რაღაცნაირი გადაცემა, ანუ, ვერაფერი “არაფერზე”
ბექა, a.k.a მჩხაპნელი ბლოგიდან Doin.ge
ჩემში ეჭვს იწვევს – ღირს თუ არა ტირილი იმის გამო, რაც სულერთია ახლა აღარ იქნებოდა. ნეტა ვინ მოიგონა? – რომ არ მომკვდარიყო, ან, არ მოეკლათ, ლეიტენანტი კი არა, ახლა გენერალი იქნებოდაო. არადა, რომ არ მოეკლათ, იქნებ ის ლეიტენანტობაც ჩამოერთმიათ. ვინ იცის? – ნოდარ დუმბაძე
რამდენიმე “რომ არ” ამ შემთხვევაშიც დაგროვდა…
“დემეტრე ვარდოშვილს “მტრის ენაზე რომ არ ელაპარაკა”, ალბათ, გაანახევარფინალებდნენ. ზოგიერთებს კი მაიასეული “ისტერიული ისტორიები” რომ არ მოეყოლათ – პირიქითო” – მავანნი ამბობდნენ.
სტრიპტიზის მოცეკვავის წინააღმდეგ ჩამცხრალი უკმაყოფილების ტალღა, ჟიურის გადაწყვეტილების შედეგად, უკვე ცუნამად გადაიქცა და ჩვენს სისპეტაკეს წალეკვითაც დაემუქრა. თუმცა, ისიც თქვეს, რომ არ გადაეყვანათ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი (ანუ, ისინი ვინც, მისი გამოსვლით გამოწვეულ სიხარულს ხმამაღლა არ გამოხატავდა) ინტერესს დაკარგავდაო.
სხვა მხრივ, მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ”არაფერზე” წერა კი, როგორც აღმოვაჩინე, საკმაოდ რთული გამოდგა.
ამის გამო, სულ მოდულირებულ პოსტს რომ ვქმნიდე, მაინც ვერ ვიტყვი, რომ ”ნიჭიერის” შემაჯამებელი გადაცემა, როგორც წესი, წინამორბედებზე ბევრად უკეთესი აღმოჩნდა – მეთქი. გადაცემის ნახევარი მთქნარების გამო გამოვტოვე, მეორე ნახევრის მანძილზე კი, ერთადერთი საინტერესო ის იყო, რომ “საინტერესო არაფერი ხდებოდა”. შეფასებებიც, რომლებზეც გადაცემის დინამიურობა იყო დამოკიდებული, “ვაიმე, საყვარლები”-ს, “ნამდვილად კარგია”-სა და “არ მომწონს”-ს დიდი მანძილით არ გაშორებია. თუმცა, შედარებით უკეთესი გამოდგა დასკვნითი წუთები, როდესაც მონაწილეებს “საიდუმლო სერობისას” მიღებული გადაწყვეტილებები გაუმხილეს.

გადაცემის მიმდინარეობისას კი რატომღაც მხოლოდ ის ნომრები აჩვენეს თავიდან ბოლომდე, ამ ორს შუა – უკვე თითქმის ყელთან რომ არის გაჩერებული. ვიდეოები – რომელიც ყველას ნანახი აქვს, ყველამ დეტალურად იცის და რომლებზეც ყველა აღნიშნავს, რომ “მარიამ კახელიშვილს საოცარი ხმა აქვს” და “გულნაზ გოლეთიანი პირდაპირ დამბურძგლავია”. მოკლედ, აბსტრაქტული “ყველამ ყველაფერი იცის” – სწორედ ამ შემთხვევაზეა ნათქვამი.
იმ დროს კი, როდესაც ჩვენ ამ ნომრებს უკვე მებევრამდენიღაცაჯერ ვუყურებთ, სრულიად არაფერი იყო ნაჩვენები კონკურსანტებზე, რომლებიც ნახევარფინალში გადავიდნენ ისე, რომ მათი გამოსვლა არავის უნახავს. მართალია, ეს ვიდეოები უკვე ყველასათვის კურსორმისაწვდომია, მაგრამ თვითონ გადაცემა უფრო საინტერესო იქნებოდა, ახლების ნაცვლად იგივე ნომრები რომ არ ყოფილიყო.

ამასთანავე, კაცის ბჭობაზე ღმერთის დამოკიდებულება შემაჯამებელ გადაცემაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა.
მანამდე: ხალხი იცინოდა ირაკლი ძამუკაშვილზე, მისი სიმღერის ტექსტზე, იკეთებდა შავ სათვალეს და იცვამდა თეთრ შარვალს, ნიკას ტაშს უკრავდა, მაიასა და გეგას გემოვნებას კი ვაგზლის ბაზარში აჟღერებული მუსიკის ჭრილში განიხილავდა. მოკლედ, როგორც ქართველ ერს სჩვევია ხოლმე, ქმნიდა პერსონაჟს, რათა შემდეგ მისთვის დაეცინა და ფიქრობდა, რომ ნახევარფინალებში გადასასვლელად ”უიღბლო შეყვარებულს” ოქროს თევზის დაჭერაც კი ვერ დაეხმარებოდა.
შემდეგ: ალბათ, უკვე ირაკლი ძამუკაშვილმა გაიცინა ხალხზე… და დაიქადნა, რომ მისი სიმღერით ნიკაც კი გაოცებული დარჩება. თუმცა, მისი გაოცება, რომ რთული საქმე არ არის, ეს უკვე ყველასათვის ადვილი შესამჩნევია.

საერთოდ, ჟიურის სამივე წევრი გაოცებას განსხვავებულად გამოხატავს: მაია – ტუჩების საშუალებით “WOW”-ს ხაზავს, გეგა მხოლოდ წარბის ოდნავი აწევა-შეთამაშებით კმაყოფილდება, ნიკა კი კბილებს ერთმანეთს გარკვეული მანძილით აშორებს. ამის გამო, სასურველი იქნება, რომ ირაკლი ძამუკაშვილის მიერ ”მუქარის შესრულების” პროცესში, ნიკას გარშემო, რაც შეიძლება ნაკლები მწერი დაფრინავდეს. რა იცით, რა ხდება…
ისე კი “ღიმილი მაჩუქე კარგო”-ს გასაოცარი შესრულება ნამდვილად ძნელი წარმოსადგენია (გამომსვლელიც ფრენას თუ არ დაიწყებს, ან, სათვალის გაკეთებისას მართლა არ გაქრება). სამაგიეროდ, ფართო არჩევანი აქვს კორნელი მაისაშვილს, რომელმაც უკვე ისეთი “იმიჯი” შეიქმნა, რომ მის გატეხვას, ისევ თავის გატეხვა უნდა ერჩივნოს. ამის გამო, სავარაუდოდ, მისი თავიც განწირულია თავგანწირულობისათვის.
ნინო ჯავახიშვილის გამოსვლის ფორმატიც მეტად საინტერესოა. ოპტიმალური ვარიანტი, ალბათ, ერთი არხის მაფიოზური გადაცემის ხერხი და იდუმალი ხმით ნათქვამი სიტყვებია - “პატივცემულო მაყურებლებო, ოჯახში სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით, გთხოვთ თქვენს შვილებსა და ქმრებს თვალები დაახუჭინოთ…”
“მე არ ვფიქრობ მომავალზე, ის ისედაც მალე მოდის” – ამბობდა აინშტაინი, ამიტომ უფრო საფუძვლიანი და სიტყვაუხვი საუბარი ნახევარფინალებამდე გადავდოთ
პ.ს: ისე, ძველბლოგერული ანდაზაა “პოსტი გადაცემასთან რომ დააბა, ან სტილს იცვლის, ან, ზომასო” და მგონი, ამ შემთხვევაში ხალხურმა სიბრძნემ ჭეშმარიტება იზეიმა…

კომენტარები
Powered by Facebook Comments