თვის არქივი: April, 2012

30 April

III სეზონი, VI გადაცემა – მონაწილეები

ვინ გახდა თქვენი ფავორიტი?

30 April

გამოიცანით!

დღეს ნიჭიერის დღეა! კასტინგების ბოლო სერიას, რამდენიმე საათში ვნახავთ რუსთავი2-ზე. იქამდე, ტრადიციულად, გთავაზობთ სახალისო გამოცანას – თქვენ ხედავთ მონაწილეს, რომელსაც დღევანდელ გადაცემაში გაიცნობთ. გამოიცანით, რა ნიჭით წარსდგება ის?

29 April

ნინო ხოშტარია ახალი სეზონის და ფავორიტების შესახებ

შემდეგი ცნობილი ადამიანი, რომელსაც აზრი ვკითხეთ ახალი სეზონის და მისი ფავორიტების შესახებ, რუსთავი2-ის ერთ-ერთი სახე, ნინო ხოშტარიაა:

“ნიჭიერს ყოველთვის ვუყურებ. არის პროექტები, რომლებიც მომწონს, მაგრამ შეიძლება ყოველთვის ვერ მოვახერხო ნახვა. ამ პროექტს კი ყველანაირი მხარდაჭერა აქვს – სადაც არ უნდა ვიყო, იქაც ყველა უყურებს.

პირველ სეზონზე მეგონა, რომ ამაზე უკეთესი აღარ იქნებოდა. მეორე სეზონის ყურების განმავლობაშიც ასე ვიფიქრე, მაგრამ ახლა, ვამბობ, რომ ეს სეზონი წინა ორზე უკეთესია, კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯია სატელევიზიო სივრცეში. მეგონა, რომ ასეთი მრავალფეროვნება აღარ იქნებოდა, რადგან შესაძლოა ამოწურულიყო რესურსი. ვფიქრობდი, რომ ცეკვას და სიმღერას მოჭარბებული რაოდენობით ვნახავდი, მაგრამ სრულიად განსხვავებული ვითარებაა.

შარშან ვიყავო Acro Style-ს გულშემატკივარი (თუმცა, ვანო ფიფია იყო ის ერთადერთი კანდიდატი, ვინც მათი არ მოგება გადამატანინა.) შეუძლებელია არ მოგეწონოს ამ აკრობატების ნომერი…აქედან გამომდინარე, აბსოლუტური სკეპტიციზმით ვიყავი განწყობილი აკრობატი გოგონების მიმართ. თან, გოგონები ცოტანი იყვნენ, ბიჭები კი – ბევრნი. ბიჭების  რაოდენობის მიუხედავად, ახლაც მახსოვს ის პატარა ბიჭი, რომელიც ძალიან გამორჩეული იყო და საოცარ ტრიუკებს ასრულებდა. მოკლედ, იმდენად დიდი შთაბეჭდილება იყო, რომ კარგს არაფერს მოველოდი გოგონებისგან.

მათი ნომრის ნახვის შემდეგ კი, აკრო სტაილმა მაპატიოს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ნამდვილად აჯობეს მათ. იმიტომ, რომ სამმა გოგომ შეძლო შვიდი ბიჭისთვის ეჯობნა. მიყვარს ძლიერი ქალები! Acro Boom ის ნომერია და ის ჯგუფია, რომლის გამოც მეამაყება, რომ ნიჭიერი ჩემს არხზე გადის.

ქალური სიძლიერის მაგალითია ასევე ნატა შუაქრიშვილი. ეს ის შემთხვევა იყო, როცა რუსთაველის თეატრში მისული  მთავარი მაშველი გაოგნებული იდგა. მის ნომერს ველოდები შემდეგ ტურში.

რაც შეეხება ანა ქაშიბაძეს, მისი დანახვა არ გამკვირვებია იმიტომ, რომ ორი წლის წინ, “ეკივოკის” კასტინგიდანვე ვიცოდი მისი შესაძლებლობები.

ანა "ეკივოკში"

იმდენად პატარა იყო როცა ჩვენთან მოვიდა, დანახვისთანავე უარის თქმა გვინდოდა. რომ მოვეფერეთ და გავესაუბრეთ, ხმის ამოღებისთანავე მივეცით შანსი და გადავწყვიტეთ გამოგვეცადა. მაშინ ახსნა სიტყვა “ყავა”, თუმცა თვითონ “კავას” ეძახდა. ზე არტისტულია, ძალიან ემოციური და ჭკვიანია. ზუსტად ხვდება რა ამოცანა აქვს. ორი წლის მანძილზე, რაც მას ვიცნობ, ჩემი შთაბეჭდილება ასეთი იყო – “უყვარს ეკივოკი და ოცნებობს ნიჭიერზე!”. რომ ამბობდა თავისი სურვილის შესახებ, სულ ვეუბნებოდით, რომ გაიზრდები და მოხვდები ნიჭიერშიო, მაგრამ გაზრდის გარეშეც მოახერხა. რომ გავიგე ეს ამბავი, სანამ ვნახავდი, უკვე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მაყურებლის გაოცებას შეძლებდა.”

ჩვენი ბლოგი მადლობას უხდის ნინოს საინტერესო კომენტარისთვის და შთაბეჭდილების გაზიარებისთვის :)

 

28 April

მიშკა კახაშვილი – ნიჭი საზღვრების გარეშე

პროექტის მე-5 ეპიზოდში სცენაზე გამოსულმა მიშკა კახაშვილმა, მაყურებელზე და ჟიურიზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ახალგაზრდა მუსიკოსმა, ტრავმების მიუხედავად, ძალიან კარგად შეასრულა კომპოზიცია გიტარაზე და აუდიტორია აღფრთოვანებაში მოიყვანა. ნიჭიერის ბლოგი მიშკას სარეპეტიციოში ეწვია.გიტარაზე დაკვრის სწავლა 9 წლის ასაკში, დამოუკიდებლად დაიწყო.

უყურებდა, როგორ იღებდა აკორდებს მისი უფროსი ძმა და შემდეგ, ყველასგან მალულად იგივეს აკეთებდა. თავიდან, ეგონათ, რომ ბავშვი გიტარას ეთამაშებოდა და რამეს დაუზიანებდა, მაგრამ მას შემდეგ რაც მისი სერიოზული განწყობა დაინახეს, ისნტრუმენტზე ვარჯიშში ხელი აღარ შეუშლიათ.

3 წლის წინ, მეგობრების ხელშეწყობით, მიშკამ გაიცნო ლევან კაპანაძე (ჯგუფ “მძიმე ჯვარის” ხელმძღვანელი) და მისი დახმარებით, შექმნა ჯგუფი “Pay of Freedom”. ჯგუფთან ერთად, ბევრ კონცერტზე და საღამოზე არის გამოსული. როგორც მუსიკოსი ამბობს, ლევან კაპანაძე არის ის ადამიანი, რომელსაც უჯერებს და ვის რჩევებს და მითითებებს ითვალისწინებს მუსიკაში. ამ მომენტისთვის, მიშკას ჯგუფი დაშლილია, თუმცა უახლოეს მომავალში, ისევ გეგმავენ ერთად დაკვრას. მისი საყვარელი გიტარისტები არიან ჯიმი ჰენდრიქსი და ედი ვან ჰალენი. ხოლო ჯგუფები, რომლებმაც მასზე უდიდესი ზეგავლენა იქონიეს არის ”პანტერა”, ”Whitesnake” და ”Black Sabbath”.

გარდა მუსიკის, ის დაკავებულია სპორტით და ხატვით. ხატავს ბავშვობიდან. მაშინაც კი ხატავდა, როდესაც დამწვრობების გამო საავადმყოფოში იწვა. ტრავმის მიღების მერე, გააგრძელა ხატვა მარცხენა ხელით. როგორც ამბობს, ძალიან უყვარს გარემოში სახასიათო დეტალების დაჭერა და მათი ფურცელზე გადატანა. დამთავრებული აქვს იაკობ ნიკოლაძის უმაღლესი ლიცეუმის ფერწერის ფაკულტეტი. ხატვაც თითქმის დამოუკიდებლად აქვს ნასწავლი, ლიცეუმში ჩაბარებამდე, მხოლოდ რამდენიმე თვე იარა პედაგოგთან. სპორტში, მუსიკოსი მკლავჭიდით არის დაკავებული. ასევე, მას ჰყავს მოსწავლეები, რომლებსაც ინსტრუმენტზე დაკვრას ასწავლის.
ნიჭიერს, მიშკა, თავიდანვე უყურებდა და ყოველთვის ძალიან მოსწონდა. როგორც თვითონ ამბობს, ეს ის პროექტია, რომელიც აძლევს უცნობ ადამიანებს შანსს, თავისი ნიჭი ფართო აუდიტორიას აჩვენონ. ყოველთვის ინტერესით ადევნებდა მონაწილეების გამოსვლას თვალს, მაგრამ თვითონ, გამოსვლაზე არც უფიქრია, რადგან მასობრივ თავშეყრის ადგილებს ყოველთვის ერიდებოდა და თავის გამოჩენის რცხვენოდა. ბოლოს, მეგობრების დაჟინებით, გადაწყვიტა თავისი კომპლექსი დაეძლია და მესამე სეზონში მონაწილეობაზე ისე ჩაეწერა, არავისთვის უთქვამს.

შოუში გამოჩენის შემდეგ, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ხალხი ქუჩაში ცნობს, აჩერებს და წარმატებებს უსურვებს. ეუბნებიან, რომ გულშემატკივრობენ და გვერდში უდგანან. თვითონ ამბობს, რომ ეს მისთვის საოცრებაა, რადგან ადრე, ხშირად, სავსე ტრანსპორტშიც კი, ადამიანები ერიდებოდნენ მის გვერდით დაჯდომას, მისი უჩვეულო გარეგნობის გამო. მის ახლობლებს, ძალიან მოეწონათ მიშკას გამოსვლა და მოუთმენლად ელოდებიან მის შემდეგ ნომრებს.

”დილით, როდესაც ვიღვიძებ, იმდენი ენერგია არის დაგროვილი ჩემში, მინდა სამხატვრო სტუდიაც, სარეპეტიციოც და სავარჯიშო დარბაზიც ერთ სივრცეში მქონდეს. რაც ნიჭიერში მივიღე მონაწილეობა, ენერგია კიდევ უფრო მომემატა და კიდევ უფრო მეტს ვაკეთებ” – ამბობს მუსიკოსი.

საუბრის შემდეგ, მიშკამ, ექსკლიუზიურად ბლოგის მკითხველებისთვის, ერთ-ერთი საყვარელი კომპოზიცია შეასრულა:

ვუსურვებთ დიდ წარმატებებს, როგორც ნიჭიერში, ასევე მის ყველა საქმიანობაში.
28 April

web exclusive – ქვიშით ხატვა

მეხუთე გადაცემის yes block-ში ქვიშით ხატვის ნომერი ვნახეთ, თუმცა შემოკლებული სახით. ჩვენს რუბრიკაში “ვებ ექსკლუზივი”, გთავაზობთ სრულ ვერსიას.

26 April

სტრიპტიზი და ძელზე ცეკვა

პროექტის პირველ და მესამე სეზონში, სცენაზე სხვა უმრავ ნომერს შორის, ე.წ. ”სტრიპტიზი” გამოჩნდა. ნინო ჯავახიშვილის და ლიზას გამოსვლას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. თუმცა, თუ ნინოს პირველი გამოსვლა, ძირითადად კრიტიკულად შეაფასეს, მისმა წარმოდგენამ ნახევარფინალში და ლიზას გამოჩენამ კასტინგებზე, ბევრი მოწონება დაიმსახურა.

ძელზე ცეკვას ( Pole Dance) ძალიან ხშირად შეცდომით უწოდებენ სტრიპტიზს და მიუხედევად იმისა, რომ ერთი მეორეს ელემენტია, მათ შორის, მაინც არის განსხვავებები:

სტრიპტიზი (Striptease) – ეროტიული, ეკზოტიკური ცეკვა, რომლის შესრულების პროცესში, მოცეკვავე თან და თანობით შიშვლდება.

ძელზე ცეკვა –  წარმოდგენა, რომელიც შეიცავს, ძელზე შესრულებულ, ცეკვის, გიმნასტიკისა და აკრობატიკის ელემენტებს.

პირველად, წარმოდგენის ეს სახე მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ამერიკაში გამოჩნდა,  სადაც მოხეტიალე მოცეკვავეები დამხმარედ ძელს იყენებდნენ. მე-20 საუკუნის 50-იანი წლებისთვის,  ძელზე წარმოდგენებმა კლუბებში და ბარებში გადაინაცვლეს, სადაც სტრიპტიზის ერთ-ერთ ელემენტად იქცნენ.

უკანასკნელ წლებში, ძელზე ცეკვა  ტრანსფორმირდა, როგორც ცეკვისა და ფიტნესის სახეობა. მასში ეროტიულობა  მინიმუმამდეა დაყვანილი და ძირითადი აქცენტები პლასტიკაზე და აკრობატულ ელემენტებზეა გადატანილი. 2005 წელს, ჰოლანდიაში, პირველი ჩემპიონატი გაიმართა მსგავსი ცეკვის შემსრულებლებს შორის. ჩემპიონატის წესების თანახმად, სრული სიშიშვლე ნომრის ჩვენებისას აკრძალულია.

დღეისათვის, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება შეჯიბრებები და კონკურსები ძელთან ცეკვაში. 2009 წელს ჩატარდა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც გამარჯვებული გახდა ავსტრალიელი ფელიქს კეინი


ცეკვის ამ სახეობის პოპულარობის ზრდასთან ერთად, მისი შემსრულებლები სხვა და სხვა ქვეყნის “got talent” შოუებშიც გამოჩნდნენ. მოცეკვავეები გამოდიან:

სოლო ნომრებით

ჯგუფური წარმოდგენით

ასევე, “got talent” შოუებში გამოჩნდნენ მამაკაცი შემსრულებლები:

საერთო ჯამში, ძელზე ცეკვა, აღარ არის მხოლოდ ”სტრიპტიზის ელემენტი”, როგორადაც ის ადრე ითვლებოდა: ის ჩამოყალიბდა სპორტისა და ხელოვნების ცალკე სახეობად, არის რთული, მოითხოვს ბევრ შრომას, კარგ პლასტიკას, სმენას, კარგად განვითარებულ კუნთოვან სისტემას და ცეკვის ნიჭს.  ამბობენ, არსებობდა,  2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ძელზე ცეკვის, როგორც ცალკე სახეობის შეტანის, იდეა. თუმცა ის უარყვეს, ცეკვის შეფასების ზუსტი კრიტერიუმების არ არსებობის გამო.

ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს სახეობა მომავალში. მანამდე კი, დავტკბეთ მისი ცქერით, ნიჭიერის მესამე სეზონში!

26 April

ზალიკო სულაკაურის ფავორიტი ახალ სეზონში

ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა იმ ადამიანების აზრი ”ნიჭირეთან” დაკავშირებით, ვინც თავადაც ნიჭიერებით გამოირჩევა.

აზრის გასაგებად ახალი სეზონის შესახებ, ამჯერად ზალიკო სულაკაურს ვესტუმრეთ სტუდიაში.

მუშაობის პროცესში, გაგვიმხილა საკუთარი აზრი პროექტთან დაკავშირებით და ისაუბრა ფავორიტზეც.

როგორც აღმოჩნდა, მისი რჩეული ნონა გიუნაშვილია, რომელმაც ქვიშით ხატვის ნომერი გვაჩვენა. წინა ორი სეზონის განმავლობაში, ჟანრი, რომელიც ასე მჭიდროდ იქნებოდა ზალიკოს პროფესიასთან დაკავშირებული, ფაქტობრივად არ გვქონია. ახლა კი, დიდი სიამოვნებით გვესაუბრა. იხილეთ მისი კომენტარი:

”მოგესალმებით ნიჭიერის მაყურებელო. მეც ვუყურებ ”ნიჭიერს” და ვეძებ ამდენ ნიჭიერში ჩემთვის საუკეთესოს. თქვენ წარმოიდგინეთ, აღმოვაჩინე გოგონა, ნონა, რომელიც ძალიან მაგრად ხატავს ქვიშაზე და რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობ. მინდა გითხრათ, რომ ჩემს სტუდიაშიც დავნერგე ეს სფერო და მეც რომ ვეცადე,  ურთულესია. ასე რომ ხატო, უნდა იყო ნიჭიერი და არა მარტო ნიჭიერი,ძალიან დიდი შრომა სჭირდება ქვიშაზე ხატვას.

მე ვგულშემატკკივრობ მას, იმედი მაქვს, რომ გადავა ნახევარფინალში და იტყვის დიდ სათქმელს. მინდა წარმატება ვუსურვო.  აბა შენ იცი ნონა და აბა თქვენ იცით მაყურებელო, იცოდეთ ვინ არის ნიჭიერი ნიჭიერში!”

 

25 April

30 წლის შემდეგ, ისევ სცენაზე – შოთა მიქელაძე

ალბათ, ნიჭიერის მე-5 გადაცემაში, შოთა მიქელაძის გამოსვლამ არავინ დატოვა გულგრილი. ადამიანმა, რომელიც 30 წელია სცენაზე არ მდგარა,  ჟიურის წევრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თავისი ძლიერი ხმით.  ნიჭიერის ბლოგი, გაესაუბრა ბატონ შოთას, როდესაც ის რეპეტიციაზე, რუსთავი 2-ს სტუდიაში იყო მოსული და მის შესახებ ინფორმაცია მოიპოვა მათთვის, ვინც წალკელ მომღერალს გულშემატკივრობს.

ბატონი შოთა, ახალგაზრდობაში, სოფლის კულტურის სახლში, ვაჟთა გუნდში მღეროდა. გუნდი 8 წევრისგან შედგებოდა და როგორც თავად ყვება, ისეთი კარგი გამოსვლები ჰქონდათ, რომ მის წევრებს, წალკიდან ბათუმში გადასვლა და მოღვაწეობის იქ გაგრძელება შესთავაზეს. გუნდის ყველა წევრმა ეს ვერ შეძლო, რადგან სოფელში დარჩენა არჩიეს. გარკვეული  პერიოდის შემდეგ, გუნდიც დაიშალა.

“ნიჭიერს” ბატონი შოთა პირველი სეზონიდან  უყურებს და ძალიან უყვარს. მოსწონს შოუს მთავარი იდეა – ხალხში ჭეშმარიტი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანების აღმოჩენა.
ამიტომ, მესამე სეზონისთვის, შვილიშვილის დაჟინებით, ბატონმა შოთამ გადაწყვიტა შოუში გამოსულიყო და თავისი ნიჭი ფართო აუდიტორიისთვის ეჩვენებინა.

დღეს ის  68 წლისაა, ჰყავს 2 შვილი და 5 შვილიშვილი. მისი ოჯახის წევრებს ძალიან მოეწონათ გამოსვლა, მხოლოდ იმით დარჩნენ უკმაყოფილოები, რომ ნომერი მუსიკის გარეშე იყო შესრულებული. თავად იმაზე წყდება გული, რომ 30 წლით ახალგაზრდა არ არის. როგორც თვითონ ამბობს, იმ დროს რომ ყოფილიყო მსგავსი შოუ, ბევრად უკეთეად გამოვიდოდა სცენაზე, თუმცა ”მაინც არაუშავს”.

წინა სეზონზე, ნიჭიერის მონაწილეებიდან, ბატონი შოთა და მისი ოჯახი, ყველაზე მეტად დათიკაშვილების ოჯახს გულშემატკივრობდნენ. წელს, ყველა მონაწილე ერთნაირად მოსწონთ.

წარმატებები ვუსურვოთ  და დაველოდოთ მის გამოსვლას შემდეგ ეტაპზე.

25 April

მეხუთე კასტინგი – მაყურებლის შთაბეჭდილება

”კი”, თუ ”არა”, საკითხავი აი ეს არის!

მეხუთე გადაცემამ, ალბათ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ყველა მოუთმენლად ელოდა სცენაზე გამოსულ მამრობითი სქესის გაგას, სტრიპტიზის მოცეკვავეს, გამორჩეულ მონაწილეებს და ტრანსფორმერსაც კი, რომელიც კაცმა არ იცის, რა მიზნით მოვიდა ნიჭიერში…

ბევრმა ადამიანმა იპოვა ფავორიტი ამ კასტინგის შემდეგ. ზოგისთვის ის გიტარისტია, ზოგისთვის მომღერალი, ზოგისთვის პატარა მოცეკვავე და ძაღლიც კი, რომელმაც ყველა მოხიბლა : )

გადაცემა პატარა ჯეიმს ბონდებით დაიწყო! კარატისტების ჯგუფმა, რომლებმაც სპორტის ამ სახეობას განსაკუთრებული შოუს ხასიათი შესძინეს, ბევრი ადამიანის მოწონება დაიმსახურეს.

არამ კარაპეტიანთან დაკავშირებით ძირითადად ერთგვაროვანი რეაქციები იყო – უარყოფითი, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად, გამოჩნდა რამდენიმე ადამიანი, ვინც  მხოლოდ რეპერტუარს დააბრალა და ჟიურის  სამი ”არა”  და არა მის ვოკალურ მონაცემებს, ან იმას, რომ პირდაპირ ე.წ. ”პლიუს ფონოგრამით” გამოცხადდა კასტინგებზე.

“დედამიწა მოძრაობს, მიყვება კრუგში ასე და მთვარე და დედამიწა ერთდროულად ამთავრებენ ბრუნვას” – გულვარდ ნიკოლავას აღმოჩენას არავის გაოცება გამოუწვევია, მაგრამ ჯორდანო ბრუნოს ისტორია კი გაახსენდათ. გარდა ამისა, ჩვენ ჩვენის მხრივ მისი მორიგი თეორიის შესახებ გამოკითხვაც გავაკეთეთ, რომ გვცოდნოდა მოსახლეობის აზრი იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა დედამიწის გადაადგილება და მთვარის შემობრუნება.

კითხვა ასე ჟღერდა:

გულვარდ ნიკოლავას თეორიის მიხედვით, ან მთვარეა შემობრუნებული , ან დედამიწაა გადაადგილებული. თქვენი აზრით:

  • მთვარეა შემობრუნებული
  • დედამიწა გადაადგილებული

ჯერჯერობით, უმეტესობის აზრით, მთვარის შემობრუნებასთან უნდა გვქონდეს საქმე…

ჩვენი პირველი სეზონის ფინალისტის, მარიამ კახელიშვილის ძმასთან დაკავშირებით ორად გაიყო აზრი. ნაწილი გეგას ემხრობოდა და ამბობდა, რომ ”მარიამისგან შორს არისო”, ნაწილს კი მისი ხმის ტემბრიც მოეწონა, რეპერტუარიც და შესრულებაც. ალბათ, თემურს უკეთესად მომდევნო ტურებში გავიცნობთ. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალამდე კიდევ ერთხელ მოუწევთ ჟიურის სიმპატიის მოპოვება მონაწილეებს.

მიშკა კახელიშვილმა ნამდვილი აჟიოტაში გამოიწვია : ) 1500-მდე ადამიანმა მოიწონა მისი ფოტო, 120-მდე ადამიანმა გაუზიარა თავის მეგობრებს და 310 კომენტარიდან, მათი უმრავლესობა ძალიან დადებითია. ადამიანები, რომლებსაც მისი შემოქმედება ნიჭიერის სცენის მიღმა აქვს მოსმენილი, ამბობენ, რომ ეს მხოლოდ მცირე ნაწილი იყო მისი შესაძლებლობების და კიდევ უფრო რთულ ნაწარმოებებს ასრულებს, როგორც წესი. ბევრისთვის, შთაგონების წყარო და მაგალითი გახდა.

ანსამბლ ”ქართველოს” ნომერმა ყველა კარგ ხასიათზე დააყენა. ფეისბუქზე მათი ფოტოს კომენტარებში, ერთ უარყოფით აზრსაც კი ვერ წააწყდებოდით იმდენად მოიხიბლა მაყურებელი. იგივეს ვერ ვიტყვით ბატონ გაგაზე…როგორც ჩანს, მისმა იმიჯმა, თუ სასიმღერო მონაცემებმა, გააღიზიანა ბევრი ადამიანი.  იყვნენ ისეთებიც, ვისაც იმიჯი იმდენად მოეწონა, გული დასწყდა იმის გამო, რომ კარგად ვერ იმღერა და ვერ მოიპოვა შემდეგი ტურის საგზური.

ყველას გული დაიპყრო ძაღლმა! მაშინვე ფეიჯიც კი გაიხსნა, სახელწოდებით ”დაგვიბრუნეთ ძაღლი ნიჭიერში” . მეტსაც გეტყვით, განცხადება დაიდო: ”მეორე ტურში ხომ სიმღერას ვაპირებდი ” ყეფს ნიჭიერის ყოფილი მონაწილე….” :) გარდა ამისა, ლეკვის ფოტოც გავრცელდა, დააბრუნეთ მამა პროექტშიო

 ასევე უდავო ფავორიტი იყო შოთა მიქელაძე, რომლის ომახიანობითაც ჟიურიც, დარბაზიც და ტელეეკრანთან მჯდომი მაყურებელიც თანაბრად მოიხიბლა. ბატონი შოთას შესახებ, დღეს, ცოტა მოგვიანებით პოსტს შემოგთავაზებთ.

მსგავსი გამოხმაურება ჰქონდა პატარა მოცეკვავეს, მარიამ დალალიშვილს, რომელმაც ძალიან არტისტულად შეასრულა ”ჯეირანი”.

მხიარულმა ძალოსანმა, სულ რამდენიმე წამში მოახერხა თავი შეეყვარებინა ყველასთვის. მეტსაც გეტყვით, კომენტარებში ამბოდნენ, რომ ყველაზე მაგარი ვინმეა, ვინც ნიჭიერში გვინახავსო! : ) როგორც ჩანს, მისი დაუფარავი სიხარულის გამოხატვა, დანარჩენებსაც გადაედოთ.

რეპერი ჯონი ანთია, თავისი გვარ-ფსევდონიმით  მოექცა ყურადღების ცენტრში. ”ნიჭიერი ART”-ში ასეთი ნამუშევარიც მივიღეთ:

რა თქმა უნდა, ლიზასთან დაკავშირებით, ველოდით მრავალფეროვანი აზრების მიღებას. ჩვენდა გასაკვირად, გამოხმაურება იმაზე უფრო მეტად დადებითია, ვიდრე წარმოგვედგინა. როგორც წესი, ქართველი მაყურებელი ცუდად იღებს მსგავს ნომრებს. თუმცა, ამჯერად ყურადღება მიაქციეს იმ ურთულეს მოძრაობებს, რასაც ის აკეთებდა და ჟიურის შეფასებებიც მოიწონეს. მართალია ნომრის ბოლოს გახდა უმრავლესობამ არაესთეტიურად მიიჩნია, მაგრამ შესრულებით ყველა მოიხიბლა.

მოკლედ, ასეთი იყო მცირე მიმოხილვა იმისა, თუ როგორ შეხვდა ჩვენი მაყურებელი მეხუთე კასტინგის მონაწილეებს. წინ კიდევ ერთი კასტინგია და კიდევ ბევრ ფავორიტს აღმოვაჩენთ. შემდეგ კი, ჟიური გადაწყვეტს ვინ წარსდგება ნახევარფინალში მაყურებლის წინაშე.

უპასუხეთ გამოკითხვას, თუ ვინ გახდა თქვენი ფავორიტი მეხუთე გადაცემაში (თუ ამ სიაში ვერ იპოვეთ შესაბამისი მონაწილე, შეგიძლიათ კომენტარებით ისარგებლოთ)

თქვენი ფავორიტი ნომერი III სეზონის V გადაცემაში

შედეგების ნახვა

Loading ... Loading ...
25 April

ნიჭიერი ძაღლი

ნიჭიერმა ძაღლმა, დაიპყრო მაყურებლის გულები :)

23 April

ლიზა – ეგზოტიკური ცეკვა

კასტინგის ბოლო კონკურსანტი 28 წლის ლიზაა, რომელმაც საკუთარი გვარი არ დაასახელა. ჰყავს დედა და 2 წლის შვილი, ისინი სოფელში ცხოვრობენ. სამსახურის ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, სტრიპტიზ კლუბს მიაგნო და გადაწყვიტა სწორედ იქ ემუშავა. ‘შეიძლება სულაც არ მომწონდეს და არ მსიამოვნებდეს სტრიპტიზის ცეკვა, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა, რითაც შემიძლია შვილი შევინახო”  - თქვა მან. “წარმომიდგენია რამხელა შრომა გაქვს ჩაყრილი ამ ყველაფერში იმისთვის, რომ ასე სუფთად შეგესრულებინათ ეს ურთულესი ილეთები” – ასეთი იყო სოფოს შეფასება. გეგამაც მოიწონა ნომერი, სანახაობა, მუსიკალური გაფორმება. ჟიურის სამი “კი” და ლიზა შემდეგ ტურშია!

23 April

ჯონი ანთია

ზუგდიდელი რეპერი რამდენიმე სიმღერის ავტორია.  სიმღერა, რომელიც გადაცემაში ვიხილეთ, ყოფილ სიყვარულს მიუძღვნა. ” მე გაჩუქებ ლამაზ სიტყვას, მაგრამ შენ აღარ გამცემ ხმას…” – ამ რომანტიული ტექსტის და თამამი სასცენო მოძრაობების მიუხედავად, ქართული რეპის ტრადიციებისადმი ზერელე დამოკიდებულების გამო, სამი “არა”-თი გაუშვეს სცენიდან და  მეტი შრომისკენ მოუწოდეს ჟიურის წევრებმა.

23 April

ახალგაზრდული ბენდი

მეცხრამეტე მუსიკალური სკოლის ახალგაზრდული ბენდი, რეი ჩარლზის  ენერგიული სიმღერით გამოვიდა სცენაზე. მოულოდნელი, ხალისიანი, ეფექტური და ლამაზი ნომერი – ასე შეაფასა ის სოფომ. “ერთი სიამოვნებაა ამდენი ნიჭიერი ადამიანის ერთად ხილვა სცენაზე” – ასეთი იყო გეგას კომენტარი. ბენდს სამი “კი” აქვს…

23 April

გიორგი ფუტკარაძე

21 წლის ძალოსანმა აჭარიდან, შუახევიდან, კინო გმირების შთაგონებისგან გადაწყვიტა ძალოსნობისთვის მოეკიდა ხელი. წუთში 200-მდე აზიდვა, არმატურის ხელზე გადაღუნვა და თოკზე ჩამოკიდება, თანაც პრესების თანხლებით, მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს. ნომრის დასრულების შემდეგ,  ჟიურის ბოდიშიც კი  მოუხადა გულშემატკივრების არ ყოფნისთვის, რადგან დიდთოვლობის გამო 6 კილომეტრი მარტომ გამოიარა თხილამურით, შემდეგ 5 კილომეტრი ფეხით, შემდეგ სამარშრუტო ტაქსით ბათუმამდე და მერე მატარებლით თბილისამდე იარა კასტინგზე მოსასვლელად.

გეგას სიმკაცრის ეშინოდა და მართალიც აღმოჩნდა – მან “არა” უთხრა გიორგის. სამაგიეროდ, სოფომ და ვანომ გადაიყვანეს შემდეგ ტურში!

23 April

შოთა მიქელაძე

68 წლის შოთა მიქელაძე, ოდესღაც სცენაზე იდგა. შემდეგ კი მეურნეობას მიჰყო ხელი. 2 შვილის მამას და ხუთი შვილიშვილის ბაბუას, 30 წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად გაუჩნდა სურვილი, რომ ემღერა ჩვენს სცენაზე. შეასრულა სიმღერა “სადაურელი ხარ გოგოვ” აკაპელაში და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დარბაზზე და ჟიურიზე. სამი “კი” – შოთა მიქელაძე შემდეგ ტურშია!