თინი, ბლოგერი tiny.ge-დან
მეოთხე ნახევარფინალმაც ჩაიარა- ამჯერად კარგი შედეგებით! თუმცა “შედეგებამდე” კონკურსანტები მიმოვიხილოთ…
“პროექტმა გაგვანებივრა ამ სახეობაში კარგი ნომრებით-ნიკა მემანიშვილი”
West Side Dancers-ის შეიძლება შეფასდეს, როგორც ერთ-ერთი უხარისხო ნომერი შოუს ისტორიაში. დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც იმ ტიპის ნომერს სთავაზობ მაყურებელს, სადაც რამდენიმე მოცეკვავე ცეკვავს ერთად break dance-ს, მინიმუმ სინქრონი უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული. რაც არ უნდა საოცარ ილეთებს აკეთებდნენ დამოუკიდებლად, თუ სინქრონი დარღვეულია, ყველაფერი ფუჭდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა არც სხვა დანარჩენ ასპექტებში არიან ძლიერები- მოძრაობები საკმაოდ მარტივი იყო. მუსიკის მიქსიც ცუდად იყო შერჩეული. განსაკუთრებით 2 შეცდომაა აღსანიშნავი:
- როდესაც ჯექსონის მელოდიას იყენებ, მინიმუმ ერთი მოძრაობა მაინც უნდა დაამსგავსო მის ცეკვას მიქსში ჩასმისთვის აზრის მისაცემად. უბრალოდ რომ გამოეყენებინათ მელოდია და თუნდაც სხვა მოძრაობები ეკეთებინათ, არავის ექნებოდა პრეტენზია, მაგრამ როდესაც ქუდით გამოდიხარ, moonwalk-ის მცდელობაც გაქვს, მოლოდინს ქმნი და აშკარად არ გამოგდის, არც უნდა გამოიყენო
- მიქსში იყო next level-ის მიერ გამოყენებული სიმღერა. ამან ძალაუნებურად ასოციაციები გააჩინა მათთან, რაც არც ისე სასარგებლო იყო west side dancers-სთვის გასაგები მიზეზების გამო…

“ჩემთან ერთად გაუმარჯოი იქ ჩემ ვირ და აქ ჩემ მაროი”
ელენეს და გიორგის ნამდვილად ჰქონდათ ნაშრომი, თუნდაც ცეკვაში ეტყობოდათ ეს, მაგრამ თუ იმ ყველა პირობას ჩამოვაშორებთ, რომლებიც ნიკამ აღნიშნა – ასაკი, დამოუკიდებლად მომზადება და სხვა მსგავსი მიზეზები, ხელთ შეგვრჩება დაუხვეწავი იუმორი. სკეტჩის ლექსად მოყოლა კახური კილოთი არც ისე დიდ იუმორს შეიცავდა. თუმცა საერთო ჯამში სახალისო ნომერი გამოვიდა.

“თავმდაბალი პროფესიონალი”
ავთო ნაცარაშვილის პირველი გამოსვლის შემდეგ არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ნახევარფინალშიც ისეთივე პროფესიონალურ დონეზე შესრულებულ ნომერს გვიჩვენებდა, მაგრამ შედეგმა მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა! ალბათ ეს იყო გენიალური შემთხვევა, როცა ქართული ფოლკლორი და როკი ასე ჰარმონიულად შეერწყა ერთმანეთს. კომპოზიცია რთული იყო შესასრულებლად, მაგრამ ამავე დროს მარტივად აღსაქმელი მაყურებლისთვის- ქართული მოტივები ყველას ყურში გვაქვს გამჯდარი.
კარგი იდეა იყო მოცეკვავეების გამოყვანა სცენაზე, მაგრამ ალბათ მაყურებლის უმეტესობას არც მიუქცევია მათთვის ყურადღება. სცენაზე ხომ “თავმდაბალი პროფესიონალი” იდგა… ეს ის შემთხვევაა, როცა ინსტრუმენტიც კი გრძნობს პატრონს!

“მე ისევ გაოცებული ვარ, ოღონდ ამჯერად სხვა მიმართულებით”-გეგა
გაოცების მიმართულება ძალიან ბევრს შეეცვალა ნინო ჯავახიშვილის ამ გამოსვლის შემდეგ. ყველანაირად გამართული ნომერი იყო:
- სწორად შერჩეული სიმღერა
- ლამაზი კოსტიუმი
- შოუს მორგებული
- რთული
ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა ასპექტის შერწყმამ მოგვცა სწორედ ის შედეგი, რასაც არავინ არ ელოდა. ნინო მეოთხე ნახევარფინალის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად იქცა!
იმედია ახლა მაინც მისცემენ გამართლებას ჟიურის გადაწყვეტილებას, რომელიც პირველ ტურში მიიღეს და რომლის გამოც ნახევარი საქართველო თავდასხმაზე გადავიდა. ვერავინ ვერ უარყოფს, რომ ურთულესი და ულამაზესი ნომერი ვნახეთ ნიჭიერის სცენაზე!

“2010 წლის ნიჭიერში თქვენ ხართ საუკეთესო ოჯახი”
ბერაძეების ოჯახის გამოსვლის შეფასებას ნიკა ცოტა არ იყოს სუბიექტურად მიუდგა. ვისაც ქართულ ფოლკლორთან შეხება ჰქონია და “სმენა ერჩის”, აუცილებლად შეამჩნევდა იმ ხარვეზებს, რაც ბერაძეებს ჰქონდათ. დეტონაციებიც იყო, დარღვეული იყო ერთიანობაც- ბევრ მომენტში ცალ-ცალკე დაიწყეს სიმღერა. საერთო ჯამში მოსაწყენი იყო…

“ჩვენ რომ ჩიკაგოელები გვეგონნენ, სამტრედიელები ყოფილან”
“ფანტაზია” იმ კონკურსანტთა შორის არის, რომლებიც კასტინგის შემდეგ საგრძნობლად დახვეწილები არიან. ლამაზი კოსტუმები, კარგი ქორეოგრაფია და სინქრონი უნდა აღინიშნოს განსაკუთრებით! გარკვეულწილად მართალი იყო ჟიურის სამივე წევრი, როცა ნომრის ასაკთან შეუსაბამობას გაუსვეს ხაზი, მაგრამ სხვა მხრივ ყველაფერი კარგი იყო.

“რანაირად მოგეცით “კი” ისიც კი არ მახსოვს”
ვასილ ხაჩიძე იმდენად სახასიათო პერსონაა, რომ საკუთარ გამოსვლას თავისებურ ელფერს აძლევს ხოლმე. ძალოსანი მონაწილეებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია თავის შესაძლებლობებით, თუმცა ერთჯერადი ან მაქსიმუმ ორჯერადია ყველა სპორტსმენის გამოსვლა ნიჭიერის სცენაზე იმიტომ, რომ შოუს ელემენტები აკლია ყველა მათგანს.

საერთოდ,ტანვარჯიშს ძალიან ღრმა ბავშვობიდან ეჭიდებიან ხოლმე სპორტის ამ სახეობის მიმდევრები. ქეთის და ნაზის შემთხვევაში ეს გვიან, 10 წლის ასაკში დაიწყო. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ- განსაკუთრებული ნიჭია. ფენომენალურად ელასტიურები არიან და მართლა ურთულეს ილეთებს ასრულებენ. სირთულეს რომ თავი დავანებოთ, ულამაზესი ნომერი იყო.

“ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე, არასოდეს მომისმენია არაამერიკელის მიერი ნამღერი ასეთი სიმღერა ამერიკულ ენაზე”
ანის განსაკუთრებით ელოდებოდა გუშინ მაყურებელი. პირველი წარმატებული გამოსვლის შემდეგ ყველა უკეთესს ელოდა. თანაც ვაღიაროთ, ნერვიულობისგან თუ სხვა ფაქტორებისგან, კასტინგზე სიმღერისას დეტონაციები ჰქონდა და ცოტ-ცოტა შეცდომებიც. სწორედ ამიტომ, როდესაც რეპეტიციისას გავესაუბრე, პირველი კითხვა იყო- მასწავლებელთან თუ მიხვედი მეთქი და როგორც აღმოჩნდა, ისევ ფაქტობრივად დამოუკიდებლად იმეცადინა. (ამით ხაზს არ ვუსვამ, რომ ვინმე თუ პროფესიონალურ დონეზე ემზადება და მასწავლებელთან დადის, ეს რამით ამცირებს მის ნიჭიერებას. უბრალოდ, მართლა დამაინტერესა როგორ ახერხებს ამდენს მარტო) . ძალიან ბევრჯერ დავუგდე ყური, რომ ერთი არასწორი ბგერა მაინც აღმომეჩინა (ეს იმისთვის, რომ იმ სიტყვების სითამამის საზომი მქონოდა, რასაც ახლა ვიტყვი), მაგრამ არაფერიც:
- აბსოლიტური სისუფთავე
- სწორი სუნთქვა
- იდეალური გამოთქმა
მომღერლისთვის ისიც მთავარია, რომ სწორი ემოციით იმღეროს. ანის ეს ნამდვილად გამოსდის!

ჟიურის და მაყურებელს ალბათ ერთნაირად გაუკვირდათ ანი პავლიაშვილის პირველი გამოსვლის შემდეგ მისი სანახევარფინალო გარდასახვა. შეიძლება ძალიან კარგია, რომ ასე მრავალფეროვანი შემოქმედება აქვს, მაგრამ როდესაც მუსიკასთან გვაქვს საქმე, განსაკუთრებით საკუთარ შემოქმედებასთან (კომპოზიტორობასთან), ცოტა საფრთხილოდ არის საქმე. შეუძლებელია ყველა ჟანრში ერთნაირად ძლიერი იყო. თანაც, შენს სახასიათოს კარგავ ასეთ დროს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ბრენდს ვერ ქმნი, თუ ერთი კონკრეტული ხაზი არ არსებობს. უკვე ვოკალურ მონაცემებზეც ძნელი ხდება გარკვევით ლაპარაკი და სხვა დანარჩენზეც.

ასეთი იყო მეოთხე ნახევარფინალის 10 მონაწილე…

საბოლოო შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვარ – ანიც და ავთოც დამსახურებულად არიან ფინალისტები.
წინ მეხუთე ლაივი გვაქვს. ჩემთვის სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჩემი ფავორიტი მოხვდა ერთად ამ ათეულში და წინასწარ გული მწყდება ყველაზე.
მოუთმენლად ველოდებით შემდეგ ორშაბათს და ნიჭიერის ბოლო, მეხუთე ნახევარფინალს! მომავალ სამშაბათამდე :)