ნიჭიერის მესამე სეზონის დასრულდა
“ნიჭიერის” და ქართული ტელესივრცის ისტორიაში ყველაზე გრანდიოზული შოუ გუშინ, 25 ივნისს შედგა. ამ დღეს ყველა მოუთმენლად ელოდა, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვები “შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა”, ყველაზე მძაფრი მნიშვნელობით უნდა გამოვიყენოთ!
ეს იყო არა მხოლოდ გრანდიოზული შოუ, არამედ უპრეცედენტო დაჯილდოებაც, რაც კი ამ პროექტის ფორმატის ანალოგებს უნახავთ. რა თქმა უნდა, ბრიტანეთის, ამერიკის და სხვა დიდი ქვეყნების საპრიზო ფონდი ბევრად მეტია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ იქ მხოლოდ გამარჯვებულს ერგება ეს ყველაფერი. ბრიტანეთს და ამერიკას თუ არა, ჩვენზე ბევრად დიდ ევროპის ქვეყნებს კი ნამდვილად აღემატებოდა პრიზების რაოდენობა და შეიძლება ითქვას, თორმეტივე კონკურსანტმა გამარჯვებულის რანგში დატოვა ნიჭიერის სცენა!
პრიზები:
- ლენკა ზვიადაძე -რადიო ფორტუნას სერტიფიკატი და iPad
- ლურჯი იალქანი – რადიო “არ დაიდარდოს” პროდიუსერობა, მათი ხმის ჩამწერი სტუდიით სარგებლობა და სიმღერების პოპულარიზაცია 1 წლის განმავლობაში. ასევე 5000 ლარი, კომპანია “ბარამბოსგან”, მუსიკალური ინსტრუმენტების შესაძენად!
- თსუ არტ – პროდიუსერობა “პრაიმ თაიმისგან” 1 წლის განმავლობაში. ანდროიდის სისტემაზე მომუშავე სმარტფონები და უფასო საუბარი ჯეოსელის ქსელში ერთი წლის განმავლობაში ჯეოსელისგან.
- ოთო ბუაძე – ლეპტოპი Myvideo.ge-სგან
- ელიტ ელექტრონიქსმა ფოტოაპარატებით დააჯილდოვა თითოეული, მაგრამ რჩეულებად დაასახელა მარიამ დალალიშვილი და ლუკა სვანიძე, რომლებსაც დამატებით ლეპტოპები ერგოთ.
თუმცა, ეს მხოლოდ შესავალი იყო და მთავარი სიურპრიზი ფინალისტებმა შედეგების გამოცხადებამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე გაიგეს- საქართველოს ბანკი უკვე ორი წელია ნიჭიერის მხარდამჭერია და შესაბამისად, მხარს უჭერს ნიჭის განვითარებას საქართველოში. ამის გამო, შეიქმნა ნიჭის განვითარების ფონდი, რომელშიც ჩარიცხული იყო 180 000 ლარი. თორმეტივე ფინალისტი დაჯილდოვდა 10 000 ლარით!!!
გარდა ამისა, ბანკმა დაასახელა თავისი რჩეული და ეს გახდა აკრობატი გოგონების ჯგუფი - აკრობუმი, რომლებსაც დამატებით 20 000 ლარი გადაეცა.
ფონდიდან მთავარი გამარჯვებულისთვის 40 000 ლარი იყო განკუთვნილი, შესაბამისად, გამარჯვებულს 50 000 ლარი ერგო!
გარდა ამისა, ჟიურიმ დაასახელა თავისი ფავორიტი. ამ შემთხვევაში, მაყურებლის და ჟიურის არჩევანი დაემთხვა – ავტომობილი ჟიურისგან გადაეცა ნონა გიუნაშვილს!
კონკურსანტების მხარდასაჭერად, სულ შემოვიდა 93 163 ზარი. მათი უმრავლესობა კი ერგო ნონა გიუნაშვილს და სწორედ ის გახდა ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის ტიტულის მფლობელი.გამარჯვებული დაჯილდოვდა სასტუმროს ნომრით ორბი ჯგუფისგან, ავტომობილით ჟიურისგან და 50 000 ლარით საქართველოს ბანკისგან.
ხმები პროცენტულად ასე გადანაწილდა:
- ნონა გიუნაშვილი – 28,2%
- ლურჯი იალქანი – 14,1%
- ლუკა სვანიძე – 12,8%
- დაიმონდსი – 9,1%
- ალიგატორი – 8,7%
- აკრობუმი – 6,4%
- ნინიკო კახაძე – 5,4%
- მარიამ დალალიშვილი – 4,7%
- ოთო ბუაძე – 4%
- ლენკა ზვიადაძე – 2,9%
- Dream Walkers – 2,4%
- თსუ არტ – 1,3%
შოუს დამთავრების შემდეგ პროდიუსერის და ჟიურის შეფასება ასეთია:
“ამას წარმატებით დასრულება აღარ ჰქვია, ამას ჰქვია ბედნიერი დასასრული პირდაპირი, გადატანითი და გლობალური მნიშვნელობით. ასეთი ფინალი არც ერთ შოუს არ ჰქონია ქართულ ტელესივრცეში და საერთოდ, მემგონი ნიჭიერის ისტორიაში – ჩვენზე ბევრად დიდ ქვეყნებში, ამ რანგის პრიზები არ ყოფილა. ასეთი გრანდიოზული ემოციებით ეს სატელევიზიო ისტორიაში შევა როგორც ერთ-ერთი პირველი ასეთი შემთხვევა. მე ბედნიერი ვარ, როგორც თითოეული კონკურსანტი იმ პრიზებით და იმ სიხარულით, რაც მათ გაიზიარეს დღეს სცენაზე.” - გიორგი ხაბურზანია
“შემიძლია ვთქვა, რომ მართლა არაჩვეულებრივი, მართლა განუმეორებელი და ძალიან ძალიან ემოციური ფინალი იყო იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი მონაწილეები გვყავს ყველა ჟანრის, ყველა დარგის. მინდა ვთქვა, რომ წლევანდელი ნიჭიერი არა მარტო შედგა, არამედ გადააჭარბა რაც კი აქამდე იყო ნიჭიერსაც და ალბათ, ყველა დანარჩენ პროექტსაც.” - გეგა ფალავანდიშვილი
“მე პირდაპირ ეტყვით, რომ დღევანდელი ფინალი იყო ყველაზე მაგარი შოუ, რაც მე მინახავს ქართულ ტელესივრცეში. არ ველოდი და ახლაც ემოციების ქვეშ ვარ. აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი საღამოთი!
ისეთი სოლიდური პრიზები იყო, რომ ასეთი არ ყოფილა არც ერთ ტელე შოუში.
დღევანდელი გამარჯვებულით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ ის მართლაც ფავორიტი იყო” – ვანო ჯავახიშვილი
“მე ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი დღე რომ ასე ლამაზად ჩატარდა. ამ დღეს მართლა მთელი საქართველო ელოდა! მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ დღევანდელი შოუს შემდეგ მე მართლა დავრწმუნდი, რომ ქართველები არიან ყველაზე ნიჭიერები და ეს ხდება აქ, საქართველოში, ჩვენთან, ჩვენს უსაყვარლეს ქვეყანაში და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შოუ არსებობს, სადაც ყველა ნიჭი ფასდება” – სოფო ნიჟარაძე
პროექტის გუნდი კიდევ ერთხელ ულოცავს გამარჯვებულს და მადლობას უხდის მაყურებელს იმისთვის, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე, ყველაზე რეიტინგული პროექტის საუკეთესოთა შორის საუკეთესო მონაწილეების გამოვლენაში შეჰქონდათ წვლილი და მათვე აირჩიეს ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი ადამიანი, მხატვარი ნონა გიუნაშვილი

































