შოუს შესახებ

“ნიჭიერის” წამყვანები:

თიკა ფაცაცია და ვანიკო თარხნიშვილი

“ნიჭიერის” ჟიური:

პოპულარული გადაცემის, “პროფილის” ავტორი და წამყვანი მაია ასათიანი

ეროვნული მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა მემანიშვილი

რუსთავი2-ის მარკეტინგისა და პროგრამების მენეჯერი გეგა ფალავანდიშვილი

პრიზი:

ბინა თბილისის პრესტიჟულ უბანში, კომპლექს DreamTown-ში.

შოუს შესახებ

Got Talent ფრენჩაიზი ბრიტანული ტელეფორმატია, რომელიც სიმონ კოუელის კომპანია SIYO-მ შეიმუშავა. დღესდღეობით შოუ 30-ზე მეტ ქვეყანაში გადის. 2010 წლის პირველი თებერვლიდან კი ამ ქვეყნების სიას საქართველოც შეემატება – შოუს ჩვენთან “ნიჭიერი” ჰქვია.

“ნიჭიერის” შესარჩევი კასტინგი საქართველოს 24 ქალაქში ჩატარდა და მონაწილეობა დაახლოებით 7 ათასმა ადამიანმა მიიღო.
შოუში არ არის ასაკობრივი შეზღუდვა – “ნიჭიერის” ყველაზე პატარა მონაწილე – 3 წლის, ხოლო ყველაზე ასაკოვანი – 86 წლისაა.

“ნიჭიერი” ერთადერთი შოუა, სადაც კასტინგებს ესწრება ცოცხალი აუდიტორია.

პირველი ეტაპი

მონაწილე წარსდგება დარბაზისა და ჟიურის წინაშე. ნომრის მიმდინარეობისას ჟიურის წევრებს შეუძლიათ გამოხატონ უკმაყოფილება და დააჭირონ წითელ იქსს. თუ სამივე იქსი წითლად აინთო, ამ შემთხვევაში ნომერი წყდება.
ჟიური მონაწილეს აფასებს ერთი სიტყვით: “კი” ან “არა”. შემდეგ ტურში გადასასვლელად მონაწილემ უნდა მიიღოს ორი ან სამი “კი”.

მეორე ეტაპი

პირველი ტურის დასრულების შემდეგ ჟიურის სამივე წევრი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად იკრიბება. ისინი კიდევ ერთხელ გადახედავენ იმ კონკურსანტებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს პირველი ტური და გადაწყვეტენ, იმსახურებს თუ არა ესა თუ ის მონაწილე ნახევარფინალში მოხვედრას.

ნახევარ-ფინალი

“ნიჭიერის” 5 ნახევარ-ფინალი კონცერტის სახით გადაიცემა პირდაპირ ეთერში. თითო ნახევარ-ფინალიდან ფინალში გადადის ორი მონაწილე: ერთი ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს კონკურსის მსვლელობისას, ხოლო მეორე ფინალისტს ჟიური შეარჩევს.

ფინალი

ნახევარ-ფინალებში გამარჯვებული 10 კონკურსანტი ერთმანეთს ფინალურ კონცერტზე შეხვდება. ამჯერად მათი ბედი მთლიანად მაყურებლის ხელთაა – “ნიჭიერის” გამარჯვებული და ბინის მფლობელი ის მონაწილე გახდება, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.