2012 წლის სეზონის კასტინგები იწყება!
ქართული სატელევიზიო სივრცის ისტორიაში ყველაზე რეიტინგული შოუ მესამე სეზონისთვის ყველაზე ნიჭიერების შერჩევას იწყებს! მთელი ზაფხულის მანძილზე, პროექტის პროდიუსერებმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში ათასობით კონკურსანტიდან 500-მდე გამორჩეული მონაწილე შეარჩიეს და ისინი ახლა უკვე ჟიურის და მაყურებლის წინაშე წარსდგებიან.
პროექტის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ჟიურის შემადგენლობა უცვლელია – კონკურსანტებს გეგა ფალავანდიშვილი, სოფო ნიჟარაძე და ვანო ჯავახიშვილი შეაფასებენ. გეგა უკვე მესამე სეზონია, რაც ჟიურის შემადგენლობაშია. ვანო და სოფო 2011 წელს შემოუერთდნენ ნიჭიერს და ახლა უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილებით შეხვდებიან ახალ მონაწილეებს. როგორც ვანო ამბობს, ის წელს უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს და ეცდება მეტად ობიექტური იყოს, რასაც შეიძლება სიმკაცრეც კი მოჰყვეს.
ახალ სეზონზე, იქნება კიდევ ერთი სიახლე – ერთნაირი ჟანრის ნომრებისთვის, ჩატარდება მეორე ტური იმისთვის, რომ მაყურებელმაც მიიღოს მონაწილეობა საბოლოო ორმოცდაათეულის შერჩევაში. ამის შედეგად, დაძაბულობა შეემატება პროექტს და კონკურსანტებსაც მეტი კონკურენციის პირობებში მოუწევთ ნახევარფინალის საგზურის მოპოვება.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე მესამე სეზონია “ნიჭიერი” ყველაზე გამორჩეული ნიჭებით დაჯილდოებულ ადამიანებს (და არა მარტო) ეძებს, როგორც გეგა ფალავანდიშვილმა “სხვა ამბები”-ს ეთერში თქვა, რესურსი ჯერ არ არის ამოწურული. წელს კონკურსანტების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია და კიდევ უფრო მრავალფეროვანი. მათ უკვე იციან რა მოსწონს მაყურებელს და როგორ სანახაობას ელოდება ჟიური.
2012 წლის სეზონის 6 გადაცემის ჩაწერა 7-8 დღის მანძილზე გაგრძელდება. განრიგის შესახებ დეტალებს რუსთავი2-ის ეთერში და ჩვენი ბლოგის საშუალებით შეგატყობინებთ. შესარჩევ ტურებს რუსთაველის თეატრი უმასპინძლებს. კასტინგების თარიღებია 4 და 5 თებერვალი, 12:00 და 16:00 საათი. დანარჩენი დღეების შესახებ ინფორმაციისთვის, გვადევნეთ თვალი!






