დღის არქივი: 3 May, 2012

3 May

დათო რობაქიძე – უკრაინის შთაბეჭდილებები და მისი ფავორიტები “ნიჭიერში”

28 აპრილს, “ნიჭიერის” უკრაინულ ანალოგში ჩვენი ფინალისტი, დავით რობაქიძე უკრაინელი მაყურებლის წინაშე პირდაპირ ეთერში, შოუს ნახევარფინალში წარსდგა. ჩვენ აქედან ვგულშემატკივრობდით. მიუხედავად იმისა, რომ ფინალის საგზურის მოპოვება ვერ მოახერხა, ჟიურის ძალიან დადებითი შეფასება მიიღო და მაყურებლის გაოცება შეძლო. ჩვენ დაპირებისამებრ, ჩამოსვლისთანავე დაველაპარაკეთ და გამოვკითხეთ უკრაინის შთაბეჭდილებების შესახებ. გარდა ამისა, ვთხოვეთ ჩვენს ახალ სეზონზე და მონაწილეებზე გაემხილა აზრი :)

პირველ რიგში, იმაზე გავესაუბრეთ, თუ როგორ მოხვდა უცხო ქვეყნის სატელევიზიო ეთერში, შემდეგ ნახევარფინალისთვის მზადების შესახებაც მოგვიყვა:

ჩემი ნომერი, რომელიც ქართველმა მაყურებელმა ორი წლის წინ ნახა, youtube-ზე ნახეს პროექტის პროდიუსერებმა. შემდეგ, სოციალური ქსელის საშუალებით დამიკავშირდნენ და საქართველოშიც ჩამოვიდნენ. თბილისში ჩატარდა პრეკასტინგი, სადაც ჩემს გარდა კიდევ სხვა ”ნიჭიერის” და არა მარტო ნიჭიერის კონკურსანტები იყვნენ. აქედან აარჩიეს რამდენიმე და გავემგზავრეთ უკრაინაში.

სწორედ ამ პერიოდის პარალელურად მიმდინარეობდა რუსთაველის თეატრში აქაური კასტინგები. მეც ვესწრებოდი და მქონდა საუბარი პროდიუსერთან, გიორგი ხაბურზანიასთან, რომელსაც ვუთხარი, რომ ვაპირებდი აქ ნაჩვენები კასტინგის ნომერი გამემეორებინა. ჩემს გადაწყვეტილებას დამეთანხმა და უკრაინელი პროდიუსერებიც ამ ვარიანტს ამჯობინებდნენ. რა თქმა უნდა, მქონდა სათადარიგო ნომერი, მაგრამ რადგან ამ იდეამ უფრო დაიმსახურა მოწონება, გავიმეორე.

კასტინგის შემდეგ ვიდეო 25 000-ჯერ იყო ნანახი, ახლა მეტიც იქნება. myvideo-ზე ეს რიცხვი გაცილებით მეტი იყო და ქართველი აუდიტორიისგან, რომელსაც უკვე ნანახი ჰქონდა ნომერი, პოზიტიურთან ერთად ნეგატიური გამოხმაურება იყო. თუმცა, საერთო ჯამში დადებითისკენ წავიდა და ბევრი ადამიანი მგულშემატკივრობდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ.

კასტინგის შემდეგ ეტაპზე, ნახევარფინალში გადასვლამდე, ნომრების მიხედვით დახარისხებულები ვიყავით მონაწილეები და 3 ილუზიონისტი იყო ჩემთან ერთად. ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა, რომლითაც მამცნეს ნახევარფინალისტობა, მონტაჟის დროს შეიკვეცა და ეთერში ვერ მოხვდა, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს: ”ნახევარფინალში გადადის არა ილუზიონისტი, არამედ შოუმენი”. ამ სამეულიდან მარტო მე გადავედი და ამის შემდეგ, არც ერთხელ აღარ მოვუხსენიებივარ როგორც ილუზიონისტი, შოუმენად მაცხადებდნენ.

რაც შეეხება ნახევარფინალისთვის მზადებას, იქამდე მომიწია 24 მარტს ერთი დღით ჩასვლა კიევში, რათა შემეთანხმებინა ნახევარფინალის ნომერი. გავითვალისწინე ქართველი მაყურებლის პრეტენზიები და შენიშვნები და ჩავიტანე სრულიად ახალი იდეები, რომლებიც არა მარტო უკრაინაში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში არავის ენახა.

ნომრის შეფუთვა მოვარგეთ უკრაინელი მაყურებლის გემოვნებას. მყავდა დამდგმელი რეჟისორი, პროფესიონალი ილუზიონისტი, ალექსანდრე ბროტკოვსკი, რომელთან ერთადაც შევფუთეთ ნომერი. ”ჩიტო გვრიტოს” გაჟღერება ჩემი იდეა იყო. რაღაც მუსიკა აუცილებელი იყო ნომრისთვის და გადავწყვიტე ქართული ელემენტი შემეტანა. ძალიან პოპულარული სიმღერაა, ყველამ იცის.

რაც ყველაზე მეტად გამირთულდა, ენობრივი ბარიერი იყო. ქართულად იგივე ტექსტი გაცილებით უფრო სასაცილო იქნებოდა. ნომერი შოუზე და იუმორზე ორიენტირებული, ვიდრე ფოკუსზე იმიტომ, რომ მიმიღეს როგორც შოუმენი. რთული იყო იმითაც, რომ პირველად იყო აუდიტორია როცა ხედავდა ამ ახალ პროგრამას. ნახევარფინალის პასუხისმგებლობა ათჯერ მეტია, ვიდრე კასტინგზე და ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩემს თავზე არა, პროექტის გუნდის წინაშე ვიყავი პასუხისმგებელი.

ყველაფერი მათი უზრუნველყოფით იყო – დეკორაცია, ხარჯები და ა.შ. ყველაზე კარგი ის არის, რომ ყველა მონაწილე ერთად ვცხოვრობდით და ბევრი მეგობარი გავიჩინე.

მთავარი შეფასება ჟიურის ყველაზე მკაცრმა წევრმა მომცა, რომელმაც 400 გრივნაში გავცვალე ნომრის დროს. მითხრა, რომ შენ ხარ სუპერტალანტიო! მარტო ამ შეფასებისთვის ღირდა ამდენი შრომა. ერთი წამით არ დამწყვეტია გული იმის გამო, რომ ფინალში ვერ მოვხვდი. ძალიან ბევრი ღირსეული მონაწილე იყო და მათ, ვინც ფინალში გადავიდა, წარმატება ვუსურვე.

ისე, მორჩა თუ არა გადაცემა, მაშინვე სახლი მომენატრა და მეორე დღესვე გამოვფრინდი თბილისში.”

შთაბეჭდილებების გაზიარების შემდეგ, “ნიჭიერის” ახალ სეზონზე გვესაუბრა:
“მთავარი განსხვავება ის არის, რომ შეფასების კრიტერიუმები იმათთან უფრო მკაცრია იმიტომ, რომ 50 მილიონიანი მოსახლეობაა და უფრო მეტი მსგავსი ნომრები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში არის X ფაქტორი და სხვადასხვა მუსიკალური კონკურსები, მრავალი ვოკალისტი მოდის ტალანტ შოუში და მაყურებელსაც მოსწონს.

იქ ყოფნის გამო “ნიჭიერის” ბოლო რამდენიმე სერია გამოვტოვე, მაგრამ კარგი ის არის, რომ კასტინგებზე უმრავლესობა ნანახი მყავს. როგორც პირველი სეზონის მონაწილის გადმოსახედიდან, შოუ იხვეწება და უფრო მრავალფეროვანი ხდება. არის ნომრები, რომლებიც განვლილი ორი სეზონის შემდეგ პირველად ვნახეთ სცენაზე.

უნდა ვთქვა, რომ ამ სეზონზე ვგულშემატკივრობ იუმორს და საილუზიო ჟანრს. ანუ ჩემთვის საინტერესო საყურებელი იყო ნიკ მალფოის და ოხუნჯ Boys-ის გამოსვლა. იმედია, რომ ნახევარფინალშიც ისეთ სანახაობას შემოგვთავაზებენ, რაც ძალიან გაგვაოცებს და გაგვართობს.

ნიკას თავიდან დაბნეულობა ეტყობოდა, მაგრამ მერე სიტუაცია კონტროლის ქვეშ მოაქცია და ნომერი შედგა. რაც მან გააკეთა კასტინგზე, მე არასდროს გამიკეთებია და აბსოლუტურად განსხვავებული მიმდინარეობაა ამ ჟანრში.

რაც შეეხება ოხუნჯ ბოისს, ყოველთვის მივესალმები კარგ იუმორს. სახალისო ნომერი ჰქონდათ და მართლა განსაკუთრებით ველოდები შემდეგ ტურში.

 

დათოს ფავორიტები ახალ სეზონში

ჩვენ მოხარულები ვართ მისი წარმატებული გამოსვლით ძალიან ფართომასშტაბიანი აუდიტორიის წინაშე და კიდევ მეტ წარმატებას ვუსურვებთ მას :)

3 May

ნინიკო კახაძე – ახალი სეზონის ბოლო აღმოჩენა

ალბათ დამეთანხმებით, რომ ნინიკო კახაძე, ერთ-ერთი საუკეთესო იყო სეზონის ბოლო ეპიზოდში. თავისი სიმღერით,მან როგორც ჟიურის წევრებზე, ასევე მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ახალგაზრდა მომღერლის შესახებ მეტი შეგვეტყო. ამისთვის, რეპეტიციაზე ვესტუმრეთ.

ნინიკომ სიმღერა ბავშვობაში, 2-3 წლის ასაკში დაიწყო. ვოკალის პედაგოგთან არასოდეს უვლია, თუმცა ძალიან უნდა სიმღერა მომავალში პროფესიონალურ დონეზე ისწავლოს. ნიჭიერს პირველივე სეზონიდან უყურებდა და ძალიან უნდოდა პროექტში მოხვედრა, თუმცა მოსვლას ვერ ბედავდა. ეგონა, რომ დამოუკიდებლად ნასწავლი სიმღერა საკმარისი არ აღმოჩნდებოდა შოუში წარმატების მიღწევისთვის. ბათუმში პრეკასტინგზე, სადაც ”ნიჭიერის” პროდიუსერების გუნდი იყო ჩასული, ყველაზე ბოლოს მივიდა და თითქმის დამთავრებულ კასტინგს მიუსწრო. ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, შეძლებდა, თუ არა სცენაზე თავი მოეწონებინა ჟიურისთვის და მაყურებლისთვის.

ნიჭიერის კასტინგებზე მოსვლა  მას შემდეგ გაბედა, რაც გადაცემაში სხვა, მის მსგავსად, თვითნასწავლი მომღერლები ნახა. ნინიკოს ახლობლები, სულმოუთქმელად ელოდნენ მისი გამოსვლის ნახვას ეთერში. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, მომღერლის მისამართით უამრავი თბილი კომენტარი მოდის. მას ულოცავენ ახლობლები, ასევე ქუჩაში გამვლელები ცნობენ და დიდ სიყვარულს გამოხატავენ.

სიმღერასთან ერთად, გოგონა ფორტეპიანოზე უკრავს. გარდა ამისა, მისი ჰობია ფოტოგრაფია – ძალიან უყვარს ლამაზი სურათების გადაღება. ასევე, უყვარს მეგობრებთან ყოფნა და წიგნების კითხვა. მომავალში სწავლის გაგრძელებას ვოკალის განხრით აპირებს.
მისი საყვარელი მომღერლები არიან კრისტინა აგილერა, ლარა ფაბიანი, სელინ დიონი და ვიტნი ჰიუსტონი, რომელიც, მისი აზრით, უკვდავია და ხალხს მუდამ ემახსოვრება.

წარმატებები ვუსურვოთ ნინიკოს  შემდეგ ეტაპზე და დაველოდოთ მის მომდევნო გამოსვლებს!

3 May

web exclusive – ნინო გოთოშია

ნინო გოთოშიას ნამღერმა, რომელიც მეექვსე გადაცემის ”yes block”-ში ვნახეთ, ინტერესი გამოიწვია და გადავწყვიტეთ დაგვეკმაყოფილება მაყურებლის ცნობისმოყვარეობა. გთავაზობთ ვიტნი ჰიუსტონის ჰიტის მისეულ ვერსიას, რომელიც ცოტაოდენი ხარვეზების მიუხედავად, ჟიურის მაინც მოეწონა.