პოსტები კატეგორიიდან „Mchxapneli“

7 May

მეცამეტე სერიის დასასრული

ბექა, a.k.a მჩხაპნელი ბლოგიდან Doin.ge

“რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფრის ბოლო მაინც კეთილია”- თქვა დედაბერმა, როცა მისი მოხუცი წავიდა და თავი ჩამოიხრჩო(ასტრიდ ლინდგრენი – “მაწანწალა რასმუსი”)

“ნიჭიერზე” ტოტალიზატორში ფსონები რომ ყოფილიყო, მოთამაშეები ტოტალურ წაგებას ნამდვილად ვერ გადაურჩებოდნენ.

პროექტის ფინალის FIN-ალური ნაწილის ალი არც იმდენად მხურვალე აღმოჩნდა, რომ მაყურებელთა უმეტესობის გული დადებითად აეგიზგიზებინა. პირიქით – შედეგი ისეთივე მოულოდნელი იყო ყველასათვის, როგორც რობინზონ კრუზოსთვის – 28 წლის შემდეგ დანახული გემი, კატისათვის – პარასკევ დღეს ძირს ჩამოვარდნილი ძეხვი, უცხოელისათვის – თხილის გულის ცხრა ნაწილად გაყოფის ალბათობის დაშვება, ბებიაჩემისთვის – ამ აბზაცში მისი მოხსენიება და ა.შ.

თუმცა, როგორც ერთდროულად შაკიკითა და სურდოთი შეპყრობილი პაციენტი ექიმს ეტყოდა: “სჯობს თავიდან დავიწყოთ…”

“Next level”-ის გამოსვლები “ნიჭიერის” სცენაზე, მისივე სახელწოდების მეორე სიტყვას მაგონებს, ანუ, დებიუტიდან ფინალამდე და ფინალიდან დებიუტამდე, ორივე მიმართულებით, მათი ნომრები ერთნაირად კარგი აღმოჩნდა. ყველაზე მოსაწონი კი ის არის, რომ ჯგუფი ტერფსიქორესთან (ცეკვის მუზაა) ერთად ფანტაზიასთანაც აშკარად მეგობრობს და ამ მეგობრობის სინთეზი სცენაზე კარგად ჩანს. ფანტაზიის ფანტვას ვერც მოცეკვავეთა მეორე წყვილს დავაბრალებთ. მართალია, ერთი-ორ შემთხვევაში მომეჩვენა, რომ მათი ზოგიერთი ილეთი – “ეს ის არ იყო, რაც მეგონა… კი არადა, წესით უნდა ყოფილიყო”, მაგრამ ცეკვის საერთო ფონი ისე იყო დამშეული, რომ მცირე შეცდომები მთლიანად “შეჭამა”.

გადავინაცვლოთ ქართული ნიჭის ნოტურ სახესხვაობაზე. როგორც მახსოვს, ვიღაცამ მუსიკას “მსოფლიოში ყველაზე საშინელი ხმაური” უწოდა. თუმცა, ფინალის შემდეგ, ხსენებულმა “ვიღაცამ” ამ სიტყვების გამო ნამდვილად დაიმსახურა ის, რომ მისი სახელი კაცობრიობისათვის ბოლომდე უცნობად დარჩეს. (სულ მინიმუმ იმიტომ მაინც, სცენაზე მარიამ კახელიშვილმა და ანი ხანჩალიანმა კიდევ ერთხელ რომ იმღერეს). როგორც მოსალოდნელი იყო კარგად იმღერა გულნაზი გოლეთიანმა (მაგრამ მისი პირველი “დაუვარცხნელი” გამოსვლა მაინც უფრო მომეწონა), კარგად იმღერა ბაბისა და მარის დუეტმა, კარგად იმღერა ლევან შავაძემ და… ისევ საყვარელი იყო მარიამ ფაჩულია. (ეს აბზაცი ეძღვნება მკითხველთა იმ ნაწილს, რომელსაც მარტივი წერა უყვარს, რადგან ამდენი სახელი და გვარი ერთ პატარა მონაკვეთში არასოდეს გამომიყენებია).

მე და გიტარა ისე შორს ვართ ერთმანეთისგან, როგორც ანი და ჰოე, ალფა და ომეგა, “რაც უფრო” და “მით უფრო ვტკბები”, “პოზიცია” და “ოპოზიცია”… მოკლედ, გიტარაზე დაკრული აქამდე მხოლოდ სუფრებსა და ანტონიო ბანდერასის ფილმში მქონდა მოსმენილი (ნანახი). (აქვე უნდა აღვნიშნო იმის ცოდნაც, რომ ჯიმი ჰენდრიქსი “აი, ძაან მაგარია”). ჰოდა, აქედან გამომდინარე, მე რომ ავთო ნაცარაშვილის დაკრული შევაფასო, მოგვიანებით მინიმუმ სინდისმა უნდა მქენჯნოს, რომ ასეთმა არაკომპეტენტურმა მსმენელმა ეს საქმე საკუთარ თავზე ავიღე. სინდისი კი, როგორც გერცენმა აღნიშნა, ყველაზე დიდი ინკვიზიტორია.

ინკვიზიტორზე რატომღაც ერთი მონაწილე გამახსენდა, რომელიც საკუთარ ფილტვებს “უკანასკნელ ამოსუნთქვამდე” ტანჯავს. ერთ-ერთ ფილოსოფოსს აქვს ნათქვამი… არა, ასე რთულად გამოვა. მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთი და ორი სუბიექტის ტანჯვა იმით არის გამართლებული, რომ ამის შედეგად სიამოვნებას გაცილებით მეტი ინდივიდი იღებს. (მაინც ჩახლა-რთული გამოვიდა). აქედან გამომდინარე, დიდი იმედი მაქვს, რომ გუგა ჭყონია ქართული სივრციდან ისევე არ გაქრება, როგორც რეალური თუ სხვა შოუების მონაწილეები გაუჩინარდნენ.

“გაქრობის” თემიდათემიდას შეურაცხყოფაზე მინდა გადავიდე, თორემ სამართალი რომ იყოს, “ნიჭიერის” მთავარი მქრობელი მას სამეულში მაინც უნდა მოეხვედრებინა. მართალია, საოცარი ნახევარფინალური ნომრის შემდეგ ფინალის ყურებისას საზოგადოების ნაწილს უკმარისობის შეგრძნება დარჩა, მაგრამ რობაქიძის თითოეული გამოსვლა მაინც ისეთი “შთა”-მბეჭდავი იყო, რომ ფინალის მიმდინარეობისას საკმაოდ ბევრი “შთა”-ს დაბეჭდვა მოასწრო. სამწუხაროა, რომ ამ ნომერმა სათანადო ნომრული ასახვა მობილურ ტელეფონებზე ვერ ჰპოვა.

რაზე უნდა გადავიდე შთამბეჭდავიდან, თუ არა პარკურზე და რა უნდა ვთქვა მათ ნომერზე, თუ არა კარგი. ასპროცენტიანი ასები არიან (აქვე მცირე განმარტება: “ასი” – პროფესიონალი მფრინავი). ფინალურ ნომერში დამატებული მანქანა კი მრავალფეროვნების… თუ მრავალსაგნოვნების კუთხით, ნამდვილად კარგი მიგნება აღმოჩნდა.

გადავიდეთ გამარჯვებულზე… (სანამ თვითონ ის “დრიმ თაუნის” ბინაში გადავა). უკვე ბევრი ითქვა, დაიწერა, გაითათხა, გაიკიცხა და ბევრი სხვა არცთუ თავაზიანი ზმნა დაფიქსირდა ყველაზე ნიჭიერის მიმართ. თუმცა, დამნაშავე იმაში, რომ ლევან შავაძემ გაიმარჯვა, არც “ნიჭიერის” შემოქმედებითი ჯგუფია და მით უმეტეს, არც ლევან შავაძე. უბრალოდ, საკითხი “ხალხის ბრძნობის” შესახებ, ეჭვქვეშ კიდევ ერთხელ აღმოჩნდა.

თუმცა, გამარჯვება მხოლოდ პირველი ადგილით არ გამოიხატება. როგორც პათეტიკური ადამიანები იტყოდნენ: ხალხის სიყვარულიც უდიდესი გამარჯვებაა :)

და ბოლოს, მინდა ეს ბოლო პოსტი ისევე მოჭრილად დავასრულო, როგორც თავად პროექტი დასრულდა.
ყოველგვარი პ.ს-ების გარეშე: მომავალ შეხვედრამდე! :)

22 April

რას გვეკითხება ამოცანა?

ბექა, a.k.a მჩხაპნელი, ბლოგერი Doin.ge-დან

“მათემატიკა მხოლოდ აქსიომების გამო მიყვარს. წარმოიდგინეთ – ამტკიცებთ, რომ  მაგალითად “პარალელური წრფეები ერთმანეთს არ კვეთენ” და კაციშვილს არ  უჩნდება სურვილი, შეგეწინააღმდეგოთ” -  ”რას იტყვის ხალხი”-ს ფობიით შეპყრობილი ფილოლოგი.

შეუძლებელია ისეთი რამე დაწერო, რაზეც ყველა უსიტყვოდ დაგეთანხმება. სულ მინიმუმ იმიტომ მაინც, რომ ამის გაკეთება თვით ღმერთმაც კი ვერ მოახერხა და მოსეს “ალპინისტური შესაძლებლობები” კაცობრიობის დიდმა ნაწილმა მცნებების რღვევით მთლიანად წყალში ჩაყარა. მიხვდებოდით, რომ დილეტანტურ-თეოლოგიური ფილოსოფია დასაწყისში ტყუილად არ მომიტანია. ამის გამო, ”ზეგარდმო მადლით მოსილი იდეებიდან” ისეთ ყოფიერ საკითხებზე თუ გადავინაცვლებთ, როგორიც “ნიჭიერის” დასკვნითი ნახევარფინალია, შეიძლება ითქვას, რომ მან დიდი ვნებათა-ღელვის ფონზე ჩაიარა. ვნების ტალღები კი ისეთი რამ არის, რომ ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანისათვის ვნების მოტანა  შეუძლია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე გადაცემა ბოლო დროს გავრცელებული ჰიპოთეზების ფონზე განმეხილა და მათი აქსიომებად ქცევა, ან, უარყოფა მეცადა:

ჰიპოთეზა # 1: “მარიამ ფაჩულია ძალიან საყვარელი, ნიჭიერი ბავშვია და შემდეგ ეტაპზეც სამართლიანად გადავიდა”

როგორც ილია იტყოდა, “ერთი უცნაური ზნე გვჭირს ქართველებს”. თითქმის ყოველთვის გვგონია, რომ ჩვენს ერთ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და საზოგადოება ჩვენ გარეშე, ისედაც ყოველთვის იმას აირჩევს, ვინც გვინდა.

თუმცა, უცნაური ზნე მხოლოდ ერთი რომ იყოს, კიდევ არაფერი.  ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ მყისიერად ვიწყებთ “მოთქმას ხმითა თავ-ბოლო ერთი”, რომლის თავიც და ბოლოც მომხდარის მიზეზების სხვებისათვის გადაბრალებაა. ასეთ დროს კრიტიკის ქარცეცხლში ხშირად ისინიც ხვდებიან, ვისაც ამ მიზეზებთან საერთო არაფერი აქვთ და დომინირებს ფრაზები: “ოჰ, ეს საზიზღარი ჟიური; გაგიხმათ ხელი (ან უკიდურეს შემთხვევაში “ენა”-ც), ხალხი კი არა, ბრბოა” და ა.შ.

ვისაც კლავიატურა ჰქონდა და არ დაეზარა, უმეტესობამ აღნიშნა, რომ მარიამს თვით უსამართლობამ “დაუმესიჯა” და თავისი უდიდესი ანგარიშით ყველა სხვა მიწიერის სატელეფონო ბალანსი გადაფარა. ისიც თქვეს, რომ “ანა-ბანაში” მყოფ ბავშვებს სიმღერის ანა-ბანა უკეთესად ესმით და მარიამი “ბასტი-ბუბუ”-ში უნდა მისულიყო. ხოლო, ვისაც საქართველოში მცხოვრები ყველა მოგვარე ერთმანეთის ნათესავი ჰგონია, იმას ამერიკაში მყოფი ერთი კალათბურთელიც გაახსენდა.

თუმცა, რა თქმა უნდა, “მჯობზე მჯობით წყურვილის მოუკვლელობის” ანდაზის მიხედვით, მაგალითად, ფიზიკაში აინშტაინი რეზერფორდზე უფრო ნიჭიერი თუ იყო, ეს რეზერფორდის უნიჭობაზე სულაც არ მეტყველებს. ამასთან, ზოგმა ისიც გადაწყვიტა, რომ მარიამი დედის არყოლით მანიპულირებდა. საერთოდ, “მანიპულირება” ამ შემთხვევაში ძალიან უხეში სიტყვაა და მიუხედავად იმისა, რომ “ნიჭიერში”  “moneyპულირების” მიზნით ხშირად  ამოტივტივდება, ამ ნომრის შეფასებისას, რთულია, იგივე სიტყვა გამოიყენო.

ისე, თუკი ადამიანი ახერხებს იმას, რომ თავისი გამოსვლით პოტენციურ და მოსალოდნელ ფავორიტზე მეტი ხმა შეაგროვოს, ალბათ, ესეც უკვე თავისებური ნიჭია.

ჰიპოთეზა # 2: “პარკურიც კი კარგი იყო, მაგრამ მოზაიკა ხუთეულში მაინც რატომ არ დაასახელეს?

საკითხისადმი სპირიტუალური მიდგომა არასოდეს მიყვარდა, ამიტომ ვერ ვიტყვი იმას, იამაყებდა თუ არა ჯექსონი, ცოცხალი რომ ყოფილიყო და ”მოზაიკის” ცეკვა ენახა. კაცია და გუნება, ბოლოსდაბოლოს. ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან (უფრო სწორად,  შესახედიდან) შევაფასებ, რომ ამ ჯგუფის ნომერი “ილია და მის უკან მდგომი სარკეები”-თ დაგვესათაურებინა. მართალია, ზედმეტი გამოყენებისგან ეს ”კარგი სინქრონიც” უკვე ძალიან გაიცვითა, მაგრამ მაინც არ შემიძლია, რომ ამ შემთხვევის აღსაწერად ეს არ აღვნიშნო. (აქვე დავსძენ იმასაც, რომ ილიას ძმაკაცი არ ვარ)

“პარკურის” გადაფრენისას, ერთადერთი რაც  ვერ გავიგე ნომრის “პროფილის” მუსიკით დაწყება იყო. შეიძლება იმიტომ, რომ პირველი ეფექტური გამოსვლის შემდეგ რაღაც “ზე”-ს ველოდი. პრინციპში, ამისი მიზანი თუ მაიას ჩამოდნობა და მისი მზერის გაღიმილიანება იყო, მაშინ ყველაფერი გასაგებია. ფაქტი ერთია, პარკური მოზაიკაზე არანაკლებ ეფექტური გამოდგა და იმაზე მსჯელობა, თუ რომელი უფრო მეტად იმსახურებდა გადასვლას, სჯობდა კვირის განმავლობაში ცოტა მეტ “მესიჯში” გადაზრდილიყო, რაც ყველანაირ კამათს მარტივად გადაჭრიდა.

რა პრინციპით გადაწყდა ხუთეულში ერთ-ერთის შეყვანა ჟიურის და მათი ნაცნობების, ან, მათი ნაცნობებისა და ჟიურის გარდა არავინ იცის. სიტუაციამ, თავისი სიმძაფრით, ბურიდანის ერთი ცნობილი ექსპერიმენტის პირობა მომაგონა, როდესაც ორი თივის ზვინს შორის მყოფი მშიერი ვირი მათ შორის არჩევანის გაკეთების პროცესში,  შიმშილით განიგმირა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ორ კარგს შორის საუკეთესოს ამორჩევა ყოველთვის ძნელია და ჟიურისაც ეს გადაწყვეტილება “ცივ გონებაზე” უნდა მიეღო. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი კონკურსანტი მის წევრთა ჰოროსკოპების იმდღევანდელი პროგნოზის საშუალო არითმეტიკულით უნდა გადაეყვანათ. პარკური უბრალოდ უფრო იღბლიანი აღმოჩნდა.

ჰიპოთეზა # 3: “ფსიქოლოგიურად დადგენილია, რომ როდესაც ადამიანი რაიმეს პრეზენტაციას აკეთებს, 7 წუთის შემდეგ მას უკვე ნაკლებად უსმენენ”

ფსიქოლოგებმა უნდა აღიარონ, რომ რობაქიძესთან ბრძოლაში იოლად დამარცხდნენ. ილუზიასთან შეჭიდებისას მაყურებელიც დამარცხდა, მაგრამ სასიამოვნოდ. მთავარი ფაქტორი, რამაც ერთადერთი უეჭველი აზრი: “ილუზიონისტმა ფინალი ნამდვილად დაიმსახურაო” განამტკიცა, იუმორისა და შოუს შექმნის დიდი ნიჭია (he did it). რა თქმა უნდა, შესაშური უნარია, რომ მაყურებელი  “მაჩვების” საშუალებით much  web-ში (ილუზიის უფრო მეტ ქსელში) რაც შეიძლება მეტად გაახვიო.

არ გამიზომია ზუსტად რამდენი წუთი გავიდა მას შემდეგ, რაც რობაქიძე სცენაზე შემოვიდა და ბანქოს ქაღალდები როგორც “პოტენციური დაბრკოლება” წიქარაზე მჯდომი ბიჭივით უკან გადაყარა, მაგრამ ფაქტია, რომ შვიდი, რვა, ცხრა,ათი და… (თვლა მილიონამდე ვიცი) მეტი წუთიც რომ ყოფილიყო, ალბათ (კარგი სიტყვაა, ყოველთვის გაზღვევს ხოლმე) არ მომწყინდებოდა.

აზრი # 1: “ის ორი, ან, შავი კაცი ვინღა იყო, ჰა?”

ლათინური ცეკვების შესახებ საუბრისას, გეგამ სრულ დაბნეულობაში ჩამაგდო. წინა გადაცემაზე, აკა და გვანცას შეფასებისას, მან ჭიათურელმა წყვილმა მათზე უკეთესად იცეკვა. სოფოსა და ლევანის წყვილის შეფასებისას კი ისინი წინა ორი წყვილის ტოლფასად გამოაცხადა. მათემატიკურად რომ ვთქვათ, პირველი მეტი იყო მეორეზე (I > II) და მესამე პირველ ორს არც აღემატებოდა და არც ჩამორჩებოდა (III = II = I). თუმცა, მათემატიკურადვე თუ დავფიქრდებით, მსგავსი რამ ყველანაირად შეუძლებელია. (ეს ისე, ციკლიდან “მე ინტრიგანობის პოტენციალი მაქვს”)

ორი რამ მომხვდა თვალში: მოცეკვავეთა სიშავე (რაც ვიცი, რომ მიღებული და კარგია. უბრალოდ თვალს ხვდება) და კარგად შესრულებული ცეკვა. ამასთან, ვერ მივხვდი, თუ რატომ უნდა მიაქციო ყურადღება მოცეკვავე ადამიანებს პირზე, როცა ეს ორგანო ცეკვაში ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებ მონაწილეობას იღებს.

არაბულ ცეკვას რაც შეეხება. მის შესახებ დადებითი აზრი და სიმპათია, რომელიც შესარჩევ კონკურსზე გამიჩნდა, ამ გამოსვლის შემდეგ მხოლოდ გაიზარდა და ელენე ფინალშიც რომ გადაეყვანათ, ალბათ სრულ(წლოვან)ყოფილების ასაკსაც მიაღწევდა. ჰო, და, კიდევ არაბული სამყაროს ილუსტრირებისათვის გამოყვანილ დამატებით კონკურსანტებზე “ორი კაცი რაღა საჭირო იყო. ჰა?” დამოკიდებულებაც ვერ გავიგე კარგად, სიმართლე რომ ვთქვა.

ჰიპოთეზა  # 4: “მაგდა ნიკოლეიშვილი გულნაზ გოლეთიანზე ნაკლები არაფრით ყოფილა”.

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ფინალში გულნაზ გოლეთიანია და არა მაგდა ნიკოლეიშვილი სწორედ ის პრეისტორიაა, რომელსაც მავანნი თავშიხსენებულ “მანიპულირებას” უწოდებენ. ჩვენ “გაგვიპიარეს” გულნაზ გოლეთიანი, მოაყოლეს ისტორია, გაგვიჩინეს რაღაცნაირად თბილი დამოკიდებულება (კარგადაც იმღერა, რა თქმა უნდა), რაც მაგდა ნიკოლეიშვილის შემთხვევაში არ ყოფილა. ეს იყო და ეს.

აზრი # 2: гирогерой с гирой

აი, ასე… დაეფსოს ახლა ბერძნულ მითოლოგიას, ან, მასში მყოფ ციკლოპს ის ერთადერთი თვალი, საუკუნეების მანძილზე ჰერაკლესა და ატლანტის (დედამიწა რომ ეჭირა) დიდი მონდომებით რომ გვაშურინებდა (ახალი სიტყვაა).  არ ვიცი, თორმეტი გმირობა ჰერაკლეს მსგავსად გიროსაც თუ აქვს ჩადენილი, მაგრამ მან თუ მოინდომა და საყრდენი წერტილი მისცეს, იქნებ არქიმედეს ერთი ცნობილი სურვილიც განახორციელოს. სხვა ძალოსნებთან შედარებით ეს მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო (“ერთ-ერთის” გარეშე თუ არა) ნომერი იყო და მიუხედავად იმისა, რომ დროში ცოტათი გაიწელა, ფინალს ისიც არანაკლებ იმსახურებდა.

რას გვეკითხება ამოცანა:

ძნელია ისეთი რაიმე დაწერო, რაზედაც ყველა უსიტყვოდ დაგეთანხმება…
…ვნების ტალღები კი ისეთი რამ არის, რომ ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანისათვის ვნების მოტანა  შეუძლია…

სწორედ ამიტომ, პოსტის წერისას, მე ორი ჰიპოთეზის/აზრის გადმოცემის მომენტში გულწრფელი არ ვიყავი და თუ რომელი იყო ეს ორი ჰიპოთეზა, ყველამ თავისი დამოკიდებულების მიხედვით გადაწყვიტოს… :)

15 April

“შენ დაუკარ!!!”

ბექა, a.k.a მჩხაპნელი ბლოგიდან Doin.ge

“შენ დაუკარ!!!”რესტორანსა და ღვინის ზემოქმედების ქვეშ ერთდროულად მყოფი ამოჩაჩულღიპიანპერანგიანი ბიძაკაცი

“ნიჭიერის” მეოთხე ნახევარფინალმა მინიმუმ ორი ადამიანისათვის მაინც წარმატებულად ჩაიარა და შესაბამისად, ფინალში ამავე რაოდენობის ღირსეული, მაგრამ მაინც მუსიკალური ნომერი გადავიდა. ფინალის “ნოტიზაცია“-ზე ნოტაციის კითხვას აღარ დავიწყებ, რადგან შემდეგ კვირას, მაყურებელი მის პალიტრაში დამატებით ორ განსხვავებულ ფერს შეიტანს, რაც შოუს უფრო მრავალფეროვანს და სანახაობრივს გახდის.

მეოთხე ნახევარფინალს რაც შეეხება. გადავწყვიტე, დღეს მცირე ექსპერიმენტი ჩამეტარებინა და მისი მსვლელობა სხვადასხვა პროფესიისა თუ ხასიათის მქონე ადამიანთა თვალთახედვიდან გადმომეცა. მაშ ასე:

ინტრიგანი: “ისე, ჯიბეები გეგასაც აქვს და მაიასაც, მაგრამ “მე ვარ და ჩემი ნაბადიო” პოზიცია კი არ დაუჭერიათ.  სხვისი არ ვიცი, მაგრამ როდესაც ამდენი ხალხი ტაშით გეგებება, სულ მცირე ხელები მაინც უნდა გამოაჩინო, კბილები (ღიმილი) თუ არა…”

ბერძნული მითოლოგიის მოყვარული: “თიკას დიზაინერი სიზიფეს მაგონებს, რადგან ტანისამოსს ნელ-ნელა, ეტაპობრივად, გადაცემიდან გადაცემამდე ავითარებს. თუმცა, როგორც კი მწვერვალს მიაღწევს, ბრახ და… რაღაც დეტალი ისევ უკან აბრუნებს. წამყვანების ერთადერთ და უმნიშვნელო აქილევსის ქუსლად მათ სიმაღლეებს შორის არსებული სხვაობა შეიძლება მივიჩნიოთ. სწორედ ამიტომ, ამ ვირტუალური ქუსლის ფონზე თიკას ფეხსაცმლის რეალური მაღალქუსლიანობა რაღა საჭირო იყო, ალბათ, ზევსმა იცის…”

ისტორიკოსი: “ვანიკოს კოსტუმმა “მაკნატუნა”, ნაპოლეონის პერიოდის არმიის ოფიცერი და პრესტიჟული სასტუმროს მეკარის ლივრეა ერთდროულად მომაგონა. ამ უცნაური სამოსის, კერძოდ კი შემბოჭავი საყელოს გამო წამყვანს კისერი ისევე დაძაბული და გაშეშებული ჰქონდა, როგორც მაგალითად, ჩარლზ პირველს 1649 წლის 30 იანვარს… სანამ თავს მოკვეთდნენ.”

ცინიკოსი: “დღეს იმედი გვაქვს, უფალი დაგვეხმარება, რომ ჩვენ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება” - © მაია ასათიანი. ნუთუ, ათიდან “ნიჭიერზე” ჩართული ცხრა ტელევიზორი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ყველაფერში ღმერთი არ ჩავრიოთ და პროექტის ყურება მასაც არ ვთხოვოთ?

მათემატიკოსი: ჰო, კონკურსანტებს რაც შეეხება. მომეჩვენა, რომ “Westside Dancer”-ებისთვის მიმატება-გამრავლება საჭირო აღარ იყო, რადგან სიმრავლის გამო, ისინი ერთი სიბრტყის ნაცვლად სივრცეში იყვნენ გაფანტულები და არაპარალელურად მოქმედებდნენ. პირადად მე, მათი ფინალში გასვლის იმედის სხივი, იმ მონაკვეთში ჩამიქრა, როდესაც გეგამ ერთ-ერთ უცნობ წევრს ხელი დააჭირა. მართალია, მოცეკვავეები მოკლე რადიუსის მქონე პერიმეტრის ფართობზე პოზიციებს ხშირად იცვლიდნენ და ცდილობდნენ, რომ ყველა, ასე თუ ისე, თანაბრად წარმოჩენილიყო, მაგრამ მოგეხსენებათ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ამოცანა გვეკითხება: რამდენად მოსალოდნელი იყო საბოლოო შედეგი, თუ მოცეკვავეებმა სულ შემოსული 26 732 ხმის მხოლოდ 10 % მიიღეს?

პოეტი:

“ნიჭიერია”… ჰო, ჯახის
და ბრძოლის დილა თენდება.
ზოგის გვიმღერის ოჯახი,
ზოგიც იშლება ბენდებად.

ზოგი დაეძებს ბუკეტებს
(მიეცი, ამურ, ძალები)
ზოგსაც ხასიათს უკეთებს,
მებრძოლი ამორძალები.

გულზე მოგიხსნით ანაც ლოდს,
ნინო მთელს დარბაზს ახურებს
და-ძმა ქეიფის სანაცვლოდ
“სკეტჩებს” გვთავაზობს, კახურებს.

ზოგს – ჯადოსნური გიტარა,
ზოგს – ტონიანი გირები,
თავზე თუ გადაიტარა…
(მანამდე შევეწირები)

სანამ მავანნი სიმს ხრიან,
ტანს აწვალებენ ტყუპები…
…ბოთლიც თუ გადაიმსხვრია…
(მანამდე დავიღუპები)

თუმცაღა თვალს კი ართობდი,
ვერ დაგაფასეს “ვესტ საიდ”
“ნიჭიერს” ორშაბათობით
საით წაუხვალ? ვერც საით…

ქიმიკოსი: საერთოდ, ნივთიერებათა ნებისმიერი სახის ნაერთი მეტად სახიფათოა, რადგან შეცდომის შემთხვევაში ცუდი და საშიში რეაქციის გამოწვევა შეუძლია. ავთო ნაცარაშვილმა კი ერთი შეხედვით ერთმანეთის შეუსაბამო ელემენტები, ისე გემოვნებიანად დაუკავშირა ერთმანეთს, რომ ნომერს  NaCl-იც არ აკლდა.

ჰაგიოგრაფი: საზოგადოების წევრთა აზრები ხშირად ისევე “ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა”. ამ შოუმდე ნინო ჯავახიშვილი “სამგზის საწყალობელად” ითვლებოდა და ჯანდაცვის სამინისტროს გაფრთხილებასავით თან სდევდა ფრაზა “ნუ უყურებთ, რამეთუ ნუუკუე მტერმან ვითარცა სრსჳვილმან საძოვარი არ ჰპოვოს თქვენ თანა”. თუმცა, მისი ახალი ნომერი იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ ერის სიწმინდის დამცველთა მიზნის – “მტკიცედ სდგა”- ს სიმტკიცის მიუხედავად, კრიტიკა მაინც ნაკლებად დაიმსახურა, პირიქით შექება თუ არა.

"ქარიშხალი სცენაზე"

აფერისტი: ნიკა აბსოლუტურად გულწრფელი იყო, როდესაც ბერაძეების ოჯახი ამ წელს საუკეთესოდ აღიარა და მათი ნამღერი მთლიანად მოიწონა. ვეთანხმები, კარგად იმღერეს. არც ხმაში მცირე აცდენები ჰქონიათ და არც არაფერი. გამიკვირდა, რომ ვერ გავიდნენ.

ლიტერატურის მოყვარული: “ფანტაზიის” ნომერი რაღაცით იმ შემთხვევას ჰგავდა, “ტომ სოიერის თავგადასავლის” წაკითხვას რომ დაასრულებ და პირდაპირ თომას მანზე გადახვალ. რატომღაც გერტრუდ სტაინის ის სიტყვები მახსენდება პირველი მსოფლიო ომის მომსწრე მწერლებს “დაკარგული თაობა” რომ უწოდა და მოკრძალებით დავსძენ, რომ ამ გამოსვლისთვის “დაკარგული ბავშვობა” ასეთივე წარმატებით შეგვეძლო გვეწოდებინდა.

ფიზიკოსი: ვასილ ხაჩიძის ნომრის ახსნა ფიზიკის საშუალებით შეუძლებელია, რადგან როდესაც კბილები სიმძიმისა და მიზიდულობის ძალაზე უფრო ძლიერია, აქ საქმე ზებუნებრივ, ესე იგი, მეტაფიზიკურ ნიჭთან გვაქვს. თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ეს ძალა, ნიუტონის მეორე კანონიდან გამომდინარე, გირის მასისა და უკან გადასროლილი სხეულის აჩქარების ნამრავლით დავადგინოთ. ნუ, ეს მათთვის, ვისაც საქმე არ აქვს და დანარჩენებისთვის მარტივად ვიტყვი, რომ ვასილ ხაჩიძის ფიზიკურმა მონაცემებმა ყველა სხვა ფიზიკურ ძალას გადააჭარბა.

პუნქტუაციის მცოდნე: სამყაროს სამართლიანობას კითხვის ნიშანი პირველად მაშინვე დავუსვი, როდესაც ტანმოვარჯიშე ტყუპები ფინალში არც ხალხმა გაიყვანა და ჩემს იმედებს ჟიურიმაც სამი წერტილი დაუსვა. საკმაოდ მძიმე განაჩენია. ისიც გამიკვირდა, რომ დარბაზიდან უკმაყოფილოთა ძახილის ნიშანიც კი არ შეიმჩნეოდა. რომ იცოდეთ რამდენი ვი-ტირე

არქეოლოგი: ანა ხანჩალიანი ჩემთვის უდიდესი აღმოჩენაა, შეიძლება უფრო დიდიც კი, ვიდრე შლიმანისათვის – ტროა, ან, ჰოვარდ კარტერისათვის – ტუტენჰამონის მუმია იყო. ის მუსიკალურად მეტად განვითარებული homo sapiens-ია და მისი ხმის მოსმენისას, ლამისაა ისიც ვიწამო რომ იერიქონის კედლები მართლაც საყვირების ხმით დაანგრიეს.

ბრძნული გამონათქვამების მოყვარული: “შეცდომები რომ არ დაუშვა, ამისათვის გამოცდილებაა საჭირო, მაგრამ გამოცდილების მისაღებად შეცდომები უნდა დაუშვა”. ჰოდა, ანი პავლიაშვილს ახლა ნამდვილად აქვს იმის გამოცდილება, რომ სხვა კონკურსზე ისევ მარტო და ისევ გიტარით ხელში გავიდეს. ასე, მას უფრო დიდი შანსი ექნება.”

არიფი წინასწარმეტყველი: მომავალ ორშაბათს საკმაოდ ძლიერი ათეული იკრიბება. ამის გამო, ერთადერთი პროგნოზი, რისი გაკეთებაც ამჟამად შემიძლია არის ის, რომ კვირა დღის შემდეგ აუცილებლად ორშაბათი დადგება და ყველანაირი გათვლებით, ძალიან მაგარი შოუ უნდა გამოვიდეს…

8 April

“მესიჯები” აღმართს ხნავს…

ბექა, a.k.a მჩხაპნელი, ბლოგერი Doin.ge-დან  

“ხალხი ბრძენია!” - ხალხურ

“ნიჭიერის” მესამე ნახევარფინალმა ფინალისტების ნახევარი უკვე განსაზღვრა. მისმა დასასრულმა კი რაღაცით არტურ კონან დოილის დეტექტივების კვანძის გახსნა მომაგონა: გაშერლოკჰოლმსებულმა ხალხმა ფავორიტად ის(ინი) დაასახელა, ვისაც ამ ამპლუაში მთელი კონცერტის მანძილზე ვერ წარმოვიდგენდი.  შესაბამისად, კიდევ უფრო გაიზარდა შანსი იმისა, რომ ფინალში საქართველო ნიჭიერ მომღერალს აირჩევს. სიტუაცია დაახლოებით ისეა, როგორც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებათა უმეტესობაში, სადაც მეოთხედფინალებში ინგლისის ოთხივე გუნდი გადის ხოლმე და სხვები უბრალოდ იმიტომ ხვდებიან, რომ  ტურნირზე მეტი ინგლისური გუნდი აღარ მონაწილეობს. იქ ფეხბურთი გამოსდით კარგად, აქ – სიმღერა და შედეგიც სახეზეა. ამასთანავე, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ შემდეგ ნახევარფინალში ანა ხანჩალიანის გასვლის დიდი ალბათობაც არსებობს.

თიკას საკონცერტო ჩაცმულობა რატომღაც ჩემი დაკვირვების ერთ-ერთ ძირითად ობიექტად ჩამოყალიბდა. თუმცა, წინა შოუებისგან განსხვავებით, ამჯერად მისი დიზაინერის შესახებ სასიამოვნოდ დადებითმა აზრებმა გამიელვა. იმდენად დადებითმა, რომ წამყვანის კაბა ვეღარც რაინდის აბჯარს, ვეღარც შივას ხალათს და ვეღარც რაიმე ასეთ ინტრიგანულ საგანს შევადარე…  მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თიკა ამ დღეს უჩვეულოდ შეუდარებელი იყო.

სამაგიეროდ, ისევ დაფიქსირდა ჩვეული კომენტარები, ჩვეული გრამატიკული შეცდომებით და ჩვეული ადგილიდან:

ა) “ნეტავ თქვენ სად დაგიმაგრეს მიკროფონი ბატონებო და ქალბატონებო” – “ებ” ნაწილაკი, როგორც წესი, მრავლობით რიცხვს აღნიშნავს. ვანიკო, ისევე როგორც თიკა მხოლობითი რიცხვია. მიკროფონები მაგრდება ტანსაცმელზე. ტანსაცმელს იცვამენ. ჯამი ჭურჭელია…

გრამატიკულად გამართვის შემთხვევაში კი, ეს ფრაზა შინაარსობრივად რელევანტური მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო, როგორც ეს ერთ ძველ ანეგდოტშია:
ტაქსისტს შიშველი ქალი ჩაუჯდება მანქანაში და რადგანაც ყველა კაცი ერთნაირია, მათი ეს მუზმუზელა წარმომადგენელიც პერიოდულად სარკეში აპარებს თვალს.
“-რა იყო შიშველი ქალი არ გინახავს?!” - უკვირს მგზავრი
” – როგორ არა. უბრალოდ, მაინტერესებს ფულს საიდან უნდა ამოიღოთო” – პასუხობს ტაქსისტი…
ეს ისე

ბ) “დღეს თქვენ დგეხართ დიდ სცენაზე…” - ზმნა “დგომა”  მეორე პირის  მრავლობით რიცხვში გამოითქმის როგორც “დგახართ”

გ) “ცოტა მეშინოდა დღევანდელი დღე წარუმატებლად დაიწყო – თქო” - ნაწილაკი “თქო” გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთი პირი მეორეს მესამესთან რაიმე სათქმელს აბარებს, ხოლო როდესაც ადამიანი თავის მიერ ნათქვამ სიტყვებს, გამოიყენება ნაწილაკი –  ”მეთქი” (მეხუთე კლასის გრამატიკის სახელმძღვანელო)

ამასობაში, კონცერტებზე კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. წამყვანები “აიძულებენ” ხალხს, რომ გამოიცნონ სად მთავრდება ამოქაქანება და იწყება კომენტარი. როდესაც გულის კალაპოტიდან ამომგდები ნომრები სრულდება, ალბათ გადაცემისთვის უფრიანი (უფრო უპრიანი) იქნება, თუ გულს, ამ ბუნებრივ თხოვნას შეუსრულებენ და დააცდიან, რომ ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდეს.

გულიდან სხეულის სხვა ორგანოებზე გადავინაცვლოთ. ერთი ბრეჟინევისეული ფრაზის გათანამედროვებული ვერსიით თუ ვიტყვით: “ანახეთ გუგას ფილტვები მსოფლიოს და სიგარეტის მოწევა აღარ იქნება”.
ახალგაზრდა შეპირმოქმედის გამოსვლა იმდენად ყურმბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მისი ფინალსმიღმა დატოვება, შემდეგ ორშაბათს ”ნიჭიერზე” ჩართული ათიდან ცხრა ტელევიზორის რიცხვს კიდევ  რამდენიმე ერთეულით  შეამცირებდა.

ჰო, რეიტინგზე გამახსენდა… ”ნიჭიერში” პროფილისეულმა წიაღსვლებმა ისე იმატა, რომ დიდია შანსი, მალე ორშაბათობითაც “პროფილი” გავიდეს, ამჯერად “ნიჭიერისეული” წიაღსვლებით. გასაგებია, რომ აკას და გვანცას ერთმანეთი უყვართ, რომ ქორწილიც ამისთვის გადადეს და ნომრის შესრულებისასაც იგრძნობოდა, რომ მათ ერთმანეთთან მხოლოდ ცეკვის სიყვარული არ აკავშირებთ. მე მგონი, არც ის არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფორმაცია, თუ სად არის მებონიების ოჯახისათვის ამ გვარის მიმნიჭებელი ადამიანი. უკვე “ხუთშაბათი საღამოს” სიტყვათშეთანხმებით ხუმრობაც იმ დასაშვებ ზღვარს გაცდა, რომლის იქით სიცილის ნაცვლად უფრო სხვაგვარ ემოციებს იწვევს.

ესეც ისე…

კარგი გამოსვლა ჰქონდა რამაზ გარშაულაშვილს… გამოსვლა რა, გადასვლა! ფინალის მრავალფეროვნებისათვის, მეორე ფინალისტ, ალბათ, სწორედ ის უნდა ყოფილიყო. ბოლოსდაბოლოს, სიმღერა ყოველ მესამე ქართველს შეუძლია და თოკზე უთოკოდ ტაშტით სიარული მხოლოდ ერთეულებს. მართალია, სუნთქვის შეკვრა კარგ სიმღერასაც შეუძლია, მაგრამ დაძაბულობით შეკრული სუნთქვა უფრო ძნელი გასახსნელია და ნომერიც შესაბამისად, უფრო ეფექტური.

რადგან მეორე ფინალისტზე ჩამოვარდა სიტყვა, ბარემ აქვე  გამოვთქვამ ვერსიებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრინციპით აირჩია ხალხმა მეორე ფინალისტ(ებ)ი:

ვერსია # 1: “კარგად იმღერეს” – თუმცა, ამ ლოგიკით მეორე ნახევარფინალში მარიამ კახელიშვილს უფრო მეტი ხმა უნდა ჰქონოდა;
ვერსია  # 2: “მხიარული დუეტი” - თუმცა, ამ ლოგიკით ფინალში მამა-შვილი ღამბაშიძეები უნდა გასულიყვნენ;
ვერსია # 3: “თბილი ისტორია ” (ბაღიდან ერთად მოვდივართ ხელიხელჩაკიდებულები) – თუმცა, ამ ლოგიკით, აკას და გვანცას ქორწილი კიდევ უნდა გადაედოთ…
ვერსია # 4: “საყვარლები არიან” – თუმცა, ამ ლოგიკით ტყუპებს კონკურენტი არ უნდა ჰყოლოდათ.
ვერსია # 5: “სტრეიზანდის სიმღერა შეასრულეს” – თუმცა, ამ ლოგიკით, ხათუნა მეგრელიშვილმა რაღა დააშავა?
ვერსია # 6:

ყველაზე მართალი, მე მაინც ბოლო, მეექვსე ვერსია მგონია.

ახალი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ “ახალი სტილისგან”  ჟიურის მსგავსად, სხვებიც უფრო მეტს ელოდნენ. ერთადერთი რამაც გაოცებისაკენ მიბიძგა ის მოცეკვავე იყო, რომელსაც თავისი სხეულის ტერიტორიაზე “თავბრუსხვევა ნონ-გრატა” ჰქონდა გამოცხადებული.

იოსებ გოგიას ცეკვას რაც შეეხება. მისთვის ყველაფერი შეიძლებოდა გვეწოდებინა, გარდა “ეროტიკულისა”. კლასიკური მუსიკის მოყვარული ნიკასგან კი ის გამიკვირდა, რომ მას ამ მუსიკის ბოლომდე მოსმენის სურვილი აღარ გაუჩნდა.

ჰო, ეროტიკულს რაც შეეხება. შემდეგი ნახევარფინალი, სულ მცირე, იმით მაინც იქნება გამორჩეული, რომ…

…და ისე, ქართული რეალური შოუები ყოველთვის გოგოების აქტიურობით უფრო გამოირჩეოდა. შემდეგ გადაცემაში კი უკვე მამაკაცთა “გახურებას” უნდა ველოდოთ…

 

1 April

“სიკვდილის ჯგუფი”

    ბექა, a.k.a. მჩხაპნელი ბლოგიდან Doin.ge  

   “უცხოპლანეტელებს – თუკი ისინი საერთოდ არსებობენ – ალბათ, არც ყურები აქვთ და არც ფეხები, რადგან ის, ვინც “ჩაკრულოს” მოუსმენს, შეუძლებელია საქართველოში არ ჩამოვიდეს და არ შეგვაქოს” – თხემით ტერფამდე ამაყი ქართველი. 

   სიმღერაში რომ ნიჭიერები ვართ, ეს უკვე მთელი გალაქტიკის მასშტაბითაა ცნობილი. სწორედ ამიტომ, რა გასაკვირია, რომ ფინალში გა(სულ)ყვანილი ოთხი მონაწილიდან სამის ნომერი მიკროფონთან მჭიდრო კონტაქტში ჩაივლის.  როგორც ჩანს, ქართულ გენეტიკურ კოდში ჩადებული ფაქტია ის, რომ ნებისმიერი სახით შესრულებული სიმღერა (სიმით თუ უსიმოდ) მაყურებელთა გულის სიმებს მაინც ყველაზე მეტად არხევს და ეს მობილურთა სიმ-ბარათების ანგარიშზეც კარგად აისახება. 

volk-როლი ფოლკლორში

"volk-როლი ფოლკლორში"

   “ნიჭიერის” მეორე კონცერტი კი წინაზე სანახაობრივი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, სცენაზე გამოსული ათი კონკურსანტიდან მხოლოდ ორის ამორჩევა, დაახლოებით იგივე იყო, რაც: 

  • “შოთას, ილიას, აკაკის, ვაჟას და გალაკტიონს”  შორის საუკეთესოს დასახელება;
  •  ”ყვითელი პრესის” ერთ-ერთ საფირმო შეკითხვაზე: “არჩევნის შემთხვევაში, კარიერას ამჯობინებდით თუ ოჯახსო?” – გულწრფელი პასუხის გაცემა;
  • “ჰოლივუდურ” ფილმებში, მთავარი გმირის მიერ იმ ერთადერთი უსაფრთხო მავთულის  ამორჩევა, რომლის გადაჭრაც  წითელციფრიან წამზომს ბოლო წამს შეაჩერებს…
  • … და სხვა.

     ამასთანავე, უკვე სერიოზულად დამაინტერესა იმანაც, თუ ვინ ზრუნავს თიკას ჩაცმულობაზე. მისი სამოსის ზედა ნაწილი, ამჯერად შუა საუკუნეების ომგადახდილი რაინდის აბჯრის ნარჩენებს უფრო ჰგავდა, ვიდრე თანამედროვე დიზაინერის ჩანაფიქრს -განსხვავებული ფერის ნაჭერი ჩაეკერებინა იქ, სადაც კი ნემსი მიუწვდებოდა.

     მონაწილეებს რაც შეეხებათ: 

   ნინო ქუთათელაძის სამოსურმა მეტამორფოზამ მე რატომღაც სტენდალი გამახსენა. მაია ასათიანი კი საკითხს უფრო ცხოვრებისეულად მიუდგა  და მოცეკვავე ისე დაახასიათა (“იცის ხელსაქმე, ქსოვა, კულინარია და არის კარგი დიასახლისი”), მეგონა, ეკრანზე “ო/შ/მ” ან  რაიმე მსგავსი წარწერა აენთებოდა. 

     მაიას მხრიდანვე გაისმა კიდევ ერთი საინტერესო ფრაზა: “მე მაბრალებენ, რომ ვარ სენტიმენტალური და დე, დამაბრალონო…” 

   (შენიშვნა: “დაბრალება” – სახელზმნა. აღნიშნავს ვისიმესთვის ან რისიმესთვის ისეთი ხასიათის, ქმედების, საქციელის მიწერას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შენიშვნის მიზანს ქვემოთ შევეხები) 

წითელი და შავი

"წითელი და შავი"

     კარატისტების გამოსვლის შემდეგ კი დაემხო ჩემი წინასწარმეტყველება, რომ ჟიური “ქების პულვერიზატორად” გარდაიქმნებოდა და გამომსვლელებს მხოლოდ ხოტბა-დიდებას შეასხამდა. ტყუპების ნომერი აბდუშაჰილისეულ “მე ჯერ სალამი არ დამემთავრებინა”- ს უფრო ჰგავდა, ვიდრე იმ გამოსვლას, რომელიც ფინალს იმსახურებდა.

"ჟრჟოლვის კატალიზატორი"

    “რასაცა გასცემ შენია”-სა და “რასაც დასთეს, იმას მოიმკი”-ს ჭეშმარიტება ლევან შავაძის ნომრის შემთხვევაში კარგად გამოჩნდა: კონცერტის დასაწყისში, მაყურებლებისათვის მოტანილი ემოციის სანაცვლოდ, ამ კონცერტის გმირი სახლში ისეთი ემოციით “დამძიმებული” დაბრუნდა, რომ ღამეს, ალბათ თავისივე გვარის “საწინააღმდეგო ფერად” გაათენებდა. 

    რეპერტუარიც სწორად, ანუ, ისე იყო შერჩეული, ბევრ მოქეიფე ბიძაკაცს, პატრიოტ ადამიანს და უბრალოდ დიასახლისს “უჰ, შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე” - ს რომ ათქმევინებდა და მერე ამ სიტყვების დემონსტრირებისათვის, ხელში მობილურს მოამარჯვებინებდა.

"გრავიტაციის ძალა"

    ბელგიიდან ჩამოსული (ეს რომ არ აღინიშნოს, ისე რა არის “ნიჭიერის” არსებობის აზრი) ჯიმის ნომერი პირველ ტურთან შედარებით, აშკარად გაუმჯობესებული ჩანდა. თუმცა ერთი საოცარი შეფასება – “მუსიკა რომ გამოგვერთო, ცეკვა ეფექტს დაკარგავდაო” – მაინც გაისმა. ისე, ჟიურის მხრიდან მსგავსი ფრაზები კიდევ თუ გაგრძელდა, მალე ალბათ, ისიც დადგინდება, რომ “მუსიკის გარეშე სიმღერა ცუდი მოსასმენია” და “შოუს დასადგმელად ალბათ მონაწილეებიცაა საჭირო”. 

    თუმცა, ეს კომენტარი,  მომდევნოს ფონზე “მე უბრალოდ მუსიკის მოსმენა მინდოდა და ჯიმი იმიტომაც აღარ გავაჩერეო”, საერთოდ გაუფერულდა.  მგონი, ჩვენს საუკუნეში იმდენი საშუალება კი არსებობს, რომ  სიმღერით ტკბობა ინტერნეტის მეშვეობით განხორციელდეს და შესაბამისად, კონკურსანტებზე მსგავსი ირონიული კომენტარები აღარ გაკეთდეს. (მაიკლ ჯექსონის ამ სიმღერის ლინკი  - ექსკლუზიურად ნიკასთვის) 

   “იავნანამ” თავისი ნომრით თავისივე სახელი, საბედნიეროდ, არ გაამართლა და მხიარული გამოსვლით, ძილის სურვილი ნაკლებად გააჩინა. ერთის მხრივ, კარგია, რომ ნიჭთა ძიებაში ქართული ფოლკლორიც ფიგურირებს, თუმცა, როდესაც ეს ფოლკლორი “faulკლორად” გარდაიქმნება, ამის მიზეზი ქართველი ერის მხრიდან ნიჭის დაუფასებლობის ნაცვლად, მაინც უფრო შესრულებაში უნდა ვეძებოთ. 

"მამა ნახე, შვილი ნახე..."

     ღამბაშიძეების გამოსვლისას “მამულის მხრიდან შვილის მიერ მამის დაჯაბვნის სურვილის”  გამოძახილი, ჟიურის კომენტარებით კიდევ ერთხელ დადასტურდა. ჩემი სატელეფონო ანგარიში “ანგარიშში ჩასათვლელი რომ არ ყოფილიყო”, ამ გამოსვლის მიმართ სიმპათიას უფრო მატერიალურადაც გამოვხატავდი.

    დოლების “დასჯისა” და “ცემა-ტყეპის” ნომერიც არანაკლებ საინტერესო, საოცარი და (აქ რამე დადებითი სიტყვა) გამოდგა. ინსტრუმენტიდან ინსტრუმენტზე მუსიკალური გადასვა კი იმდენად რბილად ხდებოდა, რომ ბგერებით მონიჭებულ სიამოვნებაში ჩაფვლა ადვილად იყო შესაძლებელი. თუმცა, ამ ნომერში განსაკუთრებით გამოსარჩევი აღმოჩნდა თიკას შეკითხვა: “ბატონო მიხეილ, თქვენ როგორი კმაყოფილები ხართ დღევანდელი გამოსვლითო”
 
(აქვე მცირე გრამატიკული შენიშვნა: “თქვენობითი მიმართვის დროს, ყველა სიტყვა მრავლობით რიცხვში არ გადადის”) 

    ლირიკული წიაღსვლა (ზემოთნახსენები მიზნის ახსნა):
    1. “დარბაზში ზის გოგონა, რომელიც იძახის: ბაჩო მიყვარხარო… და მომეცი უფლება გავიგო ვინ არის! დაიყვირე რა, გოგონა…” – მაია ასათიანი
    2. “მე მაბრალებენ, რომ ვარ სენტიმენტალური” – მაია ასათიანი 

    კიდევ ერთი ჯგუფი, რომელმაც შოუს ელემენტები რეალურად შემოგვთავაზა ჯგუფი პლატინა იყო და ფინალში ხანძარს ნამდვილად იმსახურებდა.
     ჰო, ცეცხლზე გამახსენდა… რატომღაც, ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ ერთ დღეს დარბაზში გეგა მოულოდნელად აგიზგიზდება, ან, რაიმე მსგავსი ანომალია დაემართება.  (ჩემი ვერსიის საფუძველი: ვინაიდან იგი, კონცერტიდან კონცერტამდე სულ უფროდაუფრო საეჭვოდ შავდება.) 

      მერაბ კირაკოზაშვილის ნომერზე შიმშილისაგან კბილები ამიკაწკაწდა. ოდესღაც, ფიზიკაში დიფუზიას რომ მასწავლიდნენ, არ მჯეროდა რომ რაიმე სუნს (ამ შემთხვევაში, მწვადის) ჰაერის მოლეკულების მეშვეობით, დიდ მანძილზე მცირე დროში გადაადგილება ნამდვილად შეეძლო. ახლა დავიჯერე… 

     ჰო, ეს უბრალოდ ჩემი შინაგანი განცდებია, თორემ ნომერი რომ კარგი (და ბევრად მეტიც) იყო, ამას ყველა თქვენგანი ხვდებით და მტკიცებით იმისა, რაც ისედაც ნათელია, თქვენი “შეფასებისა და განსჯის უნარს” შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ. 

   და ბოლოს, დესერტი მაყურებელთა ყურებისათვის: 

   მარიამ კახელიშვილის სიმღერა გამოსვლათა იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ადამიანი რომ იტყვის: “ეს ნამდვილად გადასულიაო”, რის შემდეგაც, მობილურის მომარჯვების ნაცვლად, მოწონების ნიშნად, ხელებს გულზე დაიკრეფს და სიმღერით დატკბება. ალბათ, სწორედ ამის ბრალი უნდა იყოს ის, რომ მარიამ კახელიშვილის “გადარჩენა” ჟიურის მოუწია და მოსალოდნელი “ჯეოსტარიზაციის” გამო, ბევრის კრიტიკაც დაიმსახურა.

     პ.ს: როგორც პატივცემული ჟიური იტყოდა, დღეისათვის სულ ეს იყო…

    

25 March

“შესარჩევი ტურები “მოკვდა”! გაუმარჯოს ახალ ეტაპს!”

ბექა, a.k.a მჩხაპნელი ბლოგიდან Doin.ge

“არის! ასრულდა ოცნება…” - მეტაფორული ამოძახილი
“მჯობზე მჯობი არ დაილევა” – მეტ აფორიზმული შეფასება

მეორე ტური  – პოლიტიკოსებისათვის ზედმეტი თავის ტკივილია, “მარიოს” მოყვარულებისთვის – მიწისქვეშეთში მორბენალი ულვაშებიანი კაცი, სტიპენდიისა და დაფინანსების მოპოვების მსურველთათვის – უფულობიდან გაფულიანებისკენ გარდამავალი უღელტეხილი… “ნიჭიერის” კონკურსანტებისათვის კი გამოწვევა, რომ ჟიურის იმედები ცივი ნიავისგან დაიფარონ.

ნახევარფინალმა საერთო ჯამში წამ-ათებულად ჩაიარა, ანუ, ათი ნომრიდან მოსაწყენი არც ერთი  ყოფილა და ჰიპერბოლას თუ შევაწუხებთ, ეს ორი საათი თითქოს ათ წამში გავიდა. თუმცა, სანამ უშუალოდ კონკურსანტებზე გადავიდოდე – “რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი პირველი ცოცხალი კონცერტიდამ”:

"ჟიური ღილაკების გარეშე"

“მარინა ბერიძის სინდრომი”

როგორც პირველ კონცერტზე გამოჩნდა, მრისხანე სამეულს “გაჯეოსტარისჟიურების” საფრთხე ემუქრება. ანუ, დიდია შანსი იმისა, რომ მათ ხოტბა-დიდების შესხმის მეტი აღარაფერი აკეთონ და მხოლოდ იმაზე იზრუნონ, რომ საქებარი სიტყვები ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს.
ამის თავიდან ასარიდებლად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ისეთი ფრაზების უგულვებელყოფა, როგორებიცაა: “წინა ტურთან შედარებით უკეთესი იყო”, “ვნერვიულობდით, რომ თქვენ ვერ შეძლებდით კიდევ ერთხელ გაგეოცებინეთ, მაგრამ, საბედნიეროდ შევცდით”, “იცით, რომ ჭეშმარიტად ნიჭიერი ხართ?!”, “თქვენ შეძელით ის, რომ საკუთარი თავისათვის გეჯობნათ” და ა.შ.
ისე კი ნათქვამია, რომ “იდეალური არაფერი არსებობს”. ამის გამო, მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა ნომრები ქებას ნამდვილად იმსახურებენ, ჟიურიმ უნდა შეძლოს ის, რომ მაყურებელს ყოველი ნომრის მერე “დეჟავუს” შეგრძნება არ გაუჩნდეს.

“შივას ხალათი”

მითოლოგიური წიაღსვლა

მითოლოგიური წიაღსვლა

წამყვანებზე არსებული პრეტენზიებისათვის “განტევების ვაცი” თიკას კოსტუმი აღმოჩნდა.
ზოგმა ის თქვა, სახლში, გრილ საღამოს ჟაკეტს რომ მოისხამენ და სახელოების “შევსება” ეზარებათ, იმ სიტუაციას ჰგავდაო. ზოგიც უფრო შორს წავიდა და თიკას ჩაცმულობა ლეგენდარული ნანულის ხალათს შეადარა.
პირადად მე კი, რატომღაც ინდური მითოლოგიის ერთი ღმერთი გამახსენდა, რომელიც ხელების სიჭარბის გამო სავარაუდოდ ასეთ ჩასაცმელს ატარებდა.
სხვა მხრივ, წამყვანებზე საუბრისას ნაქეიფარ ქართველს ვემსგავსები, ანუ, პირში ენას არ მიბრუნდება, რომ მათზე რაიმე განსაკუთრებით კრიტიკული ვთქვა.

“შესანიშნავი ათეული”

მარკეტინგიდან ცნობილია, რომ “მომხმარებელს იმაზე მეტის მოლოდინი არ უნდა შეუქმნა, ვიდრე ამის შესაძლებლობა გაგაჩნია”, რადგან მსგავსი ნაბიჯი საზოგადოების იმედს ხშირად გაცრუებაში ეხმარება. სწორედ ამიტომ მაყურებელს სწამდა, რომ მეორე ტურში გასულ ყველა მონაწილეს “ურთულესი ტრიუკი (საკუთარ თავზე გადახტომა) უნდა შეესრულებინა” და ბევრად უკეთესად გამოსულიყო, ვიდრე პირველ ტურში.

"ეიფელის დაუმთავრებელი კოშკი"

“Next Level”-მა ამის გაკეთება პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობითაც მოახერხა. საერთოდ, ეს ჯგუფი რაღაცით “ლეგოს” კონსტრუქციას მაგონებს – საჭიროების შემთხვევაში მისი “ნაწილებისგან” ნებისმიერი რამის აწყობა შეიძლება. მით უფრო მაშინ, რომ ისინი თავიანთ ფანტაზიას ტყუილად არ ფანტავენ (აზიანებენ).
ამ ცეკვაზეც პირში წყალს ჩავიგუბებდი, თავის მხრივ მათ ნავთი ორ პირში რომ  ჩაეგუბებინათ და სცენის ერთი ბოლოდან მეორისკენ მხოლოდ ერთ ადამიანს არ ერბინა. რატომღაც მგონია, რომ ნომერი ორმაგი ცეცხლის ფონზე უფრო ეფექტური გამოვიდოდა.

გაოცებული აუf...დიტორია

"გაოცებული აუf...დიტორია"

ეფექტურობის ამბიცია ჰქონდა ახალგაზრდა ილუზიონისტის ნომერსაც და არცთუ უსაფუძვლოდ. თუმცა, ხალხის მოტყუების მცდელობისას  ავთო თავად მოტყუვდა.  ძნელია, “ეეჰ, უეჭველად ჩაწყობილი იყო”-ს განწყობაზე მომართული ქართველი ერი იმაში დააჯერო, რომ ვანიკომ წინასწარ არაფერი იცოდა და ბანქოს ქაღალდი ნიკას სურათზე შემთხვევით გაჩნდა.

კორნელი თავდადებული

კორნელი თავდადებული

შოუს დამთავრების შემდეგ კორნელი მაისაშვილის თავმა კორნელი მაისაშვილისვე ცხვირის საშუალებით, ალბათ შვებით ამოისუნთქა. თორემ ფინალში მის თავს ჯერ თავში და შემდეგ უკვე თავზე რა მოუვიდოდა, კაცმა არ იცის.

ირაკლი ძამუკაშვილმა დაპირებული “გაო…”-ს გარდა, ხალხის ყველანაირი “…ცება” (მათ შორის “ახორხო…”, “ატა…” და “ატინგი…”) გამოიწვია.
საერთოდაც, ერთი უცნაური ტენდენცია გამოჩნდა. ნომრის მიმდინარეობისას მაყურებლები “we are the world”-ის კლიპში მონაწილე მომღერლებივით ხელიხელჩაკიდებული წაღმა-უკუღმა ირხეოდნენ და თითქმის უშინაარსო ტექსტი ზეპირად იცოდნენ.  მათი უმრავლესობა კი კონცერტიდან გამოსვლის შემდეგ, “მაჩუქე, მაჩუქე”-ს ძახილით მაშინვე (პატრულის ენაზე რომ ვთქვათ) დაცინვითი სამუშაოების წარმოებას შეუდგა.

ინდური სამაია

"ინდური სამაია"

ინდური ფილმების გულშემატკივარი და თვალაუღებელი მაყურებელი არასდროს ვყოფილვარ. შესაძლოა, ეს ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ მათი ეროვნული ცეკვით ძალიან აღტაცებული და თვალწყალნასვამი არ დავრჩენილვარ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ნომერი სოლო გამოსვლას ბევრად სჯობდა და მუსიკის ხარისხსაც ყელში ხიხინები აღარ ჰქონია.

რატომღაც ისე ხდება, რომ ადამიანი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვიღაცის შეცდომაზეა ჩასაფრებული და ერთი სული აქვს, რომ რაც შეიძლება “მსხვილი ნანადირევი” მოიპოვოს.
აქედან გამომდინარე, უკვე ასე მგონია, რომ გულნაზი გოლეთიანში ფარული “დეტონატორი დევს” და შეიძლება, ცოტა ხანში ხალხმა ის “ააფეთქოს” კიდეც. პირველი ნომრის შემდეგ, ბევრი მისგან უკვე პროფესიონალურ შესრულებას მოითხოვს და არც ერთ “დეტონაციას” (რაც არც შინაარსობრივად მესმის და არც ყურში – სიმღერის დროს) აღარ პატიობს.

ღვიძლსა და ფილტვებში გაჭედვის შიში, რომ არ მქონოდა, ვერკასა და გიორგის წარუმატებლობაზე გული ნამდვილად დამწყდებოდა. ეს იყო ერთადერთი ნომერი იმ დღეს, რომელმაც სამი “ვა“-ს თქმა მაიძულა და ჟიურის გადაწყვეტილების შემდეგ, ზედ ერთი “იმე“-ც დაუმატა. ვერც იმას ვიტყვი, რომ დანარჩენმა ორმა ფინალისტმა ფინალში “ისტ” სტატუსი “დაუმსახურებლად დაიმსახურა”, მაგრამ მე რომ სამად გაყოფა და ჟიურის მაგიდასთან დაჯდომა შემძლებოდა, შემდეგ ეტაპზე აუცილებლად ამ წყვილს გადავიყვანდი.

ელექტრონულ მუსიკას ჩემი ინტერესების სფეროდან ოდნავ მოშორებით აქვს დაბანაკებული, ამიტომ ამ ნომრიდან ყველაზე მეტად დარბაზში მაღლა შემართული ის ხელები დამამახსოვრდა, რომელთა შუა და არათითები მუსიკის წინაშე იყვნენ დაჩოქებული. (ამ ჟესტის სხვანაირი ახსნა ვერ შევძელი)

რაც დანარჩენ ორ ჯგუფს შეეხება, მათი გამოსვლა ნახევარფინალში თვალყურდევნებადი იყო, მაგრამ ფინალში შესაძლოა ეს ისედაც შეთხზული სიტყვა უკვე თვალყურუდევნებადში გარდაქმნილიყო…

პ.ს: მეორე ნახევარფინალზე ისეთი შემადგენლობა შეიკრიბა, რომ დედის მიერ შვილის ხელში აყვანის ანდაზა, ალბათ ჭეშმარიტებას იზეიმებს…

18 March

რაღაცნაირი გადაცემა, ანუ, ვერაფერი “არაფერზე”

ბექა, a.k.a მჩხაპნელი ბლოგიდან Doin.ge

ჩემში ეჭვს იწვევს – ღირს თუ არა ტირილი იმის გამო, რაც სულერთია ახლა აღარ იქნებოდა. ნეტა ვინ მოიგონა? – რომ არ მომკვდარიყო, ან, არ მოეკლათ, ლეიტენანტი კი არა, ახლა გენერალი იქნებოდაო. არადა, რომ არ მოეკლათ, იქნებ ის ლეიტენანტობაც ჩამოერთმიათ. ვინ იცის? – ნოდარ დუმბაძე

რამდენიმე “რომ არ” ამ შემთხვევაშიც დაგროვდა…
“დემეტრე ვარდოშვილს “მტრის ენაზე რომ არ ელაპარაკა”, ალბათ, გაანახევარფინალებდნენ. ზოგიერთებს კი მაიასეული “ისტერიული ისტორიები” რომ არ მოეყოლათ – პირიქითო” – მავანნი ამბობდნენ.

სტრიპტიზის მოცეკვავის წინააღმდეგ ჩამცხრალი უკმაყოფილების ტალღა,  ჟიურის გადაწყვეტილების შედეგად, უკვე ცუნამად გადაიქცა და ჩვენს სისპეტაკეს წალეკვითაც დაემუქრა. თუმცა, ისიც თქვეს, რომ არ გადაეყვანათ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი (ანუ, ისინი ვინც, მისი გამოსვლით გამოწვეულ სიხარულს ხმამაღლა არ გამოხატავდა) ინტერესს დაკარგავდაო.

სხვა მხრივ, მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ”არაფერზე” წერა კი, როგორც აღმოვაჩინე, საკმაოდ რთული გამოდგა.
ამის გამო, სულ მოდულირებულ პოსტს რომ ვქმნიდე, მაინც ვერ ვიტყვი, რომ  ”ნიჭიერის” შემაჯამებელი გადაცემა, როგორც წესი,  წინამორბედებზე ბევრად უკეთესი აღმოჩნდა – მეთქი. გადაცემის ნახევარი მთქნარების გამო გამოვტოვე, მეორე ნახევრის მანძილზე კი, ერთადერთი საინტერესო ის იყო, რომ “საინტერესო არაფერი ხდებოდა”. შეფასებებიც, რომლებზეც გადაცემის დინამიურობა იყო დამოკიდებული, “ვაიმე, საყვარლები”-ს, “ნამდვილად კარგია”-სა და “არ მომწონს”-ს დიდი მანძილით არ გაშორებია. თუმცა, შედარებით უკეთესი გამოდგა დასკვნითი წუთები, როდესაც მონაწილეებს “საიდუმლო სერობისას” მიღებული გადაწყვეტილებები გაუმხილეს.

გადაცემის მიმდინარეობისას კი რატომღაც მხოლოდ ის ნომრები აჩვენეს თავიდან ბოლომდეამ ორს შუა – უკვე თითქმის ყელთან რომ არის გაჩერებული. ვიდეოები – რომელიც ყველას ნანახი აქვს, ყველამ დეტალურად იცის და რომლებზეც ყველა აღნიშნავს, რომ “მარიამ კახელიშვილს საოცარი ხმა აქვს” და “გულნაზ გოლეთიანი პირდაპირ დამბურძგლავია”. მოკლედ, აბსტრაქტული “ყველამ ყველაფერი იცის” – სწორედ ამ შემთხვევაზეა ნათქვამი.

იმ დროს კი, როდესაც ჩვენ ამ ნომრებს უკვე მებევრამდენიღაცაჯერ ვუყურებთ, სრულიად არაფერი იყო ნაჩვენები კონკურსანტებზე, რომლებიც ნახევარფინალში გადავიდნენ ისე, რომ მათი გამოსვლა არავის უნახავს. მართალია, ეს ვიდეოები უკვე ყველასათვის კურსორმისაწვდომია, მაგრამ თვითონ გადაცემა უფრო საინტერესო იქნებოდა, ახლების ნაცვლად იგივე ნომრები რომ არ ყოფილიყო.

ამასთანავე, კაცის ბჭობაზე ღმერთის დამოკიდებულება შემაჯამებელ გადაცემაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

მანამდე: ხალხი იცინოდა ირაკლი ძამუკაშვილზე, მისი სიმღერის ტექსტზე, იკეთებდა შავ სათვალეს და იცვამდა თეთრ შარვალს, ნიკას ტაშს უკრავდა, მაიასა და გეგას გემოვნებას კი ვაგზლის ბაზარში აჟღერებული მუსიკის ჭრილში განიხილავდა. მოკლედ, როგორც ქართველ ერს სჩვევია ხოლმე, ქმნიდა პერსონაჟს, რათა შემდეგ მისთვის დაეცინა და ფიქრობდა, რომ ნახევარფინალებში გადასასვლელად ”უიღბლო შეყვარებულს” ოქროს თევზის დაჭერაც კი ვერ დაეხმარებოდა.

შემდეგ: ალბათ, უკვე ირაკლი ძამუკაშვილმა გაიცინა ხალხზე… და დაიქადნა, რომ მისი სიმღერით ნიკაც კი გაოცებული დარჩება. თუმცა, მისი გაოცება, რომ რთული საქმე არ არის, ეს უკვე ყველასათვის ადვილი შესამჩნევია.

საერთოდ, ჟიურის სამივე წევრი გაოცებას განსხვავებულად გამოხატავს: მაია – ტუჩების საშუალებით “WOW”-ს ხაზავს, გეგა მხოლოდ წარბის ოდნავი აწევა-შეთამაშებით კმაყოფილდება, ნიკა კი კბილებს ერთმანეთს გარკვეული მანძილით აშორებს.  ამის გამო, სასურველი იქნება, რომ ირაკლი ძამუკაშვილის მიერ ”მუქარის შესრულების” პროცესში, ნიკას გარშემო, რაც შეიძლება ნაკლები მწერი დაფრინავდეს. რა იცით, რა ხდება…

ისე კი “ღიმილი მაჩუქე კარგო”-ს გასაოცარი შესრულება ნამდვილად ძნელი წარმოსადგენია (გამომსვლელიც ფრენას თუ არ დაიწყებს, ან, სათვალის გაკეთებისას მართლა არ გაქრება). სამაგიეროდ, ფართო არჩევანი აქვს კორნელი მაისაშვილს, რომელმაც უკვე ისეთი “იმიჯი” შეიქმნა, რომ მის გატეხვას, ისევ თავის გატეხვა უნდა ერჩივნოს. ამის გამო, სავარაუდოდ, მისი თავიც განწირულია თავგანწირულობისათვის.

ნინო ჯავახიშვილის გამოსვლის ფორმატიც მეტად საინტერესოა. ოპტიმალური ვარიანტი, ალბათ, ერთი არხის მაფიოზური გადაცემის ხერხი და იდუმალი ხმით ნათქვამი სიტყვებია -  “პატივცემულო მაყურებლებო, ოჯახში სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით, გთხოვთ თქვენს შვილებსა და ქმრებს თვალები დაახუჭინოთ…”

“მე არ ვფიქრობ მომავალზე, ის ისედაც მალე მოდის” – ამბობდა აინშტაინი, ამიტომ უფრო საფუძვლიანი და სიტყვაუხვი საუბარი ნახევარფინალებამდე გადავდოთ

პ.ს: ისე, ძველბლოგერული ანდაზაა “პოსტი გადაცემასთან რომ დააბა, ან სტილს იცვლის, ან, ზომასო” და მგონი, ამ შემთხვევაში ხალხურმა სიბრძნემ ჭეშმარიტება იზეიმა…

11 March

“ნიჭიერის” წვრილმანები, ანუ, რა იმალება დეტალებში…

ბექა, a.k.a მჩხაპნელი, ბლოგერი doin.ge-დან

“ღმერთი დეტალებშია”გუსტავ ფლობერი
“ეშმაკი დეტალებშია”იდიომთა ოჯახის ერთ-ერთი წევრი

ნიჭიერის” შესარჩევი ეტაპის დასკვნითმა გადაცემამ უდრტვინ-WELL-ად ჩაიარა.

თუ მათემატიკოსის თვალით შევაფასებთ – “მეექვსე სერია ≥ დანარჩენ სერიებზე”.

თუ ფიზიკოსის მხრიდან შევხედავთ - “პროექტს ისეთი აჩქარება აქვს, რომ მისი უკუმგდები ძალა ნულის ტოლია”

თუ ასტროლოგს შევეკითხებით – “ნიჭიერის შექმნისას, მარსი ვენერას ასტრალურ ფაზაში იყო შესული და მიუხედავად იმისა, რომ თავის ორბიტაზე ვენერიული სენით დაავადებული დაბრუნდა, ამგვარი პლანეტთაშორისი კავშირი პროექტზე მაინც დადებითად უნდა აისახოს.”

თუ კომენტარისათვის ფილოლოგს მივმართავთ… არა, ფილოლოგს შევეშვათ, “გრამატიკასთან მწყრალად ხართო” გაგვაკრიტიკებს.

სამაგიეროდ, პროექტს არქეოლოგი შეაქებს და განაცხადებს, რომ “მის ფარგლებში რამდენიმე ძალიან ნიჭიერი ადამიანის აღმოჩენა მოხერხდა”. ამ განცხადებას რომელიმე ლელა კაკულია დაემოწმება და დასძენს, რომ “ნიჭიერს მომავალში დიდი წარმატება ელის და იბერიაც, რა თქმა უნდა, გაბრწყინდება”…

თუმცა, უკეთესი იქნება, თუ ზოგად მიმოხილვას შევეშვები და ყურადღებას ძირითადად –  დეტალებზე გავამახვილებ. (მიუხედავად პარადოქსისა, რომ მათში ღმერთი და ეშმაკი ერთდროულად შეიძლება აღმოჩნდეს). ანუ, მოვყვები არა იმას, ვინ რა ჩაიდინა, არამედ იმას, თუ რა “რეაქცია” მოყვა ამას თავად ჩემში. დავიწყოთ შუიდან:

  • პეტრე ჩილინგარაშვილი რაღაცით ნაბახუსევზე მყოფ ადამიანს ჰგავდა. თავი ჰქონდა დამძიმებული, წონასწორობის შენარჩუნება უჭირდა და მისი “გადარჩენა-არგადარჩენის” საკითხი “ბორჯომზე” იყო დამოკიდებული.

  • ვაჟას “გველისმჭამელის” განსხეულებულმა ვარიანტმა კარგად კი “ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა, მაგრამ ჟიურის “დიახ, დიახ”-ო აღარ უთქვამს. ამის გამო, სამი “არა”-თი გაბრუნებული მონაწილე უკვე სულ “სხვანაირად ჭიკჭიკებდა” და ინტონაციის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, ერთ-ერთ წინა გადაცემაში გამოსულ “წყევლის კონვეიერზე” ნაკლები სიტყვები, არც მას უთქვამს (წაუჟღურტულებია).
  • ევრიკა! როგორც იქნა ხუთი გადაცემის მანძილზე არსებული წყევლა მოიხსნა! გამოჩნდა ადამიანი, ვინც მუცელი საჭიროებისამებრ გამოიყენა და მხოლოდ იმის დემონსტრირება არ მოუხდენია, თუ როგორ არის დაფარული მუცლით კუჭი, რომელიც მის ფორმაზე სრულიად არ ზრუნავს.
  • თუკი ოდესმე ინდოეთში წასვლა მომიწევს, ვეცდები, ხელები მინიმალურად გამოვიყენო. როგორც აღმოჩნდა, კიდურებით შესრულებული თითოეული მოძრაობა რაღაცას აღნიშნავს და შესაბამისად, დიდია შანსი იმისა, უნებურად რომელიმე უდანაშაულო ინდოელი რომ შემოგელანძღოს.

    ნომერს რაც შეეხება… მაგნიტოფონის მიერ გამოცემული ბგერებიდან გამომდინარე, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დისკი გაციებული იყო და ცხვირში უჭერდა… (აი, უცნაური ხმის მქონე კაცი რუსულად რომ ახმოვანებდა ადრე ფილმებს, იმის ღიღინს უფრო ჰგავდა, ვიდრე მუსიკას)

  • ქართული ენის ლექსიკა სინონიმთა სიმრავლით გამოირჩევა. ასე მაგალითად: “გაოცება” თავისუფლად შეგვიძლია შევცვალოთ “გაკვირვებით”, “გაოგნებით”, “განცვიფრებით” და მათებრი სიტყვებით. მახსოვს, გადიოდა ერთი ასეთი გადაცემა – “რვანი”, სადაც წამყვანს დაზეპირებული ჰქონდა, ვისთვის რა უნდა ეკითხა (მაგ: “ხასიათის რა თვისებებს დაეყრდნობით, ჩვენს თამაშში გასამარჯვებლად” და “რას გრძნობთ?”). ახლაც, მსგავს ტენდენციას ვამჩნევ, რადგან “ქრონიკული ჩაციკვლაა” შეკითხვებზე: “აბა, რითი უნდა გაგვაოცოთ?” (ნომრამდე) და “მეორე ეტაპზე რითი გაგვაოცებთ?” (ნომრის შემდეგ).

    არამატერიალურობის მიუხედავად კი, ფრაზა მატერიალურ ნივთს ჰგავს: რაც არ უნდა კარგი იყოს, ხშირი გამოყენების შემთხვევაში, მაინც მალე ცვდება.

  • ერთ-ერთი მონაწილის რუსული რეპერტუარის გამო დაწუნებაზე უკვე ბევრი ითქვა, მაგრამ “ბევრს + 1″ რომ არ გავხდე, “ვერ” შემიძლია (მით უმეტეს, რომ ბოლო დროს ასეთი ფორმულები მოდაშია საქართველოში).
    ამგვარი მიზეზის გამო, უთხრა “არა” გამომსვლელს – ეს იგივეა, რომ რალში გამარჯვებული დაიწუნო - “შენი მანქანის მარკა არ მომწონსო”, კარგი მთარგმნელი აკრიტიკო – “წიგნის ორიგინალის ავტორი არ მიყვარსო”, ისტორიის უბადლო მცოდნე გაკიცხო – “თემურ ლენგის შემოსევების ეპოქას ვერ ვიტანო” და სხვა. “ნიჭიერში” ხომ წესით შესრულება უნდა ფასდებოდეს და არა გემოვნება. მით უმეტეს, რომ… (აქ უნდა იყოს ის ფრაზა, რომელიც თავში აქამდე ჯერ კიდევ თუ არ გაგივლიათ, ამ წინადადების ბოლოს მაინც გაგახსენდებათ)
  • ყურ-ა(დ)ღების ღირსია ყურ-აღების ოსტატიც, რომლის ყურების ყურების გამო გა-ყურ-სულ მა-ყურ-ებელს დარბაზში “ყურ-ყუტი” ნამდვილად უღირდა. ისე კი, სულ მაინტერესებს, როგორ იგებს ხოლმე ადამიანი, რომ მისი თავის, ერთი შეხედვით, სიფრიფანა დანამატებით, ამხელა ტვირთის აწევა შეუძლია…

  • მოცეკვავეთა კონკურენტულ არეალში ახალი ჯგუფი გამოჩნდა – თუმცა, ჟიურიმ ამ შემთხვევაში “კი”-ს თან შენიშვნებიც მოაყოლა. ამის გამო, თუ როგორ გაგრძელდება “ვესტსაიდური ისტორია” “ახალი სტილით” “შემდეგ ეტაპზე” მეტად საინტერესოა…

  • “ჯეო-სტარის” შესარჩევი ტურებიდან მოყოლებული ასე თუ გაგრძელდა, ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში “თბილისო”-ს მალე, ალბათ, “უსმენობის” ერთეულად შეიტანენ და შეიძლება ეტალონადაც მიიღონ. გასაგებია, მერიისეული პათოსი, რომ “გვიყვარს თბილისი”, მაგრამ იქნებ ქალაქისადმი სიყვარულის გამოხატვის უფრო ნაკლებხმოვანი ხერხებიც გამოგვეძებნა.
  • “ნიჭიერმა” კვლავ აგრძელებს იდიომების რეალობად ქცევას, ან, პირიქით – გაქარწყლებას.

    1. “დანა პირს არ უხსნის” – პრინციპში, ხმლის შინაგან ორგანოებში ექსკურსიას უკვე მთლად “პირის გახსნაც” აღარ ერქვა. ამ ნომერმა, რატომღაც ზღაპრების ის ეპიზოდი გამახსენა, “შიგნიდან მუცელი გაუჭრა და გამოძვრაო” სადაც წერენ.

ილოცე, არა-ს წინ?...

2. “ეკლებზე ზის” – აქ უბრალოდ ილუსტრაციაც საკმარისია.

  • მაია ასათიანი პროფილშიც კარგია და “პროფილშიც”. უფრო მეტი, ზოგჯერ, პროფილისეული წიაღსვლები “ნიჭიერშიც” კი კარგად ჯდება ხოლმე, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა. მაგალითად: “ქალბატონო ხათუნა… ნიკას აქვს ერთი სიყვარულის ისტორია… ასაკით 29 წელი და ის მას თავად მოგიყვებათ… მიყვარს სიყვარულის ისტორიების მოსმენა…ნიკა გისმენთ…”
    ისე, გამიკვირდა. ამდენ მსახიობსა და მომღერალში თუ ბარბრა სტრაიზანდი (მისი თაყვანისმცემლებისათვის) და ბარბარა სტრეიზანდი (გარეშე პირებისათვის) ერთადერთია, ვინც ნიკას მოსწონს და უყვარს, მაშინ საქმე ორ ვარიანტთან გვაქვს: 1. ან ნიკამ შეცდომით გამოიყენა სიტყვა “ერთადერთი” ან 2. მას ხელოვანთა სამყაროსადმი ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება გააჩნია.
    ასე რომ, თუკი ვინმეს მეორე ტურში ნიკას მხარდაჭერის მოპოვება სურს, ისევ ორი პუნქტის შესრულებაა მოუწევს: 1. უნდა იყოს რაჭველი და 2. უნდა შეასრულო ბარბრა სტრეიზანდის სიმღერა…

თუმცა, ნახევარფინალამდე ჯერ ორმოცდაათნახვრეტიანი საცერით “ქატო იქა, ფქვილი აქა”-ს პროცედურაა ჩასატარებელი და მეც ამ ფქვილით მოზელილი ძირითადი ბირთვის გამოცხობამდე გავჩუმდები…

4 March

კონკურ(სა)ნტები კონკურ(ე)ნტების ფონზე…

   “კონკურენცია ჯანსაღია მხოლოდ მაშინ, როდესაც არც ერთ დამარცხებულს გული არ სტკივა” - ჩემი მუზა

    მოდი, ბანალურად დავიწყებ…
   “ნიჭიერის” მეხუთე გადაცემამ ვისთვის წარმატებით და ვისთვის მწარ-მატებით ჩაიარა. (აქ უნდა ეწეროს, რომ “ეს ეპიზოდი, რაღა თქმა უნდა, წინა ოთხზე ოდნავ უკეთესი იყო”, მაგრამ თავს შევიკავებ). ზოგი გმირი გახდა და ზოგი “ანტი” ნაწილაკის მფლობელი, ზოგმა მიკროფონი გააქრო და ზოგმა სიმპათია გააჩინა, ზოგს მკერდი გამოუჩნდა და ზოგს – კონკურენტი, ზოგის თავი მოიწონეს და ზოგის – ფეხები, ზოგით – მაია მოიხიბლა და ზოგით (უფრო ზუსტად კი ერთით) – ნახევარი სამამრეთი, ზოგად…ად კი, ყველა ბრუნვის გამოყენება რომ არ დამჭირდეს, ამჯერად მიცემითზე შევჩერდები და კონკურენციის საკითხს განვიხილავ.

   “ნიჭიერის” ამ გადაცემაში, მეორე ტურში გადასული თითქმის ყველა მონაწილე ვიღაცის პირდაპირ კონკურენტად შეგვიძლია მივიჩნიოთ. გამონაკლისი (როგორც ეს ყველა წესს სჩვევია) ამ შემთხვევაში უჩვეულოდ ცოტა აღმოჩნდა:

   1. პირველი მათგანი ჯგუფი “პლატინაა“, რომელმაც სცენაზე (პირდაპირი და მოღუნული გაგებით) ნამდვილი ცეცხლი დაანთო. ერთადერთი ზედმეტი კი ამ ნომერში ის პროჟექტორები იყო, რომლებიც სცენას უსირცხვილოდ ანათებდა და ამით დადგმის მრავალფეროვნებას აუფერულებდა. თუ თქვენს ფანტაზიას აიძულებთ და ამ გამოსვლას სიბნელეში წარმოიდგენთ, წესით მაშინვე უნდა შემოუერთდეთ ჩემს იმედს, რომ ნახევარფინალისას სცენის “გაჩირაღდნება” მხოლოდ ხელში არსებული ჩირაღდნებით იქნება შესაძლებელი.

    2. ბუნებრივია, რომ სცენაზე სტრიპტიზის მოცეკვავის, განსაკუთრებით კი მისი სხეულის ორი ნაწილის გამოჩენას საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ხოლო, თუ ჩვენ ამ გამოხმაურების ილუსტრირებისათვის უტრირების ჯადოსნური ძალის გამოყენებას შევეცდებით, სავარაუდოდ ასეთ შედეგს მივიღებთ:

   1. “ეჰ, ჯავახიშვილი მაინც არ ყოფილიყო”ინტელიგენცია და ვისაც რომელიმე ჯავახიშვილი მაინც გაუგია, ის ხალხი.
   2. “ეჰ, წითელი ღილაკი მაინც არ ყოფილიყო…”ზოგიერთი მაყურებელი (ენის აკეცვის შემდეგ)
   3. “ძირს ჟიური (მაიას გარდა), ნიჭიერი უნდა დაიხუროს და ნინოს ბილწი მკერდიც სასწრაფოდ მოსაკვეთია” – ერთ-ერთი ცნობილი გაერთიანება.
   4. “სტრიპტიზი – ეს ცეკვის ხელოვნებაა” - ლიბერალ-დემოკრატები

   5. “ყოჩაღ, კარგი გოგო ხარ, შენ შემოგევლე” - “დივას” დირექტორი
   6. “კი, კი, კი” – კაცები
   7. “არა, არა, არა” – ქალები
   8. “ლაივ-შოუზე რაღას ააფარებთ?” – წარბების მზაკვრულად მოთამაშე პირები
  9. “სტრიპტიზი ოპერის სცენაზე? ეჰ, ბედკრულო საქართველო, საით მიექანები?” – მამულის გეზით შეწუხებული ქართველები
  10. “ბავშვი და შიშველი ქალი ერთ სცენაზე როგორ უნდა გამოვიდნენ?” – სამართლიანი შეკითხვით სამართლიანადვე დაფიქრებული ადამიანები…

  ზოგი კი დარბაზში მეხანძრეების არსებობის მიზეზმა დააინტერესა. თუმცა, ამას ლოგიკური ახსნა ჰქონდა: სცენაზე აგიზგიზებულ ამ დონის ვნებას ხომ ჩაქრობა სჭირდებოდა?! ჰოდა, ეგ არის.

ერთი საკითხის სამი რაკურსი (მცირე წიაღსვლა)

    ბიოლოგიური რაკურსი: არსებობს ერთი ასეთი გამოთქმა – “სასულეში გადაცდომა” და თუ სწორად მახსოვს, “სულისაკენ” მიმავალი დახურული გზა (ხვრელი) ადამიანს ლაპარაკის დროს ეხსნება ხოლმე.
    ასეთი ტერმინიც არსებობს – “ყელში არ გადამდის”, მაგრამ ამ შემთხვევაში ზუსტად ვიცი, რომ თუკი გადავა, ლუკმამ კუჭამდე მისაღწევად საყლაპავ მილში (მეორე ხვრელში) უნდა გაიაროს.
   იმ შემთხვევაში კი, როდესაც ადამიანი თან ჭამს და თან ლაპარაკობს, ორივე გზა გახსნილია. საკვებმა კი შემთხვევით პირველი მათგანი რომ აირჩიოს

   სუფრის ეტიკეტური რაკურსი: …ამიტომ, ჭამის დროს ლაპარაკი სასურველი არ არის.

   ესთეტიკური რაკურსი: უბრალოდ, ცუდად ჩანს, როდესაც ადამიანი ჭამს და იგრძნობა, რომ ლუკმა ჯერ კიდევ A პუნქტში იმყოფება.

ჯანსაღი კონკურენციის სათავეებთან

   ამ “დუელზე” უკვე ბევრი დაიწერა და კლავიატურის კლავიშებს ამისათვის აღარ “მოვკლავ“. თუმცა, ფაქტია, რომ ჯიმის არც “იატაკზე გალივლივება” გამოსვლია კარგად და არც “ჯექსონის ეროტიკული თვითგვემით” (კივილის ფონზე ორგანოთა ჩაბღუჯვას ვგულისხმობ) შეუწუხებია თავი (ნუ, “თავი” პირობითად). ერთ შემთხვევაში გარეგნობა იყო მსგავსი, მეორეში – ცეკვა და მიუხედავად “ნიჭ-იერი“-ს ასეთი დასახელებისა, ნიჭიერების კრიტერიუმებს იერზე მეტად მაინც ცეკვა შეესაბამება.

   “ილუზიონისტთა დაპირისპირებასაც” ისეთი პირი უჩანს, რომ ეს ორგანო მეორე ტურში ან ღია უნდა გვქონდეს, ან გაღიმებული. მართალია, სცენაზე ქუდიდან თეთრი კურდღლის ამოყვანა ჯერ არ მომხდარა, მაგრამ სამაგიეროდ იკვეთება ცხოველებთან არაპირდაპირ ასოცირებული ერთი ტენდენცია: ვანიკოს რატომღაც სულ “ლაბორატორიის საექსპერიმენტო თეთრი თაგვის” როლში უწევს ყოფნა და “ცხოვრების სიმუხთლის” გამო ხან აფეთქების, ხან კი ხელების გაკვანძვის საფრთხის წინაშე დგას. თუმცა, ისიც ნათქვამია, “ვინც არ რისკავს, ის დავით რობაქიძის გაჩენილ სასმელს არ სვამსო” და წამყვანის ეს რისკიც დროდადრო სათანადოდ ფასდება.

   საერთოდ კი, ეფექტური დასაწყისის შანსი (ამ შემთხვევაში, მიკროფონის “გატაცება”) ბოლოსთვის რომ არ უნდა მოიტოვო, მაშინაც კარგად გამოჩნდა, როდესაც ერთ-ერთი კონკურსანტის სამუხლეებმა პროექტი ოპერის მტვრის გარეშე დატოვეს.

თავით “თავის გამტანი”

მეგრელი და კახელი მიდან ფეხით, ტყის პირას.
ამ დროს მეგრელს თავზე კოდალა დააჯდება. მეგრელი კოდალას:
- მე რას დამაჯექი, აგერ, ხისთავიანი კახელი აქ არის.
კახელმა:
- მაგასა, ბიჭო, ფუტურო უყვარს, ფუტურო…

   ინტერესს “კახური თავების ჯახიც” აცხოველებს (რა ბარბაროსული სიტყვაა) და ერთმა თავმა მეორეს ლურსმანი თუ ჩაუჭედა, უკვე აღარც ეგ გამიკვირდება. “ხუმრობისა და ჭეშმარიტების მარცვლის” აფორიზმი კი მაშინვე აჯეჯილდა, როდესაც კორნელი მაისაშვილმა თავის(ი) თავის სიმაგრე კახელობით ახსნა და ჩემს მეხსიერებას ერთი ანეგდოტის ამოტივტივების შანსი მისცა.

“ტიროდა, ტიროდა გიტარა”

   ცრემლის რამდენიმე სახეობა არსებობს, მათ შორის: სიმწრის და სიხარულის. გურამ ჯაშის სიმღერის სათაურში მოყვანილმა სიტყვებმა კი “ნიჭიერში” ორივე მათგანი გამოსცადა. ზოგმა გიტარა ატირა, ზოგმა – ხალხი და ამ საყოველთაო გლოვის ფონზე, ექსპრომტად შექმნილ გიტარისტთა დუეტს ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდა. ავთო ნაცარაშვილთან ერთად გამოჩნდა ისიც, რომ ორბელიანისეული “ნიჭისათვის” “გზის გასაფართოვებლად” ხშირად “დროის ნიჩბის” გამოყენებაა საჭირო და პროფესიონალი მუსიკოსები დღეში რამდენიმე საათი ხელაუღებლად რომ ვარჯიშობენ, უსაქმურები სულაც არ არიან.

   გიტარისტთა ირიბ კონკურენტად შეიძლება ჩაითვალოს ის მომღერალი, რომელმაც არც ესპანური იცის და არც ის – ამ ენაზე სიმღერებს როგორ წერს. თუმცა, ფაქტი, რომ ტექსტი ერთი შეხედვით ლექსიკურად დატვირთული არ ყოფილა, მხოლოდ ანი პავლიაშვილის სიმართლეზე მეტყველებს. თავად ანის ნიჭზე კი ნიკა მემანიშვილის ტუჩებისა და ნიკაპის ურთიერთკოორდინირებული ჟესტით შეიძლება იმსჯელო.

   გულნაზი გოლეთიანის კონკურენტი გენდერული ბალანსის დარღვევის გარეშე გამოჩნდა. თუმცა, მუსიკათმცოდნეების ჟარგონზე თუ ვიტყვით, მტრების სიხარულის ჩამხშობმა მოწოდებამ (“არ გავახაროთ მტერიო”) უფრო მეტად “მოიტანა” ვიდრე – ხმლების ჟანგისაგან გათავისუფლებისა.

   მიუხედავად ამისა, მაინც მგონია, რომ ამ ამოსუნთქვისას მოხსნილი ტვირთის გამო, “აბსტრაქტული რაღაცის” მომტან კონკურსანტად მეორე ტურში ლევან შავაძეც ღირსეულად მოგვევლინება.

   ახალგაზრდული ცეცხლის წინააღმდეგ დაპირისპირება გაუჭირდება გივი შავგულიძესაც. მის ჩასაქრობად კი მხოლოდ მაია ასათიანის ცრემლი საკმარისი აღარ იქნება და მთლად საზოგადოების უზომო სენტიმენტალიზმი თუ არა, თიკას თვალების დახმარება მაინც ყველა შემთხვევაში გახდება საჭირო…

  პ.ს: “ნიჭიერის” ნახევარფინალამდე უკვე ერთი სულთან და ერთ გადაცემასთან ერთად, ერთი მოსაზრებაც რჩება: “ახლა, ალბათ, უკვე ბოლომდე გაიხდის…”

25 February

მეფეთა ჩრდილში

ბლოგერი ბექა, a.k.a მჩხაპნელი ბლოგიდან Doin.ge

“ისტორიას ჩვეულებრივი ხალხი ქმნიდა, მაგრამ ჩვენამდე მხოლოდ მეფეთა სახელებმა მოაღწიეს”ჩვენი დროის უსახელო ბრძენი

საბჭოთა კავშირის დროს, როცა სასურველი ფილმის სანახავად მხოლოდ “download”-ზე კურსორის დაჭერა საკმარისი არ იყო, როცა “ლედი კარატე” კინემატოგრაფიის განვითარების ევერესტად ითვლებოდა და კინოში კოცნის სცენა უდიდესი ინტერესის საგანს წარმოადგენდა, როცა ტელევიზორს ფუფუნებად მიიჩნევდნენ და ორი ტელევიზორს – ნეტარებად, მაშინ  “ცისფერ ეკრანებზე” ლეგენდარული “ილუზიონი” გადიოდა. ეს იყო გადაცემა, სადაც მაყურებელს ყოველ შაბათს ერთ საზღვარგარეთულ ფილმს უჩვენებდნენ. კოლმეურნეებზე, ამხანაგობებზე, ყრილობებსა და მსგავს თემებზე გადაღებულ ფილმებს შეჩვეული ხალხი კი “აკრძალულ ხილს” ისე ელოდა, რომ კვირის დღეებს: “ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, ილუზიონი”-თი ითვლიდა თურმე…

თანამედროვე ლედი კარატე

"თანამედროვე ლედი კარატე"

…როგორც მეზღაპრეები იტყვიან ხოლმე, გამოხდა ხანი და დაორსულდა ტენდენციების დედა, რომელიც საზოგადოებრივი ექოსკოპიის მიხედვით, ცოტა ხანში “გადაცემის სახელით კვირის დღის შეცვლას” ისევ ელოდება… სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ “ნიჭიერის” “ღამე იყო მთვარიანი, თოვლიანი, ქარიანი” და ხსენებულ ქართან ნაწვნევი მარცხის გამო “კოლხეთის დიადი მეფე” ტელევიზორის შიშინად იყო ქცეული, “ნიჭიერის” დაწყებას ინტერნეტში მაინც სულმოუთქმელად ველოდი…

უკვე ტრადიციისამებრ, ჩემთვის მეოთხე ეპიზოდი წინაზე ცოტათი უკეთესი აღმოჩნდა და სულის მოთქმის შემდეგ გადავწყვიტე, რომ დღეს, ძირითადად “მეფეების ფონზე დაჩრდილულ” ხალხზე დამეწერა. ანუ, მათზე, ვინც შოუს ქმნის, მაგრამ სახლს სამი “არა”-თი დამძიმებულები უბრუნდება და მის სახელსაც მალე ყველა ივიწყებს:

  • ევრი ნდა, აკლებს კეთებს” – ალბათ, ასე იშიფრება უკვე ცნობილი ქუთაისელი მაგის სახელი, რომელსაც, ან ვანიკო გაეხუმრა ბოროტად და “ფიქრ-გზა” აუბნია, ან, ყუთი უბრალოდ ინტუიციაზე დაყრდნობით “გადაფხიკა” და მობილურის მსგავსად, ვერც ხალხის გულები მოიგო;
  • გაკვეთილი # 2 (ლირიკული წიაღსვლა): “სამი “კი” გაქთ” – “ასე იტყოდა მაია”, მაგრამ ასე ნუ იტყვით თქვენ
    (და აქვე მცირე განმარტება: ზმნა “ქონა” – აღნიშნავს ვისიმე მიერ რისიმეს ფლობას და მრავლობითი რიცხვის მეორე პირში ესაჭიროება “ვ” თანხმოვანი);
  • “ფილტვ-ბოქსინგი” – “ნიჭიერის” შემქმნელები ზრუნავენ ხალხზე. მათ ხომ გაითვალიწინეს მავანთა აზრი, რომ “ორთქლ-ყურ-მავალის” ჩვენება სიგარეტის მოწევის პროპაგანდად შეიძლება ჩათვლილიყო. “დასტურ იმისა”, რომ შემოქმედებითი ჯგუფი ერთი ქართული ანდაზის “სმენადაქვეითებულ ქარავანს” არ წარმოადგენდა, სიგარეტის საწინააღმდეგოდ შესანიშნავი დემონსტრირება მოახდინეს იმისა, ძლიერ ფილტვებით რა საოცარი რამის შესრულება იყო შესაძლებელი.  ლუი დე ფიუნესის ერთი ფილმის სათაურს რომ ჰგავდა, იმ გამომსვლელს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.

  • ცხოველთა უფლებების დაცვის ასოციაცია რომ მქონდეს, აუცილებლად ვიჩივლებდი ბოცვრების დაჩაგვრის ფონზე, პითონისათვის ხოტბა-დიდების შესხმის გამო. ასე ვიცით ქართველებმა – სტუმარს “თავზე ვისვამთ და ყელზე ვიხვევთ”, შინაური კი ნაკლებად გვედარდება. (თუ, რა თქმა უნდა, პითონის პატრონი ძალის დემონსტრირების (80 კილოს იწონიდა, სხვა თუ არაფერი) გამო არ გადაიყვანეს შემდეგ ეტაპზე).
    უფრო საინტერესო იქნებოდა ნახევარფინალში ცხოველები სცენაზე ერთად გამოსულიყვნენ და პითონს ეთქვა, რომ ერთ წუთში განსაზღვრული რაოდენობის ბოცვრის შეჭმას მოასწრებდა…
  • ქართველებს, უკვე რამდენიმე ათეული წელია გვეამაყება, რომ უცხოპლანეტელები – “ჩაკრულო”-თი ტკბებიან და ამპლანეტელები “ერისიონით”. თუმცა, თუ “ნიჭიერში” მუცლის, ხმის იოგებისა და სხეულის სხვა ნაწილების დემონსტრირება ასეთი ტემპით გააგრძელეს, ვგონებ, ამ სიამაყის მიზეზი ეჭვქვეშ დადგება. ეჭვქვეშ დგომა არგუმენტირებული ქოლგის გარეშე კი ძალიან სახიფათოა.
  • ვერ ვხვდები, რითი იყო “ხვალ, ხვალ, ხვალ”, “მაზეგ, მაზეგ, მაზეგ”-ზე ნაკლები? მხოლოდ ორი დღით! მართლა ფული რომ წყვეტს ამ ცხოვრებაში ყველაფერს რა… :)

  • ლირიკული წიაღსვლა # 2: “უამრავ მომღერალს გაუვლია ჩემს ხელში – პროფესიონალს, არაპროფესიონალს, ძალიან არაპროფესიონალს, იმაზე კიდევ უფრო არაპროფესიონალს, მაგრამ ასეთი რამე ჯერ არ მინახავს” – © ნიკა მემანიშვილი.
    ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ნიკა ქართულ ესტრადას არ უსმენდა…
  • “თავის მოჭრას თავის გატეხვა გერჩივნოსო” – სახეშეცვლილი ანდაზის ჭეშმარიტება მაშინ დადასტურდა, როდესაც სცენაზე  “გრელკა” და ამბიცია ერთდროულად გასკდა. თუმცა, ლურსმნის თავით ჩაჭედება სირცხვილიდან იმავე თავის დაძვრენის კარგი საშუალება აღმოჩნდა და მონაწილეს ეს დაუფასდა კიდეც.
  • “ვიღაცამ მანქანის თავზე გადაიფრინა” - ხანდახან ჟიურის აზრების გასაგებად თარჯიმანი (ან, თვით დოქტორი ბუნა) მჭირდება. მაგალითად, ვერ მივხვდი, რატომ არ გადაახტუნეს მეორე ტურში ადამიანი-კენგურუ, ან, ეს სამსახიობო ნიჭით დაჯილდოვებული მომღერალი ქალბატონი, რომელიც მართალია კარგად ვერ მღეროდა, მაგრამ სიმღერის შინაარსის (“არ ეძინა მას, არ მეძინა მე”) მთელ ტრაგიკულობას ემოციებით ბრწყინვალედ გამოხატავდა :)
  • “ნიჭიერი” ამა თუ იმ გამოთქმის მეტაფორულობაზე ჩემი წარმოდგენების მსხვრევას კვლავ აგრძელებს. ამჯერად მსხვერპლად მან შიშნარევი გაფრთხილება – “თითი არ დამაკარო” - ამოირჩია, ვინაიდან გამოჩნდა, რომ ზოგის თითი (თუნდაც ვანიკოსი) შესაძლოა იმდენად დაკუნთული აღმოჩნდეს, რომ მისმა დაკარებამაც კი, ფატალური შედეგები გამოიწვიოს.
  • ლირიკული გადახვევა # 3: “ეკონომიკა ყვავის. თქვენ იცით, რომ ჩვენ ბევრად უფრო განვითარებული ვართ, ვიდრე ბულგარეთი. იქ გამართულ კონკურსზე კატია დუკაშვილმა თუ პირველი ადგილი აიღო, ჩვენთან მან მეორე ტურშიც კი ვერ გააღწია. საქართველოში ყოველთვის უკეთესად იმღერებენ… მტრის ჯინაზე” – ასე იტყოდა ერთი ჩემი ახლობელი “ნიჭიერის”-თვის რომ ეყურებინა.
  • ანა ხანჩალიანის ნომერთან დაკავშირებით ორი შეკითხვა გამიჩნდა:
    • რატომ დაინტერესდა ნიკა მემანიშვილი მისი გვარის წარმომავლობით, როცა მასზე პასუხი ნამდვილად ეცოდინებოდა;
    • რატომ იგრძნო დარბაზმა თავი უხერხულად და დაუკრა ტაში ისე, თითქოს ანამ რაიმე დანაშაული აღიარა;

მეტი არაფერი…

  • “ნიჭიერმა” დაადასტურა, რომ ჩვენში “ორი ნათესავისა და ქართულის მასწავლებლის ნაქებრის” ტრადიცია კვლავ არსებობს. ეს ნიშნავს ხათრის ვერგატეხვის გამო ადამიანის დაჯერებას იმაში, რომ კარგად მღერის, ცეკვავს, წერს და მოკლედ, “ის ამ საქმისათვის არის შექმნილი”. ეს იწვევს ამბიციათა ზრდას და მავნებელია მათი ფსიქიკისათვის, რადგან როდესაც უცნობი ადამიანები მისი ხელოვნების წინაშე ქედს არ იხრიან, ჰგონიათ, რომ “ბლოკავენ”, რომ ჟიური ცდება, როცა შაკირას სიმღერას შესრულებას სათანადოდ ვერ აფასებს და სხვა.
  • შენ ხილი მიირთვი, მებაღეს რას კითხულობ” – ნომრის დასაწყისში ამ ფრაზით მინდოდა მეგულისხმა ტრიო, რომელთა დისკსაც მარკერისაგან შეუბილწავი ზედაპირი აღმოაჩნდა. თუმცა, ნომრის დასასრულს მივხვდი, რომ “ხილის ჭამის დემონსტრირება” ამ სიტყვებს ნამდვილად აღარ შეეფერებოდა…

That was all…

პ.ს: “ნიჭიერის” ნახევარფინალებამდე კი ერთი სული და ორი გადაცემა დამრჩა…

18 February

“გადაცემა უგმიროთ”

ბლოგერი ბექა, a.k.a მჩხაპნელი doin.ge-დან

“გემოვნებაზე არ დავობენ… მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ეომებიან”მარკ ტვენი

მოდი, დავიწყებ შუიდან და აღარ ვიტყვი, რომ “ნიჭიერის” მესამე გადაცემა წინა ორს ბევრად სჯობდა, თორემ გამოჩნდება მერე ვიღაც ინტრიგანი და “პირ-ფერობას” დამწამებს. პირის ფერს კიდევ აიტანდა ადამიანი (შავი არ იყოს, მთავარია), მაგრამ ის, რაც ზოგიერთი პირიდან “გადმოდინდების” ზოგჯერ შეიძლება სახიფათოც აღმოჩნდეს.  მოკლედ, პირ-და-პირ საქმეზე გადავალ: "კი" თუ "არა"

ის, თუ რა ძნელია ჟიურის წევრობა, პირველად მაშინ არის საგრძნობი, როდესაც გიწევს, რომ ორმოცსართულიანი წყევლის გამომშვები პირი შინ გაწბილებული გაუშვა. თუმცა, კიდევ უფრო რთულია, რომ ასეთ მომენტში ჟიურის სიმამაცე დაუფასებელი დატოვო და ეს გმირობა მინიმუმ ერთი ღირსების ორდენის გარეშე ”ჩაფარცხო”.

საერთოდაც, ჟიური სულ უფრო და უფრო მომწონს იმის გამო, რომ მუდმივად ერთსულოვანი არ არის. მისი რომელიმე წევრი კი  ხშირად რომის იმ იმპერატორს ემსგავსება, რომლის კოტიტა თითზეც გლადიატორის ბედია და(მო)კიდ(ებ)ული.

აი,  მესამე გადაცემის მონაწილეებს რაც შეეხებათ, ისინი უფრო მეტად ღარიბი ადამიანის მობილური ტელეფონის ანგარიშს ჰგვანან, ანუ, ბევრი სალაპარაკო არც ერთზე არ არის. ”ნიჭიერის” მესამე ნაწილში არ არსებობს ისეთი გამოკვეთილი გმირი, რომელზეც მეორე დღეს ნახევარი საქართველო “აბაასდება”.  ზოგან იოლი მშობიარობით (მაგალითად, ტყუპებზე - თავიდანვე) და ზოგან საკეისრო კვეთით (მაგალითად, კახელ და-ძმაზე  - ნომრის მიმდინარეობისას), რა თქმა უნდა, სიმპათიები მაინც გაჩნდა, მაგრამ გადაცემის შემდეგ “გულნაზი გოლეთიანის”, ან, “მარიამ კახელიშვილის” ეპოქა აღარ დამდგარა და ეს კარგია.

თუმცა, მედლის ერთ ვიზუალურ თვისებას თუ გავიხსენებთ, ეს კარგია მხოლოდ იმ მაყურებლისათვის, რომელიც თანაბარი დონის ბევრ კარგ ნომერს ნახავს. მეორე მხრივ კი, რა უნდა ქნას, “კურიერის” (“ნიჭიერის” ფილიალია ასეთი) ჟურნალისტმა, რომელმაც ამ გადაცემიდან სიუჟეტის მთავარი გმირი უნდა ამოარჩიოს.

არჩევანი კი მართლაც დიდია. სწორედ ამიტომ, ჩემი ხასიათის სათნო ნაწილი გამოვაჩინე და ამ ჟურნალისტის დახმარება გადავწყვიტე:

ნომინაცია: “კურიერის სიუჟეტის გმირი”

ნომინანტი # 1: “იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის”

კაცობრიობა ყოველთვის იდგა დიდი დილემების წინაშე: “კვერცხი თუ ქათამი”, “ჰიტლერი თუ სტალინი”, “ბრუს ლი თუ ჯეკი ჩანი”, “კაი ბიჭობა თუ ტორტი”, “მამაჩემი მოერევა თუ მამაშენი” და სხვა.

სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ იყო, რომ “New Style”-ს გამოსვლის დასრულებისთანავე გაჩნდა შეკითხვა: “New Style” თუ “Next Level”. ვერაფერს იტყვი – მეტად რთული საკითხია. მით უმეტეს, რომ მეორე ჯგუფის ცეკვა ამ გადაცემამდე თითქმის არავის ჰქონდა ნანახი.

უკვე ლეგენდად ქცეული “Next Level”-ი კი მხოლოდ ახლაღა გამოჩნდა და კარგი ცეკვით “საკუთარი სახელი” ისევე დაიმსახურა, როგორც “New Style”-მა ახალი სტილით 1 თებერვალს საყოველთაო აღიარება. თუმცა, მე პირადად, პირველი გამომსვლელი უფრო მომეწონა (აქვე დავსძენ, რომ არც “New Style”-ში ცეკვავს ჩემი ახლობლის ნათესავი და არც შეყვარებულს უღალატია “Next Level”-ის ბიჭებთან).

მოკლედ, როგორც ქართველი ჟურნალისტები იტყოდნენ “მოვლენათა განვითარებას მომავალი გვიჩვენებს”, ან, როგორც ერთი ძველქართული ანდაზა ამბობს: “ნახევარფინალი და ხვალეო”

ნომინანტი # 2: “აგია იგი, თუ, იგია აგი?”

გინესის წიგნში ასეთი რეკორდი რომ არსებობდეს –  ”წუთის განმავლობაში  “ვაიმე, საყვარლების” თქმის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი” – საქართველოს მოსახლეობა მის დამყარებას ნამდვილად შეძლებდა.

(აქ უნდა იყოს "გაჭრილ ვაშლზე" არსებული გამოთქმა)

ერთადერთი, რაც ამ ნომერს დაეწუნებოდა, იყო ჟიურის მდედრობითი წევრის რეპლიკა: “გარდა იმისა, რომ საოცრად გევხართ ერთმანეთს” (შენიშვნა ციკლიდან: “ვისწავლოთ გრამატიკა მაია ასათიანთან ერთად“);

ნომინანტი 3: “იქ გავშლი ფრთებს…”

დაემხო მითი, რომ “ტკივილისაგან კედლებზე დადის” მხოლოდ და მხოლოდ მეტაფორაა და რეალობას არ ასახავს.

სულ მაინტერესებდა, რას ნიშნავდა ”სუპერმენად” ყოფნა და მეგონა, რომ ეს იყო “უნარი, გაგეჩერებინა მატარებელი ხელით, ტყვია – კბილებითსხეული – ჰაერში, ან უბრალოდ, ენა – პირში, როდესაც ამას საჭიროება მოითხოვდა. თუმცა, “სუპერმენზე” არსებული ჩემი წარმოდგენებიდან, სწორი მხოლოდ ფრენის უნარი აღმოჩნდა და საბედნიეროდ, “პარკურისტების” ნომრით ისე “შთავიბეჭდე”, რომ ილუზიების მსხვრევით გამოწვეული იმედგაცრუება აღარ განმიცდია.

ნომინანტი 4: “ილუზიებზე გამახსენდა…”

“ჩვენს დარბაზში ზის თაობა, რომელსაც ათი წლის წინ ნანახი აქვს, როგორ აქრობს კოპერფილდი ვაგონს. ამ თაობას მტრედებით ვერ გააოცებთ” – მაია ასათიანი

თუმცა, დარბაზში ის თაობაც იჯდა, რომელსაც უნახავს “ბიტლზები“, უნახავს “რივერდანსი“, უნახავს კაცი, რომელიც შენობებზე შიშველი ხელებით დაცოცავს, უნახავს პარკურისტები, რომლებიც სახურავიდან სახურავზე დაფრინავენ… მოკლედ, უნახავს ბევრი სასწაული, მაგრამ მაინც აოცებს მანქანის კბილსაღი გამწევი , მაინც მოსწონს “next level”-ი, მაინც დადებითად აფასებს  “შუშას”  და მაინც “ღფრთოვანდება” “პარკურისტებით”

"ხელსახოცში მტრედია"

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ასეთი კომენტარი ცოტა აბსურდულია და დაახლოებით იგივე შინაარსის მატარებელი იქნებოდა, წინა გადაცემაში გიტარისტები უკან რომ გაებრუნებინათ იმ მიზეზით, “არ მოგვწონხართ, ჯიმი ჰენდრიქსი უკეთესად უკრავდაო”.

ამის გამო, მტრედებიანი ილუზიონისტის ილუზიები (ვიმეორებ, რომ “ნიჭიერში” ჩემი არც ერთი ნათესავი არ მონაწილეობს), თუ მაინცდამაინც, სხვა მიზეზით უნდა დაემსხვრიათ.

თუმცა, შემდეგ ტურში გადასასვლელად მხოლოდ მაგია საკმარისი რომ არ იყო იმ ილუზიონისტის მაგალითზეც კარგად გამოჩნდა, რომელსაც ტუზ აგურის დახმარებით, ბანქოს ენაზევე თუ ვიტყვით “ტუზი დაეცა”. რა თქმა უნდა, კოპერფილდისა და ვაგონის მტრობის ისტორია წარუმატებლობის საბაბი შეიძლება აქაც გამხდარიყო, მაგრამ დათო რობაქიძემ ისეთი ფოკუსი გაუკეთა (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) ჟიურის წევრებს, რომ ერთი შეხედვით უბრალო მანიპულაციით შემდეგ ეტაპზე გადასვლა ადვილად მოახერხა.

აქედან დასკვნა: “მთავარი ის კი არ არის, თუ რა შეგიძლია. მთავარია, როგორ აკეთებ ამას” (რომელიღაც ფილოსოფოსი იტყოდა და თუ არ უთქვამთ, ძალიანაც შემცდარან)

ნომინანტი # 5: “როცა ხელ-ფეხი ფეხ-ფეხია”

ამ ადამიანს თამამად შეუძლია განაცხადოს, რომ “ყველაფრის ფეხებზე დაკიდება შეუძლია”. ერთადერთი ამ ნომერში ვერ გავიგე ის, თუ რა უნდა გაეკეთებინა ამ ასაკის კაცს ისეთი, რომ  გეგას სიმპათია დაემსახურებინა. კეფა უნდა მოეფხანა და ბაკებზე მაკრატლით თმა შეესწორებინა? თუმცა, დამავიწყდა, გემოვნებაზე ხომ არ…”

ნომინანტი # 6: “მარტო ქალი ცეკვაშიაც ბრალიაო”

პარტნიორის გარეშე შეიძლება ითამაშო ჭადრაკი (თუკი “გიქრის”), ელაპარაკო საკუთარ თავს (თუ ენა გექავება), ააწყო ბიზნესი (რადგან “მეგობრობაზე დამყარებულ ბიზნესს, ბიზნესზე დამყარებული მეგობრობა სჯობს”), დაიპყრო რომელიმე მწვერვალი (სასურველია პოეზიის, თორემ ალპინიზმში მარტო ცოცვა სახიფათოა),  და ა.შ.

თუმცა, დადგა ცეკვა პარტნიორის გარეშე, სადაც ის აუცილებლად გჭირდება, დიეტოლოგთა ჟარგონზე თუ ვიტყვით “არ იჭმევა”.

ვანიკოს რაც შეეხება - აღარ შევაქებ, თორემ თავში ნახსენები ინტრიგანი უკვე რაღაც ცუდზე დაიწყებს ფიქრს.

ნომინანტი # 7: შუშა

“გუშინ, ბიჭები ეზოში ბურთს თამაშობდნენ და შემთხვევით “შინაგან და გარეგან სამყაროთა შორის არსებული გამყოფი” ჩამიმსხვრიეს” - ასე იტყოდა “შუშა”-ს სოლისტი

ამით იმის თქმა მინდა, რომ სანამ “ქინდერში” ამოსულ მიკროფონში სიმღერა გაისმებოდა, ჯგუფის მიმართ, როგორც მაია ასათიანმა შენიშნა, “სკეპტიკურად განვეწყვე”. შეიძლება ამის ბრალი იყო ისიც, რომ ნომრის დასრულების შემდეგ, ჩემი და ჟიურის შეფასებები ერთმანეთს რამდენიმე მეტრით ასცდა.

საბედნიეროდ “ქვა” ხელში ჟიურის ეჭირა და არა – მე.

დღეს კი, როდესაც ეს სიმღერა კიდევ ერთხელ მოვისმინე, სერიოზულად დავფიქრდი იმაზე, თუ რატომ არ მომეწონა ის პირველივე გაგონებისას. თუმცა, საკუთარი თავის პასუხად მხოლოდ ის შევძელი, რომ მხრები ავიჩეჩე და ქვედა ტუჩი ზედაზე გადავატარე.

and the camera goes to…

დანარჩენი ”კურიერში”, ორშაბათს, თორემ ყველაფერი მე  თუ დავღეჭე, ბარემ გადავყლაპავ კიდეც.

პ.ს: ყველაფერი თუ ასევე გაგრძელდა, ლეგენდები “ორშაბათის სიმძიმეზე”, ალბათ, მალევე დაემხობა…

11 February

პური და სანახაობა

ბლოგერი ბექა, a.k.a მჩხაპნელი ბლოგიდან doin.ge

“თუ გსურს მიხვდე, რას გრძნობს დაბოღმილი ადამიანი, შექმენი წარმატებული ფილმი და მოგვიანებით, მისი მეორე ნაწილი გადაიღე” – “ჰოლივუდური” ანდაზა

საბედნიეროდ, საქართველო “ჰოლივუდი” არ არის.

“ნიჭიერის” მეორე ნაწილი პირველს სულ მინიმუმ იმიტომ მაინც სჯობდა, რომ წამყვანები ამჯერად “სკარლეტ ო’ჰარა და რეტ ბატლერი” აღარ ყოფილან და გადაცემის დასაწყისი გაცილებით  უკეთეს და უქარო ადგილზე ჩაწერეს, ვიდრე მოსიარულე ავტობუსის ღია სახურავია.

ნომრები კი იყო უფრო მრავალფეროვანი, უფრო სახალისო, უფრო ამაღელვებელი და “უf, “რო” მიგიზიდავს”, მოკლედ ისეთი.

გაგრძელდა თევზთა წარმოჩენა ფართო აუდიტორიის წინაშე. თუმცა, ახალმა კონკურსანტმა, კოკოლისგან განსხვავებით, ჟიურის წევრების სიმპათია ვერ დაიმსახურა და  მათ, მადლობის ნაცვლად, სახლში, სავარაუდოდ ქოქოლაც კი დააყარა. თევზების პროპაგანდა შოუში ასე თუ გაგრძელდა, ერთ დღეს სცენაზე არიელი რომ გამოვიდეს და “under the sea” ან რამე ასეთი იმღეროს, უკვე აღარც ეგ გამიკვირდება.

სამაგიეროდ, ის მიკვირს, რომ ამ გადაცემის შემდეგ არ გამოჩნდა თომა-თა არმია, რომლებიც აღმოაჩენდნენ, რომ “ნიჭიერის” ბრიტანულ ვერსიაში საიმონმა ზუსტად იმ სამი თითით მოიფხანა თავი, რომლითაც გეგამ და “გიტარისტები, ვითომ იქ რომ შეხვდნენ ერთმანეთს, სინამდვილეში წინა დღეს რომელიღაც კლუბში ერთად გამოდიოდნენ”.

ისიც გაუგებარია, ამრეზით რატომ არ განაცხადეს, რომ “კიდევ კარგი პატარა მარიამსაც ისევე არ დააძრეს კბილები, როგორც მის ბრიტანელ ანალოგს“.

ან, თუნდაც,  იმის მტკიცება არ დაიწყეს, რომ “KBIL-MAN”-ის ნომრის ბოლო სცენაც დადგმული იყო, რომ გეგას შეკითხვას “რა არის ამაში განსაკუთრებულიო” მხოლოდ ფორმალობის სახე ჰქონდა, რომ ჟიურის წევრები, უბრალოდ სამარშუტო ტაქსის კარის გაღების საბაბს ეძებდნენ, რომ ეს გოგო “ვა-ბანკში” მონაწილეობს…

…რომ ჟიურიმ სავარაუდოდ იცოდა მანქანაში მყოფი ადამიანების შესახებ, რომ… რომ… რომ… ერთი სიტყვით, გამიკვირდა, რომ არ შედგა ამდენი “რომ”-ის ამბოხება და…

რომ-ის იმპერია, ანუ, “პური და სანახაობა”

პირველი საუკუნის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა.

მაგალითად, რომისკენ მიმავალმა გზებმა სხვა მიმართულებითაც გადაუხვიეს და დრომ კი კოლიზეუმი ჩაკბიჩა.

თუმცა, რაღაც მაინც დარჩა უცვლელი: ოცდამეერთე საუკუნის ადამიანებს ისევე უყვართ “პური და სანახაობა”, როგორც ის ძველ რომში უყვარდათ. ხალხის დასაპურებლად და მათი თვალების წყურვილის მოსაკლავად კი “ნიჭიერის” ეს სერია ნამდვილად გამორჩეული გამოდგა…

“პური…

ადამიანის ორგანოებს, კერძოდ კი მათ კუჭებს წყევლა რომ შეეძლოს, ჟიურის წევრებს მინიმუმ ენა უნდა ჰქონდეთ გამხმარი. ის ენა, რომლითაც ხინკლისმჭამელი მონაწილე დამძიმებული მუცლითა და კიდევ უფრო დამძიმებული ხასიათით სცენიდან გაისტუმრეს. მართალია,კონკურსანტის სხეულში მდებარე “აღუვსებელი საწყაულის” “კუჭობა” ერთი მხრივ ეჭვქვეშ დასაყენებელია, მაგრამ, თუკი ჟიურიმ წინასწარ იცოდა, რომ ნომრის შემდეგ ამ კაცს თავის დამშვიდება მხოლოდდამხოლოდ უფასო სადილით შეეძლებოდა, მისი ქეიფი დროზე ადრე უნდა გაეწყვიტა. წამზომზე დანიშნული დროის უკანასკნელი წამების ფაცი-ფუცი, დაძაბულობა და მოულოდნელად ჟიურის კომენტარი: “იცით, მე ამას მხარს ვერ დავუჭერ” - ცოტა ცუდად გამოჩნდა. მთელი ნომრის მანძილზე ადამიანი თუ ხინკალს ჭამდა, ბოლოში წამწამზე ვერ იჩქმეტდა, რომ ამის გულისთვის დაცდა ღირებულიყო.

ადამიანის ორგანოებს, კერძოდ კი მათ კუჭებს (არანაირი დეჟავუ)… ლაპარაკი რომ შეეძლოთ, მაია ასათიანის ენას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდებოდა. როგორც გადაცემიდან ჩანს, ჟიურის წევრებსა და წამყვანებს “სმა-ჭამა დიდად შესარგი” ნამდვილად არ აკლიათ, მაგრამ რამდენიც სცენაზე ისეთი რამ გამოჩნდა რაც იკბიჩებოდა, მაია ასათიანმა ყველაფრის (ცოტას ვაჭარბებ: ხინკალი და თონის პური იყო მარტო) ჭამის სურვილი გამოთქვა. კიდევ კარგი, ჟიურის სხვა წევრებმა პატარა მარიამზე სიყვარულით “ჩასაყლაპი ბავშვიაო” არ თქვეს, თორემ ვინ იცის…

…და სანახაობა”

“ნიჭიერის” მეორე სერიაშიც აღმოჩნდა ბევრი ისეთი, ვის “ტრაქტორსაც“ტრა(ე)ქტორი(ა)” აერია და გამონაბოლქვი ჰაერით ჟიურის წევრების “ტრაქეები” “დაწამლა”. თუმცა, რა თქმა უნდა, იყო ისეთი ნომრებიც, რომელთა გამო მინიმუმ გადაცემის ყურება ღირდა, შექმნა თუ არა. იმის აღწერას ნამდვილად არ დავიწყებ, ვინ რა გააკეთა და ვინ რის გაკეთებას ცდილობდა. ჩემამდე ეს უკვე არაერთხელ დაიწერა და “იყურა”, რის გამოც მე მხოლოდ მცირე შეფასებებით შემოვიფარგლები:

  • ბერნარდ შოუ ამბობდა, რომ “ცეკვა ეს არის ჰორიზონტალური სურვილების ვერტიკალური განხორციელება, რომელიც ლეგალიზებულია მუსიკით.” თუმცა, ასეთი განმარტების ავტორიც კი ვერ შეძლებდა სახელი დაერქმია იმისათვის, რაც სცენაზე ზედიზედ ორმა გოგომ გააკეთა. გაცილებით უფრო მისაღები იქნებოდა, თუკი ანკეტაში ჩაიწერებოდა შემდეგი ნიჭი: “ვაპირებ, ამოვვარდე მენჯიდან”, ან, რაიმე მსგავსი…
  • მარკ ტვენი ამბობდა, რომ “სჯობს იყო ჩუმად და გამოჩნდე სულელი, ვიდრე ხმა ამოიღო და ამაში ყველა დარწმუნდეს.” ხოლო, თუ ჩვენ ერთ შეურაცხმყოფელ სიტყვას “ცუდი მომღერლით” შევცვლით, მაშინ ეს წესი “ნიჭიერის” ბევრ მონაწილეს გამოადგება. სწორედ მისი არად ჩაგდებისთვის მოშანთეს ულმობელად ჟიურის წევრებმა “ო შანტე”-ს შემსრულებელი მოხუცი, მხარზეჯოხგადებული კოლმეურნე ქალები და ბევრი სხვა, რომელთა გაქრობის მისიაც საკუთარ თავზე სავარაუდოდ მემონტაჟეებმა აიღეს.
  • ჩემი მეზობელი იურა ერთ-ერთ ქელეხზე ამბობდა, რომ “ცხონებული გოდერძი იქამდე იცოცხლებს, სანამ ის ჩვენს გულებში იქნება”. ხოლო, “მოზაიკის” მიერ შესრულებულმა ნომერმა ცხადყო, “რომ ცუდად მაინც არ ჩაუვლია იმ განწირულის სულისკვეთებას, და გზა უვალი, მისგან თელილი, მის მიმდევრებში მაინც დარჩება.” ჯექსონის შესანიშნავმა იმიტაციამ დატოვა ერთადერთი შეკითხვა: “თუ რატომ ეგდო საბრალო ქუდი მთელი ცეკვის მანძილზე სცენაზე ეულად და სევდისმომგვრელად”

    • ოპტიმისტური ანდაზა ამბობდა: “თუ გარშემო ყველა ტირის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შილა-ფლავის მომზადება უნდა დავიწყოთ”. ხოლო, პატარა მარიამმა ამ ანდაზის ჭეშმარიტებას გამარჯვება კიდევ ერთხელ აზეიმა. იტირა ბებიამ, იტირა მამამ, იტირა თიკამ, “ამან და ამან”-აც იტირა და დარწმუნებული ვარ, “ესა და ეს”-იც იტირებდა… რადგან სიხარულიც შეიძლება რომ მწუხარების ინგრედიენტებით გამოიხატოს.
    • ერთი მომიტინგე ამბობდა, რომ “ამ ქვეყანაში ყველაფერი ჩაწყობით ხდება“, ამის გამო მე აღარ მიკვირს ის, თუ რატომ ვერ მიაღწია წარმატებას ვერც ერთ კონკურსში მარიამ კახელიშვილმა. რადგან,  ზოგან და ზოგჯერ ჟიური მართლა ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რომ სურვილი გიჩნდება მის წევრებს მაიკლ ტაისონი მიუქსიო და სმენაზე მეტი პრობლემები შეუქმნა…

დასკვნის მაგიერი: “ეკონომილირიკული წიაღსვლა”

ეკონომიკაში “მოთხოვნა-მიწოდება” ერთ-ერთი ძირეული საკითხია, რომლის მიხედვითაც თუ მოთხოვნა მიწოდებას გადააჭარბებს, ამა თუ იმ “პროდუქტზე” დეფიციტი შეიქმნება.

“ნიჭიერის” სულ ორი გადაცემა გახდა საკმარისი იმის დასადგენად, რომ ქვეყანაში გეგას დეფიციტია და თუ ასე გაგრძელდა, სიტუაცია კრიზისამდე მივა… საჭიროა შავი ნიღაბი სახეზე, შინდისფრად შეღებილი თმები, ან, საქვეყნო აფიშირება იმისა, რომ გეგას ცოლი ჰყავს…

პ.ს: კულუარული ინფორმაციით, თურმე მესამე გადაცემა ისეთი იქნება, რომ წინა ორს შეიძლება საერთოდ არსებობის შერცხვეს. ეს ისე…

4 February

პირველად იყო შოუ და შოუ იყო “ნიჭიერი”…

ბექა ადამაშვილი, a.k.a. მჩხაპნელი ბლოგიდან Doin.ge

“Show must GO on” - ფრედი მერკური
“ისე არ უწვიმია, როგორც ქუხდა” – ჩემი მეგობარი

ერთის მხრივ, ფრედიც მართალია და მეორეს მხრივ, ჩემი მეგობარიც.

“ნიჭიერს” ელოდებოდნენ ისევე, როგორც ელოდებიან პირველ ბავშვს ოჯახში, ბოლო მატარებელს მეტროში, “skype”-ში გაცნობილ მაგარ გოგოს – პაემანზე, გაზაფხულს – ზამთარში, “ავატარის” ბილეთებს – სალაროსთან, ღილაკზე თითის დაჭერას – სურათის გადაღების წინ, “მე შენ მიყვარხარ”-ზე საპასუხო რეაქციას – სიყვარულში გამოტყდომისას და ა.შ.

ერთი სიტყვით, ვაჟას “მთების” არ იყოს – ყველანი “იდგენ და ელოდნენ“…

თუ დროის შეჩერება გსურს, მაშინ რაიმეს ლოდინი დაიწყე - უცნობი ავტორი

"თუ დროის შეჩერება გსურს, მაშინ რაიმეს ლოდინი დაიწყე" - მე

ამ მასშტაბის მქონე მოლოდინმა კი გამოიწვია ის, რომ მავანთ და მავანთ გადაცემა არ “ეყოთ” და ტრადიციული “უფრო მეტს ველოდი“-თი (რა თქმა უნდა, ამ “უფრო მეტი“-ს დაკონკრეტების გარეშე) უკმაყოფილება გამოხატეს კიდეც. თუმცა, შოუ მაინც შედგა და ცალკეული “პერსონაჟებისა” თუ მთლიანი გადაცემის წყალობით ბევრის მოწონებაც დაიმსახურა.

ანუ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ “ნიჭიერმა” ქართულ ტელე-სივრცეში შესამჩნევი კვალი დატოვა.

ჰოდა, ჩვენც მის ნაკვალევს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ:

პირველი ნაბიჯი: “დუ-უტ, დუტა, დუ-უტ!”

გასაგებია, რომ არ არსებობს წამყვანი, ვინც დუტაზე უკეთესად გაუძღვება გადაცემას. გასაგებია, რომ არ არსებობს შოუმენი, ვინც დუტაზე უკეთესად წაიყვანს კონცერტს. გასაგებია, რომ არ არსებობს მსახიობი, ვისაც შეეძლება დუტაზე კარგად ითამაშოს რეკლამებში. ისიც გასაგებია, რომ დუტაზე უკეთ გათამაშება ჩატარებაც შეუძლებელია… მაგრამ, გაუგებარია, რატომ არ არსებობს ენა, რომელსაც შეეძლება დუტაზე უკეთ წაიკითხოს გადაცემის ტექსტი და მისი დაწყებისთანავე მაყურებელს: “აუ, აქაც დუტაო?” არ ათქმევინოს.

მე იგივე ვარ მარად და მარად, არ ვსდევ ჟამთა ცვლას...

"მე იგივე ვარ მარად და მარად, არ ვსდევ ჟამთა ცვლას..."

დუტა კარგია… კარგზე ბევრად მეტიც. თუმცა, დუტა “ყოველ დროს“, დუტა “ყოველთვის” და დუტა “ყოველგან“, ისევე მოსაბეზრებელია, როგორც ამ ფრაზაში სიტყვა “დუტას” ხშირი გამოყენება…

მეორე ნაბიჯი: “კონგენიალურ..რ..რია”

როდესაც პირველად წამყვანების შესახებ გავიგე, ასოციაციაში მაშინვე მოვიდა თიკა ფაცაციასთან დაკავშირებული დისბალანსური პარამეტრი: “სიმაღლე”!

ამის გამო მეგონა, რომ სიმაღლეში არსებულ სხვაობას, შოუსა და მის ვიზუალურ მხარეზე ცუდი “გავლენის” მოხდენა შეეძლო. თუმცა, გადაცემის მსვლელობისას წამყვანთა წარმატებულმა ტანდემმა ჩემი ძველი წარმოდგენები ისევე დაამსხვრია, როგორც…

კრამიტთმმუსვრელი

"კრამიტთმმუსვრელი"

მე კი, წარმოდგენაგაჩანაგებულს, მაშინვე ილიკო ჩიგოგიძის ფრაზა გამახსენდა: “ცალთვალა იყო კუტუზოვი, მაგრამ დედამიწის გულში რა იდო, იმას ხედავდაო”. წამყვანთა დუეტმა, სასკოლო ენაზე თუ ვიტყვით, “თავისი საქმე ხუთიანზე შეასრულა” და სრულიად შეუმჩნეველი გახადა ის “ნაკლი”, რომელიც ჩემი აზრით თვალისათვის შესაძლოა ცუდი აღსაქმელი ყოფილიყო.

თიკას დასახასიათებლად ალბათ, იდეალური იქნებოდა მისი მშობლიური ქართული ესტრადის ჟამმოჭმული, თუმცა “იუმორინას” მაცოცხლებელი ჰიტის“მარტის” შემდეგი სიტყვები: “წამის წინ წამწამებს ცრემლი გისველებდა, ახლა მზის სხივების კრთება ათინათი”…

თვით მაიასაც კი არ უტირია...

"თვით მაიასაც კი არ უტირია..."

თიკას მთავარი პლიუსიც ის იყო, რომ ემოციების გამოხატვისას ბუნებრიობა არ დაუკარგავს: იცინოდა მაშინ, როცა მართლა ეცინებოდა; ხტუნავდა მაშინ, როცა მართლა ეხტუნებოდა; იცეკვა მაშინ, როდესაც ამის დრო იყო და იტირა მაშინ, როდესაც მაყურებელსაც აეტირა.

არ მინდა რაღაც “ხოტბაჲ და დიდებაჲ”-ს ტიპის ნაწერი გამომივიდეს, მაგრამ საქებარი სიტყვების მეტი ვანიკოზეც არაფერი მეთქმის: კარგი, მხიარული წამყვანს დამატებული კიდევ უფრო უკეთესი მსახიობი მარტივი არითმეტიკული გამოთვლით, ჯამში “ფრიად სასურველ” შედეგს იძლევა.

მოკლედ თუ ვიტყვით, თიკა და ვანიკო შოუს “შოუსანიშნავად” მოერგნენ.

მესამე ნაბიჯი: “ნიჭიერები და დანარჩები”

2G“(გულნაზი გოლეთიანი)-სა და “3G“(“მესამე თაობის მოცეკვავები” – “New Style”)-ს თემა უკვე იმ მანქანის საბურავებივით გაცვდა, რომლის შეჩერებაც პატივცემულმა ჟიურიმ ერთ-ერთ მონაწილეს სათანადოდ არ დაუფასა.

ჰერკულესის ხანდაზმულობა

"ჰერკულესის ხანდაზმულობა"

რაღა თქმა უნდა, იმავე საღამოს გაივსო სხვადასხვა სოციალური ქსელები თუ “მესენჯერები” სტატუს-ფრაზებით: “ქართველი სუზან ბოილი“, “გულნაზ ბოილი” და “სუზან გოლეთიანი“. თუმცა,ცოტა ხანში ამოქმედდა დეკარტეს “მეთოდოლოგიური ეჭვი”-ს კანონიც: “დაეჭვდი ყველაფერში, რაც საეჭვოდ გეჩვენება” და დაიძრა არმია კომენტარებისა, რომელსაც სათავეში ედგა “მთავარსარდალი” სახელად “ეს სცენა დადგმული ხომ არ იყო?!”. არმიის დამრტყმელ ძალას კი წარმოადგენდნენ კომენტარები: “აი, სუზანიც ზუსტად ეგრე მიაბრუნეს უკან” და “ხაჭაპურის სცენა სპეციალურად ჩასვეს, რომ ხალხს თავიდან სხვანაირი წარმოდგენა შექმნოდა“.

მოკლედ, ისეთი ამბავი ატეხეს, სუზან ბოილი რომ შესულიყო “YOUTUBE“-ზე და გულნაზი გოლეთიანი შოტლანდიაში დაეპატიჟა, აღარც ეგ გამიკვირდებოდა. არ ვიცი, დამთხვევა იყო თუ დადგმა, მაგრამ თუნდაც დადგმული ყოფილიყო, მერე რა?
ვერ ვისიამოვნეთ, ვერ შევაქეთ და ტაში ვერ დავუკარით?

შოუს ზუსტად ასეთი ელემენტები ქმნის და ისინიც თუ  ”დაჯდა”, მაშინ უკვე “მექანიზმის” მუშაობასაც საფრთხე შეექმნება.  ჰოდა, თუ საბოლოო პროდუქტი (თუნდაც დადგმული) ასეთი კარგი სანახავია, უკეთესი არ იქნება თუ მას ინგრედიენტებში ქექვის გარეშე მივიღებთ?  :)

ახალი სტილით - ახალი მწვერვალებისკენ

"ახალი სტილით - ახალი მწვერვალებისკენ"

“New Style”-ს რაც შეეხება. აქ უფრო სხვა ტიპის კომენტარები სჭარბობდა:

  • შუაში რომ იდგა ჩემი მეგობარია
  • სალტოს რომ აკეთებს, იმისი ძმა ჩემი ნათესავის კლასელია“,
  • ამ გოგოს “სკაიპით” ველაპარაკებოდი“,
  • აუ, იმას მგონი ვიცნობ
  • და რა თქმა უნდა, დამსახურებული კომპლიმენტების მთელი ზღვა…

თუმცა, ისეთი მონაწილეებიც იყვნენ, ვისაც პრობლემა ჰქონდა სმენაზე (“ყოველთვის როცა..ა…ა… და…ა…ბერავს ქარი“), წონაზე და ორიენტაციაზე (რა სულ ცუდს ფიქრობთ… საერთოდ შეცდომით რომ ავიდა სცენაზე, ეგ ვიგულისხმე)…

ზოგი უდრეკად იწვა (მინებზე და მანქანას უძლებდა), ზოგიც იმდენად დრეკადი იყო, რომ აბსტრაქტული სიტყვა “თავ-ფეხი” რეალობად აქცია.

რეზინ-man

"რეზინ-man"

ზოგმა რკინის ლარიანი გადაყლაპა, ზოგმა – წყენა, ზოგმა კი კინაღამ თევზით ჩაი-კოკოლ-ზინა ყელი…

ზოგმა თავი წარმოჩინა (პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით), ზოგმა – პირი (მუშტის დახმარებით), ზოგმა გული და ზოგმაც…

შეყვარებულის ადამიანის ცეკვა

"შეყვარებულის ადამიანის ცეკვა"

საცირკო ნომრები, სამწუხაროდ, ისეთივე გრძელი არ აღმოჩნდა, როგორც ეს ჯოხი…

ნახვად ღირდა...

"ნახვად ღირდა..."

…ამიტომ ისეთივე უკმარისობის გრძნობა დატოვა, როგორც იმ ველოსიპედიანმა ბიჭმა “ტრიუკების” გაკეთებას ტყუილად რომ დაგვპირდა. იგივე შეიძლება ითქვას სხვა რამდენიმე ნომრის შემთხვევაშიც: ზოგმა სამეჯლისო იცეკვა კარგად, ზოგს ოჯახის გაძღოლა ბავშვობიდანვე დააწვა მხრებზე, ზოგმაც პიანინო გამოიყენა სათანადოდ და ამ ზოგ-ზოგების “თითქმის უჩვენებლობა” იმედია, მხოლოდ მათი შემდეგი გადაცემებისათვის გამო-ზოგ-ვით აიხსნება.

ოჯახის ტვირთი არც ისე მძიმე სატარებელი ყოფილა

"ოჯახის ტვირთი არც ისე მძიმე სატარებელი ყოფილა"

საბოლოო ჯამში, ნომრები ისეთივე მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, როგორც ის სატელევიზიო კადრი – ბევრი ზოლებისგან რომ შედგება და მაუწყებლობის დასრულების შემდეგ ეკრანზე რომ ჩნდება ხოლმე.

ამის გამო კი დიდი ჯაფა დაადგა ჟიურის, რომელმაც ზოგი მიწასთან გაასწორა და ზოგი დაზოგა

მეოთხე ნაბიჯი: “აბა, ჟ(ი)ური!”

აბაჟური -(Fr)-abat-jour - საფარველი, რომელიც ლამპას უკეთდება მხედველობის დასაცავად

ჟიურიც ერთგვარი საფარველია, რომელიც სცენაზეა “მიმაგრებული” და მაყურებლებს – ცუდი ნომრებისგან, ცუდი ნომრის ავტორებს კი – მაყურებელთა დაცინვისგან იცავს.

დასაცავი კი ამ გადაცემაში ორივე ფლანგზე დიდი რაოდენობით აღმოჩნდა და ჟიურის მუშაობა იდეალური იქნებოდა, რომ არა მისი ორი წევრის მიერ ერთ-ერთი მონაწილისათვის ნახევარფინალის საგზურის “ჩუქება“. ალბათ, მიხვდით, ვგულისხმობ იმ ადამიანს, რომელსაც როგორც გვჩვევია ჯერ მთელი საქართველოს მასშტაბით დავცინებთ და შემდეგ ტრადიციულად, ისე შევიყვარებთ, რომ მასთან ქუჩაში სურათების გადაღებაც კი გაგვიხარდება.

არ შეიძლება კიდევ ერთხელ გამოსასვლელად გაიმეტო ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ “სათვალე ნაცნობებისაგან დაიცავს”…

სხვა მხრივ კი ჟიური კრიტიკას არ ექვემდებარება და სწორედ ამიტომ, სცენის თავზე საკმაოდ ობიექტურად ინთებოდა ხოლმე სახელები…

გეგა (ტრიადის ხელმძღვანელი, რომელიც ხშირად ერთ-პიროვნულ გადაწყვეტილებას იღებს და მას ორივე ხელით ახორციელებს, თუნდაც სხვებს ნომრის შეწყვეტის სურვილი სულაც არ ჰქონდეთ. თუმცა, ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ტელემაყურებელი უკვე “გულითადი დაცინვის” ფაზაშია გადასული და ნომერი უთუოდ უნდა შეწყდეს)

მაია (როგორც ბევრი სხვა, თავიდან მეც ვფიქრობდი, რომ უკეთესი იქნებოდა აქ სხვა სახელი დაწერილიყო, მაგრამ შევცდი. “პროფილის” “მარგი ქმედების კოეფიციენტმა” ჩემი სიმპათია პირველი კომენტარიდანვე (“მიდი, ოღონდ არ ჩაგეყლაპოსო“) დაიმსახურა. მომდევნო კომენტარით (“ვინმეს დაბადების დღეზე, რომ იყოთ და ასე იცეკვოთ, ალბათ მოახდენთ შთაბეჭდილებას, მაგრამ… სცენაზე ჯერ მე მგონი ადრეა“) დაამსხვრია ჩემი წარმოდგენა იმაზე, რომ ის მონაწილეების მიმართ მკაცრი ვერ იქნებოდა. ხოლო, გადაცემის მანძილზე გამოხატული ემოციებით საბოლოოდ დამარწმუნა იმაში, რომ “სწორ დროს”, “სწორ არხზე” და “სწორ ადგილზე” იჯდა)

ნიკა (შენიშვნა არ მაქვს. აფასებდა ზუსტად, ობიექტურად და თან… იდეალურად გაიბუტა)

ბუტე...ბუტე... - ვიბუტბუტე

"ბუტე...ბუტე..." - ვიბუტბუტე

მეხუთე ნაბიჯი: “მგონი, ყელს მივუახლოვდი…”

და სანამ ამოვალ, დროა ამ წინადადების ბოლოს წერტილი დავსვა და გავჩერდე.

პ.ს: ვისაც კლავიატურა ჰქონდა, “ნიჭიერზე” საკუთარი აზრი უკვე ყველამ გამოთქვა და რამე განსხვავებული თუ ვერ ვთქვი, მეპატიება… :)

29 January

“ნიჭიერის” ნიჭიერი ბლოგერები

8 იანვარს “ნიჭიერის” ბლოგზე გამოცხადდა კონკურსი ბლოგერებისთვის. 22 იანვარს კი კონკურსის სამი გამარჯვებული ამ ბლოგის თანაავტორი გახდა, უფრო გასაგებ ენაზე – ამ “ჟურნალში” საკუთარი “სვეტი” მიიღეს. “ნიჭიერის” ეთერში გასვლასთან ერთად ისინი კვირაში ერთხელ დაწერენ პოსტს ნანახი გადაცემის შესახებ. მათი პოსტები ცენზურას არ გაივლის – შეუძლიათ დაეთანხმონ ან არ დაეთანხმონ ჟიურის, უგულშემატკივრონ ან გააკრიტიკონ მონაწილეები – მოკლედ, დაწერონ ყველაფერი, რასაც ჩათვლიან საჭიროდ.

ამ პოსტში წარმოგიდგენთ სამივე ბლოგერს. გაიცანით, იკითხეთ მათი პოსტები და დაუტოვეთ კომენტარები.

1. თინი, ბლოგერი tiny.ge-დან:

თინი, 19 წლის. ერთ წელზე მეტია, რაც ბლოგერი ვარ. მიყვარს ბლოგინგი, იმაზე მეტად, ვიდრე ჩემი პროფესია- ხელოვნებათმცოდნედნეობას ვსწავლობ თსუ-ში, მესამე კურსზე ვარ :)

აუცილებელი (?) რაღაცები, რაც სასურველია იცოდეთ ჩემზე:

ვარ გულჩვილი.
მიყვარს რომანტიული ფილმები.
არასდროს ვაფასებ ჩემს ნაშრომს დადებითად.
ვუკრავ ვიოლინოზე.
მიყვარს მოხარშული კვერცხი მაიონეზით.
წერა უფრო მიყვარს, ვიდრე ლაპარაკი.
ვარ რაღაცნაირი.

“ნიჭიერის” ბლოგის თანაავტორობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ცოტა ვნერვიულობ კიდეც – მინდა კარგად გავართვა თავი. თუმცა ალბათ ნაწერი უინტერესო ვერ გამოვა, როცა თვითონ შოუა საინტერესო. მოკლედ, იმედი მაქვს ამ სამი თვის მანძილზე, ყოველთვის სიამოვნებით შემოხვალთ ამ ბლოგზე და წაიკითხავთ ყველა სიახლეს, მონაწილეების შესახებ ცნობებს, გასული გადაცემების მიმოხილვას და ა.შ.

თინის პოსტები “ნიჭიერის” შესახებ:

პირველი დღე “შიდა სამზარეულოში”

გადაღებები და TBgroup


2. Piccolina – ბლოგერი piccolina.ge-დან

piccolina, იგივე ნინო ფანიაშვილი (მაგრამ ნინოს თუ დამიძახებთ, შეიძლება არც მოვიხედო ;) ). განათლებით შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგი ვარ, მარა რად გინდა, ნაკლებად აინტერესებთ HR საქართველოში, ამიტომ დიდ დროს ბლოგს და ზოგადად ინტერნეტს ვუთმობ. ხო, ბლოგს რაც შეეხება, 4 წელზე მეტია, რაც მაქვს და ამ 4 წლის მანძილზე რა აზრებიც კი მიტიკინებდა თავში, ყველაფერი იქ წერია :)))

ბევრი თვლის, რომ ინტერნეტ-მანიაკი ვარ. შეიძლება ასეც არის, კომპიუტერს იშვიათად ვშორდები, მაგრამ სულაც არ ვთვლი, რომ ეს არაჯანსაღია.

ამ მხრივ გამიმართლა, ქმარიც ჩემნაირია. იმდენად, რომ როცა დავქორწინდით, დიიიიდი ონლაინ-ქორწილი გადავიხადეთ Facebook-ზე. მართალია, ასე საჩუქრებს არავინ გჩუქნის, სამაგიეროდ მთვრალი კაცები დილამდე არ დაბოდიალობენ ცეკვა-ღრიალის რეჟიმში :))

ინტერნეტში ძრომიალის გარდა ხატვა და ძერწვაც მეხერხება (ხანდახან). სამზარეულოში ტრიალი და ხანძრის გაჩენა ან სხვა უბედურების დატრიალება ჩემი მეორე პროფესიაა :))

პიკოლინას პოსტები “ნიჭიერის” შესახებ:

ცხელი ამბები კულისებიდან

გუგლი კითხულობს

3. ბექა – ბლოგერი doin.ge-დან

ვინაობა: ბექა ადამაშვილი
ჟამი დაბადებიდან დღემდე: 19 წელი და 8 თვე
ცოდნის მაღარო: “კავკასიის უნივერსიტეტი”

დამატებითი ინფორმაცია:

“მე მშობლებისთვის შვილი ვარ და კოსმოსისთვის – ტყუპები, დედამიწისთვის – ზედმეტი 64 კილოგრამი და გარშემომყოფთათვის – ცოტა მოსამატებელი, პედოფილებისთვის – ნამეტანი გვიან და ნეკროფილებისთვის – ნამეტანი ადრე, დაინტერესებული პირებისათვის – სამუშაოს მოსურნე ახალგაზრდა და უმუშევრებისთვის – კონკურენტი, სარკისათვის – საკუთარი თავი და საკუთარი თავისათვის – წყალწაღებული ოპტიმისტი, რამდენიმე პიროვნებისთვის – ყველაფერი და არაფერი – ანჯელინა ჯოლისათვის.

არ მიყვარს ზღვა, იმიტომ რომ გემოს ვერ ვატან და მიყვარს… (უცხო პირთა შესვლა სასტიკად აკრძალულია);

მშურს ჯესიკა ალბას საბნის და მაღიზიანებს კაცები, რომლებსაც ცალი ხელით აწეული მაისური უჭირავთ, მეორეთი კი ბანჯგვლიან მუცელს იფხანენ;

ვაპირებ გავხდე (ჟურნალისტი) და გავსუქდე (ცოტა).

მზად ვარ
ვუპასუხო ყველა შეკითხვას, “რას შვრები, რავა ხარ?”, “რა არის შენკენ ახალი?” და “სხვა?”- ს გარდა…

That’s all! :)

ბექას პოსტი “ნიჭიერის” შესახებ:

“ნიჭიერის” პროლოგი: ძუძუები და “ცოტნე დადუ-ანი”, ანუ, რაღაც სადღიურო ჩანაწერების მსგავსი…