პოსტები კატეგორიიდან „II ნახევარფინალი“

1 April

“სიკვდილის ჯგუფი”

    ბექა, a.k.a. მჩხაპნელი ბლოგიდან Doin.ge  

   “უცხოპლანეტელებს – თუკი ისინი საერთოდ არსებობენ – ალბათ, არც ყურები აქვთ და არც ფეხები, რადგან ის, ვინც “ჩაკრულოს” მოუსმენს, შეუძლებელია საქართველოში არ ჩამოვიდეს და არ შეგვაქოს” – თხემით ტერფამდე ამაყი ქართველი. 

   სიმღერაში რომ ნიჭიერები ვართ, ეს უკვე მთელი გალაქტიკის მასშტაბითაა ცნობილი. სწორედ ამიტომ, რა გასაკვირია, რომ ფინალში გა(სულ)ყვანილი ოთხი მონაწილიდან სამის ნომერი მიკროფონთან მჭიდრო კონტაქტში ჩაივლის.  როგორც ჩანს, ქართულ გენეტიკურ კოდში ჩადებული ფაქტია ის, რომ ნებისმიერი სახით შესრულებული სიმღერა (სიმით თუ უსიმოდ) მაყურებელთა გულის სიმებს მაინც ყველაზე მეტად არხევს და ეს მობილურთა სიმ-ბარათების ანგარიშზეც კარგად აისახება. 

volk-როლი ფოლკლორში

"volk-როლი ფოლკლორში"

   “ნიჭიერის” მეორე კონცერტი კი წინაზე სანახაობრივი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, სცენაზე გამოსული ათი კონკურსანტიდან მხოლოდ ორის ამორჩევა, დაახლოებით იგივე იყო, რაც: 

  • “შოთას, ილიას, აკაკის, ვაჟას და გალაკტიონს”  შორის საუკეთესოს დასახელება;
  •  ”ყვითელი პრესის” ერთ-ერთ საფირმო შეკითხვაზე: “არჩევნის შემთხვევაში, კარიერას ამჯობინებდით თუ ოჯახსო?” – გულწრფელი პასუხის გაცემა;
  • “ჰოლივუდურ” ფილმებში, მთავარი გმირის მიერ იმ ერთადერთი უსაფრთხო მავთულის  ამორჩევა, რომლის გადაჭრაც  წითელციფრიან წამზომს ბოლო წამს შეაჩერებს…
  • … და სხვა.

     ამასთანავე, უკვე სერიოზულად დამაინტერესა იმანაც, თუ ვინ ზრუნავს თიკას ჩაცმულობაზე. მისი სამოსის ზედა ნაწილი, ამჯერად შუა საუკუნეების ომგადახდილი რაინდის აბჯრის ნარჩენებს უფრო ჰგავდა, ვიდრე თანამედროვე დიზაინერის ჩანაფიქრს -განსხვავებული ფერის ნაჭერი ჩაეკერებინა იქ, სადაც კი ნემსი მიუწვდებოდა.

     მონაწილეებს რაც შეეხებათ: 

   ნინო ქუთათელაძის სამოსურმა მეტამორფოზამ მე რატომღაც სტენდალი გამახსენა. მაია ასათიანი კი საკითხს უფრო ცხოვრებისეულად მიუდგა  და მოცეკვავე ისე დაახასიათა (“იცის ხელსაქმე, ქსოვა, კულინარია და არის კარგი დიასახლისი”), მეგონა, ეკრანზე “ო/შ/მ” ან  რაიმე მსგავსი წარწერა აენთებოდა. 

     მაიას მხრიდანვე გაისმა კიდევ ერთი საინტერესო ფრაზა: “მე მაბრალებენ, რომ ვარ სენტიმენტალური და დე, დამაბრალონო…” 

   (შენიშვნა: “დაბრალება” – სახელზმნა. აღნიშნავს ვისიმესთვის ან რისიმესთვის ისეთი ხასიათის, ქმედების, საქციელის მიწერას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შენიშვნის მიზანს ქვემოთ შევეხები) 

წითელი და შავი

"წითელი და შავი"

     კარატისტების გამოსვლის შემდეგ კი დაემხო ჩემი წინასწარმეტყველება, რომ ჟიური “ქების პულვერიზატორად” გარდაიქმნებოდა და გამომსვლელებს მხოლოდ ხოტბა-დიდებას შეასხამდა. ტყუპების ნომერი აბდუშაჰილისეულ “მე ჯერ სალამი არ დამემთავრებინა”- ს უფრო ჰგავდა, ვიდრე იმ გამოსვლას, რომელიც ფინალს იმსახურებდა.

"ჟრჟოლვის კატალიზატორი"

    “რასაცა გასცემ შენია”-სა და “რასაც დასთეს, იმას მოიმკი”-ს ჭეშმარიტება ლევან შავაძის ნომრის შემთხვევაში კარგად გამოჩნდა: კონცერტის დასაწყისში, მაყურებლებისათვის მოტანილი ემოციის სანაცვლოდ, ამ კონცერტის გმირი სახლში ისეთი ემოციით “დამძიმებული” დაბრუნდა, რომ ღამეს, ალბათ თავისივე გვარის “საწინააღმდეგო ფერად” გაათენებდა. 

    რეპერტუარიც სწორად, ანუ, ისე იყო შერჩეული, ბევრ მოქეიფე ბიძაკაცს, პატრიოტ ადამიანს და უბრალოდ დიასახლისს “უჰ, შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე” - ს რომ ათქმევინებდა და მერე ამ სიტყვების დემონსტრირებისათვის, ხელში მობილურს მოამარჯვებინებდა.

"გრავიტაციის ძალა"

    ბელგიიდან ჩამოსული (ეს რომ არ აღინიშნოს, ისე რა არის “ნიჭიერის” არსებობის აზრი) ჯიმის ნომერი პირველ ტურთან შედარებით, აშკარად გაუმჯობესებული ჩანდა. თუმცა ერთი საოცარი შეფასება – “მუსიკა რომ გამოგვერთო, ცეკვა ეფექტს დაკარგავდაო” – მაინც გაისმა. ისე, ჟიურის მხრიდან მსგავსი ფრაზები კიდევ თუ გაგრძელდა, მალე ალბათ, ისიც დადგინდება, რომ “მუსიკის გარეშე სიმღერა ცუდი მოსასმენია” და “შოუს დასადგმელად ალბათ მონაწილეებიცაა საჭირო”. 

    თუმცა, ეს კომენტარი,  მომდევნოს ფონზე “მე უბრალოდ მუსიკის მოსმენა მინდოდა და ჯიმი იმიტომაც აღარ გავაჩერეო”, საერთოდ გაუფერულდა.  მგონი, ჩვენს საუკუნეში იმდენი საშუალება კი არსებობს, რომ  სიმღერით ტკბობა ინტერნეტის მეშვეობით განხორციელდეს და შესაბამისად, კონკურსანტებზე მსგავსი ირონიული კომენტარები აღარ გაკეთდეს. (მაიკლ ჯექსონის ამ სიმღერის ლინკი  - ექსკლუზიურად ნიკასთვის) 

   “იავნანამ” თავისი ნომრით თავისივე სახელი, საბედნიეროდ, არ გაამართლა და მხიარული გამოსვლით, ძილის სურვილი ნაკლებად გააჩინა. ერთის მხრივ, კარგია, რომ ნიჭთა ძიებაში ქართული ფოლკლორიც ფიგურირებს, თუმცა, როდესაც ეს ფოლკლორი “faulკლორად” გარდაიქმნება, ამის მიზეზი ქართველი ერის მხრიდან ნიჭის დაუფასებლობის ნაცვლად, მაინც უფრო შესრულებაში უნდა ვეძებოთ. 

"მამა ნახე, შვილი ნახე..."

     ღამბაშიძეების გამოსვლისას “მამულის მხრიდან შვილის მიერ მამის დაჯაბვნის სურვილის”  გამოძახილი, ჟიურის კომენტარებით კიდევ ერთხელ დადასტურდა. ჩემი სატელეფონო ანგარიში “ანგარიშში ჩასათვლელი რომ არ ყოფილიყო”, ამ გამოსვლის მიმართ სიმპათიას უფრო მატერიალურადაც გამოვხატავდი.

    დოლების “დასჯისა” და “ცემა-ტყეპის” ნომერიც არანაკლებ საინტერესო, საოცარი და (აქ რამე დადებითი სიტყვა) გამოდგა. ინსტრუმენტიდან ინსტრუმენტზე მუსიკალური გადასვა კი იმდენად რბილად ხდებოდა, რომ ბგერებით მონიჭებულ სიამოვნებაში ჩაფვლა ადვილად იყო შესაძლებელი. თუმცა, ამ ნომერში განსაკუთრებით გამოსარჩევი აღმოჩნდა თიკას შეკითხვა: “ბატონო მიხეილ, თქვენ როგორი კმაყოფილები ხართ დღევანდელი გამოსვლითო”
 
(აქვე მცირე გრამატიკული შენიშვნა: “თქვენობითი მიმართვის დროს, ყველა სიტყვა მრავლობით რიცხვში არ გადადის”) 

    ლირიკული წიაღსვლა (ზემოთნახსენები მიზნის ახსნა):
    1. “დარბაზში ზის გოგონა, რომელიც იძახის: ბაჩო მიყვარხარო… და მომეცი უფლება გავიგო ვინ არის! დაიყვირე რა, გოგონა…” – მაია ასათიანი
    2. “მე მაბრალებენ, რომ ვარ სენტიმენტალური” – მაია ასათიანი 

    კიდევ ერთი ჯგუფი, რომელმაც შოუს ელემენტები რეალურად შემოგვთავაზა ჯგუფი პლატინა იყო და ფინალში ხანძარს ნამდვილად იმსახურებდა.
     ჰო, ცეცხლზე გამახსენდა… რატომღაც, ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ ერთ დღეს დარბაზში გეგა მოულოდნელად აგიზგიზდება, ან, რაიმე მსგავსი ანომალია დაემართება.  (ჩემი ვერსიის საფუძველი: ვინაიდან იგი, კონცერტიდან კონცერტამდე სულ უფროდაუფრო საეჭვოდ შავდება.) 

      მერაბ კირაკოზაშვილის ნომერზე შიმშილისაგან კბილები ამიკაწკაწდა. ოდესღაც, ფიზიკაში დიფუზიას რომ მასწავლიდნენ, არ მჯეროდა რომ რაიმე სუნს (ამ შემთხვევაში, მწვადის) ჰაერის მოლეკულების მეშვეობით, დიდ მანძილზე მცირე დროში გადაადგილება ნამდვილად შეეძლო. ახლა დავიჯერე… 

     ჰო, ეს უბრალოდ ჩემი შინაგანი განცდებია, თორემ ნომერი რომ კარგი (და ბევრად მეტიც) იყო, ამას ყველა თქვენგანი ხვდებით და მტკიცებით იმისა, რაც ისედაც ნათელია, თქვენი “შეფასებისა და განსჯის უნარს” შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ. 

   და ბოლოს, დესერტი მაყურებელთა ყურებისათვის: 

   მარიამ კახელიშვილის სიმღერა გამოსვლათა იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ადამიანი რომ იტყვის: “ეს ნამდვილად გადასულიაო”, რის შემდეგაც, მობილურის მომარჯვების ნაცვლად, მოწონების ნიშნად, ხელებს გულზე დაიკრეფს და სიმღერით დატკბება. ალბათ, სწორედ ამის ბრალი უნდა იყოს ის, რომ მარიამ კახელიშვილის “გადარჩენა” ჟიურის მოუწია და მოსალოდნელი “ჯეოსტარიზაციის” გამო, ბევრის კრიტიკაც დაიმსახურა.

     პ.ს: როგორც პატივცემული ჟიური იტყოდა, დღეისათვის სულ ეს იყო…

    

31 March

“ნიჭიერია” თუ “ჯეოსტარი”?

Landish, ბლოგერი landish.ge-დან!

სწორედ ეს კითხვა დამებადა და ეჭვი შემეპარა იმაში, თუ რომელი გადაცემის ლაივზე ვიმყოფებოდი ამ ორშაბათს. ასეთი უკმაყოფილო ამ შოუთი მე ჯერ არ ვყოფილვარ. თუმცა, მანამ ჩემს უკმაყოფილების გრძნობას გამოვხატავდე, მინდა იმ კონკურსანტების შესახებ ვთქვა ორიოდე სიტყვა, რომლებიც ჩემი აზრით არანაკლებ იმსახურებდნენ ფინალში გადასვლას და მეტიც …

პირველი, რა თქმა უნდა, ნინო ქუთათელაძეა, მოცეკვავე გოგონა, რომელმაც მეორე ნახევარფინალური შოუ გახსნა და თავი ორიგინალური ცეკვის გარდა ერთი პატარა დეტალითაც დაგვამახსოვრა.

ბევრი მიიჩნევდა, რომ მისი ცეკვა ჯგუფთან ერთად უფრო ეფექტური იქნებოდა, თუმცა ისინი შეცდნენ. სცენაზე მარტო დგომამ ხელი შეუწყო ნინოს სწრაფად ცეკვაში, რის გამოც ოპერატორებს მისი კადრში მოხვედრა ძალიან გაუჭირდათ.

ასეთი მოქნილობა მოცეკვავეებში დიდი ხანია არ მინახავს და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ნინო თავისი საქმის ექსპერტია და საქართველოში, ამ სტილის საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი უძლიერესი მოცეკვავეა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა ნინომ ვერ შეძლო ფინალში გადასვლა, თუმცა ეგ არაფერი,  “რუსთავი 2″-ს მან მცირე ზარალიც მიაყენა გატეხილი სცენის სახით :D.

ჯიმი ჯექსონზე ბევრი არაფრის თქმა შემიძლია, ჩემს სათქმელს უბრალოდ ეს ფოტო იტყვის : )

ჯიმი - 45 გრადუსი

პ.ს. მას რომ კასტინგზე ასე ეცეკვა, არ გამიკვირდებოდა თუ რატომ გადაიყვანა ჟიურიმ იგი მეორე ტურში.

აჭარული მუსიკის ჰანგებისა და ცეკვის ილეთების თანამედროვე მუსიკისა და ცეკვის ილეთებთან შერწყმა ასე ბრწყინვალედ მხოლოდ ჯგუფ “პლატინას” თუ გამოუვიდოდა.

ჯერ კიდევ რეპეტიციაზე მქონდა მათი ნომრის ხილვის ბედნიერება და თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა – “ეს არის რაღაც”. ეს სწორედ ის “რაღაცაა”, რაც აქამდე არსად მქონდა ნანახი ან მოსმენილი. მახსოვს გეგას შეფასება მათი კასტინგზე გამოსვლის დროს – “ცოტა სინქრონი გაკლიათ”, – თუმცა ნახევარფინალის  ნომერზე სინქრონის ნაკლებობაზე საუბარი ზედმეტია.

არანაკლები შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე მერაბ კირაკოზაშვილმა თავისი კბილებით. ის, რომ ეს კაცი მეორე ტურში ნამდვილ სანახაობას გვაჩვენებდა, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა, თუმცა ის, რაც სცენაზე მოხდა, ასეთსაც ნამდვილად არ მოველოდი.

კბილით მანქანის გათრევა და მაგიდის აწევა ჩემთვის უკვე ნაცნობი ნომერია, თუმცა სკამზე მჯდომი სიმპათიური გოგონას აყვანა და თავისი კბილებითვე გაშლილ სუფრასთან “მიპატიჟება” ყოველგვარი ფანტაზიის უნარს სცდება. ამ კაცს თავისი განსაკუთრებული კბილის გარდა ორიგინალური აზროვნების და შოუს კეთების უნარიც გააჩნია.

სხვა დანარჩენებზე აღარაფერს ვისაუბრებ, რადგან სიმღერა, სიმღერა და კიდევ ერთხელ სიმღერა ჩემთვის მოსაბეზრებელია : ) მიუხედავად იმისა, სად მღერის ადამიანი, რა ასაკის არის იგი, რა გამოცდილება აქ მუსიკალურ სფეროში და ა.შ. ეს ყოველი ფაქტორი ჩემზე რეაქციას არ მოახდენს თუ ერთი და იგივეობასთან გვექნება საქმე.

ის რომ მეორე ნახევარფინალის შედეგებით ყველანი გაოცებულები ვართ, ეს ახალი ამბავი არაა, განსაკუთრებით მაყურებელთა ფავორიტმა მოახდინა საზოგადოების გაკვირვება, მაშინ როდესაც უმეტესი ნაწილი პატარა მარიამის დასახელებას ელოდა და დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ იგი ფინალში გადავიდოდა. ფინალში კი გადავიდა, მაგრამ …

მასთან ერთად პირველი ადგილისთვის ისევ და ისევ მომღერალი, ლევან შავაძე იბრძოლებს, რომელიც უკვე მესამეა იმ 4 კანდიდატიდან, ვინც “წლის ნიჭიერის” სტასუსს მოიპოვებს. და აი აქ უკვე ჩემს გაოცებას საზღვარი აღარ ჰქონდა…

მაიამ უკვე შეძლო “ნიჭიერის” რაღაც ეტაპზე “გაპროფილება”, ახლა როგორც ჩანს ნიკას ჯერია და იგი თავის ორ მომხრესთან ერთად აქტიურად უძღვება ამ შოუს “გაჯეოსტარების” კამპანიას.

როგორც მახსოვს მათ “შოუ” და მრავალფეროვანი ნომრები უნდოდათ, მაგრამ საბოლოოდ სასიმღერო ნომრების გარდა ბევრი ხელთ არაფერი შერჩ(ებ)ათ.

ახლა კი მაინტერესებს ხალხის აზრი, ჟიურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და იმასთან მიმართებაში თუ როგორი იქნება ფინალი. იქნება ეს მომღერლებით სავსე, თუ იქნებიან სხვა საინტერესო მონაწილეებიც, როგორიც არის “Next Level”, ან შეიძლებოდა ყოფილიყო ჯგუფი “პლატინა” და სხვ.? იქნება ეს რეალურად “ნიჭიერი”, თუ “ჯეოსტარის” განსხვავებული ფორმატი იქნება, სადაც აქცენტი ისევ და ისევ, მომღერლებზე იქნება გაკეთებული? : )

და ბოლოს, მე, როგორც “ნიჭიერის” რიგითმა მაყურებელმა, მინდა ვიხილო საინტერესო ფინალი, საინტერესო ნომრებით, სადაც ილუზიონისტებიც შეძლებენ ჩვენს გაოცებას, ცეცხლთანაც გვექნება საქმე, კარგად დადგმულ ცეკვებთანაც და რაღა თქმა უნდა სასიამოვნო ხმის მოსმენაც შეგვეძლება, თუმცა ვატყობ ამ უკანასკნელის გარდა დიდად ვერ ვიხეირებთ : )

30 March

მეორე ნახევარფინალი

თინი, ბლოგერი tiny.ge-დან

გუშინ იმდენად ემოციური და შოკისმომგვრელი, მოულოდნელობებით სავსე გადაცემა იყო, ალბათ კიდევ კარგა ხანს გამყვება ის შთაბეჭდილებები! ყველანაირად არაპროგნოზირებადი შედეგებით დასრულებულმა ლაივმა მართლა გაოცებული დატოვა მაყურებელი… თუმცა სანამ შედეგებამდე მივალთ, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და მივყვეთ ქრონოლოგიურად…

“დაინგრა სცენა”- პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც.

სანამ ჩემი თვალით არ ვნახე ნინოს გამოსვლა, იქამდე არ ვიჯერებდი, რომ შეიძლებოდა რამენაირი ეფექტის მოხდენა სცენაზე მარტო მდგომი ამ ჟანრის მოცეკვავის მიერ. რეალურად რომ შევხედოთ საკითხს, მართლა ძალიან ძნელია  მარტომ იცეკვო ამ ტიპის პროექტში, სადაც ყველა სანახაობას, შოუს ელის. შემიძლია ვთქვა, ეს ყველაფერი საკმაოდ დიდი დოზით იყო მის ნომერში :) სცენის დანგრევას რაც შეეხება, ლაივის შემდეგ ნინოს გავესაუბრე და თქვა, სულ კორნელი მაისაშვილის ბრალია, ის მძიმე საგნები რომ გადაიმტვრია სცენაზეო! :D

“ჩვენ ვართ ძმები ტყუპები, კარატისტები… “

ძმები “ტყუპები-კარატისტები”-ს გამოსვლა არ მომეწონა! კი ბატონო, მშვენივრად ფლობენ კარატეს ილეთებს და ჰაერშიც ბზრიალებდნენ, მაგრამ  როგორც მაიამ თქვა- “სულ ეს არის?” ძალიან მოკლემეტრაჟიანი ნომერი იყო, ძალიან მშრალი და ყველანაირი სანახაობრიობისგან დაცლილი. არადა მახსოვს, პრომოში ამბობდნენ ქაძანაიები, კარატეს შოუს ელემენტები დავამატეთო…

“მე თქვენ მიყვარხართ”- მაია ასათიანი

ლევან შავაძის სიმღერა ემოციების მხრივ ალბათ ისეთივე იყო, როგორიც მისი პირველი გამოსვლა ნიჭიერის სცენაზე. სწორად შერჩეული  რეპერტუარი აქვს, ხმის ტემბრს და მოსახლეობის ნაწილის გემოვნებას რომ ერგება  და ალბათ ამიტომაც არის  ერთ-ერთი ფინალისტი. თუმცა, მოდი ჩემ აზრს ვიტყვი- ვფიქრობ, რომ საფინალოდ მაინცდამაინც არ გამოდგება ლევან შავაძე. ვაღიარებ, ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი დიდ პროცენტებიანი მხარდაჭერა ჰქონდა მაყურებლისგან.

თიკა და ვანიკო: “როგორ ფიქრობ, რატომ დააჭირეს იქსებს ხელი?”

ჯიმი ჯექსონი: “არ ვიცი, არც გამიგია”

მოდი, მცირე შესავლით დავიწყებ- ჯიმი ის მონაწილეა, რომლის ნახევარფინალში გადაყვანის წინააღმდეგი ვიყავი თავიდანვე და იმდენად არ მინდოდა გადასულიყო, ლამის მაშინაც მაგას ვამბობდი, როცა სულ არ იყო შუაში! მაგრამ-ო ნათქვამია… და “მაგრამ”-ი ამ შემთხვევაში ისაა, რომ რეპეტიციაზე პირველად რომ ვნახე მისი სანახევარფინალო ცეკვა, ცოტა ხანს ვერც ვიჯერებდი, რომ ეს ჯიმი იყო :D აშკარად გაუმჯობესებული იყო ყველანაირად…

ეფექტური დაწყება, კოსტუმი-მაკიაჟი, გაუმჯობესებული მოძრაობები და უცებ ორი წითელი ღილაკი! ხმა დარბაზში კარგად არ გაისმა ღილაკების. უცებ თვალში მომხვდა რაღაცა წითელი ფერი, ავიხედე და კინაღამ გავგიჟდი- არ ვაჭარბებ,  თვალები ისე ამენთო, კორიდაზე რომ ხარებს აენთებათ ხოლმე წითელი ფერის დანახვისას :D კარგი, ორი წითელი ღილაკი ჯანდაბას… შეფასებების დრო რომ მოვიდა ჟიურის სიტყვება გაბრაზების უნარიც წამართვა გაოცებისგან.  გეგამ- კი უკეთესი იყო, მაგრამ მომწყინდაო. იქ მაიამ  ”ჯვარი სწერია აქაურობას, მართლა ძალიან გავხარ”, მაგრამ მეც მომწყინდაო. ნიკამაც არ დააკლო, სიმღერის ბოლომდე მოსმენა მინდოდა უბრალოდ და იმიტომ აღარ დავაჭირე  ღილაკსო.

იმდენად განვიცადე ასეთი შეფასებები, ცოტაც და ცრემლები წამომივიდოდა:|სულ რომ  ვერ გამოძრავებულიყო სცენაზე, ასე როგორ უნდა გაემეტებინათ, თვით მე, ჯიმის პირველ კრიტიკოსს არ მესმის!  თან ისეთი მონაწილეებისთვის არ იშურებენ ხოლმე ტკბილ-ტკბილ სიტყვებს, თვალები რომ შუბლზე აგივა და ამან რა დააშავა ვერ მივხვდი.რამდენი ვილაპარაკე, აშკარად ჯერ კიდევ გაოცებ-გაბრაზებას ვარ მიცემული :D

ფურორი, ფურორი, ფურორი..

მათი პრომოს ყურება ისე მომწყინდა თავისი კურიოზების მოყოლებიანად, რომ დიდი ხალისით აღარც ნომრისთვის მიყურებია. კი, იყო  რაღაც საინტერესო მათ გამოსვლაში, რაღაც აქვთ სახასიათო, მაგრამ არც ისეთი აღფრთოვანებული ნამდვილად არ ვარ მათი საპირველტურო და სანახევარფინალო ნომრებით, როგორც ჟიური და განსაკუთრებით ნიკა მემანიშვილი…

_მსოფლიოში ყველაზე მაგარი მამა მყავს!

_მადლობა, შვილო

აი, მართლა ძალიან კარგი ნომერი!  ამ მამა-შვილზე ისე ვარ შეყვარებული, როგორც მაია ასათიანი ლევან შავაძეზე :D ძალიან ხალისიანი, თან რაღაცნაირად სენტიმენტალური, თან  ასეთი მაგარი ვოკალური მონაცემები… მოკლედ, აღფრთოვანებული ვარ ღამბაშიძეებით!  ძალიან ვგულშემატკივრობდი.

“ბაჩო მიყვარხაააარ” – ხმები დარბაზიდან

მეორე მამა-შვილი ნიჭიერის სცენაზე. ამანათაშვილებიც ძალიან მიყვარს! თან ბაჩო ისეთი ემოციურია, ისეთი გრძნობებით უკრავს ხოლმე, რომ გინდება აჰყვე რიტმებს და მთლიანად გრძნობ იმ ხმებს. რეპეტიციებზეც ასე ემოციურად უკრავდა, არ გეგონოთ სპეციალურად პირდაპირ ეთერში “იემოციურა” :) როგორც ნიკა მემანიშვილმა თქვა, მისი სახით მართლა კარგი მუსიკოსი აღმოაჩინა ნიჭიერმა!

“მართლა დაანთეს ცეცხლი”

დიახ დიახ, მართლა დაანთეს და მერე ვანიკომ ჩააქრო :D ეფექტური ნომერი იყო. კოსტუმებიც საინტერესო, შინაარსიც. ცეცხლმა და ბოლოს “დაბზრიალებულმა” ფოიერვერკებმა მართლა მომხიბლა! ალბათ გუშინდელი ნახევარფინალის ერთ-ერთ ფავორიტებად შეგვიძლია დავასახელოთ ჯგუფი “პლატინა”…

“ღვინო, დუდუკი, ქალები და ყველაზე ძლიერი  კბილები”

ეს ნომერი ალბათ ძალიან დიდხანს არ დაავიწყდება ნიჭიერის მაყურებელს! ძალიან მაგარი სანახაობა იყო, აი სიტყვები არ მყოფნის. მართალია არც ისე სასიამოვნო იყო მწვადის სურნელის სუნთქვა, ყურება და არ ჭამა, მაგრამ არ ვაჭარბებ მე და არც გეგა- ასეთი რამ არსად არ მომხდარა! :)

“მეტყველების უნარი გვაქვს წართმეული”

მარიამის გამოსვლამ მართლა ყველა დაამუნჯა. ისეთი შესრულების მანერა აქვს, თავისი ბუნებრივი ემოციებით, რომ რაღაც უნარი აქვს, ყველაში “დაბურძგვლის” მსგავსი ემოციები გამოიწვიოს :D ძალიან კარგად არჩევს რეპერტუარს, ხმის დიაპაზონიც ხელს უწყობს. მართალია ცოტა მწყინს ხოლმე სხვა მონაწილეების მაგივრად, როცა ამბობენ მხოლოდ მარიამის აღმოჩენის გამო ღირდა ნიჭიერიო (მე არ ვთვლი, რომ ასეა და იმიტომ), მაგრამ გუშინ მართლა ძალიან კარგად იმღერა!

კონკურსანტების ნომრების შემდეგ დადგა ის საძულველი ნომერი, როცა ყველას გული გვიჩქარდება ხოლმე! შეწყდა წამზომის ხმა… აი, უნდა თქვან პირველი ფინალისტის ვინაობა და სახელი და გვარი რომ მოვისმინე, კარგა ხანს ყურებს არ ვუჯერებდი o_O ყველაფერს წარმოვიდგენდი ამ შედეგების გარდა… ყველა დარწმუნებული იყო, რომ მარიამ კახელიშვილი გავიდოდა მაყურებლის ხმებით, მაგრამ, ჩემი აზრით, ზუსტად ამ პროგნოზმა განაპირობა ასეთი შედეგი. ყველა მარიამის გულშემატკივარსაც ჩვენნაირად  ეგონებოდა და არ დაუმესიჯებდნენ საჭირო დოზებით ამის იმედად… შესაბამისად,  სხვა დროს ამ ფაქტორს ყოველთვის გავითვალისწინებ პროგნოზების გაკეთებისას და გულშემატკივრებმაც  უნდა გაითვალისწინონ გულშემატკივრობისას!

ნელ-ნელა უფრო ემატება აზარტი შოუს,  წინ იმდენი კარგი ლაივი გველის, წინასწარ გული მიფანცქალებს მოუთმენლობისან :)

მომავალ სამშაბათამდე და ბონუსად გიტოვებთ ექსკლუზიურ კადრს- სკამი, რომელზეც მერაბ კირაკოზაშვილის “ღვინო, დუდუკი, ქალები”-დან ერთ-ერთი იყო განთავსებული :D დიახ, ისტორიული სკამი ისტორიული კბილების ანაბეჭდებით!

30 March

II ნახევარფინალი – ხმები

“ნიჭიერის” მეორე ნახევარფინალზე სულ შემოვიდა 43 135 ხმა, რომლებიც პროცენტლად შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. ლევან შავაძე – 35,5%
2. მარიამ კახელიშვილი – 29,6%
3. ედიშერი და მარიამი – 10,1%
4. ბაჩო და მიხეილი – 5,4%
5. მერაბ კირაკოზაშვილი – 4,5%
6. იავნანა – 4,5%
7. პლატინა – 4%
8. ჯიმი ჯექსონი – 2,8%
9. ნინო ქუთათელაძე – 2%
10. ჯამბული და ხვიჩა – 1,8%

თქვენთვის მოსალოდნელი იყო ხმების ამგვარი განაწილება? თქვენ თუ გაუგზავნეთ ვინმეს სმს-ი? : )

30 March

მერაბ კირაკოზაშვილი – ნახევარფინალი

30 March

ბაჩო და მიხეილი – ნახევარფინალი

30 March

პლატინა – ნახევარფინალი

30 March

ჯიმი ჯექსონი – ნახევარფინალი

30 March

მარიამ კახელიშვილი – ნახევარფინალი

30 March

ედიშერ და მარიამ ღამბაშიძეები – ნახევარფინალი

30 March

იავნანა – ნახევარფინალი

30 March

ლევან შავაძე – ნახევარფინალი

30 March

ჯამბული და ხვიჩა ქაძანაიები – ნახევარფინალი

30 March

ნინო ქუთათელაძე – ნახევარფინალი

25 March

II ნახევარფინალი

გთავაზობთ II ნახევარფინალში გამომსვლელი 10 კონკურსანტის ვიდეოებს. მათ შორის არის ისეთებიც, რომლებიც ძალიან ცოტა ხნით იყო ნაჩვენები ტელეეთერში, ჩვენს ბლოგზე კი ექსკლუზიურად თქვენთვის მათ ნომრებს მთლიანად ვდებთ!

კონკურსანტის გასწვრივ მითითებულია მისი ნომერი. დარეკვა და დამესიჯება შეგიძლიათ ჯეოსელიდან ან ლაილაიდან მთელი კვირის განმავლობაში.

1. ნინო ქუთათელაძე – 9121

5 ხმა ერთდროულად – 91215

2. ჯამბულ და ხვიჩა ქაძანაიები – 9122

5 ხმა ერთდროულად – 91225

3. ლევან შავაძე – 9123

5 ხმა ერთდროულად – 91235

4. ჯიმი ჯექსონი – 9124

5 ხმა ერთდროულად – 91245

5. ანსამბლი “იავნანა” – 9125

5 ხმა ერთდროულად - 91255

6. მარიამ და ედიშერ ღამბაშიძეები – 9126

5 ხმა ერთდროულად – 91265

7. ბაჩო და მიხეილ ამანათაშვილები – 9127

5 ხმა ერთდროულად – 91275

8. ჯგუფი “პლატინა” – 9128

5 ხმა ერთდროულად – 91285

9. მერაბ კირაკოზაშვილი – 9129

5 ხმა ერთდროულად – 91295

10. მარიამ კახელიშვილი – 9130

5 ხმა ერთდროულად -91305