პოსტები კატეგორიიდან „V ნახევარფინალი“

22 April

რას გვეკითხება ამოცანა?

ბექა, a.k.a მჩხაპნელი, ბლოგერი Doin.ge-დან

“მათემატიკა მხოლოდ აქსიომების გამო მიყვარს. წარმოიდგინეთ – ამტკიცებთ, რომ  მაგალითად “პარალელური წრფეები ერთმანეთს არ კვეთენ” და კაციშვილს არ  უჩნდება სურვილი, შეგეწინააღმდეგოთ” -  ”რას იტყვის ხალხი”-ს ფობიით შეპყრობილი ფილოლოგი.

შეუძლებელია ისეთი რამე დაწერო, რაზეც ყველა უსიტყვოდ დაგეთანხმება. სულ მინიმუმ იმიტომ მაინც, რომ ამის გაკეთება თვით ღმერთმაც კი ვერ მოახერხა და მოსეს “ალპინისტური შესაძლებლობები” კაცობრიობის დიდმა ნაწილმა მცნებების რღვევით მთლიანად წყალში ჩაყარა. მიხვდებოდით, რომ დილეტანტურ-თეოლოგიური ფილოსოფია დასაწყისში ტყუილად არ მომიტანია. ამის გამო, ”ზეგარდმო მადლით მოსილი იდეებიდან” ისეთ ყოფიერ საკითხებზე თუ გადავინაცვლებთ, როგორიც “ნიჭიერის” დასკვნითი ნახევარფინალია, შეიძლება ითქვას, რომ მან დიდი ვნებათა-ღელვის ფონზე ჩაიარა. ვნების ტალღები კი ისეთი რამ არის, რომ ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანისათვის ვნების მოტანა  შეუძლია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე გადაცემა ბოლო დროს გავრცელებული ჰიპოთეზების ფონზე განმეხილა და მათი აქსიომებად ქცევა, ან, უარყოფა მეცადა:

ჰიპოთეზა # 1: “მარიამ ფაჩულია ძალიან საყვარელი, ნიჭიერი ბავშვია და შემდეგ ეტაპზეც სამართლიანად გადავიდა”

როგორც ილია იტყოდა, “ერთი უცნაური ზნე გვჭირს ქართველებს”. თითქმის ყოველთვის გვგონია, რომ ჩვენს ერთ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და საზოგადოება ჩვენ გარეშე, ისედაც ყოველთვის იმას აირჩევს, ვინც გვინდა.

თუმცა, უცნაური ზნე მხოლოდ ერთი რომ იყოს, კიდევ არაფერი.  ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ მყისიერად ვიწყებთ “მოთქმას ხმითა თავ-ბოლო ერთი”, რომლის თავიც და ბოლოც მომხდარის მიზეზების სხვებისათვის გადაბრალებაა. ასეთ დროს კრიტიკის ქარცეცხლში ხშირად ისინიც ხვდებიან, ვისაც ამ მიზეზებთან საერთო არაფერი აქვთ და დომინირებს ფრაზები: “ოჰ, ეს საზიზღარი ჟიური; გაგიხმათ ხელი (ან უკიდურეს შემთხვევაში “ენა”-ც), ხალხი კი არა, ბრბოა” და ა.შ.

ვისაც კლავიატურა ჰქონდა და არ დაეზარა, უმეტესობამ აღნიშნა, რომ მარიამს თვით უსამართლობამ “დაუმესიჯა” და თავისი უდიდესი ანგარიშით ყველა სხვა მიწიერის სატელეფონო ბალანსი გადაფარა. ისიც თქვეს, რომ “ანა-ბანაში” მყოფ ბავშვებს სიმღერის ანა-ბანა უკეთესად ესმით და მარიამი “ბასტი-ბუბუ”-ში უნდა მისულიყო. ხოლო, ვისაც საქართველოში მცხოვრები ყველა მოგვარე ერთმანეთის ნათესავი ჰგონია, იმას ამერიკაში მყოფი ერთი კალათბურთელიც გაახსენდა.

თუმცა, რა თქმა უნდა, “მჯობზე მჯობით წყურვილის მოუკვლელობის” ანდაზის მიხედვით, მაგალითად, ფიზიკაში აინშტაინი რეზერფორდზე უფრო ნიჭიერი თუ იყო, ეს რეზერფორდის უნიჭობაზე სულაც არ მეტყველებს. ამასთან, ზოგმა ისიც გადაწყვიტა, რომ მარიამი დედის არყოლით მანიპულირებდა. საერთოდ, “მანიპულირება” ამ შემთხვევაში ძალიან უხეში სიტყვაა და მიუხედავად იმისა, რომ “ნიჭიერში”  “moneyპულირების” მიზნით ხშირად  ამოტივტივდება, ამ ნომრის შეფასებისას, რთულია, იგივე სიტყვა გამოიყენო.

ისე, თუკი ადამიანი ახერხებს იმას, რომ თავისი გამოსვლით პოტენციურ და მოსალოდნელ ფავორიტზე მეტი ხმა შეაგროვოს, ალბათ, ესეც უკვე თავისებური ნიჭია.

ჰიპოთეზა # 2: “პარკურიც კი კარგი იყო, მაგრამ მოზაიკა ხუთეულში მაინც რატომ არ დაასახელეს?

საკითხისადმი სპირიტუალური მიდგომა არასოდეს მიყვარდა, ამიტომ ვერ ვიტყვი იმას, იამაყებდა თუ არა ჯექსონი, ცოცხალი რომ ყოფილიყო და ”მოზაიკის” ცეკვა ენახა. კაცია და გუნება, ბოლოსდაბოლოს. ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან (უფრო სწორად,  შესახედიდან) შევაფასებ, რომ ამ ჯგუფის ნომერი “ილია და მის უკან მდგომი სარკეები”-თ დაგვესათაურებინა. მართალია, ზედმეტი გამოყენებისგან ეს ”კარგი სინქრონიც” უკვე ძალიან გაიცვითა, მაგრამ მაინც არ შემიძლია, რომ ამ შემთხვევის აღსაწერად ეს არ აღვნიშნო. (აქვე დავსძენ იმასაც, რომ ილიას ძმაკაცი არ ვარ)

“პარკურის” გადაფრენისას, ერთადერთი რაც  ვერ გავიგე ნომრის “პროფილის” მუსიკით დაწყება იყო. შეიძლება იმიტომ, რომ პირველი ეფექტური გამოსვლის შემდეგ რაღაც “ზე”-ს ველოდი. პრინციპში, ამისი მიზანი თუ მაიას ჩამოდნობა და მისი მზერის გაღიმილიანება იყო, მაშინ ყველაფერი გასაგებია. ფაქტი ერთია, პარკური მოზაიკაზე არანაკლებ ეფექტური გამოდგა და იმაზე მსჯელობა, თუ რომელი უფრო მეტად იმსახურებდა გადასვლას, სჯობდა კვირის განმავლობაში ცოტა მეტ “მესიჯში” გადაზრდილიყო, რაც ყველანაირ კამათს მარტივად გადაჭრიდა.

რა პრინციპით გადაწყდა ხუთეულში ერთ-ერთის შეყვანა ჟიურის და მათი ნაცნობების, ან, მათი ნაცნობებისა და ჟიურის გარდა არავინ იცის. სიტუაციამ, თავისი სიმძაფრით, ბურიდანის ერთი ცნობილი ექსპერიმენტის პირობა მომაგონა, როდესაც ორი თივის ზვინს შორის მყოფი მშიერი ვირი მათ შორის არჩევანის გაკეთების პროცესში,  შიმშილით განიგმირა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ორ კარგს შორის საუკეთესოს ამორჩევა ყოველთვის ძნელია და ჟიურისაც ეს გადაწყვეტილება “ცივ გონებაზე” უნდა მიეღო. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი კონკურსანტი მის წევრთა ჰოროსკოპების იმდღევანდელი პროგნოზის საშუალო არითმეტიკულით უნდა გადაეყვანათ. პარკური უბრალოდ უფრო იღბლიანი აღმოჩნდა.

ჰიპოთეზა # 3: “ფსიქოლოგიურად დადგენილია, რომ როდესაც ადამიანი რაიმეს პრეზენტაციას აკეთებს, 7 წუთის შემდეგ მას უკვე ნაკლებად უსმენენ”

ფსიქოლოგებმა უნდა აღიარონ, რომ რობაქიძესთან ბრძოლაში იოლად დამარცხდნენ. ილუზიასთან შეჭიდებისას მაყურებელიც დამარცხდა, მაგრამ სასიამოვნოდ. მთავარი ფაქტორი, რამაც ერთადერთი უეჭველი აზრი: “ილუზიონისტმა ფინალი ნამდვილად დაიმსახურაო” განამტკიცა, იუმორისა და შოუს შექმნის დიდი ნიჭია (he did it). რა თქმა უნდა, შესაშური უნარია, რომ მაყურებელი  “მაჩვების” საშუალებით much  web-ში (ილუზიის უფრო მეტ ქსელში) რაც შეიძლება მეტად გაახვიო.

არ გამიზომია ზუსტად რამდენი წუთი გავიდა მას შემდეგ, რაც რობაქიძე სცენაზე შემოვიდა და ბანქოს ქაღალდები როგორც “პოტენციური დაბრკოლება” წიქარაზე მჯდომი ბიჭივით უკან გადაყარა, მაგრამ ფაქტია, რომ შვიდი, რვა, ცხრა,ათი და… (თვლა მილიონამდე ვიცი) მეტი წუთიც რომ ყოფილიყო, ალბათ (კარგი სიტყვაა, ყოველთვის გაზღვევს ხოლმე) არ მომწყინდებოდა.

აზრი # 1: “ის ორი, ან, შავი კაცი ვინღა იყო, ჰა?”

ლათინური ცეკვების შესახებ საუბრისას, გეგამ სრულ დაბნეულობაში ჩამაგდო. წინა გადაცემაზე, აკა და გვანცას შეფასებისას, მან ჭიათურელმა წყვილმა მათზე უკეთესად იცეკვა. სოფოსა და ლევანის წყვილის შეფასებისას კი ისინი წინა ორი წყვილის ტოლფასად გამოაცხადა. მათემატიკურად რომ ვთქვათ, პირველი მეტი იყო მეორეზე (I > II) და მესამე პირველ ორს არც აღემატებოდა და არც ჩამორჩებოდა (III = II = I). თუმცა, მათემატიკურადვე თუ დავფიქრდებით, მსგავსი რამ ყველანაირად შეუძლებელია. (ეს ისე, ციკლიდან “მე ინტრიგანობის პოტენციალი მაქვს”)

ორი რამ მომხვდა თვალში: მოცეკვავეთა სიშავე (რაც ვიცი, რომ მიღებული და კარგია. უბრალოდ თვალს ხვდება) და კარგად შესრულებული ცეკვა. ამასთან, ვერ მივხვდი, თუ რატომ უნდა მიაქციო ყურადღება მოცეკვავე ადამიანებს პირზე, როცა ეს ორგანო ცეკვაში ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებ მონაწილეობას იღებს.

არაბულ ცეკვას რაც შეეხება. მის შესახებ დადებითი აზრი და სიმპათია, რომელიც შესარჩევ კონკურსზე გამიჩნდა, ამ გამოსვლის შემდეგ მხოლოდ გაიზარდა და ელენე ფინალშიც რომ გადაეყვანათ, ალბათ სრულ(წლოვან)ყოფილების ასაკსაც მიაღწევდა. ჰო, და, კიდევ არაბული სამყაროს ილუსტრირებისათვის გამოყვანილ დამატებით კონკურსანტებზე “ორი კაცი რაღა საჭირო იყო. ჰა?” დამოკიდებულებაც ვერ გავიგე კარგად, სიმართლე რომ ვთქვა.

ჰიპოთეზა  # 4: “მაგდა ნიკოლეიშვილი გულნაზ გოლეთიანზე ნაკლები არაფრით ყოფილა”.

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ფინალში გულნაზ გოლეთიანია და არა მაგდა ნიკოლეიშვილი სწორედ ის პრეისტორიაა, რომელსაც მავანნი თავშიხსენებულ “მანიპულირებას” უწოდებენ. ჩვენ “გაგვიპიარეს” გულნაზ გოლეთიანი, მოაყოლეს ისტორია, გაგვიჩინეს რაღაცნაირად თბილი დამოკიდებულება (კარგადაც იმღერა, რა თქმა უნდა), რაც მაგდა ნიკოლეიშვილის შემთხვევაში არ ყოფილა. ეს იყო და ეს.

აზრი # 2: гирогерой с гирой

აი, ასე… დაეფსოს ახლა ბერძნულ მითოლოგიას, ან, მასში მყოფ ციკლოპს ის ერთადერთი თვალი, საუკუნეების მანძილზე ჰერაკლესა და ატლანტის (დედამიწა რომ ეჭირა) დიდი მონდომებით რომ გვაშურინებდა (ახალი სიტყვაა).  არ ვიცი, თორმეტი გმირობა ჰერაკლეს მსგავსად გიროსაც თუ აქვს ჩადენილი, მაგრამ მან თუ მოინდომა და საყრდენი წერტილი მისცეს, იქნებ არქიმედეს ერთი ცნობილი სურვილიც განახორციელოს. სხვა ძალოსნებთან შედარებით ეს მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო (“ერთ-ერთის” გარეშე თუ არა) ნომერი იყო და მიუხედავად იმისა, რომ დროში ცოტათი გაიწელა, ფინალს ისიც არანაკლებ იმსახურებდა.

რას გვეკითხება ამოცანა:

ძნელია ისეთი რაიმე დაწერო, რაზედაც ყველა უსიტყვოდ დაგეთანხმება…
…ვნების ტალღები კი ისეთი რამ არის, რომ ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანისათვის ვნების მოტანა  შეუძლია…

სწორედ ამიტომ, პოსტის წერისას, მე ორი ჰიპოთეზის/აზრის გადმოცემის მომენტში გულწრფელი არ ვიყავი და თუ რომელი იყო ეს ორი ჰიპოთეზა, ყველამ თავისი დამოკიდებულების მიხედვით გადაწყვიტოს… :)

21 April

The One Man Show!

Landish, ბლოგერი landish.ge-დან.

“ნიჭიერის” მეხუთე ნახევარფინალიც დასრულდა, თანაც საკმაოდ საინტერესო შედეგებით. მემგონი თავიდანვე არ არსებობდა ორი აზრი იმის შესახებ, რომ ეს ათეული ყველაზე ძლიერი იყო, მითუმეტეს, რომ ამაში თვითონაც დავრწმუნდით.

მართალია ჩემი დამოკიდებულება მომღერლების მიმართ არ შეცვლილა, თუმცა მარიამ ფაჩულიას ფინალში გადასვლას ჩემზე უარყოფითად არ უმოქმედია, როგორც ეს თავის დროზე სხვა მონაწილეების გამო მოხდა.

როგორც სხვა ათეულებში, აქაც ყავდა ხალხსაც და ჟიურისაც თავისი ფავორიტები და ფინალში გადასასვლელად ღირსეულად შერჩეული კანდიდატები. ვერ ვიტყვი, რომ მარიამი ამ ორიდან ერთ-ერთი იყო, თუმცა როგორც ჩანს ხალხისთვის ის ერთიც აღმოჩნდა და მეორეც.

რაღა დავმალო და მეგონა, მეგონა კი არადა, დარწმუნებული ვიყავი, იმაში რომ ხმების რაოდენობით “მოზაიკა” გადავიდოდა ფინალში და ჟიური დავით რობაქიძის გადაყვანით დაასრულებდა ფინალისტების შერჩევას.

ჩემს აზრზე არაერთი პიროვნება იმყოფებოდა. სწორედ ამ პიროვნებებს გაუჩნდათ ერთგვარი პროტესტი და უკმაყოფილების გრძნობა არსებული შედეგებით.

ამან კიდევ ერთხელ გვაჩვენა და დაგვიმტკიცა, რომ იმ აზრზე ყოფნა, რომ ესა თუ ის მონაწილე რა საყვარელია და “ეს ხომ ისედაც გადასულია ფინალში” არ არის საკმარისი, რადგან სწორედ ამ დროს ხდება ასეთი მოულოდნელი ფაქტები, როდესაც “ხალხის არჩევანი” არ ემთხვევა ხალხის არჩევანს (გავიხსენოთ ნახევარფინალი ლევან შავაძის მონაწილეობით).

როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, დარწმუნებული იმაშიც ვიყავი, რომ ჟიური ილუზიონისტს, დავით რობაქიძეს გადაიყვანდა ნახევაფინალში. ამაში მაიას სიტყვებმაც კი არ შემაპარეს ეჭვი: “ფინალში გადასვლა არ გინდა?”, როდესაც საქმე  გეგას 50 ლარიანის განადგურებასთან მივიდა.

აქვე ბევრს გაუჩნდებოდა შეკითხვა, თუ რატომ გადაიყვანა ჟიურიმ რობაქიძე და არა ის, ვინც მათ უნდოდათ? : ) ამაზე ჩემეული პასუხი გამაჩნია:

რადგან დათო ერთადერთი მონაწილე იყო იმ ასეული კონკურსანტებიდან, რომელმაც თავის პროფესიაში იმხელა იუმორი ჩააქსოვა, რომ ხალხის და ჟიურის გამხიარულება მთელი ნომრის მანძილზე შეძლო. აღარაფერს ვამბობ უშუალოდ ფოკუსებზე, რომლებმაც მთელ დარბაზს გაკვირვებისგან პირი დააღებინა.

ეს ფოტო ფეისბუქიდან მოვიპარე :D

დათო, ერთი კაცი, რომელიც ბენდისა და ჯგუფის გარეშე, ბანქოთი, უბრალო ნივთებითა და კარგი იუმორით დგამს ისეთ შოუს, რომელსაც თავისუფლად შეიძლება დაარქვა  - “The One Man Show”.

მოკლედ, იმის გამო, რომ ადამიანის გემოვნება ერთმანეთისგან განსხვავდება, განსხვავდება “ნიჭიერში” არსებული მონაწილეების გულშემატკივრების რაოდენობაც.

ზოგი პატარა გოგონას ხმით აღფრთოვანდება, ზოგი აკრობატების ნახვით, ზოგს აზიური ცეკვა იზიდავს, ზოგსაც სტრიპტიზი (მემგონი პოსტი არ გამიმაზავს, სადაც სტრიპტიზი არ ვახსენე :D), ზოგსაც გული სენტიმენტალურ ცეკვაზე აუჩუყდება და ზოგიც უბრალოდ ილუზიით არის მოხიბლული.

სწორედ ეს მონაწილეები და მათი გულშემატკივრები ქმნიან იმას, რასაც ყოველ ორშაბათს “რუსთავი 2″-ის ეთერში ვხედავთ. იმის გამო რომ ხალხს შოუს ნახვა სურს, ირჩევს იმას, ვისაც შოუს გაკეთება ეხერხება. ასეთი 12 შოუმენი მოგროვდა ფინალში, რომელთაც ეს საქმე საკმაოდ კარგად გამოსდით (აქვე, ფინალში ვერმოხვედრილტა გულშემატკივრებისთვის – არ ვამბობ იმას, რომ ვინც ვერ მოხვდა ფინალში, ცუდად გამოსდით).

ფინალამდე 12 დღე რჩება, სადაც 12 ფინალისტიდან მხოლოდ 1 მიიღებს წლის ნიჭიერის სტატუსს და მთავარ პრიზს, ასე რომ ნუ იქნებით იმ აზრზე, რომ რომელიმე კონკურსანტი უდაო გამარჯვებულია და თქვენი ხმა აღარაფერს გადაწყვეტს. სწორედ ამ იდეოლოგიის გამო შეიქმნა “გაუთვალისწინებელი ფაქტორები”, რაც თქვენი ფავორიტის შემდეგ ტურში ვერ გადაყვანით დასრულდა.

ვიმედოვნებ ამჯერად ხალხი გამარჯვებულს არა მისი “სისაყვარლით” აირჩევს, არამედ რეალურად შეაფასებს მის გამოსვლას და დააფასებს მის ნიჭს, რის გამოც იგი ფინალში მოხვდა.

21 April

V ნახევარფინალი – ხმები

ნიჭიერის მე-5 ნახევარფინალზე სულ შემოვიდა 25 648 ხმა, რომლებიც პროცენტულად ასე გადანაწილდა:

1. მარიამ ფაჩულია – 32%

2. მოზაიკა – 16%

3. დათო რობაქიძე – 13%

4. მაგდა ნიკოლეიშვილი – 10,7%

5. ფიცვერცხლი – 8,6%

6. პარკური – 7,7%

7. ლევანი და სოფო – 5%

8. გირო – 4,5 %

9. ელენე ჩიხლაძე – 1,5 %

10. ლაშა და გიორგი ქარქაშაძეები – 1%


ელოდით ხმების ასეთ გადანაწილებას? თქვენ თუ დაუმესიჯეთ ვინმეს?

20 April

მეხუთე ნახევარფინალი

თინი, ბლოგერი tiny.ge-დან

მეხუთე ნახევარფინალში იმდენმა საინტერესო მონაწილემ მოიყარა ერთად თავი, წინასწარ მწყდებოდა გული შედეგებზე. თუმცა გულდაწყვეტის ხარისხებზე ცოტა მოგვიანებით, იქამდე ტრადიციულად, კონკურსანტების  შეფასებით დავიწყოთ…

მე მივხვდი, რომ არ არის აუცილებელი ზუსტად გავდე შესახედავად ან ბაძავდე ყველა სხვა თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, რომ მთავარი არის, როდესაც აკეთებ ასეთ ნომერს, იმ ნიჭის ნაპერწკალი, რომელიც რთულია, რომ ვინმემ იპოვოს… და დღეს რაც ვნახე, ამ ადამიანის და მისი გარშემომყოფები ადამიანების თვალებიდან, ქცევიდან, მანერიდან და მოქმედებიდან, ზუსტად იყო დაჭერილი უდიდესი ჯექსონის ნიჭის ნაპერწკალი”- ნიკა

პატარა შესავლით დავიწყებ – ვინც კარგად იცნობს ჯექსონის შემოქმედებას და მოსწონს კიდეც (მაინცდამაინც ფანობაზე არ მაქვს ლაპარაკი), ის ყველაზე კარგად აფასებს ყველაფერ იმას, რაც მასთან არის დაკავშირებული. ნამდვილად არავის სიამოვნებს, როცა ვიღაც უნიჭოდ ბაძავს და ბოლოს და ბოლოს, ბედავს ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგეს ჯექსონის შემოქმედებით. უნიჭობაში მხოლოდ მოძრაობების ვერმიმსგავსებას არ ვგულისხმობ, პატარა არასწორი ემოცია და უკვე გამაღიზიანებელია. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ ნაცნობი ემოციებია ჩემთვის… ძალიან ბევრი მინახავს სხვადასხვა ტალანტ შოუებში გამოსული “ჯექსონები”, მაგრამ ყოველგვარი სუბიექტურობის გარეშე და იმაში დარწმუნებული, რომ მაქსიმალურად ობიექტური ვარ ამ შემთხვევაში, თამამად ვამბობ –  ”მოზაიკა” საუკეთესო იყო. კარგად დადგმული ნომერი და ძალიან მაგარი სინქრონი!

ნიკას ციტატით იმიტომ დავიწყე, რომ ზუსტად თქვა სათქმელი – ილია რომ ცეკვას იწყებს, ისეთი ემოციით ცეკვავს, ალბათ ეკრანებიდანაც  კი აღწევს მისი ქარიზმა და გრძნობა. ემოციებზე ბევრს ვსაუბრობ, მაგრამ ყველა მოძრაობაში ისეთ სიყვარულს ვხედავდი, რომ შეუძლებელი იყო ამისთვის გვერდი ამეარა. მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა! მაიას კომპეტენციაში შევიჭრები და  სენტიმენტებს შემოვიტან – ჯექსონი რომ ცოცხალი ყოფილიყო და ენახა, მარტო კი არ მოეწონებოდა, იამაყებდა კიდეც :)

მარტო ოქროსფერთმიანი პრინცობა არ ყოფნის…” – გეგა

ლაშა და გიორგი ქარქაშაძეების ნომერზე არაპროფესიონალური ნომერი მე ნიჭიერის სცენაზე არ მინახავს! არასწორად შეკრული პოპური, სამოყვარულო დონეზე კიდევ უფრო დაბალი დონის შესრულება და გეგას სამართლიანი წითელი ღილაკი!

მაგდა ნიკოლეიშვილი კასტინგის შემდეგ ნამდვილად დახვეწილი იყო.  როგორც ჩანს ბევრი იშრომა და ეტყობოდა მის ნამღერს – არ ჰქონდა დეტონაციები და ხარვეზები სიმღერის დროს. კარგი იდეა იყო კვარტეტის დამატებაც, უფრო მრავალფეროვანი გახდა ნომერი.

“თქვენ მოჰკალით ძერა?”

ქართული ფოლკლორი სათუთი საქმეა…განსაკუთრებით მაშინ, როცა აპირებ თანამედროვე ელემენტები დაუმატო. იმდენად სპეციფიურია, რომ ძნელია სწორად მოახერხო შერწყმა ძველის და ახლის. ამ დროს მისიაა – არ დაკარგო მთავარი ნიშა, არ დაკარგო ის, რაც მთავარი მახასიათებელია და ისე მოახდინო სინთეზი. ძალიან ორიგინალური და მრავალფეროვანი იყო პოპური. დიდი დადებითია ის, რომ შოუს მორგებული იყო და სასცენო ხელოვნებაც ჰქონდათ ჩართული – შესრულება იყო ძალიან კარგი.

სოფო და ლევანი ალბათ ყველაზე სუსტი წყვილი იყო ნიჭიერის იმ ნახევარფინალისტებს შორის, რომლებიც მაყურებლის წინაშე სამეჯლისო ცეკვით წარსდგნენ. მართალია მრავალფეროვანი იყო მათი ცეკვა და ბევრი სხვადასხვა ჟანრისგან შედგებოდა, მაგრამ იმდენად უხეშად იყო გადასვლები ერთიდან მეორეზე, რომ მთლიანობად ვერ აღიქმებოდა. შინაარსიც საერთოდ არ ჰქონდა… სხვათაშორის, გეგას კომენტარი სამართლიანი იყო და ნამდვილად ცუდი დასანახია  ანდრეა ბოჩელის ხმით მომღერალი გოგო :D

მარიამ ფაჩულია რომ ნიჭიერის ფინალისტების რიგებში არ იყოს ახლა, სიამოვნებით დავწერდი ” რა საყვარელი ბავშვია”- მეთქი. თუმცა, როგორც ფინალისტი ისე უნდა შევაფასო… არ მგონია გულშემატკივრებს ესიამოვნოთ, მაგრამ “საყვარელი ბავშვობის” ნიადაგზე, “ოცნება ავუხდინოთ”-ის ნიადაგზე გადაყვანილ ფინალისტობას მე ვერ ვუწოდებ ნორმალურ მოვლენას!

რეალურად რომ დაფიქრდეს ნებისმიერი ადამიანი:

  • დეტონაციებით იყო სავსე სიმღერა
  • გამოთქმა იყო ძალიან ცუდი

შედავების მცდელობები შეიძლება იყოს – პატარაა ჯერ, 7 წლის არისო, მაგრამ მყარი არგუმენტი მაქვს: მასზე პატარა ბავშვებიც მინახავს, უკეთესად რომ მღერიან ისეთები… შორს რომ არ წავიდეთ, რუსთავი2-ზე “ანა-ბანა”-ს მონაწილეების გახსენებაც საკმარისია ალბათ ნათქვამის სიზუსტეში დასარწმუნებლად :)

ნიჭიერის ტრეისერებს რთული მისიები ჰქონდათ შესასრულებელი – პირველი ეფექტების შემდეგ საშიშროება იყო, რომ მეორე გამოსვლა იმხელა შთაბეჭდილებას ვეღარ მოახდენდა. მართალია მაიას მოფანკლუბო ელემენტებმა ცოტა დამაბნია (შეიძლება იმიტომ, რომ ამდენი “პროფილი” მეტისმეტია), მაგრამ საერთო ჯამში კარგი იყო. ფსიქოლოგიური ფონი ჰქონდათ რთული – მათ ერთ-ერთ წევრს ლავიწის ძვალი მოსტყდა რეპეტიციაზე და დაძაბულები იყვნენ. ახალი წევრის ჩასმაზე ერთი დღით ადრე მუშაობის დაწყება არ არის ადვილი და ფიზიკურადაც დაიღალნენ. მიუხედავად ამისა, ყველაფერმა მეტნაკლებად მშვიდობიანად ჩაიარა და სანახაობრივადაც კარგი იყო.

“ძალიან გავერთე და ძალიან მომეწონა და კმაყოფილი ვარ, მეტი რომ არ შეიძლება ისე”…- ნიკა

- მაჩვიანი 50 ლარიანი გეგამ სად უნდა დახარჯოს?(მაია)

- ალბათ მაჩვებში…(გეგა)

მიუხედავად იმისა, რომ რეპეტიციაზე სამჯერ (მინიმუმ) ვნახე დათო რობაქიძის ნომერი, ლაივზე ისევ ისე გავერთე, როგორც პირველი ნახვისას, ისევ ისე მეცინებოდა ყველა ხუმრობაზე. მართლა ნიჭია, როდესაც შეგიძლია შოუს აწყობა… და ეს მართლა შოუ იყო – საინტერესო და რთული ფოკუსების გარდა, დახვეწილი იუმორი და მაყურებლის მაქსიმალურად მიზიდვის ნიჭი! მართლა არ არის ადვილი ამდენი წუთის მანძილზე შეინარჩუნო პუბლიკა. ვთვლი, რომ ღირსეულად დაიკავა ფინალისტებში ადგილი. თანაც, რომ არა მისი ასეთი მაგარი ნომერი, რამდენი მარგალიტი მოაკლდებოდა ნიჭიერის ისტორიას…


გირო ჩილინგარაშვილის ნომერი ცოტა მოსაწყენი იყო თავიდან… გირების ტრიალის  ყურება  ამდენი წუთის მანძილზე მოსაბეზრებელია. თუმცა თანდათან გაამრავალფეროვნა და საერთო ჯამში კარგი გამოვიდა. ორი “გაქანებული” კვადროციკლის მოთოკვა ცოტას თუ შეუძლია ალბათ. ნიჭიერის ძალოსნებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ბოლო კონკურსანტმა,  ელენე ჩიხლაძემ პრომოში თქვა “ამ პროექტში მოვედი იმიტომ, რომ მეჩვენებინა თუ რამდენად მრავალფეროვანია და საინტერესოა აღმოსავლური ცეკვა”. ჩემი აზრით, მან თავის მისია შეასრულა! მაიას და გეგას  აქცენტები ცოტა არასწორად იყო დასმული მისი შეფასებისას – იმ ორ მამაკაცზე ყურადღების გამახვილება ზედმეტი იყო. ისინი მხოლოდ დეკორაციის როლს ასრულებდნენ და მგონი ყველა მიხვდა ამას. როდესაც სცენაზე ელენესნაირი პროფესიონალი დგას და ასე ცეკვავს, შეუძლებელია სხვა რამეზე /ვინმეზე გადაიტანო ყურადღება!

ნახევარფინალების შეჯამება

ხალხის არჩევანი:

1. გულნაზი გოლეთიანი
2. ლევან შავაძე
3. მარი და ბაბი
4. ანა ხანჩალიანი
5. მარიამ ფაჩულია

სიმართლე გითხრათ, ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ანი ხანჩალიანს მივიჩნევ ღირსეულ ფინალისტად.

ჟიურის არჩევანი:

6. Next Level
7. მარიამ კახელიშვილი
8. გუგა ჭყონია
9. ავთო ნაცარაშვილი
10. დათო რობაქიძე

ყველა არჩევანით კმაყოფილი ვარ.

დამატებითი ფინალისტები:

11. პარკური
12. ვერკა და გიორგი

ვერკა და გიორგი მართლა საუკეთესოები იყვნენ თავიანთ ჟანრში. პარკურიც  კარგი იყო  შემოთავაზებული “მეორე შანსიანებიდან”, თუმცა ჩემი აზრით. მათზე მეტად “მოზაიკა” იმსახურებდა მეორე შანსს ჟიურისგან.

და ბოლოს, ისინი, ვისზეც ყველაზე მეტად დამწყდა გული და ჩემი ნება რომ იყოს ფინალში კიდევ ერთხელ ვნახავდი მათ ნომერს, თუნდაც კონკურსგარეშე, მოწვეული ნომრების სახით:

  • მოზაიკა
  • ელენე ჩიხლაძე
  • მარიამ და ედიშერ ღამბაშიძეები
  • რამაზ გარშაულაშვილი
  • 20 April

    გირო – ნახევარფინალი

    20 April

    დათო რობაქიძე – ნახევარფინალი

    20 April

    ელენე ჩიხლაძე

    20 April

    სოფო და ლევანი – ნახევარფინალი

    20 April

    პარკური – ნახევარფინალი

    20 April

    მარიამ ფაჩულია – ნახევარფინალი

    20 April

    ფიცვერცხლი – ნახევარფინალი

    20 April

    მაგდა ნიკოლეიშვილი – ნახევარფინალი

    20 April

    ლაშა და გიორგი ქარქაშაძეები – ნახევარფინალი

    20 April

    მოზაიკა – ნახევარფინალი

    14 April

    V ნახევარფინალი

    გთავაზობთ V ნახევარფინალში გამომსვლელი 10 კონკურსანტის ვიდეოებს. მათ შორის არის ტყუპების, ლაშა და გიორგი ქარქაშაძეებისა და მაგდა ნიკოლეიშვილის ნომერიც, რომელიც სრულად არ იყო ნაჩვენები ტელეეთერში.

    კონკურსანტის გასწვრივ მითითებულია მისი ნომერი. დარეკვა და დამესიჯება შეგიძლიათ ჯეოსელიდან ან ლაილაიდან მთელი კვირის განმავლობაში.

    1. მოზაიკა – 9121

    5 ხმა ერთდროულად – 91215

    2. ლაშა და გიორგი ქარქაშაძეები – 9122

    5 ხმა ერთდროულად – 91225

    3. მაგდა ნიკოლეიშვილი – 9123

    5 ხმა ერთდროულად – 91235

    4. ფიცვერცხლი – 9124

    5 ხმა ერთდროულად – 91245

    5. სოფო და ლევანი – 9125

    5 ხმა ერთდროულად – 91255

    6. მარიამ ფაჩულია – 9126

    5 ხმა ერთდროულად – 91265

    7. პარკური – 9127

    5 ხმა ერთდროულად – 91275

    8. დათო რობაქიძე – 9128

    5 ხმა ერთდროულად – 91285

    9. პეტრე (გირო) ჩილინგარაშვილი – 9129

    5 ხმა ერთდროულად – 91295

    10. ელენე ჩიხლაძე – 9130

    5 ხმა ერთდროულად – 91305