დღის არქივი: 31 March, 2012

31 March

DreamWalkers nichieri.ge-სთვის

“რა მაგარი ბიჭები გვყავს, ღმერთო ჩემო”! – (c) თიკა

ამ ბიჭებმა მხოლოდ თიკას კი არა, ძალიან ბევრ ადამიანს მოაწონეს თავი თავიანთი მხიარულებით, დახვეწილი ცეკვით და განსაკუთრებული ქორეოგრაფიით. მათ ვიდეოს ძალიან ბევრი ნახვა აქვს Myvideo-ზე და Youtube-ზე. დიდი გამოხმაურება აქვთ ბლოგსა და ფეისბუქზეც. შესაბამისად, არ დავაყოვნეთ და რეპეტიციაზე მივედით იმისთვის, რომ მათგან მეტი ინფორმაცია მიგვეღო ჯგუფის შესახებ და ცეკვის სრული ვერსიაც გვენახა…

მეტი ინფორმაციის რა მოგახსენოთ – ძალიან ხმაურიანები და მხიარულები არიან ამიტომ, ძირითადად სწორედ ხმაურიანი და მხიარული სახე აქვს მათთან საუბარს, რის გამოც საქმიანი ურთიერთობა რთული გამოდის, მაგრამ სამაგიეროდ ცეკვის დროს უფრო სერიოზულები არიან (მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან კომუნიკაციას არ წყვეტენ ამ დროს არც სცენაზე და განსაკუთრებით -რეპეტიციებზე).

ჯგუფი 7 წევრისგან შედგება:

  • ალექსანდრე თოდაძე
  • ნიკო თათარაშვილი
  • უჩა ღვინიაშვილი
  • გიორგი ანდრიაძე
  • გიორგი აბრამიშვილი
  • შოთა ზარქუა
  • ირაკლი ტყებუჩავა

მათი ასაკი 17-დან 23 წლამდეა. ცეკვის გარდა, თითქმის ყველა სხვადასხვა საქმით არის დაკავებული, თუმცა, უმეტეს დროს მაინც ცეკვას უთმობენ. განსაკუთრებით ახლა, როცა საქმე “ნიჭიერს” ეხება.

ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდნენ ჯგუფად და “ნიჭიერი” მათთვის პირველი კონკურსია.  ყოველდღიურად ბევრს ვარჯიშობენ, რომ გააუმჯობესონ ყველა დეტალი.

კასტინგზე წარმოდგენილი ნომრის ქორეოგრაფიაც თავად ეკუთვნოდათ და ერთ თვეში მოამზადეს. ახალ ნომერზეც უკვე დაიწყეს მუშაობა და ნახევარფინალში გადასვლის შემთხვევაში კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას, რამდენიმე სტილის შერწყმას აპირებენ.

სახელი ისე ექსპრომტად დაირქვეს, ფაქტობრივად სცენაზე გასვლის წინ და ახლაც იბნევიან, როცა საკუთარი ჯგუფის წარდგენა უწევთ. ამის დასტურს ვიდეოშიც ნახავთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ვიდეოში მხოლოდ 3 დუბლი ჩავსვით, სინამდვილეში ძალიან ბევრჯერ ჩავწერეთ დასაწყისი, რომელშიც გულითადად უნდოდათ  მადლობა გადაეხადათ ყველასთვის, ვისგანაც მხარდაჭერა იგრძნეს “ნიჭიერში” გამოსვლის შემდეგ. სამაგიეროდ, ცეკვა ერთი დუბლით გადაღებულია :)

ერთი წევრი აკლია მთელ შემადგენლობას, მაგრამ იმედი გვაქვს, სრული ვერსიის ნახვა გაინტერესებთ:

ნიჭიერის ბლოგი წარმატებებს უსურვებს DreamWalkers-ს :) 

31 March

ოხუნჯი Boys…. and Girl

მას შემდეგ, რაც ოხუნჯი Boys-ის გამოსვლაზე მოსული გამოხმაურება ვნახეთ, ნიჭიერის ბლოგმა, გადაწყვიტა, რომ აუცილებლად უნდა შეაგროვოს მცირედი ინფორმაცია ამ ჯგუფის შესახებ, რათა მკითხველებს მისცეს საშუალება გაიგონ მეტი მათ შესახებ.

ოხუნჯობს

პირველივე სიახლე, რომელიც ნიჭიერის ბლოგს, ოხუნჯებთან სტუმრობისას დახვდა, ჯგუფის ახალი წევრია. ახალი ნომრისთვის, ჯგუფში გოგო გახდა საჭირო…. თუმცა, მოდი, თანმიმდევრობით მივყვები :)

ჯგუფი რვა წევრისგან შედგება:
• გიორგი მიროტაძე
• გოგი სადუნაშვილი
• ნიკა მახარაძე
• გუგა გაფრინდაშვილი
• მალხაზი არღვლიანი
• ლევან გოგიტაური
• ემირ ბერიშვილი (რომელიც, სამწუხაროდ, შეხვედრის დროს გაციებული იყო და ამიტომ ვერ ვნახეთ)
• და ჯგუფის ახალი წევრი – ანა ბეგიაშვილი

როგორც აღმოჩნდა, მათი უმეტესობა, სეუ-ში სწავლობს და ძირითადად ტურიზმს, ბიზნესსა და მართვას ეუფლებიან. თუმცა, მათ შორის არიან ილიას უნივერსიტეტისა და თსუ-ს სტუდენტებიც.
ჯგუფის წევრები ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წყალობით, ოღონდ ნიჭიერამდე, სხვა და სხვა კოლექტივში მუშაობდნენ. ამ შემადგენლობით კი, დაახლოებით ნახევარი წელია არიან ერთად.
ნახევარფინალისთვის ნომრის მონახაზი უკვე მზად აქვთ. ჩვენს კითხვაზე – იქნებოდა თუ არა ახალი ნომერი მუსიკალური, გვიპასუხეს: „ცოტათი“, მერე განგვიმარტეს, რომ დიდად კარგი მუსიკალური მონაცემებით არ გამოირჩევიან, ამიტომ „დიდ ხანს არ გვაწვალებენ“.

ფიქრობენ სკეტჩზე

ჩვენი თხოვნით, ჯგუფმა პატარა სკეტჩი გაითამაშა, ექსკლუზიურად ბლოგის მკითხველებისთვის:

რეპეტიციები ჯგუფს, ხან უნივერსიტეტში აქვთ, ხან რომელიმეს სახლში. როგორც თვითონ ამბობენ, ბევრს ხუმრობენ, მაიმუნობენ, სახლში, უნივერსიტეტებში, ავტობუსებში. ჩვენმა შეხვედრამაც სულ ხუმრობა-ხუმრობაში ჩაიარა. იქიდან, ძალიან კარგ ხასიათზე წამოვედი. პოსტის ბოლოსკენ, გვინდა შემოგთავაზოთ ოხუნჯების მიმართვა მაყურებელს და ბლოგის მკითხველს.

ვუსურვებთ დიდ წარმატებას და მომავალში უუ-კეე-თეე-სი ნომრების შექმნას.