“შესარჩევი ტურები “მოკვდა”! გაუმარჯოს ახალ ეტაპს!”
ბექა, a.k.a მჩხაპნელი ბლოგიდან Doin.ge
“არის! ასრულდა ოცნება…” - მეტაფორული ამოძახილი
“მჯობზე მჯობი არ დაილევა” – მეტ აფორიზმული შეფასება
მეორე ტური – პოლიტიკოსებისათვის ზედმეტი თავის ტკივილია, “მარიოს” მოყვარულებისთვის – მიწისქვეშეთში მორბენალი ულვაშებიანი კაცი, სტიპენდიისა და დაფინანსების მოპოვების მსურველთათვის – უფულობიდან გაფულიანებისკენ გარდამავალი უღელტეხილი… “ნიჭიერის” კონკურსანტებისათვის კი გამოწვევა, რომ ჟიურის იმედები ცივი ნიავისგან დაიფარონ.
ნახევარფინალმა საერთო ჯამში წამ-ათებულად ჩაიარა, ანუ, ათი ნომრიდან მოსაწყენი არც ერთი ყოფილა და ჰიპერბოლას თუ შევაწუხებთ, ეს ორი საათი თითქოს ათ წამში გავიდა. თუმცა, სანამ უშუალოდ კონკურსანტებზე გადავიდოდე – “რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი პირველი ცოცხალი კონცერტიდამ”:

"ჟიური ღილაკების გარეშე"
“მარინა ბერიძის სინდრომი”
როგორც პირველ კონცერტზე გამოჩნდა, მრისხანე სამეულს “გაჯეოსტარისჟიურების” საფრთხე ემუქრება. ანუ, დიდია შანსი იმისა, რომ მათ ხოტბა-დიდების შესხმის მეტი აღარაფერი აკეთონ და მხოლოდ იმაზე იზრუნონ, რომ საქებარი სიტყვები ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს.
ამის თავიდან ასარიდებლად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ისეთი ფრაზების უგულვებელყოფა, როგორებიცაა: “წინა ტურთან შედარებით უკეთესი იყო”, “ვნერვიულობდით, რომ თქვენ ვერ შეძლებდით კიდევ ერთხელ გაგეოცებინეთ, მაგრამ, საბედნიეროდ შევცდით”, “იცით, რომ ჭეშმარიტად ნიჭიერი ხართ?!”, “თქვენ შეძელით ის, რომ საკუთარი თავისათვის გეჯობნათ” და ა.შ.
ისე კი ნათქვამია, რომ “იდეალური არაფერი არსებობს”. ამის გამო, მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა ნომრები ქებას ნამდვილად იმსახურებენ, ჟიურიმ უნდა შეძლოს ის, რომ მაყურებელს ყოველი ნომრის მერე “დეჟავუს” შეგრძნება არ გაუჩნდეს.
“შივას ხალათი”

მითოლოგიური წიაღსვლა
წამყვანებზე არსებული პრეტენზიებისათვის “განტევების ვაცი” თიკას კოსტუმი აღმოჩნდა.
ზოგმა ის თქვა, სახლში, გრილ საღამოს ჟაკეტს რომ მოისხამენ და სახელოების “შევსება” ეზარებათ, იმ სიტუაციას ჰგავდაო. ზოგიც უფრო შორს წავიდა და თიკას ჩაცმულობა ლეგენდარული ნანულის ხალათს შეადარა.
პირადად მე კი, რატომღაც ინდური მითოლოგიის ერთი ღმერთი გამახსენდა, რომელიც ხელების სიჭარბის გამო სავარაუდოდ ასეთ ჩასაცმელს ატარებდა.
სხვა მხრივ, წამყვანებზე საუბრისას ნაქეიფარ ქართველს ვემსგავსები, ანუ, პირში ენას არ მიბრუნდება, რომ მათზე რაიმე განსაკუთრებით კრიტიკული ვთქვა.
“შესანიშნავი ათეული”
მარკეტინგიდან ცნობილია, რომ “მომხმარებელს იმაზე მეტის მოლოდინი არ უნდა შეუქმნა, ვიდრე ამის შესაძლებლობა გაგაჩნია”, რადგან მსგავსი ნაბიჯი საზოგადოების იმედს ხშირად გაცრუებაში ეხმარება. სწორედ ამიტომ მაყურებელს სწამდა, რომ მეორე ტურში გასულ ყველა მონაწილეს “ურთულესი ტრიუკი (საკუთარ თავზე გადახტომა) უნდა შეესრულებინა” და ბევრად უკეთესად გამოსულიყო, ვიდრე პირველ ტურში.

"ეიფელის დაუმთავრებელი კოშკი"
“Next Level”-მა ამის გაკეთება პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობითაც მოახერხა. საერთოდ, ეს ჯგუფი რაღაცით “ლეგოს” კონსტრუქციას მაგონებს – საჭიროების შემთხვევაში მისი “ნაწილებისგან” ნებისმიერი რამის აწყობა შეიძლება. მით უფრო მაშინ, რომ ისინი თავიანთ ფანტაზიას ტყუილად არ ფანტავენ (აზიანებენ).
ამ ცეკვაზეც პირში წყალს ჩავიგუბებდი, თავის მხრივ მათ ნავთი ორ პირში რომ ჩაეგუბებინათ და სცენის ერთი ბოლოდან მეორისკენ მხოლოდ ერთ ადამიანს არ ერბინა. რატომღაც მგონია, რომ ნომერი ორმაგი ცეცხლის ფონზე უფრო ეფექტური გამოვიდოდა.

"გაოცებული აუf...დიტორია"
ეფექტურობის ამბიცია ჰქონდა ახალგაზრდა ილუზიონისტის ნომერსაც და არცთუ უსაფუძვლოდ. თუმცა, ხალხის მოტყუების მცდელობისას ავთო თავად მოტყუვდა. ძნელია, “ეეჰ, უეჭველად ჩაწყობილი იყო”-ს განწყობაზე მომართული ქართველი ერი იმაში დააჯერო, რომ ვანიკომ წინასწარ არაფერი იცოდა და ბანქოს ქაღალდი ნიკას სურათზე შემთხვევით გაჩნდა.

კორნელი თავდადებული
შოუს დამთავრების შემდეგ კორნელი მაისაშვილის თავმა კორნელი მაისაშვილისვე ცხვირის საშუალებით, ალბათ შვებით ამოისუნთქა. თორემ ფინალში მის თავს ჯერ თავში და შემდეგ უკვე თავზე რა მოუვიდოდა, კაცმა არ იცის.

ირაკლი ძამუკაშვილმა დაპირებული “გაო…”-ს გარდა, ხალხის ყველანაირი “…ცება” (მათ შორის “ახორხო…”, “ატა…” და “ატინგი…”) გამოიწვია.
საერთოდაც, ერთი უცნაური ტენდენცია გამოჩნდა. ნომრის მიმდინარეობისას მაყურებლები “we are the world”-ის კლიპში მონაწილე მომღერლებივით ხელიხელჩაკიდებული წაღმა-უკუღმა ირხეოდნენ და თითქმის უშინაარსო ტექსტი ზეპირად იცოდნენ. მათი უმრავლესობა კი კონცერტიდან გამოსვლის შემდეგ, “მაჩუქე, მაჩუქე”-ს ძახილით მაშინვე (პატრულის ენაზე რომ ვთქვათ) დაცინვითი სამუშაოების წარმოებას შეუდგა.

"ინდური სამაია"
ინდური ფილმების გულშემატკივარი და თვალაუღებელი მაყურებელი არასდროს ვყოფილვარ. შესაძლოა, ეს ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ მათი ეროვნული ცეკვით ძალიან აღტაცებული და თვალწყალნასვამი არ დავრჩენილვარ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ნომერი სოლო გამოსვლას ბევრად სჯობდა და მუსიკის ხარისხსაც ყელში ხიხინები აღარ ჰქონია.

რატომღაც ისე ხდება, რომ ადამიანი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვიღაცის შეცდომაზეა ჩასაფრებული და ერთი სული აქვს, რომ რაც შეიძლება “მსხვილი ნანადირევი” მოიპოვოს.
აქედან გამომდინარე, უკვე ასე მგონია, რომ გულნაზი გოლეთიანში ფარული “დეტონატორი დევს” და შეიძლება, ცოტა ხანში ხალხმა ის “ააფეთქოს” კიდეც. პირველი ნომრის შემდეგ, ბევრი მისგან უკვე პროფესიონალურ შესრულებას მოითხოვს და არც ერთ “დეტონაციას” (რაც არც შინაარსობრივად მესმის და არც ყურში – სიმღერის დროს) აღარ პატიობს.

ღვიძლსა და ფილტვებში გაჭედვის შიში, რომ არ მქონოდა, ვერკასა და გიორგის წარუმატებლობაზე გული ნამდვილად დამწყდებოდა. ეს იყო ერთადერთი ნომერი იმ დღეს, რომელმაც სამი “ვა“-ს თქმა მაიძულა და ჟიურის გადაწყვეტილების შემდეგ, ზედ ერთი “იმე“-ც დაუმატა. ვერც იმას ვიტყვი, რომ დანარჩენმა ორმა ფინალისტმა ფინალში “ისტ” სტატუსი “დაუმსახურებლად დაიმსახურა”, მაგრამ მე რომ სამად გაყოფა და ჟიურის მაგიდასთან დაჯდომა შემძლებოდა, შემდეგ ეტაპზე აუცილებლად ამ წყვილს გადავიყვანდი.

ელექტრონულ მუსიკას ჩემი ინტერესების სფეროდან ოდნავ მოშორებით აქვს დაბანაკებული, ამიტომ ამ ნომრიდან ყველაზე მეტად დარბაზში მაღლა შემართული ის ხელები დამამახსოვრდა, რომელთა შუა და არათითები მუსიკის წინაშე იყვნენ დაჩოქებული. (ამ ჟესტის სხვანაირი ახსნა ვერ შევძელი)
რაც დანარჩენ ორ ჯგუფს შეეხება, მათი გამოსვლა ნახევარფინალში თვალყურდევნებადი იყო, მაგრამ ფინალში შესაძლოა ეს ისედაც შეთხზული სიტყვა უკვე თვალყურუდევნებადში გარდაქმნილიყო…
პ.ს: მეორე ნახევარფინალზე ისეთი შემადგენლობა შეიკრიბა, რომ დედის მიერ შვილის ხელში აყვანის ანდაზა, ალბათ ჭეშმარიტებას იზეიმებს…



















