პოსტები კატეგორიიდან „ექსკლუზივი“

3 May

web exclusive – ნინო გოთოშია

ნინო გოთოშიას ნამღერმა, რომელიც მეექვსე გადაცემის ”yes block”-ში ვნახეთ, ინტერესი გამოიწვია და გადავწყვიტეთ დაგვეკმაყოფილება მაყურებლის ცნობისმოყვარეობა. გთავაზობთ ვიტნი ჰიუსტონის ჰიტის მისეულ ვერსიას, რომელიც ცოტაოდენი ხარვეზების მიუხედავად, ჟიურის მაინც მოეწონა.

2 May

Web Exclusive – თათია სილაგაძე

თათიას ნამღერი სულ რამდენიმე წამით ვიხილეთ მეექვსე გადაცემის yes block-ში. გთავაზობთ სრულ ვერსიას!

28 April

მიშკა კახაშვილი – ნიჭი საზღვრების გარეშე

პროექტის მე-5 ეპიზოდში სცენაზე გამოსულმა მიშკა კახაშვილმა, მაყურებელზე და ჟიურიზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ახალგაზრდა მუსიკოსმა, ტრავმების მიუხედავად, ძალიან კარგად შეასრულა კომპოზიცია გიტარაზე და აუდიტორია აღფრთოვანებაში მოიყვანა. ნიჭიერის ბლოგი მიშკას სარეპეტიციოში ეწვია.გიტარაზე დაკვრის სწავლა 9 წლის ასაკში, დამოუკიდებლად დაიწყო.

უყურებდა, როგორ იღებდა აკორდებს მისი უფროსი ძმა და შემდეგ, ყველასგან მალულად იგივეს აკეთებდა. თავიდან, ეგონათ, რომ ბავშვი გიტარას ეთამაშებოდა და რამეს დაუზიანებდა, მაგრამ მას შემდეგ რაც მისი სერიოზული განწყობა დაინახეს, ისნტრუმენტზე ვარჯიშში ხელი აღარ შეუშლიათ.

3 წლის წინ, მეგობრების ხელშეწყობით, მიშკამ გაიცნო ლევან კაპანაძე (ჯგუფ “მძიმე ჯვარის” ხელმძღვანელი) და მისი დახმარებით, შექმნა ჯგუფი “Pay of Freedom”. ჯგუფთან ერთად, ბევრ კონცერტზე და საღამოზე არის გამოსული. როგორც მუსიკოსი ამბობს, ლევან კაპანაძე არის ის ადამიანი, რომელსაც უჯერებს და ვის რჩევებს და მითითებებს ითვალისწინებს მუსიკაში. ამ მომენტისთვის, მიშკას ჯგუფი დაშლილია, თუმცა უახლოეს მომავალში, ისევ გეგმავენ ერთად დაკვრას. მისი საყვარელი გიტარისტები არიან ჯიმი ჰენდრიქსი და ედი ვან ჰალენი. ხოლო ჯგუფები, რომლებმაც მასზე უდიდესი ზეგავლენა იქონიეს არის ”პანტერა”, ”Whitesnake” და ”Black Sabbath”.

გარდა მუსიკის, ის დაკავებულია სპორტით და ხატვით. ხატავს ბავშვობიდან. მაშინაც კი ხატავდა, როდესაც დამწვრობების გამო საავადმყოფოში იწვა. ტრავმის მიღების მერე, გააგრძელა ხატვა მარცხენა ხელით. როგორც ამბობს, ძალიან უყვარს გარემოში სახასიათო დეტალების დაჭერა და მათი ფურცელზე გადატანა. დამთავრებული აქვს იაკობ ნიკოლაძის უმაღლესი ლიცეუმის ფერწერის ფაკულტეტი. ხატვაც თითქმის დამოუკიდებლად აქვს ნასწავლი, ლიცეუმში ჩაბარებამდე, მხოლოდ რამდენიმე თვე იარა პედაგოგთან. სპორტში, მუსიკოსი მკლავჭიდით არის დაკავებული. ასევე, მას ჰყავს მოსწავლეები, რომლებსაც ინსტრუმენტზე დაკვრას ასწავლის.
ნიჭიერს, მიშკა, თავიდანვე უყურებდა და ყოველთვის ძალიან მოსწონდა. როგორც თვითონ ამბობს, ეს ის პროექტია, რომელიც აძლევს უცნობ ადამიანებს შანსს, თავისი ნიჭი ფართო აუდიტორიას აჩვენონ. ყოველთვის ინტერესით ადევნებდა მონაწილეების გამოსვლას თვალს, მაგრამ თვითონ, გამოსვლაზე არც უფიქრია, რადგან მასობრივ თავშეყრის ადგილებს ყოველთვის ერიდებოდა და თავის გამოჩენის რცხვენოდა. ბოლოს, მეგობრების დაჟინებით, გადაწყვიტა თავისი კომპლექსი დაეძლია და მესამე სეზონში მონაწილეობაზე ისე ჩაეწერა, არავისთვის უთქვამს.

შოუში გამოჩენის შემდეგ, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ხალხი ქუჩაში ცნობს, აჩერებს და წარმატებებს უსურვებს. ეუბნებიან, რომ გულშემატკივრობენ და გვერდში უდგანან. თვითონ ამბობს, რომ ეს მისთვის საოცრებაა, რადგან ადრე, ხშირად, სავსე ტრანსპორტშიც კი, ადამიანები ერიდებოდნენ მის გვერდით დაჯდომას, მისი უჩვეულო გარეგნობის გამო. მის ახლობლებს, ძალიან მოეწონათ მიშკას გამოსვლა და მოუთმენლად ელოდებიან მის შემდეგ ნომრებს.

”დილით, როდესაც ვიღვიძებ, იმდენი ენერგია არის დაგროვილი ჩემში, მინდა სამხატვრო სტუდიაც, სარეპეტიციოც და სავარჯიშო დარბაზიც ერთ სივრცეში მქონდეს. რაც ნიჭიერში მივიღე მონაწილეობა, ენერგია კიდევ უფრო მომემატა და კიდევ უფრო მეტს ვაკეთებ” – ამბობს მუსიკოსი.

საუბრის შემდეგ, მიშკამ, ექსკლიუზიურად ბლოგის მკითხველებისთვის, ერთ-ერთი საყვარელი კომპოზიცია შეასრულა:

ვუსურვებთ დიდ წარმატებებს, როგორც ნიჭიერში, ასევე მის ყველა საქმიანობაში.
28 April

web exclusive – ქვიშით ხატვა

მეხუთე გადაცემის yes block-ში ქვიშით ხატვის ნომერი ვნახეთ, თუმცა შემოკლებული სახით. ჩვენს რუბრიკაში “ვებ ექსკლუზივი”, გთავაზობთ სრულ ვერსიას.

13 April

LC = Lose Control

მესამე სეზონი, ნიჭიერში, საცეკვაო ნომრების სიმრავლით გამოირჩევა. მათ შორის, ჟიურის წევრებმა ზოგი დაიწუნეს, ზოგიერთის ნახვა კი, შემდეგ ტურშიც მოისურვეს. სამწუხაროდ, ხან და ხან ისე ხდება, რომ შემდეგ ტურში გადასული ნომრის, გადაცემაში სრულად ჩვენება, არ ხერხდება. ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც მე-4 ეპიზოდში სულ რამდენიმე წამით გამოჩნდა, იყო LC.  ამიტომ, ნიჭიერის ბლოგმა, გადაწყვიტა ჯგუფი უფრო ახლოს გაეცნო და ბლოგის მკითხველისთვისაც მიეწოდებინათ მეტი ინფორმაცია მის შესახებ.

ნატა, ქეთი, მარიამი, ლიკა და ნათია

ჯგუფის წევრებთან შესახვედრად, ცეკვის სტუდიია ”LC”-ს სარეპეტიციოში წავედით. გოგონები სწორედ აქ, ცეკვის შესწავლისას შეხვდნენ ერთმანეთს და ნიჭიერში გამოსასვლელად, სტუდიის სახელი აიღეს. როგორც სტუდიის ხელმძღვანელმა, დავით ფიცხელაურმა აგვიხსნა:  ”LC”  არის აბრევიატურა ინგლისური სიტყვების Lose Control და ”კარგად გამოხატავს იმას, რაც ცეკვის დროს ემართებათ”.

ნიჭიერის სცენაზე გამოვიდნენ:

  • ნატა ასატუროვა, 16 წლის
  • მარიამ ქოქოევი, 19 წლის
  • ლიკა რაჯებაშვილი, 20 წლის
  • ქეთი ეღიკაური, 16 წლის
  • ნათია წამალაიძე, 15 წლის.

ერთად გოგოები დაახლოებით ერთი წელია ცეკვავენ.

ჯგუფი ცეკვავს ჟანრში ჰიპ-ჰოპი, თუმცა ხშირად სხვა სტილების ელემენტებსაც ურევენ კომპოზიციაში. ერთად გამოდიან სხვა და სხვა ოლიმპიადებზე და შეჯიბრებებზე. 1 თვის წინ, IDO-ს ოლიმპიადაზე, თავის კატეგორიაში 1-ლი ადგილი აიღეს.

ნახევარფინალში გადასვლის შემთხვევისთვის, ჯგუფს უკვე მომზადებული აქვს ახალი ნომერი. თუმცა, ბლოგის თხოვნით, მათ კიდევ ერთხელ იცეკვეს ის ნომერი, რომელიც ნიჭიერის კასტინგზე გაიტანეს. მისი სრულად ნახვა შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ვიდეოში.

გოგოების ნაწილი ჯერ კიდევ სწავლობს, თუმცა, როგორც ამბობენ, მათი ცხოვრების მთავარი საქმიანობა ცეკვაა. ვარჯიშობენ კვირაში სამჯერ, ორ-ორი საათი და სტუდიაში თავს, როგორც ოჯახში, ისე გრძნობენ. ძალიან უყვართ ერთმანეთი. თავად მათი ხელმძღვანელი, დავით ფიცხელაური, 6 წელზე მეტია ცეკვავს.

ვუსურვებთ ჯგუფს დიდ წარმატებებს, როგორც ნიჭიერში, ასევე მომავალ შეჯიბრებებში.

12 April

Web Exclusive – ზვიად ალიევი

“ნიჭიერის” ბლოგმა, ახალი სეზონის კასტინგების მიმდინარეობისას რამდენიმე მონაწილესთან წინასაკასტინგე განწყობა გამოიკითხა. ერთ-ერთი მათგანი, მეოთხე გადაცემაში ნანახი მოცეკვავე, ზვიად ალიევი იყო, რომელმაც ასე გამოხატა თავისი განცდები ჩვენთან საუბრისას:

“4 წლის წინ, პირველად ვნახე Britain’s Got Talent-ი. ბავშვობიდან ვცეკვავ და ძალიან მომეწონა. მას შემდეგ, ინტერნეტში თითქმის ყველა ანალოგი ვნახე და ყოველთვის ვოცნებობდი, რომ მსგავს სცენაზე გამოსვლის საშუალება მომცემოდა. როცა გავიგე, რომ რუსთავი2-მა საქართველოშიც ჩამოიტანა Got talent-ი, დავიწყე გამოსვლაზე ფიქრი. უფრო სწორად, მაშინვე გადავწყვიტე, მაგრამ  სანამ არ ჩავთვალე, რომ ნამდვილად მზად ვიყავი, მონაწილეობა არ მიმიღია.

ცეკვა ჩემი ჰობია და არა პროფესია, თუმცა, ბავშვობიდან მთელ ენერგიას მას ვახმარ. ახლობლებისთვის სიურპრიზი იქნება ჩემი გამოსვლა. ჯერ სახლში ვვარჯიშობდი, შემდეგ კი საღამოობით სკოლის დარბაზში.

სოფოს, გეგას და ვანოს მიმართ ძალიან კარგად ვარ განწყობილი, ვიცი, რომ ობიექტურები არიან და ველოდები როგორ ჩაივლის ჩემი ნომერი. ძალიან ვნერვიულობ, ოთხი წლის ოცნების ასრულებამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი!” 

http://nichieri.ge/prestage/

 

ამის შემდეგ, როგორც ნახეთ, წარმატებით გაიარა კასტინგი და მიუხედავად იმისა, რომ გადაცემაში ნანახი ცეკვაც ისეთივე ხანმოკლე იყო, როგორიც დამონტაჟებამდე, მაინც გადავწყვიტეთ სრული ვერსია გვეჩვენებინა თქვენთვის:

4 April

ლურჯი იალქანი – Web Exclusive

ამ ჯგუფის სიმღერის ნაწილი yes block-ში ვიხილეთ. კომენტარებში ბევრმა ადამიანმა გვთხოვა, რომ მათი ნომრის სრული ვერსია გვეჩვენებინა და შესაბამისად, გთავაზობთ ვებ ექსკლუზივის სახით:

 

1 April

იყავი ნოვატორი, იცეკვე განსხვავებულად!

“ნიჭიერის” ახალი სეზონის პირველი გადაცემის ეთერში გასვლამდე, ვებ ექსკლუზივის სახით ჩვენი მონაწილეების, ნატოს და თინათინის განსხვავებული ცეკვა ვაჩვენეთ ინტერნეტ მომხმარებელს. ამ ვიდეომ დიდი გამოხმაურება მოიპოვა და ასევე დიდი პოპულარობაც – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტელეეკრანზე იხილა მაყურებელმა.

მათი ნოვატორული მოძრაობები, რომლებიც თიკამ და ვანიკომ მაშინვე აითვისეს, უკვე ძალიან ცნობადია. ბევრისთვის ინსპირაციის წყაროდაც მოგვევლინა. მაგალითისთვის გამოდგებიან  ბლოგერები, რომლებმაც Senate Club-ში ჩვენთან ერთად პირველი გადაცემის ნახვის შემდეგ შეასრულეს ცეკვა - http://www.youtube.com/watch?v=W1uVpwtt3ow

ახლა კი, გთავაზობთ უფრო დახვეწილ ვერსიას, რომლებიც თაკომ და ელენემ, იღბლიანი ბორბალის გოგონებმა შეასრულეს სპეციალურად თქვენთვის! ისინი გაჩვენებენ ყველა მოძრაობას, რომელიც გამოიყენეს ნატომ და თინათინმა “ნიჭიერის” სცენაზე. თქვენ შეგიძლიათ გაიმეოროთ მოძრაობები, გადაიღოთ ვიდეო, ან ფოტო, სადაც განსაკუთრებით ხაზგასმული იქნება საფირმო მოძრაობა:

 ფოტო მასალა გამოგვიგზავნეთ კონკურსში ★ნიჭიერი ART★ , რომლის პირველი ნაწილიც 7 აპრილს დასრულდება და გამარჯვებულს თიკა და ვანიკო შეარჩევენ!

ახლა კი, იხილეთ ვიდეო და აითვისეთ მათი მოძრაობები:

31 March

DreamWalkers nichieri.ge-სთვის

“რა მაგარი ბიჭები გვყავს, ღმერთო ჩემო”! – (c) თიკა

ამ ბიჭებმა მხოლოდ თიკას კი არა, ძალიან ბევრ ადამიანს მოაწონეს თავი თავიანთი მხიარულებით, დახვეწილი ცეკვით და განსაკუთრებული ქორეოგრაფიით. მათ ვიდეოს ძალიან ბევრი ნახვა აქვს Myvideo-ზე და Youtube-ზე. დიდი გამოხმაურება აქვთ ბლოგსა და ფეისბუქზეც. შესაბამისად, არ დავაყოვნეთ და რეპეტიციაზე მივედით იმისთვის, რომ მათგან მეტი ინფორმაცია მიგვეღო ჯგუფის შესახებ და ცეკვის სრული ვერსიაც გვენახა…

მეტი ინფორმაციის რა მოგახსენოთ – ძალიან ხმაურიანები და მხიარულები არიან ამიტომ, ძირითადად სწორედ ხმაურიანი და მხიარული სახე აქვს მათთან საუბარს, რის გამოც საქმიანი ურთიერთობა რთული გამოდის, მაგრამ სამაგიეროდ ცეკვის დროს უფრო სერიოზულები არიან (მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან კომუნიკაციას არ წყვეტენ ამ დროს არც სცენაზე და განსაკუთრებით -რეპეტიციებზე).

ჯგუფი 7 წევრისგან შედგება:

  • ალექსანდრე თოდაძე
  • ნიკო თათარაშვილი
  • უჩა ღვინიაშვილი
  • გიორგი ანდრიაძე
  • გიორგი აბრამიშვილი
  • შოთა ზარქუა
  • ირაკლი ტყებუჩავა

მათი ასაკი 17-დან 23 წლამდეა. ცეკვის გარდა, თითქმის ყველა სხვადასხვა საქმით არის დაკავებული, თუმცა, უმეტეს დროს მაინც ცეკვას უთმობენ. განსაკუთრებით ახლა, როცა საქმე “ნიჭიერს” ეხება.

ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდნენ ჯგუფად და “ნიჭიერი” მათთვის პირველი კონკურსია.  ყოველდღიურად ბევრს ვარჯიშობენ, რომ გააუმჯობესონ ყველა დეტალი.

კასტინგზე წარმოდგენილი ნომრის ქორეოგრაფიაც თავად ეკუთვნოდათ და ერთ თვეში მოამზადეს. ახალ ნომერზეც უკვე დაიწყეს მუშაობა და ნახევარფინალში გადასვლის შემთხვევაში კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას, რამდენიმე სტილის შერწყმას აპირებენ.

სახელი ისე ექსპრომტად დაირქვეს, ფაქტობრივად სცენაზე გასვლის წინ და ახლაც იბნევიან, როცა საკუთარი ჯგუფის წარდგენა უწევთ. ამის დასტურს ვიდეოშიც ნახავთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ვიდეოში მხოლოდ 3 დუბლი ჩავსვით, სინამდვილეში ძალიან ბევრჯერ ჩავწერეთ დასაწყისი, რომელშიც გულითადად უნდოდათ  მადლობა გადაეხადათ ყველასთვის, ვისგანაც მხარდაჭერა იგრძნეს “ნიჭიერში” გამოსვლის შემდეგ. სამაგიეროდ, ცეკვა ერთი დუბლით გადაღებულია :)

ერთი წევრი აკლია მთელ შემადგენლობას, მაგრამ იმედი გვაქვს, სრული ვერსიის ნახვა გაინტერესებთ:

ნიჭიერის ბლოგი წარმატებებს უსურვებს DreamWalkers-ს :) 

30 March

სტუმრად TSU ART-თან

ლაშა, დათუნა, სანდრო, ირაკლი, ილია და გიორგი

ჯგუფი TSU ART-ი პირველი გადაცემის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამოსარჩევი მონაწილეა. ამიტომ, ნიჭიერის ბლოგი მათ სარეპეტიციოს ესტუმრა, მკითხველისთვის საინტერესო ინფორმაციის და სურათების მოსაგროვებლად.

ჯგუფი ექვსი წევრისგან შედგება:

  • ლაშა ლორთქიფანიძე
  • დათუნა დგებუაძე
  • ირაკლი გოდერძიშვილი
  • ილია ჭუმბურიძე
  • გიორგი შარაშენიძე
  • სანდრო ნარსია

მათი ასაკი 19-დან 22 წლამდე მონაკვეთში მერყეობს და შეკითხვაზე „რას აკეთებთ მუსიკის შექმნის გარდა“, მეგობრულად პასუხობენ „არაფერს“. მუსიკა, რომელსაც ქმნიან, მათი ცხოვრებაა – დღეში რეპეტიციას, მინიმუმ, 5 საათს უთმობენ.
ამ შემადგენლობით, ჯგუფი თითქმის ერთი წელია არსებობს. ერთმანეთთან მუსიკამ დაახლოვა. „თითო კონცერტზე, თითო წევრი გვემატებოდა“ – როგორც ამბობენ თვითონ.  დეკემბერში, კლუბში „ტრიუმფი“ სოლო კონცერტი ჰქონდათ. ამის გარდა,  აღნიშნავენ ისეთ პროექტებში მონაწილეობას, როგორიცაა არტ-გენი და სტუდენტური დღეები.

მათი რეპერტუარი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ  ბევრი ჟანრის სინთეზს წარმოადგენს: Funk-ი, ჯაზის ელემენტები, როკი, ფსიქოდელიური როკი, ბლიუზი და ფოლკი. ეს ყველაფერი შესრულებული კლასიკური და თავისი ხელით შექმნილი ინსტრუმენტებით.

არსებობს სხვა ჯგუფებიც, რომლებიც იყენებენ მსგავსი ტიპის ინსტრუმენტებს (მაგ., წყლის მილებისგან შექმნილი საკრავები), მაგრამ TSU ART-ი, ამ ინსტრუმენტებს სხვა ჟღერადობით და სხვა ჟანრში იყენებს.

რამდენიმე ინსტრუმენტი გაგვაცნეს კიდეც:

  • კონგა-კახონი – ის ილია ჭუმბურიძემ საკუთარი ხელით ააწყო ხის მასალისგან. მსოფლიოში ასეთი ინსტრუმენტი არსებობს. მაგრამ ილიას აწყობილი კონგა-კახონი განსხვავებულია დიზაინით და ჟღერადობით.
  • წყლის მილები 1 და წყლის მილები 2 -  ერთმანეთისგან განსხვავდება კალიბრით (ჩვენ გვქონდა საშუალება გვენახა ისინი კასტინგზე)
  • ქარი – რკინის მილი, რომელიც სათაურის შესაფერის, საინტერესო ხმას გამოსცემს.

როგორც თვითონ ამბობენ, ინსტრუმენტების შექმნა და გამოყენება, მუსიკის პროცესში „მოაფიქრდათ“, უფრო სწორად კი, „მუსიკამ მოითხოვა შესაფერისი ჟღერადობა“. მინდა საიდუმლოდ გაგანდოთ, რომ  ნახევარფინალში ახალ, კიდევ უფრო საინტერესო ინსტრუმენტებს ვნახავთ.

კასტინგზე წარმოდგენილი კომპოზიცია „კილომეტრი“, თავდაპირველად სხვა ფორმით არსებობდა. ნიჭიერისთვის TSU ART-მა ის, კასტინგის ფორმატის შესაბამისად, შეცვალა.

ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ კომპოზიციის სრული ვერსია, (გადაცემაში ის შეკვეცილი სახით გავიდა), რომელიც ჯგუფმა,  ბლოგისთვის და მისი მკითხველისთვის, შეასრულა:

ნიჭიერი, ჯგუფისთვის, ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპია. TSU ART-ი არ შექმნილა მხოლოდ შოუში გამოსასვლელად. ისინი უკრავდნენ, უკრავენ და დაუკრავენ.  საუბრის ბოლოს, ჯგუფმა მოგვცა საშუალება მოგვესმინა მათი იმ კომპოზიციისთვის, რომელსაც ნახევარფინალში შეასრულებენ. სიმღერა, რა თქმა უნდა, არ ჩაგვიწერია, უბრალოდ ინტრიგისთვის დავწერ, რომ ძალიან კარგია.

ვუსურვებთ TSU ART-ს წარმატებას როგორც შოუში, ასევე, ზოგადად, კარიერაში.

რეპეტიციისას

20 March

ანა ქაშიბაძე nichieri.ge – სთვის

პატარა ანამ გუშინ ნიჭიერში გამოჩენის შემდეგ ძალიან დიდი გამოხმაურება მიიღო. მის ვიდეოს 20 საათის განმავლობაში 55 000-ზე მეტი ნახვა აქვს Myvideo.ge-ზე, სოციალურ ქსელებშიც დიდ სიყვარულს გამოხატავენ. დღეს, ვთხოვეთ ნიჭიერის ბლოგისთვის პირველი შთაბეჭდილებები გაეზიარებინა მას შემდეგ, რაც მაყურებელმა გაიცნო. როგორც აღმოჩნდა, სულ რამდენიმე საათში მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა : )

ალბათ გადაცემიდანაც შეამჩნევდით, რომ ძალიან კომუნიკაბელურია და ასეთივე მხიარულად და დიდი ხალისით ჩაწერა სპეციალურად ინტერნეტისთვის ეს ვიდეო. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, წინასწარ არ მომზადებულა, პირდაპირ დაჯდა და დიდი ადამიანივით მოგვიყვა ის ემოციები, რაც მის თავს ბოლო საათების განმავლობაში ტრიალებს!

 

“მე ძალიან გამიხარდა, რომ გადავედი შემდეგ ტურში და ძალიან გამიკვირდა სოფო როგორ მიხვდა, რომ მე მინდოდა მისი ჩახუტება. “

“მე როცა მივდიოდი ქუჩაში, აქ როცა მოვდიოდი, ყველა მცნობდა და მეუბნებოდა შენ იყავი გუშინ? მე ვეუბნებოდი – კი კი კი.”

“როცა ნიჭიერი დამთავრდა, ორივე ტელეფონი რეკავდა, მილოცავდნენ. ასობით იყო წერილები და დამატებები ნიჭიერის გამო.”

“ძალიან მიყვარს ნიჭიერი, უფრო სწორად, მთლიანად რუსთავი 2 და ვამაყობ რუსთავი2-ით. დიდი მადლობა რუსთავი2-ს რომ ამხელა დიდი ვარსკვლავი გამხადეს” 

 

15 March

Exclusive ”ნიჭიერის” ახალი სეზონიდან!

დაპირებისამებრ, გთავაზობთ ვებ ექსკლუზივს ნიჭიერის სცენიდან! ძალიან ბევრი განსხვავებული მონაწილე გვინახავს წინა ორი სეზონის მანძილზე, თუმცა, ასეთი სახასიათო ცეკვა, განსხვავებული მოძრაობები, ჯერ მაყურებელს არ ახსოვს!

იხილეთ ვიდეო:

სპეციალურად მათთვის, ვინც წარმატებით აითვისებს ამ საცეკვაო მოძრაობებს, სიურპრიზი გვაქვს! გადაიღეთ ვიდეო, სადაც გაიმეორებთ მათ ცეკვას და რაც უფრო მონდომებით მოეკიდებით ამ საკითხს, მით უფრო გაიზრდება შანსი მოეწონოთ ჟიურის წევრებს – თიკას და ვანიკოს. სწორედ ისინი შეარჩევენ ყველაზე წარმატებულ მოცეკვავეს ამ ჟანრში და დაპატიჟებენ კლუბ ”სენატში” სეზონის გახსნაზე : )

ვიდეოების გამოგზავნა შეგიძლიათ ფეისბუქზე - http://www.facebook.com/nichieri , ან მეილზე  tini@rustavi2.com

საცეკვაოდ გამოყენებული მუსიკა იხილეთ ბმულზე - http://www.youtube.com/watch?v=ewRjZoRtu0Y

ეთერში გასვლამდე დარჩა 4 დღე!!!

28 April

თიკა და ვანიკო- სახალისო მომენტები

“ნიჭიერს” რომ ნიჭიერი წამყვანები ჰყავს, ამაში ალბათ არავინ შეგვედავება! ხშირად ისინი კონკურსანტზე უკეთ ასრულებენ სცენაზე წარმოდგენილ ნომერს.

გთავაზობთ მეორე სეზონის მანძილზე მათ მიერ შესრულებულ არაერთი ჟანრის ცეკვას და სახალისო მომენტებს : )

27 April

გეგას ინტერვიუ სპეციალურად ვებ სივრცისთვის

ჟიურის ყველაზე გამოცდილი წევრი, გეგა ფალავანდიშვილი, უკვე მეორედ ემზადება ნახევარფინალებისთვის! იქამდე, მან  ნიჭიერის ინტერნეტ სივრცისთვის ვიდეო პოსტის სახით გააკეთა  შეჯამება ქასთინგებში მონაწილეებისა და ჟიურის შესახებ. გვითხრა, რომ წინასწარი მოლოდინები ჰქონდა, თუმცა ბევრი ახალი და ბევრად მეტი უფრო მომზადებული ნომერი იყო - “როგორც აღმოჩნდა, საქართველოში გვყავს კიდევ ბევრი ნიჭიერი”. ნახევარფინალებთან დაკავშირებითაც გამოთქვა მოლოდინები – “წელს ცოტა უფრო უკეთესი  იქნება. იმიტომ, რომ შარშან ძალიან კარგი იყო და შარშანდელზე ცოტა უკეთესი უკვე ძალიან კარგია!”.

Nichieri.ge-ს მკითხველებისა და facebook.com/nichieri-ს მომხმარებლებისთვის  კომენტარიც გააკეთა “შემოდით, დარჩით, ხშირად იკითხეთ და რაც მთავარია, იაქტიურეთ” : )

ვიდეო:

26 April

პირველი სეზონის ფინალისტები “ნიჭიერი”-ს შემდეგ

ვიდრე ნახევარფინალები დაიწყება, გადავწყვიტეთ შარშანდელი ფინალისტებისთვის მიგვემართა მკითხველისთვის იმის გასაზიარებლად, თუ როგორ განვითარდა მათი ცხოვრება “ნიჭიერი”-ს შემდეგ.  ისინი,  რა თქმა უნდა, ყურადღებით უყურებენ წლევანდელ სეზონს, გულშემატკივრობენ მონაწილეებს და ჰყავთ ფავორიტებიც. მაშ ასე, სპეციალურად ნიჭიერის ბლოგისთვის – პირველი სეზონის ფინალისტები!

ვერკა და გიორგი

ნიჭიერის შემდეგ, ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს. ადრე თუ  ხშირად ვეძებდით სამსახურს, ახლა პირიქით, არჩევანი გვიწევს იმდენი შემოთავაზებაა. თვითონ გვიკავშირდებიან და გვთხოვენ მათთან ვიმუშაოთ. რაც მთავარია, როცა გვხედავენ, ძალიან დიდი სიყვარული იგრძნობა ხალხის მხრიდან. ჩვენს ქალაქშიც მეტად გვაფასებენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ნიჭიერს ჩვენთვის ყოველივე კარგის მეტი არაფერი მოუტანია! ვაგრძელებთ მუშაობას და უფრო და უფრო ვიხვეწებით…

ლევან შავაძე (პირველი სეზონის გამარჯვებული)

ნიჭიერის შემდეგ, ჩემთვის ბევრი რამ შეიცვალა. ხალხის მხრიდან ჩემი ნიჭის მოთხოვნა გაიზარდა- ბევრს უჩნდება სურვილი, რომ მომისმინოს, მეპატიჟებიან კონცერტებზე და სხვადასხვა საღამოებზე.

წლევანდელ ნიჭიერში ყველაფერი ძალიან კარგია. ჟიური კომპეტენტურია და მონაწილეებიც კარგები არიან. ფავორიტებიც მყავს- ესენი არიან მარიამ ტომარაძე და ვანო ფიფია.

ბაბი და მარი

ჩვენ ახლა სკოლის დამამთავრებელ ეტაპზე ვართ და უფრო დიდ დროს სწავლას ვუთმობთ, ვიდრე სიმღერას, თუმცა ჩვენი დუეტი ისევ არსებობს. საზოგადოებისგან დიდ ყურადღებას ვგრძნობთ, სხვადასხვა კონცერტებში ვმონაწილეობთ. იმედი გვაქვს, მალე უფრო აქტიურად დავუბრუნდებით სცენას!

გივი მაღრაძე (პარკური)


ვფიქრობ, “ნიჭიერში” ჩვენი მონაწილეობის შემდეგ, საკმაოდ ბევრი დაინტერესდა პარკურით, მიმდევრები მოემატა ამ სპორტს. ჩვენს გუნდს რაც შეეხება, ვვარჯიშობთ, ტურნირებში ვგეგმავთ მონაწილეობას. 2 ახალი პატარა წევრიც გვყავს. სხვათაშორის, ჩვენს მიერ გაკეთებული ვიდეო მათი მონაწილეობით, youtube-ს საკმაოდ პოპულარულ არხზე, რომელიც “Urban Freeflow ® The Worlds Premier Parkour and Freerunning Organisation”-ს ეკუთვნის, რამდენიმე დღის წინ განათავსეს და უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

წელს ნიჭიერში პარკურის აკრძალვას რაც შეეხება, გული დაგვწყდა, თუმცა უმჯობესი იყო უფრო მომზადებულები ყოფილიყვნენ.

წლევანდელ ნიჭიერში ჩვენი ფავორიტები არიან “Acro Style”, “მატრიცული პანტომიმა” და დაკი.

გუგა ჭყონია

ეს სეზონი  ძალიან მომწონს, უფრო მრავალფეროვანია. დაკის ვგულშემატკივრობ განსაკუთრებით. დიდი იმედი მაქვს, რომ ღირსეულ გამარჯვებულს აარჩევს მაყურებელი.

ნიჭიერის შემდეგ ძალიან შეიცვალა ბევრი რამ, პოპულრულიც გავხდი. მაქვს გამოსვლები ძალიან ბევრ ღონისძიებაზე. რაც ყველაზე ძალიან მიხარია- ჩემი ჟანრი აქტუალური გახდა, ბევრი დაინტერესდა, მომმართავენ კიდეც დახმარებისთვის. ძალიან მიხარია ეს ფაქტი, რადგან ნიჭიერში მოსვლისას ჩემი მიზანიც სწორედ ეს იყო – მინდოდა ბიტბოქსი პოპულარული გამეხადა.

გულნაზ გოლეთიანი

ყველა ინტერვიუში, ნიჭიერის პერიოდშიც კი, სულ აღვნიშნავდი, რომ ერთმა სიმღერამ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა! ჩემთვის მთავარი ხალხის სიყვარული იყო, რასაც ნამდვილად ვგრძნობ. ყველა კუთხით ძალიან დამეხმარა, ფინანსური მდგომარეობაც გამიუმჯობესდა. ნიჭიერის შემდეგ ტურნე დავიწყე და კონცერტები მქონდა გურიაში, რაჭაში, ლეჩხუმში, სვანეთში… ბევრ საქველმოქმედო ღონისძიებაშიც მივიღე მონაწილეობა, რაც ძალიან მახარებს.

ამჟამად ჩემთვის სიმღერას რუსუდან სებისკვერაძე წერს, რომელსაც სტუდიაში ჩავწერ შემდეგ. ასევე, ერთი სიურპრიზი მაქვს, რომელსაც არ ვამხელდი, მაგრამ სპეციალურად nichieri.ge-სთვის ვიტყვი, რომ ლეჩხუმისთვის ჰიმნი დაიწერება. ფაქტობრივად, “ლენტი უკვე გაჭრილია”, რადგან სპონსორები გვყავს და სულმოუთმქელად ველოდები როდის შევძლებ განხორციელებას. მეორე სეზონის ნახევარფინალისტებს კი  წარმატებებს  ვუსურვებ!

მარიამ კახელიშვილი

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა “ნიჭიერში” მონაწილეობის შემდეგ, დიდი წარმატება მომიტანა. განსაკუთრებული იყო ევროვიზიაში მონაწილეობა. ამ კონკურსმა ბევრი რამ მომცა

ასევე ვმონაწილეობდი ტელეპროექტ “ბრავოში”. ახლაც ვაგრძელებ მეცადინეობას, მინდა უფრო და უფრო პროფესიონალი გავხდე, თანაც კიდევ ერთი კონკურსისთვის ვემზადები.

მეორე სეზონში ჩემი ფავორიტები არიან მარიამ ტომარაძე და მარიამ აკობია, რომელიც ჩემი მეგობარია და მინდა წარმატებას მიაღწიოს. სოსო ნარიმანიძესაც ვგულშემატკივრობ,  რა თქმა უნდა! : )

დავით რობაქიძე


ამ დროის მანძილზე, ძალიან ბევრ გადაცემაში მივიღე მონაწილეობა. შეიძლება ითქვას, სულ რამდენიმე დარჩა ისეთი, სადაც არ ვყოფილვარ მიწვეული. სტუმრად ვიყავი “ვანოს შოუში”, “ვა ბანკში”, სადაც მოგებული თანხით მანქანაც შევიძინე და ძალიან გახარებული ვიყავი ამით, “პროფილი”, “ლოტო”, “იღბლიანი ბორბალი”, “საბავშვო ამბები”, “ეკივოკი”, “ბრავო”, სხვადასხვა სიუჟეტები გადაცემებში…

დავიწყე მუშაობაც, ვთანამშრომლობ სხვადასხვა კომპანიებთან და მონაწილეობას ვიღებ საქველმოქმედო აქციებში.

წლევანდელი ნიჭიერი, როგორც შოუ, წინა სეზონზე მეტად სანახაობრივი იყო, ბევრი ახალი ჟანრია ნამდვილად. იმედი მაქვს, რომ შემდეგი სეზონისთვის ილუზიონისტები გამოსწორდებიან, ამ ეტაპზე კი, ერთადერთ ნახევარფინალისტს ამ ჟანრში, ირაკლი სარალიძეს, წარმატებებს ვუსურვებ!

ამიკო სამადაშვილი- ჯგუფი “Next Level”


“ნიჭიერი”-ს შემდეგ ჩვენს სფეროში უფრო ცნობადები გავხდით, შესაბამისად გაიზარდა ჩვენთან ვარჯიშის მსურველთა რაოდენობა, უკეთესი სტუდიაც გვაქვს. წარმატების შედეგად ჩამოგვიყალიბდა იდეა, რომ ჰიპ-ჰოპის ფედერაცია დაგვეარსებინა, სადაც გავაწევრიანეთ დამწყები მოცეკვავეები, რათა მეტად განვითარებულიყვნენ. ვგეგმავთ ჩემპიონატის გამართვასაც. მონაწილეობას ვიღებთ როგორც საქველმოქმედო, ისე კომერციულ კონცერტებში. ვაგრძელებთ ჩვენს სფეროში მოღვაწეობას  და საკმაოდ წარმატებით.

დაახლოებით ერთ თვეში, 25 მაისს, რომში მივდივარ საქართველოს სახელით მსოფლიო ჰიპ ჰოპის ჩემპიონატზე და იმედი მაქვს, კარგი შედეგებით დავბრუნდები.

მეორე სეზონში, სასიხარულო იქნებოდა უფრო ბევრი მაღალი დონის ჯგუფი რომ ყოფილიყო ჩვენს ჟანრში, “New Style”-სა და “Next Level”-ზე უკეთესებიც, თუმცა , ვფიქრობთ, ქასთინგებზე ეს ასე არ მოხდა. ნახევარფინალებისთვის გაუმჯობესებას ველოდებით!

ასეთი იყო ჩვენი პირველი სეზონის ფინალისტების შთაბეჭდილებები. დაკავშირება დღეისათვის მხოლოდ ავთო ნაცარაშვილთან, მარიამ ფაჩულიასთან და ანი ხანჩალიანთან ვერ მოხერხდა, თუმცა ცხადია, ზემოთ ჩამოთვლილების მსგავსად ისინიც აქტიურად აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას, ანი ხანჩალიანი ხშირად ჩანს კიდეც ეკრანებზე.

ნიჭიერის ბლოგი კიდევ უფრო მეტ წარმატებას უსურვებს მათ და მეორე სეზონის მომავალ ფინალისტებსაც.სულ მალე- 2 მაისიდან, ყოველ ორშაბათს, მათ სიას ახალ-ახალი წევრები შეემატებიან!