სტუმრად TSU ART-თან
ჯგუფი TSU ART-ი პირველი გადაცემის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამოსარჩევი მონაწილეა. ამიტომ, ნიჭიერის ბლოგი მათ სარეპეტიციოს ესტუმრა, მკითხველისთვის საინტერესო ინფორმაციის და სურათების მოსაგროვებლად.
ჯგუფი ექვსი წევრისგან შედგება:
- ლაშა ლორთქიფანიძე
- დათუნა დგებუაძე
- ირაკლი გოდერძიშვილი
- ილია ჭუმბურიძე
- გიორგი შარაშენიძე
- სანდრო ნარსია
მათი ასაკი 19-დან 22 წლამდე მონაკვეთში მერყეობს და შეკითხვაზე „რას აკეთებთ მუსიკის შექმნის გარდა“, მეგობრულად პასუხობენ „არაფერს“. მუსიკა, რომელსაც ქმნიან, მათი ცხოვრებაა – დღეში რეპეტიციას, მინიმუმ, 5 საათს უთმობენ.
ამ შემადგენლობით, ჯგუფი თითქმის ერთი წელია არსებობს. ერთმანეთთან მუსიკამ დაახლოვა. „თითო კონცერტზე, თითო წევრი გვემატებოდა“ – როგორც ამბობენ თვითონ. დეკემბერში, კლუბში „ტრიუმფი“ სოლო კონცერტი ჰქონდათ. ამის გარდა, აღნიშნავენ ისეთ პროექტებში მონაწილეობას, როგორიცაა არტ-გენი და სტუდენტური დღეები.
მათი რეპერტუარი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ბევრი ჟანრის სინთეზს წარმოადგენს: Funk-ი, ჯაზის ელემენტები, როკი, ფსიქოდელიური როკი, ბლიუზი და ფოლკი. ეს ყველაფერი შესრულებული კლასიკური და თავისი ხელით შექმნილი ინსტრუმენტებით.
არსებობს სხვა ჯგუფებიც, რომლებიც იყენებენ მსგავსი ტიპის ინსტრუმენტებს (მაგ., წყლის მილებისგან შექმნილი საკრავები), მაგრამ TSU ART-ი, ამ ინსტრუმენტებს სხვა ჟღერადობით და სხვა ჟანრში იყენებს.
რამდენიმე ინსტრუმენტი გაგვაცნეს კიდეც:
- კონგა-კახონი – ის ილია ჭუმბურიძემ საკუთარი ხელით ააწყო ხის მასალისგან. მსოფლიოში ასეთი ინსტრუმენტი არსებობს. მაგრამ ილიას აწყობილი კონგა-კახონი განსხვავებულია დიზაინით და ჟღერადობით.
- წყლის მილები 1 და წყლის მილები 2 - ერთმანეთისგან განსხვავდება კალიბრით (ჩვენ გვქონდა საშუალება გვენახა ისინი კასტინგზე)
- ქარი – რკინის მილი, რომელიც სათაურის შესაფერის, საინტერესო ხმას გამოსცემს.
როგორც თვითონ ამბობენ, ინსტრუმენტების შექმნა და გამოყენება, მუსიკის პროცესში „მოაფიქრდათ“, უფრო სწორად კი, „მუსიკამ მოითხოვა შესაფერისი ჟღერადობა“. მინდა საიდუმლოდ გაგანდოთ, რომ ნახევარფინალში ახალ, კიდევ უფრო საინტერესო ინსტრუმენტებს ვნახავთ.
კასტინგზე წარმოდგენილი კომპოზიცია „კილომეტრი“, თავდაპირველად სხვა ფორმით არსებობდა. ნიჭიერისთვის TSU ART-მა ის, კასტინგის ფორმატის შესაბამისად, შეცვალა.
ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ კომპოზიციის სრული ვერსია, (გადაცემაში ის შეკვეცილი სახით გავიდა), რომელიც ჯგუფმა, ბლოგისთვის და მისი მკითხველისთვის, შეასრულა:
ნიჭიერი, ჯგუფისთვის, ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპია. TSU ART-ი არ შექმნილა მხოლოდ შოუში გამოსასვლელად. ისინი უკრავდნენ, უკრავენ და დაუკრავენ. საუბრის ბოლოს, ჯგუფმა მოგვცა საშუალება მოგვესმინა მათი იმ კომპოზიციისთვის, რომელსაც ნახევარფინალში შეასრულებენ. სიმღერა, რა თქმა უნდა, არ ჩაგვიწერია, უბრალოდ ინტრიგისთვის დავწერ, რომ ძალიან კარგია.
ვუსურვებთ TSU ART-ს წარმატებას როგორც შოუში, ასევე, ზოგადად, კარიერაში.









