პოსტები კატეგორიიდან „VI კასტინგი – 08.03“

15 March

მეექვსე კვირა, სტატისტიკა

ჩვენ უკვე ”ნიჭიერის” 6 ეპიზოდი ვიხილეთ . შემდეგ, მეშვიდე ეპიზოდამდე, სადაც გავარკვევთ, თუ ჩვენი კონკურსანტებიდან ვინ მოხვდა ნახევარფინალში, 1 დღე რჩება. დღეს, ჩვეულებისამებრ, გთავაზობთ გასული კვირის სტატისტიკის შემაჯამებელ პოსტს.

ბლოგს დღევანდელი მონაცემებით 460 800 უნიკალური ვიზიტორი ჰყავს, კომენტარების რიცხვმა კი 18 200-ს გადააჭარბა. გასულ კვირაში ყველაზე აქტიურები ელენე ჩიხლაძისა და ბაბისა და მარის გულშემატკივრები იყვნენ.

Myvideo-ზე ნიჭიერის არხზე განთავსებული ვიდეოების ხილვებმა 3 000 000 (სამ მილიონს!) მიაღწია! Myvideo-ს მიხედვით გასული კვირის ტოპ5-ეულში არიან:

1. ელენე ჩიხლაძე
2. რამაზ გარშაულაშვილი
3. Westside Dancers
4. ბაბი და მარი
5. უჩა ჯოხარიძე

ზოგად რეიტინგი კი პირველი სამეული კვლავ უცვლელია:

1. მარიამ კახელიშვილი
2. გულნაზი გოლეთიანი
3. ნინო ჯავახიშვილი

ფეისბუქზე ნიჭიერს 8 587 მხარდამჭერი ჰყავს, რომლებიც აქტიურად გვეკონტაქტებიან, საკუთარ აზრს გვიზიარებენ. აუცილებლად შემოგვიერთდით!

”ნიჭიერის” მეექვსე ეპიზოდამდე კი ერთი დღე რჩება. ძალიან მალე,  უკვე ნაცნობი გმირები – მხოლოდ რუსთავი2-ზე, ორშაბათს, საღამოს 10 საათზე და მოგვიანებით უკვე – ჩვენს ბლოგზე –www.nichieri.ge.

11 March

“ნიჭიერის” წვრილმანები, ანუ, რა იმალება დეტალებში…

ბექა, a.k.a მჩხაპნელი, ბლოგერი doin.ge-დან

“ღმერთი დეტალებშია”გუსტავ ფლობერი
“ეშმაკი დეტალებშია”იდიომთა ოჯახის ერთ-ერთი წევრი

ნიჭიერის” შესარჩევი ეტაპის დასკვნითმა გადაცემამ უდრტვინ-WELL-ად ჩაიარა.

თუ მათემატიკოსის თვალით შევაფასებთ – “მეექვსე სერია ≥ დანარჩენ სერიებზე”.

თუ ფიზიკოსის მხრიდან შევხედავთ - “პროექტს ისეთი აჩქარება აქვს, რომ მისი უკუმგდები ძალა ნულის ტოლია”

თუ ასტროლოგს შევეკითხებით – “ნიჭიერის შექმნისას, მარსი ვენერას ასტრალურ ფაზაში იყო შესული და მიუხედავად იმისა, რომ თავის ორბიტაზე ვენერიული სენით დაავადებული დაბრუნდა, ამგვარი პლანეტთაშორისი კავშირი პროექტზე მაინც დადებითად უნდა აისახოს.”

თუ კომენტარისათვის ფილოლოგს მივმართავთ… არა, ფილოლოგს შევეშვათ, “გრამატიკასთან მწყრალად ხართო” გაგვაკრიტიკებს.

სამაგიეროდ, პროექტს არქეოლოგი შეაქებს და განაცხადებს, რომ “მის ფარგლებში რამდენიმე ძალიან ნიჭიერი ადამიანის აღმოჩენა მოხერხდა”. ამ განცხადებას რომელიმე ლელა კაკულია დაემოწმება და დასძენს, რომ “ნიჭიერს მომავალში დიდი წარმატება ელის და იბერიაც, რა თქმა უნდა, გაბრწყინდება”…

თუმცა, უკეთესი იქნება, თუ ზოგად მიმოხილვას შევეშვები და ყურადღებას ძირითადად –  დეტალებზე გავამახვილებ. (მიუხედავად პარადოქსისა, რომ მათში ღმერთი და ეშმაკი ერთდროულად შეიძლება აღმოჩნდეს). ანუ, მოვყვები არა იმას, ვინ რა ჩაიდინა, არამედ იმას, თუ რა “რეაქცია” მოყვა ამას თავად ჩემში. დავიწყოთ შუიდან:

  • პეტრე ჩილინგარაშვილი რაღაცით ნაბახუსევზე მყოფ ადამიანს ჰგავდა. თავი ჰქონდა დამძიმებული, წონასწორობის შენარჩუნება უჭირდა და მისი “გადარჩენა-არგადარჩენის” საკითხი “ბორჯომზე” იყო დამოკიდებული.

  • ვაჟას “გველისმჭამელის” განსხეულებულმა ვარიანტმა კარგად კი “ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა, მაგრამ ჟიურის “დიახ, დიახ”-ო აღარ უთქვამს. ამის გამო, სამი “არა”-თი გაბრუნებული მონაწილე უკვე სულ “სხვანაირად ჭიკჭიკებდა” და ინტონაციის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, ერთ-ერთ წინა გადაცემაში გამოსულ “წყევლის კონვეიერზე” ნაკლები სიტყვები, არც მას უთქვამს (წაუჟღურტულებია).
  • ევრიკა! როგორც იქნა ხუთი გადაცემის მანძილზე არსებული წყევლა მოიხსნა! გამოჩნდა ადამიანი, ვინც მუცელი საჭიროებისამებრ გამოიყენა და მხოლოდ იმის დემონსტრირება არ მოუხდენია, თუ როგორ არის დაფარული მუცლით კუჭი, რომელიც მის ფორმაზე სრულიად არ ზრუნავს.
  • თუკი ოდესმე ინდოეთში წასვლა მომიწევს, ვეცდები, ხელები მინიმალურად გამოვიყენო. როგორც აღმოჩნდა, კიდურებით შესრულებული თითოეული მოძრაობა რაღაცას აღნიშნავს და შესაბამისად, დიდია შანსი იმისა, უნებურად რომელიმე უდანაშაულო ინდოელი რომ შემოგელანძღოს.

    ნომერს რაც შეეხება… მაგნიტოფონის მიერ გამოცემული ბგერებიდან გამომდინარე, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დისკი გაციებული იყო და ცხვირში უჭერდა… (აი, უცნაური ხმის მქონე კაცი რუსულად რომ ახმოვანებდა ადრე ფილმებს, იმის ღიღინს უფრო ჰგავდა, ვიდრე მუსიკას)

  • ქართული ენის ლექსიკა სინონიმთა სიმრავლით გამოირჩევა. ასე მაგალითად: “გაოცება” თავისუფლად შეგვიძლია შევცვალოთ “გაკვირვებით”, “გაოგნებით”, “განცვიფრებით” და მათებრი სიტყვებით. მახსოვს, გადიოდა ერთი ასეთი გადაცემა – “რვანი”, სადაც წამყვანს დაზეპირებული ჰქონდა, ვისთვის რა უნდა ეკითხა (მაგ: “ხასიათის რა თვისებებს დაეყრდნობით, ჩვენს თამაშში გასამარჯვებლად” და “რას გრძნობთ?”). ახლაც, მსგავს ტენდენციას ვამჩნევ, რადგან “ქრონიკული ჩაციკვლაა” შეკითხვებზე: “აბა, რითი უნდა გაგვაოცოთ?” (ნომრამდე) და “მეორე ეტაპზე რითი გაგვაოცებთ?” (ნომრის შემდეგ).

    არამატერიალურობის მიუხედავად კი, ფრაზა მატერიალურ ნივთს ჰგავს: რაც არ უნდა კარგი იყოს, ხშირი გამოყენების შემთხვევაში, მაინც მალე ცვდება.

  • ერთ-ერთი მონაწილის რუსული რეპერტუარის გამო დაწუნებაზე უკვე ბევრი ითქვა, მაგრამ “ბევრს + 1″ რომ არ გავხდე, “ვერ” შემიძლია (მით უმეტეს, რომ ბოლო დროს ასეთი ფორმულები მოდაშია საქართველოში).
    ამგვარი მიზეზის გამო, უთხრა “არა” გამომსვლელს – ეს იგივეა, რომ რალში გამარჯვებული დაიწუნო - “შენი მანქანის მარკა არ მომწონსო”, კარგი მთარგმნელი აკრიტიკო – “წიგნის ორიგინალის ავტორი არ მიყვარსო”, ისტორიის უბადლო მცოდნე გაკიცხო – “თემურ ლენგის შემოსევების ეპოქას ვერ ვიტანო” და სხვა. “ნიჭიერში” ხომ წესით შესრულება უნდა ფასდებოდეს და არა გემოვნება. მით უმეტეს, რომ… (აქ უნდა იყოს ის ფრაზა, რომელიც თავში აქამდე ჯერ კიდევ თუ არ გაგივლიათ, ამ წინადადების ბოლოს მაინც გაგახსენდებათ)
  • ყურ-ა(დ)ღების ღირსია ყურ-აღების ოსტატიც, რომლის ყურების ყურების გამო გა-ყურ-სულ მა-ყურ-ებელს დარბაზში “ყურ-ყუტი” ნამდვილად უღირდა. ისე კი, სულ მაინტერესებს, როგორ იგებს ხოლმე ადამიანი, რომ მისი თავის, ერთი შეხედვით, სიფრიფანა დანამატებით, ამხელა ტვირთის აწევა შეუძლია…

  • მოცეკვავეთა კონკურენტულ არეალში ახალი ჯგუფი გამოჩნდა – თუმცა, ჟიურიმ ამ შემთხვევაში “კი”-ს თან შენიშვნებიც მოაყოლა. ამის გამო, თუ როგორ გაგრძელდება “ვესტსაიდური ისტორია” “ახალი სტილით” “შემდეგ ეტაპზე” მეტად საინტერესოა…

  • “ჯეო-სტარის” შესარჩევი ტურებიდან მოყოლებული ასე თუ გაგრძელდა, ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში “თბილისო”-ს მალე, ალბათ, “უსმენობის” ერთეულად შეიტანენ და შეიძლება ეტალონადაც მიიღონ. გასაგებია, მერიისეული პათოსი, რომ “გვიყვარს თბილისი”, მაგრამ იქნებ ქალაქისადმი სიყვარულის გამოხატვის უფრო ნაკლებხმოვანი ხერხებიც გამოგვეძებნა.
  • “ნიჭიერმა” კვლავ აგრძელებს იდიომების რეალობად ქცევას, ან, პირიქით – გაქარწყლებას.

    1. “დანა პირს არ უხსნის” – პრინციპში, ხმლის შინაგან ორგანოებში ექსკურსიას უკვე მთლად “პირის გახსნაც” აღარ ერქვა. ამ ნომერმა, რატომღაც ზღაპრების ის ეპიზოდი გამახსენა, “შიგნიდან მუცელი გაუჭრა და გამოძვრაო” სადაც წერენ.

ილოცე, არა-ს წინ?...

2. “ეკლებზე ზის” – აქ უბრალოდ ილუსტრაციაც საკმარისია.

  • მაია ასათიანი პროფილშიც კარგია და “პროფილშიც”. უფრო მეტი, ზოგჯერ, პროფილისეული წიაღსვლები “ნიჭიერშიც” კი კარგად ჯდება ხოლმე, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა. მაგალითად: “ქალბატონო ხათუნა… ნიკას აქვს ერთი სიყვარულის ისტორია… ასაკით 29 წელი და ის მას თავად მოგიყვებათ… მიყვარს სიყვარულის ისტორიების მოსმენა…ნიკა გისმენთ…”
    ისე, გამიკვირდა. ამდენ მსახიობსა და მომღერალში თუ ბარბრა სტრაიზანდი (მისი თაყვანისმცემლებისათვის) და ბარბარა სტრეიზანდი (გარეშე პირებისათვის) ერთადერთია, ვინც ნიკას მოსწონს და უყვარს, მაშინ საქმე ორ ვარიანტთან გვაქვს: 1. ან ნიკამ შეცდომით გამოიყენა სიტყვა “ერთადერთი” ან 2. მას ხელოვანთა სამყაროსადმი ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება გააჩნია.
    ასე რომ, თუკი ვინმეს მეორე ტურში ნიკას მხარდაჭერის მოპოვება სურს, ისევ ორი პუნქტის შესრულებაა მოუწევს: 1. უნდა იყოს რაჭველი და 2. უნდა შეასრულო ბარბრა სტრეიზანდის სიმღერა…

თუმცა, ნახევარფინალამდე ჯერ ორმოცდაათნახვრეტიანი საცერით “ქატო იქა, ფქვილი აქა”-ს პროცედურაა ჩასატარებელი და მეც ამ ფქვილით მოზელილი ძირითადი ბირთვის გამოცხობამდე გავჩუმდები…

10 March

მე-6 სერიაში შესრულებული სიმღერები (MP3)

დემეტრე ვარდოშვილი - გადმოსაწერი ლინკი
მარი და ბაბი - გადმოსაწერი ლინკი
ხათუნა მეგრელიშვილიგადმოსაწერი ლინკი
უჩა ჯოხარიძე – “ლალი”გადმოსაწერი ლინკი
ფიცვერცხლიგადმოსაწერი ლინკი

10 March

გადახვედით შემდეგ ტურში

Landish, ბლოგერი landish.ge-დან.

გადაცემის პირველი ეტაპიც დასრულდა. აწი მხოლოდ იმათ ვიხილავთ, თანაც “ცოცხლად” (LIVE-ში), ვისთვისაც ჟიურის ეს სიტყვები უთქვამს – “გადახვედით შემდეგ ტურში”. მაგრამ მანამ მეორე ტურზე გადავიდოდეთ, ჯერ მეექვსე გადაცემა მიმოვიხილოთ.

როგორც ყოველთვის, აქაც, არაერთი განსხვავებული და სასიამოვნო ნომერი ვიხილეთ. ზოგმა იმღერა, ზოგს უნდოდა რომ ემღერა, ზოგმა იცეკვა, ზოგს უნდოდა რომ ეცეკვა, ზოგმაც თავისი ორგანიზმის გამძლეობა დაგვიდასტურა და ზოგმაც დაკარგული რომანის აღდგენა სცადა.

რუსული ესტრადის საღამო

რაკი ყველაზე მეტი ნომერი გადაცემაში სასიმღერო აღმოჩნდა, მეც სწორედ მათი განხილვით დაწყება გადავწყვიტე.

Я люблю тебя до слёз

ალა პუგაჩოვასთვის მიბაძვა უკვე არაერთმა კონკურსანტმა სცადა, ზოგმა ამით აიხდინა თავისი ოცნება და ზოგმაც ვერა. მაგრამ მეექვსე გადაცემაში ნამდვილი რუსული ესტრადის საღამო მოეწყო. ქალბატონმა, საბრინა ბენკლიანმა რა მსხვერპლი არ გაიღო, რათა ოპერის სცენაზე ემღერა, მაგრამ ჟიური ვერ მოხიბლა, რასაც ვერ ვიტყვით ბატონ დემეტრე ვარდოშვილზე, რომელმაც “ცრემლების ექსპერტს” მორიგი “საქმე” გამოუჩინა. სიმღერამ, რომელიც “თიკას არ შეარჩინეს”, ნამდვილად დაიმსახურა მეორე ტურში გადასვლა.

შოუ გირებით

მოწევა მავნებელია – ფრაზა, რომელსაც ან მშობლისგან გაიგებდით ან ექიმისგან, მაგრამ მიუხედავად თქვენი მათდამი ნდობისა, თქვენ მათთვის არ დაგიჯერებიათ. მათ თუ არა, ეგებ, პეტრე ჩილინგარაშვილის დაუჯეროთ, რომელმაც ნომრის შესრულებამდე ყველას, ვისაც სპორტთან აქვს შეხება, ურჩია რომ სიგარეტს და “ალკაგოლს” თავი დაანებონ.

პეტრე ჩილინგარაშვილი

ადამიანი, რომელიც “არ სვამს, არ ეწევა, უვლის თავს”, ნამდვილად შეძლებს ლურსმნების დაწნვას, რაც ეს ბატონმა პეტრემ შეძლო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მაქსიმუმ თმის დაწნვით შემოიფარგლოთ, რასაც თავს ჟიურის ერთ-ერთი წევრი საკმაოდ კარგად ართმევს.

თედორე ულუნბელაშვილი

“გირებით შოუ” თედორე ულუნბელაშვილმაც მოაწყო, მან შეძლო თავისი ორი ყურით 48 კილოგრამიანი გირების აწევა. ყურები ცოტათი ეტკინა, მაგრამ “სასიამოვნოდ”, თუმცა ეგ არაფერი, იგი ხომ “მიჩვეულია”. გარდა ამისა ბატონი თედორე დაგვპირდა გინესის რეკორდის მოხსნას, კერძოდ კი 70 კილოგრამი გირების აწევას, არაფერი დამრჩენია გარდა იმისა, რომ წარმატება ვუსურვო.

გარეგნობა მაცდურია

ის, რომ მხოლოდ გარეგანი სილამაზე არაფერს ნიშნავს, ეს ისედაც ყველამ იცის, ეს ისედაც გავიგეთ წინა გადაცემაში და ეს ისედაც დამტკიცდა ამ ნომერშიც.

ეკა რუსიშვილი

ეკა რუსიშვილი, რომელიც გამოსვლამდე იმდენად ნერვიულობდა, რომ მეორე ტურზე სულაც არ ფიქრობდა, დაგვიმტკიცა ის რომ მხოლოდ გარეგნობით არ უნდა შევაფასოთ ადამიანის ნიჭი. ლელას ჰგავს, მაგრამ მისსავით ვერც მღერის და მითუმეტეს ვერც ცეკვავს. ამიტომ მხოლოდ მისი გარეგნობით დავრჩეთ მოხიბლულნი.

ლალი, ყველაფერი არის შენი ბრალი

აქამდე რატომღაც მეგონა და დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული და ხშირი სახელი რატომღაც “მარია”, მაგრამ “ნიჭიერმა” აზრი შემაცვლევინა და დამაფიქრა იმაზე, რომ ყველაზე ცნობილი სახელი ახლა უკვე “ლალია”.

უჩა ჯოხარიძე

ეს უკვე მეორე სიმღერაა, რომელიც ლალის, დაკარგულ სიყვარულს ეძღვნება . უჩა ჯოხარიძე მართალია მეორე ტურში ვერ გადავიდა, თუმცა თავი სიმღერის ორიგინალური ტექსტით კი დაგვამახსოვრა.

  • - “მე რო ლალი ვიყო, არ დაგიბრუნდებოდი, ოღონდ მართლა” (c) მაია – არც მე
  • - “მე მივხდი, რატო გაიქცა ყველა ლალი” – (c) გეგა – მეც
  • - “ქამონ, ქამონო და რავი…” (c) მაია – საყვარელი ფრაზა

მად-ბრიტ-ყვალა

მაყვალა კარტოზიამ, ასაკოვანმა მომღერალმა, რომელიც სცენაზე 5 წლიდან დგას, ბედი “ნიჭიერშიც” სცადა სიმღერით “თბილისო”, თუმცა ნომერი იმდენად “უმარილო” აღმოჩნდა, რომ მისით ვერც მისი კუმირები – მადონა და ბრიტნი – ვერ აღფრთოვანდებოდნენ.

შესანიშნავი სამეული

ქალბატონ მაყვალაზე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს იგი ახალგაზრდობაში უკეთ მღეროდა, ამიტომაც მისი მუსიკალური განვითარების რეიტინგი წლების მიხედვით ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ავსახე :D

მუსიკალური განვითარების რეიტინგი წლების მიხედვით

რატომ შეამოკლეს?

ეს კითხვა სწორედ შემდეგ კონკურსანტებზე გამიჩნდა, რომელთა გამოსვლების სრულ ვერსიის ნახვაზე არ ვიტყოდი უარს:

ნინო ქუთათელაძე, რომელმაც რამდენიმე წამიან მონაკვეთში ისეთი მოძრაოებებით იცეკვა, რომ ნამდვილად შეძლო ჩემი გულის მოგება.

ზვიად ციკოლია, რომელიც გუგა ჭყონიას არაფრით ჩამოუვარდებოდა ბიტბოქსინგის სფეროში.

დათო თათარაშვილი, რომელმაც ავტომობილის გაწევის ყველაზე უჩვეულო (და მე თუ მკითხავ, ყველაზე რთული) ვარიანტი გვაჩვენა, მიუხედავად ყოველგვარი შუა თითისა და კბილებით გაწევისა.

ფიცვერცხლი

ანსამბლი, რომელიც 7 წევრისგან შედგება, საკმაოდ ორიგინალურ მუსიკას გვთავაზობს – ფოლკლორს თანამედროვე ინსტრუმენტებით ინტერპრეტირებით. წარმოდგენაც არ მქონდა თუ კი ფანდურის და ბასის ერთად შერწყმა ასეთი სასიამოვნო მოსამენი იქნებოდა.

ანსამბლი "ფიცვერცხლი"

ამ ჯგუფმა ნამდვილად დაიმსახურა ჩემი მოწონება და ოპერის სცენაზეც გამოსვლა.

რას ნიშნავს ფიცვერცხლი?

ეს ვანიკომაც თქვა და ვინც არ იცით, მათ გასაგონად ვიტყვი, რომ ეს უძველესი ტრადიციაა დაძმობილების შესახებ, როდესაც არაყში თლიდნენ ვერცხლს და ერთმანეთს ძმობას ეფიცებოდნენ.

ცირკი არ მომკვდარა

ხმლის გადაყლაპვა რენდგენზე

მართალია თბილისში არსებული ცირკი აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ ეს ფაქტი რამაზ გარშაულაშვილს სულაც არ აშინებს, პირიქით იგი ადვილად ითავსებს ილუზიონსტის, კლოუნის, ბაგირზე მოსიარულის და ხანჯლების მყლაპველის როლებს. სწორედ ამ უკანასკნელი როლით გამოვიდა იგი ოპერის დიდ სცენაზე და საკმაოდ შთამბეჭდავი ნომერიც გვაჩვენა.

რა შევიტყვეთ გასული გადაცემიდან?

გასული გადაცემიდან გამომდინარე შევიტყვეთ, რომ “კედელზე ყურებით ასვლა” თურმე შესაძლებელია, დავინახეთ, რომ ბურთით თამაშის გარდა ცეკვაც ძალიან საინტერესოა, დავრწმუნდით იმაში, რომ მთავარი მონდომება და სურვილია, შემდეგ კი ყველაფერი თავისით მოდის, გავიგეთ თურე რომ ინდურ ცეკვაში ყოველი მოძრაობა რაღაცას აღნიშნავს, ასე რომ თუ შემთხვევით წააწყდით ინდურ მოცეკვავეს, დააკვირდით, ეგებ რას გეუბნებათ.

შემდეგი გადაცემის პროგნოზი

აქვე მსურს ერთი მცირე ბლოკი შემოგთავაზოთ პროგნოზის სახით, რომელშიც თქვენს გამოხმაურებებს ველი, თუ ვის გადაიყვანენ შემდეგ ტურში და ვინ გინდა იხილოთ “ნიჭიერის” LIVE-ებზე.

ბლოკი შექმნილია იმის და მიხედვით თუ რა ნომრებს ასრულებდნენ კონკურსანტები და ვეცადე ისინი თემატურად დამეყვნენ.

ზვიად ციკოლია VS გუგა ჭყონია

Next Level VS. New Style

თორიები VS. ასიტაშვილები

თორნიკე ყველაშვილი VS. ნიკა შოთაშვილი

ავთო გოგეშვილი VS. დავით რობაქიძე

"მოზაიკა" VS. ჯიმი ებიდაშვილი

ლევან შავაძე VS. დემეტრე ვარდოშვილი

მარიამ კახელიშვილი VS. ანა ჩანჩხლიანი

ლევან გელაშვილი&სოფო პეტრიაშვილი VS. გიორგი სუთიძე&ვერკა ჯაჯანიძე

ვასილ ხაჩიძე VS. პეტრე ჩილინგარაშვილი

შემდეგ გადაცემამდე 5 დღე რჩება, მანამდე კი ველი თქვეს მოსაზრებებს : )

9 March

8 მარტი, მეექვსე გადაცემა

თინი, ბლოგერი tiny.ge-დან

გუშინ ნიჭიერის პირველი ტურის ბოლო გადაცემა ვნახეთ..  ისეთი სანახაობრივი იყო, წერა რომ დავიწყე ვეღარ გავჩერდი! (რაც პოსტს მგონი აშკარად ეტყობა). ეს ის გადაცემა იყო, რომლის განხილვასაც მესამე კლასელი ბავშვების მიერ, პირადად შევესწარი- შეგროვებულები იყვნენ ერთად და აჟიტირებულები ახსენებდნენ ერთმანეთს სხვადასხვა მონაწილეებს : ).. ჩვენც გავიხსენოთ:

პირველი, ჟიურის წინაშე ლუდვიგ სხირტლაძე წარსდგა. მისი გამოჩენისთანავე, ვანიკოს მარადიული საჭირბოროტო საკითხი  გაახსენდა ქათმის და კვერცხის წარმოშობის თაობაზე და გადაწყვიტა კაცობრიობის ერთ-ერთი პასუხ გაუცემელი კითხვისთვის საბოლოოდ გაეცა პასუხი ბატონი ლუდვიგის და ქათმის დიალოგის შედეგად! თუმცა ქათამი აღარავის გაახსენდა, როცა სცენაზე ბეთხოვენის და დუტას ამავე თანმიმდევრობით  სახელის და გვარის მატარებელი აჭიკჭიკდა, – ხომ გაგიგონიათ, “დღევანდელი ჩიტების ენა გერჩივნოთ, ხვალინდელ  ქათამთან დიალოგსო!” ჩიტების ენაზე მოლაპარაკემ ვერ მოხიბლა ჟიური.. ერთადერთი, რაც მისი “პროფესიიდან” სარგებელი დაინახეს, ფილმების გახმოვანება იყო, მაგრამ თიკა ფაცაციამ სხვა დანიშნულებაც მოუძებნა და კინაღამ საქართველოს ფრინველთა ენის ინსტიტუტის ჭიკჭიკის ფაკულტეტზე, ფრინველის გრიპის გამგდების პროფესია შემოიღო!
_
შემდეგი მონაწილე 61 წლის საკინა ბენკლიანი იყო. შვილის წინააღმდეგ წასულ და კასტინგზე გაპარულ დედას ძალიან უნდოდა დიდ სცენაზე ემღერა. როგორც თვითონ თქვა, არც ისე კარგად იმღერა, მაგრამ იმდენად გულწრფელი იყო, ისე გულით მღეროდა, ნამდვილად დამწყდებოდა გული, რომ რომელიმე ჟიურის წევრს გაეჩერებინა. თუმცა, რა გაჩერებაზეა ლაპარაკი,როცა მაია გატაცებით მღეროდა საკინასთან ერთად და ოღონდ ნიკას “კი” ეთქვა, სოლოს
შესრულებაზეც არ თქვა უარი და უმღერა. ნიკას გული არ მოულბა, საკინა შემდეგ ტურში, რა თქმა უნდა, ვერ
გადავიდა:)

Без Меня Тебе, Любимый Мой..

საფრანგეთში მცხოვრები შვილებისა და შვილიშვილებისთვის მიძღვნილი ნომერი მართლა შთამბეჭდავი აღმოჩნდა!
თვალდახუჭული და სცენისკენ ზურგით მდგომ თიკა ფაცაციას ვანიკო გაოცებული მიმართავდა:
_თიკა.. იმ ბოთლებზე ხომ სკამი დგას..
_ხო
_იმ სკამზე დგება! ..

სუნთქვაშეკრული ჟიური, წამყვანები და მაყურებელი კანკალით შესცქეროდა ამ სანახაობას.. მერე კიდევ, სხვისი არ ვიცი და ლურსმნების დაღუნვა რომ დაიწყო, ლამის ლურსმნების მიმართულებით დავიწყე ბრუნვა. აქვე, პირველად მივხვდი სიტყვა “დაგღუნავ”-ის ჭეშმარიტ მნიშვნელობას! მოკლედ, მე პირადად აღვფრთოვანდი ამ კაცის შესაძლებლობებით. შვილიშვილებო, ბაბუა ნამდვილად ჯანზეა! გულიც და ჯანიც ბერდებაო, თქვა პეტრე ჩილინგარაშვილმა, მაგრამ ამ შემთხვევაზე შეიძლება ითქვას – გულის დაბერების ალბათობა უფრო მეტია, ვიდრე ჯანის! : ))
_
BMW-ს ყელით მიმწოლი დათო თათარაშვილის დანახვაზე, ნამდვილად ვიგრძენი ყელიში ტკივილი :D თან ის უცნაური (რაღა უცნაური) და აბსოლიტურად ლოგიკური ღრმული რომ დავინახე მის კისერზე(ში).. შემდეგ სავარაუდოდ გუგა ჭყონიას კონკურენტი ვიხილეთ, თუმცა ისეთი მცირე მონაკვეთი გვაჩვენეს, ინტუიციის დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგი იყო და იმიტომ გაუშვეს შემდეგ ტურში. ძალიან მაინტერესებდა ნინო ქუთათელაძის ცეკვის სრული ვერსიაც და იმედია გვექნება შემდეგში საშუალება, რომ  სრულად ვიხილოთ.. ანსამბლი ცაშკიბულიც კმაყოფილი გავიდა სცენიდან!
თქვენ ყველას მინდა მოკრძალებით მოგესალმოთ. მინდა სცენას თაყვანი ვცე, რომელსაც ფეხით ვეხები და მეძლევა საშუალება მე ინდური ცეკვით წარვსდგე თქვენს წინაშე!
თამარ კურდღელია დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ ინდურ ცეკვაში ყველა მოძრაობა მეტყველებს და ცეკვით შეიძლება ამბავიც კი გადმოსცე. როგორც ჩანს, ჟიურიმ კარგად გაიგო თამარის მოთხრობილი ამბავი და შემდეგ ტურშიც გადავიდა. იმედია მეორე გამოსვლაზე ისეთივე ცუდი ხარისხის ფონოგრამა  არ იქნება, როგორიც ახლა იყო. ძლივს მესმოდა მუსიკა..
_როცა გეტყვი ე, მაშინ დაიწყე..
_როცა გეტყვი ი, ლა-ლი
ხოო..ცალკე თემა- უჩა ჯოხარიძე. მისი სიმღერა, “ლალი” , მიეძღვნა გოგოს, რომელთანაც მას რომანი ჰქონდა.
“დაკარგული სიყვარულია”?- ამ კითხვაზე (ვაჟ)ბატონმა უჩამ “ჰმ”-ო ჩაიცინა და თავისი “ბევრი ლალი” გაიხსენა. ეს ყოყლოჩინობა ჟიურიმ, რა თქმა უნდა, არ შეარჩინა. გეგას თქმის არ იყოს- ეს იყო საშინელება!
მე, როგორც დამსახურებულმა თვითმგვემელმა, ამ სიმღერის ტექსტიც გავშიფრე და გთავაზობთ:
ლალი, ლალი..
ასე რატომ მომანატრე თავი? ( ქამან ქამან ლალი..)
ლალი, ყველაფერი არის შენი ბრალი.. (ქამან ქამან.. ლალი..)
ლალი, ლალი რა ლამაზად გაქვს მაგ ტუჩთან ხალი. (ქამან ქამან ლალი..)
შაიკიდან ერთმა გოგომ იკაიფა ჩემზე
და თავისი საქციელით მომშალა ნერვებზე,
მე ვუთხარი ახლავე მემთხვიე ხელზე,
თუ გინდა რომ ეგ კაიფი არ დაგადგეს ყელზე,
უთუოდ შეინახო აჯობებდა ვეზე,
ნაზად მოგეფერებოდი გამოყვანილ წელზე..
აი უკვე რა ხანია მე ვოცნებობ შენზე,
გასწავლიდი ჯირითობას გაჭენებულ ცხენზე..
(შაიკი რა არის? ასევე გაურკვეველია ფრაზა “უთუოდ შეინახო აჯობებდა ვეზე”- ეს შეიძლება მე ვერ გავშიფრე კარგად, მაგრამ ათჯერ მოვუსმინე და სხვა დასკვნა ვერ გამოვიტანე)
ერთმანეთზე შთაბეჭდილება წახდენილი ჟიური და მონაწილე უკმაყოფილოები დარჩნენ. ნიკას შექმნილი
სახელდახელო ხალიც, სამუდამოდ მოშორდა მაიას სახეს:))
_
მაყვალა კარტოზიაც ერთ-ერთი განსაკუთრებული მონაწილე იყო. აღმოჩნდა, რომ მადონას და ბრიტნი სპირსის მოყვარული, რომელიც თურმე ოპერის, ფილარმონიის და ყველა სხვა გრანდიოზული საკონცერტო დარბაზების
სცენაზეა  გამოსული, არც ისე კარგად ასრულებს “თბილისო”-ს და ვერც ზემოთ ხსენებული პოპ ვარსკვლავები იამაყებდნენ მისით. ამიტომ,სამი “არა”..
_
მოქნილი მოცეკვავეები ნიღბებით, წითლებში ჩაცმული თავდაჯერებული ხატია მაზანაშვილი, რიტმს აცდენილი დრამე
რი და ლელა წურწუმიას ორეული ვერ გადავიდნენ შემდეგ ტურში!
_რითი რითი?
_ყურებით, ყურებით!..
ყურების სასიამოვნოდ ტკივილზე შეყვარებულმა, ჟიურის და მაყურებლის აღფრთოვანება მოახერხა ნამდვილად. რამდენმა თქვენგანმა ჩაბღუჯა  ყურები მისი კადრების ყურებისას? :D სხვისი არ ვიცი, მე კი ჩავაფრინდი საკუთარ ყურებს ჟიურისი  არ იყოს : )) ესეც, ფავორიტი კადრი გადაცემიდან:
_
ძალიან მომეწონა ბათუმელი მოცეკვავეები. მართალია “westside dancers”-ის ორი მონაწილე მართლა ჩამორჩებოდა “მთავარს”, მაგრამ ეს მთავარი იმდენად მომხიბვლელი იყო, ისე მსუბუქად ცეკვავდა, რომ სულ აღარ მიმიქცევია დანარჩენი ორისთვის ყურადღება:)) ვიხილეთ გიორგი სუთიძის და ვერკა ჯაჯანიძის, თიკა ჩხიკვაძის და  სერგო მირზოევის ცეკვა, ალექსადნრე გიგაურის კადრებიც.. ასევე ბავშვი და ბურთი, რომლებიც ერთმანეთს  გრძნობდნენ! პროგრესული რამაზ გურაშაულიც მშვენიერ ფორმაში იყო!

ფავორიტები:

დემეტრე  ვარდოშვილი

მისი  ხმით და ემოციებით ნამდვილად აღვფრთოვანდი! არც მე მიყვარს რუსული ესტრადა , მაგრამ კარგით რა, რა დროს რუსული სიმღერების დაწუნებაა, როცა ასე კარგად მღერის ადამიანი? სიმღერა თიკას მიეძღვნა თავიდან, მაგრამ სადაც  გეგას თქმის არ იყოს, “ცრემლების ექსპერტი” მაიაა, იქ დაფარული არაფერია.. ხოდა ექსპერტმა, როგორც ყოველთვის წარმატებით იმუშავა და მოკვლევამ დაადგინა, რომ მისი ნამღერი  რეალობას  ასახავდა ..მოკლედ,  მე ძალიან მომეწონა ბატონ  დემეტრეს ნამღერი  და შემიძლია თამამად ვთქვა ჩვენ ვიხილეთ  ნიკა მემანიშვილის  პირველი   უსამართლო “არა”. გილოცავთ, გამოვიჭირეთ როგორც იქნა ! :D

მარი და ბიბი

მარის და ბაბის, გეგამ და ნიკამ ხმაში მუტაცია აღმოუჩინეს , მაგრამ ჩემთვის მაინც გაუგებარია, სად შენიშნეს მუტაციის კერა ამ ბავშვებში  :D თუმცა შეიძლება იმიტომაა გაუგებარი, რომ  მე მათი მოსმენით ვიყავი გატაცებული- ისე კარგად მღეროდნენ და სულ არ მომფიქრებია ჩავღრმავებოდი ამ საკითხს.. მოკლედ, შევეშვით მუტაციებს, კარგი ბავშვები არიან და სამი კი!

ხათუნა მეგრელიშვილი

ის იშვიათი შემთხვევა, როცა ნიკა მემანიშვილმა საკუთარ პირად ცხოვრებაზე დაიწყო ლაპარაკი.. მაიას ტრადიციული კითხვა –  “როგორ დაიწყო ეს ამბავი?”.. და აი, ფარდა აეხადა დიდ საიდუმლოს- ნიკა მემანიშვილის სიყვარულის ისტორიაც გაცხადდა და აღმოჩნდა, რომ მისი მარადიული სიყვარული სწორედ ის მომღერალია,  ვისი სიმღერაც ხათუნა მეგრელიშვილმა შეასრულა:) მართლა ძალიან მაგარი იყო! ჯერ ერთი, ისეთი ემოცია მოდიოდა ამ ქალისგან, რომ ყველა ბგერა გულზე მხვდებოდა.განსაკუთრებით ბოლოს იყო მაგარი, ქმარს და შვილს რომ ეხუტებოდა და ბავშვივით ხტუნავდა:))
__

ფიცვერცხლი

ფიცვერცხლიც ძალიან კარგი იყო.. თანამედროვე ინსტრუმენტებით ძველი ჟღერადობის შენარჩუნება არც ისე ადვილია.. თვითონ იდეა, ამ ყველაფრის შერწყმა- გენიალურია. შემსრულებლებიც ამართლებენ ამ იდეას.

__

ელენე ჩიხლაძე

ელენე პირველად რომ პრომოს გადაღებისას დავინახე ოპერის წინ, კარგა ხანს ვფიქრობდი რა შეიძლება გაეკეთებინა ამ
უზარმაზარი თავზე დადგმული შანდლით და ოქროსფერი “ფრთებით”: ))  ხოდა ულამაზესი ცეკვა იყო! ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო ნომერი შოუს ისტორიაში :)
ასეთი იყო მეექვსე გადაცემა. ნახევარფინალამდე ერთი- შემაჯამებელი გადაცემა რჩება.  გავიგებთ ვინ ვერ გადავიდა ნახევარფინალში. შესაბამისად გავიგებთ ვის ვიხილავთ სულ ორ კვირაში ნიჭიერის სცენაზე! მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით :)
9 March

ელენე ჩიხლაძე

ელენე ჩიხლაძე – არაბული ცეკვა:

9 March

რამაზ გარშაულაშვილი

რამაზ გარშაულაშვილი:

9 March

Westside dancers

Westside dancers:

9 March

მე-6 სერია – ბლოკები

Yes Block:


 

No Block:

9 March

ფიცვერცხლი

ფიცვერცხლი:

9 March

თედო ულუმბელაშვილი

თედორე ულუმბელაშვილი:

9 March

ხათუნა მეგრელიშვილი

ხათუნა მეგრელიშვილი:

9 March

ბაბი და მარი

ბაბი კირკიტაძე და მარიამ კაკაურიძე სიმღერით ”კაბარე”:

9 March

მაყვალა კარტოზია

მაყვალა კარტოზია:

9 March

უჩა ჯოხარიძე

უჩა ჯოხარიძე: