თვის არქივი: March, 2012

31 March

DreamWalkers nichieri.ge-სთვის

“რა მაგარი ბიჭები გვყავს, ღმერთო ჩემო”! – (c) თიკა

ამ ბიჭებმა მხოლოდ თიკას კი არა, ძალიან ბევრ ადამიანს მოაწონეს თავი თავიანთი მხიარულებით, დახვეწილი ცეკვით და განსაკუთრებული ქორეოგრაფიით. მათ ვიდეოს ძალიან ბევრი ნახვა აქვს Myvideo-ზე და Youtube-ზე. დიდი გამოხმაურება აქვთ ბლოგსა და ფეისბუქზეც. შესაბამისად, არ დავაყოვნეთ და რეპეტიციაზე მივედით იმისთვის, რომ მათგან მეტი ინფორმაცია მიგვეღო ჯგუფის შესახებ და ცეკვის სრული ვერსიაც გვენახა…

მეტი ინფორმაციის რა მოგახსენოთ – ძალიან ხმაურიანები და მხიარულები არიან ამიტომ, ძირითადად სწორედ ხმაურიანი და მხიარული სახე აქვს მათთან საუბარს, რის გამოც საქმიანი ურთიერთობა რთული გამოდის, მაგრამ სამაგიეროდ ცეკვის დროს უფრო სერიოზულები არიან (მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან კომუნიკაციას არ წყვეტენ ამ დროს არც სცენაზე და განსაკუთრებით -რეპეტიციებზე).

ჯგუფი 7 წევრისგან შედგება:

  • ალექსანდრე თოდაძე
  • ნიკო თათარაშვილი
  • უჩა ღვინიაშვილი
  • გიორგი ანდრიაძე
  • გიორგი აბრამიშვილი
  • შოთა ზარქუა
  • ირაკლი ტყებუჩავა

მათი ასაკი 17-დან 23 წლამდეა. ცეკვის გარდა, თითქმის ყველა სხვადასხვა საქმით არის დაკავებული, თუმცა, უმეტეს დროს მაინც ცეკვას უთმობენ. განსაკუთრებით ახლა, როცა საქმე “ნიჭიერს” ეხება.

ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდნენ ჯგუფად და “ნიჭიერი” მათთვის პირველი კონკურსია.  ყოველდღიურად ბევრს ვარჯიშობენ, რომ გააუმჯობესონ ყველა დეტალი.

კასტინგზე წარმოდგენილი ნომრის ქორეოგრაფიაც თავად ეკუთვნოდათ და ერთ თვეში მოამზადეს. ახალ ნომერზეც უკვე დაიწყეს მუშაობა და ნახევარფინალში გადასვლის შემთხვევაში კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას, რამდენიმე სტილის შერწყმას აპირებენ.

სახელი ისე ექსპრომტად დაირქვეს, ფაქტობრივად სცენაზე გასვლის წინ და ახლაც იბნევიან, როცა საკუთარი ჯგუფის წარდგენა უწევთ. ამის დასტურს ვიდეოშიც ნახავთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ვიდეოში მხოლოდ 3 დუბლი ჩავსვით, სინამდვილეში ძალიან ბევრჯერ ჩავწერეთ დასაწყისი, რომელშიც გულითადად უნდოდათ  მადლობა გადაეხადათ ყველასთვის, ვისგანაც მხარდაჭერა იგრძნეს “ნიჭიერში” გამოსვლის შემდეგ. სამაგიეროდ, ცეკვა ერთი დუბლით გადაღებულია :)

ერთი წევრი აკლია მთელ შემადგენლობას, მაგრამ იმედი გვაქვს, სრული ვერსიის ნახვა გაინტერესებთ:

ნიჭიერის ბლოგი წარმატებებს უსურვებს DreamWalkers-ს :) 

31 March

ოხუნჯი Boys…. and Girl

მას შემდეგ, რაც ოხუნჯი Boys-ის გამოსვლაზე მოსული გამოხმაურება ვნახეთ, ნიჭიერის ბლოგმა, გადაწყვიტა, რომ აუცილებლად უნდა შეაგროვოს მცირედი ინფორმაცია ამ ჯგუფის შესახებ, რათა მკითხველებს მისცეს საშუალება გაიგონ მეტი მათ შესახებ.

ოხუნჯობს

პირველივე სიახლე, რომელიც ნიჭიერის ბლოგს, ოხუნჯებთან სტუმრობისას დახვდა, ჯგუფის ახალი წევრია. ახალი ნომრისთვის, ჯგუფში გოგო გახდა საჭირო…. თუმცა, მოდი, თანმიმდევრობით მივყვები :)

ჯგუფი რვა წევრისგან შედგება:
• გიორგი მიროტაძე
• გოგი სადუნაშვილი
• ნიკა მახარაძე
• გუგა გაფრინდაშვილი
• მალხაზი არღვლიანი
• ლევან გოგიტაური
• ემირ ბერიშვილი (რომელიც, სამწუხაროდ, შეხვედრის დროს გაციებული იყო და ამიტომ ვერ ვნახეთ)
• და ჯგუფის ახალი წევრი – ანა ბეგიაშვილი

როგორც აღმოჩნდა, მათი უმეტესობა, სეუ-ში სწავლობს და ძირითადად ტურიზმს, ბიზნესსა და მართვას ეუფლებიან. თუმცა, მათ შორის არიან ილიას უნივერსიტეტისა და თსუ-ს სტუდენტებიც.
ჯგუფის წევრები ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წყალობით, ოღონდ ნიჭიერამდე, სხვა და სხვა კოლექტივში მუშაობდნენ. ამ შემადგენლობით კი, დაახლოებით ნახევარი წელია არიან ერთად.
ნახევარფინალისთვის ნომრის მონახაზი უკვე მზად აქვთ. ჩვენს კითხვაზე – იქნებოდა თუ არა ახალი ნომერი მუსიკალური, გვიპასუხეს: „ცოტათი“, მერე განგვიმარტეს, რომ დიდად კარგი მუსიკალური მონაცემებით არ გამოირჩევიან, ამიტომ „დიდ ხანს არ გვაწვალებენ“.

ფიქრობენ სკეტჩზე

ჩვენი თხოვნით, ჯგუფმა პატარა სკეტჩი გაითამაშა, ექსკლუზიურად ბლოგის მკითხველებისთვის:

რეპეტიციები ჯგუფს, ხან უნივერსიტეტში აქვთ, ხან რომელიმეს სახლში. როგორც თვითონ ამბობენ, ბევრს ხუმრობენ, მაიმუნობენ, სახლში, უნივერსიტეტებში, ავტობუსებში. ჩვენმა შეხვედრამაც სულ ხუმრობა-ხუმრობაში ჩაიარა. იქიდან, ძალიან კარგ ხასიათზე წამოვედი. პოსტის ბოლოსკენ, გვინდა შემოგთავაზოთ ოხუნჯების მიმართვა მაყურებელს და ბლოგის მკითხველს.

ვუსურვებთ დიდ წარმატებას და მომავალში უუ-კეე-თეე-სი ნომრების შექმნას.

30 March

სტუმრად TSU ART-თან

ლაშა, დათუნა, სანდრო, ირაკლი, ილია და გიორგი

ჯგუფი TSU ART-ი პირველი გადაცემის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამოსარჩევი მონაწილეა. ამიტომ, ნიჭიერის ბლოგი მათ სარეპეტიციოს ესტუმრა, მკითხველისთვის საინტერესო ინფორმაციის და სურათების მოსაგროვებლად.

ჯგუფი ექვსი წევრისგან შედგება:

  • ლაშა ლორთქიფანიძე
  • დათუნა დგებუაძე
  • ირაკლი გოდერძიშვილი
  • ილია ჭუმბურიძე
  • გიორგი შარაშენიძე
  • სანდრო ნარსია

მათი ასაკი 19-დან 22 წლამდე მონაკვეთში მერყეობს და შეკითხვაზე „რას აკეთებთ მუსიკის შექმნის გარდა“, მეგობრულად პასუხობენ „არაფერს“. მუსიკა, რომელსაც ქმნიან, მათი ცხოვრებაა – დღეში რეპეტიციას, მინიმუმ, 5 საათს უთმობენ.
ამ შემადგენლობით, ჯგუფი თითქმის ერთი წელია არსებობს. ერთმანეთთან მუსიკამ დაახლოვა. „თითო კონცერტზე, თითო წევრი გვემატებოდა“ – როგორც ამბობენ თვითონ.  დეკემბერში, კლუბში „ტრიუმფი“ სოლო კონცერტი ჰქონდათ. ამის გარდა,  აღნიშნავენ ისეთ პროექტებში მონაწილეობას, როგორიცაა არტ-გენი და სტუდენტური დღეები.

მათი რეპერტუარი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ  ბევრი ჟანრის სინთეზს წარმოადგენს: Funk-ი, ჯაზის ელემენტები, როკი, ფსიქოდელიური როკი, ბლიუზი და ფოლკი. ეს ყველაფერი შესრულებული კლასიკური და თავისი ხელით შექმნილი ინსტრუმენტებით.

არსებობს სხვა ჯგუფებიც, რომლებიც იყენებენ მსგავსი ტიპის ინსტრუმენტებს (მაგ., წყლის მილებისგან შექმნილი საკრავები), მაგრამ TSU ART-ი, ამ ინსტრუმენტებს სხვა ჟღერადობით და სხვა ჟანრში იყენებს.

რამდენიმე ინსტრუმენტი გაგვაცნეს კიდეც:

  • კონგა-კახონი – ის ილია ჭუმბურიძემ საკუთარი ხელით ააწყო ხის მასალისგან. მსოფლიოში ასეთი ინსტრუმენტი არსებობს. მაგრამ ილიას აწყობილი კონგა-კახონი განსხვავებულია დიზაინით და ჟღერადობით.
  • წყლის მილები 1 და წყლის მილები 2 -  ერთმანეთისგან განსხვავდება კალიბრით (ჩვენ გვქონდა საშუალება გვენახა ისინი კასტინგზე)
  • ქარი – რკინის მილი, რომელიც სათაურის შესაფერის, საინტერესო ხმას გამოსცემს.

როგორც თვითონ ამბობენ, ინსტრუმენტების შექმნა და გამოყენება, მუსიკის პროცესში „მოაფიქრდათ“, უფრო სწორად კი, „მუსიკამ მოითხოვა შესაფერისი ჟღერადობა“. მინდა საიდუმლოდ გაგანდოთ, რომ  ნახევარფინალში ახალ, კიდევ უფრო საინტერესო ინსტრუმენტებს ვნახავთ.

კასტინგზე წარმოდგენილი კომპოზიცია „კილომეტრი“, თავდაპირველად სხვა ფორმით არსებობდა. ნიჭიერისთვის TSU ART-მა ის, კასტინგის ფორმატის შესაბამისად, შეცვალა.

ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ კომპოზიციის სრული ვერსია, (გადაცემაში ის შეკვეცილი სახით გავიდა), რომელიც ჯგუფმა,  ბლოგისთვის და მისი მკითხველისთვის, შეასრულა:

ნიჭიერი, ჯგუფისთვის, ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპია. TSU ART-ი არ შექმნილა მხოლოდ შოუში გამოსასვლელად. ისინი უკრავდნენ, უკრავენ და დაუკრავენ.  საუბრის ბოლოს, ჯგუფმა მოგვცა საშუალება მოგვესმინა მათი იმ კომპოზიციისთვის, რომელსაც ნახევარფინალში შეასრულებენ. სიმღერა, რა თქმა უნდა, არ ჩაგვიწერია, უბრალოდ ინტრიგისთვის დავწერ, რომ ძალიან კარგია.

ვუსურვებთ TSU ART-ს წარმატებას როგორც შოუში, ასევე, ზოგადად, კარიერაში.

რეპეტიციისას

29 March

“ნიჭიერი” Senate Club-ში

წელს “ნიჭიერის” პროდიუსერების გუნდი, ჟიურის წევრები, წამყვანები, სტუმრები და წინა სეზონების მონაწილეები  Senate Club-ში უყურებენ ყოველ ახალ გადაცემას. სასიამოვნო გარემოს, დიდ ეკრანს და რამდენიმე თვიანი შრომის შედეგს რუსთავი2-ის ეთერში, ყველასთვის კარგი განწყობა შემოაქვს!

ჩვენ ორშაბათს, რამდენიმე 2 კაციანი მოსაწვევი გავათამაშეთ ნიჭიერის გვერდზე და გამარჯვებულები ჩვენთან ერთად იყვნენ საღამოს 10 საათიდან გადაცემის დასრულებამდე : )

გთავაზობთ სურათების ალბომს Senate Club-დან, სადაც სპეციალურად ჩვენი ბლოგისთვის და ფეისბუქისთვის ნიჭიერის დიიდი, წითელხალიჩური პოსტერი დგას! :) ყველა სტუმარს შეუძლია  გადაიღოს სურათი, რომელიც შემდეგ ჩვენთან განთავსდება. ამ ორშაბათსაც გავათამაშებთ მოსაწვევებს მსურველებისთვის.

მაშ ასე, Senate Club – 26 მარტი

 

29 March

მეორე გადაცემა – თქვენ გაქვთ სამი “არა”

ყოველთვის მიჭირს იმის ყურება, როგორ ეუბნება ჟიური კონკურსანტებს უარს და ვნერვიულობ, როდესაც მათ რაღაც არ გამოსდით. ამ დროს ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს სცენაზე მე ვდგავარ. ამიტომ, გადავწყვიტე დავწერო მიმოხილვა შოუს იმ მონაწილეებზე, რომლებსაც ჟიურისგან საბედისწერო ”არა” ხვდათ წილად. ბოლოს და ბოლოს, ისინიც იმსახურებენ თავის წილ ყურადღებას, თუნდაც იმისთვის, რომ სცენაზე გამოსვლის გამბედაობა მოიკრიბეს.

ლევან  ფარჯიკია

 

ლევან ფარჯიკიამ ისეთი პოპულარობა მოიპოვა ინტერნეტ-სივრცეში, რომ ”ვალდებული” ვარ მიმოხილვა მისი გამოსვლით  დავიწყო. სიმღერის შესრულებაზე დიდად არ შევჩერდები : შეცდომები მართლაც ჰქონდა და ეს არაპროფესიონალი ყურისთვისაც შესამჩნევი იყო.  მის ნომერზე მეტად, ყველასთვის, მისი რეაქცია და ფრაზები გახდა დასამახსოვრებელი:

”შენიშვნას მე იმისგან მივიღებ ვინაც გამზარდა”
” სოფო: მე არ დაგიწყებთ არაფრის მტკიცებას.
ლევანი: ჯობია”
”სიტყვები რომ მოვიპარო, სად წავიღო თუ არ ვიმღერო?”

თავიდან, გულწრფელად მეგონა რომ სუმრობდა, მაგრამ მან სიტუაცია სულ უფრო და უფრო დაძაბა და საპასუხო რეაქციაც მიიღო. შეამჩნიეთ, როგორი, განსაკუთრებულად კმაყოფილი სახე ჰქონდა სოფოს, როდესაც ”არას” ამბობდა? მეც ასეთი მექნებოდა.

სოფოს კმაყოფილი "არა"

პ.ს. იმის წარმოდგენაც კი მეშინია, რა ხდება მის სახლში, როდესაც ლევანს პურზე ჩასვლას სთხოვენ.

ჯი ჯექსონი

 

არ ვიცი ჟიურიში როგორ, მაგრამ ჩემში  ჯის ნომერმა ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციები გამოიწვია.
ერთის მხრივ :

  • მაიკლ ჯექსონის თემა ძალიან გაცვეთილია
  • სათამაშო ”მაიკლების” გამო, მისი მოძრაობები არ ჩანდა სრულყოფილად, რაც საბოლოო ჯამში წამგებიანი აღმოჩნდა.

მეორეს მხრივ:

  • გამოსვლა მართლაც ორიგინალური იყო,
  • მეორე ტურში ხშირად ხვდებიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული ნიჭით არ გამოირჩევიან, სამაგიეროდ ”პატრიოტები” არიან ან უბრალოდ ”კარგი ადამიანები”. რა დააშავა ასეთ შემთხვევაში ჯიმ?

საბოლოო ჯამში,  როდესაც ჟიურის პასუხის დრო მოვიდა, ძალიან მინდოდა, რომ მისთვისაც მიეცათ შანსი, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა.

ინგა საღინაძე

 

ინგას გამოსვლისას, გამახსენდა ფრაზა ძველი ანეკდოტიდან:  ”Петь не надо, ты только ходи”.  სავარაუდოდ, ამასვე ფიქრობდნენ დარბაზში მყოფი მამაკაცები. მათი სახის გამომეტყველების მიხედვით, ადვილი მისახვედრი იყო, რომ სულ არ ადარდებდათ, ინგა იმღერებდა, იცეკვებდა თუ თავის დაწერილ ჰაიკუს წაიკითხავდა. ალბათ სჯობდა კიდეც, ინგას, სიმღერის ნაცვლად, მხატვრულ სიარულში მოემზადებინა ნომერი.

მამაკაცების რეაქცია ინგას გამოსვლაზე

ავთო ციცქიშვილი

 

აქ დასაწერი ბევრი არაფერია. ჩემი მოკრძალებული აზრით, ნომერი არ იყო სწორად შერჩეული. ნიჭიერის სცენაზე წარსადგენი შოუ, უნდა გახდეს ეფექტური დაწყებიდან რამდენიმე წამში. რაც უფრო დიდხანს რჩება ის ჩვეულებრივად , მით ნაკლებია კონკურსანტის შანსი, მიიღოს დადებითი შეფასება. დიდი იმედი მაქვს, ავთო კიდევ ცდის ბედს მომავალში, უფრო სანახაობრივი გამოსვლით.

ნინო ჭიღლაძე

 

ნერვიულობა, დაუმუშავებელი ხმა და ცუდად შერჩეული სიმღერა. შეამჩნიეთ პუბლიკის რეაქცია სიმღერის პირველივე აკორდებზე? თუ გინდა იყო პოპულარული, რეპერტუარიც უფრო ”მოსაწონი” უნდა შეარჩიო. სამწუხარო რეალობა ასეთია.

ჩორნა და მისი მეგობრები

 

”რა არის იცით, მეგობრებო? მე მგონია, რომ ქართული რეპი, მაინც ითხოვს შველას” – ვანო

მეორე გადაცემაში აშკარად გამოჩნდა რომ რეპი, მხოლოდ ტექსტის რითმული კითხვა არ არის. ამ სტილში ბევრმა სცადა ბედი, თუმცა მათი საერთო შეფასება ადვილად გამოიხატება ერთი სურათით:

ის იყო, ქართული რეპის ბედით შეწუხებულმა, ვანომ სოფოს რეპერტუარის შეცვლაზე დაუწყო ლაპარაკი, რომ  ქართული რეპის ახალი იმედიც გამოჩნდა. თუმცა, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.

ამჯერად, სულ ეს იყო. ძალიან დიდი ინტერესით ველოდები ახალ გადაცემას, თავისი გმირებითა და მარგალიტებით. საინტერესოა, რა სიახლეებს მოგვიტანს შემდეგი ორშაბათი?

28 March

მესამე სეზონის მეორე გადაცემა

“ნიჭიერის” მესამე სეზონის მეორე გადაცემაში ახალი სეზონის სიურპრიზები ისევე უხვად იყო, როგორიც პირველში  და როგორც დარჩენილი კასტინგების მანძილზეც გაგრძელდება. სიურპრიზები ამ პროექტის სავიზიტო ბარათია, თუმცა, ამის მიუხედავად, წინასწარ ვერასდროს ვერ გამოიცნობ რაში მდგომარეობს სცენაზე გასვლამდე მონაწილის ჩანაფიქრი.

ხოდა, ასეთივე მოულოდნელი შემართებით, Dream Walkers-ით დაიწყო ორშაბათს “ნიჭიერი”. “ძალიან გვიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებთ” – ამ ფრაზის შემდეგ ყველასთვის გაურკვეველი გახდა რა იყო ეს საყვარელი საქმე იმიტომ, რომ ხან ბიტბოქსის მოლოდინი შეიქმნა, ხან სიმღერის…

ბევრი მოცეკვავე და მოცეკვავეების ჯგუფი გვყოლია, მაგრამ ეს მაინც განსხვავებული ჟანრი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად რთულად შესასრულებელი მოძრაობები არაა, სწორედ ეს აძლევდა განსაკუთრებულ ელფერს – ერთი შეხედვით მარტივი მოძრაობები, თუმცა ძალიან კარგი სინქრონით, კიდევ უფრო კარგი პლასტიკით და პროექტის ფორმატის შესაბამისობაში შოუს ელემენტებით…ვგულისხმობ შინაარსის არსებობას, იუმორის საკმარის დოზას (რაც ცეკვის დროს გამოყენებაში სიფრთხილესთან არის დაკავშირებული, იუმორისტულ ნომრად რომ არ გადაიქცეს )

მოკლედ, ფავორიტებში თამამად დავასახელებდი ამ ჯგუფს!

“ერთი წრე რა ღირს?”

გუბერნატორ – ტერმინატორის კონკურენტის ნომერი სხვა ძალოსნებისგან, რომლებიც აქამდე ნიჭიერში გვყოლია, იმით განსხვავდებოდა, რომ მეტი დინამიკა იყო. თუმცა, დინამიკა თავბრუსხვევაში გადაიზარდა მალე. კარუსელის იდეა სანახაობრივად ნამდვილად კარგი გამოვიდა! ამხელა ძალის პატრონს, ალბათ არ გაუჭირდება მეტი გრანდიოზულობის შემოტანა “ნიჭიერის” სცენაზე, მაგრამ ჩვენთვის ნაცნობი ძალოსნებისგან განსხვავებით, ცოტა უფრო საშიშად მეჩვენება ეს ადამიანი :))

“ჩამოდი ჩვენთან, კონცერტზე წაგიყვან, დასასვენებლად სოფელში წაგიყვან”

პატარა ემინემი ქართული რეპის იმედია ფაქტობრივად! ამ ასაკში რომ სცენაზე შესრულების ასეთი მანერა აქვს, რიტმის შეგრძნება, ტექსტის კარგად ჩასმის უნარი და რაც მთავარია, მიზანი, რომლისკენაც აშკარად სწორად მიიწევს, ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვობაში ყველას გვქონდა ჩვენი სურვილი და ოცნება – ვიღაცას მასწავლებლობა უნდოდა, ვიღაცას კოსმონატვობა და ვიღაცას ექიმობა, მაგრამ ამ ასაკში სად შეიძლება ყველაფრის განხორციელება? ოთომ კიდევ ნიჭიერი მშვენივრად გამოიყენა და ამერიკისკენ გზაზე ბევრი კილომეტრით წინ წაიწია: )

პატარა რეპერისგან განსხვავებით, არავითარ შემთხვევაში არ გადავიყვანდი ჯეომენს შემდეგ ტურში! მეც დადებითად განვწყვე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მეორე ტურისთვის. ძალიან ვიხალისე ვანოს მოყოლილ ამბავზეც

"დავაგვიანე ჩამოსვლა და რა ვქნაო?"

რაც შეეხება უშუალოდ რეპს, დასაწყისში ის არტისტიზმი სრულიად ზედმეტი იყო. შუაში შედარებით რიტმში იჯდა და თემატიკასთან შესაფერისი განწყობა წამოვიდა მუსიკაშიც, მაგრამ საერთო ჯამში, ერთჯერად ნომრად დავტოვებდი მის ე.წ. კლასიკურ რეპს.

ოთარინიოს ნომერიც ჯეომენის მსგავსად ერთჯერადი მგონია. მართალია, ნახევარფინალამდე კიდევ ერთი ტურის გავლა მოუწევს და ერთ შანსს არაუშავდა, მაგრამ მე მაინც გეგას გადაწყვეტილებას ვემხრობი. ყველაფერს ორი მხარე აქვსო, ნათქვამია და ასეთი ყოვლისმომცველი ნომერი რომ არ ყოფილიყო, ინტონაციური პოეზიის უბადლო ნიმუში ხომ არ გვექნებოდა ნიჭიერში?

ყველანი ამ ქვეყანაზე, ჩვენ ვართ მიწიერები

თქვენ უნდა აღმოაჩინოთ დარბაზში ნიჭიერები

კარგი პიროვნებები ხართ, ალბათ იქნები კრიტიკულები

აქ მე პრიზები მინდა მოვიგო და მე არ მინდა ფულები

ვანო,რაღაც მინდა გითხრა

ჩაგჩურჩულო ჩუმად ყურში

გეკითხები, ძალიან გთხოვ, გადამიყვან შემდეგ ტურში?

აქვე გეტყვით, რომ შეგიძლიათ ინტონაციური პოეზიის ნიმუშები, მხოლოდ ნიჭიერის თემაზე, გამოაგზავნოთ კონკურსში “ნიჭიერი არტი.”


“ოხუნჯები ვართ და ვბოისობთ რა”

“აი,სცენაზე ვდგავარ შუაში. ვანო სოფო და ის სწერვა კაცი რო ზის”

 

ოხუნჯი ბიჭების იუმორისტული ნომერი ძალიან სახალისო გამოვიდა. მართალია კარგი იქნებოდა მეტი დინამიკა, მაგრამ ეს საკითხი ერთ-ერთი წევრის მოკლე ჩართვებმა სავსებით დაარეგულირა! :D

 

Acro Boom

გოგოებს თუ ასეთი ძალა ქონდათ მე არ ვიცოდი

აკრო ბუმის დაანონსების შემდეგ, ყველას აკრო სტაილი გაახსენდა და მათი შედარებებიც დომინირებდა კომენტარებში. ამ ორი ჯგუფის საკითხს ცოტა სხვანაირად შევადარებდი და უფრო გენდერული კუთხით წავიყვანდი, თორემ ისე განსხვავება ბევრია: რაოდენობა, სტილი და უკვე აღნიშნული – სქესი…მახსოვს, აკრო სტაილმა გოგონებიც დაიმატა, თუმცა ძირითადი დატვირთვა მაინც ბიჭებზე მოდიოდა და მართლა საოცარი სანახაობა გვაჩვენეს ყოველ გამოსვლაში! რაც შეეხება აკრო ბუმს, მათი დამსახურება ის არის, რომ ასეთი მცირე შემადგენლობით, მაინც ამხელა ეფექტი მოახდინეს. თანაც, კარგი ფიზიკური მომზადება და დახვეწილი მოძრაობები ჰქონდათ – ყველაფერი მილიმეტრებში განსაზღვრული.

და ბოლოს, გადაცემის ბოლო მონაწილე – ნონა გიუნაშვილი, რომელზეც უკვე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ სხვადასხვა პოსტებში და ამიტომ მოკლედ შევეხები ამ პოსტში…ნონას ნომერთან დაკავშირებით თავი რომ დავანებოთ ემოციებს, თემატიკის მტკივნეულობას და სხვა დეტალებს, რომელმაც ეს სანახაობა ყველასთვის გულთან ახლოს მისატანი გახადა, შესრულების დონე იყო ძალიან მაღალი – ნიჭიერისთვის განსაზღვრულ დროში ჩატეული მთელი ის ამბავი, ყველაზე საკვანძო მომენტებით და დადებითი ფინალით.

შემდეგ გადაცემაში კი ვნახავთ – ვანომ კასტინგზე დააგვიანა, ამასობაში მისი ადგილი სხვამ დაიკავა! ნიჭიერის სცენაზე გამოცოცხლებული 90-იანი წლების რუსული ესტრადის მუსიკა, ტაილანდელი მზარეული და ჭირვეული გეგა ფალავანდიშვილი…ასევე, რამდენი ფარული ნიჭი აღმოაჩნდა ვანო ჯავახიშვილს, მაყვალა ქობულაშვილის მეორე შანსი, პატარა ბიონსეები ქუთაისიდან და სხვა მრავალი საინტერესო ნომერი!

 

28 March

ნონა გიუნაშვილი nichieri.ge-სთვის

ნონა გიუნაშვილმა “ნიჭიერის” სცენაზე ქვიშით ხატვის ნომერი შემოგვთავაზა.უპრეცედენტო გამოხმაურების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენი ბლოგი მისი უკეთ გაცნობის მიზნით პოსტს გთავაზობთ, სადაც თავად ნონაც მოგიყვებათ საკუთარი თავის შესახებ…

პროფესიით ფერწერის პედაგოგია. გორის მე-12 საჯარო სკოლაში მუშაობს და სახვით ხელოვნებას ასწავლის.
ადრეულ ასაკში შექმნა ოჯახი და საკმაოდ დიდი პაუზა ჰქონდა შემოქმედებითი კუთხით. მეუღლე და ორი შვილი ჰყავს – გიგა და გვანცა

გიგა და გვანცა

როდესაც მისი შემოქმედების შესახებ ვთხოვეთ მოეყოლა – თუ როგორ მივიდა ქვიშით ხატვამდე, აქვს, თუ არა სხვა ნამუშევრები და ა.შ. ასეთი პასუხი მივიღეთ:

“ბავშობიდან ვხატავ. ძალიან მიყვარს ხატვა და თითქოს, ჩემი ცხოვრების ნაწილია. ყველა ჩემს გრძნობას და ემოციას, რასაც ვერ ვატევ გულში, ხატვით გადმოვცემ. განსაკუთრებით მაშინ მიჩნდება ხატვის სურვილი, როცა რაიმე ძალიან მაწუხებს. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, ამ ნამუშევრების ნახვა აღარ მსიამოვნებს, რადგან ცუდ განწყობაზე მაყენებს. სწორედ ამიტომ, ყველაზე მისაღები ჩემთვის ქვიშა აღმოჩნდა! ერთი ხელისმოსმით ვშლი ჩემთვის მტკივნეულ თემაზე შესრულებულ ნახატს და ვხატავ ახალს, იმედის მომცემს. ქვიშაზე ხატვა ომის შემდეგ დავიწყე. სხვადასხვა ქვიშა ვცადე სახატავად – როგორც გავიგე, არსებობს სპეციალური ვულკანური, მაგრამ მისი შოვნა ვერ შევძელი.ამის შემდეგ ჩვეულებრივი, ყვითელი ქვიშა გავცერი საცერში და დავიწყე ხატვა. ეს ისეთი სასიამოვნო პროცესია ჩემთვის, გადმოცემა მიჭირს…”

 

ნონას ნამუშევრები:

 


როგორც წესი, “ნიჭიერის” შემდეგ ყველას ცხოვრება რადიკალურად იცვლება. სწორედ ეს ხდება ახლა მის თავს და ამასთან დაკავშირებითაც გაგვიზიარა თავისი ემოციები:

“გუშინდელი საღამოს შემდეგ ჩემი ცხოვრება მართლაც შეიცვალა. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ხალხის ასეთ აქტიურობას ჩემს ნომერზე. ეს ძალიან სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა ჩემთვის. არ ჩერდება ტელეფონი და სოციალურ ქსელში მიკავშირდება უამრავი ადამიანი. სამწუხაროდ, ვეღარ ვახერხებ ყველა ადამიანს ვუპასუხო, რადგან შეუძლებელია უბრალოდ, მაგრამ მინდა ამ ბლოგის საშუალებით ვუთხრა ყველას დიდი მადლობა. ეს მართლაც მთელი გულით გავაკეთე და ძალიან მიხარია, რომ შევძელი ყველას გულამდე ამის მიტანა.

დღეს, ქალაქში რომ გავედი, ყველა მცნობდა და მილოცავდა. ისეთი დადებითი ემოცია მოდიოდა ხალხისგან, მეც ყველას მიმართ სიყვარული მეუფლებოდა და ემოციებს ვეღარ ვიტევდი გულში…”

nichieri.ge წარმატებას უსურვებს ნონას და დანარჩენ მაყურებელთან ერთად, სულმოუთქმელად ელოდება ნახევარფინალში მის შესრულებულ ნომერს : )

27 March

III სეზონი, II გადაცემა – “ნიჭიერის” წარმატება გრძელდება

რეიტინგის საერთო მონაცემი

მართალი  გითხრათ, პირველი გადაცემის რეკორდების შემდეგ, ასეთ შედეგს თავადაც  არ ველოდით. ამ შემთხვევაში, რეიტინგებს არ ვგულისხმობთ, რადგან ფაქტობრივად, მოლოდინის გარეშე შეგვიძლია გამოვიცნოთ შედეგები (ყოველი შემთხვევისთვის, ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემები. გადიდებისთვის დააკლიკეთ სურათზე. წითელი ფერით აღნიშნულია რუსთავი2) და ინტერნეტ სამყაროზე ვამახვილებთ ყურადღებას.

აქტიურობა ფეიჯზე ტრადიციულად, გადაცემის დაწყებისთანავე დაიწყო. პირველივე მონაწილემ ბუმი გამოიწვია და DreamWalkers-მა დიდი მოწონება დაიმსახურა“რა იყო ვერც მე ვერ გავიგე, მაგრამ რაც იყო კაი იყო” – სოფოს ეს ფრაზა მოცეკვავე ბიჭების მიმართ იყო ნათქვამი, რომლებმაც ძალიან დაგვაბნიეს სცენაზე გამოსვლის წინ, თუმცა, მას შემდეგ, რაც ნომერი წარმოადგინეს LMFAO-ს ჰანგების ფონზე, ალბათ თიკასთან, ვანიკოსთან, ჟიურისთან და დარბაზთან ერთად, დანარჩენი მაყურებელიც აცეკვდა : ))

ოთარინიოს ინტონაციურმა პოეზიამაც გაამხიარულა  პუბლიკა. სხვათაშორის, შეგიძლიათ ინტონაციური პოეზიის ნიმუშები ნიჭიერთან დაკავშირებით “ნიჭიერი ART”-ში გამოგვიგზავნოთ :)

 

ემინემისთვის ჩვენი სცენიდან გაგზავნილმა ქართულმა მესიჯმა, ნამდვილად მიაღწია იქაურობამდე ამის შემდეგ ალბათ. დღეს უკვე მთელი საქართველო ემინემის ჩამოსვლას ელოდება, ოთოს სოფელში დასასვენებლად! :)  მის ფოტოზე გამოხმაურება ძალიან დიდია – 2000-მდე მოწონება, 200-ზე მეტი გაზიარება და 540 კომენტარი. ეს მონაცემები, რა თქმა უნდა, მუდმივად იცვლება და იზრდება…

იუმორისტული ნომერი ნათესავებთან ერთად, ოხუნჯმა ბიჭებმა წარმოადგინეს. “სცენაზე ვდგავარ…აი, ვანო, სოფო და ის სწერვა კაცი რომ ზის”  - ეს ფრაზა და სოფოსადმი მიძღვნილი ლექსი, მაშინვე აიტაცეს ფეისბუქზე

სოფო, სოფო, სოფო, სოფო…სოფო სოფო სოფო…სოფო სოფო 

ნამდვილი განგაში გამოიწვია ლევან ფარჯიკიამ არა მარტო რუსთაველის თეატრში კასტინგებისას, ეკრანზე გასვლის შემდეგ სრულიად მოსახლეობაში. მართალია ჩვენ ფოტო უკომენტაროდ დავდეთ, მაგრამ 1000-ზე მეტი კომენტარი კი მიიღო ჩვენი მომხმარებლებისგან. მისი ფრაზის პატივსაცემად ფეიჯიც კი გაიხსნა  - შენიშვნას მე მისგან მივიღებ ვინაც გამზარდა!

ყველას გვაინტერესებდა, მდედრობითი სქესის აკრობატები თუ მოახდენდნენ ისეთივე შთაბეჭდილებას, როგორც ეს აკრო სტაილის ბიჭებმა მოახერხეს წინა სეზონზე. ამისთვის გამოკითხვაც კი გავაკეთეთ მათი ნომრის შემდეგ – გოგონები VS ბიჭები, სადაც ფაქტობრივად, თანაბარი ხმები აქვთ ამ ეტაპზე ორივეს.

ნამდვილი ფურორი ნონა გიუნაშვილმა მოახდინა გუშინ!

ამ სამმა ფოტომ, რომლებიც ფეისბუქზე დავდეთ, ჯამში 7400 მოწონება, 2000-მდე გაზიარება და უამრავი კომენტარი დაიმსახურა. ნონას შესახებ, მისი და მისი შემოქმედების უკეთ გაცნობის მიზნით, სულ მალე ნიჭიერის ბლოგი პოსტს შემოგთავაზებთ…

ასეთი იყო მეორე გადაცემის შედეგები, რომელიც ამ პოსტში მხოლოდ “ნიჭიერის” ფეისბუქს მოიცავს, თუმცა მთლიანი სურათი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება წარმოდგენილი, რადგან Myvideo, Youtube, სხვა სოციალური ქსელები, თუნდაც ფეისბუქი – ფეიჯის გარეთ, ასე დათვლას არ ექვემდებარება – მასშტაბები მართლაც ძალიან დიდია!

გელოდებით ორშაბათს ტელეეკრანებთან, იქამდე კი ინტერნეტში – ყოველ დღე<3

27 March

ნონა გიუნაშვილი

27 March

Dream Walkers

27 March

ოხუნჯი Boys

27 March

ლევან ფარჯიკია

27 March

ოთო ბუაძე, წერილი ემინემს

27 March

Acro Boom

27 March

ძალოსანი ზურა ნებიერიძე