ახალი პირობები ნიჭიერისგან ბლოგერებს!
”ნიჭიერი” დაწყებისთანავე აქტიურად თანამშრომლობს ბლოგერებთან. პირველ სეზონზე, განხილვებს ჩვენს ბლოგზე სამი ბლოგერი წერდა, შარშან გადავწყვიტეთ, რომ ყველასთვის მიგვეცა ”ნიჭიერის” ბლოგერობის შანსი მთელი პროექტის მსვლელობისას. წელს კი, ვიფიქრეთ, კიდევ უფრო კარგი იქნებოდა ჩვენთან თანამშრომლობის შედეგად მათთვის მეტი სარგებელი მიგვეცა და განვაახლეთ პირობები:
თუ თქვენ გაქვთ ბლოგი, რომელსაც მეტნაკლებად სისტემატურად ანახლებთ და გსურთ “ნიჭიერის” ბლოგზე თქვენ მიერ დაწერილი პოსტი მოხვდეს, გამოგზავნეთ გამოქვეყნებული პოსტის ლინკი tini@rustavi2.com – ზე [ორშაბათს გასული გადაცემის review პოსტი უნდა გამოგზავნოთ ოთხშაბათის ჩათვლით. ერთმა ბლოგერმა შეიძლება ყოველ კვირა მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ გვიყვარს ქებაც და კონსტრუქციული კრიტიკაც :) ].
მიღებულ პოსტებს გადავხედავთ, ავირჩევთ ერთს ან რამდენიმეს და თქვენი პოსტი ხუთშაბათის “სტუმარი ბლოგერის” რუბრიკაში მოხვდება.
რა სარგებელი მოაქვს ამ თანამშრომლობას ბლოგერისთვის?
- “ნიჭიერის” ბლოგზე, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი ვიზიტორი ჰყავს, დაიდება თქვენი პოსტი, გაილინკება თქვენი ბლოგი მოკლე აღწერითურთ და ბევრ ახალ მკითხველს შეიძენთ
- მიიღებთ ჰონორარს გამოქვეყნებული პოსტისთვის,
- აქტიური ბლოგერები შეძლებენ დაესწრონ “ნიჭიერის” ნახევარფინალებსა და ფინალებს.
განახლებული პირობების თანახმად კი, ამ ყველაფერს ემატება კიდევ ორი სარგებელი:
ამ სეზონზე, მნიშვნელობა არ ექნება მოხვდება, თუ არა თქვენი პოსტი მთავარ გვერდზე, პოსტები, რომლების ლინკებსაც გამოაგზავნით, განთავსდება გვერდით საიდბარში, კატეგორიაში ”ბლოგოსფერო ნიჭიერის შესახებ”!
ვისაც წინა ორი სეზონის განმავლობაში ერთი პოსტი მაინც დაუწერია ნიჭიერის შესახებ, დაგიდასტურებთ, რომ ჩვენს გადაცემაზე წერა კარგი რეიტინგის მომტანია – ბევრი ადამიანი საძიებო სისტემების საშუალებით ეძებს პროექტის, ან მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას. შესაბამისად, თუ თქვენს ბლოგზე არსებობს შესაბამისი კონტენტი, საძიებო სისტემაც მოიყვანს მომხმარებელს : ) ჩვენი საიდბარის დამატება კი გააორმაგებს მკითხველის ბლოგზე მოხვედრის შანსებს. პოსტის მცირე ნაწილი განთავსებული იქნება აქ, დაინტერესებულები კი თქვენთან შეძლებენ კითხვის გაგრძელებას.
რაც შეეხება კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს – ბლოგერს, რომლის პოსტიც მოხვდება მთავარ გვერდზე ”სტუმარი ბლოგერის” რუბრიკაში, ნიჭიერის ბლოგი საშუალებას მისცემს ჩაწეროს ექსკლუზიური ინტერვიუ საკუთარი ბლოგისთვის სასურველ კონკურსანტთან! ჩვენი მონაწილეები, ეთერში გასვლის წუთიდან ვარსკვლავები ხდებიან და იმედია, ამის სარგებელის ახსნა არ არის საჭირო და თავადაც ხვდებით. ორგანიზებას ჩვენ მოვახდენთ – თუ კონკურსანტი თბილისს გარეთ იმყოფება, შედგება სატელეფონო ინტერვიუ, თუ თბილისში – პირადად შეხვდებით.
გელოდებით 19 მარტიდან ნიჭიერის ბლოგზე!






