოდა (III = II = I). თუმცა, მათემატიკურადვე თუ დავფიქრდებით, მსგავსი რამ ყველანაირად შეუძლებელია. (ეს ისე, ციკლიდან “მე ინტრიგანობის პოტენციალი მაქვს”)

ორი რამ მომხვდა თვალში: მოცეკვავეთა სიშავე (რაც ვიცი, რომ მიღებული და კარგია. უბრალოდ თვალს ხვდება) და კარგად შესრულებული ცეკვა. ამასთან, ვერ მივხვდი, თუ რატომ უნდა მიაქციო ყურადღება მოცეკვავე ადამიანებს პირზე, როცა ეს ორგანო ცეკვაში ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებ მონაწილეობას იღებს.

არაბულ ცეკვას რაც შეეხება. მის შესახებ დადებითი აზრი და სიმპათია, რომელიც შესარჩევ კონკურსზე გამიჩნდა, ამ გამოსვლის შემდეგ მხოლოდ გაიზარდა და ელენე ფინალშიც რომ გადაეყვანათ, ალბათ სრულ(წლოვან)ყოფილების ასაკსაც მიაღწევდა. ჰო, და, კიდევ არაბული სამყაროს ილუსტრირებისათვის გამოყვანილ დამატებით კონკურსანტებზე “ორი კაცი რაღა საჭირო იყო. ჰა?” დამოკიდებულებაც ვერ გავიგე კარგად, სიმართლე რომ ვთქვა.

ჰიპოთეზა  # 4: “მაგდა ნიკოლეიშვილი გულნაზ გოლეთიანზე ნაკლები არაფრით ყოფილა”.

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ფინალში გულნაზ გოლეთიანია და არა მაგდა ნიკოლეიშვილი სწორედ ის პრეისტორიაა, რომელსაც მავანნი თავშიხსენებულ “მანიპულირებას” უწოდებენ. ჩვენ “გაგვიპიარეს” გულნაზ გოლეთიანი, მოაყოლეს ისტორია, გაგვიჩინეს რაღაცნაირად თბილი დამოკიდებულება (კარგადაც იმღერა, რა თქმა უნდა), რაც მაგდა ნიკოლეიშვილის შემთხვევაში არ ყოფილა. ეს იყო და ეს.

აზრი # 2: гирогерой с гирой

აი, ასე… დაეფსოს ახლა ბერძნულ მითოლოგიას, ან, მასში მყოფ ციკლოპს ის ერთადერთი თვალი, საუკუნეების მანძილზე ჰერაკლესა და ატლანტის (დედამიწა რომ ეჭირა) დიდი მონდომებით რომ გვაშურინებდა (ახალი სიტყვაა).  არ ვიცი, თორმეტი გმირობა ჰერაკლეს მსგავსად გიროსაც თუ აქვს ჩადენილი, მაგრამ მან თუ მოინდომა და საყრდენი წერტილი მისცეს, იქნებ არქიმედეს ერთი ცნობილი სურვილიც განახორციელოს. სხვა ძალოსნებთან შედარებით ეს მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო (“ერთ-ერთის” გარეშე თუ არა) ნომერი იყო და მიუხედავად იმისა, რომ დროში ცოტათი გაიწელა, ფინალს ისიც არანაკლებ იმსახურებდა.

რას გვეკითხება ამოცანა:

ძნელია ისეთი რაიმე დაწერო, რაზედაც ყველა უსიტყვოდ დაგეთანხმება…
…ვნების ტალღები კი ისეთი რამ არის, რომ ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანისათვის ვნების მოტანა  შეუძლია…

სწორედ ამიტომ, პოსტის წერისას, მე ორი ჰიპოთეზის/აზრის გადმოცემის მომენტში გულწრფელი არ ვიყავი და თუ რომელი იყო ეს ორი ჰიპოთეზა, ყველამ თავისი დამოკიდებულების მიხედვით გადაწყვიტოს… :)

21 April

The One Man Show!

Landish, ბლოგერი landish.ge-დან.

“ნიჭიერის” მეხუთე ნახევარფინალიც დასრულდა, თანაც საკმაოდ საინტერესო შედეგებით. მემგონი თავიდანვე არ არსებობდა ორი აზრი იმის შესახებ, რომ ეს ათეული ყველაზე ძლიერი იყო, მითუმეტეს, რომ ამაში თვითონაც დავრწმუნდით.

მართალია ჩემი დამოკიდებულება მომღერლების მიმართ არ შეცვლილა, თუმცა მარიამ ფაჩულიას ფინალში გადასვლას ჩემზე უარყოფითად არ უმოქმედია, როგორც ეს თავის დროზე სხვა მონაწილეების გამო მოხდა.

როგორც სხვა ათეულებში, აქაც ყავდა ხალხსაც და ჟიურისაც თავისი ფავორიტები და ფინალში გადასასვლელად ღირსეულად შერჩეული კანდიდატები. ვერ ვიტყვი, რომ მარიამი ამ ორიდან ერთ-ერთი იყო, თუმცა როგორც ჩანს ხალხისთვის ის ერთიც აღმოჩნდა და მეორეც.

რაღა დავმალო და მეგონა, მეგონა კი არადა, დარწმუნებული ვიყავი, იმაში რომ ხმების რაოდენობით “მოზაიკა” გადავიდოდა ფინალში და ჟიური დავით რობაქიძის გადაყვანით დაასრულებდა ფინალისტების შერჩევას.

ჩემს აზრზე არაერთი პიროვნება იმყოფებოდა. სწორედ ამ პიროვნებებს გაუჩნდათ ერთგვარი პროტესტი და უკმაყოფილების გრძნობა არსებული შედეგებით.

ამან კიდევ ერთხელ გვაჩვენა და დაგვიმტკიცა, რომ იმ აზრზე ყოფნა, რომ ესა თუ ის მონაწილე რა საყვარელია და “ეს ხომ ისედაც გადასულია ფინალში” არ არის საკმარისი, რადგან სწორედ ამ დროს ხდება ასეთი მოულოდნელი ფაქტები, როდესაც “ხალხის არჩევანი” არ ემთხვევა ხალხის არჩევანს (გავიხსენოთ ნახევარფინალი ლევან შავაძის მონაწილეობით).

როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, დარწმუნებული იმაშიც ვიყავი, რომ ჟიური ილუზიონისტს, დავით რობაქიძეს გადაიყვანდა ნახევაფინალში. ამაში მაიას სიტყვებმაც კი არ შემაპარეს ეჭვი: “ფინალში გადასვლა არ გინდა?”, როდესაც საქმე  გეგას 50 ლარიანის განადგურებასთან მივიდა.

აქვე ბევრს გაუჩნდებოდა შეკითხვა, თუ რატომ გადაიყვანა ჟიურიმ რობაქიძე და არა ის, ვინც მათ უნდოდათ? : ) ამაზე ჩემეული პასუხი გამაჩნია:

რადგან დათო ერთადერთი მონაწილე იყო იმ ასეული კონკურსანტებიდან, რომელმაც თავის პროფესიაში იმხელა იუმორი ჩააქსოვა, რომ ხალხის და ჟიურის გამხიარულება მთელი ნომრის მანძილზე შეძლო. აღარაფერს ვამბობ უშუალოდ ფოკუსებზე, რომლებმაც მთელ დარბაზს გაკვირვებისგან პირი დააღებინა.

ეს ფოტო ფეისბუქიდან მოვიპარე :D

დათო, ერთი კაცი, რომელიც ბენდისა და ჯგუფის გარეშე, ბანქოთი, უბრალო ნივთებითა და კარგი იუმორით დგამს ისეთ შოუს, რომელსაც თავისუფლად შეიძლება დაარქვა  - “The One Man Show”.

მოკლედ, იმის გამო, რომ ადამიანის გემოვნება ერთმანეთისგან განსხვავდება, განსხვავდება “ნიჭიერში” არსებული მონაწილეების გულშემატკივრების რაოდენობაც.

ზოგი პატარა გოგონას ხმით აღფრთოვანდება, ზოგი აკრობატების ნახვით, ზოგს აზიური ცეკვა იზიდავს, ზოგსაც სტრიპტიზი (მემგონი პოსტი არ გამიმაზავს, სადაც სტრიპტიზი არ ვახსენე :D), ზოგსაც გული სენტიმენტალურ ცეკვაზე აუჩუყდება და ზოგიც უბრალოდ ილუზიით არის მოხიბლული.

სწორედ ეს მონაწილეები და მათი გულშემატკივრები ქმნიან იმას, რასაც ყოველ ორშაბათს “რუსთავი 2″-ის ეთერში ვხედავთ. იმის გამო რომ ხალხს შოუს ნახვა სურს, ირჩევს იმას, ვისაც შოუს გაკეთება ეხერხება. ასეთი 12 შოუმენი მოგროვდა ფინალში, რომელთაც ეს საქმე საკმაოდ კარგად გამოსდით (აქვე, ფინალში ვერმოხვედრილტა გულშემატკივრებისთვის – არ ვამბობ იმას, რომ ვინც ვერ მოხვდა ფინალში, ცუდად გამოსდით).

ფინალამდე 12 დღე რჩება, სადაც 12 ფინალისტიდან მხოლოდ 1 მიიღებს წლის ნიჭიერის სტატუსს და მთავარ პრიზს, ასე რომ ნუ იქნებით იმ აზრზე, რომ რომელიმე კონკურსანტი უდაო გამარჯვებულია და თქვენი ხმა აღარაფერს გადაწყვეტს. სწორედ ამ იდეოლოგიის გამო შეიქმნა “გაუთვალისწინებელი ფაქტორები”, რაც თქვენი ფავორიტის შემდეგ ტურში ვერ გადაყვანით დასრულდა.

ვიმედოვნებ ამჯერად ხალხი გამარჯვებულს არა მისი “სისაყვარლით” აირჩევს, არამედ რეალურად შეაფასებს მის გამოსვლას და დააფასებს მის ნიჭს, რის გამოც იგი ფინალში მოხვდა.

20 April

მეხუთე ნახევარფინალი

თინი, ბლოგერი tiny.ge-დან

მეხუთე ნახევარფინალში იმდენმა საინტერესო მონაწილემ მოიყარა ერთად თავი, წინასწარ მწყდებოდა გული შედეგებზე. თუმცა გულდაწყვეტის ხარისხებზე ცოტა მოგვიანებით, იქამდე ტრადიციულად, კონკურსანტების  შეფასებით დავიწყოთ…

მე მივხვდი, რომ არ არის აუცილებელი ზუსტად გავდე შესახედავად ან ბაძავდე ყველა სხვა თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, რომ მთავარი არის, როდესაც აკეთებ ასეთ ნომერს, იმ ნიჭის ნაპერწკალი, რომელიც რთულია, რომ ვინმემ იპოვოს… და დღეს რაც ვნახე, ამ ადამიანის და მისი გარშემომყოფები ადამიანების თვალებიდან, ქცევიდან, მანერიდან და მოქმედებიდან, ზუსტად იყო დაჭერილი უდიდესი ჯექსონის ნიჭის ნაპერწკალი”- ნიკა

პატარა შესავლით დავიწყებ – ვინც კარგად იცნობს ჯექსონის შემოქმედებას და მოსწონს კიდეც (მაინცდამაინც ფანობაზე არ მაქვს ლაპარაკი), ის ყველაზე კარგად აფასებს ყველაფერ იმას, რაც მასთან არის დაკავშირებული. ნამდვილად არავის სიამოვნებს, როცა ვიღაც უნიჭოდ ბაძავს და ბოლოს და ბოლოს, ბედავს ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგეს ჯექსონის შემოქმედებით. უნიჭობაში მხოლოდ მოძრაობების ვერმიმსგავსებას არ ვგულისხმობ, პატარა არასწორი ემოცია და უკვე გამაღიზიანებელია. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ ნაცნობი ემოციებია ჩემთვის… ძალიან ბევრი მინახავს სხვადასხვა ტალანტ შოუებში გამოსული “ჯექსონები”, მაგრამ ყოველგვარი სუბიექტურობის გარეშე და იმაში დარწმუნებული, რომ მაქსიმალურად ობიექტური ვარ ამ შემთხვევაში, თამამად ვამბობ –  ”მოზაიკა” საუკეთესო იყო. კარგად დადგმული ნომერი და ძალიან მაგარი სინქრონი!

ნიკას ციტატით იმიტომ დავიწყე, რომ ზუსტად თქვა სათქმელი – ილია რომ ცეკვას იწყებს, ისეთი ემოციით ცეკვავს, ალბათ ეკრანებიდანაც  კი აღწევს მისი ქარიზმა და გრძნობა. ემოციებზე ბევრს ვსაუბრობ, მაგრამ ყველა მოძრაობაში ისეთ სიყვარულს ვხედავდი, რომ შეუძლებელი იყო ამისთვის გვერდი ამეარა. მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა! მაიას კომპეტენციაში შევიჭრები და  სენტიმენტებს შემოვიტან – ჯექსონი რომ ცოცხალი ყოფილიყო და ენახა, მარტო კი არ მოეწონებოდა, იამაყებდა კიდეც :)

მარტო ოქროსფერთმიანი პრინცობა არ ყოფნის…” – გეგა

ლაშა და გიორგი ქარქაშაძეების ნომერზე არაპროფესიონალური ნომერი მე ნიჭიერის სცენაზე არ მინახავს! არასწორად შეკრული პოპური, სამოყვარულო დონეზე კიდევ უფრო დაბალი დონის შესრულება და გეგას სამართლიანი წითელი ღილაკი!

მაგდა ნიკოლეიშვილი კასტინგის შემდეგ ნამდვილად დახვეწილი იყო.  როგორც ჩანს ბევრი იშრომა და ეტყობოდა მის ნამღერს – არ ჰქონდა დეტონაციები და ხარვეზები სიმღერის დროს. კარგი იდეა იყო კვარტეტის დამატებაც, უფრო მრავალფეროვანი გახდა ნომერი.

“თქვენ მოჰკალით ძერა?”

ქართული ფოლკლორი სათუთი საქმეა…განსაკუთრებით მაშინ, როცა აპირებ თანამედროვე ელემენტები დაუმატო. იმდენად სპეციფიურია, რომ ძნელია სწორად მოახერხო შერწყმა ძველის და ახლის. ამ დროს მისიაა – არ დაკარგო მთავარი ნიშა, არ დაკარგო ის, რაც მთავარი მახასიათებელია და ისე მოახდინო სინთეზი. ძალიან ორიგინალური და მრავალფეროვანი იყო პოპური. დიდი დადებითია ის, რომ შოუს მორგებული იყო და სასცენო ხელოვნებაც ჰქონდათ ჩართული – შესრულება იყო ძალიან კარგი.

სოფო და ლევანი ალბათ ყველაზე სუსტი წყვილი იყო ნიჭიერის იმ ნახევარფინალისტებს შორის, რომლებიც მაყურებლის წინაშე სამეჯლისო ცეკვით წარსდგნენ. მართალია მრავალფეროვანი იყო მათი ცეკვა და ბევრი სხვადასხვა ჟანრისგან შედგებოდა, მაგრამ იმდენად უხეშად იყო გადასვლები ერთიდან მეორეზე, რომ მთლიანობად ვერ აღიქმებოდა. შინაარსიც საერთოდ არ ჰქონდა… სხვათაშორის, გეგას კომენტარი სამართლიანი იყო და ნამდვილად ცუდი დასანახია  ანდრეა ბოჩელის ხმით მომღერალი გოგო :D

მარიამ ფაჩულია რომ ნიჭიერის ფინალისტების რიგებში არ იყოს ახლა, სიამოვნებით დავწერდი ” რა საყვარელი ბავშვია”- მეთქი. თუმცა, როგორც ფინალისტი ისე უნდა შევაფასო… არ მგონია გულშემატკივრებს ესიამოვნოთ, მაგრამ “საყვარელი ბავშვობის” ნიადაგზე, “ოცნება ავუხდინოთ”-ის ნიადაგზე გადაყვანილ ფინალისტობას მე ვერ ვუწოდებ ნორმალურ მოვლენას!

რეალურად რომ დაფიქრდეს ნებისმიერი ადამიანი:

  • დეტონაციებით იყო სავსე სიმღერა
  • გამოთქმა იყო ძალიან ცუდი

შედავების მცდელობები შეიძლება იყოს – პატარაა ჯერ, 7 წლის არისო, მაგრამ მყარი არგუმენტი მაქვს: მასზე პატარა ბავშვებიც მინახავს, უკეთესად რომ მღერიან ისეთები… შორს რომ არ წავიდეთ, რუსთავი2-ზე “ანა-ბანა”-ს მონაწილეების გახსენებაც საკმარისია ალბათ ნათქვამის სიზუსტეში დასარწმუნებლად :)

ნიჭიერის ტრეისერებს რთული მისიები ჰქონდათ შესასრულებელი – პირველი ეფექტების შემდეგ საშიშროება იყო, რომ მეორე გამოსვლა იმხელა შთაბეჭდილებას ვეღარ მოახდენდა. მართალია მაიას მოფანკლუბო ელემენტებმა ცოტა დამაბნია (შეიძლება იმიტომ, რომ ამდენი “პროფილი” მეტისმეტია), მაგრამ საერთო ჯამში კარგი იყო. ფსიქოლოგიური ფონი ჰქონდათ რთული – მათ ერთ-ერთ წევრს ლავიწის ძვალი მოსტყდა რეპეტიციაზე და დაძაბულები იყვნენ. ახალი წევრის ჩასმაზე ერთი დღით ადრე მუშაობის დაწყება არ არის ადვილი და ფიზიკურადაც დაიღალნენ. მიუხედავად ამისა, ყველაფერმა მეტნაკლებად მშვიდობიანად ჩაიარა და სანახაობრივადაც კარგი იყო.

“ძალიან გავერთე და ძალიან მომეწონა და კმაყოფილი ვარ, მეტი რომ არ შეიძლება ისე”…- ნიკა

- მაჩვიანი 50 ლარიანი გეგამ სად უნდა დახარჯოს?(მაია)

- ალბათ მაჩვებში…(გეგა)

მიუხედავად იმისა, რომ რეპეტიციაზე სამჯერ (მინიმუმ) ვნახე დათო რობაქიძის ნომერი, ლაივზე ისევ ისე გავერთე, როგორც პირველი ნახვისას, ისევ ისე მეცინებოდა ყველა ხუმრობაზე. მართლა ნიჭია, როდესაც შეგიძლია შოუს აწყობა… და ეს მართლა შოუ იყო – საინტერესო და რთული ფოკუსების გარდა, დახვეწილი იუმორი და მაყურებლის მაქსიმალურად მიზიდვის ნიჭი! მართლა არ არის ადვილი ამდენი წუთის მანძილზე შეინარჩუნო პუბლიკა. ვთვლი, რომ ღირსეულად დაიკავა ფინალისტებში ადგილი. თანაც, რომ არა მისი ასეთი მაგარი ნომერი, რამდენი მარგალიტი მოაკლდებოდა ნიჭიერის ისტორიას…


გირო ჩილინგარაშვილის ნომერი ცოტა მოსაწყენი იყო თავიდან… გირების ტრიალის  ყურება  ამდენი წუთის მანძილზე მოსაბეზრებელია. თუმცა თანდათან გაამრავალფეროვნა და საერთო ჯამში კარგი გამოვიდა. ორი “გაქანებული” კვადროციკლის მოთოკვა ცოტას თუ შეუძლია ალბათ. ნიჭიერის ძალოსნებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ბოლო კონკურსანტმა,  ელენე ჩიხლაძემ პრომოში თქვა “ამ პროექტში მოვედი იმიტომ, რომ მეჩვენებინა თუ რამდენად მრავალფეროვანია და საინტერესოა აღმოსავლური ცეკვა”. ჩემი აზრით, მან თავის მისია შეასრულა! მაიას და გეგას  აქცენტები ცოტა არასწორად იყო დასმული მისი შეფასებისას – იმ ორ მამაკაცზე ყურადღების გამახვილება ზედმეტი იყო. ისინი მხოლოდ დეკორაციის როლს ასრულებდნენ და მგონი ყველა მიხვდა ამას. როდესაც სცენაზე ელენესნაირი პროფესიონალი დგას და ასე ცეკვავს, შეუძლებელია სხვა რამეზე /ვინმეზე გადაიტანო ყურადღება!

ნახევარფინალების შეჯამება

ხალხის არჩევანი:

1. გულნაზი გოლეთიანი
2. ლევან შავაძე
3. მარი და ბაბი
4. ანა ხანჩალიანი
5. მარიამ ფაჩულია

სიმართლე გითხრათ, ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ანი ხანჩალიანს მივიჩნევ ღირსეულ ფინალისტად.

ჟიურის არჩევანი:

6. Next Level
7. მარიამ კახელიშვილი
8. გუგა ჭყონია
9. ავთო ნაცარაშვილი
10. დათო რობაქიძე

ყველა არჩევანით კმაყოფილი ვარ.

დამატებითი ფინალისტები:

11. პარკური
12. ვერკა და გიორგი

ვერკა და გიორგი მართლა საუკეთესოები იყვნენ თავიანთ ჟანრში. პარკურიც  კარგი იყო  შემოთავაზებული “მეორე შანსიანებიდან”, თუმცა ჩემი აზრით. მათზე მეტად “მოზაიკა” იმსახურებდა მეორე შანსს ჟიურისგან.

და ბოლოს, ისინი, ვისზეც ყველაზე მეტად დამწყდა გული და ჩემი ნება რომ იყოს ფინალში კიდევ ერთხელ ვნახავდი მათ ნომერს, თუნდაც კონკურსგარეშე, მოწვეული ნომრების სახით:

  • მოზაიკა
  • ელენე ჩიხლაძე
  • მარიამ და ედიშერ ღამბაშიძეები
  • რამაზ გარშაულაშვილი
  • 15 April

    “შენ დაუკარ!!!”

    ბექა, a.k.a მჩხაპნელი ბლოგიდან Doin.ge

    “შენ დაუკარ!!!”რესტორანსა და ღვინის ზემოქმედების ქვეშ ერთდროულად მყოფი ამოჩაჩულღიპიანპერანგიანი ბიძაკაცი

    “ნიჭიერის” მეოთხე ნახევარფინალმა მინიმუმ ორი ადამიანისათვის მაინც წარმატებულად ჩაიარა და შესაბამისად, ფინალში ამავე რაოდენობის ღირსეული, მაგრამ მაინც მუსიკალური ნომერი გადავიდა. ფინალის “ნოტიზაცია“-ზე ნოტაციის კითხვას აღარ დავიწყებ, რადგან შემდეგ კვირას, მაყურებელი მის პალიტრაში დამატებით ორ განსხვავებულ ფერს შეიტანს, რაც შოუს უფრო მრავალფეროვანს და სანახაობრივს გახდის.

    მეოთხე ნახევარფინალს რაც შეეხება. გადავწყვიტე, დღეს მცირე ექსპერიმენტი ჩამეტარებინა და მისი მსვლელობა სხვადასხვა პროფესიისა თუ ხასიათის მქონე ადამიანთა თვალთახედვიდან გადმომეცა. მაშ ასე:

    ინტრიგანი: “ისე, ჯიბეები გეგასაც აქვს და მაიასაც, მაგრამ “მე ვარ და ჩემი ნაბადიო” პოზიცია კი არ დაუჭერიათ.  სხვისი არ ვიცი, მაგრამ როდესაც ამდენი ხალხი ტაშით გეგებება, სულ მცირე ხელები მაინც უნდა გამოაჩინო, კბილები (ღიმილი) თუ არა…”

    ბერძნული მითოლოგიის მოყვარული: “თიკას დიზაინერი სიზიფეს მაგონებს, რადგან ტანისამოსს ნელ-ნელა, ეტაპობრივად, გადაცემიდან გადაცემამდე ავითარებს. თუმცა, როგორც კი მწვერვალს მიაღწევს, ბრახ და… რაღაც დეტალი ისევ უკან აბრუნებს. წამყვანების ერთადერთ და უმნიშვნელო აქილევსის ქუსლად მათ სიმაღლეებს შორის არსებული სხვაობა შეიძლება მივიჩნიოთ. სწორედ ამიტომ, ამ ვირტუალური ქუსლის ფონზე თიკას ფეხსაცმლის რეალური მაღალქუსლიანობა რაღა საჭირო იყო, ალბათ, ზევსმა იცის…”

    ისტორიკოსი: “ვანიკოს კოსტუმმა “მაკნატუნა”, ნაპოლეონის პერიოდის არმიის ოფიცერი და პრესტიჟული სასტუმროს მეკარის ლივრეა ერთდროულად მომაგონა. ამ უცნაური სამოსის, კერძოდ კი შემბოჭავი საყელოს გამო წამყვანს კისერი ისევე დაძაბული და გაშეშებული ჰქონდა, როგორც მაგალითად, ჩარლზ პირველს 1649 წლის 30 იანვარს… სანამ თავს მოკვეთდნენ.”

    ცინიკოსი: “დღეს იმედი გვაქვს, უფალი დაგვეხმარება, რომ ჩვენ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება” - © მაია ასათიანი. ნუთუ, ათიდან “ნიჭიერზე” ჩართული ცხრა ტელევიზორი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ყველაფერში ღმერთი არ ჩავრიოთ და პროექტის ყურება მასაც არ ვთხოვოთ?

    მათემატიკოსი: ჰო, კონკურსანტებს რაც შეეხება. მომეჩვენა, რომ “Westside Dancer”-ებისთვის მიმატება-გამრავლება საჭირო აღარ იყო, რადგან სიმრავლის გამო, ისინი ერთი სიბრტყის ნაცვლად სივრცეში იყვნენ გაფანტულები და არაპარალელურად მოქმედებდნენ. პირადად მე, მათი ფინალში გასვლის იმედის სხივი, იმ მონაკვეთში ჩამიქრა, როდესაც გეგამ ერთ-ერთ უცნობ წევრს ხელი დააჭირა. მართალია, მოცეკვავეები მოკლე რადიუსის მქონე პერიმეტრის ფართობზე პოზიციებს ხშირად იცვლიდნენ და ცდილობდნენ, რომ ყველა, ასე თუ ისე, თანაბრად წარმოჩენილიყო, მაგრამ მოგეხსენებათ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ამოცანა გვეკითხება: რამდენად მოსალოდნელი იყო საბოლოო შედეგი, თუ მოცეკვავეებმა სულ შემოსული 26 732 ხმის მხოლოდ 10 % მიიღეს?

    პოეტი:

    “ნიჭიერია”… ჰო, ჯახის
    და ბრძოლის დილა თენდება.
    ზოგის გვიმღერის ოჯახი,
    ზოგიც იშლება ბენდებად.

    ზოგი დაეძებს ბუკეტებს
    (მიეცი, ამურ, ძალები)
    ზოგსაც ხასიათს უკეთებს,
    მებრძოლი ამორძალები.

    გულზე მოგიხსნით ანაც ლოდს,
    ნინო მთელს დარბაზს ახურებს
    და-ძმა ქეიფის სანაცვლოდ
    “სკეტჩებს” გვთავაზობს, კახურებს.

    ზოგს – ჯადოსნური გიტარა,
    ზოგს – ტონიანი გირები,
    თავზე თუ გადაიტარა…
    (მანამდე შევეწირები)

    სანამ მავანნი სიმს ხრიან,
    ტანს აწვალებენ ტყუპები…
    …ბოთლიც თუ გადაიმსხვრია…
    (მანამდე დავიღუპები)

    თუმცაღა თვალს კი ართობდი,
    ვერ დაგაფასეს “ვესტ საიდ”
    “ნიჭიერს” ორშაბათობით
    საით წაუხვალ? ვერც საით…

    ქიმიკოსი: საერთოდ, ნივთიერებათა ნებისმიერი სახის ნაერთი მეტად სახიფათოა, რადგან შეცდომის შემთხვევაში ცუდი და საშიში რეაქციის გამოწვევა შეუძლია. ავთო ნაცარაშვილმა კი ერთი შეხედვით ერთმანეთის შეუსაბამო ელემენტები, ისე გემოვნებიანად დაუკავშირა ერთმანეთს, რომ ნომერს  NaCl-იც არ აკლდა.

    ჰაგიოგრაფი: საზოგადოების წევრთა აზრები ხშირად ისევე “ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა”. ამ შოუმდე ნინო ჯავახიშვილი “სამგზის საწყალობელად” ითვლებოდა და ჯანდაცვის სამინისტროს გაფრთხილებასავით თან სდევდა ფრაზა “ნუ უყურებთ, რამეთუ ნუუკუე მტერმან ვითარცა სრსჳვილმან საძოვარი არ ჰპოვოს თქვენ თანა”. თუმცა, მისი ახალი ნომერი იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ ერის სიწმინდის დამცველთა მიზნის – “მტკიცედ სდგა”- ს სიმტკიცის მიუხედავად, კრიტიკა მაინც ნაკლებად დაიმსახურა, პირიქით შექება თუ არა.

    "ქარიშხალი სცენაზე"

    აფერისტი: ნიკა აბსოლუტურად გულწრფელი იყო, როდესაც ბერაძეების ოჯახი ამ წელს საუკეთესოდ აღიარა და მათი ნამღერი მთლიანად მოიწონა. ვეთანხმები, კარგად იმღერეს. არც ხმაში მცირე აცდენები ჰქონიათ და არც არაფერი. გამიკვირდა, რომ ვერ გავიდნენ.

    ლიტერატურის მოყვარული: “ფანტაზიის” ნომერი რაღაცით იმ შემთხვევას ჰგავდა, “ტომ სოიერის თავგადასავლის” წაკითხვას რომ დაასრულებ და პირდაპირ თომას მანზე გადახვალ. რატომღაც გერტრუდ სტაინის ის სიტყვები მახსენდება პირველი მსოფლიო ომის მომსწრე მწერლებს “დაკარგული თაობა” რომ უწოდა და მოკრძალებით დავსძენ, რომ ამ გამოსვლისთვის “დაკარგული ბავშვობა” ასეთივე წარმატებით შეგვეძლო გვეწოდებინდა.

    ფიზიკოსი: ვასილ ხაჩიძის ნომრის ახსნა ფიზიკის საშუალებით შეუძლებელია, რადგან როდესაც კბილები სიმძიმისა და მიზიდულობის ძალაზე უფრო ძლიერია, აქ საქმე ზებუნებრივ, ესე იგი, მეტაფიზიკურ ნიჭთან გვაქვს. თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ეს ძალა, ნიუტონის მეორე კანონიდან გამომდინარე, გირის მასისა და უკან გადასროლილი სხეულის აჩქარების ნამრავლით დავადგინოთ. ნუ, ეს მათთვის, ვისაც საქმე არ აქვს და დანარჩენებისთვის მარტივად ვიტყვი, რომ ვასილ ხაჩიძის ფიზიკურმა მონაცემებმა ყველა სხვა ფიზიკურ ძალას გადააჭარბა.

    პუნქტუაციის მცოდნე: სამყაროს სამართლიანობას კითხვის ნიშანი პირველად მაშინვე დავუსვი, როდესაც ტანმოვარჯიშე ტყუპები ფინალში არც ხალხმა გაიყვანა და ჩემს იმედებს ჟიურიმაც სამი წერტილი დაუსვა. საკმაოდ მძიმე განაჩენია. ისიც გამიკვირდა, რომ დარბაზიდან უკმაყოფილოთა ძახილის ნიშანიც კი არ შეიმჩნეოდა. რომ იცოდეთ რამდენი ვი-ტირე

    არქეოლოგი: ანა ხანჩალიანი ჩემთვის უდიდესი აღმოჩენაა, შეიძლება უფრო დიდიც კი, ვიდრე შლიმანისათვის – ტროა, ან, ჰოვარდ კარტერისათვის – ტუტენჰამონის მუმია იყო. ის მუსიკალურად მეტად განვითარებული homo sapiens-ია და მისი ხმის მოსმენისას, ლამისაა ისიც ვიწამო რომ იერიქონის კედლები მართლაც საყვირების ხმით დაანგრიეს.

    ბრძნული გამონათქვამების მოყვარული: “შეცდომები რომ არ დაუშვა, ამისათვის გამოცდილებაა საჭირო, მაგრამ გამოცდილების მისაღებად შეცდომები უნდა დაუშვა”. ჰოდა, ანი პავლიაშვილს ახლა ნამდვილად აქვს იმის გამოცდილება, რომ სხვა კონკურსზე ისევ მარტო და ისევ გიტარით ხელში გავიდეს. ასე, მას უფრო დიდი შანსი ექნება.”

    არიფი წინასწარმეტყველი: მომავალ ორშაბათს საკმაოდ ძლიერი ათეული იკრიბება. ამის გამო, ერთადერთი პროგნოზი, რისი გაკეთებაც ამჟამად შემიძლია არის ის, რომ კვირა დღის შემდეგ აუცილებლად ორშაბათი დადგება და ყველანაირი გათვლებით, ძალიან მაგარი შოუ უნდა გამოვიდეს…

    14 April

    დეჟა ვიუ


    Landish, ბლოგერი landish.ge-დან

    არ ვიცი რატომ, მაგრამ გასული გადაცემის ნახვის შემდეგ დეჟა ვიუს გრძნობა დამეუფლა.

    განმარტება: დეჟა ვიუ ფრანგული სიტყვაა და ერთი და იგივეს განმეორებას ნიშნავს.

    მსგავსი მუსიკა, მსგავსი ცეკვები და მსგავსი ნომრები მეოთხე ნახევარფინალში არაერთი იყო. შოუს მონაწილეებს პლაგიატიზმის სუნი ასდიოდათ. თუმცა, მოდით ყველას ერთ ქვაბში ნუ მოვხარშავთ და ვეცადოთ “ამის” წარმომშობი მიზეზის პოვნა.

    “დასავლეთელმა მოცეკვავეებმა” ჯგუფში დამატებით აიყვანეს რამდენიმე წევრი, თუ არასრული შემადგენლობით იყვნენ პირველ ტურში წარდგენილნი, ვერ გამირკვევია, თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ სამნი ბევრად უკეთესები იყვნენ, ვიდრე შვიდნი!

    "დასავლეთელი მოცეკვავეები"

    მუსიკალური და საცეკვაო მიქსი მთლად “შერწყმული” არ გამოუვიდათ. ნომრის ყურებისას და მუსიკის მოსმენისას გიჩნდებოდა ერთი შეკითხვა, ეს ხომ სადღაცას მინახავს, ეს ხომ სადღაცას მომისმენია და სწორედ ამის გამო დამეუფლა ზემოხსნებული გრძნობაც.

    კი მაგრამ რატომ? რატომ არის აუცილებელი რომ საცეკვაო ნომერში აუცილებლად უნდა იყოს ჯექსონის რომელიმე ელემენტი? ნუთუ ასე ახდენს გავლენას იგი მაყურებელზე? ალბათ კი, თუმცა ეს West Side Dancer-ებმა ნამდვილად ვერ მოახერხეს.

    გავლენა ვერც ხაშურიდან ვიგრძენი. ვასილ ხაჩიძეს ნომერიც უკვე ნაცნობ ელემენტებს შეიცავდა, რომელიც პირველ ტურში ჯერ კიდევ “გირომ” გვიჩვენა. თავზე ბლოკის გადამტვრევის ნახვის შემდეგ ბოთლის გადამსხვრევა იმხელა ეფექტს ვეღარ მოახდენს, როგორც თმიდან ჩარჩენილი შუშის ნამსხვრევების ამოღება.

    ვასილ ხაჩიძე

    ისმის კითხვა, რატომ? ადამიანი, რომელმაც 70 ნომერი აქვს, რატომ გვიჩვენებს იმას, რომელიც აქამდე უკვე ვიხილეთ სხვისი შესრულებით და მაყურებელმა ეს ნომრები აიტაცა? ნუთუ სჯეროდა რომ უკეთ გამოუვიდოდა, ვიდრე წინამორბედს? ნუთუ ვერ წარმოედგინა მას, რომ ახლის ჩვენება უფრო საინტერესო იქნებოდა საზოგადოებისთვის?

    ნინო, ნინო, ნინო! ადამიანი, რომლის გამოსვლასაც საზოგადოება მოუთმენლად ელოდა. სტრიპტიზიორი, რომელმაც თავისი გამბედაობით (და არა მხოლოდ) მთელი ქვეყანა აალაპარაკა და ნახევარფინალში გასვლის შემდეგ უმეტესობას მეტად რიტორიკული შეკითხვა დაჰბადა: “მეორე ტურში რაღა უნდა გაიხადოს?”.

    ნინო ჯავახიშვილი

    მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის წარმოუდგენელი იყო სიმფონიურ მეტალზე სტრიპტიზის ცეკვის ნახვა, ეს ნომერი თავისი შესრულების სირთულით საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

    თურმე სტრიპტიზი მხოლოდ გახდა არ ყოფილა. თურმე სტრიპტიზსაც ნიჭი სჭირდებოდა. თურმე სტრიპტიზით მხოლო კაცები არ იხიბლებიან. თურმე …

    მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ნინო ნამდვილად იმსახურებდა მეორე ტურში გადასვლას, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ფინალში გადასვლაზე. თუმცა მეოთხე ნახევარფინალი იმით გამოირჩეოდა, რომ ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო ხალხმაც და ჟიურიმაც, რადგან ფინალში ხომ ამ ათეულიდან ყველაზე ღირსეული მონაწილეები გადავიდნენ.

    ავთო ნაცარაშვილი, ადამიანი გიტარა, თავმდაბალი პროფესიონალი, რომელიც გიტარას საკუთარ თავზე უკეთ იცნობს, თავისი ნომრით ნამდვილად იმსახურებდა ფინალში მოხვედრას.

    ავთო ნაცარაშვილი მოცეკვავეებთან ერთად

    მისი ნომრით პირველ ტურში იმდენად არ/ვერ მოვიხიბლე და ვერ იმოქმედა ჩემზე, როგორც მისმა ისტორიამ. თუმცა ნახევარფინალის ნომრის ნახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ამ ადამიანში გიტარაზე დაკვრის ნიჭის გარდა კიდევ არის რაღაც.

    ქართული ცეკვის შერწყმა ელექტრო გიტარასთან, იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა, რომ მისი გამოსვლა კრიტიკას ნამდვილად არ ექვემდებარება. ავთოს გამოსვლა იმ ერთ-ერთთაგანი იყო, რომლის დროსაც უნდა დამშვიდდე და სიამოვნება მიიღო მისი მოსმენით.

    ანა ხანჩალიანი

    სიამოვნების მიღება ანა ხანჩალიანის სიმღერის მოსმენითაც შეიძლება. იგი ერთადერთი მონაწილეა სასიმღერო ნომრით, რომელზეც გული არ მწყდება და პირიქით, მიხარია კიდეც, რომ იგი ფინალში გადავიდა და თუ პროექტს ვინმე მომღერალი მოიგებს, ნამდვილად მინდა რომ ეს ანა იყოს :).

    სწორედ ამ ორი ადამიანის ნომრის ნახვის შემდეგ მომინდა, რომ მათთვის კიდევ ერთხელ მომესმინა ფინალში. ხალხისა და ჟიურის გადაწყვეტილებით სასიამოვნოდ გაკვირვებული და კმაყოფილი ვარ. წინ მეხუთე ნახევარფინალი გველოდება, რომელიც წინამორბედებთან შედარებით ყველაზე გამორჩეული იქნება გამორჩეული ნომრებით. მიმაჩნია რომ ეს ათეული ყველაზე “ძლიერი” იქნება არსებულს შორის და გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული გახდება.

    გარდა ამისა 2 დამატებითი ადგილიც გაჩნდა ფინალში, სადაც იმ მონაწილეებს ექნებათ მოხვედრის შანსი, რომლებსაც ნაკლებად გაუმართლათ. ვიმედოვნებ რომ ეს ორი მონაწილე არასასიმღერო და არასაცეკვაო ნომრით წარსდგება ჩვენს წინაშე : )

    პ.ს. განზრახ არ ვსაუბრობ წამყვანების ჩაცმულობაზე, განსაკუთრებით თიკასაზე, ამ ბლოკს ბექას ვუტოვებ ხვალისთვის :D.

    13 April

    მეოთხე ნახევარფინალი

    თინი, ბლოგერი tiny.ge-დან

    მეოთხე ნახევარფინალმაც ჩაიარა- ამჯერად კარგი შედეგებით! თუმცა “შედეგებამდე” კონკურსანტები მიმოვიხილოთ…

    “პროექტმა გაგვანებივრა ამ სახეობაში კარგი ნომრებით-ნიკა მემანიშვილი”

    West Side Dancers-ის  შეიძლება შეფასდეს, როგორც ერთ-ერთი უხარისხო ნომერი შოუს ისტორიაში. დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც იმ ტიპის ნომერს სთავაზობ მაყურებელს, სადაც რამდენიმე მოცეკვავე ცეკვავს ერთად break dance-ს, მინიმუმ სინქრონი უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული. რაც არ უნდა საოცარ ილეთებს აკეთებდნენ დამოუკიდებლად, თუ სინქრონი დარღვეულია, ყველაფერი ფუჭდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა არც სხვა დანარჩენ ასპექტებში არიან ძლიერები- მოძრაობები საკმაოდ მარტივი იყო. მუსიკის მიქსიც ცუდად იყო შერჩეული. განსაკუთრებით 2 შეცდომაა აღსანიშნავი:

    1. როდესაც ჯექსონის მელოდიას იყენებ, მინიმუმ ერთი მოძრაობა მაინც უნდა დაამსგავსო მის ცეკვას მიქსში ჩასმისთვის  აზრის მისაცემად. უბრალოდ რომ გამოეყენებინათ მელოდია და თუნდაც სხვა მოძრაობები ეკეთებინათ, არავის ექნებოდა პრეტენზია, მაგრამ როდესაც ქუდით გამოდიხარ, moonwalk-ის მცდელობაც გაქვს, მოლოდინს ქმნი და  აშკარად არ გამოგდის, არც უნდა გამოიყენო
    2. მიქსში  იყო next level-ის მიერ გამოყენებული სიმღერა. ამან ძალაუნებურად ასოციაციები გააჩინა მათთან, რაც არც ისე სასარგებლო იყო west side dancers-სთვის გასაგები მიზეზების გამო…

    “ჩემთან ერთად გაუმარჯოი იქ ჩემ ვირ და აქ ჩემ მაროი”

    ელენეს და გიორგის ნამდვილად ჰქონდათ ნაშრომი, თუნდაც ცეკვაში ეტყობოდათ ეს, მაგრამ თუ იმ ყველა პირობას ჩამოვაშორებთ, რომლებიც ნიკამ აღნიშნა – ასაკი, დამოუკიდებლად მომზადება და სხვა მსგავსი მიზეზები, ხელთ შეგვრჩება დაუხვეწავი იუმორი. სკეტჩის ლექსად მოყოლა კახური კილოთი არც ისე დიდ იუმორს შეიცავდა.  თუმცა საერთო ჯამში სახალისო ნომერი გამოვიდა.

    “თავმდაბალი პროფესიონალი”

    ავთო ნაცარაშვილის პირველი გამოსვლის შემდეგ არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ნახევარფინალშიც ისეთივე პროფესიონალურ დონეზე შესრულებულ ნომერს გვიჩვენებდა, მაგრამ შედეგმა მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა! ალბათ ეს იყო გენიალური შემთხვევა, როცა ქართული ფოლკლორი და როკი ასე  ჰარმონიულად შეერწყა ერთმანეთს. კომპოზიცია რთული იყო შესასრულებლად, მაგრამ ამავე დროს მარტივად აღსაქმელი მაყურებლისთვის- ქართული მოტივები ყველას ყურში გვაქვს გამჯდარი.

    კარგი იდეა იყო მოცეკვავეების გამოყვანა სცენაზე, მაგრამ  ალბათ მაყურებლის უმეტესობას არც მიუქცევია მათთვის ყურადღება. სცენაზე ხომ “თავმდაბალი პროფესიონალი” იდგა…   ეს ის შემთხვევაა, როცა ინსტრუმენტიც კი  გრძნობს პატრონს!

    “მე ისევ გაოცებული ვარ, ოღონდ ამჯერად სხვა მიმართულებით”-გეგა

    გაოცების მიმართულება ძალიან ბევრს შეეცვალა ნინო ჯავახიშვილის ამ გამოსვლის შემდეგ. ყველანაირად გამართული ნომერი იყო:

    • სწორად შერჩეული სიმღერა
    • ლამაზი კოსტიუმი
    • შოუს მორგებული
    • რთული

    ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა ასპექტის შერწყმამ მოგვცა სწორედ ის შედეგი, რასაც  არავინ არ ელოდა. ნინო მეოთხე ნახევარფინალის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად იქცა!

    იმედია ახლა მაინც მისცემენ გამართლებას ჟიურის გადაწყვეტილებას, რომელიც პირველ ტურში მიიღეს და რომლის გამოც ნახევარი საქართველო თავდასხმაზე გადავიდა. ვერავინ ვერ უარყოფს, რომ ურთულესი და ულამაზესი ნომერი ვნახეთ ნიჭიერის სცენაზე!

    “2010 წლის ნიჭიერში თქვენ ხართ საუკეთესო ოჯახი”

    ბერაძეების ოჯახის გამოსვლის შეფასებას ნიკა ცოტა არ იყოს სუბიექტურად მიუდგა. ვისაც ქართულ ფოლკლორთან შეხება ჰქონია და “სმენა ერჩის”, აუცილებლად შეამჩნევდა იმ ხარვეზებს, რაც ბერაძეებს ჰქონდათ.  დეტონაციებიც იყო, დარღვეული იყო ერთიანობაც- ბევრ მომენტში ცალ-ცალკე დაიწყეს სიმღერა. საერთო ჯამში მოსაწყენი იყო…

    ჩვენ რომ ჩიკაგოელები გვეგონნენ, სამტრედიელები ყოფილან”

    “ფანტაზია” იმ  კონკურსანტთა შორის არის, რომლებიც კასტინგის შემდეგ საგრძნობლად დახვეწილები არიან. ლამაზი კოსტუმები, კარგი ქორეოგრაფია და სინქრონი  უნდა აღინიშნოს განსაკუთრებით! გარკვეულწილად მართალი იყო ჟიურის სამივე წევრი, როცა ნომრის ასაკთან შეუსაბამობას გაუსვეს ხაზი, მაგრამ სხვა მხრივ ყველაფერი კარგი იყო.

    “რანაირად მოგეცით “კი” ისიც კი არ მახსოვს”

    ვასილ ხაჩიძე იმდენად სახასიათო პერსონაა, რომ საკუთარ გამოსვლას თავისებურ ელფერს აძლევს ხოლმე. ძალოსანი მონაწილეებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია თავის შესაძლებლობებით, თუმცა ერთჯერადი ან მაქსიმუმ ორჯერადია ყველა სპორტსმენის გამოსვლა ნიჭიერის სცენაზე იმიტომ, რომ შოუს ელემენტები აკლია ყველა მათგანს.

    საერთოდ,ტანვარჯიშს  ძალიან ღრმა ბავშვობიდან ეჭიდებიან ხოლმე სპორტის ამ სახეობის მიმდევრები. ქეთის და ნაზის შემთხვევაში ეს გვიან, 10 წლის ასაკში დაიწყო. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ- განსაკუთრებული ნიჭია. ფენომენალურად ელასტიურები არიან და მართლა ურთულეს ილეთებს ასრულებენ. სირთულეს რომ თავი დავანებოთ, ულამაზესი ნომერი იყო.

    “ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე, არასოდეს მომისმენია არაამერიკელის მიერი ნამღერი ასეთი სიმღერა ამერიკულ ენაზე”

    ანის განსაკუთრებით ელოდებოდა გუშინ მაყურებელი.  პირველი წარმატებული გამოსვლის შემდეგ ყველა უკეთესს ელოდა. თანაც ვაღიაროთ, ნერვიულობისგან თუ სხვა ფაქტორებისგან,  კასტინგზე სიმღერისას დეტონაციები ჰქონდა და ცოტ-ცოტა შეცდომებიც. სწორედ ამიტომ, როდესაც რეპეტიციისას გავესაუბრე, პირველი კითხვა იყო- მასწავლებელთან თუ მიხვედი მეთქი და როგორც აღმოჩნდა, ისევ ფაქტობრივად დამოუკიდებლად იმეცადინა. (ამით ხაზს არ ვუსვამ, რომ ვინმე თუ პროფესიონალურ დონეზე ემზადება და მასწავლებელთან დადის, ეს რამით ამცირებს მის ნიჭიერებას. უბრალოდ, მართლა დამაინტერესა როგორ ახერხებს ამდენს მარტო) .   ძალიან ბევრჯერ დავუგდე ყური, რომ ერთი არასწორი ბგერა მაინც აღმომეჩინა (ეს იმისთვის, რომ იმ სიტყვების სითამამის საზომი მქონოდა, რასაც ახლა ვიტყვი), მაგრამ არაფერიც:

    • აბსოლიტური სისუფთავე
    • სწორი სუნთქვა
    • იდეალური გამოთქმა

    მომღერლისთვის ისიც მთავარია, რომ სწორი ემოციით იმღეროს. ანის ეს ნამდვილად გამოსდის!

    ჟიურის და მაყურებელს ალბათ ერთნაირად გაუკვირდათ ანი პავლიაშვილის პირველი გამოსვლის შემდეგ მისი  სანახევარფინალო გარდასახვა. შეიძლება ძალიან კარგია, რომ ასე მრავალფეროვანი შემოქმედება აქვს, მაგრამ როდესაც მუსიკასთან გვაქვს საქმე, განსაკუთრებით საკუთარ შემოქმედებასთან (კომპოზიტორობასთან), ცოტა საფრთხილოდ არის საქმე. შეუძლებელია ყველა ჟანრში ერთნაირად ძლიერი იყო. თანაც, შენს სახასიათოს კარგავ ასეთ დროს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ბრენდს ვერ ქმნი, თუ ერთი კონკრეტული ხაზი არ არსებობს. უკვე ვოკალურ მონაცემებზეც ძნელი ხდება გარკვევით ლაპარაკი და სხვა დანარჩენზეც.

    ასეთი იყო მეოთხე ნახევარფინალის 10 მონაწილე…

    საბოლოო შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვარ – ანიც და ავთოც დამსახურებულად არიან ფინალისტები.

    წინ მეხუთე ლაივი გვაქვს. ჩემთვის სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჩემი ფავორიტი მოხვდა ერთად ამ ათეულში და წინასწარ გული მწყდება ყველაზე.

    მოუთმენლად ველოდებით შემდეგ ორშაბათს და ნიჭიერის ბოლო, მეხუთე ნახევარფინალს! მომავალ სამშაბათამდე :)

    8 April

    “მესიჯები” აღმართს ხნავს…

    ბექა, a.k.a მჩხაპნელი, ბლოგერი Doin.ge-დან  

    “ხალხი ბრძენია!” - ხალხურ

    “ნიჭიერის” მესამე ნახევარფინალმა ფინალისტების ნახევარი უკვე განსაზღვრა. მისმა დასასრულმა კი რაღაცით არტურ კონან დოილის დეტექტივების კვანძის გახსნა მომაგონა: გაშერლოკჰოლმსებულმა ხალხმა ფავორიტად ის(ინი) დაასახელა, ვისაც ამ ამპლუაში მთელი კონცერტის მანძილზე ვერ წარმოვიდგენდი.  შესაბამისად, კიდევ უფრო გაიზარდა შანსი იმისა, რომ ფინალში საქართველო ნიჭიერ მომღერალს აირჩევს. სიტუაცია დაახლოებით ისეა, როგორც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებათა უმეტესობაში, სადაც მეოთხედფინალებში ინგლისის ოთხივე გუნდი გადის ხოლმე და სხვები უბრალოდ იმიტომ ხვდებიან, რომ  ტურნირზე მეტი ინგლისური გუნდი აღარ მონაწილეობს. იქ ფეხბურთი გამოსდით კარგად, აქ – სიმღერა და შედეგიც სახეზეა. ამასთანავე, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ შემდეგ ნახევარფინალში ანა ხანჩალიანის გასვლის დიდი ალბათობაც არსებობს.

    თიკას საკონცერტო ჩაცმულობა რატომღაც ჩემი დაკვირვების ერთ-ერთ ძირითად ობიექტად ჩამოყალიბდა. თუმცა, წინა შოუებისგან განსხვავებით, ამჯერად მისი დიზაინერის შესახებ სასიამოვნოდ დადებითმა აზრებმა გამიელვა. იმდენად დადებითმა, რომ წამყვანის კაბა ვეღარც რაინდის აბჯარს, ვეღარც შივას ხალათს და ვეღარც რაიმე ასეთ ინტრიგანულ საგანს შევადარე…  მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თიკა ამ დღეს უჩვეულოდ შეუდარებელი იყო.

    სამაგიეროდ, ისევ დაფიქსირდა ჩვეული კომენტარები, ჩვეული გრამატიკული შეცდომებით და ჩვეული ადგილიდან:

    ა) “ნეტავ თქვენ სად დაგიმაგრეს მიკროფონი ბატონებო და ქალბატონებო” – “ებ” ნაწილაკი, როგორც წესი, მრავლობით რიცხვს აღნიშნავს. ვანიკო, ისევე როგორც თიკა მხოლობითი რიცხვია. მიკროფონები მაგრდება ტანსაცმელზე. ტანსაცმელს იცვამენ. ჯამი ჭურჭელია…

    გრამატიკულად გამართვის შემთხვევაში კი, ეს ფრაზა შინაარსობრივად რელევანტური მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო, როგორც ეს ერთ ძველ ანეგდოტშია:
    ტაქსისტს შიშველი ქალი ჩაუჯდება მანქანაში და რადგანაც ყველა კაცი ერთნაირია, მათი ეს მუზმუზელა წარმომადგენელიც პერიოდულად სარკეში აპარებს თვალს.
    “-რა იყო შიშველი ქალი არ გინახავს?!” - უკვირს მგზავრი
    ” – როგორ არა. უბრალოდ, მაინტერესებს ფულს საიდან უნდა ამოიღოთო” – პასუხობს ტაქსისტი…
    ეს ისე

    ბ) “დღეს თქვენ დგეხართ დიდ სცენაზე…” - ზმნა “დგომა”  მეორე პირის  მრავლობით რიცხვში გამოითქმის როგორც “დგახართ”

    გ) “ცოტა მეშინოდა დღევანდელი დღე წარუმატებლად დაიწყო – თქო” - ნაწილაკი “თქო” გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთი პირი მეორეს მესამესთან რაიმე სათქმელს აბარებს, ხოლო როდესაც ადამიანი თავის მიერ ნათქვამ სიტყვებს, გამოიყენება ნაწილაკი –  ”მეთქი” (მეხუთე კლასის გრამატიკის სახელმძღვანელო)

    ამასობაში, კონცერტებზე კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. წამყვანები “აიძულებენ” ხალხს, რომ გამოიცნონ სად მთავრდება ამოქაქანება და იწყება კომენტარი. როდესაც გულის კალაპოტიდან ამომგდები ნომრები სრულდება, ალბათ გადაცემისთვის უფრიანი (უფრო უპრიანი) იქნება, თუ გულს, ამ ბუნებრივ თხოვნას შეუსრულებენ და დააცდიან, რომ ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდეს.

    გულიდან სხეულის სხვა ორგანოებზე გადავინაცვლოთ. ერთი ბრეჟინევისეული ფრაზის გათანამედროვებული ვერსიით თუ ვიტყვით: “ანახეთ გუგას ფილტვები მსოფლიოს და სიგარეტის მოწევა აღარ იქნება”.
    ახალგაზრდა შეპირმოქმედის გამოსვლა იმდენად ყურმბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მისი ფინალსმიღმა დატოვება, შემდეგ ორშაბათს ”ნიჭიერზე” ჩართული ათიდან ცხრა ტელევიზორის რიცხვს კიდევ  რამდენიმე ერთეულით  შეამცირებდა.

    ჰო, რეიტინგზე გამახსენდა… ”ნიჭიერში” პროფილისეულმა წიაღსვლებმა ისე იმატა, რომ დიდია შანსი, მალე ორშაბათობითაც “პროფილი” გავიდეს, ამჯერად “ნიჭიერისეული” წიაღსვლებით. გასაგებია, რომ აკას და გვანცას ერთმანეთი უყვართ, რომ ქორწილიც ამისთვის გადადეს და ნომრის შესრულებისასაც იგრძნობოდა, რომ მათ ერთმანეთთან მხოლოდ ცეკვის სიყვარული არ აკავშირებთ. მე მგონი, არც ის არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფორმაცია, თუ სად არის მებონიების ოჯახისათვის ამ გვარის მიმნიჭებელი ადამიანი. უკვე “ხუთშაბათი საღამოს” სიტყვათშეთანხმებით ხუმრობაც იმ დასაშვებ ზღვარს გაცდა, რომლის იქით სიცილის ნაცვლად უფრო სხვაგვარ ემოციებს იწვევს.

    ესეც ისე…

    კარგი გამოსვლა ჰქონდა რამაზ გარშაულაშვილს… გამოსვლა რა, გადასვლა! ფინალის მრავალფეროვნებისათვის, მეორე ფინალისტ, ალბათ, სწორედ ის უნდა ყოფილიყო. ბოლოსდაბოლოს, სიმღერა ყოველ მესამე ქართველს შეუძლია და თოკზე უთოკოდ ტაშტით სიარული მხოლოდ ერთეულებს. მართალია, სუნთქვის შეკვრა კარგ სიმღერასაც შეუძლია, მაგრამ დაძაბულობით შეკრული სუნთქვა უფრო ძნელი გასახსნელია და ნომერიც შესაბამისად, უფრო ეფექტური.

    რადგან მეორე ფინალისტზე ჩამოვარდა სიტყვა, ბარემ აქვე  გამოვთქვამ ვერსიებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრინციპით აირჩია ხალხმა მეორე ფინალისტ(ებ)ი:

    ვერსია # 1: “კარგად იმღერეს” – თუმცა, ამ ლოგიკით მეორე ნახევარფინალში მარიამ კახელიშვილს უფრო მეტი ხმა უნდა ჰქონოდა;
    ვერსია  # 2: “მხიარული დუეტი” - თუმცა, ამ ლოგიკით ფინალში მამა-შვილი ღამბაშიძეები უნდა გასულიყვნენ;
    ვერსია # 3: “თბილი ისტორია ” (ბაღიდან ერთად მოვდივართ ხელიხელჩაკიდებულები) – თუმცა, ამ ლოგიკით, აკას და გვანცას ქორწილი კიდევ უნდა გადაედოთ…
    ვერსია # 4: “საყვარლები არიან” – თუმცა, ამ ლოგიკით ტყუპებს კონკურენტი არ უნდა ჰყოლოდათ.
    ვერსია # 5: “სტრეიზანდის სიმღერა შეასრულეს” – თუმცა, ამ ლოგიკით, ხათუნა მეგრელიშვილმა რაღა დააშავა?
    ვერსია # 6:

    ყველაზე მართალი, მე მაინც ბოლო, მეექვსე ვერსია მგონია.

    ახალი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ “ახალი სტილისგან”  ჟიურის მსგავსად, სხვებიც უფრო მეტს ელოდნენ. ერთადერთი რამაც გაოცებისაკენ მიბიძგა ის მოცეკვავე იყო, რომელსაც თავისი სხეულის ტერიტორიაზე “თავბრუსხვევა ნონ-გრატა” ჰქონდა გამოცხადებული.

    იოსებ გოგიას ცეკვას რაც შეეხება. მისთვის ყველაფერი შეიძლებოდა გვეწოდებინა, გარდა “ეროტიკულისა”. კლასიკური მუსიკის მოყვარული ნიკასგან კი ის გამიკვირდა, რომ მას ამ მუსიკის ბოლომდე მოსმენის სურვილი აღარ გაუჩნდა.

    ჰო, ეროტიკულს რაც შეეხება. შემდეგი ნახევარფინალი, სულ მცირე, იმით მაინც იქნება გამორჩეული, რომ…

    …და ისე, ქართული რეალური შოუები ყოველთვის გოგოების აქტიურობით უფრო გამოირჩეოდა. შემდეგ გადაცემაში კი უკვე მამაკაცთა “გახურებას” უნდა ველოდოთ…

     

    6 April

    მესამე ნახევარფინალი

    თინი, ბლოგერი tiny.ge-დან

    გუშინდელ ლაივს ყველაზე ნაკლები ემოციებით ველოდებოდი რატომღაც, მაგრამ ყველაზე ემოციური კი აღმოჩნდა ჩემთვის! ბევრი მოულოდნელობა და კარგი შოუ – კარგი ნომრებით, ასე შემიძლია საერთო ჯამში შევაფასო. თუმცა,  რა თქმა უნდა, ყველა ნომერი არ მომეწონა…

    ჩვენს ღრმა, საბჭოთა ბავშვობაში მხოლოდ ერთადერთი სპორტული ფორმები იყიდებოდა და იმას მაგონებს… – მაია

    new style-ს პირველი გამოსვლა ყველას დაგვამახსოვრდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ნომერი შოუს ისტორიაში. იმ გადაცემის ფავორიტებიც გახდნენ და საერთოდაც, ითვლებოდა, რომ შოუს ერთ-ერთი ფავორიტი კონკურსანტი იყო. ამის ფონზე მაყურებელსაც და ჟიურისაც გაუცრუვდათ იმედები. შეიძლება არაკომპეტენტური ვარ ამ საკითხში, მაგრამ ალბათ სულ პირველად რომ ვხედავდე მსგავსი სახის ცეკვებს, მაინც ვიტყოდი, რომ მთლიანობა არ იგრძნობოდა ცეკვაში. სინქრონიც არ იყო დიდად დაცული. შეიძლება იმის გამო ხდება, რომ ძალიან ბევრი მონაწილეა და ყურადღება იფანტება, ვეღარ ხვდები რომელს მიაქციო ყურადღება. თუმცა, პროფესიონალები რომ არიან, ნამდვილად ეტყობათ და ვიცი,  შრომა არ დაეკარგებათ. ჟიურის კრიტიკას რაც შეეხება, ვთვლი, რომ სამართლიანი იყო. ისე, მაიას შეფასებაზე გულიანად ვიცინე და გავხალისდი, ისეთი ეპითეტით შეამკო ჯგუფის ჩაცმულობა :D ჩაცმულობას მე არ შევეხები, საბჭოთა ბავშვობაში არ ვიცი რა ხდებოდა, მაგრამ  ეს უცნაური სპორტულები საერთო ჯამში არაეფექტური ნამდვილად იყო…

    ხათუნამ გმირულად გაართვა თავი ამ სიმღერის ტექნიკურ სირთულეებს-ნიკა

    სიმღერის ტექნიკურ სირთულეებზე დავეთანხმები ნიკას და კარგად გაართვა თავი ხათუნა მეგრელიშვილმა, თუმცა გეგასაც უნდა დავეთანხმო და ისევ ბარბარა სტრეიზანდის სიმღერის შესრულება არასწორი გადაწყვეტილება მგონია. კიდევ ერთი რამ უნდა აღვნიშნო, ემოციები ვერ გამოიწვია ჩემში მისმა სიმღერამ. დავაკონკრეტებ: არიან ადამიანები, რომლებიც სულ უინტერესო თემაზე რომც ლაპარაკობდნენ, უნარი აქვთ “გაიძულონ” მოსმენა. ასევე არიან მომღერლები, რომლებსაც უნარი აქვთ “გაიძულონ” მოგასმენინონ, თუნდაც შენთვის არასაინტერესო ჟანრის სიმღერა. ჩემი აზრით, ეს უნარი აკლდა ხათუნა მეგრელიშვილს და ამიტომაც ვერ მიიქცია დიდად ჩემი ყურადღება…

    ეს იყო ქუთაისში…

    დიახ, ეს ქუთაისში იყო ის დიდი შეცდომა, რაც ჟიურიმ დაუშვა იოსებ გოგიას ნახევარფინალში გადაყვანით. სულ ვამბობდი, რომ არ უნდა გადაეყვანათ, მაგრამ გარკვეული იმედები გამიჩნდა, როცა პრომოები ვნახე და საინტერესო კოსტუმში გამოწყობილი იოსებ გოგია დავინახე. არ გავდა რაღაც თავის წინა გამოსვლას… მაგრამ ნომერი როგორც კი დაიწყო, მაშინვე მივხვდი- განწირული იყო მინიმუმ კრიტიკისთვის. კრიტიკის მაქსიმუმი სამი ღილაკი აღმოჩნდა. აქვე აღვნიშნავ, რომ ჟიურის ნახევარფინალის დროსაც აქვს უფლება წითელ ღილაკებს ხელი დააჭიროს და გამომსვლელს შეაწყვეტინოს ნომერი, რაც მოხდა კიდეც იოსებ გოგიას გამოსვლისას, პირველად “ნიჭიერის” ისტორიაში. ძალიან მოსაწყენი იყო მართლა! მაიამ ცოტა არასწორედ დასვა აქცენტი – არაესთეტიური იყო, დამთრგუნველიო. შეიძლება რაღაც იყოს დამთრგუნველი, მაგრამ თან საინტერესო და ყურებადი. უბრალოდ,  მოსაწყენი იყო. პანტომიმა ისეთი ჟანრია, უამრავი საინტერესო ნომრის მოფიქრება შეიძლება. თანაც, მარტო არ იდგა სცენაზე  და მოსწავლეებთან ერთად შეიძლებოდა მრავალფეროვანი ნომრის გაკეთება. მათთვის, ვისაც აინტერესებს, თუ რა ხდებოდა ნომერში შემდეგ – რეპეტიციებიდან როგორც ვიცი, არც არაფერი, მაგ ტემპში და სტილში გრძელდებოდა გამოსვლა.

    ჯგუფის სახელი მინიმუმ მათ შინაგან და გარეგან სამყაროს შორის გამყოფს უნდა ნიშნავდეს- ვანიკო

    ვაშა, დაბრუნდა ცეცხლი ჩვენს სცენაზე! – მაია

    “შუშა”-ს თუ ასეთი მუხტი ჰქონდა,არ ვიცოდი :D მთელი დარბაზის თავიანთი მუსიკით დამუხტვა მოახერხეს, მართლა. აი ეს იყო ნამდვილი მოჭარბებული ემოციები ერთად! კომპოზიცია ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ ისეთია, რომ მაშინვე აგეკვიატება, მაშინვე გემღერება,  მაშინვე ითავისებ. ბოლოს უკვე მეც დავიწყე მათთან ერთად სიმღერა :D პირველ ტურთან შედარებითაც დახვეწილები იყვნენ ჩემი აზრით და გუშინდელი შოუს ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებში თამამად დავასახელებ!

    შეხმატკბილებული ოჯახი

    ურთიერთობების შეხმატკბილებას გულისხმობდნენ ალბათ წამყვანები, თორემ სიმღერაში შეხმატკბილება მაინცდამაინც ვერ შევნიშნე. საერთოდაც, როცა მათი გამოსვლის სრული ვერსია დაიდო (ტელევიზორში სულ რამდენიმე წამით აჩვენეს და ვერ მივხვდი რა იყო), დავფიქრდი – რა მიზეზით გადაიყვანეს მეთქი. სანახევარფინალო გამოსვლაც არ მომეწონა. საქართველოში ყოველი მეორე მღერის მსგავსად და მსგავს რეპერტუარს, არაფერი განსაკუთრებული არ იყო.

    ჟიურიმ გვითხრა, რომ კარგი გოგოები ვართ…

    როცა ტყუპებს გავესაუბრე და მითხრეს, დღეში 4 საათს ვვარჯიშობთო, მაინცდამაინც არ დავიჯერე :D მაგრამ მათი გამოსვლა რომ ვნახე, მივხვდი -სიმართლე მითხრეს, სხვანაირად შეუძლებელია ასეთი მოძრაობები შეასრულო!

    _გეგა, შენც შეგეშინდა?

    _ვაღიარებ, ვინერვიულე!

    თამამად შემიძლია ვთქვა, რამაზ გარშაულაშვილი უფრო მყარად დგას ჰაერში გაჭიმულ ბაგირზე, ვიდრე მე მიწაზე! თან მეშინოდა, თან  გაოცებული ვიყავი, თან “ვაიმე, რა მაგარია” აღმომხდებოდა ხოლმე დროდადრო… ძალიან მომეწონა, რომ სრულიად განსხვავებული ნომერი შემოგვთავაზა და პირველი ტურის მსგავსი რამე არ გაიმეორა. იმდენად პროფესიონალია ეს ადამიანი, რომ ამაზე მეტად ალბათ შეუძლებელია საცირკო ხელოვნების დახვეწა! აბა, ბევრს გინახავთ ჰაერში შესრულებული შალახო? :D

    გუგა, შენ ხარ ერთადერთი, ვინც ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა წინა გამოსვლიდან აქამდე! -გეგა

    გუგას გამოსვლის დროს მთეელი დარბაზი იდგა ფეხზე! ძალიან სწორად შერჩეული რეპერტუარი, ძალიან დიდი წინსვლა პირველი ტურის შემდეგ (თუმცა მე პირველი ტურის ნომრითაც აღფრთოვანებული ვიყავი) და კიდევ ერთი ფავორიტი ნომერი ნიჭიერის სცენაზე!  როგორც ნიკამ თქვა, მეც მინდოდა არ დამთავრებულიყო გუგას ნომერი :D

    თუ გვერდში მდგომი არ გიყვარს, კარგად ვერ იმღერებო-მაიას “ანდაზირებული” შეფასება

    მგონი, რომ გაიგეს ნიკა მემანიშვილს ბარბარა სტრეიზანდი უყვარსო, ყველამ გადაწყვიტა ამით მოეგოთ მისი გული :D  ამჯერად ჟიურიმ მარის და ბაბის ნამღერში ვერ აღმოაჩინა მუტაციები. მე არ ვიცი რა უნდა ვთქვა ამ ნომერზე, მომეწონა პრინციპში მათი ნამღერი, მაგრამ მოდი, ბოლოსთვის შემოვინახავ მთავარ სათქმელს.

    ძალიან მიყვარს ეს სცენა…ნიჭიერი მიყვარს…და ყველანი მიყვარხართ…დედიკო მიყვარხარ…

    მართალი გითხრათ, პირველ ტურში მაინცდამაინც არ მომეწონა გვანცას და აკას გამოსვლა. სანახევარფინალო ნომერი უფრო ემოციური იყო. გრძნობებზე ლაპარაკი  (რაც რატომღაც პირდაპირ გადაჯაჭვულია ხუთშაბათ საღამოსთან და ისეთი დოზებით, ბოლოს უკვეე გავღიზიანდი :D) ჟიურის ამ გადაცემაში ბევრი მოუვიდა და მეც აღარ მინდა მივამატო. უბრალოდ, მართლა ლამაზი ნომერი იყო :)

    და ყველასათვის საძულველი და თან საინტერესო ბოლო მომენტი…ბოლო წამები…

    უკვე გავიგეთ, რომ არანაირი პროგნოზები არ არსებობს, მაგრამ ასეთ დონეზე? “ბაბი და მარი”-ო რომ გამოაცხადეს, მართლა შოკი დამემართა. ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჩავსვი, რატომ უნდა დაეჭირა 32%-ს მათთვის მხარი. სიმართლეს თვალებში შევხედოთ და საფინალოები ნამდვილად არ არიან! კი ბატონო, კარგი იყო პირველი ტური…კი ბატონო, ნახევარფინალშიც მოვისმინეთ, მაგრამ ფინალში არანაირი სურვილი არ მქონდა მათი ხილვის – მომიტევონ გულშემატკივრებმა.

    ჟიურის გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილი ვარ. გუგა ნამდვილად ნიჭიერია და რომ არ გადასულიყო ფინალში, გული დამწყდებოდა.

    საერთო ჯამში, როგორც შოუ კარგი იყო თავისი ემოციებიან-მოულოდნელობებიანად და ვთვლი, რომ წარმატებულად გრძელდება ნიჭიერი! მეოთხე ნახევარფინალამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. იაქტიურეთ და ამჯერად მაინც მოვახერხოთ, რომ მაყურებლის ხმებით ის მონაწილე გავიდეს ფინალში, რომელიც მართლა იმსახურებს ამას!

    გადაცემის ფავორიტ კადრს გიტოვებთ და მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით :)

    1 April

    “სიკვდილის ჯგუფი”

        ბექა, a.k.a. მჩხაპნელი ბლოგიდან Doin.ge  

       “უცხოპლანეტელებს – თუკი ისინი საერთოდ არსებობენ – ალბათ, არც ყურები აქვთ და არც ფეხები, რადგან ის, ვინც “ჩაკრულოს” მოუსმენს, შეუძლებელია საქართველოში არ ჩამოვიდეს და არ შეგვაქოს” – თხემით ტერფამდე ამაყი ქართველი. 

       სიმღერაში რომ ნიჭიერები ვართ, ეს უკვე მთელი გალაქტიკის მასშტაბითაა ცნობილი. სწორედ ამიტომ, რა გასაკვირია, რომ ფინალში გა(სულ)ყვანილი ოთხი მონაწილიდან სამის ნომერი მიკროფონთან მჭიდრო კონტაქტში ჩაივლის.  როგორც ჩანს, ქართულ გენეტიკურ კოდში ჩადებული ფაქტია ის, რომ ნებისმიერი სახით შესრულებული სიმღერა (სიმით თუ უსიმოდ) მაყურებელთა გულის სიმებს მაინც ყველაზე მეტად არხევს და ეს მობილურთა სიმ-ბარათების ანგარიშზეც კარგად აისახება. 

    volk-როლი ფოლკლორში

    "volk-როლი ფოლკლორში"

       “ნიჭიერის” მეორე კონცერტი კი წინაზე სანახაობრივი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, სცენაზე გამოსული ათი კონკურსანტიდან მხოლოდ ორის ამორჩევა, დაახლოებით იგივე იყო, რაც: 

    • “შოთას, ილიას, აკაკის, ვაჟას და გალაკტიონს”  შორის საუკეთესოს დასახელება;
    •  ”ყვითელი პრესის” ერთ-ერთ საფირმო შეკითხვაზე: “არჩევნის შემთხვევაში, კარიერას ამჯობინებდით თუ ოჯახსო?” – გულწრფელი პასუხის გაცემა;
    • “ჰოლივუდურ” ფილმებში, მთავარი გმირის მიერ იმ ერთადერთი უსაფრთხო მავთულის  ამორჩევა, რომლის გადაჭრაც  წითელციფრიან წამზომს ბოლო წამს შეაჩერებს…
    • … და სხვა.

         ამასთანავე, უკვე სერიოზულად დამაინტერესა იმანაც, თუ ვინ ზრუნავს თიკას ჩაცმულობაზე. მისი სამოსის ზედა ნაწილი, ამჯერად შუა საუკუნეების ომგადახდილი რაინდის აბჯრის ნარჩენებს უფრო ჰგავდა, ვიდრე თანამედროვე დიზაინერის ჩანაფიქრს -განსხვავებული ფერის ნაჭერი ჩაეკერებინა იქ, სადაც კი ნემსი მიუწვდებოდა.

         მონაწილეებს რაც შეეხებათ: 

       ნინო ქუთათელაძის სამოსურმა მეტამორფოზამ მე რატომღაც სტენდალი გამახსენა. მაია ასათიანი კი საკითხს უფრო ცხოვრებისეულად მიუდგა  და მოცეკვავე ისე დაახასიათა (“იცის ხელსაქმე, ქსოვა, კულინარია და არის კარგი დიასახლისი”), მეგონა, ეკრანზე “ო/შ/მ” ან  რაიმე მსგავსი წარწერა აენთებოდა. 

         მაიას მხრიდანვე გაისმა კიდევ ერთი საინტერესო ფრაზა: “მე მაბრალებენ, რომ ვარ სენტიმენტალური და დე, დამაბრალონო…” 

       (შენიშვნა: “დაბრალება” – სახელზმნა. აღნიშნავს ვისიმესთვის ან რისიმესთვის ისეთი ხასიათის, ქმედების, საქციელის მიწერას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შენიშვნის მიზანს ქვემოთ შევეხები) 

    წითელი და შავი

    "წითელი და შავი"

         კარატისტების გამოსვლის შემდეგ კი დაემხო ჩემი წინასწარმეტყველება, რომ ჟიური “ქების პულვერიზატორად” გარდაიქმნებოდა და გამომსვლელებს მხოლოდ ხოტბა-დიდებას შეასხამდა. ტყუპების ნომერი აბდუშაჰილისეულ “მე ჯერ სალამი არ დამემთავრებინა”- ს უფრო ჰგავდა, ვიდრე იმ გამოსვლას, რომელიც ფინალს იმსახურებდა.

    "ჟრჟოლვის კატალიზატორი"

        “რასაცა გასცემ შენია”-სა და “რასაც დასთეს, იმას მოიმკი”-ს ჭეშმარიტება ლევან შავაძის ნომრის შემთხვევაში კარგად გამოჩნდა: კონცერტის დასაწყისში, მაყურებლებისათვის მოტანილი ემოციის სანაცვლოდ, ამ კონცერტის გმირი სახლში ისეთი ემოციით “დამძიმებული” დაბრუნდა, რომ ღამეს, ალბათ თავისივე გვარის “საწინააღმდეგო ფერად” გაათენებდა. 

        რეპერტუარიც სწორად, ანუ, ისე იყო შერჩეული, ბევრ მოქეიფე ბიძაკაცს, პატრიოტ ადამიანს და უბრალოდ დიასახლისს “უჰ, შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე” - ს რომ ათქმევინებდა და მერე ამ სიტყვების დემონსტრირებისათვის, ხელში მობილურს მოამარჯვებინებდა.

    "გრავიტაციის ძალა"

        ბელგიიდან ჩამოსული (ეს რომ არ აღინიშნოს, ისე რა არის “ნიჭიერის” არსებობის აზრი) ჯიმის ნომერი პირველ ტურთან შედარებით, აშკარად გაუმჯობესებული ჩანდა. თუმცა ერთი საოცარი შეფასება – “მუსიკა რომ გამოგვერთო, ცეკვა ეფექტს დაკარგავდაო” – მაინც გაისმა. ისე, ჟიურის მხრიდან მსგავსი ფრაზები კიდევ თუ გაგრძელდა, მალე ალბათ, ისიც დადგინდება, რომ “მუსიკის გარეშე სიმღერა ცუდი მოსასმენია” და “შოუს დასადგმელად ალბათ მონაწილეებიცაა საჭირო”. 

        თუმცა, ეს კომენტარი,  მომდევნოს ფონზე “მე უბრალოდ მუსიკის მოსმენა მინდოდა და ჯიმი იმიტომაც აღარ გავაჩერეო”, საერთოდ გაუფერულდა.  მგონი, ჩვენს საუკუნეში იმდენი საშუალება კი არსებობს, რომ  სიმღერით ტკბობა ინტერნეტის მეშვეობით განხორციელდეს და შესაბამისად, კონკურსანტებზე მსგავსი ირონიული კომენტარები აღარ გაკეთდეს. (მაიკლ ჯექსონის ამ სიმღერის ლინკი  - ექსკლუზიურად ნიკასთვის) 

       “იავნანამ” თავისი ნომრით თავისივე სახელი, საბედნიეროდ, არ გაამართლა და მხიარული გამოსვლით, ძილის სურვილი ნაკლებად გააჩინა. ერთის მხრივ, კარგია, რომ ნიჭთა ძიებაში ქართული ფოლკლორიც ფიგურირებს, თუმცა, როდესაც ეს ფოლკლორი “faulკლორად” გარდაიქმნება, ამის მიზეზი ქართველი ერის მხრიდან ნიჭის დაუფასებლობის ნაცვლად, მაინც უფრო შესრულებაში უნდა ვეძებოთ. 

    "მამა ნახე, შვილი ნახე..."

         ღამბაშიძეების გამოსვლისას “მამულის მხრიდან შვილის მიერ მამის დაჯაბვნის სურვილის”  გამოძახილი, ჟიურის კომენტარებით კიდევ ერთხელ დადასტურდა. ჩემი სატელეფონო ანგარიში “ანგარიშში ჩასათვლელი რომ არ ყოფილიყო”, ამ გამოსვლის მიმართ სიმპათიას უფრო მატერიალურადაც გამოვხატავდი.

        დოლების “დასჯისა” და “ცემა-ტყეპის” ნომერიც არანაკლებ საინტერესო, საოცარი და (აქ რამე დადებითი სიტყვა) გამოდგა. ინსტრუმენტიდან ინსტრუმენტზე მუსიკალური გადასვა კი იმდენად რბილად ხდებოდა, რომ ბგერებით მონიჭებულ სიამოვნებაში ჩაფვლა ადვილად იყო შესაძლებელი. თუმცა, ამ ნომერში განსაკუთრებით გამოსარჩევი აღმოჩნდა თიკას შეკითხვა: “ბატონო მიხეილ, თქვენ როგორი კმაყოფილები ხართ დღევანდელი გამოსვლითო”
     
    (აქვე მცირე გრამატიკული შენიშვნა: “თქვენობითი მიმართვის დროს, ყველა სიტყვა მრავლობით რიცხვში არ გადადის”) 

        ლირიკული წიაღსვლა (ზემოთნახსენები მიზნის ახსნა):
        1. “დარბაზში ზის გოგონა, რომელიც იძახის: ბაჩო მიყვარხარო… და მომეცი უფლება გავიგო ვინ არის! დაიყვირე რა, გოგონა…” – მაია ასათიანი
        2. “მე მაბრალებენ, რომ ვარ სენტიმენტალური” – მაია ასათიანი 

        კიდევ ერთი ჯგუფი, რომელმაც შოუს ელემენტები რეალურად შემოგვთავაზა ჯგუფი პლატინა იყო და ფინალში ხანძარს ნამდვილად იმსახურებდა.
         ჰო, ცეცხლზე გამახსენდა… რატომღაც, ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ ერთ დღეს დარბაზში გეგა მოულოდნელად აგიზგიზდება, ან, რაიმე მსგავსი ანომალია დაემართება.  (ჩემი ვერსიის საფუძველი: ვინაიდან იგი, კონცერტიდან კონცერტამდე სულ უფროდაუფრო საეჭვოდ შავდება.) 

          მერაბ კირაკოზაშვილის ნომერზე შიმშილისაგან კბილები ამიკაწკაწდა. ოდესღაც, ფიზიკაში დიფუზიას რომ მასწავლიდნენ, არ მჯეროდა რომ რაიმე სუნს (ამ შემთხვევაში, მწვადის) ჰაერის მოლეკულების მეშვეობით, დიდ მანძილზე მცირე დროში გადაადგილება ნამდვილად შეეძლო. ახლა დავიჯერე… 

         ჰო, ეს უბრალოდ ჩემი შინაგანი განცდებია, თორემ ნომერი რომ კარგი (და ბევრად მეტიც) იყო, ამას ყველა თქვენგანი ხვდებით და მტკიცებით იმისა, რაც ისედაც ნათელია, თქვენი “შეფასებისა და განსჯის უნარს” შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ. 

       და ბოლოს, დესერტი მაყურებელთა ყურებისათვის: 

       მარიამ კახელიშვილის სიმღერა გამოსვლათა იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ადამიანი რომ იტყვის: “ეს ნამდვილად გადასულიაო”, რის შემდეგაც, მობილურის მომარჯვების ნაცვლად, მოწონების ნიშნად, ხელებს გულზე დაიკრეფს და სიმღერით დატკბება. ალბათ, სწორედ ამის ბრალი უნდა იყოს ის, რომ მარიამ კახელიშვილის “გადარჩენა” ჟიურის მოუწია და მოსალოდნელი “ჯეოსტარიზაციის” გამო, ბევრის კრიტიკაც დაიმსახურა.

         პ.ს: როგორც პატივცემული ჟიური იტყოდა, დღეისათვის სულ ეს იყო…