“მესიჯები” აღმართს ხნავს…
ბექა, a.k.a მჩხაპნელი, ბლოგერი Doin.ge-დან
“ხალხი ბრძენია!” - ხალხური
“ნიჭიერის” მესამე ნახევარფინალმა ფინალისტების ნახევარი უკვე განსაზღვრა. მისმა დასასრულმა კი რაღაცით არტურ კონან დოილის დეტექტივების კვანძის გახსნა მომაგონა: გაშერლოკჰოლმსებულმა ხალხმა ფავორიტად ის(ინი) დაასახელა, ვისაც ამ ამპლუაში მთელი კონცერტის მანძილზე ვერ წარმოვიდგენდი. შესაბამისად, კიდევ უფრო გაიზარდა შანსი იმისა, რომ ფინალში საქართველო ნიჭიერ მომღერალს აირჩევს. სიტუაცია დაახლოებით ისეა, როგორც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებათა უმეტესობაში, სადაც მეოთხედფინალებში ინგლისის ოთხივე გუნდი გადის ხოლმე და სხვები უბრალოდ იმიტომ ხვდებიან, რომ ტურნირზე მეტი ინგლისური გუნდი აღარ მონაწილეობს. იქ ფეხბურთი გამოსდით კარგად, აქ – სიმღერა და შედეგიც სახეზეა. ამასთანავე, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ შემდეგ ნახევარფინალში ანა ხანჩალიანის გასვლის დიდი ალბათობაც არსებობს.
თიკას საკონცერტო ჩაცმულობა რატომღაც ჩემი დაკვირვების ერთ-ერთ ძირითად ობიექტად ჩამოყალიბდა. თუმცა, წინა შოუებისგან განსხვავებით, ამჯერად მისი დიზაინერის შესახებ სასიამოვნოდ დადებითმა აზრებმა გამიელვა. იმდენად დადებითმა, რომ წამყვანის კაბა ვეღარც რაინდის აბჯარს, ვეღარც შივას ხალათს და ვეღარც რაიმე ასეთ ინტრიგანულ საგანს შევადარე… მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თიკა ამ დღეს უჩვეულოდ შეუდარებელი იყო.

სამაგიეროდ, ისევ დაფიქსირდა ჩვეული კომენტარები, ჩვეული გრამატიკული შეცდომებით და ჩვეული ადგილიდან:
ა) “ნეტავ თქვენ სად დაგიმაგრეს მიკროფონი ბატონებო და ქალბატონებო” – “ებ” ნაწილაკი, როგორც წესი, მრავლობით რიცხვს აღნიშნავს. ვანიკო, ისევე როგორც თიკა მხოლობითი რიცხვია. მიკროფონები მაგრდება ტანსაცმელზე. ტანსაცმელს იცვამენ. ჯამი ჭურჭელია…
გრამატიკულად გამართვის შემთხვევაში კი, ეს ფრაზა შინაარსობრივად რელევანტური მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო, როგორც ეს ერთ ძველ ანეგდოტშია:
ტაქსისტს შიშველი ქალი ჩაუჯდება მანქანაში და რადგანაც ყველა კაცი ერთნაირია, მათი ეს მუზმუზელა წარმომადგენელიც პერიოდულად სარკეში აპარებს თვალს.
“-რა იყო შიშველი ქალი არ გინახავს?!” - უკვირს მგზავრი
” – როგორ არა. უბრალოდ, მაინტერესებს ფულს საიდან უნდა ამოიღოთო” – პასუხობს ტაქსისტი…
ეს ისე
ბ) “დღეს თქვენ დგეხართ დიდ სცენაზე…” - ზმნა “დგომა” მეორე პირის მრავლობით რიცხვში გამოითქმის როგორც “დგახართ”
გ) “ცოტა მეშინოდა დღევანდელი დღე წარუმატებლად დაიწყო – თქო” - ნაწილაკი “თქო” გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთი პირი მეორეს მესამესთან რაიმე სათქმელს აბარებს, ხოლო როდესაც ადამიანი თავის მიერ ნათქვამ სიტყვებს, გამოიყენება ნაწილაკი – ”მეთქი” (მეხუთე კლასის გრამატიკის სახელმძღვანელო)
ამასობაში, კონცერტებზე კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. წამყვანები “აიძულებენ” ხალხს, რომ გამოიცნონ სად მთავრდება ამოქაქანება და იწყება კომენტარი. როდესაც გულის კალაპოტიდან ამომგდები ნომრები სრულდება, ალბათ გადაცემისთვის უფრიანი (უფრო უპრიანი) იქნება, თუ გულს, ამ ბუნებრივ თხოვნას შეუსრულებენ და დააცდიან, რომ ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდეს.

გულიდან სხეულის სხვა ორგანოებზე გადავინაცვლოთ. ერთი ბრეჟინევისეული ფრაზის გათანამედროვებული ვერსიით თუ ვიტყვით: “ანახეთ გუგას ფილტვები მსოფლიოს და სიგარეტის მოწევა აღარ იქნება”.
ახალგაზრდა შეპირმოქმედის გამოსვლა იმდენად ყურმბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მისი ფინალსმიღმა დატოვება, შემდეგ ორშაბათს ”ნიჭიერზე” ჩართული ათიდან ცხრა ტელევიზორის რიცხვს კიდევ რამდენიმე ერთეულით შეამცირებდა.
ჰო, რეიტინგზე გამახსენდა… ”ნიჭიერში” პროფილისეულმა წიაღსვლებმა ისე იმატა, რომ დიდია შანსი, მალე ორშაბათობითაც “პროფილი” გავიდეს, ამჯერად “ნიჭიერისეული” წიაღსვლებით. გასაგებია, რომ აკას და გვანცას ერთმანეთი უყვართ, რომ ქორწილიც ამისთვის გადადეს და ნომრის შესრულებისასაც იგრძნობოდა, რომ მათ ერთმანეთთან მხოლოდ ცეკვის სიყვარული არ აკავშირებთ. მე მგონი, არც ის არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფორმაცია, თუ სად არის მებონიების ოჯახისათვის ამ გვარის მიმნიჭებელი ადამიანი. უკვე “ხუთშაბათი საღამოს” სიტყვათშეთანხმებით ხუმრობაც იმ დასაშვებ ზღვარს გაცდა, რომლის იქით სიცილის ნაცვლად უფრო სხვაგვარ ემოციებს იწვევს.
ესეც ისე…

კარგი გამოსვლა ჰქონდა რამაზ გარშაულაშვილს… გამოსვლა რა, გადასვლა! ფინალის მრავალფეროვნებისათვის, მეორე ფინალისტ, ალბათ, სწორედ ის უნდა ყოფილიყო. ბოლოსდაბოლოს, სიმღერა ყოველ მესამე ქართველს შეუძლია და თოკზე უთოკოდ ტაშტით სიარული მხოლოდ ერთეულებს. მართალია, სუნთქვის შეკვრა კარგ სიმღერასაც შეუძლია, მაგრამ დაძაბულობით შეკრული სუნთქვა უფრო ძნელი გასახსნელია და ნომერიც შესაბამისად, უფრო ეფექტური.
რადგან მეორე ფინალისტზე ჩამოვარდა სიტყვა, ბარემ აქვე გამოვთქვამ ვერსიებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრინციპით აირჩია ხალხმა მეორე ფინალისტ(ებ)ი:
ვერსია # 1: “კარგად იმღერეს” – თუმცა, ამ ლოგიკით მეორე ნახევარფინალში მარიამ კახელიშვილს უფრო მეტი ხმა უნდა ჰქონოდა;
ვერსია # 2: “მხიარული დუეტი” - თუმცა, ამ ლოგიკით ფინალში მამა-შვილი ღამბაშიძეები უნდა გასულიყვნენ;
ვერსია # 3: “თბილი ისტორია ” (ბაღიდან ერთად მოვდივართ ხელიხელჩაკიდებულები) – თუმცა, ამ ლოგიკით, აკას და გვანცას ქორწილი კიდევ უნდა გადაედოთ…
ვერსია # 4: “საყვარლები არიან” – თუმცა, ამ ლოგიკით ტყუპებს კონკურენტი არ უნდა ჰყოლოდათ.
ვერსია # 5: “სტრეიზანდის სიმღერა შეასრულეს” – თუმცა, ამ ლოგიკით, ხათუნა მეგრელიშვილმა რაღა დააშავა?
ვერსია # 6: …
ყველაზე მართალი, მე მაინც ბოლო, მეექვსე ვერსია მგონია.
ახალი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ “ახალი სტილისგან” ჟიურის მსგავსად, სხვებიც უფრო მეტს ელოდნენ. ერთადერთი რამაც გაოცებისაკენ მიბიძგა ის მოცეკვავე იყო, რომელსაც თავისი სხეულის ტერიტორიაზე “თავბრუსხვევა ნონ-გრატა” ჰქონდა გამოცხადებული.

იოსებ გოგიას ცეკვას რაც შეეხება. მისთვის ყველაფერი შეიძლებოდა გვეწოდებინა, გარდა “ეროტიკულისა”. კლასიკური მუსიკის მოყვარული ნიკასგან კი ის გამიკვირდა, რომ მას ამ მუსიკის ბოლომდე მოსმენის სურვილი აღარ გაუჩნდა.
ჰო, ეროტიკულს რაც შეეხება. შემდეგი ნახევარფინალი, სულ მცირე, იმით მაინც იქნება გამორჩეული, რომ…
…და ისე, ქართული რეალური შოუები ყოველთვის გოგოების აქტიურობით უფრო გამოირჩეოდა. შემდეგ გადაცემაში კი უკვე მამაკაცთა “გახურებას” უნდა ველოდოთ…












