მესამე სეზონის მეორე გადაცემა
“ნიჭიერის” მესამე სეზონის მეორე გადაცემაში ახალი სეზონის სიურპრიზები ისევე უხვად იყო, როგორიც პირველში და როგორც დარჩენილი კასტინგების მანძილზეც გაგრძელდება. სიურპრიზები ამ პროექტის სავიზიტო ბარათია, თუმცა, ამის მიუხედავად, წინასწარ ვერასდროს ვერ გამოიცნობ რაში მდგომარეობს სცენაზე გასვლამდე მონაწილის ჩანაფიქრი.
ხოდა, ასეთივე მოულოდნელი შემართებით, Dream Walkers-ით დაიწყო ორშაბათს “ნიჭიერი”. “ძალიან გვიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებთ” – ამ ფრაზის შემდეგ ყველასთვის გაურკვეველი გახდა რა იყო ეს საყვარელი საქმე იმიტომ, რომ ხან ბიტბოქსის მოლოდინი შეიქმნა, ხან სიმღერის…
ბევრი მოცეკვავე და მოცეკვავეების ჯგუფი გვყოლია, მაგრამ ეს მაინც განსხვავებული ჟანრი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად რთულად შესასრულებელი მოძრაობები არაა, სწორედ ეს აძლევდა განსაკუთრებულ ელფერს – ერთი შეხედვით მარტივი მოძრაობები, თუმცა ძალიან კარგი სინქრონით, კიდევ უფრო კარგი პლასტიკით და პროექტის ფორმატის შესაბამისობაში შოუს ელემენტებით…ვგულისხმობ შინაარსის არსებობას, იუმორის საკმარის დოზას (რაც ცეკვის დროს გამოყენებაში სიფრთხილესთან არის დაკავშირებული, იუმორისტულ ნომრად რომ არ გადაიქცეს )
მოკლედ, ფავორიტებში თამამად დავასახელებდი ამ ჯგუფს!
“ერთი წრე რა ღირს?”
გუბერნატორ – ტერმინატორის კონკურენტის ნომერი სხვა ძალოსნებისგან, რომლებიც აქამდე ნიჭიერში გვყოლია, იმით განსხვავდებოდა, რომ მეტი დინამიკა იყო. თუმცა, დინამიკა თავბრუსხვევაში გადაიზარდა მალე. კარუსელის იდეა სანახაობრივად ნამდვილად კარგი გამოვიდა! ამხელა ძალის პატრონს, ალბათ არ გაუჭირდება მეტი გრანდიოზულობის შემოტანა “ნიჭიერის” სცენაზე, მაგრამ ჩვენთვის ნაცნობი ძალოსნებისგან განსხვავებით, ცოტა უფრო საშიშად მეჩვენება ეს ადამიანი :))
“ჩამოდი ჩვენთან, კონცერტზე წაგიყვან, დასასვენებლად სოფელში წაგიყვან”
პატარა ემინემი ქართული რეპის იმედია ფაქტობრივად! ამ ასაკში რომ სცენაზე შესრულების ასეთი მანერა აქვს, რიტმის შეგრძნება, ტექსტის კარგად ჩასმის უნარი და რაც მთავარია, მიზანი, რომლისკენაც აშკარად სწორად მიიწევს, ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვობაში ყველას გვქონდა ჩვენი სურვილი და ოცნება – ვიღაცას მასწავლებლობა უნდოდა, ვიღაცას კოსმონატვობა და ვიღაცას ექიმობა, მაგრამ ამ ასაკში სად შეიძლება ყველაფრის განხორციელება? ოთომ კიდევ ნიჭიერი მშვენივრად გამოიყენა და ამერიკისკენ გზაზე ბევრი კილომეტრით წინ წაიწია: )
პატარა რეპერისგან განსხვავებით, არავითარ შემთხვევაში არ გადავიყვანდი ჯეომენს შემდეგ ტურში! მეც დადებითად განვწყვე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მეორე ტურისთვის. ძალიან ვიხალისე ვანოს მოყოლილ ამბავზეც
რაც შეეხება უშუალოდ რეპს, დასაწყისში ის არტისტიზმი სრულიად ზედმეტი იყო. შუაში შედარებით რიტმში იჯდა და თემატიკასთან შესაფერისი განწყობა წამოვიდა მუსიკაშიც, მაგრამ საერთო ჯამში, ერთჯერად ნომრად დავტოვებდი მის ე.წ. კლასიკურ რეპს.
ოთარინიოს ნომერიც ჯეომენის მსგავსად ერთჯერადი მგონია. მართალია, ნახევარფინალამდე კიდევ ერთი ტურის გავლა მოუწევს და ერთ შანსს არაუშავდა, მაგრამ მე მაინც გეგას გადაწყვეტილებას ვემხრობი. ყველაფერს ორი მხარე აქვსო, ნათქვამია და ასეთი ყოვლისმომცველი ნომერი რომ არ ყოფილიყო, ინტონაციური პოეზიის უბადლო ნიმუში ხომ არ გვექნებოდა ნიჭიერში?
ყველანი ამ ქვეყანაზე, ჩვენ ვართ მიწიერები
თქვენ უნდა აღმოაჩინოთ დარბაზში ნიჭიერები
კარგი პიროვნებები ხართ, ალბათ იქნები კრიტიკულები
აქ მე პრიზები მინდა მოვიგო და მე არ მინდა ფულები
ვანო,რაღაც მინდა გითხრა
ჩაგჩურჩულო ჩუმად ყურში
გეკითხები, ძალიან გთხოვ, გადამიყვან შემდეგ ტურში?
აქვე გეტყვით, რომ შეგიძლიათ ინტონაციური პოეზიის ნიმუშები, მხოლოდ ნიჭიერის თემაზე, გამოაგზავნოთ კონკურსში “ნიჭიერი არტი.”
“ოხუნჯები ვართ და ვბოისობთ რა”
“აი,სცენაზე ვდგავარ შუაში. ვანო სოფო და ის სწერვა კაცი რო ზის”
ოხუნჯი ბიჭების იუმორისტული ნომერი ძალიან სახალისო გამოვიდა. მართალია კარგი იქნებოდა მეტი დინამიკა, მაგრამ ეს საკითხი ერთ-ერთი წევრის მოკლე ჩართვებმა სავსებით დაარეგულირა! :D
Acro Boom
გოგოებს თუ ასეთი ძალა ქონდათ მე არ ვიცოდი
აკრო ბუმის დაანონსების შემდეგ, ყველას აკრო სტაილი გაახსენდა და მათი შედარებებიც დომინირებდა კომენტარებში. ამ ორი ჯგუფის საკითხს ცოტა სხვანაირად შევადარებდი და უფრო გენდერული კუთხით წავიყვანდი, თორემ ისე განსხვავება ბევრია: რაოდენობა, სტილი და უკვე აღნიშნული – სქესი…მახსოვს, აკრო სტაილმა გოგონებიც დაიმატა, თუმცა ძირითადი დატვირთვა მაინც ბიჭებზე მოდიოდა და მართლა საოცარი სანახაობა გვაჩვენეს ყოველ გამოსვლაში! რაც შეეხება აკრო ბუმს, მათი დამსახურება ის არის, რომ ასეთი მცირე შემადგენლობით, მაინც ამხელა ეფექტი მოახდინეს. თანაც, კარგი ფიზიკური მომზადება და დახვეწილი მოძრაობები ჰქონდათ – ყველაფერი მილიმეტრებში განსაზღვრული.
და ბოლოს, გადაცემის ბოლო მონაწილე – ნონა გიუნაშვილი, რომელზეც უკვე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ სხვადასხვა პოსტებში და ამიტომ მოკლედ შევეხები ამ პოსტში…ნონას ნომერთან დაკავშირებით თავი რომ დავანებოთ ემოციებს, თემატიკის მტკივნეულობას და სხვა დეტალებს, რომელმაც ეს სანახაობა ყველასთვის გულთან ახლოს მისატანი გახადა, შესრულების დონე იყო ძალიან მაღალი – ნიჭიერისთვის განსაზღვრულ დროში ჩატეული მთელი ის ამბავი, ყველაზე საკვანძო მომენტებით და დადებითი ფინალით.
შემდეგ გადაცემაში კი ვნახავთ – ვანომ კასტინგზე დააგვიანა, ამასობაში მისი ადგილი სხვამ დაიკავა! ნიჭიერის სცენაზე გამოცოცხლებული 90-იანი წლების რუსული ესტრადის მუსიკა, ტაილანდელი მზარეული და ჭირვეული გეგა ფალავანდიშვილი…ასევე, რამდენი ფარული ნიჭი აღმოაჩნდა ვანო ჯავახიშვილს, მაყვალა ქობულაშვილის მეორე შანსი, პატარა ბიონსეები ქუთაისიდან და სხვა მრავალი საინტერესო ნომერი!















