სცენაზე გასვლის წინ
რუსთაველის თეატრში კასტინგები გრძელდება! მონაწილეები, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა „ნიჭიერის“ სცენაზე გამოსვლას ელიან, ჟიურის და მაყურებლის წინაშე გასვლის წინ ღელავენ, ბოლოჯერ გადიან საკუთარი ნომრების რეპეტიციას.
გთავაზობთ რამდენიმე მათგანის წინასანიჭიერო განცდებს სპეციალურად ნიჭიერის ბლოგისთვის:
ზვიადი – №1721 (მოცეკვავე)
4 წლის წინ, პირველად ვნახე Britain’s Got Talent-ი. ბავშვობიდან ვცეკვავ და ძალიან მომეწონა. მას შემდეგ, ინტერნეტში თითქმის ყველა ანალოგი ვნახე და ყოველთვის ვოცნებობდი, რომ მსგავს სცენაზე გამოსვლის საშუალება მომცემოდა. როცა გავიგე, რომ რუსთავი2-მა საქართველოშიც ჩამოიტანა Got talent-ი, დავიწყე გამოსვლაზე ფიქრი. უფრო სწორად, მაშინვე გადავწყვიტე, მაგრამ სანამ არ ჩავთვალე, რომ ნამდვილად მზად ვიყავი, მონაწილეობა არ მიმიღია.
ცეკვა ჩემი ჰობია და არა პროფესია, თუმცა, ბავშვობიდან მთელ ენერგიას მას ვახმარ. ახლობლებისთვის სიურპრიზი იქნება ჩემი გამოსვლა. ჯერ სახლში ვვარჯიშობდი, შემდეგ კი საღამოობით სკოლის დარბაზში.
სოფოს, გეგას და ვანოს მიმართ ძალიან კარგად ვარ განწყობილი, ვიცი, რომ ობიექტურები არიან და ველოდები როგორ ჩაივლის ჩემი ნომერი. ძალიან ვნერვიულობ, ოთხი წლის ოცნების ასრულებამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი!
საბა – №1780 (ბიტბოქსერი)
„ნიჭიერის” ორივე სეზონი ნანახი მაქვს, ერთი გადაცემაც კი არ გამომიტოვებია. ორი წლის წინ დავიწყე ბიტბოქსში ვარჯიში, ინტერნეტში ნანახი ვიდეოების მიხედვით. თავიდან არ გამომდიოდა კარგად, მაგრამ ყოველ წუთს ვარჯიშის შედეგად, მივაღწიე მიზანს.
ვფიქრობ, მეორე ტურში გადავალ. გამარჯვებაც ძალიან მინდა, მაგრამ იმედი არ მაქვს. ეს ჟანრი ჯერ კიდევ არც ისე პოპულარულია. ჯერ არ ვნერვიულობ და იმედი მაქვს, არ ვინერვიულებ, რადგან ეს ყოველთვის ხელს უშლის კარგად შესრულებას.
ნინო – №2901 (მომღერალი)
„ნიჭიერის“ პრეკასტინგზე ბათუმში მივედი და ბოლო მონაწილე ვიყავი იმიტომ, რომ ძალიან დიდხანს ვფიქრობდი გადამედგა, თუ არა ეს ნაბიჯი. ეს ნერვიულობის გამო იყო. თუმცა, როცა წინა სეზონებს ვუყურებდი, ყოველთვის მინდოდა იმ მონაწილეებს შორის მეც ვყოფილიყავი და საბოლოოდ გადავწყვიტე.
ახლა, სულ ცოტა ხანში ჟიურის წინაშე მომიწევს გასვლა. როგორც სოფომ, ვანომ და გეგამ თქვეს, წელს უფრო მკაცრები უნდა იყვნენ, მაგრამ ვიცი, რომ ობიექტურები იქნებიან. იმედი მაქვს არ ვინერვიულებ.
მართალია ბევრ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ „ნიჭიერი“ ყველა მათგანისგან განსხვავებული, საპასუხისმგებლო და ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია – მთელი საქართველო გიყურებს!
კასტინგებს უკვე გამოცდილი მონაწილეებიც ესწრებიან. მათ წინა სეზონებზე სწორედ ასეთივე განცდები ჰქონდათ სცენაზე გასვლის წინ :) ერთ-ერთ მათგანს, მეორე სეზონის ნახევარფინალისტ ილუზიონისტს, ირაკლი სარალიძეს (გრიზლი) ვკითხეთ ახალი მონაწილეების და ახალი სეზონის მოლოდინების შესახებ აზრი:
იმის მიუხედავად, რომ მეთორმეტე კლასში ვარ და ძალიან ბევრი სამეცადინო მაქვს, უკვე მესამედ ვესწრები კასტინგს. რამდენიმე ჩემი კოლეგაც ვნახე და მომეწონა რამდენიმე მათგანის ნომერი. ასევე, უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი განსხვავებული მონაწილე, განსხვავებული ჟანრია. ზოგი კი განსაკუთრებით – არც ერთ ანალოგში არ მინახავს მსგავსი რამ. რაც შეეხება ჟიურის, წელს უფრო გამოცდილები არიან. კარგი გადაწყვეტილებაა, რომ არ შეიცვალა შემადგენლობა. ნიჭიერის ბლოგის მკითხველებს უკვე შემიძლია ვუთხრა – ძალიან საინტერესო სეზონი გველის, ამ სიტყვის ყველაზე მძაფრი გაგებით.
კასტინგების დასრულებამდე დარჩა 2 დღე!












